ვმადლობ ღმერთს და მის საკვირველ სახელს, რომ ამამაღლა ღარიბი და ყველასთვის უცნობი ამ სიმაღლეზე
ვმადლობ ღმერთს და მის საკვირველ სახელს, რომ ამამაღლა ღარიბი და ყველასთვის უცნობი ამ სიმაღლეზე
ნურავის აწყენინებ, თუნდა მტერი იყოს, მისი უბედურება ნუ გაგახარებს
წმინდა ფილარეტი დაიბადა პაფლაგონიაში, ამნიაში. მშობლებმა, გიორგიმ და ანამ, ღვთისმოშიშად გაზარდეს. მერე ცოლად შეირთო მდიდარი და კეთილშობილი გოგონა თეოზბია. შეეძინათ შვილები: ვაჟი იოანე და ქალიშვილები - იპატია და ევანთია. მართალი იობივით აკურთხა უფალმა მისი ოჯახი, გაუმრავლდა პირუტყვი, ნაყოფიერი ყანები, მონები და მხევლები. მთელ მხარეში ცნობილი დიდებული გახლდათ, მაგრამ ქრისტეს უმცროსი ძმები - გლახაკები, უძლურები, შეჭირვებულნი ეწყალებოდა და ამბობდა: "ნუთუ ღმერთმა ამდენი სიკეთე მხოლოდ ჩემთვის მიბოძა? განა არ უნდა დავურიგო უფლისაგან ბოძებული სიმდიდრე ქვრივ-ობლებს, მწირებს, შეჭირვებულებს? უფლის საშინელ სამსჯავროზე რა სიკეთეს მომიტანს სიმდიდრე, თუკი მას ჩემივე სიძუნწით მხოლოდ საკუთარი თავისთვის შემოვინახავ?" წმინდა ფილარეტი გლახაკთ მშობელ მამასავით ექცეოდა: აჭმევდა, აცმევდა, ჭერს აძლევდა და სიყვარულით განუსვენებდა. უამრავი შეჭირვებული პოვებდა ნუგეშს მასთან.

კაცთმოყვარე ღმერთმა იგი თავისი სათნომყოფელი იობივით გამოცადა, რათა ვითარცა ოქრო ცეცხლში გამოწრთობილიყო.

წმინდა ფილარეტი თანდათანობით გაღარიბდა, მაგრამ მაინც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. იმ დროს, ღვთის დაშვებით, ფილარეტის სამშობლოს მუსლიმანი არაბები დაესხნენ თავს, ყოველივე გაძარცვეს, გადაწვეს, დაატყვევეს და დახოცეს... ეს მოწყალე კაცი ბოლოს ისე გაღატაკდა, რომ ორიოდ ხარი, ცხენი და ძროხა დარჩა, მისი მიწები, ბაღები ზოგმა სთხოვა და დაეუფლა, ზოგმა წაართვა. წმინდა ფილარეტს მარტო ის სასახლე შერჩა, სადაც ცხოვრობდა და ყანა, რომლითაც საზრდოობდა. თუ სხვები სიმდიდრით ხარობდნენ, წმინდა ფილარეტი თავისი სიგლახაკით იხარებდა და ღმერთს განადიდებდა.

ერთხელ მიწას ხნავდა და თან ხარობდა, რომ ღვთის მცნებისაებრ პირის ოფლით შეჭამდა პურს. იმ დღეს მის თანასოფლელს ხვნის დროს მეზობლისგან ნათხოვარი ხარი მოუკვდა და უნუგეშოდა ტიროდა. გაახსენდა წმინდა ფილარეტი: "რომ არ გაღატაკებულიყო, ეს წმინდა კაცი ხომ უღელ ხარს მომცემდა. მივალ მასთან, სიტყვით მაინც მანუგეშებსო".

წმინდა ფილარეტმა, როცა მისი გასაჭირი შეიტყო, გამოხსნა ხარი უღლიდან: "წაიყვანე, ძმაო, დაამუშავე შენი ყანა და მადლობა უთხარი უფალს". გაოცდა კაცი მისი უზომო გულმოწყალებით, ეუხერხულა კიდეც, - ერთი ხარით როგორ უნდა იმუშაოო. წმინდა ფილარეტმა მოიგდო უღელი და შინ ერთი ხარით დაბრუნდა. გაოცდა ცოლი - სად არის მეორეო. წმინდა ფილარეტმა - სადღაც წავიდა და დაიკარგაო. გაბრაზებულმა ქალმა ვაჟი გაუშვა ხარის მოსაძებნად. ბიჭმა მინდვრები მოიარა და დაინახა, თანასოფლელი მათი ხარით ხნავდა. ვაჟი განურისხდა, - როგორ გაბედე სხვისი ხარის მითვისება. გამატანე, თორემ გიჩივლებო. "ნუ განმირისხდები ტყუილად, მამაშენს შევეწყალე, რადგან ხარი მუშაობისას მომიკვდა და თავისი მომცაო". შერცხვა ბიჭს, დედასთან გაბრუნდა და ყველაფერი უამბო.

- ვაიმე, უმოწყალო ქმრის ცოლს! - ატირდა ქალი და წმინდა ფილარეტს წყენით უთხრა: "ჰოი, ქვისგულა კაცო. რატომ მოისურვე შიმშილით ჩვენი დროზე ადრე ამოხოცვა? ჩვენი ცოდვების გამო მთელი ქონება დავკარგეთ, მოწყალე ღმერთმა ორი ხარი დაგვიტოვა სარჩენად, შენ კი სხვას მიეცი. ეტყობა, ფუფუნებას მიჩვეულს შრომას ტკბილი ძილი გირჩევნია. ღვთის გულისთვის კი არ მიეცი იმ კაცს ხარი, არამედ შენი უდებების გამოო.

წმინდა ფილარეტმა ცოლს მდაბლად უპასუხა: "განა უფალი, რომელიც ჩიტებისთვის ზრუნავს, ჩვენ დაგვივიწყებს? იგი დაგვპირა, რომ ასმაგად მიაგებს მათ, ვინც მისი და სახარების გულისთვის თავის ქონებას შეჭირვებულებს დაურიგებს. თუ ერთი ხარის ნაცვლად ასი ხარი გვეყოლება, განა უნდა ვიდარდოთ რამეზე?" ცოლი დაამშვიდა მისმა კეთილგონივრულმა პასუხმა.

ხუთი დღის მერე ნეტარი ფილარეტის ნაჩუქარმა ხარმა შხამიანი ბალახი შეჭამა და მოკვდა. მეზობელი მივიდა წმინდა ფილარეტთან და უთხრა: - შევცოდე შენი და შენი შვილების წინაშე, შენი უღელი ხარი რომ ერთმანეთს გავყარე, ეტყობა, ამიტომ მომიკვდა ნაჩუქარი პირუტყვიო. ღირსმა ფილარეტმა მეორე ხარიც მისცა: წაიყვანე, ძმაო, მე შორეულ ქვეყანაში უნდა წავიდე და არ მინდა, ეს მუშა ხარი უპატრონოდ დარჩესო.

წმინდა ფილარეტის საქციელი ყველამ შეიტყო. მისი შვილები ატირდნენ - მამაჩვენს აღარ ვუყვარვართ, ჩვენი შიმშილით დახოცვა უნდაო. "შვილებო, ნუ მწუხარებთ, - უთხრა მათ მამამ, - ერთ ადგილას იმდენი საგანძური ინახება, ხელგაუნძრევლად ასი წელი მაინც იცხოვრებთო". წმინდა ფილარეტი ამას, ცხადია, ღვთის სასუფეველსა და იქ დაუნჯებულ ქონებაზე ამბობდა, იგი სულიერი თვალებით უცილობლად ჭვრეტდა, რაც მომავალში მოხდებოდა.

მალე მეფემ ყველა მებრძოლს უხმო ბარბაროსებთან საომრად. წმინდა ფილარეტთან ერთი ღარიბი მეომარი მივიდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ცხენი მოკვდომოდა და შეევედრა, - ვიცი, ძალზე გაღარიბდი და ერთი ცხენიღა დაგრჩა. მაგრამ, მოწყალე უფლის გულისთვის, შემიწყალე და შენი ცხენი მომეცი, რომ ათასისთავის ხელში არ ჩავვარდე და სასტიკად არ მაწამოსო.

წმინდა ფილარეტმა გაატანა ცხენი და მთელი ქონებიდან დარჩა მეწველი ძროხა, ხბო, რამდენიმე სკა ფუტკარი და ერთი ვირი.

ამასობაში ერთი გლახაკი მიადგა კარს - მომეცი ერთი ხბო, რომ შენი საჩუქარი კურთხევად ექცეს ჩემს ოჯახსო.

