მისი სახელია დემეტრე II, ზედსახელი - თავდადებული.
იგი დავით VII ულუს შვილი, ლაშა-გიორგის შვილიშვილი და წმინდა კეთილმსახური მეფის, თამარის შვილთაშვილი იყო.
უფალი სიყრმიდანვე განსაცდელებით წვრთნიდა მომავალ მეფესა და მოწამეს. ჩვილი იყო, როდესაც დედა, უსათნოესი გვანცა დედოფალი, მოუკლეს. გადმოცემით, პატარა დემეტრე ნოინის ცოლისთვის ჩაუბარებიათ. წარმართ დედაკაცს უშვილებია და ასეთი მორჩილებისთვის ღვთისგან სასწაულებრივი კურნება მიუღია - უშვილო ქალს მალე ვაჟი შესძენია.
10 წლის იყო დემეტრე, როდესაც მამამისი - დავით ულუ - დაიღუპა. 11-12 წლისა ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფეთ მეფედ დაემტკიცებინა. ყაენს მოეწონა ქართველი უფლისწული, "რამეთუ იყო ქმნულ-კეთილ, და შუენიერი ხილვად".
15 წლის დემეტრეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ტრაპიზონის კეისრის ასული შერთეს ცოლად.
თბილისში ჩამობრძანებული მეფე დავითიან-თამარიან ტახტზე დაჯდა. "აღასრულეს წესი კურთხევისა კათალიკოზმან და ეპისკოპოზთა და ყოველთა მთავართა საქართველოსა ჰერეთით, კახეთით, სომხეთით, ქართლით და ჯავახეთით და ტაოთ, რომელნი შეკრებულ იყუნეს".
სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. "აქუნდა ჩვეულება, აღიღოს საფასე და აღდგის ღამე, და მოივლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თვისითა ხელითა მისცემდის, და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა".
შედარებით მშვიდი პერიოდი დემეტრე მეფემ საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოიყენა: ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხესიმაგრე, "ააგო პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისა და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირა სოფელნი და ზვარნი და განუჩინნა მონაზონთა საზრდელი და განაგო კეთილითა".
მეტი არ დასცალდა დემეტრე მეფეს - ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით. გმირულად იბრძოლა, გააოცა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა. ამას მოჰყვა გილანის დალაშქვრა, შემდეგ - ეგვიპტის ახალი სულთნის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ ბრძოლა... დემეტრე ყველას აკვირვებდა გასაოცარი სიმამაცითა და ვაჟკაცობით.
ამდენი ლაშქრობისგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. სხვის ომში სისხლისგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინაბრძოლები. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწას, დაივიწყეს ღმერთიცა და ხატიც...
უფალმა სასჯელი მოუვლინა "საზეპურო ერს" ცოდვათა გამო: ვნების ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიწა იძრა "სამხილებლად უსჯულოებათა ჩვენთათვის". პარასკევს კვლავ განმეორდა მიწისძვრა. შაბათს კი დაიქცა ქვეყანა: ეკლესია-მონასტრები დაინგრა, მიწა გაიპო და იქიდან კუპრივით შავი წყალი ამოიჭრა, აწყურის ტაძარი ჩამოინგრა, დაინგრა მცხეთაც, მთელი სამცხე... ურიცხვი ადამიანი დაიღუპა...
მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, მონაწილეობდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველოში კი კვლავ ეკლესიებს აშენებდა, ღამღამობით გამოდიოდა და საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკებს მოწყალებას. ტაძრად მლოცველიც იყო, მემარხულეც და შემწირველიც, მაგრამ ნიკოლოზ კათალიკოსი ჭეშმარიტ ქრისტიანად მაინც არ მიიჩნევდა მეფეს. რაკი ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება, ერის დაცემით შეძრწუნებულმა სულიერმა წინამძღვარმა დაუტევა კათალიკოსობა და უბრალო ბერული მოღვაწეობით ჩააბარა სული უფალს.
აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა აჰმადი და შვილი არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული გახდა, მონაწილეობა მიეღო შეთქმულებაში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს ბუღას, რომელიც მძახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღასაც და მის ნათესავ-მომხრეებსაც.
ყაენის კარზე დაბარებული მეფე დემეტრე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა. მოიწვია კათალიკოსი, ეპისკოპოსნი, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: "მებრალვის უბრალო ერი, რომელიც ცხვარივით უმწეოა და საკლავად უნუგეშოდ განწირული. მე დავდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა, და არ დავიშლი ურდოსა წასვლას".
დიდხანს ვერ გადაეწყვიტა ყაენს დემეტრეს მოკვდინება - შემცვლელს ვერ ვხედავო. ვერც ღალატი დაუმტკიცეს, დაკითხვებისა და წამების მიუხედავად. გამოსავალს ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელმა მიაგნო, ქართველმა ამირსპასალარმა, ქართველი მეფის კარზე მონღოლთა მოენემ და დამსმენმა: ქუთაისიდან დავით ნარინის ძის, ვახტანგის ჩამოყვანა და მეფედ კურთხევა შესთავაზა ყაენს. ყაენმა შვებით ამოისუნთქა...
მოვაკანი, მტკვრისპირი, 1289 წლის 12 მარტის დილა.
საპყრობილიდან გამოჰყავთ ნაწამები მეფე. წმინდა მეფემ სიხარულით მიიღო განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ქართველი დიდებულები და მერე სწორედ მოღალატე ხუტლუ-ბუღას ჩააბარა თავისი პირმშო... ღვთისგან ცხებული მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლუ-ბუღას და ტირილი წასკდა.
სიკვდილის წინ ილოცა მეფემ და წმინდა ზიარება მიიღო.
მოულოდნელად მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ უფლისწულის მოკვლაზე ხელი აიღეს.
ჯალათები საქმეს შეუდგნენ. მალე საქართველოს აღარ ჰყავდა დემეტრე II, მისთვის წამებული და სამსხვერპლოზე ამაყად მდგარი, აწ უკვე შემკობილი ზედსახელით - "თავდადებული".
დემეტრეს წმინდა გვამს, ყაენის ბრძანებით, დარაჯები იცავდნენ. კათალიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზის დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს.
წმინდა მეფე დემეტრე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოველში, "სამარხოსა მამათა მათთასა".
მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
დემეტრე ტლაშაძემ