ღირსი მამა 86 წლისა დაბრმავდა, მაგრამ უკვე სულიერი თვალით ჭვრეტდა დაუღამებელ ნათელს
ღირსი მამა 86 წლისა დაბრმავდა, მაგრამ უკვე სულიერი თვალით ჭვრეტდა დაუღამებელ ნათელს
მამა ეგნატე კატუნაკელი - შვილი ლოცვისა, შვილი ნუგეშისცემისა
ათონის მთა ალბათ იმიტომ გვიყვარს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია; რომ დაკარგულ ზეციურ სამშობლოს მოგვაგონებს და, რა თქმა უნდა, იმიტომაც, რომ იქ ჯერაც მრავალი ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი სახლობს. ისინი იმ ღირს მამათა სულიერი მემკვიდრეები არიან, რომელთა ღირსიც არ იყო ეს სოფელი.

ათონის მთის ძირში, სამხრეთით, ერთ ციცაბო, კლდოვან ადგილას, ორად რომ გაუყვია ღრმა ხეობას, ოცდაათამდე კალივაა მიმოფანტული. ამ ადგილს კატუნაკს ეძახიან. აქ მრავალ ღირს, ისიქასტ მამას უმოღვაწია. მამა ეგნატე კატუნაკელი გავიხსენოთ.

მამა ეგნატე 1827 წელს დაიბადა. მამა ბულგარელი ჰყავდა, დედა - ბერძენი. ერთადერთი ძით ამაყობდნენ მშობლები, მაგრამ მათი იმედი, 21 წლის ივანე (ასე ერქვა ერისკაცობაში) შინიდან გაიპარა და მონაზვნად აღიკვეცა. სახიერმა ღმერთმა შეიწირა მისი მსხვერპლი და იშვიათი მოძღვარი, მამა ნეოფიტე, არგუნა. იგი გახლდათ სულიერი შვილი დიდი ნეოფიტესი (კარამანალისი) და თანამოძმე ჰაჯი-გიორგისა, ისინი XIX საუკუნის უდიდესი ასკეტები გახლდნენ და მამა ნეოფიტეს ცხოვრების წესი დიდად არ განსხვავდებოდა მათგან.

ივანემ ერთი პატარა საიდუმლო გაუმხილა მოძღვარს: - ერში ჩემი შრომით 300 ფუნტი დავაგროვე და მინდა გადმოგცეთო. გაუკვირდა მოძღვარს, - რად მინდა აქ ამდენი ფული. თუ გინდა, რომ კარგი ბერი იყო, ეგ თავიდან უნდა მოიშორო. ათონი მოიარე, გაჭირვებულ ბერებს მოწყალებად დაურიგე, ფულს ვისაც მისცემ, ხელწერილი გამოართვიო. თითქოს რა უნდა ყოფილიყო ამაზე ადვილი, მაგრამ, ივანეს გასაკვირად, ასე არ გამოდგა. ბევრი ბერი, მიუხედავად თავისი მართლაც დიდად გაჭირვებისა, ფულს არ იღებდა და ხვეწნა უხდებოდა მორჩილს. ოთხი თვე მოუნდა ფულის დარიგებას. ამასობაში მთელი ათონი მოიარა. რაც უფრო ღარიბი იყო კალივა, მით მეტად იყვნენ სულიერად წარმატებულნი მისი მცხოვრებნი. მათი მარტო შეხედვაც კი განამხნევებდა ახალგაზრდას. როგორც იქნა, მოიშორა ეს ტვირთი, თავისთვის მხოლოდ ისააკ ასურის წიგნი იყიდა, რისთვისაც მოძღვარმა დატუქსა, ურჩობად ჩაუთვალა.