სიხარულით გაატანა ხბო: "უფალმა მოიღოს შენზე კურთხევა, ძმაო, და უხვად მოგცეს, რაც გჭირდებაო". კაცმა ხბო კი წაიყვანა, მაგრამ ძროხამ "მოიკითხა" შვილი - ბღავილით ეზო აიკლო. ყველას შეეცოდა ძროხა, განსაკუთრებით ფილარეტის ცოლი გაბრაზდა. "ვხედავთ, ცოლ-შვილი არ გებრალება, მაგრამ პირუტყვსაც რომ არ იბრალებ? დედას შვილი რომ წაართვი, ამით ვის გაუკეთე სიკეთე? ოჯახსაც მოაკელი და ის კაციც ვერ გაამდიდრე. ხბო დედის გარეშე ხომ მოკვდებაო". მართალია, არ შეიძლება პატარა ხბო დედას მოაშოროო, - მიუგო, სასწრაფოდ დააწია კაცი იმ გლახაკს და შეუთვალა, - ძმაო, ჩემი ცოლი მეუბნება, შვილი დედისთვის არ უნდა მოგეცილებინაო. ამიტომ ხბო დედიანად წაიყვანე. დაე, გაკურთხოს უფალმა და ისე გაამრავლოს შენი ნახირი, როგორც ოდესღაც ჩემიო. რამდენიმე წლის შემდეგ ამ კაცის ნახირს საძოვრები ვერ იტევდა.

როცა ძალიან გაუჭირდა, წმინდა ფილარეტი წავიდა და მეგობრისგან ექვსი საწყაო ხორბალი ისესხა. შინ დაბრუნებისთანავე ვიღაც გლახაკმა ხორბალი სთხოვა. ფილარეტმა ერთი საწყაოს მიცემა მოისურვა. ცოლმა უთხრა: ჯერ ჩვენ ავიღებთ სათითაოდ საწყაოს და თუ რამე დარჩება, მიეცი. მაინც რა გჭირდება, შენ ხომ ანგელოზი ხარ და არა კაციო. წმინდა ფილარეტმა გლახაკს ერთი საწყაო მაინც გაატანა. გაბრაზებულმა ცოლმა დარჩენილი ხორბალი შვილებს გაუნაწილა. როცა პური გაუთავდა, მეზობლისგან ისესხა, ბავშვებს ჭარხალი მოუხარშა, დააპურა. ქმარი არც გახსენებია. ფილარეტის ამბავი მისმა ერთმა ძველმა მეგობარმა შეიტყო. ორმოცი საწყაო ხორბლით დატვირთული ოთხი ურემი გაუგზავნა. თანაც მისწერა, როცა გაგითავდება, ერთ ამდენს კიდევ გამოგიგზავნიო. ღვთის ამ სასწაულმა თეოზბიას ცოტათი მოულბო გული, უთხრა: "ცოტა ჩვენ მოგვეცი, ცოტა - მეზობლებს, შენთვისაც დაიტოვე და გაეცი, როგორც გინდაო". წმინდა ფილარეტმა თავისთვის მხოლოდ ხუთი საწყაო დაიტოვა, რომელიც ორ დღეშივე სხვებს დაურიგა. ამან განარისხა თეოზბია, საჭმელს უკვე ქმრისგან მალულად ჭამდა. ერთხელ წმინდა ფილარეტმა მალულად მოტრაპეზე ცოლ-შვილს მიუსწრო. "შვილებო, ტრაპეზზე რატომ არ მიმიწვევთ, არა როგორც მამას, არამედ ვითარცა მწირსა და გლახაკსო", - ჰკითხა. შვილებმა გაიცინეს და ტრაპეზზე მიიპატიჟეს. ცოლმა ჰკითხა: ვიდრემდე უნდა გვიმალავდე საგანძურს? გამოაჩინე, ვიყიდით საკვებს და ძველებურად ვიტრაპეზოთო. ცოტაც მოიცადეთ და უდიდესი საგანძური მოგეცემათო, - უთხრა მათ წმინდა ფილარეტმა.

გლახაკებს წმინდა ფილარეტი, პური რომ არ ჰქონდა, თაფლს ურიგებდა. შინაურებმა ეს რომ გაიგეს, წავიდნენ სკებიდან თაფლის ამოსაღებად. მარტო ერთ სკაში დარჩენილიყო თაფლი. ერთხელ, გლახაკისთვის რომ აღარაფერი ჰქონდა მისაცემი, წმინდა ფილარეტმა ზედა სამოსი გაიხადა და აჩუქა. ცოლმა ქმარი ასეთ შეუფერებელ მდგომარეობაში რომ იხილა, თავისი პერანგი გადაუკეთა და ჩააცვა.

იმ დროს საბერძნეთის ტახტზე ავიდნენ ქრისტესმოყვარე დედოფალი ირინე და მისი ძე კონსტანტინე. როცა უფლისწულს დაქორწინების დრო მოუვიდა, მთელ იმპერიაში დაგზავნეს საიმედო ხალხი ლამაზი, კეთილშობილი და სათნო საპატარძლოს შესარჩევად. მეფის ხალხი ამნიაშიც მივიდა. როცა მათ ფილარეტის მშვენიერი სასახლე დაინახეს, იფიქრეს, იქ ვინმე დიდებული ცხოვრობსო და ეწვივნენ.

შეწუხდა თეოზბია, რით გავუმასპინძლდე ასეთ სტუმრებსო. ქმარმა დაამშვიდა: "მხოლოდ ცეცხლი გააჩაღე, მოამზადე ზედა პალატი, გაწმინდე ჩვენი ძველებური სპილოს ძვლის მაგიდა და უფალი თვითონ იზრუნებს ამ დიდებულ ხალხზეო".

ამასობაში მეზობლებმა შეიტყვეს მეფის ელჩების სტუმრობა. არ შევრცხვეთ მათთანო და ფილარეტს მიართვეს ცხვრები, ქათმები, პურ-ღვინო... მშვენიერი ტრაპეზი გაიშალა. სტუმრებს წმინდა ფილარეტი, მისი ვაჟი და შვილიშვილები (ვაჟები) ემსახურებოდნენ. სტუმრები ტკბებოდნენ მათი ცქერით. ჰკითხეს, შენი ცოლი რატომ არ გვესალმებაო. მერე - ქალიშვილები თუ გყავთო. ჩემს უფროს ქალიშვილს სამი გოგონა ჰყავსო, - მიუგო მასპინძელმა. სტუმრებმა მათი ნახვაც მოინდომეს. "გთხოვთ შემობრძანდეთ შიდა განსასვენებელში, სადაც ნახავთ მათ, რამეთუ ისინი არასოდეს გამოსულან კარგარეთო". სტუმრები მაშინვე გაჰყვნენ. მოიხიბლნენ უფროსი მარიამის მშვენიერებით - ამაზე უკეთესს ვერსად ვიპოვითო და ტრაპეზზე მიიპატიჟეს. მეორე დღეს კი მომავალი დედოფალი კონსტანტინოპოლს გაემგზავრა ოცდაათკაციანი ამალით. საპატარძლოს არჩევა სახლთუხუცეს სტავრიკიუსს ჰქონდა დავალებული. მარიამის სილამაზემ, სიდარბაისლემ მოხიბლა იგი და ქალიშვილი მეფეს წარუდგინა. თავდახრილ მარიამს მორცხვობის ალმური აჰკრავდა სახეზე. მეფეს მოეწონა იგი და დაწინდა. მარიამის ერთი და ცნობილმა პატრიკმა კონსტანტინიკემ შეირთო, მეორე კი ლონგობარდების მმართველს შერთეს.

მეფისა და მარიამის ქორწინებამ დიდი მხიარულებით ჩაიარა. შეუყვარდა მეფეს წმინდა ფილარეტიც. ცოლეურებს უამრავი ქონება უბოძა. გაახსენდათ შინაურებს წმინდა ფილარეტის ნათქვამი "სადღაც შენახულ საუნჯეზე". ჩაუვარდნენ ფეხებში და შენდობა სთხოვეს - გლახაკებისთვის გაცემული მოწყალების გამო უხვად მოიღო უფალმა წყალობა შენზე და ჩვენზეო. წმინდა ფილარეტმა კი პასუხად აღაპყრო ხელნი და ღმერთი ადიდა.

მერე ოჯახს უთხრა, - სადილად მეფე და დიდებულები მოვიწვიოთო.

- როგორც ინებებო, - უთხრეს მათ.

როცა ყველაფერი მომზადდა ნადიმისთვის, წმინდა ფილარეტი გამოვიდა შინიდან, მოიარა მთელი ქალაქი, მოაგროვა გლახაკები, კეთროვანნი, ბრმები, კოჭლები, მოხუცები და უძლურები, ორასამდე კაცი. მიიყვანა შინ და მიმართა სახლეულთ: - შვილნო ჩემნო! მეფე და დიდებულები მობრძანდნენ. ყველაფერი ხომ გაამზადეთო.

- ყველაფერი მზადაა, პატიოსანო მამაო! - უპასუხეს.

გაივსო მაგიდა წვეულნით, ვინც ვერ დაეტია, იატაკზე მოკალათდნენ, მათ გვერდით ჩამოჯდა მასპინძელიც. მიხვდნენ შინაურნი, რომ ფილარეტმა მეფეში უფალი ჩვენი იესო ქრისტე იგულისხმა. გაოცდნენ მისი თავმდაბლობით. დედოფლის პაპამ არ დაივიწყა თავისი სიყვარული გლახაკთა მიმართ და ახლაც მათ მონასავით ემსახურა.

- ჭეშმარიტად ღვთის კაცი და ჭეშმარიტი მოწაფე ქრისტესი! - გაიძახოდნენ თვითმხილველნი.

წმინდა ფილარეტმა თავის ვაჟსა და შვილიშვილებს უბრძანა, მოტრაპეზე ძმებს მომსახურებოდნენ. მერე კი უთხრა მათ: "აი, შვილნო ჩემნო, მოულოდნელად მიიღეთ ქონება ღვთისაგან, რომელსაც გპირდებოდით ღვთის მოწყალებაზე დაიმედებული. პირობა აღსრულდა - მითხარით კიდევ ხომ არ დამრჩა თქვენი ვალი? მოწყალეა ღმერთი, ასგზის მოგვაგო, რაც მისი სახელით გლახაკთათვის მიგვიცია. დაე, თითოეულმა თქვენგანმა ათი ოქროს მონეტა გაიღოს გლახაკთათვის, რათა უფალმა, როგორც ქვრივი დედაკაცის ორი მწვლილი, შეიწიროსო".

ცოტა ხნის შემდეგ წმინდა ფილარეტმა უთხრა: მინდა უფლის მცნება აღვასრულო: გავყიდო მეფისგან ჩემთვის მოცემული ქონება. შეიძინეთ ჩემგან ის და ოქრო მომეცით, რადგან მჭირდება. თუ თანახმა არ ხართ მისი ყიდვისა, მე მაინც დავურიგებ ჩემს ძმებს, გლახაკებს. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ დედოფლის პაპა ვარო. დაიანგარიშეს ფილარეტის ქონება და 60 ლიტრა ოქრო მიუთვალეს. წმინდანმა ოქრო მაშინვე გლახაკებს დაურიგა. როცა მეფემ და დიდებულებმა შეიტყვეს წმინდა ფილარეტის მოწყალების ამბავი, უფრო მეტი სიხარულით აძლევნენ ოქრო-ვერცხლს გლახაკთათვის დასარიგებლად.

ერთხელ წმინდა ფილარეტმა სამი ერთნაირი სკივრი შეაკვრევინა ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტებისთვის, მათზე მეთვალყურეობა თავის მსახურს, კალისტეს დაავალა. როცა მსახური ჰკითხავდა, რომელი ყუთიდან გავცეთ მოწყალებაო, წმინდანი ეუბნებოდა: "საიდანაც უფალი ინებებს, რამეთუ უფალმა იცის, რა სჭირდება თითოეულ მათგანს, მდიდარს თუ ღარიბს, და განაძლიერებს ყველას თავისი კეთილმოწლეობით". წმინდანი არ ფიქრობდა, მის წინ ვინ იდგა, ჩაყოფდა ყუთში ხელს და რაც ამოჰყვებოდა, სპილენძი თუ ოქრო, იმას მისცემდა მთხოვნელს. ხშირად ყოფილა, ვინმე შეძლებული გლახაკის სამოსს ჩაიცვამდა და ისე ითხოვდა დახმარებას. აი მაშინ, არცთუ შემთხვევით, სკივრიდან მხოლოდ სპილენძის ფული ამოჰყვებოდა ხოლმე ხელს...

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიდიოდა თავისი შვილიშვილის - დედოფლის სანახავად მეფის სასახლეში, ყოველთვის ღარიბულად ეცვა. როცა აიძულებდნენ, მდიდრული სამოსი ჩაეცვა, ეუბნებოდა: "დამანებეთ თავი, ვმადლობ ღმერთს და მის საკვირველ სახელს, რომ ამამაღლა ღარიბი და ყველასთვის უცნობი ამ სიმაღლეზე. განა ჩემთვის მცირეა პატივი, დედოფლის პაპად ვიწოდებოდე? ესეც სრულიად საკმარისია ჩემთვის".

ასე მდაბლად ცხოვრობდა ნეტარი ფილარეტი და არ სურდა არცა ერთი ხარისხი თუ ტიტული. მას ფილარეტ ამნიელს ეძახდნენ. ასე განვლო მთელი დარჩენილი წუთისოფელი. მოუახლოვდა აღსასრული - უფალმა აუწყა ამის შესახებ. ნეტარი ფილარეტი ჯერ კიდევ ჯანმრთელი მივიდა კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ დედათა მონასტერში და იღუმენიას სთხოვა, მისთვის ახალი კუბო მოემზადებინა: - ეს თქვენ იცოდეთ და არავის უთხრათ. რამდენიმე დღის შემდეგ სხვა სამყაროში, სხვა მეფესთან გადავსახლდები. გთხოვთ, ჩემი სხეული ამ კუბოში ჩაასვენოთ.

მალევე წმინდა ფილარეტმა ქონება გლახაკებსა და შეჭირვებულებს დაურიგა. მერე ავად გახდა იმავე მონასტერში და ლოგინში ჩაწვა. სიკვდილის წინ უკანასკნელად დაარიგა თავისიანები: "ჩემო შვილებო, გაგიგონიათ და ხედავთ კიდეც, თუ როგორ ვცხოვრობდი სიყმაწვილიდან სიბერემდე. იცის ღმერთმა, სხვისი შრომით არ მიცხოვრია, საკუთარი ხელით მოვიწევდი არსობის პურს. ღვთისაგან ბოძებული სიმდიდრით არ ავმაღლებულვარ, გავურბოდი სიამაყეს და შევიყვარე სიმდაბლე. როცა გავღარიბდი, არ დავღონებულვარ, ღმერთი არ დამიგმია, მართალი იობივით ვმადლობდი მას, რომელმაც დამსაჯა, მაგრამ იხილა რა ჩემი მოთმინება, კვლავ ამომიყვანა უცნობელობიდან და ყველასგან პატივცემული, დავუნათესავდი მეფესა და დიდებულებს. როცა ასეთ სიმაღლეზე ამამაღლეს, ვთქვი ჩემთვის: "არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდის თვალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკვირველესთა ჩემთა თანა" (ფს. 130,1). სიმდიდრე, რომელიც ამქვეყნიურმა მეფემ მომცა, საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამომიყენებია, გლახაკთა ხელით გადავეცი ზეციურ მეუფეს, ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, მომბაძეთ და უკეთუ ბევრ სიკეთეს გაიღებთ, უფრო მეტი ნეტარების ღირსი გახდებით, დაეხმარეთ ქვრივ-ობლებს, მოინახულეთ სნეულები და პატიმრები, ეკლესიას არ ჩამოშორდეთ, სხვისა არ მიიტაცოთ, ნურავის აწყენინებთ, თუნდა მტერი იყოს, მისი უბედურება ნუ გაგახარებთ. მკვდარნი დამარხეთ და მათი სახელები ეკლესიაში მოიხსენეთ, მეც ცოდვილი, მომიხსენეთ ლოცვებში, სანამ თვითონვე არ გადახვალთ საუკუნო ნეტარ ცხოვრებაში".

ამ სულის სასარგებლო დარიგების მერე ნეტარმა ფილარეტმა თავის ძეს, იოანეს, შვილიშვილების - ვაჟების მოყვანა უბრძანა. სამივე აკურთხა, მომავალი უწინასწარმეტყველა, რომელიც შემდგომში ზედმიწევნით აღსრულდა.

ილოცა თავისი ცოლისთვის, შვილებისთვის, მთელი სამყაროსთვის და წმინდა ფილარეტი მზესავით გაბრწყინდა, ფსალმუნის გალობის მერე "მამაო ჩვენო" წარმოთქვა, "იყავნ ნება შენიო", - ბრძანა და სული ჩააბარა უფალს. მაშინ ის 90 წლისა იყო. ოთახში კეთილსურნელება დატრიალდა. სახე მისი არ შეცვლილა, უბრწყინავდა. წმინდანის სიკვდილი რომ შეიტყვეს, მონასტერში მოვიდნენ მეფე-დედოფალი და დიდებულნი, ყველა ტიროდა მის სიკვდილს და უხვად გასცემდნენ მოწყალებას. წმინდა ფილარეტის დაკრძალვისას უთვალავი გლახაკი და გაჭირვებული მოვიდა. ყველა მოთქვამდა: "ჰოი, უფალო, რატომ მოგვაკლე მამა და გამომზრდელი ჩვენი. სჯობდა მის უწინარეს ჩვენ მოვმკვდარიყავითო". დაკრძალვისას ერთი არაწმინდა სულისაგან შეპყრობილი ადამიანი შეეხო მის კუბოს და განიკურნა. ფილარეტის ერთ-ერთ მეგობარს უნახავს ხილვა: წმინდა ფილარეტი სამოთხეში ოქროს ტახტრევანზე იჯდა. ხმა ჩაესმა თურმე: "ეს არის ფილარეტ ამნიელი, რომელიც გლახაკებისადმი დიდი სიყვარულისა და პატიოსანი, აბრაამის მსგავსი ცხოვრების გამო აქ დამკვიდრდაო".

წმინდა ფილარეტის ცოლმა მეფის ნაჩუქარი ფულით პაფლაგონიაში სპარსთაგან გადამწვარი ეკლესიები აღადგინა და შეამკო, დააარსა მონასტერში უცხოთშემწყნარებელი სახლი და საავადმყოფო. მერე კი მშვიდად მიიძინა და წმინდა ფილარეტის გვერდით დაიკრძალა.
ბეჭდვაელფოსტა
16.12. 2019
თამი
მშურს იმ ადამიანების რომლებიც თავის ლუკმას გაჭირვებულებს უყოფენ.ეს ყველას არ შეუძლია .ბევრი ფიქრობს რომ ეს მას არ ეხება და გულგრილია.ღმერთმა ქნას რომ ყველას მათ შორის მეც შემეძლოს გაჭირვებულია დახმარება. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს:წმინდა ფილარეტთან მოდიოდნენ სათხოვნელად და პირდაპირ ეუბნებოდნენ შენც არა გაქვსო მაგრამ მაინც მოგვეციო აი მიკვირს ვის უნდა მისცე ვისაც მართლა უჭირს თუ იმას ვისაც თხოვნა ცხოვრების წესად გაუხდია არ ერიდება იცის რომ ადამიანს თავისი სამყოფი ძლივსა აქვს და მაინც სთხოვს ნამუსზე აგდებს,სადაა ზღვარი დახმარებასა და თავის გამოყენების უფლების მიცემაზე.ადამიანი ხომ თავხედდება და თავხედი რომ გაუთავებლად გთხოვს როცა თვითონაც შეუძლია ხელის განძრევა?ძალიან მაინტერესებს რატომაა ქრისტიანული მიდგომა ასე რომ ყველაფერი უკანასკნელი ლუკმა უნდა მისცე ცოლშვილი მშიერი დატოვო ?ან კიდევ თავმდაბლობის შესახებ სადაა ზღვარი ?როცა უსამართლოდ გაგინებენ გყვედრიან გამცირებენ და ხმას ამოიღებ ესე იგი ვერ ითმენ არ ხარ დამთმენი და ცოდვაა?მაშინ საქართველოს არ უნდა ეომა არავისთან ვინც თავს დაესხმეოდა ანუ საკუთარი თავის დაცვა ცოდვაა იმ მიზეზით რომ არ ხარ დამთმენი? მაინტერესებს გამოთქმა შეიყვარე მოყვასი როგორც თავი შენი.როცა შენ შენ თავს აჩმორებინებ ყველას აჩაგრინებ რომ დათმენა გინდა ქრისტიანულად ვერ იცავ თავს ხო?და თუ შენი თავის წინაშე უსაამართლო ხარ ესე იგი ვერც სხვას დაიცავ უსამართლობისგან იმიტომ რომ არ გიყვარს შენი თავი და სხვასაც ვერ შეიყვარებ?რისთვის ეწამა იესო ჯვარზე?იმისთვისრიმ ბავშვი სკოლაში აბულინგონ და მან დაითმინოს?ეს მაგალითია .აი ასეთი კითხვები მიჩნდება ..ღმერთო მაპატიე თუ რამე ვერ გავიგე მწამს შენი არსებობა და სამართალი.
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat