გარდაცვლილი ძმები სწორედ ისე იხილეს, როგორც წმინდა პიმენმა იწინასწარმეტყველა
შვიდ აგვისტოს (ძვ.სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ღირს მამა პიმენ მრავალვნებულს.
ნეტარი პიმენი სნეული დაიბადა და გაიზარდა. ის სხეულით და სულით წყაროსთვალივით წმინდა იყო. ბევრჯერ სთხოვდა მშობლებს, ბერად აღკვეცის ნება მომეცითო, მაგრამ ისინი უკრძალავდნენ ამას ხორციელი სიყვარულისა და იმ იმედის გამო, რომ პიმენი ოდესმე მათი მემკვიდრე შეიქმნებოდა. მაგრამ ერთხელ ის ისე გახდა ავად, რომ მისი გამოჯანმრთელების იმედი გადაუწყდათ. პიმენი კიევის მღვიმევის მონასტერში წაიყვანეს და იქაურ მამებს მისი განკურნებისთვის ლოცვა სთხოვეს. პიმენი კი იმას ევედრებოდა ღმერთს, ნუ განმკურნავ, თორემ შინ წამიყვანენო. მშობლებიც შვილის საწოლთან ისხდნენ და მისი აღკვეცის ნებას არ ანებებდნენ ბერებს. ერთხელ ღრმად ჩაეძინათ მშობლებს და მონებს. პიმენთან კი უფლის ანგელოზები, მშვენიერი ყმაწვილების, ზოგიც იღუმენისა და მონასტრის ძმების სახით, წარდგნენ. ხელთ ეპყრათ ანთებული სანთლები, წმინდა სახარება, კაბა, მანტია, კუნკული და ყველაფერი, რაც ბერად აღკვეცისთვის არის საჭირო.
- გსურს, რომ აღგკვეცოთ? - ჰკითხეს ღირს პიმენს.
- ჰოი, მსურს. უფალმა გამოგგზავნათ ჩემთან, ბატონნო ჩემნო, აღასრულეთ სურვილი ჩემი გულისა, - უთხრა გახარებულმა პიმენმა.
მაშინვე შეუდგნენ მის ბერად აღკვეცას, ბოლოს, რომ მორჩნენ, მისცეს ანთებული სანთელი და უთხრეს, ორმოცი დღე არ ჩაქრებაო. სახელად პიმენი უწოდეს. უწინასწარმეტყველეს, მთელი სიცოცხლე იავადებ და სიკვდილის წინ გამოჯანმრთელდებიო. ეამბორნენ, მერე ეკლესიაში შევიდნენ და ღირსი თეოდოსის საფლავზე ხელსახოცში გახვეული პიმენის მოკვეცილი თმა დადეს.
ახლომახლო კელიებში მცხოვრებ ბერებს გალობა შემოესმათ და ყველა გააღვიძეს. ეგონათ, წინამძღვარმა, რამდენიმე ძმასთან ერთად, პიმენი აღკვეცა და ამის მერე გარდაიცვალაო. ერთად შევიდნენ სენაკში - ღირს პიმენს საბერო სამოსი ეცვა და სახე უბრწყინავდა.
- ვინ აღგკვეცა? - ჰკითხეს პიმენს, - გალობა შემოგვესმა, თქვენებს კი არ გაუგონიათ.
- ვფიქრობ, რომ იღუმენმა და ძმებმა აღმკვეცეს. ისინი გალობდნენ. მათ ეს სანთელი მომცეს - ორმოცი დღე არ ჩაქრებაო. პიმენი დამარქვეს. ჩემი თმა ღირსი თეოდოსის საფლავზე დევსო.
გააღვიძეს დარაჯები, შევიდნენ ეკლესიაში და წმინდა თეოდოსის საფლავზე მართლაც ნახეს პიმენის თმა. დაიწყეს ბჭობა - ჩაეთვლებოდა თუ არა პიმენს ბერად აღკვეცა. გვითხარი, ბოლოს და ბოლოს, ვინ და როგორ აღკვეცაო? - იკითხა წინამძღვარმა. "რატომ გამომცდით, - ძმებო, განა თქვენ არ იყავით, პიმენი რომ მიწოდეთ და ავადმყოფობა მიწინასწარმეტყველეთ სიცოცხლის ბოლომდე. ოღონდ ილოცე ჩემთვის, მამაო, რომ ღმერთმა მოთმინება მომცეს".
ასეც მოხდა. ღირსი პიმენი სიცოცხლის ბოლომდე ავადმყოფობდა. გაუჩნდა წყლულები, ისეთი მყრალი სუნი ასდიოდა, რომ მომსახურედ მიჩნეული კაცი ზიზღობდა და მრავალგზის მშიერ-მწყურვალი დაუტოვებია. იქვე მონასტერში ამნაირივე სნეულებით სხვა ძმა დაავადდა და პიმენს მიუწვინეს. მასაც იგივე კაცი უვლიდა. მან კი ორი ავადმყოფის მოვლით თავი არ შეიწუხა. ღირსმა პიმენმა ჰკითხა ავადმყოფ ძმას: - ჩვენ ისეთი სიმყრალე აგვდის, ყველას ვეზიზღებით, უფალმა რომ განგკურნოს, ხომ მომივლიო? ძმა დაჰპირდა. მაშინ ღირსმა მამამ უთხრა: - აი, უფალი გათავისუფლებს სნეულებისაგან და აღასრულე აღთქმა. ვინც უყურადღებოა მოვალეობის მიმართ, მას ღმერთი სჯისო. გამოჯანმრთელებულმა ძმამ მალევე დაივიწყა აღთქმა და პიმენი უსმელ-უჭმელი დატოვა, რის გამოც ღვთისგან დაისაჯა: სამი დღე და ღამე გულმუცელს შინაგანი ცეცხლი უწვავდა. იწყო ყვირილი: "მიშველეთ, ვკვდებიო". "ძმა, რომელიც გემსახურებოდა, კვდებაო", - უთხრეს ღირს მამას. "კაცი რასაც დათესავს, იმას მოიმკის, რადგან მიმატოვა და შიმშილ-წყურვილით ვიტანჯები, ღმერთიც მოატყუა და მეც დავავიწყდი, მასაც იგივე დაემართა. მაგრამ ბოროტს ბოროტი არ უნდა მიაგო, წადით და უთხარით: პიმენი გიხმობსო". ღირმა პიმენმა იგი მცირედმორწმუნეობაში ამხილა: "განა არ უწყი, რომ მომვლელიც იმნაირ ჯილდოს მიიღებს, როგორსაც სნეული? ამ ცოდვილ მიწაზე მწუხარება მეფობს, რაც მცირე ხანს გასტანს, იმქვეყნიური სიხარული კი დაუსრულებელია. ამ სიხარულისთვის დავითმენ მე ამ სნეულებას. სჯობს აქ დავიტანჯო მცირე ხნით, ვიდრე იქ საუკუნოდ". მრავალი ამგვარი სიტყვით გაამხნევა ძმა და მასაც უკვე აღარ დაუტოვებია სნეული.
ოც წელზე მეტხანს იწვა სარეცელზე ღირსი მამა. კურნება სიკვდილის წინ მიიღო. ღმერთმა ეს ამბავი სასწაულით ანიშნა მონასტერს, თუმცა მაშინ ვერავინ მიხვდა. საკურთხევლის თავზე სამი ნათლის სვეტი დადგა, რომელმაც ეკლესიის თავზე გადაინაცვლა. წმინდა პიმენი წამოდგა სრულიად ჯანმრთელი, ძმების კელიები შემოიარა და სთხოვა: "ძმანო და მეგობარნო ჩემნო, ადექით და გამაცილეთო". შევიდა ეკლესიაში, ეზიარა, მერე მღვიმეში შევიდა, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილა. ეთაყვანა ღირს ანტონს. მიუთითა იმ ადგილზე, სადაც უნდა დაესვენებინათ. ასევე უთხრა: "წლეულს აქ ორი ბერი დავკრძალეთ. ვინც სქემის გარეშეა დაკრძალული, სქემიანს ნახავთ. ბევრჯერ ისურვა აღკვეცა, მაგრამ ღარიბი იყო და ძმები სქემის შემოსვაზე უარს ეუბნებოდნენ. მაგრამ უფალმა სქემის ღირსად მიიჩნია და შემოსა კიდეც. აქ მეორე სქემოსან ბერსაც ნახავთ. მას სქემა წაერთვა, რადგან არ ისურვა ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჰქონდა. მან თქვა, როცა შემატყობთ, ვკვდები, მაშინ შემმოსეთო. სწორედ ამის გამო წაერთვა მადლი. მესამე ძმა დიდი ხანია, რაც დაკრძალეთ, იგი გაიხრწნა, მაგრამ მისი სქემა, პატრონის უღირსი საქმეების სამხილებლად, უხრწნელი დარჩა და მას მხოლოდ მამა თეოდოსისა და მამა ანტონის ლოცვა თუ დაიხსნისო".
ამ წინასწარმეტყველების შემდეგ ღირსმა პიმენმა წარმოთქვა: "აი, მოვიდნენ ჩემი აღმკვეცელებიო". მიწვა და საუკუნო ძილით მიიძინა. ბერებმა დიდი პატივით დაკრძალეს მითითებულ ადგილას. როცა გათხარეს საფლავი, სამი კუბო აღმოაჩინეს და მათში გარდაცვლილი ძმები სწორედ ისე იხილეს, როგორც წმინდა პიმენმა იწინასწარმეტყველა...