მარადიული მზის - იესო ქრისტეს ამობრწყინებას წინ უსწრებდა ცისკრის მნათობი, იოანე ნათლისმცემლის სახით.
მისი მშობლები იყვნენ მღვდელი ზაქარია და ელისაბედი. ისინი ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე, ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს. შვილები მათ არ ჰყავდათ, ორივენი ხანში შესულები იყვნენ. ერთხელ, როდესაც ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევად, მთელი ხალხი კი გარეთ ლოცულობდა, მას მოევლინა ღვთის ანგელოზი, საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. ზაქარია შეძრწუნდა და შეშინდა, ანგელოზმა კი უთხრა: "ნუ გეშინია, ზაქარია, შენი ვედრება შესმენილ იქნა. შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, რომელსაც შენ იოანეს დაარქმევ. ეს ამბავი შენი სიხარული იქნება. მისი შობით მრავალი გაიხარებს. ღვინოს არ დალევს, ბავშვობიდანვე სულიწმიდით აღივსება და ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს უფლის მიმართ და უწინამძღვრებს მათ ელიას სულითა და ძალით".
დამშვიდებულმა ზაქარიამ ანგელოზს ჰკითხა:
- როგორ დავიჯერო ეს, მეც და ჩემი ცოლიც ხომ მოხუცები ვართ?
ანგელოზმა მიუგო, - ღმერთის წინაშე მდგომარე გაბრიელი ვარ და მოვედი, რათა გახარო ეს ამბავი. შენ კი რადგან არ ირწმუნე ჩემი სიტყვები, დადუმდები და სიტყვას ვერ დაძრავ იმ დღემდე, სანამ არ აღსრულებდა ჩემ მიერ თქმული.
ამასობაში ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება ტაძარში, ის კი გამოვიდა და ვერ შესძლო ხმის ამოღება, მხოლოდ ანიშნა მათ, რომ ხილვა ჰქონდა და დამუნჯებული იყო. მისი შინ დაბრუნების შემდეგ ელისაბედი დაფეხმძიმდა.
იოანეს დაბადებამდე სამი თვით ადრე, ასაკოვანი ელისაბედი მოინახულა ნათესავმა, ყოვლადკურთხეულმა მარიამმა ნაზარეთიდან, სადაც მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, რომ იგი შობდა ძეს ღვთისას.
მომავალი დედობითა და საყვარელ მარიამთან შეხვედრით გახარებული ელისაბედი აღივსო სულიწმიდით და მან, პირველმა ადამიანთა შორის, წინასწარმეტყველურად აღიარა ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობლად: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა! და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისა ჩემდა?"
მაშინ მარიამმა დიდი თავმდაბლობით იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი დიდება: "ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი". მარიამმა ელისაბედთან სამი თვე დაჰყო და შემდეგ თავის სახლში დაბრუნდა.
როდესაც ელისაბედისთვის შობის ჟამმა მოაღწია, ნათესავები და მეზობლები მივიდნენ მასთან და გაიხარეს, რომ უფალმა სიბერის ჟამს მისცა მას ძე და ამით განადიდა მისი სახელი. როდესაც ჩვილისათვის სახელის დარქმევის დრო დადგა, ელისაბედმა, კვლავ წინასწარმეტყველების სულით აღვსილმა, წინადადებაზე - დაერქმიათ მამის სახელი ზაქარია, განაცხადა: "ეწოდოს იოანე".
დამუნჯებულმა ზაქარიამ მოითხოვა ფიცარი და დაწერა: "მისი სახელი იოანეა".
ზაქარიამ მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო, აკურთხებდა ღმერთს და წინასწარმეტყველებდა თავისი შვილის მომავალს.
იოანე ნათლისმცემლის შესახებ სახარება მოკლედ გვიამბობს:
"ხოლო ყრმა იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაელისა მიმართ".
