მომავალი წმიდანი დაიბადა დაახლოებით 480 წელს კერნოუში, კორნუოლში, და იყო ადგილობრივი მეომარი მბრძანებლის, სალომონის (სელიფის) შვილი. იგი ასევე იყო წმიდა დავითის, უელსის პატრონის, მამიდაშვილი, რადგან მისი დედა, გვენი ღვიძლი და იყო წმიდა ნონას, დავითის დედისა. ახალგაზრდობაში წმიდა კიბი მამის გარდაცვალების შემდეგ მცირე ხანს მართავდა კორნუოლს (რომელიც შედიოდა კელტურ სამეფოში დუმნონიაში; ამჟამად ეს საგრაფო ინგლისის სამხრეთ-დასავლეთშია). ქრისტიანულ რწმენაში აღზრდილმა, მან ახალგაზრდობაში მოილოცა წმიდა მიწა და რომი და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო მთლიანად მიეძღვნა ცხოვრება ღმერთისა და ეკლესიის სამსახურისთვის.
წმიდა კიბი ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად, ხოლო შემდეგ - მისიონერ ეპისკოპოსად. იგი დაუღლელად მოგზაურობდა მშობლიურ კორნუოლში, ქადაგებდა ქრისტეს და აშენებდა მრავალ ტაძარს. ამ სამსახურის გახსენებით, იგი დღემდე უყვართ და პატივს სცემენ როგორც მფარველს კიბის (ასევე კიუბი) დასახლებებში, ტრეგონში, ლანდალფიში, დოლოსა და კენვინში - უძველესი დროიდან ამ ადგილებში წმიდანის სახელზე აშენდა ეკლესიები.
თუმცა წმიდა კიბის ცხოვრების მთავარი შრომა მიმდინარეობდა უელსის მიწაზე, სადაც იგი დროთა განმავლობაში გადავიდა. თავდაპირველად იგი დასახლდა სამხრეთ უელსში, სადაც აღმართა არაერთი ეკლესია. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი მდებარეობდა ლლანგიბში ("კიბის ეკლესია") და ლლანდივრუირში, მონმუთშირში. დღემდე იგი არის ამ ადგილების პატრონი. წმიდანი ასევე მოგზაურობდა ირლანდიაში, სადაც ქადაგებდა და ააშენა ტაძარი. ირლანდიიდან იგი დაბრუნდა უელსში და გაემართა ჩრდილოეთით, სადაც თავისი მსახურების ცენტრად აირჩია ლლანგიბი ლლინის ნახევარკუნძულზე (ჩრდილო-აღმოსავლეთით ანგლსიდან) გვინეთის საგრაფოში. მალე ანგლსის კუნძულის მთავარმა მალგუინმა წმიდანს აჩუქა ძველი რომაული ციხე-სიმაგრე (უფრო კი ფორპოსტი) იმ ადგილას, სადაც ამჟამად ქალაქი ჰოლიჰედი მდებარეობს. ეს II საუკუნის ციხე-სიმაგრე რომაელებმა მიატოვეს IV საუკუნის ბოლოს, მაგრამ მისი მაღალი, მასიური, რუხი კედლები კოშკებით საუკუნოების შემდეგაც კარგადაა შენარჩუნებული! შემდგომში ეს ადგილი გახდა ცნობილი როგორც "კარგიბი", ანუ "კიბის ციხე-სიმაგრე". ქალაქი ჰოლიჰედი მდებარეობს პატარა კუნძულზე ანგლსის დასავლეთით, რომელიც მიგან გამოყოფილია ვიწრო საიმარანის სრუტით. წმიდა კიბის ხსოვნის გამო, მოგვიანებით მას დაარქვეს "ჰოლი აილენდი" ("წმიდა კუნძული") ან "ინის-გიბი" ("კიბის კუნძული" უელსურად). ამჟამად კუნძული დაკავშირებულია ანგლსის ძირითად კუნძულთან ნაყარი გზითა და ხიდით.
სწორედ ამ ადგილზე, რომაული ციხე-სიმაგრის კედლებში, წმიდანმა დააარსა თავისი მთავარი მონასტერი და მისიონერული ცენტრი, გახდა მისი იღუმენი. სავარაუდოა, რომ იგი რჩებოდა ამ საძმოს წინამძღვრად სიცოცხლის ბოლომდე. 545 წელს მან მიიღო მონაწილეობა ეკლესიის საბჭოში ლლანდევი-ბრევში, სადაც წმიდა დავითი იქნა არჩეული უელსის ეკლესიის მეთაურად.
წმიდა კიბი გამოირჩეოდა განსწავლულობით და სიბრძნით. მან ასწავა მოძღვრებს ქრისტიანული რწმენის დოგმები და მსჯელობდა რომაული და კელტური ეკლესიის კალენდრების სხვაობაზე გაცილებით ადრე უიტბის საბჭოზე, რომელიც გაიმართა 664 წელს და გადაწყვიტა ეს საკითხი.
სიცოცხლეშივე აღსრულებული სასწაულები და გარდაცვალება
წმიდა კიბის სახელს ბევრი სასწაული უკავშირდება. ერთი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც კიბიმ თავის ათ თანამგზავრთან ერთად დატოვა კორნუოლი, გადაცურა ბრისტოლის ყურე და დაადგა უელსის სანაპიროს, მათ უკიდურესად მტრულად შეხვდა მთავარი ედელიგი, რომელსაც სურდა მისიონერების გაგდება. მაგრამ იმ წუთას, როდესაც ბოროტი მეფე მოუახლოვდა ბერებს, ცხენი მოკვდა, ხოლო თავად მეფე თავის ჯარისკაცებთან ერთად დაბრმავდა. სინანულით გამსჭვალული, მბრძანებელი მუხლებზე დაეცა წმიდა კიბის წინაშე, შეწყალებას სთხოვდა. მომდევნო წამში ღვთაებრივი ძალით მეფეს და მის მეომრებს მხედველობა დაუბრუნდა, ხოლო ცხენი კვლავ გაცოცხლდა და ჯანმრთელი დარჩა. სასწაულისთვის საჩუქრად, მეფემ წმიდას მიანიჭა მიწები ორი ეკლესიის დასაფუძნებლად: ლლანგიბში და ლლანდეგვეტში. ერთ-ერთი მათგანი, ლლანგიბის ეკლესიაა, რომელსაც ექსპერტები "აშკის მდინარის ხეობაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და საინტერესო ეკლესიად" თვლიან. მისი საკურთხეველი, ნავი და სამრეკლო XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შიგნით შემორჩენილია შუასაუკუნოვანი მხატვრობა, მათ შორის "მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს" ფრესკა.
სხვა კელტ წმიდანებისთან მსგავსად, წმიდა კიბი ცხოველებთან მჭიდრო ურთიერთობით იყო გამორჩეული. ერთხელ, სანადიროდ გიმნეთის მეფე ძაღლებით დაედევნა გარეულ თხას. თხამ მოირბინა წმიდა კიბის ქოხთან, რომელსიც ხშირად განმარტოვდებოდა ლოცვისთვის. გაბრაზებულმა მთავარმა მოსთხოვა კიბის თხის დაბრუნება, სხვა შემთხვევაში გააძევებდა სამეფოდან. წმიდამ მორიდებით უპასუხა, რომ მის გაძევება მხოლოდ ღმერთი შეუძლია, და შესთავაზა მეფეს თხა ღმერთისთვის მიეძღვნა. დამნაშავე მეფემ დათანხმდა; გადაწყდა, რომ ის მიწა, რომელსაც თხა შემოვლის, გადაეცემოდა წმიდა კიბის მონასტრის დასაარსებლად. თხამ საკმაოდ დიდი ტერიტორია შემოიარა და საღამოს დაუბრუნდა განდეგილი პატრონის ქოხს. მეფემ პირი შეასრულა, და იმ ადგილას მონასტერი დაარსდა.
ითვლება, რომ ღმერთმა წმიდა კიბი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვა: მან უელსის ტერიტორიაზე რამდენიმე წყაროს აღმოაცენა, წინასწარმეტყველ მოსესავით, კვერთხით მიწაზე დაკაკუნებით.
წმიდა კიბი გარდაიცვალა 550-სა და 554 წლებს შორის ღრმა სიბერეში. მისი წმიდა ნაშთები მოთავსდა საკურთხეველში და საუკუნეების განმავლობაში იყო პატივცემული ჰოლიჰედის მონასტერში. თუმცა, ოუენ გლიდურის აჯანყების შემდეგ, 1402 წელს, ირლანდიელები შემოიჭრნენ ანგლსიში (ჰენრი IV-ის დამსჯელი ექსპედიციის ნაწილი); 1405 წელს წმიდანის ლუსკუმა გაანადგურეს, ხოლო წმიდა ნაშთები წაიღეს ირლანდიაში, სადაც მოთავსდა დუბლინის ქრისტე-მაცხოვრის საკათედრო ტაძარში. რეფორმაციის დროს, წმიდა ნაშთები უკვალოდ გაქრა.
წმიდა კიბის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები
უელსისა და კორნუოლის კეთილმსახური ქრისტიანები დღემდე პატივს სცემენ წმიდა კიბის ხსოვნას. მართლმადიდებელი მორწმუნეები ყოველწლიურად ახორციელებენ მომლოცველობას მასთან დაკავშირებულ ძირითად ადგილებში, ხოლო კერედიგიონის საგრაფოვნების ქ. ლამპეტერის ბერძნული მართლმადიდებლური სასულიერო თემი მიძღვნილია სამი წმიდანისა და წმიდა კიბის სახელზე.
გვინეთის საგრაფოს სოფელ ლლანგიბის მახლობლად, ლლინის ნახევარკუნძულზე, სადაც წმიდანი ოდესღაც მოღვაწეობდა, მდებარეობს მის დროს მიკუთვნებული წმიდა წყარო. მას უწოდებენ "ბრიტანეთში ყველაზე კარგად შენარჩუნებულ კელტურ წყაროს". დიდი, ფართო საბანაო-ქვაბულის ქვის დარბაზს არ გააჩნია სახურავი, რის გამოც მლოცველები შთაეფლებიან წყალში და ბანაობენ ღია ცის ქვეშ, რაც ამ განმარტოებულ ადგილს კიდევ უფრო მშვიდ და კურთხეულ ატმოსფეროს ანიჭებს. დარბაზის უკან მდებარეობს კიდევ ერთი საბანაო-ქვაბული - იქ, სადაც წყარო გამოდის ზედაპირზე. სწორედ აქ მლოცველები სვამენ წყაროს წყალს, რომელიც მუდამ ცივია და კაჟის გემო აქვს. მისი სასწაულმოქმედი და მკურნალი ძალის წყალობით, წყაროს მლოცველები სტუმრობენ უკვე 1500 წელი, ხოლო მის წყალს იყენებენ ნათლობის საიდუმლოსთვისაც. იგი კურნავს თვალის დაავადებებს, კოჭლობას, მეჭეჭებს, სურავანდსა და რევმატიზმს. უძველეს დროიდან არსებობდა რწმენა, რომ თუ წყაროში მცხოვრები გველთევზა პილიგრიმის ფეხებს შემოეხვევა, მალე მისი განკურნება მოხდება. სხვა რწმენის თანახმად, თუ ახალგაზრდა ქალი წყაროში გაუშვებს ცხვირსახოცს, და იგი სამხრეთისკენ წაიღებს, ეს იმის ნიშანია, რომ მის შეყვარებულს გულწრფელი განზრახვა აქვს მასზე დასაქორწინებლად; მაგრამ თუ ცხვირსახოცი ჩრდილოეთისკენ წაიღო, მაშინ საქმრო მას მოატყუებს. წყარო მდებარეობს ხეობაში - ტყისა და მდინარის გვერდით მდებარე ულამაზეს კუთხეში.
XVIII საუკუნეში აღმოაჩინეს წყაროს მინერალური თვისებები, და მისგან დროებით გახადეს სპა. ( სპა არის ფიზიოთერაპიის მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია წყალთან.)შემორჩენილია მრავალი განკურნების დოკუმენტაცია. 1766 წლის ჩანაწერის თანახმად: "ადამიანი, რომელიც 30 წელი იყო ბრმა, ყოველდღიურად ბანაობდა სამკურნალო წყაროში სამი კვირის განმავლობაში - და მხედველობა დაუბრუნდა... შვიდი ყვავილისაგან დამბრმავებული ადამიანი განიკურნა სიბრმავისგან... ზოგიერთი კოჭლი ჯოხზე დაყრდნობილი მოვიდა წყაროსთან, სხვები კი ურმებით მოჰყავდათ. გამოჯანმრთელების შემდეგ, ისინი ყველანი სასწაულისათვის მადლიერებით ტოვებდნენ ყავარჯნებსა და ურმებს წყაროს გვერდით". იმ დროს ნებადართული იყო წყაროდან წყლის ბოთლებით ან კასრებით გატანა სამკურნალო მიზნებისთვის. ავადმყოფებს რეკომენდაცია ეძლეოდა ერთ-ორჯერ ებანავათ წყალში დღე-ღამეში შვიდიდან ათ დღემდე და ღამე გაეთიათ სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც მათ აძლევდნენ სასმელად წყაროს წყალს, რომელშიც შერეული იყო ზღვის წყალი. ეს მშვიდი ადგილი იმდენად წმიდაა, რომ უახლოეს წარსულამდე მის გვერდით იდგა წყაროს მეთვალყურის სახლი. სოფლის შემოგარენში მოქმედებს ეკლესია წმიდა კიბის სახელზე, სადაც XVIII საუკუნემდე ინახებოდა "კიბის სკივრი", სადაც მადლიერი ადამიანები დებდნენ შემოწირულებებს. ეკლესიის სასაფლაოზე შემორჩა კელტური ჯვარი VII ან VIII საუკუნისა.
ლლანგიბის გარდა, ლლინის ნახევარკუნძულზე უელსში არსებობს ორი დასახლება იმავე სახელწოდებით. პირველი, კერედიგიონის საგრაფოს სოფელი ლლანგიბი, სადაც ქრისტიანები ლოცულობენ წმიდა კიბის სახელზე ნაკურთხ ეკლესიაში. მახლობლად მდებარეობს მისივე სახელობის წმიდა წყარო, რომლის წყალს გააჩნდა მინერალური თვისებები და კურნავდა ყვავილს, მეჭეჭებსა, რევმატიზმს, თვალისა და კიდურების დაავადებებს. 1913 წლამდე მორწმუნეებს ჩვეულებად ჰქონდათ წყაროში ბანაობა ამაღლების წინა დღეს და შემდეგ ღამეს გიძინებდნენ დიდ, სპეციალურ განკურნებისთვის განკუთვნილ ქვაზე. ქრისტიანები მის წყალს დღემდე იყენებენ. მეორე, ზემოთ ხსენებული სოფელი ლლანგიბი მონმუთშირის საგრაფოში, აშის მდინარეზე, სადაც დგას წმიდა კიბის ძველი ეკლესია, რომელიც დაარსებული იყო წმიდა მამის მიერ, და მახლობლად შემორჩა წმიდა კიბის წყარო.
თუმცა, წმიდა მამის პატივცემის მთავარ ცენტრს, უდაოდ, წარმოადგენს ჰოლიჰედი - ანგლსის კუნძულის მთავარი ქალაქი და პორტი, მდებარე "წმიდა კუნძულზე". ეს ადგილი უნიკალურია იმით, რომ ქრისტიანული მონაზვნობის დიდი ადრეული ცენტრი დაარსებული იყო რომაული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე: შემორჩენილია სამი კედელი, ხოლო "მეოთხე" კედლად ზღვა ემსახურება (ასეთი გამაგრებები მხოლოდ სამია ევროპაში). ქრისტიანული ლოცვა არ წყდება ამ ადგილას მონასტრის დაარსების დღიდან 540 წლიდან. ეს მონაზვნური დასახლება თავისი სკოლით გახდა სწავლულების გამორჩეული ცენტრი. მონასტერი მჭიდრო კავშირში იყო მსგავს ცენტრებთან ბანგორში (დაარსებული წმიდა დეინიოლის მიერ), ასევე პენმონსა და პაფინის კუნძულზე. შუა საუკუნეებში იქ იღებდნენ მლოცველებს. ქალაქი და პორტი ჰოლიჰედი ვითარდებოდა მონასტრისა და წმიდა კიბის ეკლესიის გარშემო. 961 წელს მონასტერი გაძარცვეს ვიკინგებმა, მაგრამ დანგრევას გადარჩა. თუმცა XII საუკუნეში კელტთა ეკლესია დაემორჩილა ნორმანებს, ხოლო ჰოლიჰედის მონასტრის ეკლესია გახდა კოლეგიალური. 1653 წელს ეს წმიდა ადგილი შეიბილწა, როდესაც ეკლესიაში განთავსებული იყო კრომველის ჯარები, რამაც შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
დღეს ყოფილი მონასტრის დიდებული ეკლესია ჰოლიჰედში ნაკურთხია წმიდა კიბის სახელზე და მოილოცავენ პილიგრიმები. იგი ეკუთვნის უელსის ანგლიკანურ ეკლესიას. ტაძრის საკურთხეველი - მისი უძველესი ნაწილი - XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო უფრო გვიანდელი დამატებები - 1480-სა და 1520 წლებს შორის პერიოდს. მიუხედავად XVII საუკუნის ხატთმებრძოლობისა, ეკლესიაში შენარჩუნებულია მრავალი ლამაზი ვიტრაჟი, ხოლო შესასვლელი და შიდა სივრცე მდიდრულად არის გაფორმებული ხის და ქვის ნაკვეთობებით. ნავის სამხრეთით კიდია წმიდა სეირიოლისა და წმინდა კიბის ხატი, რომელიც ტაძარს აჩუქა გვინეტის საგრაფოს ქალაქ ბლაინაი-ფესტინიოგის ყველა უელსელი წმიდანის სახელობის მართლმადიდებლურმა საზოგადოებამ, სადაც ასევე მოქმედებს ღვთისმშობლის საფარველის სახელობის პატარა მონასტერი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში.
ეკლესიის გვერდით იმყოფება ძალზედ ძველი "სამარხი ეკვდერი". დიდხანს ითვლებოდა, რომ იქ დაკრძალული იყო წმიდანი და სადაც შესაძლოა მის საფლავი იმყოფებოდეს. თუმცა ეს ვერსია არ იქნა მხარდაჭერილი რიგ თანამედროვე ისტორიკოსთა მიერ. კაპელის მიმდინარე შენობა XIV საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო გათხრებმა დაადასტურა ადრეული მშენებლობის არსებობა. გადმოცემის თანახმად, პირველი კაპელის კედლებში 451 წელს დაიმარხა მოკლული ირლანდიის ბელადი სერიგი, რომელიც შემდგომში წმიდანად იქნა აღიარებული. შესაძლოა წმიდანის საფლავი იმყოფება იმავე ეკლესიის სასაფლაოს ნაწილში, სადაც კაპელაა განთავსებული. 1748 წლიდან კაპელა გამოიყენებოდა ღარიბთა სკოლად, ხოლო აღდგენის შემდეგ გახდა სამრევლო დარბაზი.
ძველად ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარეობდა სამკურნალო წყარო. 2006 წელს ჰოლიჰედის პორტიდან ქალაქში გაიხსნა ქვეითთა ხიდი "კელტური კარიბჭე", რომლის შესასვლელთან მარკეტ-სტრიტის ქუჩის მხარეს მიმაგრებულია მხატვარ გერი დროსრტლის შესრულებული ორი შესანიშნავი მოზაიკა, რომლებიც გამოსახავს წმიდა სეირიოლსა და წმინდა კიბის.
კორნუოლის რამდენიმე სამრევლო მიძღვნილია წმიდა კიბის სახელზე. მათ შორისაა ეკლესია სოფ. დაოლოში, აშენებული ადრეულ შუა საუკუნეებში. ეკლესიაში ინახება ლამაზი კელტური ემბაზი, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ უძველესად ითვლება. მის ერთ მხარეს გამოსახულია თევზი (ქრისტეს ადრეული სიმბოლო), ხოლო მეორეზე - გრიფონი, რომელიც სიმბოლოა ეშმაკისა, რომელიც შეიმუსრება წმინდა ნათლისღების საიდუმლოში. ეკლესიიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს წმიდა კიბის სამკურნალო წყარო, რომლის თავზეც მოწყობილია დარბაზი და გამოსაცვლელი ვესტიბიული სკამებით საბანელის შენობაში. წყაროს წყალი დღემდე გამჭვირვალეა. მიუხედავად იმისა, რომ იგი რამდენიმე მეტრშია გზიდან, მას ფარავს ბუჩქები და დაფნის ხის მკვრივი ფოთლოვანი საფარი. კორნუოლში ასევე მოქმედებს შუა საუკუნეების სამრევლო ეკლესია წმიდა კიბის სახელზე სოფ. კიბიში, რომელიც მის სახელს ატარებს. სამხრეთ გმხარეს ეკვდერში ინახება VI საუკუნის ჯვარი წარწერით. ეს ეკლესია აშენებული იქნა თავად წმიდანის მიერ. მეზობელი სოფ. ტრეგონის მახლობლად მდებარეობს წმიდა კიბის წყარო, სადაც წმიდანი გარკვეული ხნის განმავლობაში იღვწოდა, ნათლავდა ადამიანებს და ქადაგებდა. ბოლოს, წმიდა კიბი იყო კენვინის სამრევლო ეკლესიის მფარველი ქ. ტრუროს შემოგარენში - დღესდღეობით ეკლესიის მფარველი წმიდა კეინაა. დევონის ინგლისურ საგრაფოში, სოფელ ლიუტრენჩარდის წმიდა იაკობის ეკლესიაში, მდებარეობს ჯვრიიანი ტიხარი, სადაც სხვებს შორის გამოსახული არის წმიდა კიბი.
სტატიის წყარო: Святые Сейриол и Киби Англсийские
აქვე წაიკითხეთ: ღმერთის მოშიში სეირიოლი და კიბი ანგლსიელი