მერე ივანეს ოქროს კერპმა ისევ დაურღვია სიმშვიდე. სოფელში ერთი მდიდარი უშვილო მამიდა ჰყავდა, რომლის ქონება რვა მილიონ ოქროს დრაქმას შეადგენდა. მან ათონზე კაცები გაგზავნა ძმისშვილის ჩამოსაყვანად. ბევრი ეცადნენ, მაგრამ ივანე ვერ დაითანხმეს. მან მოძღვრის კურთხევით წერილი მისწერა მამიდას და ქონების სამად გაყოფა შესთავაზა: ერთი ნაწილი ღარიბ ნათესავებს დაურიგე, მეორე - ქვრივ-ობლებს, მესამე ნაწილი კი ეკლესიას შესწირეო. მამა ნეოფიტეს მოწაფეები კატუნაკის უდაბნოში, ჰაჯი-გიორგისეული ტიპიკონით მოღვაწეობდნენ - არ ჭამდნენ კარაქს, კვერცხს, ყველსა და თევზს, ზეთიანს - აღდგომასაც კი არ ეკარებოდნენ. მათი საზრდო იყო ორცხობილა, ზეთისხილი, ისიც ზომით. თრგუნავდნენ სხეულს, მუდამ ფეხშიშველნი დადიოდნენ. მამა ნეოფიტეს სამოსი ერთადერთი კაბა იყო, რომელსაც ყოველწლიურად შავად ღებავდა. ბევრს შრომობდნენ. ამ უნაყოფო ადგილას უამრავი შავი მიწა მოზიდეს, რომ რაღაც გაეხარებინათ. წყალიც შორიდან მოჰქონდათ. მოკლედ, ძნელად თუ ვინმე გაუძლებდა ასეთ პირობებს. შრომით გათანგულ ახალგაზრდებს ჩაეძინებოდათ და ლოცვას ვეღარ კითხულობდნენ. "ნუ წუხხარ, შვილო, - ეტყოდა მათ მამა ნეოფიტე, - დაკეტე სარკმელი და ისევ ღამე იქნება, დღის სინათლე და ღამის სიბნელე ორივე ღვთის ნებაა. როგორ ამბობს წმინდა დავითი? "შენი არს დღე და შენი არს ღამე" (ფსალმ. 73,16).

ფიზიკურ შრომას სულიერ ღვაწლსაც უმატებდნენ, მაგრამ ივანესთვის ალბათ უმთავრესი მორჩილების სკოლის გავლა იყო. კატუნაკში ახლად აშენებულ მიძინების ტაძარს მღვდელი სჭირდებოდა. ივანე ექვსი წლის მორჩილების შემდეგ ბერად აკურთხეს და ეგნატე უწოდეს. ერთხელ მოძღვარმა ბერ ეგნატეს უთხრა: დაიბანე, თმა დაივარცხნე და მოწესრიგდიო. მეორე დღეს ლავრაში წაიყვანა. თურმე მღვდლად კურთხევას უპირებდნენ. მეხივით დაატყდა თავზე ეს ამბავი ეგნატეს, მაგრამ მორჩილება ხომ უმთავრესია. მაშინ მღვდლები ჭირდა და მამა ეგნატეს მთელ ათონზე იწვევდნენ წირვის ჩასატარებლად.

როგორც ვთქვით, მამა ნეოფიტეს საძმო ზეთიან საკვებს არ ჭამდა, ამიტომ ზეთისხილისგან გამოწურულ ზეთს მომსვლელებს უნაწილებდნენ ხოლმე. ერთხელ ღარიბი ერისკაცები მოვიდნენ ზეთისთვის. მოძღვარმა ეგნატეს საკუჭნაოდან ზეთის გამოტანა უბრძანა. ეგნატემ უთხრა, ქოთნები ცარიელიაო. ერისკაცები ხელცარიელნი წავიდნენ. ხუთი-ათი წუთის შემდეგ მამა ეგნატეს უცნობი ბერი შეხვდა, რომელმაც 500 დრაქმა მისცა ორმოცდღიანი მოხსენიებისთვის. მაშინვე მოძღვარს მოახსენა. ვინ უნდა მოიხსენო? - ჰკითხა მან. "ჰოი, დამავიწყდა, წავალ, დავეწევი, შორს არ იქნება წასული და ვკითხავო". უცნობი ბერი უკვალოდ გამქრალიყო. მამა ნეოფიტე ღრმად ჩაფიქრდა და მერე თქვა: "ფული მაშინ მივიღეთ, როცა ძალზე გვჭირდებოდა, თანაც ერისკაცების წასვლისთანავე მოგვცეს. ამ ბერს შენ არ იცნობ, თუ შორიდან არის, რა, იქ მოძღვარი არ ჰყავდათ, 40-დღიანი მოსახსენები რომ შეეკვეთა?! ან ასე როგორ გაქრა ორ წუთში? შესაძლოა უფლის ანგელოზი იყო. ღმერთს ჩვენი გონს მოყვანა უნდა. მართლაც, მე ხომ გიბრძანე წადი და ზეთი მოიტანე-მეთქი?"

- კი, მამაო.

- მაგრამ შენ არ წახვედი. მითხარი, ზეთი გათავდაო. მაგრამ მე შენთვის არ მიკითხავს, ზეთი გათავდა თუ არა. როგორც მამამ, გაკურთხე, მაგრამ ეს კურთხევა არ შეასრულე. მორჩილი რომ ყოფილიყავი, წახვიდოდი და ქოთნებში სასწაულებრივად ზეთი აღმოჩნდებოდა, ისევე როგორც სასწაულებრივად მოგვცა ხუთასი დრაქმა. მაშინ ჩვენც შეგვეძლებოდა ღარიბებს დავხმარებოდით ისევე, როგორც ღმერთი დაგვეხმარა. შენი ურჩობით ისინი ხელცარიელნი წავიდნენ, ჩვენ მოწყალების გაცემის საშუალება დავკარგეთ. ამის გამო უნდა დავისაჯოთ, რომ მიტევება დავიმსახუროთ.

აი, ასეთი ბრძენი იყო მამა ნეოფიტე, რომლის გვედით მამა ეგნატემ თითქმის ორმოცი წელი გაატარა. უზომოდ დაამწუხრა მამა ეგნატე მოძღვრის გარდაცვალებამ. მაგრამ ღმერთი ხომ სიყვარულია, მარტო მაინც არ დატოვა. მეორმოცე დღეს მასთან 25 წლის ყმაწვილი მოვიდა მორჩილად, რომელსაც ნეოფიტე დაარქვა. 12 წლის შემდეგ მეორე მორჩილი მოუვიდა - 17 წლის, მას ეგნატე დაარქვა. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ეგნატე-უმცროსი ოთხი წლის შემდეგ მღვდლად აკურთხეს. ახლა უკვე საძმოში ორი მღვდელი იყო. დიდი კრძალვა ჰქონდა ეგნატე-უმცროსს, წირვის ჩატარებისას ყოველთვის ტიროდა მეტისმეტი მღელვარებისგან...

მამა ეგნატე-უმცროსის ცხოვრებაში ერთი საკვირველი ამბავი მოხდა. ერთხელ, კარიესიდან მომავალს, ნავმა გამოასწრო და შვიდი საათის სავალი გზა ფეხით გამოიარა, ზურგზე კი ტომარა ჰქონდა მოგდებული. როგორც იქნა, კალივას მიაღწია და ღონემიხდილი დაწვა და დაეძინა. ექვსი საათის შემდეგ ზარების რეკვამ ბერებს ლოცვაზე მოუხმო, მამა ნეოფიტე მოვიდა მის გასაღვიძებლად, მაგრამ ვერ შეძლო. როცა მოძღვარს შეატყობინეს, ჩაფიქრდა და ნეოფიტეს უთხრა, - მიდი ძმასთან და გადაეცი ჩემი ნათქვამი: მოძღვარმა გაკურთხა, რომ სასწრაფოდ წამოდგე და იცხო კანდელის ზეთი, მერე კი მსახურებაზე მოდიო. მამა ეგნატე-უმცროსი დაემორჩილა ბრძანებას, მაშინვე წამოდგა, კანდელის ზეთიც იცხო და თავი მხნედ იგრძნო, გაკვირვებული კითხულობდა: - რამხელა სასწაულია! სად გაქრა ჩემი დაღლილობა? ასე მსუბუქად რატომ ვგრძნობ თავსო. მას ამ სასწაულმა უფრო განუმტკიცა რწმენა მოძღვრისა.

1908 წელს გარდაიცვალა წმინდა ილარიონ ქართველის სულიერი შვილი, მამა საბა და ათონელმა ბერებმა ახლა მამა ეგნატესთან იწყეს აღსარების სათქმელად სიარული. მით უმეტეს, რომ მან ექვსი ენა იცოდა. დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მათზე, ვინც პირველად აბარებდა აღსარებას. გრძნობდი ღვთის იქ ყოფნას, მისი პირით სულიწმინდა გესაუბრებოდა. იყო პედანტური და მკაცრი, მაგრამ მიმტევებელიც, თუ ცოდვები მძიმე არ გქონდათ - რახან ამის გაკეთება არ შეგიძლია, რა ვქნათ, კისერზე ლოდს ხომ არ შეგაბამ და დაგახრჩობო. მაგრამ მძიმე და რთულ შემთხვევებში ხელმწიფებით იტყოდა: - ამ შემთხვევაში ასე უნდა მოიქცე, თორემ საქმე ცუდად იქნებაო. დიდი ჰქონდა სიყვარული კაცისა. როცა ცოდვებს უყვებოდნენ, ცრემლად იღვრებოდა და აღმსარებელსაც სინანულად განაწყობდა.

ნუგეშისმცემელი იყო, მისთვის შეიძლებოდა დაგვერქმია მთაწმინდის ბარნაბა, როგორც მოციქული, ისიც გახლდათ შვილი ლოცვისა, სული ნუგეშისცემისა. ხარება დღეს მორჩილი გიორგი ბერად უნდა ეკურთხებინათ. მონასტრის ტიპიკონის მიხედვით, ის მარხული უნდა ყოფილიყო, ზიარებულიყო და მერე აღკვეცდნენ ბერად. მაგრამ მან წინა დღეს ზეთისხილი ჭამა. ეს რომ მამა ეგნატემ გაიგო, შეეცოდა მორჩილი, რომ ხარება დღეს მარხვა უწევდა. აცრემლებული გულში ჩაიკრა და უთხრა: - ჩემო შვილო, მეც შენთან ერთად ვიმარხულებ და წავიკითხავ კანონს. ოღონდ მითხარი, საღამოს სად აპირებ ლოცვასო. საღამოს ერთ პატარა სამრეკლოში მხცოვანი ბერი და ახალგაზრდა მორჩილი ლოცვას შეუდგნენ. ლოცვის შემდეგ მამა ეგნატემ იქადაგა ბერობის მნიშვნელობაზე. ლოცვისას მორჩილმა ბერი თვალშეუდგამი ნათლით მოსილი იხილა. ამ დიდებულმა შემთხვევამ მის ცნობიერებას დიდი კვალი დააჩნია. მეორე დღეს გიორგის გაბრიელი უწოდეს და შემდგომში დიდი მამა და არქიმანდრიტი შეიქმნა (დიონისეს მონასტერს წინამძღოლობდა).

მრავალი ბერი უხსნია სულიერი საფრთხისგან. ერთი ამბავი მის მორჩილსაც შეემთხვა, მამა ნეოფიტეს. ის ნასწავლი ბერი იყო, გულგახსნილი, ალალი, უნარი ჰქონდა დიპლომატიისა და იმ კარების შეღება შეეძლო, რომელიც სხვებისთვის დახურული იყო. ეშმაკმაც სუსტი წერტილი მოუძებნა და ნელ-ნელა მის მოხიბვლას შეუდგა. შუაღამისას, როცა ნეოფიტეს ეძინა და შესაძლოა ანგელოზებრივ სიზმრებსაც ხედავდა, კარზე ჩუმი კაკუნი გაიგო და სასიამოვნო ქალის ხმაც გაისმა: - ადექი, შვილო, და ჩადი ტაძარში. იქ ჩემი ჩაუქრობელი კანდელი ჩაქრაო. ნეოფიტე წამოხტა, ჩავიდა ტაძარში და რას ხედავს, კანდელი მართლა ჩამქრალიყო. "სულიერად წარვემატე, - გაიფიქრა ნეოფიტემ, - და თვით ღვთისმშობელი მეწვია, მისი ტკბილი ხმა გავიგონე. ავანთე მისი ჩამქრალი კანდელი. რამხელა ბედნიერებაა".

მას მერე რამდენჯერ სმენია გულში ჩუმი ხმა, რომელიც ყველაფრის მოძღვრისთვის მოყოლას ურჩევდა. მაგრამ ნეოფიტე უარყოფდა ამ რჩევას: "მოძღვარს რატომ უნდა ვუთხრა? განა ეს ცოდვაა, რომ ვაღიარო? ეს წმინდა ამბავია და მისი სიწმინდე შეინახება, თუ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩება". აბა, ქრისტეს ადგილი სადღა იყო მის გულში, მაგრამ მოძღვარი არ თვლემდა. რაღაცას ჭვრეტდა. "ნეოფიტე, ჩემო შვილო, ფრთხილად იყავი. ყველაფერი უნდა გამიმჟღავნო, რაც შენს სულიერ ცხოვრებაში ხდება". ერთხელაც აღსარებისას მან აიძულა მორჩილი, ყველაფერი მოეყოლა და დაარწმუნა, რომ ყოველივე ეშმაკის ხიბლი იყო.

- რას გრძნობდი მაშინ, როცა ჩამქრალი კანდელი აანთე? - ჰკითხა მამა ეგნატემ.

- სიხარულსა და მადლიერებას, რომ ამხელა კურთხევის ღირსი შევიქენ.

- კიდევ რას?

- მართლაც იყო კიდევ რაღაც. შიგნით, გულის სიღრმეში ერთგვარ შფოთს ვგრძნობდი, რომლის შესახებაც თქვენთვის არ მითქვამს.

- ეს ნათელი დადასტურებაა ეშმაკის ყოფნისა.

მოძღვარი დიდხანს უყვებოდა ეშმაკის მახეებზე, ბოლოს მკაცრად ამხილა: "ჰოი, გზააბნეულო! ეშმაკმა მოგატყუა. განა ღვთისმშობელს ჩემი ან შენი დახმარება სჭირდება? ფრთხილად იყავი! თუ კიდევ გაიგებ კარზე კაკუნს, ნუღარ ადგები კანდელის ასანთებად. მე თვალყურს მივადევნებ ამასო".

საწყალ მამა ნეოფიტეს თითქოს ფრთები შეეკვეცა! ახლა კარზე დაკაკუნებისაც კი ეშინოდა. მაგრამ ეშმაკის საქმეები როცა გამომჟღავნდა, კვამლივით განქარდა.

მრავალი საზღვარგარეთ მოხვედრილი ბერძენი ანტიქრისტიანული იდეების ბადეში გაეხვია. ერთი მათგანი გახლდათ თებელი ერისკაცი, საკმაოდ ჭკვიანი, ენერგიული, ის ამერიკაში წავიდა და ძალზე გამდიდრდა. 40 წლისა რომ შეიქმნა, რაღაც "ახალი" მოისურვა და სატანისტების სექტაში შევიდა. სპეციალურ რიტუალზე უარყო ქრისტე, ღვთისმშობელი, მოიხსნა ჯვარი. ღვთის რისხვაც მალევე მოეწია. ანგელოსი (ასე ერქვა მას) ეშმაკეული გახდა, ძმებმა ექიმებთან მიიყვანეს, მაგრამ რას უშველიდა წამლების ყლაპვა. მშობლებმა ეკლესიას მიმართეს. მთაწმინდაზე ხომ არ წაიყვანთ, რომ რომელიმე წმინდა ბერმა ილოცოს მისთვისო, - ურჩიეს ახლობლებმა. ძმებმა წმინდა ანას სკიტში მიიყვანეს. ანგელოსი ფორთოხლებს ათამაშებდა, 5-6 ცალს ჰაერში ისროდა და იჭერდა ისე ოსტატურად, რომ ნებისმიერ ჟონგლიორს შეშურდებოდა. თანაც გაუთავებლად ლაპარაკობდა. წმინდა ანას სკიტელი მამები ამაოდ ცდილობდნენ ეშმაკის განდევნას. ბოლოს, გადაწყვიტეს, მამა ეგნატესთან გაეგზავნათ, რომელსაც მრავალი ეშმაკეული განეკურნა.

ანგელოსი კატუნაკში მიიყვანეს. მამა ეგნატემ, თავის მოსახელე მოწაფესთან ერთად, გადაწყვიტა 40-დღიანი მარხვა შეენახათ, ყოველდღე ეწირათ და ლიტურგიისას წაეკითხათ ანგელოსისთვის კვეთებულის ლოცვები. მას კი ყოველდღიურად უნდა ეღიარებინა ეშმაკის მოგვრილი ფიქრები. ასეც მოიქცნენ, მეორმოცე დღეს გაწამებულმა ანგელოსმა შვებით ამოისუნთქა. ეშმაკი გავიდა მისგან. კაცი ამერიკაში გახარებული წავიდა. არასოდეს ივიწყებდა მთაწმინდას და თავის კეთილისმყოფელ მამა ეგნატეს.

ერთ საგულისხმო ამბავსაც გავიხსენებთ. მამა ეგნატეს კალივის ქვევით, ქრისტეშობის სახელობის კალივაში მოღვაწეობდა მამა მაკარი. მათ საძმოს ბევრი სამუშაო ჰქონდა - კალივას მეორე სართულს ადგამდნენ. გადახურვის დროც დადგა. შვილებო, - ეუბნებოდა მორჩილებს მამა მაკარი, - ზემოთ დაფებია ასაზიდი, ძალზე მძიმეა და სათითაოდ ავიტანოთ, მოთმინება მოვიკრიბოთ, ნუ ვიჩქარებთო. სათითაოდ დაიწყეს დაფების აზიდვა. მორჩილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა, ილარიონი ერთბაშად სამ დაფას ეზიდებოდა. მამაო, თითო ცალი წაიღე, თორემ დაიმტვრევიო, - ურჩევდნენ ძმები. არ დაუჯერა. მოძღვარმაც დატუქსა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. ეს იყო მაგალითი ურჩობისა და სიამაყისა. ბერული კანონებით ხომ სასჯელი ელოდა ილარიონს, ღვთის სასჯელმაც არ დააყოვნა. კვლავ სამი დაფა აიტანა ზემოთ და უეცრად სიცოფის ეშმაკმა დაისადგურა მასში, უწმაწურ სიტყვებს იტყოდა. ამ უეცარმა მოვლენამ ყველა შეაძრწუნა, სასწრაფოდ მამა ეგნატეს შეატყობინეს - გამოცდილი იყო ასეთ საქმეებში და იცოდა, რომ რთული ბრძოლა ელოდა. ბრძანა, რამდენიმე მღვდელმონაზონი მისულიყო ქრისტეშობის კალივაში, რომ ეშმაკეულზე ზეთის კურთხევის საიდუმლო აღესრულებინათ. შვიდი მღვდელმონაზონი შეიკრიბა, მოიყვანეს დაფაზე დაბმული ილარიონიც, მის გვერდით რამდენიმე ჯანიანი ბერიც იდგა - შეიძლებოდა ეშმაკეულს თოკები გაეწყვიტა. მამების ლოცვამ, ცრემლებმა და წმინდა საიდუმლოს ძალამ სასწაული მოახდინა, ამპარტავანმა ბერმა ჭკუა ისწავლა. დამსწრეთათვისაც ეს ამბავი გაკვეთილად იქცა. განსაკუთრებით ალბათ მამა ეგნატეს მოწაფემ, მამა ნეოფიტემ მიიღო სულიერი სარგებელი. ის დარაჯობდა ეშმაკეულს ზეთისცხებამდე და როგორღაც ღვთის დაშვებით ჰკითხა: - ბოროტო ეშმაკო, რატომ შეხვედი ილარიონში?

- თავი დამანებე... გგონია, გეტყვი?!

- ყოვლადწმინდა სამების სახელით გიბრძანებ, რომ მიზეზი მითხრა.

- ჰა-ჰა-ჰა! ბრძანებასაც ბედავ? ვინ ხარ ასეთი? მღვდელიც კი არა ხარ! მე მასში იმიტომ შევედი, რომ... იმიტომ, რომ ამაყია.

- ყოვლადწმინდა სამების სახელით კიდევ გიბრძანებ, მითხარი, ვინ არის ამაყი ადამიანი.

- ვინ? - უხალისოდ აღიარა დემონმა, - ის, ვინც დღე-ღამეში ერთხელაც არ იფიქრებს, რომ ცოდვილია (ბოლო სიტყვა მკვეთრად წამოიძახა).

ეს სიტყვები დიდხანს ესმოდა ნეოფიტეს, დროდადრო იმეორებდა ხოლმე: "ღმერთო, დამიფარე სიამაყისგან".

გადიოდა დრო, ბერდებოდა მამა ეგნატე, მაგრამ მაინც არ ენდობოდა თავის სხეულს, ისევ თრუგანვდა, ისევ იცავდა მამათაგან დადგენილ წესებს. მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, როცა მოუძლურდა, დაემორჩილა მოძღვრის ნებას და სხვადასხვანაირ საზრდელსაც გაუსინჯა გემო. მაგრამ აქაც ზომიერებას იცავდა. ერთხელ, მაშინ 98 წლის გახლდათ, დღესასწაულზე გემრიელი საჭმელი მოამზადა. სუფრასთან მამა ეგნატეს ქმედებით გაკვირვებულმა ახალგაზრდა ბერმა, მამა ევსტატემ ჰკითხა: - მამაო, საჭმელში ძმარს რად ურევო. იმიტომ, რომ გემრიელი არ იყოს. წესი არ არის, მონაზონი გემრიელ საჭმელს შეექცეოდესო.

საოცრად უბრალო იყო, ვითარცა ადამი ცოდვით დაცემამდე. მისთვის უცხო იყო ეჭვი, სიცრუე, ფარისევლობა. ვინც რას ეტყოდა, იჯერებდა, არც ეჭვის თვალით შეხედავდა და არც განიკითხავდა. მაგრამ მის სულს ყველაზე მეტად "წმინდა უმანკოება" განამშვენებდა. მამა ეგნატე ზნეობრივი სიწმინდით გამოირჩეოდა, უმწიკვლო, წმინდა, ვითარცა თოვლი ხელუხლებელი. სიყრმიდანვე უბიწოდ ინახავდა თავს და როცა მღვდლად ხელი დაასხეს, მადლი სულიწმინდისა უხვად გადმოიღვარა მასზე. ეს მადლი სრულიად დაიმარხა. მისი ხელდასხმიდან ნეტარ აღსასრულამდე 70 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში არავითარ ხორციელ განსაცდელს არ დაურღვევია მისი სულიერი მყუდროება, ძილშიც კი არ განიცდიდა რაიმე უხერხულობას.

მისი "ხორცის სიწმინდეს" (როგორც უწოდებდა ასეთ მდგომარეობას წმინდა სერაფიმე საროველი) თან სასიამოვნო სურნელება სდევდა. მამა იოსებ ათონელი და მისი თანამოღვაწე მამა არსენი ახალგაზრდობისას ხშირად მიდიოდნენ სულიერი საუბრისთვის მამა ეგნატესთან. ის ყოველთვის ბრძნულად არიგებდა მათ: - სანამ ახალგაზრდები ხართ, იღვაწეთ, რომ სიბერისას საკვები გქონდეთო. როცა საუბრობდა, ერთგვარ კეთილსურნელებას აფრქვევდა. წმინდა ანას სკიტელი მამა ქრიზანთემოსი მოწმობდა, - ის ჩემი მოძღვარი იყო, რეგულარულად დავდიოდი მასთან. არა მარტო მისი ბაგე, არამედ ოფლით გაჟღენთილი სამოსიც კი კეთილსურნელებას ავრცელებდაო".

მამა ეგნატეს ფიქრები, სურვილები, სიტყვები, კრისტალურად წმინდა და ნათელი ჰქონდა. მისი ქადაგებები, აღსარებები, საუბარი და სხვანი აცვიფრებდა ხალხს. გეგონებოდა, წინასწარმეტყველი გესაუბრებოდა. ჰქონდა მადლი დაფარულთმცოდნეობისა, იცოდა, რა იყო გუშინ და რა იქნებოდა ხვალ. მრავალგზის უნახავთ მამა ეგნატე საღმრთო ნათლით განათებული, მართლაც რომ კაცი იყო ანგელოზებს მიმსგავსებული.

მამა ეგნატე წირვას კი არ ატარებდა, აღავლენდა. მისი ჩატარებული ლიტურგია სინანულით აღავსებდა მორწმუნეებს, განსაკუთრებით წმინდა სახარების კითხვისას. ისე განიცდიდა სახარების საკითხავის მნიშვნელობას, რომ ყოველთვის ცრემლებით ივსებოდა, განსაკუთრებით უფლის მხსნელი ვნებების გახსენებისას. მხოლოდ ღვთის შეწევნით თუ ახერხებდა წირვის დასრულებას. მისი გარეგნობაც კი მოკრძალებით განაწყობდა იქ მყოფთ. უფლისადმი ტრფობა აღელვებდა და ატირებდა წმინდა სახარების წაკითხვიდან წმინდა ლიტურგიის დასასრულამდე. მამა ეგნატეს საყვარელი საკითხავი წმინდა სახარების ის ადგილი იყო, სადაც უფალი იერიქონელ ბრმას კურნავს. ღირსი მამა 86 წლისა დაბრმავდა, მაგრამ უკვე სულიერი თვალით ჭვრეტდა დაუღამებელ ნათელს. ვისაც კი გამოცდილი მოძღვარი სჭირდებოდა, კატუნაკში გზავნიდნენ მამა ეგნატე ბრმასთან. სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ნათელი გონება და წინამძღვრობდა ადამიანთა სულებს. უკვე ასი წელი შეუსრულდა მიწიერი ცხოვრებისა, აქედან 80 წელი მთაწმინდაზე გაატარა, ცხოვრების ზღვაში ნაოსნობით დაღლილმა მეზღვაურმა ზეციურ ნავსაყუდელს მიაღწია. 1927 წლის 25 ოქტომბერს (ძვ.სტ.) მისი წმინდა სული ზეცად აღფრინდა. "მოძღვარი მშვიდად გარდაიცვალა, როგორც პატარა ჩიტი, ასეთი მშვიდი სიკვდილი კაცისა მე სხვა არ მინახავს", - ამბობდა კარულელი განდეგილი მამა ბართლომე. მეორე დღეს, წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს მიაბარეს ათონელთა ნუგეშისმცემელი სამარეს. არასოდეს უგლოვიათ დაობლება იქაურ ბერებს ისე, როგორც მაშინ, იმ დღეს.

რამდენიმე წლის შემდეგ ღირსი მამის ძვლები ამოიღეს. მათ საოცარი კეთილსურნელება ასდიოდა, რომლითაც თვით ღმერთი ამტკიცებდა ამ კაცის წმინდანობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat