ღირსი მამა პაისი დიდი ეგვიპტეში დაიბადა IV საუკუნეში, მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. მის მშობლებს შვიდი შვილი ჰყავდათ, რომელთაც ღვთის რწმენითა და სიყვარულით ზრდიდნენ.
მალე ოჯახის მამა გარდაიცვალა და საზრუნავი დედას დააწვა. განსაკუთრებით ნაბოლარა პაისიმ გააწვალა. ერთხელ დედას ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა: ღმერთმა გამომგზავნა შენთან შესაკითხად: "მუდამ ასე ძლიერ რატომ წუხხარ შვილებზე? გგონია, ღმერთი არ ფიქრობს მათზე! დაუტევე წუხილი და ერთ-ერთი შვილი ყოვლისშემძლე ღმერთს მიუძღვენი, რათა მან განადიდოსო". დედამ ამორჩევა უფალს მიანდო. ანგელოზმა პაისის ხელი ჩასჭიდა, - ეს სურს უფალსო. დედას შეეცოდა პაისი - ეს პატარაა, უფროსთაგან რომელიმე წაიყვანეო. მაგრამ ანგელოზმა იუარა: - განა არ იცი, უფლის ძალა უძლურებაში მჟღავნდება! ასე რომ, ეს ყმაწვილი არის ღვთის რჩეულიო. ქალს გამოეღვიძა, მადლობა შესწირა ღმერთს, პატარა პაისი ეკლესიაში მიიყვანა, სადაც გაიზარდა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერადაც. იგი მონაზვნად აღკვეცა დიდმა მამამ ნეტარმა პამბომ (მისი ხსენება ძვ.სტ. 16 იანვარსაა). მამა პამბო ხედავდა, როგორ უყვარდა პაისის მარხვა და უფრო განამხნევებდა, ასწავლიდა, გულიც დაემარხა საცთურისგან.
მამა პამბოსთან ყოფნისას წმინდა პაისი, მამა პამბოს მოწაფეს, ღირს იოანე კოლოვს (ანუ მცირეს) დაუახლოვდა. ამ უკანასკნელმა მისი ცხოვრება აღწერა. მათი მეგობრობა განსაკუთრებით განმტკიცდა ღირსი პამბოს გარდაცვალების მერე. ერთმანეთს განაძლიერებდნენ დარიგებებით, პირადი მაგალითით.
წმინდა პაისის განსაკუთრებით იერემიას წინასწარმეტყველებათა წიგნის კითხვა უყვარდა. წმინდა იერემია ბევრჯერ გამოცხადებია და თავისი წიგნის ესა თუ ის აზრი განუმარტავს. წმინდა იერემიას გამოცხადებამ იგი უფრო მკაცრი ცხოვრებისთვის განაწყო. ახლა უკვე ორ კვირაში ერთხელ იღებდა საკვებს, ისიც მცირეოდენ პურს, მარილსა და წყალს. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, მას განმარტოება სურდა. იოანეს უმძიმდა სულიერ მამასთან განშორება, ამიტომ შესთავაზა, - ღმერთს შევთხოვოთ, გაგვიმჟღავნოს თავისი ნებაო. დაიწყეს ლოცვა. განთიადსას მათ უფლის ანგელოზი წარმოუდგათ და აუწყა: "უფალი განგაცალკევებთ ამ წუთისოფელში. იოანე, შენ აქ დარჩები მრავალთა სულის საცხოვნებლად. შენ კი, ღვთის მონა პაისი, წადი უდაბნოს დასავლეთში. უფლის ბრძანებით, იქ შენს გარშემო მონაზონთა გუნდი შემოიკრიბება და ღვთის ნებით მონასტერი აშენდებაო".
დაემორჩილა წმინდა პაისი უფლის ნებას, უდაბნოს დასავლეთში, ერთ კლდეში მღვიმე გამოთხარა და თავი დიდ ღვაწლს მისცა. ისე მიუახლოვდა უფალს, რომ თვით ქრისტე გამოეცხადა. ერთხელ, როცა საღმრთო ჰიმნებს აღავლენდა, მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: "მშვიდობა შენდა, სათნომყოფელო ჩემო, საყვარელო". წმინდა პაისი შიშითა და თრთოლით წამოდგა და უთხრა: "ჰოი, ქრისტე მაცხოვარო, კაცთმოყვარეო, მონა ვარ შენი. მეუფეო, რისთვის ინებე ამხელა წყალობა და ჩემნაირ უღირსთან გარდამოსვლა?" უფალმა უპასუხა: "ხედავ ამ უდაბნოს, რარიგად ვრცელია და ფართო! შენი გულისთვის ავავსებ მას მმარხველებით (მოღვაწე ბერებით), რომლებიც განადიდებენ ჩემს სახელს".
წმინდა პაისი მიწაზე დაემხო და ჰკითხა: "ვიცი, უფალო, რომ შენს ძლიერ მარჯვენას ყოველივე დაემორჩილება და რასაც ინებებ, აღესრულება. გევედრები, სახიერო, გამაგებინე, როგორ მოიპოვებენ აქ მოღვაწენი ყველა მათთვის საჭირო ნივთს?"
უფალმა უთხრა: "დამიჯერე, ჭეშმარიტად გეტყვი, თუ მე მათში სიყვარულს, ყველა სათნოებათა დედას, დავინახავ და თუ ისინი აღასრულებენ ჩემს ყველა მცნებას, დაე, ხორციელზე ნურაფერზე იდარდებენ, თვითონ ვიზრუნებ მათზე".
მაშინ წმინდა პაისიმ ჰკითხა: "მითხარი, სახიერო, წაუფორხილებლად თუ გადალახავენ ისინი ბოროტის მახეებს და თუ გაექცევიან ეშმაკისგან მოწეულ სასტიკ განსაცდელებს?" უფალმა უპასუხა: "თუ ისინი ჩემს მცნებებს სიმდაბლით, სიმართლით და მორჩილი გულით აღასრულებენ, არათუ აღმატებულს გავხდი მათ ეშმაკის ბრძოლასა და მზაკვრობაზე, არამედ ზეციურ სასუფეველსაც ვუმემკვიდრებ". ამის თქმისთანავე უფალი ზეცად ამაღლდა.
ღვთის ამხელა წყალობის მერე ეშმაკმა მისი ანგარებით გამოცდა გადაწყვიტა. ანგელოზის სახით ერთ მდიდარ ღვთისმოშიშ კაცს გამოეცხადა: "უდაბნოში მოძებნე ბერი პაისი და ოქრო უხვად აჩუქე, ნუ დაინანებ, რადგან ძალიან სჭირდებაო". მამა პაისის უფლის მიერ ეუწყა ეშმაკის ჩანაფიქრი და ამ კაცის შესახვედრად გაემართა: უდაბოში მცხოვრებს ოქრო-ვერცხლი არ უნდა, არც არავინ გამოგართმევს. წადი და ეგვიპტის ქალაქების გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგეო, - უთხრა.
მალე მამა პაისი უდაბნოს სიღრმეში შევიდა და უფრო გამკაცრებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ნახა, მართალნი როგორ ნეტარებდნენ, მარად მოზეიმე ეკლესიაც იხილა და წმინდა საიდუმლოთა ზიარების ღირსი შეიქმნა. უკიდურესი თავშეკავების (დათემენის) და მარხვის ნიჭი მიიღო. კვირაობით ეზიარებოდა ხოლმე და დანარჩენ დღეებში საკვებს არ იღებდა. ამგვარად განაძლიერებდა მას საღმრთო მადლი. "შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, - ამბობდა წმინდა იოანე, - მაგრამ სიმართლეს ვამბობ - წმინდა ზიარების შემდგომ პაისი ზოგჯერ სამოცდაათი დღე ხორციელ საკვებს არ იღებდაო". ასრულდა უფლის დანაპირები, წმინდა პაისის გარშემო გამრავლდნენ ძმები. მერე, როცა ნახა, რომ უამრავი მიმსვლელ-მომსვლელი მყუდროებას ურღვევდა, გადაწყვიტა, მიეტოვებინა ეს მღვიმეც და ძმებზე ზრუნვაც და უშინაგანეს უდაბნოში განმარტოვდა. სწორედ მაშინ გამოეცხადა მეორედ მაცხოვარი. ბერი უფლის წინაშე დაემხო. მაგრამ კაცთმოყვარე უფალმა ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და უთხრა: "მშვიდობა შენდა, სათნომყოფელო ჩემო. ნუ გეშინია და გული ნუ გითრთის. შენი საქმეებით ძალზე დამატკბობ და სათნოა ჩემთვის შენი ღვაწლი. იმხიარულე და მიიღე ამის საზღაური. მე შენ ასეთ ნიჭს გიბოძებ: რასაც სთხოვ ჩემს მამას ჩემი სახელით, ყველაფერი მოგეცემაო".
წმინდა პაისიმ უფლისაგან განსჯის უნარიც მიიღო: იყო ეგვიპტის უდაბნოში ერთი ძალზე მოღვაწე მამა. მაგრამ წმინდა წერილში ძალზე გამოუცდელი იყო და ამით ერესში ჩავარდა: წმინდა სამებიდან მხოლოდ მამასა და ძეს აღიარებდა, ხოლო სულიწმინდაზე იტყოდა, ღმერთი არ არისო. ასე სწამდა, სხვებსაც ასე ასწავლიდა და მრავალი მისდევდა მის ბოროტ მოძღვრებას. მაგრამ სახიერმა ღმერთმა არ ინება, ეს ბერი და მისი მომარხულობა დაკარგულიყო. ყოველივე აუწყა მამა პაისის და მიუთითა ის დაბა და ადგილი, სადაც ეს ბერი ცხოვრობდა. მამა პაისი სასწრაფოდ გაემგზავრა მასთან, მანამდე კი საკუთარი ხელით კალათები დაწნა, რომელთაც სამ-სამი ყური გაუკეთა. თავი მწირად გაასაღა და იმ ბერს მიადგა - კალათებს ვყიდიო. ბერის მოწაფეებს გაუკვირდათ სამ-სამი ყური. წმინდა პაისიმ უთხრა: "ვინაიდან მონა ვარ ყოვლადწმინდა სამებისა და მხურვალე სიყვარული მაქვს მისდამი, ამიტომაც ჩემი კალათებიც წმინდა სამების მსგავსად მოვქსოვე, რათა არა მარტო გულით მწამდეს და ბაგეებით ვაღიარებდე, ჩემი ხელსაქმითაც ღმერთის სამპიროვნებას გამოვსახავდე და განვადიდებდე ყოვლადწმინდა სამებას, მამასა და ძესა და წმინდა სულსა; რამეთუ კალათის ერთი ყური სახეა მამისა, მეორე - ძისა, მესამე კი სულიწმინდისა. რადგან თითოეულ კალათს სამი ყური აქვს, მაგრამ კალათი ერთია, მსგავსად ამისა: ყოვლადწმინდა სამებაში სამი პირია, მაგრამ ღმერთი ერთია". როცა წმინდა პაისი ბერის მოწაფეებს ასწავლიდა, მათ მოძღვარს შერცხვა და ღირს პაისის დარჩენა და ღვთის სჯულში დამოძღვრა სთხოვა. ღვთის სულით ავსებულმა პაისიმ ქადაგებით აღმოფხვრა ამ წმინდა ბერისა და მისი მოწაფეების გულიდან ეს სულის დამარღვეველი ცრუ სწავლება და უკან დაბრუნდა. როცა თავის უდაბნოს მიუახლოვდა, უეცრად წინ განათდა და დაინახა, უდაბნო უფლის ანგელოზებით იყო სავსე. გაუკვირდა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ანგელოზმა უთხრა: ეს ღმერთმა იმიტომ გაჩვენა, რომ იცოდე, შენ და სხვა აქ მოღვაწე მეუდაბნოე მამებსაც უფლის ანგელოზები იცავენო.
მამა პაისის წინასწარმცნობელობის მადლი ჰქონდა. ბერს სახელი შორს გაუვარდა. ერთხელ ახალგაზრდა, ჯერ უწვრთნელი პიმენი დიდი მოვიდა უდაბნოში და ღირს პავლეს წმინდა პაისისთან მიყვანა სთხოვა. პავლემ - ჯერ ახალგაზრდა ხარ, არ მიგიღებსო. პიმენმა ბრძანა: "მისი კელიის კართან დამაყენე, მისი ხმა მომასმენინე, ან მისი ფეხდანადგამი მიწა მაინც მომეცი, ესეც დიდი ნუგეში იქნება ჩემთვისო". პავლემ მისი დიდი სარწმუნოება რომ დაინახა, გაიყოლა და წმინდა პაისის კელიის გარეთ დატოვა, თვითონ შიგნით შევიდა. "სად არის შენი თანამგზავრი ახალგაზრდა? - ჰკითხა წმინდა პაისიმ, - დამიჯერე, ჩემო საყვარელო პავლე, რომ ეს ყრმა მრავალ ადამიანს აცხოვნებს, მისი წყალობით ბევრი სამოთხის მკვიდრი შეიქმნება, რამეთუ მასზე არის უფლის ხელი, რომელიც იფარავს მას და ღვთისკენ გზას ასწავლისო". მართლაც, ეს ყრმა ისეთი ღირსი მამა შეიქმნა, რომ ეკლესიამ "წმინდა პიმენი დიდი" უწოდა.
ასურეთში ერთი ღირსი მამა ცხოვრობდა, მრავალი სათნოებით სავსე. ერთხელ, ლოცვისას, უნებურად საკუთარ თავს ჰკითხა, ნეტავ რომელი ღირსი მამის დარი ვარო? ამის გაფიქრება იყო და ხმა მოესმა: "წადი ეგვიპტის ქვეყანაში. იქ შენ იპოვი კაცს, სახელად პაისის, რომელსაც შენნაირი ღვთის სიყვარული და თავმდაბლობა აქვსო". არ მოერიდა შორ გზას და ასურეთიდან ეგვიპტეში ჩავიდა. ნილოსის დელტის ჩრდილოეთში მდებარე ნიტრიის მთისკენ გასწია. პაისის სახელი ყველას პირზე ეკერა. მისი კელია ადვილად იპოვა. ღვთის სულით წმინდა პაისიმაც შეიტყო ღირსი მამის სტუმრობა, გამოეგება, ძმურად ეამბორნენ ერთმანეთს, შემდეგ პაისის კელიაში შევიდნენ, ილოცეს და დასხდნენ სასაუბროდ. წმინდა პაისიმ ასურული არ იცოდა, ამიტომაც წუხდა, რომ ამ დიდ მამასთან თარჯიმნის დახმარებით უხდებოდა საუბარი. აღაპყრო თვალნი ზეცად და წარმოთქვა: "ძეო და სიტყვაო ღვთისავ, შემეწიე მე, შენს მონას, და გამაგებინე ძალი ამ წმინდა კაცის სიტყვებისა". და მაშინვე გაიგონა ღირსი მამის ასურულად ნათქვამის აზრი და თვითონაც ამ ენაზე ამეტყველდა. განიშორეს თარჯიმანი და ექვსი დღის განმავლობაში არ განშორებიან ერთმანეთს, განაძლიერეს ერთმანეთი, განძლიერდნენ სულიერი სიტკბოებით და ღმერთში მხიარულობდნენ. შემდეგ კი ღირსმა პაისიმ წმინდა ასურელ მამას თავისი მოწაფეები დაალოცვინა და დიდი სიყვარული გააყოლა სამშობლოში დაბრუნებულ სტუმარს.
ერთხელ ერთი ძმა წმინდა პაისის მძინარს წაადგა. თავს ანგელოზი ადგა, ძალზე მშვენიერი. "ჭეშმარიტად იცავს ღმერთი თავის მოყვარულთ", - თქვა მან, ვეღარ შეჰბედა გაღვიძება და უკან გაბრუნდა.
წმინდა პაისის ერთმა მოწაფემ, მოძღვრის ბრძანებით, ეგვიპტეში თავისი ნახელსაქმარი წაიღო გასაყიდად. გზად ვიღაც ებრაელს გადაეყარა. ურიამ მისი უბრალოება რომ დაინახა, თავისი ბოროტი ენით დაგესლა: "ჰოი, საყვარელო, რატომ გწამს ვიღაც უბრალო ჯვარცმული კაცის, რომელიც სულაც არ იყო ნანატრი მესია. სხვა უნდა მოვიდესო" - და ასე შემდეგ. გონებრივად უძლურს და გულით უბრალოს რწმენა შეერყა. ურიას ნათქვამი ჭეშმარიტებად მიიღო - შეიძლება მართალიც იყოს, რასაც ამბობო. ამის თქმაზე ბერს ნათლობის მადლი მოშორდა. როცა მორჩილი თავის მოძღვართან დაბრუნდა, წმინდა პაისიმ ზედაც არ შეხედა. ასე ექცეოდა დიდი ხნის მანძილზე. შეწუხდა მოწაფე - ასეთი რა შევცოდე, მოძღვარი ჩემზე უარს რომ ამბობსო. ჰკითხა გულშემუსვრილმა, ასე რატომ მექცევიო. "ვინ ხარ, ადამიანო? მე შენ არ გიცნობ", - როგორც იქნა, ხმა გასცა ბერმა. "მამაო, ასეთი საშინელი რა შემამჩნიე, რომ ვეღარ მცნობ? მე ვარ, შენი მოწაფე" - და თავისი სახელი უთხრა.
მაშინ კი ბერმა ბრძანა: "ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო და არა შენნაირი, მასზე ესვენა ნათლისღების მადლი. და თუ მართლაც ჩემი მოწაფე ხარ, მაშინ ნათლობის მადლი განგშორებია და სახე ქრისტიანობისა წაგრთმევია. აბა, მითხარი, რა შეგემთხვა, გზად რა განსაცდელს გადაეყარე, აგრერიგად სულის მომწყვლელს". მოწაფე უარობდა, ისეთი არაფერი დამმართნიაო. "გზაში ვის და რაზე ესაუბრებოდი?" - ჰკითხა წმინდა პაისიმ. "ვინმე ებრაელს, - უპასუხა მოწაფემ, - მითხრა: ვისაც თაყვანს სცემთ, არ არის ჭეშმარიტი, ქრისტე და მაცხოვარი ამ ქვეყანაზე ჯერ არ მოსულაო. მე კი ვუთხარი: შეიძლება მართალიც იყოს, რასაც ამბობ-მეთქი".
წმინდა პაისიმ წამოიძახა: "ჰოი, უბედურებო! განა შეიძლება იყოს უბილწესი და უარესი იმ სიტყვაზე, რომელიც უარყოფს ქრისტეს და მის ღვთაებრივ ნათლისღებას?! წადი ახლა და იგლოვე თავი, როგორც გინდა, ჩემთან ვეღარ იქნები, ხოლო სახელი შენი ქრისტეს უარმყოფელთა გვერდით ჩაიწერება და მათთან ერთად დაისჯები".
შეძრწუნდა მორჩილი და შესტირა: "შემიწყალე, მამაო, მე უბედური, ეშმაკთა დასაცინი გავხდი. გევედრები, ევედრე ჩემთვის ქრისტეს, რომ მისი გულმოწყალება დამიბრუნდესო". შეეწყალა მოძღვარს გულწრფელად მონანული. განართხო ხელნი და მისთვის ღვთისაგან შენდობა გამოითხოვა. ღირსმა პიმენმა იხილა, სულიწმინდის მადლი, სახედ მტრედისა, შეუფრინდა პირში მის მოწაფეს, ხოლო მისი ბაგიდან კვამლის მსგავსად გამოძვრა ბოროტი სული და განშორდა.
ერთხელ წმინდა პაისის მმარხველი მამა, ღირსი იოანე ესტუმრა. მშიერი იყო. ღირსი პაისი მიხვდა სულით და თავის მოწაფეს უთხრა, მამა იოანესთვის ტრაპეზი გაეშალა. როცა სუფრა გაიშალა, სტუმარს შესთავაზა: "განგრძობილი მარხვის გამო ძალზე დასუსტდი და დანაყრება გჭირდებაო". მამა იოანემ იუარა: "მაპატიე, მამაო, ახლა მარხვაა, ჩემი ურიცხვი ცოდვის გამო უნდა ვიმარხულოო".
გაოცდა მამა პაისი მისი თავშეკავებით, აღაპყრო ზეცად ხელნი და გულის სიღრმიდან აღმოთქვა: "უფალო, მოიხილე მონაი შენი იოანე, რამეთუ შენი სახელისთვის მოღვაწეს ძალნი ხორციელნი შეუმცირდა!"
წმინდა პაისის ლოცვით, მამა იოანე სულით აღტაცებულ იქნა ზეცად. იქ მშვენიერმა ახალგაზრდამ საჭმელ-სასმელი შესთავაზა, რომ მოძლიერებულიყო. გონს რომ მოვიდა, ისეთი სიტკბოებით იყო ავსებული, თითქოს მართლაც იმ დიდებულ ტრაპეზზე დანაყრებულიყო. მადლობა შესწირა ღმერთს, ღირს პაისის, წავიდა თავის კელიაში და მეტ მარხვას მისცა თავი: "ძალზე ტკბილი რამ შევჭამე. ასე რომ, მეტი მონდომებით ვიმარხულებო".
ერთხელ მამა პაისის ბერებმა სთხოვეს: "გვითხარი რაიმე ჩვენი ცხოვნებისთვისო". მამა პაისიმ უთხრა: "დაიცავით ღვთის მცნებები და წმინდა მამათა გარდამოცემები".
ერთი უცნაური ამბავიც უნდა მოვყვეთ და გავიმხნეოთ თავი უფლის უსაზღვრო გულმოწყალებით.
გულისთქმას აყოლილმა ისააკმა გადაწყვიტა, ქალაქის სიახლოვეს დასახლებულიყო და თავი ხელსაქმით ერჩინა. ხშირად მიდიოდა ქალაქში და იქ ერთ ებრაელ ქალს გადაეყარა. ქალის სილამაზემ მონუსხა, დაუახლოვდა, დაეცა ამ დედაკაცთან და საბოლოოდ უარყო ბერობაც, ქრისტიანობაც, წინადაიცვითა, მიიღო იუდეველობა, ცხოვრობდა ურიათა შორის და თავის თანამოსაუბრეებთან გმობდა ქრისტე მაცხოვარს. ისააკი ყველაფერს უჯერებდა ცოლს, რომელიც ისეთი გაბოროტებული იყო ქრისტეზე, რომ ქმრის თავს მკერდზე მიიკრავდა, პირს აღებინებდა და პატარა მარწუხით კბილებს აძრობდა - "ქრისტიანული ზიარების ნამცეცი არ იყოს დარჩენილი კბილებს შორისო". ქმარიც ცოლზე მეტად მკრეხელობდა.
ჰოი, რა უსაზღვროა ღვთის მოთმინება და კაცთმოყვარება! ზოგჯერ თითქოს ჭუჭრუტანიდან შემოვარდებოდა ხოლმე სინანული მის სულში, ამ შებილწულ პატარა საყდარში, და ყოველივეს ანათებდა. წამით სულში სინანული ჩაეღვრებოდა. გავიდა საკმაო ხანი. ისააკი ნელ-ნელა გონს მოვიდა. დადგა მისი შეწყალების ჟამიც. ღვთის განგებულებით, მისი სახლის წინ ორმა ბერმა ჩაიარა. ისააკს გაახსენდა თავისი წმინდა ძმობა. ბერებს სადაურობა ჰკითხა. "ნიტრიის უდაბნოდან ვართ, ბერი პაისი დიდის შვილებიო". მწარედ ამოიოხრა ისააკმა, უამბო მათ ყველაფერი და წმინდა პაისისთან თხოვნა დააბარა - თავისი წმინდა ლოცვებით ღმერთთან შემარიგოს და გამათავისუფლოს ეშმაკის მახისგანო.
ამოიოხრა წმინდა მამამ ამის გაგონებაზე. ჩაიკეტა კელიაში და დღედაღამ უფლისადმი ლოცვას აღავლენდა. გამოეცხადა უფალი და ჰკითხა: "რატომ მევედრები იმ კაცისთვის, რომელმაც გიღალატა? ღირსმა პაისიმ უფრო მეტი გულმოდგინებით შესთხოვა ღმერთს და მოხედა უფალმა მის ლოცვას: "ჰოი, სათნომყოფელო ჩემო! დიდია შენი ღვთისმოშიშება: მიჰბაძავ ჩემს სიყვარულს და ცოდვილთა ცხონებისთვის ზრუნავ. ამიტომ ნუ დარდობ, აღსრულდება შენი სათხოვარიო". მართლაც, მალევე ისააკის ცოლი მოკვდა. ისააკი წავიდა ღირს მამასთან, ჩაუვარდა მუხლებში და თავისი სული მას მიანდო.
მამა პაისის ერთ ძმას ერისკაცული ჩვევები ჰქონდა. მამა პაისის ქადაგება მასზე არ ჭრიდა. ზურგსუკან მოძღვარს ლანძღავდა და ცილს სწამებდა, მაგრამ ღირსი მამა არაფერს ეუბნებოდა. ერთხელ მას ზეციდან ლოცვისას ხმა მოესმა: "მამაო, ის ბერი აცთუნებს შენს მოწაფეებს. მას უწესობა უნდა შეაწყვეტინო და მცნებების მიხედვით გამოასწორო". "დიდი ხანია ასე მოვიქცეოდი, რომ ვიცოდე, გამოსწორდება. ეშმაკს სურს მისი დაღუპვა და თავისი მახისკენ უბიძგებს. ამიტომაც არ შემიძლია რაიმე მკაცრად ვუთხრა. ვაითუ გაბრაზებულმა აქაურობა მიატოვოს, წავიდეს სოფელში და დაიღუპოს. მის სიკვდილში მეც მექნება წილი და ღმერთი პასუხს მომთხოვს, რადგან ბოროტისგან ცდუნებულს ვერ დავუთმინე. უნდა ვილოცო, რომ ღმერთმა განკურნოს ამ სისუსტისგანო". მართლაც, წმინდა პაისის ლოცვით მისი ძმა მორჩილი და მშვიდი ბერი გახდა.
იმ დროს ეგვიპტეში მოღვაწეობდა ღირსი მამა პავლე. მასთან წმინდა პაისის ახლო სულიერი მეგობრობა ჰქონდა. წმინდა პაისი წმინდა პავლეზე ასაკით უფროსი იყო. ღვთის წინაშე პირველი პაისი წარდგა, მალე მას მიჰყვა წმინდა პავლე. პელუსიის მთაზე მოღვაწე ღირსმა ისიდორემ როცა შეიტყო წმინდა პაისის სიკვდილი, ჩაჯდა ხომალდში და იმ ადგილას მივიდა, სადაც წმინდანი იყო დაკრძალული. ჩაასვენა კიდობანში ღირსი პაისის წმინდა ნაწილები და უკან გაცურა. ამოვარდა ქარი და მიუხედავად მეზღვაურთა მონდომებისა, ხომალდი იმ ადგილას შეჩერდა, სადაც წმინდა პავლე იყო დაკრძალული. შეწუხდნენ მეზღვაურები - მეჩეჩზე შემჯდარი ხომალდი როგორ გავათრიოთო. ამ დროს მივიდა მათთან ბერი იერემია და უთხრა: "უზომოთ რას ირჯებით? ნუთუ ვერ ხედავთ, წმინდა პავლეს მოუწოდებს წმინდა პაისი, რომ ერთად გადასახლდნენ თქვენს ქვეყანაში". ეს რომ შეიტყო ღირსმა ისიდორემ, დიდი სიხარულით აივსო, გადავიდა ნაპირზე, მოძებნა წმინდა პავლეს საფლავი, შეუკვეთა კუბო, ჩაასვენა მასში მისი წმინდა ნაწილები და შედგეს თუ არა ფეხი ხომალდზე, მან თავისით გასწია პელუსიისკენ. ღირსმა ისიდორემ წმინდა მამათა წმინდა ნაწილები მათთვის აშენებულ ტაძარში დაასვენა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი