ახალგაზრდა იოანე კრონშტადტელმა თავისი მღვდელმსახურების პირველივე დღეებიდან ფიცი დადო, რაც შეიძლება გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად მოჰკიდებოდა თავის მაღალ სამოძღვრო მოწოდებას
და შინაგანი ცხოვრებისთვის მკაცრად ედევნებინა თვალი (სწორედ ასე ჩაწერა მან თავის დღიურში).
საეკლესიო ქადაგებებსა და ქველმოქმედებას მამა იოანემ საკუთარი თავი დიდი სიყვარულით მიუძღვნა. ყოველდღიურ საეკლესიო მსახურებებს ხალისით ასრულებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სულიერ საჭიროებებზე, რომლის შესასრულებლად მას კრონშტადტის მკვიდრნი მიმართავდნენ ხოლმე. მამა იოანე უარს არავის ეუბნებოდა, ღარიბთა სახლებში ყოველთვის სიტყვის შეუბრუნებლად მიდიოდა და სინათლე, სიხარული და სულიერი ნუგეში შეჰქონდა. უპოვართა და გაჭირვებულთა შორის დიდხანს იჯდა ხოლმე, ყველას სიყვარულითა და მზრუნველობით ავსებდა და საკუთარი თავი სრულიად ავიწყდებოდა. ხშირად მამა იოანე მღვდელმოქმედების აღსასრულებლად სადმე წავიდოდა, იქ კი სრული სიღატაკე და უმწეობა დახვდებოდა, ხოლო ავადმყოფს, ვისთანაც მას იწვევდნენ, არც საჭმელი გააჩნდა, არც მომვლელი და არც წამლის მიმტანი ჰყავდა. მამა იოანეს დუქნიდან პური მოჰქონდა ან აფთიაქში წამლის საყიდლად გარბოდა, ექიმს იხმობდა, ავადმყოფს ეფერებოდა და ანუგეშებდა.
ყოველდღე, წირვა-ლოცვის შემდეგ ღატაკები ელოდნენ ტაძართან. საოცარი იყო, რომ არც ერთი მათგანი არ რჩებოდა ხელცარიელი. ის ყველაფერს არიგებდა, რაც გააჩნდა, მიუხედავად საკუთარი და მეუღლის გაჭირვებისა. როდესაც ამის გამო უსაყვედურებდნენ ხოლმე, პასუხობდა: მღვდელი ვარ და საკუთარ თავს კი არა, სხვებს ვეკუთვნიო.
ჭამა-სმისა და მოსვენებისთვის არ ეცალა, რადგან დილიდან დაღამებამდე სამწყსოს სამსახურში იყო. ხშირად შინ გვიან ღამით მშიერი და დაქანცული დაბრუნებულა, დაჯდომაც ვერ მოუსწრია, ისე დაუძახიათ გაჭირვებულთან წასასვლელად და ისიც მშიერი წასულა. არასოდეს მოსვლია აზრად, ავადმყოფისთვის თუნდაც რამდენიმე წუთი მოცდა ეთხოვა. ხშირად შინ არყოფნისას მასთან ფეხსაცმლით მოვაჭრენი მისულან, მისი მეუღლისთვის წყვილი ჩექმა მიუციათ და უთქვამთ: აიღე, დედაო, თქვენი მეუღლე ხომ შინ აუცილებლად ისევ ფეხშიშველი მოვაო და მართლაც ასე ხდებოდა... თავისი ჩექმა ვიღაც უპოვარისათვის უწყალობებია.
ხშირად სხვადასხვა პირთაგან ნაწყალობევი თანხა ღატაკთათვის დაურიგებია, თავისი დანაზოგიც დაუმატებია, შინ კი ცოლისთვის ორიოდე მანეთიც არ დარჩენია.
უცილობლად უნდა ითქვას, რომ მამა იოანეს, როგორც კრონშტადტის გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელს, ჯამაგირს ხელზე არ აძლევდნენ, რომ მისი მეუღლე უსახსროდ არ დარჩენილიყო, ვინაიდან ქმრის ხელგაშლილობის გამო არაერთგზის მშიერი დარჩენილა.
უფლის მოწყალება განუზომელია, - პასუხობდა ხოლმე ირგვლივ მყოფთა საყვედურებს იმის თაობაზე, რომ სხვებს ზედმეტად ევლებოდა თავს.
ასეთი გახლდათ უპოვართა და გაჭირვებულთა ეს ჭეშმარიტი მამა და მწუხარეთა უებრო მანუგეშებელი, რომლის სულიც სხვის უბედურებასა და მწუხარებას ღრმად და წარუშლელად აღიქვამდა და კაცობრიობის ჭრილობებისა და წყლულების განსაკურნებლად მთლიანად წირავდა თავს.
ბავშვობაში სიღატაკისა და გაჭირვების ფიალა თავადაც შესვა და ამიტომ კრონშტადტის ღატაკებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. უპოვართა ეს არმია ზაფხულობით ნავსადგურში კიდევ რაღაცას შოულობდა ხოლმე, მაგრამ ზამთრობით შიმშილისთვის იყო განწირული. მალე მამა იოანე დარწმუნდა, რომ მარტოდმარტო ღატაკთა უბედურებას ვერ მოერეოდა და არც ქალაქში შემცირდებოდა სიღატაკე, ამიტომ შრომის სასახლის აგება გადაწყვიტა, რომელიც ღატაკთათვის მუდმივ და ნაღდ შემოსავალს უზრუნველყოფდა. ქველმოქმედებით შეგროვილი თანხით ჯერ ხის, შემდეგ კი ქვის დიდი სახლი ააგო, რომელიც დღესაც არსებობს და მასში მოქცეულია ეკლესიაც, სკოლაც, აგრეთვე თავშესაფარი 2000-მდე ბავშვის, მოხუცისა და მცირეწლოვანისთვის, ღამის თავშესაფარი, ნაღების სადღვები, მეწაღეებისა და ქალთა მორთულობის სახელოსნოები და ოთახები ქალაქის სტუმრებისათვის. მაგრამ ეს არ გახლდათ ყველაფერი. მამა იოანეს სახელით უამრავი სკოლა, თავშესაფარი, ბაგა-ბაღი და ა. შ. შეიქმნა სრულიად რუსეთში.
გადიოდა წლები და მამა იოანე ღატაკებზე მზრუნველისა და დიდი მლოცველის სახელს მეტად და მეტად იხვეჭდა. მისკენ რუსეთის ყველა კუთხიდან იწყო დინება მდიდრულმა შემოწირულობებმა, მამაოს ხელში მილიონობით მანეთმა გაიარა.
რამდენიმე ქალთა მონასტრის გარდა მან თავის სამშობლოში, არხანგელსკის გუბერნიის სოფელ სურაში, აგრეთვე სანკტ-პეტერბურგში, მდინარე პოკროვკაზე, სადაც ახლა მისი სამარეა და სხვაგანაც, არაერთი მონასტერი დააარსა. ერთმა ღმერთმა უწყის, თუ რა შესწირა მან ტაძართა მშენებლობას.
რის გამო აღარ მიმართავდნენ მამა იოანეს: ქალაქში ჩამოსული პროვინციელი მღვდელი უკან დასაბრუნებელ ფულს სთხოვდა, ახალგაზრდა მკერავი ქალი - გირაოდან საკერავი მანქანის გამოსასყიდ ფულს, სტუდენტი - სწავლის ქირას, ვიღაც გაჭირვებული ქალი - საავადმყოფოში გარდაცვლილი ქმრის კუბოსათვის თანხას და ასე შემდეგ... მამა იოანეს არასოდეს უკითხავს და შეუმოწმებია, რისთვის იყო საჭირო თანხა, არამედ ისე იქმოდა, როგორც სახარებაშია ნათქვამი: "რათა მარჯვენამ არ იცოდეს, თუ რას აკეთებს მარცხენა".
კრონშტადტელ მათხოვრებს მამა იოანე უხვად აძლევდა ფულს. მასთან მხოლოდ ისინი კი არა, ფაბრიკის ღატაკი მუშების ცოლებიც მიდიოდნენ. დილაობით შინიდან ისე არ გავიდოდა, მოზრდილ ქისაში წვრილი მონეტები არ ჩაეყარა. იმ სახლის მეზობლად, სადაც ცხოვრობდა, ვინმე პეტროვის წვრილი საქონლის დუქანი მდგარა. მოძღვარი ყოველდღიურად სწორედ იქ ახურდავებდა ხოლმე ფულს. მედუქნე პეტროვს თურმე ფულის ყოველდღიური დახურდავება უძნელდებოდა და იმითაც უკმაყოფილო იყო, რომ მისი დუქნის გარშემო მამა იოანეს მომლოდინე უამრავი უპოვარი იყრიდა თავს. მათხოვრები ნამდვილ მყიდველებს ხელს უშლიდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად პეტროვს საქმე მშვენივრად მისდიოდა, თუმცა ამ გარემოებას სასტუმროს სიახლოვეს მიაწერდა.
თურმე ერთ დილით მამა იოანე ჩვეულებისამებრ პეტროვის დუქანში შევიდა და 20-მანეთიანის დახურდავება ითხოვა. ამ დროს იქ უამრავი მყიდველი იმყოფებოდა. მედუქნეს ხურდა თვითონაც სჭირდებოდა და გულში მამა იოანეზე ბრაზობდა, ნახევარი საათის მანძილზე ხუთკაპიკიანებისა და კაპიკიანების თვლას რომ აიძულებდა და გაიფიქრა: "წადი რა სხვაგან შენს ხურდებთან ერთადო..."
მოძღვარმა მედუქნის აზრები ზუსტად ამოიცნო და საყვედურით შეხედა, თუმცა სიტყვაც კი არ უთქვამს.
მეორე დღეს პეტროვს ხურდისათვის აღარ ესტუმრა და შემდეგშიც აღარ მიუკითხავს. გავიდა თვე და პეტროვმა შეამჩნია, რომ ვაჭრობა ჩაუვარდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, დუქანი უნდა დაეხურა.
პეტროვი დადარდიანდა და თავისი გასაჭირი მეგობარს შესჩივლა, რომელიც მოულოდნელად დაეკითხა:
- მამა იოანე ხურდისათვის ისევ შენთან მოდის?
- არა, რაღაც შეწყვიტა სიარული, დიდი ხანია, ჩემთან აღარ გამოჩენილაო.
მეგობარი ჩაფიქრდა: - რამე ხომ არ აწყენინე მოძღვარს, რატომ შეწყვიტა შენთან სიარულიო?
მედუქნემ მოძღვრის უკანასკნელი სტუმრობა და საკუთარი უსაქციელობა გაიხსენა და მაშინვე მისკენ გაემართა, ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლმორეულმა აღმოთქვა:
"მამაო, მომიტევეთ!"
მამა იოანემ იგი წამოაყენა და დაამშვიდა: - მე შენზე არ ვბრაზობ, თუმცა დავინახე, რაც მაშინ გაიფიქრე, ამით მე კი არა, ღატაკებს და მათხოვრებს აწყენინე, მათთან კი ღმერთიაო...
იმ დღიდან მოძღვარმა ისევ იწყო პეტროვთან ფულის დასახურდავებლად სიარული, ამ უკანასკნელის საქმეც გამოსწორდა...
ბავშვებთან მყოფი მამა იოანეს ცქერა მართლაც რომ შეგძრავდათ... თითქოს უფრო კეთილი და ნათელი ხდებოდა, იტყოდა ხოლმე, - ბავშვებთან თავს ბავშვად ვგრძნობო.
ბავშვის სული ხომ თავისნაირი სიწმინდისკენ მიისწრაფვის, ამიტომაც იზიდავდათ იგი პატარებს და ეკონებოდნენ.
- ბავშვებთან მიმიყვანეთ! - ამბობდა ხოლმე ნებისმიერ ქალაქში სტუმრობისას და მართლაც ყველგან სტუმრობდა - თავშესაფრებში, სასწავლებლებსა და გიმნაზიებში. ბავშვები მას ელოდნენ. ერთი 5 წლის პაწია კითხულობდა: - ჩვენთან წმინდანი მოვა?
უნდა გენახათ, რა სიხარულს აფრქვევდნენ ბავშვების თვალები, როდესაც მოძღვარი მათთან შედიოდა და ყრმათათვის გასაგებ სიტყვებს ეუბნებოდა, წარუშლელ კვალს რომ ტოვებდნენ ამ პატარა ადამიანებში.
ბავშვების მიმართ ალერსიანი მამა იოანე ავადმყოფებს გაცილებით თბილად ეპყრობოდა. ერთხელ, როდესაც კიევში ლევაშევსკის პანსიონს სტუმრობდა, ერთი პატარა, სნეული გოგონასაკენ მიუთითეს, მძიმე ტიფი რომ გადაეტანა. შედეგად ყურის ძირში მუწუკი ამოსვლოდა, რომელიც ამოეკვეთათ.
ავადმყოფს სწრაფად მიუახლოვდა, მის საწოლთან მუხლი მოიყარა, პატარა ტანჯულს თავზე სახე მიადო, მხურვალედ მიუალერსა, ეამბორა, წასჩურჩულა: - პაწიავ, გტკივა? ტანჯულო ჩემო...
სიჩუმემ დაისადგურა. იქნებ, ვინმეს ცალკეული სიტყვებიც გაერჩია, მაგრამ შეუძლებელია მისი ხმის ტემბრისა და ტონის გადმოცემა, იმის გაცოცხლება, თუ როგორ ენაცვლებოდა ერთმანეთს სულისშემძვრელი ალერსი და მგზნებარე სიბრალული, მოძღვრის სიყვარულით აღვსილ სულს რომ აღმოხდა მაშინ...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი