გვსურს შემოგთავაზოთ "დიალოგები", რომელიც 1858 წელს ყაზანში რუსულ ენაზე გამოცემული წიგნიდან ითარგმნა. მანამდე კი მისი ავტორის ცხოვრებას გაგაცნობთ.
წმინდა გრიგოლი რომში დაიბადა სენატორების ოჯახში. მამას გორდიანე ერქვა, დედას - სილვია. პაპამისი რომის პაპი გახლდათ - ნეტარი ფელიქსი. წმინდა ტარსილა, რომელმაც სიკვდილის წინ ქრისტე იხილა და ნეტარი ემილია - წმინდა გრიგოლის დეიდები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ დედამისი სილვიაც წმინდანადაა შერაცხული. კეთილმა ხემ ნაყოფიც კეთილი მოისხა. წმინდა გრიგოლი ღვთისმოშიშ გარემოში აღიზარდა, უყვარდა კითხვა, ბუნებრივია, განათლებაც კარგი მიიღო. გონიერი ახალგაზრდა გახლდათ, სათნოებებით აღსავსე, ამიტომაც აირჩიეს პრეტორად - მას ებარა უმაღლესი სასამართლო ხელისუფლება. არადა მონასტერი ენატრებოდა, მონაზვნად კურთხევა სურდა, მაგრამ რადგან მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, უკან დაიხია. მამის გარდაცვალების შემდეგ მამულის დიდი ნაწილი მოწყალებად გასცა. სამწირო და სასნეულო შენობები ააშენა. მარტო სიცილიაში ექვსი მონასტერი ააგო, ხოლო რომში, საკუთარ სახლში წმინდა ანდრია მოციქულის მონასტერი დააარსა და აქვე აღიკვეცა მონაზვნად.
დედამისი, წმინდა სილვია, წმინდა პავლეს ეკლესიის კარიბჭის ახლოს ცხოვრობდა, დღე და ღამეს ლოცვაში ატარებდა, მარხულობდა, უფალს ემსახურებოდა, მხოლოდ მწვანილით იკვებებოდა და მას მონაზონ ვაჟსაც უგზავნიდა ხოლმე. უაღრესად მოწყალე იყო, მისგან ისწავლა წმინდა გრიგოლმა გლახაკთა სიყვარული. ჯერ კიდევ პაპად გახდომამდე ერთმა უცნობმა აბეზარმა გლახაკმა ერთ დღეში ფული ორჯერ გამოსტყუა. მესამედაც კი მივიდა. ფული აღარ ჰქონდა და ვერცხლის თასი აჩუქა, რომლითაც დედამისი საჭმელს უგზავნიდა ხოლმე.
დავიმახსოვროთ ეს ამბავი.
პელაგი რომის პაპის სიკვდილის შემდეგ მორწმუნე ერმა პაპად წმინდა გრიგოლი გამოირჩია. ღირსი მამა გაერიდა იქაურობას და დაიმალა. ხალხმა ძებნა დაუწყო. მაშინ ღმერთმა ინება და ნათლის სვეტი დაადგა იმ ადგილს, სადაც წმინდა გრიგოლი იყო დამალული. 590 წელს ღირსი გრიგოლი პაპის ტახტზე ავიდა. ამის მერე გლახაკთმოწყალება უფრო გაამრავლა. მასთან ტრაპეზზე ყოველთვის თორმეტი გლახაკი ჯდებოდა. ერთხელ სუფრასთან მეცამეტე გლახაკიც იხილა და იკითხა, ვინ არისო. უცნობი მის გარდა ვერავინ დაინახა. წმინდა გრიგოლი მივიდა მასთან და დააფიცა, - მითხარი, ვინ ხარო. მე ის გლახაკი ვარ, ადრე თავი რომ მოგაბეზრე. მაშინ ოქროს მონეტები და ვერცხლის თასი მომეცი. სწორედ იმ დღეს, იმ სიყვარულისთვის, რომლითაც დამეხმარე, გამოგირჩია ღმერთმა, თავისი მღვდელმთავარი გიწოდა და წმინდა პეტრეს მემკვიდრედ (ანუ რომის პაპად) დაგადგინა, რადგან ბაძავ მას სათნოებებითო. უფლის ანგელოზმა ისიც უთხრა, - უფალმა შენს მცველად დამადგინა და შენი ლოცვები უნდა ავიტანო ზეცაშიო. ამის შემდეგ გლახაკი უხილავი შეიქმნა.
ერთხელ, როცა გლახაკებს ემსახურებოდა და ერთი მათგანისთვის ხელზე წყალი უნდა დაესხა, მიბრუნდა ჭურჭლის ასაღებად, მაგრამ გლახაკი აღარსად ჩანდა. მეორე ღამეს ძილში წმინდა გრიგოლმა მაცხოვარი ნახა. უფალმა უთხრა: ადრე თუ ჩემს გლახაკებს უმასპინძლდებოდი, გუშინ გლახაკის სახით თვით მე მიმიღეო.
წმინდა გრიგოლის სიმდაბლეს "ლიმონარში" გვიამბობს სოფრომ იერუსალიმის პატრიარქი: იოანე სპარსი მიყვებოდა წმინდა გრიგოლზე: წმინდა პეტრესა და პავლესთვის თაყვანისცემა მინდოდა და რომში გავემგზავრე. შუა ქალაქში ვიდექი, რომ გაისმა, - რომის პაპი მოდისო. გვერდით ჩამიარა წმინდა გრიგოლმა, სანამ მუხლს მოვიდრეკდი, თვითონ დაემხო ჩემს წინ და მანამდე არ ამდგარა, სანამ ფეხზე წამომდგარი არ დამინახა. სამი ოქროს მონეტა მომცა და ჩემი გამასპინძლება უბრძანაო.
წმინდა გრიგოლი ცამეტი წელი პაპობდა. დიდად იღვაწა ბრიტანეთში ქრისტიანობის გასავრცელებლად და გარდაიცვალა იმპერატორ ფოკას ზეობისას, 604 წელს.
ახლა კი "დიალოგების" ტექსტს მივყვეთ:
წიგნი 1
ერთხელ შფოთიანი ერისკაცული საქმეებით დამძიმებული, რომლებიც ხშირად საკუთარი საქმის დატევებას გვაიძულებს, ერთ მყუდრო ადგილას განვმარტოვდი მწუხარე სულისთვის შვების მოსაგვრელად. როცა ამგვარად არცთუ მცირე ხანი გავატარე სიმყუდროვეში, ჩემთან მოვიდა ჩემი სულიერი ძე, დიაკონი პეტრე. შემატყო, რომ გული მოუძლურებული მქონდა და ვიტანჯებოდი, მკითხა: ახალი ხომ არაფერი შეგემთხვა, ჩვეულებრივზე მეტად რომ ხარ დამწუხრებულიო. "არა, ჩემო საყვარელო პეტრე, ჩემთვის ყოველთვის მოძველებულია ის ტკივილი, დღეს რომ დავითმენ, რადგან ჩვეულებისამებრ ის ყოველთვის ახალია, რამეთუ აღორძინდება ხოლმე. ახლა კი იმაზე ვდარდობ, რომ ეს უსიამოვნებები, რომლებიც ჩემს საქმეებს თან სდევს, მახსენებს ჩემს ადრინდელ მონასტრულ ცხოვრებას, როცა ყოველგვარი შემთხვევითობის მართვა შემეძლო, როცა აღმაღლდებოდა სული ყოველგვარ სწრაფწარმავალზე, რადგან ფიქრი მუდმივად ზეციურისკენ ისწრაფოდა, როცა ხორცის საკვრელნიც წინ ვერ აღგიდგებოდნენ მჭვრეტელობით ცხოვრებაში, რამეთუ თვით სიკვდილი, რომელიც სხვებისთვის საშინელებაა და შიშის მომგვრელი, შენთვის სასურველი იყო, როგორც კეთილმოგება ღვაწლისთვის, როგორც სიცოცხლეში გარდასასვლელი. ახლა კი მოვალეობის გამო ჩემი სამღვდელო მსახურებისა საერო საქმეები უნდა ვაკეთო და დავუტეო ადრინდელი მშვენიერი, მყუდრო ცხოვრება, შევბილწო სული ჩემი მიწიერი საზრუნავებით, მაშინ, ბუნებრივია, შესუსტდება სულიერი საგნებისადმი ყველაზე ძლიერი სწრაფვაც კი. ამიტომ, როცა განვიკითხავ, თუ რა შევიძინე ან რა დავკარგე, აღმოჩნდება, რომ დაკარგული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მაქვს. რამეთუ აგერ ახლა შთამნთქავენ ვეებერთელა ზღვის ტალღები და ჩემი გონების ხომალდი ირყევა უდიდესი ქარიშხლის გამო. ხოლო როცა წარსულს მოვიგონებ, მოვიხედავ უკან, თითქოს ნაპირს ვხედავ და ვოხრავ. რაც უფრო დამამძიმებელია, ამ უსაზღვრო მღელვარებისგან გამოწვეულ შიშში ოდნავღა თუ ვხედავ ჩემს მიერ მიტოვებულ ნავსაყუდელს. სულსაც ხომ ასე მოსდის, როცა ის იმ სიკეთეს კარგავს, რასაც ფლობდა, ჯერ კიდევ ინახავს მასზე მოგონებას, საბოლოოდ, დაივიწყებს ამ მოგონებას და სიკეთე რომ დაკარგა, ისიც კი ავიწყდება. ამიტომ, როგორც ვთქვი, ამ გაგრძელებული ნაოსნობის გამო თვალთაგან გვეკარგება ჩვენი მიტოვებული მყუდრო სავანე. ზოგჯერ, როცა მწუხარება უფრო მიძლიერდება, გამახსენდება იმ ადამიანთა ცხოვრება, მთელი სულით რომ დაუტევეს სოფელი. ერთი შეხედვაც კი მათი ამაღლებული, ანგელოზებრივი ცხოვრებისა მიჩვენებს, თუ რაოდენ ჩამოვრჩი მათ. ამ წმინდა კაცების დიდი ნაწილი უფრო სათნო ეყვნენ თავის შემოქმედს, განლევდნენ რა თავის ცხოვრებას დაფარულად, ყოვლადძლიერმა უფალმა კი არ ისურვა მათი განახლებული სულების ადამიანურ საქმეთაგან დანგრევა და ყოველგვარ ადამიანურ საზრუნავს განაშორა..."პეტრე: - მე ცოტა რამე თუ ვიცი იტალიაში მცხოვრებ წმინდა, სახელგანთქმულ კაცთა მოღვაწეობაზე. ამიტომ ვერ ვხვდები, ასე მოხიბლული რატომ ჰყვები მათზე და შენს ცხოვრებას მათსას რად უდარებ. რა თქმა უნდა, არ მეეჭვება, რომ იტალიაში მართლაც იყვნენ წმინდა კაცები, მაგრამ მათი სათნოებები და სასწაულნი ან სრულიად უცნობია ჩემთვის, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მათზე ისე ცოტას საუბრობდნენ, რომ ეს დუმილი რაღაც ეჭვს აღძრავდა.
გრიგოლი: - ჰოი, ჩემო საყვარელო პეტრე, რომ შემეძლოს ყველაფერი მოგითხრო, რაც ამ წმინდა და დიდებულ კაცებზე მსმენია მე, არარაობას, მათი სათნოების მოწმეებისგან, ამისთვის ალბათ დროც არ მეყოფოდა.
პეტრე: - გევედრები, წმინდაო მამაო, მომიყევი რაიმე მათზე. ვფიქრობ, ვერ დააბრკოლებს მსმენელს ვრცლად მოთხრობა ღირს მამათა ცხოვრებისა, რამეთუ მათი ცხოვრება გვასწავლის, როგორ მოვიპოვოთ და დავიმარხოთ სათნოებები. მათ მიერ მოხდენილი სასწაულები კი გვიჩვენებენ, როგორ განდიდდებიან ღვთისგან ამგვარი სათნოებანი. არიან ადამიანები, რომელთაც სიტყვაზე მეტად მაგალითით აღუძრავ ზეციური სამშობლოს მხურვალე სიყვარულს. რამეთუ ვინც ყურადღებით ისმენს ღირს მამათა ცხოვრებას, ორმაგ სარგებელს პოვებს. პირველი: ასეთი ადამიანების ცხოვრებისეული მაგალითები გვასწავლიან ცხონებისკენ მიმავალ გზას, აღძრავენ მომავალი ცხოვრების სიყვარულს. მეორე: თუ აქამდე საკუთარ თავში რაიმე სათნოებებს ხედავდი, მათი შემყურე დამდაბლდები, როცა წმინდათა შენზე აღმატებულ სათნოებებს ხედავ.
გრიგოლი: - მზად ვარ, ახლავე მოგითხრო ყველაფერი, რაც ღვთისმოშიშ კაცებთან საუბრისას ამ მამათა შესახებ შემიტყვია, მივყვე მათ მაგალითს, მზეზე უბრწყინვალესს - ვითარცა მარკოზმა და ლუკამ, რომელთაც წმინდა სახარება მონათხრობთა მიხედვით დაწერეს და არა ნანახით, თუმცა მომავალი მკითხველი ჩემი მონათხრობისა მის სისწორეში რომ არ დაეჭვდეს, თითოეულ აღწერილ ამბავს მივუთითებ წყაროს, რომელსაც დავესესხე. ეს ამბები კი ყველაზე პატივცემულ მამათაგან გამიგონია...
თავი 1. ჰონორეტი, ფუნდისის მონასტრის იღუმენი
ვინმე პატრიციას, სახელად ვენანცეს, სამნიის ოლქში მამული ჰქონდა. ამ მამულში ერთ-ერთ მოსახლეს ვაჟი ჰყავდა, სახელად ჰონორეტი. სიყრმიდანვე დათმენის სიყვარულმა აღძრა მასში ზეციური სამშობლოს სიყვარული. დიდხანს ცხოვრობდა ამგვარად. თავს იკავებდა ყოველგვარი უქმი სიტყვისგან, დათრგუნავდა ხორცს სურვილთა დათმენით. ერთხელ მისმა მშობლებმა სუფრა გაუშალეს მეზობლებს. სუფრაზე, სხვა საჭმელებთან ერთად, ხორციც იდო, მაგრამ დათმენის მოყვარე ჰონორეტს ხორცის არათუ ჭამა, ხელის შეხებაც კი არ უნდოდა. მშობლები გაეხუმრნენ, - რაო, ხომ არ ფიქრობ, რომ მთებში წავალთ შენთვის თევზის დასაჭერადო. ამ მხარეში თევზის მხოლოდ სახელი თუ გაეგონათ. როცა ჰონორეტს დასცინოდნენ, სუფრაზე წყალი შემოაკლდათ. მსახური მაშინვე წყლის მოსატანად წავიდა და როცა ტაგანის ავსება დაიწყო, შიგ თევზი ჩავარდა. მოსამსახურემ წყალი გადმოასხა ყველას თვალწინ და ის თევზიც ანახა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ ჰონორეტს საჭმელად მთელ დღეს ეყო. ყველა გაოცდა, მშობლებმაც დაცინვას თავი დაანებეს. ახლა უკვე პატივისცემით შეხედეს ყრმის თავშეკავებას. თევზის ამბავმა ღვთის კაცის სათნოებები გესლიანი დაცინვისგან დაიხსნა. როგორც კი წარემატა ჰონორეტი ღვთივსათნო ცხოვრებაში, ბატონმა გაათავისუფლა. ის ფუნდაში დასახლდა და მონასტერი დააარსა... აქ ის ორასამდე განდეგილს ხელმძღვანელობდა. მისი ამაღლებული სულიერი ცხოვრება სხვებისთვის სამაგალითო გახდა.
ერთხელ მონასტრის ზემოთ აღმართული მთიდან კლდე მოსწყდა და მონასტერს - დანგრევის, ძმებს კი სიკვდილის საფრთხე დაემუქრათ. თვალი მოჰკრა თუ არა ღირსმა ჰონორეტმა, მოუხმო საშველად მაცხოვარს, კლდეს ჯვარი გადასახა და ისიც მთის კალთაზე უმალ შეჩერდა. ეს ამბავი მომითხრო ლავრენტიმ, ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა. ის მთის კალთა, რომელზეც კლდე გაჩერდა, ძალზე ციცაბო იყო. როგორც ამბობენ, ახლაც რომ შეხედო იმ მთას, გეგონება, კლდე, საცაა, მოწყდებაო.
პეტრე: - წმინდაო მამაო, ვფიქრობ, ეს საოცარი ადამიანი სხვებს ვერ უხელმძღვანელებდა, მანამდე ვინმე დამრიგებელი რომ არ ჰყოლოდა.
გრიგოლი: - არ გამიგია, რომ ის ვინმეს მოწაფე ყოფილიყოს. უნდა ვიცოდეთ სულიწმინდის ნიჭები, მადლი ზოგჯერ უჩვეულო წესით მიეცემათ ადამიანებს.