ოცი წლის გრიგოლმა დატოვა კონსტანტინოპოლი და წმინდა ათონის მთაზე ბერად აღიკვეცა. აქ მან საფუძველი ჩაუყარა მისტიკური სწავლების სისტემას - ისიხაზმს.
1340 წელს წმინდა გრიგოლ პალამა კვლავ დაუბრუნდა ბიზანტიის დედაქალაქს, რათა ცხარე დოგმატიკურ ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა და დაეცვა მართლმადიდებლობის დოგმები. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა იგი, მიეტოვებინა ათონის მთის სულიერი გარემო, ლოცვა-მჭვრეტელობითი ცხოვრება და თეოლოგიური რაციონალიზმის მიმდევართა - კალაბრიელ ბერ ვარლაამის, აკინდინის, გრიგოლის და სხვათა წინააღმდეგ გამართულ პოლემიკაში ჩაბმულიყო.
1341 წელს კონსტანტინოპოლში გამართულ საეკლესიო კრებაზე მან ჩამოაყალიბა უმნიშვნელოვანესი თეზისი - ე.წ. თაბორის ნათელის უქმნადობის დოქტრინა, რომლის თანახმად, ასკეტ-ისიხასტი ბერი ექსტაზის მდგომარეობაში უშუალოდ იღებს ხელთუქმნელ და უთვისებო ნათელს, "თაბორის ნათელს", რომელიც მოციქულებმა, სახარების მიხედვით, თაბორის მთაზე იხილეს.
15 წლის მანძილზე იმართებოდა კონსტანტინოპოლში "პალამიტური კრებები", რომლებზეც წმინდა გრიგოლ პალამა საუბრობდა მისტიკური ცდის რეალობაზე, ღვთის შემეცნების შესაძლებლობაზე, ისიხასტ ბერთა ლოცვით მდგომარეობაზე, ჭვრეტის ბუნებაზე, სულიწმინდის მადლსა და მის ცდისეულ აღქმაზე.
პალამიზმმა დიდი მხარდაჭერა პოვა იოანე კანტაკუზინის იმპერატორობის ხანაში და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, 1351 წლიდან ოფიციალურ მართლმადიდებლურ სწავლებად იქნა დადგენილი წმინდა ვლაქერნის მონასტერში.
1347 წლიდან წმინდა გრიგოლ პალამა თესალონიკის არქიეპისკოპოსი ხდება, სიკვდილამდე არ ტოვებს თესალონიკის კათედრას და დიდ საუფლო დღესასწაულებსა და საკვირაო წირვებზე წარმოთქვამს ბრწყინვალე ქადაგებებს, რომლებიც გამოირჩევა საღვთისმეტყველო დოგმატიკაში არაჩვეულებრივი განსწავლულობით, სახარების თითოეული საკითხავის ღრმა გააზრებით.
წმინდა გრიგოლი 1359 წელს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1378 წლიდან ბიზანტიის მართლმადიდებელმა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.
გთავაზობთ ამონარიდებს წმინდა გრიგოლ პალამას ქადაგებიდან, რომელიც ძველბერძნულიდან თარგმნა მაია ინდუაშვილმა:
"სიტყვა, სულის მაცხოვნებელი, თესლს შეიძლება შევადაროთ: მიწის მუშაკნი ჯერ ნიადაგს აფხვიერებენ, შემდეგ კი თესლს აგდებენ ხნულში. ჩვენც თავდაპირველად სული უნდა განვიწმინდოთ სიბილწისაგან, აღვმაღლდეთ და განვემზადოთ ზეციური თესლის მისაღებად, ანუ ღვთის სიტყვის მოსასმენად. მიწა უსულო და უგრძნობი რამაა, თავისით ვერც გაფხვიერდება და ვერც თესლს აღმოაცენებს, თუ ადამიანებმა არ იშრომეს და არ შეამზადეს საამისოდ. ადამიანი კი თავად წარმოადგენს განსულიერებულ და გონიერ ნიადაგს, რომელიც მონანიების გზით უნდა გაფხვიერდეს და ზეციური თესლი მერმე ჩაეთესოს ხნულში.
შევეცდები დავაზუსტო, რისი თქმაც მსურს. სულის ნათლისღება სხვა არაფერია, თუ არა ცოდვათა აღიარება, ვითარცა სახარებაში წერია: "ნათელ-იღებდეს იორდანესა შინა მისგან, და აღუარებდეს ცოდუათა მათთა" (მათ. 3,5). მაშასადამე, ცოდვათა აღიარება დასაბამია სულის შემკობა-გამშვენიერებისა, რაც გულისხმობს, რომ მონანიების შემდეგ ადამიანმა სული შეამზადა მაცხოვნებელი თესლის - საღვთო სიტყვის მისაღებად, რომელიც ადამიანთა სულებს მხსნელად ევლინება.
როგორც მიწის მუშაკნი მარგლავენ და მიწის წიაღიდან გლეჯენ სარეველა ბალახებს, რათა თესლი გაღვივდეს და ნერგი აღმოცენდეს, ასევე სულიერი გამარგვლა მონანიების ჟამს ხდება. აღსარება გულიდან ძირფესვიანად თხრის და გლეჯს დაფარულ და ბილწ გულისთქმებს, სულს ამზადებს წმიდათაწმიდა თესლის მისაღებად, რათა განაყოფიერდეს და სათნოებები აღმოაცენოს. როგორც ადამის შეცოდების შემდეგ დედამიწა ნარ-ეკლითა და შხამიანი ბალახებით დაიფარა, ასევე ადამიანის გული აღივსო სამარცხვინო და ბილწი გულისთქმებითა თუ ვნებებით, რაც გახდა დასაბამი ადამიანთა უთავბოლო შეცოდებებისა.
ამიტომ, ძმანო, აუცილებელია, თითოეულმა თქვენგანმა სულიერი მოძღვარი აირჩიოს, რწმენითა და ნდობით აღიჭურვოს, დაემორჩილოს, გაუმხილოს ცოდვები და ვნებები, გულითადად მიიღოს მისი სულიერი მკურნალობა, რაც თანდათანობით აღმოფხვრის სხეულში ფესვგადგმულ სიბილწესა და უზნეობას, ნასაზრდოებს ვნებათაღელვითა და თავაშვებული ცხოვრებით. ყურნი მიაპყარით სულიერ სწავლებას, შეისისხლხორცეთ თქვენი სულებისთვის სასარგებლო ქადაგება და ჩვენი ლოცვა-კურთხევითა და შენდობით თანაზიარექმენით იესო ქრისტეს - მას, ვინც უსაზღვრო კაცთმოყვარეობის წყალობით ციდან დაეშვა, ხორცნი შეისხა და განკაცნა, რათა ადამიანებს, მის მსმენელებს, გულში ცხოვრების სიტყვა, მაცხოვნებელი თესლი ჩაუნერგოს.
შეინანეთ, ძმანო, რამეთუ ვინც თუნდ მცირედ სინანულს არ უჩვენებს, არც იესო ქრისტე შეიწყნარებს და მეოხექმნება.
***
სახარება არაერთგზის შეგვახსენებს, რომ აღსარებისა და ღრმა სინანულის გარეშე ადამიანი ვერ ღირს-იქმნება მიღებად საღმრთო სიტყვისა. ვერ ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს ის, ვინც ცოდვებისგან აღსარებითა და სინანულით არ განიწმინდა. ამიტომ განვიწმინდოთ, ძმანო, სხეული, ბაგენი, გულისთქმანი, სიყვარულითა და სიწმინდით აღვივსოთ.ოქრომჭედელი, გამოსახულებას ელფერი რომ შემატოს, თავდაპირველად სპილენძს ამუშავებს და ფხეკს მინარევებს, შემდეგ კი ძვირფასი ლითონებით ამუშავებს ზედაპირს და ბზინვარებას სძენს ნამუშევარს. ასევე, გაბრწყინვებისა და განსპეტაკების მსურველნი წინასწარ უნდა ვეცადოთ სულიერი მანკიერებისა და ხორციელ ვნებათაგან განწმენდას, რათა განვიწმინდოთ არა მარტო გარეგნული იერი, როგორც ეს მოოქრულ სპილენძზე ითქმის, არამედ შინაგანი ბუნებაც - სულის სიღრმეში ჩაბუდებული არაწმინდებანი დავთრგუნოთ მთელი ძალისხმევით, რათა აღსარების გზით ცოდვები მოგვეტევოს, თანაზიარ-ვექმნეთ მეუფისა და მაცხოვრის წმიდათაწმიდა ხორცსა და სისხლს საცხოვნებლად.
***
ძმანო, დაე, ჩვენც ღვთაებრივი ზიარების აღსრულებით მორჩილ-ვექმნეთ და დავეგოთ უფალს, რომელმაც ჩვენი გულისთვის თავი გაწირა. თუკი მხოლოდშობილი ძე ჩვენს დასახსნელად მოავლინა უფალმა, ძე ღვთისა კი ადამიანთა მოდგმისთვის ივნო და დაიფლა, ნუთუ ვალდებულნი არ ვართ, შევუდგეთ უფალს ჩვენივე სულების საცხოვნებლად და არა იესო ქრისტეს სასარგებლოდ? სიყვარული უფლისა და სიყვარული მოყვასისა ღრმად ჩავინერგოთ გულში, მორჩილ-ვექმნეთ ძე ღვთისას, რათა ღვთის ძლიერი ხელითა და შეწევნით განვმართლდეთ საკუთარი თავისა და ერთმანეთის წინაშე. "ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყუენით" (რომ. 1,16), - ბრძანებს პავლე მოციქული და ჩვენც, შეძლებისდაგვარად, მოვაკვდინოთ ხორცი, რათა "ქუეყანასა ზედა" მოისპოს "სიძვაი, არა-წმიდებაი, ვნებაი, გულის-თქმაი ბოროტი და ანგარებაი" (კოლას. 3,5). თავად უმწიკვლო სხეული იესო ქრისტესი, ჩვენთვის საზრდელად გაღებული, მიგვითითებს, რომ ცოდვები დავთრგუნოთ, ვიცხოვროთ სათნოებებით, გვმოძღვრავს და გვასწავლის, როგორ გავხდეთ თანაზიარნი მისი ქველმოქმედებისა და ვნებებისა. დაე, მარადის ვცხოვრობდეთ იესო ქრისტეში, ვმეუფებდეთ მის თანა. წინასწარმეტყველი მეფის, დავითის პირით ხომ გვამცნო უფალმა: "მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი, სად უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი" (ფსალმ. 48,23), რამეთუ იესო ქრისტეს საქციელი უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე აბელის სისხლი. ძმის სისხლი დაიღვარა კაენის ხელით, ქრისტეს სისხლი კი - ადამიანთა მოდგმის გამოსასყიდად. უფალმა იესო ქრისტეს უმანკო სისხლი შეიწირა. იესო ქრისტემ ძმასავით შეიყვარა თითოეული ჩვენგანი და უზეშთაეს მამასთან შეგვარიგა. იესო ქრისტეს გზა სიყვარულის გზაა, რადგან მან ადამიანთა სიყვარულის გამო თავი გაწირა, სულიც კი არ დაიშურა, რაც უმაღლესია სიყვარულში. ამით უფალმა დაგვანახა გზა მორჩილებისა (ეს. 35,7-8), გზა მოთმინებისა, რამეთუ მამა ღმერთს მორჩილებდა ჯვარცმამდე და აღსასრულამდე (ფილიპ. 2,8). ეს გზა მიგვიძღვის მარადიული ცხოვრებისკენ ვნებათა დათრგუნვის საფასურად; ჯვარცმული იესო ქრისტე ცხოვრების მომნიჭებელია უკუნითი უკუნისამდე ქრისტიანთა და ქველმოქმედთათვის, განადიდებს და სრულყოფს მათ და იდიდება თანადაუსაბამოით მამით და ცხოველსმყოფელი სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
მოამზადა
მანანა ჯანელიძემ
მანანა ჯანელიძემ