ამ დროს ბევრმა დაინახა, წმინდანი როგორ უვლიდა გარს ქსენონს და ხანძრისგან იფარავდა
მართლმადიდებელ ქრისტიანს სასუფევლისკენ მრავალი გზა გაუძღვება:
ზოგი მოწამეობას ირჩევს და უფლისთვის სისხლს ღვრის, სხვანი არიან ქრისტესთვის ფარული მოწამენი, ღირსნი მამანი და დედანი, რომელნიც ოფლსა და სინანულის ცრემლს ღვრიან და უძვირფასეს მარგალიტს - ღვთის სასუფეველს მოისყიდიან. სხვა არის ღვაწლი სალოსთა, სხვაა მართალთა... წმინდა სამსონმა კი უცხოთა შეწყნარება და მათზე ზრუნვა აირჩია. წმინდა სამსონი დიდგვაროვან რომაულ ოჯახში დაიბადა. მის ძარღვებში მეფური სისხლიც ჩქეფდა. მშობლებმა შვილს შესაბამისი განათლება მისცეს. მან შეისწავლა ამქვეყნიური სიბრძნე და, რაც მთავარია, საღვთო სჯული. აღივსო დიდი რწმენით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. საექიმო ხელოვნებას დაეუფლა, რადგანაც უქმად ყოფნა არ სურდა და ძალიან უყვარდა უფლის უმცროსი ძმები: გლახაკები, მწირები, უცხონი, ავადმყოფნი, ყველასგან მიტოვებულნი. მისი დიდი სარწმუნოებისა და ღვთის სათნო ცხოვრების გამო მრავალი სნეული იკურნებოდა. წმინდა სამსონი კი სიმდაბლით ამას მხოლოდ საექიმო ხელოვნებას მიაწერდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ქონება გლახაკებს გაუნაწილა, მონები გაათავისუფლა, მათგან მხოლოდ ერთი დაიტოვა, მიატოვა ახლობლები, ნათესავები, სახელგანთქმული რომი და უდაბნოში დასახლდა. იქ რამდენ ხანს იღვაწა, უცნობია. მერე კი კონსტანტინოპოლში მოიყვანა ღმერთმა, სადაც პატარა ქოხი იყიდა. მისი სახლი იქცა ყველა გაჭირვებულის თავშესაფრად, წმინდა სამსონი ყველას ემსახურებოდა, ზოგს ლუკმას აძლევდა, ზოგს სამოსს, მისი წამლებითა და, რაც მთავარია, წმინდა ლოცვით ყველა სნეული იკურნებოდა, მომაკვდავნიც კი. მისი სიწმინდის ამბავი რომ შეიტყო, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მღვდლად დაასხა ხელი.
წმინდა სამსონის სახელი უფრო ფართოდ გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც იმპერატორი იუსტინიანე (მეფობდა 527-565 წლებში) გახდა ავად. ექიმებმა მის სნეულებას ვერაფერი გაუგეს. დამწუხრებულმა მეფემ თვალები ზეცად აღაპყრო, სადაც ყოველთა მკურნალი უფალი ეგულებოდა. ლოცვაში მიეძინა. ძილში უამრავი ექიმი იხილა, ვინმე სპეტაკი სამოსით მოსილმა ახალგაზრდამ თითოეული მათგანი გააცნო და ბოლოს ერთ ჭაღარა, სამღვდლოდ შემოსილ კაცზე მიუთითა, - ამის გარდა ვერავინ გიშველითო.
გაეღვიძა იუსტინიანეს და ყველა ექიმი უკან მოაყვანინა. დაათვალიერა დაკვირვებით, მაგრამ თავისი სასურველი მკურნალი მათ შორის ვერ იხილა. მეფემ ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ექიმს უპოვიდა. მეფის ერთ მსახურს მოაგონდა წმინდა სამსონი. იუსტინიანემ ბრძანა მისი მოყვანა. როცა მეფემ წმინდანი იხილა, მასში სწორედ ის მკურნალი შეიცნო. ღირს მამას ეამბორა ბაგეზე, თავსა და ხელზე. მერე გახარებულმა თავის საწოლ ოთახში შეიყვანა. წმინდა სამსონის ხელს თვალებზე დაიდებდა და ემთხვეოდა, იქნებ განვიკურნოო.
- ნუ იზამ, მეფევ, ამას, თავს ასე ნუ დაიმდაბლებ, - უთხრა მას წმინდანმა, - მეც ნუ ჩამაგდებ სიამაყის ცოდვაში, ამით თავსაც ნუ დაისჯი. მე არაფრით მეტი არა ვარ სხვებზე და მეც მათსავით ღვთის მოწყალებას ველი. მხოლოდ შენი დიდი რწმენა და სასოება განგკურნავსო.
წმინდა სამსონმა ხელი შეახო მეფეს, თითქოს სალბუნს ადებსო. ტკივილი ჩაუცხრა, მეფემ შვება იგრძნო. მერე სრულიად განიკურნა. გახარებულმა დიდძალი ოქრო-ვერცხლი შესთავაზა, მაგრამ წმინდანმა უარი უთხრა: - მეფევ ბატონო, ერში უამრავი სიმდიდრე დავტოვე, რომ ქრისტე შემეძინა. თუ ჩემთვის სიკეთის ქმნა გინდა, ერთი დიდი სახლი ამიშენე, სადაც შემეძლება ვემსახურო ყველა მწირს, სნეულს და გლახაკსო. გახარებული მეფე ასეც მოიქცა, დიდძალი მამულიც შესწირა.
მრავალი წლის შემდეგ წმინდა სამსონი გარდაიცვალა. მისი სიკვდილი მართლაც გარდაცვალებას ჰგავდა. მშვიდად, უდრტვინველად ჩააბარა სული უფალს.
გარდაცვალების შემდეგ წმინდა სამსონის ლოცვით ყველა სნეული იკურნებოდა, წმინდანის სახლში შესვლაც კი შველოდათ. ერთხელ კონსტანტინოპოლში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ქალაქის დიდებულთა სახლებიც შთანთქა. ცეცხლი მიადგა წმინდა სამსონის სასნეულო სახლსაც. ამ დროს ბევრმა დაინახა, წმინდანი როგორ უვლიდა გარს ქსენონს და ხანძრისგან იფარავდა. უეცრად იქუხა და წვიმამ ცეცხლი ჩააქრო. ერთხელ ქსენონის იმდროინდელ გამგებელსაც გამოეცხადა და დიდად გაუწყრა ავადმყოფთა მიმართ უყურადღებობის გამო.
მადლი, რომელიც წმინდა სამსონმა უცხოთა შეწყნარებით მოიპოვა, დღემდე მოქმედებს, უფლისმიერი მკურნალი დღესაც კურნავს ხალხს თავისი ლოცვით.