დიმიტრი როსტოველის თვენის საკითხავებში მოთხრობილია, რა სასწაულებრივად გადაურჩა იოანე ნათლისმცემელი მეფე ჰეროდეს დევნას, ბეთლემის ყრმათა ამოხოცვის დროს. მეფე ჰეროდემ ზაქარიას ძის, იოანეს მოკვლაც ბრძანა, რადგან მის შესახებ ბევრი საოცარი რამ სმენოდა და მასშიც შეეძლო იუდეველთა მეფე ევარაუდა. მან მკვლელები ზაქარიას სახლში გაგზავნა, მაგრამ ჩვილი იქ არ აღმოჩნდა. როდესაც მოწყვეტილ ყრმათა გოდება ბეთლემის მახლობელ ქებრონში ელისაბედმა გაიგო, იგი თავის პირმშო იოანესთან ერთად მაღალმთიანეთში გადაიმალა. მღვდელი ზაქარია ამ დროს ტაძარში მღვდელმსახურებას აღასრულებდა. ელისაბედი თვალცრემლიანი ევედრებოდა ღმერთს, დაეცვა იგი თავის შვილთან ერთად. როდესაც მდევრები დაეწივნენ, მან მთას შესთხოვა: "მთაო ღვთისაო, მიიღე დედა, პირმშოსთან ერთად". მთა გაიხსნა, მიიღო დედა-შვილი და მკვლელებისაგან დაიფარა. ისინი ჰეროდესთან ხელცარიელნი დაბრუნდნენ. მაშინ მეფემ ზაქარიასთან ტაძარში გაგზავნა ხალხი და მოსთხოვა მას გაეცა ძე, იოანე.
"მე ჩემს ღმერთს ვემსახურები და არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ", - განაცხადა ზაქარიამ.
განრისხებულმა ჰეროდემ კვლავ გაგზავნა მეომრები ბრძანებით მისი მოკვლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ზაქარია არ გასცემდა ვაჟს.
სასტიკმა წარგზავნილებმა, საბოლოო უარის მიღების შემდეგ, მოკლეს ზაქარია საკურთხეველთან. მისი სისხლი მარმარილოს იატაკზე დაიქცა.
ღვთივ დაცული ელისაბედი კი თავის ძესთან ერთად კვლავ მთას აფარებდა თავს. უფლის ნებით, იქ გამოქვაბული წარმოიქმნა და წყარომ ამოხეთქა. გამოქვაბულის თავზე ფინიკის ხე წამოიმართა და როდესაც დედა-შვილს მოშივდებოდა, ხე მათკენ დაიხრებოდა, თავისი ნაყოფით დაანაყრებდა და კვლავ გაიმართებოდა.
ზაქარიას მოკვლიდან ორმოცი დღის შემდეგ წინამორბედის დედა, ელისაბედი, ამ გამოქვაბულშივე მიიცვალა. წმინდა იოანეს ანგელოზები კვებავდნენ ჭაბუკობის ასაკამდე და უდაბნოში იფარავდნენ ისრაელისათვის მისი გამოცხადების ჟამამდე.
იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.
ჰეროდე ანტიპა იყო ძე ჰეროდესი, დიდად წოდებულისა, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო. მაცხოვარი მასზე მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს, თუმცა ეს ერთი ფრაზაც ნათელს ჰფენს მის ორგემაგე ბუნებას: "მივედით და არქუთ მელასა მას" (ლუკა 13:32). ჰეროდე ანტიპამ განსაკუთრებით მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც დაუოკებელ ვნებათა ღელვას აჰყვა და ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის, არისტობულის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, რომელიც ერთ-ერთი გახლდათ მაკაბელთა მცირერიცხოვან შთამომავალთაგან - შვილიშვილი ჰეროდე დიდისა და მარიამნა მაკაბელისა, აგრეთვე შვილიშვილი ჰეროდე დიდის დის, სალომეასი და შეიხ კოსტობარისა. ასე რომ, ამ ქალის ძარღვებში მრავალი ბოროტი და პატივმოყვარე წინაპრის სისხლი დიოდა.
ჰეროდეადა იყო ცოლი თავისი ბიძის, ჰეროდე ფილიპესი (ოღონდ ეს ფილიპე მეოთხედმთავარი არ გეგონოთ). ქალი დარწმუნდა, რომ მის პატივმოყვარე ზრახვებს ასრულება არ ეწერა. ჰეროდე დიდმა მისი ქმარი უმემკვიდრეოდ დატოვა (არადა, იქამდე მთელ სამეფოს მას უტოვებდა). თანაც ფილიპე უმეტესწილად რომში ცხოვრობდა უპრეტენზიოდ და მშვიდად, ჰეროდეადა კი დედოფლის გვირგვინზე ოცნებობდა (და ეს არც იყო გასაკვირი - მის ძარღვებში ხომ ლეგენდარული მაკაბელების სისხლი ჩქეფდა). ამიტომ ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო.
ასეთ ქორწინებას რჯული პირდაპირ კრძალავდა და "უწმინდურად" მიიჩნევდა, ამიტომაც ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა, მაგრამ ავხორცმა და პატივმოყვარე ქალმა ყური არავის ათხოვა, თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა, მის ბოროტ გენიად და წყევლად იქცა და საბოლოოდ დაღუპა კიდევაც.
ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. იქ ტეტრარქი და მისი "რბილ სამოსელში" გამოწყობილი კარისკაცები ახლოს იყვნენ ენონსა და სხვა ადგილებთან, სადაც ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. იოანე ნათლისმცემელი არაერთგზის მიუწვევიათ სასახლეში (ასეთ ინფორმაციას გვაწვდის იოსებ ფლავიუსი "იუდაურ სიძველეებში", თუმცა მართალია თუ არა ეს, ვერავინ იტყვის). ასე იყო თუ ისე, ანტიპა წინამორბედის ქადაგებებით დაინტერესდა და ერთხანს სიამოვნებითაც კი უსმენდა მას. როგორც სახარება მოგვითხრობს, "ისმინოს მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა" (მარკ. 6:29), სანამ იოანემ იგი ულმობლად არ ამხილა და არ უთხრა: "არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი" (მარკ. 6:17). სავარაუდოდ, სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო ანტიპამ იოანე მახერუნის ჯურღმულში, რომლის ნანგრევები დღესაც შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
ანტიპას გრძნობები იოანე ნათლისმცემლის მიმართ, როგორც ჩანს, არცთუ მტკიცე იყო. სამაგიეროდ, ურყევი გახლდათ მისი თანამეცხედრე, რომელმაც წინამორბედის მოკვდინება განიზრახა. ჰეროდე ანტიპა გულის სიღრმეში აცნობიერებდა, რომ იოანე მართალი და წმინდა კაცი იყო. ესეც არ იყოს, ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე და, ჩანს, ანტიპას ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა: "არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველი, ეპყრა მათ იგი" (მათე 14:5). ამიტომაც ორჭოფობდა - არ იცოდა, რა ექნა და ერთხანს, როგორც შეეძლო, იცავდა წინასწარმეტყველს გააფთრებული ცოლისგან. ცხადია, ერჩივნა კიდევაც, საპყრობილეში ჰყოლოდა გამომწყვდეული - იქიდან წინამორბედი ვერაფერს ავნებდა მას, თანაც მახერუნიც აუღებელ ციხესიმაგრედ მიაჩნდა.
მაგრამ ჰეროდეადას სულ სხვა რამ ჰქონდა განზრახული და მზაკვრული ჩანაფიქრი მან ერთ-ერთ იმ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა, რომლითაც ასე იყო განთქმული ჰეროდეების გვარი.
ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა. ეს დღესასწაული, ლოგიკის თანახმად, დედაქალაქ ტიბერიადაში უფრო უნდა გამართულიყო, ვიდრე მახერუნში; მახარებლები ამაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ იოსებ ფლავიუსის მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს სწორედ მახერუნში მოჰკვეთეს თავი. თუ როგორ მოხდა ეს, ყველამ იცის - ღრეობა, სადაც სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დასრულდა.
ამ დღიდან ჰეროდე ანტიპას ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა სიხარული. გვირგვინოსანს შიში და სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ როდესაც მან იესო ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, თქვა: ეს არისო იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მე თავი მოვკვეთე; "იგი აღდგომილ არს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა" (მათე 14:2).
ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა ბრწყინვალე შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე, შესაძლებლობა, რომლის მსგავსი არც ერთ მოკვდავს არ მისცემია, პონტოელი პილატეს გარდა - მას შეეძლო, იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია - საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსა და ამბიციებს ვერ შეელია. გალილეის მეოთხედმთავარს ერთი სიტყვით შეეძლო, შეეცვალა კაცობრიობის ისტორია და გამოესყიდა იოანე ნათლისმცემლის სისხლი, მაგრამ იგი ასე არ მოიქცა. მესია ჯვარს აცვეს.
ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. 37 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ტიბერიუსი. მის მემკვიდრეს, გაიუს კალიგულას, კარგი ურთიერთობა ჰქონდა აგრიპასთან, ჰეროდეადას ძმასთან. მან იგი დიადემით - მეფური რეგალიით - დააჯილდოვა და აქცია არა უბრალო მეოთხედმთავრად, როგორიც ანტიპა იყო, არამედ ნამდვილ მეფედ ფილიპე მეოთხედმთავრის ტერიტორიაზე (ფილიპე სწორედ იმ დროს გარდაიცვალა). 40 წელს აგრიპა მეფური რეგალიებით პალესტინაში ჩადიოდა. ჰეროდე ანტიპამ და მისმა მეუღლემ თავი ძალზე შეურაცხყოფილად იგრძნეს. მათ სალომეა მოხუცებულ ფილიპეს იმ იმედით მიათხოვეს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტეტრარქია მათ დარჩებოდათ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. აგრიპას მოულოდნელმა წარმატებამ, რომელიც მისი ქმრის დიდებას ჩრდილავდა, ჰეროდეადა შურით აავსო.
გამწარებული ცოლ-ქმარი "სამართლიანობის აღსადგენად" რომში გაემგზავრა, მაგრამ არც აგრიპა დაიბნა, იმპერატორთან კაცი გაგზავნა და ანტიპას რომის ღალატი დასწამა. კეისარმა ჰეროდეს ყველა მამული და ტეტრარქია ჩამოართვა და გალიაში, ლიონში გადაასახლა.
ჰეროდეადას, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, ქმარი არც ძნელბედობის ჟამს მიუტოვებია. როცა კალიგულამ შეიტყო, რომ ანტიპას თანამეცხედრე აგრიპას ღვიძლი და იყო, მაშინვე დაუბრუნა ქონება და პატივიც აღუდგინა, მაგრამ ჰეროდეადამ ფუფუნებაზე უარი თქვა და მეუღლეს გაჰყვა გალიაში.
დიონ კასიუსის ცნობით, კალიგულამ ანტიპა სიკვდილით დასაჯა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ექსორიაქმნილებს იმპერატორი სწორედ ასე უსწორდებოდა, მაგრამ ანტიპას სიკვდილი ბურუსითაა მოცული. იოსებ ფლავიუსი ერთგან ამბობს, რომ ჰეროდე ესპანეთში აღესრულა, მეორეგან კი მისი გარდაცვალების ადგილად ლუგდუნუმეს - გალიაში, ესპანეთის საზღვართან მდებარე პროვინციას (დღევანდელ სენ ბერტრან დე კომინჟს) ასახელებს. ეს ვერსია სიმართლესთან უფრო ახლოს უნდა იდგეს - საეკლესიო გარდამოცემის თანახმადაც, ცოლ-ქმარს სწორედ იქ მიეზღო სამართლიანი საზღაური: ზამთარში, როცა სალომეა გაყინულ სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა და წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა... გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად ტეტრარქი და მისი ცოლი, გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი