წმინდა გილდა ბრძენი, რიუის წინამძღვარი - ხსენება 29 იანვარს (11 თებერვალს)
წმინდა გილდა ბრძენი, რიუის წინამძღვარი - ხსენება 29 იანვარს (11 თებერვალს)
წარმოშობა და ახალგაზრდობის წლები
წმინდა გილდა, უფრო ცნობილი როგორც გილდა ბრძენი (Gildas Sapiens, Gildas the Wise) - ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი, სულიერი მწერალი და მისიონერი "წმინდანთა ეპოქისა" - ცხოვრობდა VI საუკუნეში. თავად წმინდა გილდას მოწმობით, ის დაიბადა იმ წელს, როდესაც მოხდა ცნობილი ბადონის ბრძოლა, რომელშიც ბრიტების ჯარმა დაამარცხა ანგლო-საქსი დამპყრობლები. მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ეს ბრძოლა მოხდა V საუკუნის ბოლოს ან VI საუკუნის დასაწყისში ინგლისური ქალაქ ბათის მახლობლად - შესაძლოა, სომერსეტის ან უილტშირის საგრაფოების ერთ-ერთ ბორცვზე.

ჩვენამდე მოღწეული წმინდა გილდას ყველაზე ცნობილი ცხოვრებები არის ორი: პირველი დაწერილია ანონიმი ბერის მიერ ბრეტანის რიუის მონასტრიდან XI საუკუნეში, ხოლო მეორე - უელსელი სასულიერო პირის კარადოკ ლანკარვანელის მიერ XII საუკუნეში. სამწუხაროდ, ეს ცხოვრებები ბევრ რამეში ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ითვლება, რომ უფრო სანდოა XI საუკუნის ცხოვრება. ამ წმინდანს და მის ნაწერებს ახსენებენ მრავალი სხვა ავტორი, წმინდანთა ცხოვრებები, შუასაუკუნეების საგები, მატიანეები, ანალები, გენეალოგიები, კალენდრები და მარტიროლოგები. მის შესახებ შემონახულია მრავალი გადმოცემა და ლეგენდა მთელ კელტურ სამყაროში.

წმინდა გილდა, ერთი ვერსიით, დაიბადა პატარა სამეფოში კლაიდის მდინარის ხეობაში, გლაზგოს მახლობლად, დღევანდელი შოტლანდიის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ვერსიით - ჩრდილოეთ უელსში. სავარაუდოდ, ის იყო წარჩინებული ბრიტული წარმოშობის[1], ხოლო მისი მამა კაუ - ღვთისმოსავი ქრისტიანი - იყო ადგილობრივი მმართველი. გილდას ჰყავდა ოთხი ძმა და ერთი და, რომელთაგან ზოგიერთმა ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა. ახალგაზრდობაში გილდა იყო დაქორწინებული და ჰყავდა შვილები[2], ხოლო დაქვრივების შემდეგ გადაწყვიტა დარჩენილი ცხოვრება ქრისტესა და ეკლესიის მსახურებისთვის მიეძღვნა. მალე ის გახდა წმინდა ილტუდის მოწაფე ცნობილ ლანილტუდ-ვაურის მონასტერსა და სკოლაში გლამორგანში, უელსის სამხრეთში. ამ მონასტერში მან, სავარაუდოდ, ის ბერად აღიკვეცა. ილტუდმა გულწრფელად შეიყვარა გილდა, წინასწარ ხედავდა რა მის დიდ მომავალს. გილდა გულმოდგინედ სწავლობდა წმინდა წერილს და მთელი გულით გრძნობდა ჭვრეტითი ლოცვისკენ მისწრაფებას, სრულ მორჩილებაში იმყოფებოდა მასწავლებლის მიმართ. წერდნენ, რომ წმინდანი იყო ლამაზი სახით, რბილი მანერებით, ბრძენი, ღვთისმოსავი და ბეჯითი ეკლესიის მამათა ნაშრომების, სულიერი და საერო მეცნიერებების, ფილოსოფიისა და ლათინურის შესწავლაში. სავარაუდოდ, წმინდა გილდას სულიერი თანამოაზრეები ლანილტუდ ვაურში იყვნენ გამოჩენილი წმინდანები პავლე ავრელიანი და სამსონ დოლელი, რომლებიც შემდგომში გადავიდნენ ბრეტანში (მაშინ მას არმორიკა ერქვა) ღვთის სიტყვის საქადაგებლად.

უელსის შემდეგ წმინდა გილდამ სწავლა გააგრძელა ირლანდიაში, სადაც სხვადასხვა სკოლაში მიიღო სულიერი გამოცდილება, იღვაწა არმაში და სხვა ადგილებში და ბევრი იშრომა მისიონერობის ნიადაგზე. ითვლება, რომ სწორედ "ზურმუხტის კუნძულზე" ღვთის მსახური ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად[3].

მსახურება და განდეგილი ცხოვრება ბრიტანეთში

ირლანდიის შემდეგ წმინდანი, მისი ცხოვრების თანახმად, გადავიდა "ბრიტანეთის ჩრდილოეთში" - სავარაუდოდ, ჩრდილოეთ უელსში, სადაც დიდად წარმატებული იყო წარმართების განათლებაში, ბრიტანეთის ზოგიერთ რეგიონში შემოპარული ერესების აღმოფხვრაში და მრავალი სასწაული მოახდინა. წმინდანმა მოიარა უელსის ყველა პროვინცია და სადაც კი ქადაგებდა, ხალხი სიამოვნებით იკრიბებოდა მისი ქადაგების მოსასმენად: ბევრმა სამუდამოდ მიატოვა წარმართული ჩვეულებები და მოინათლა თავის ოჯახთან ერთად, დაიწყეს ტაძრების აშენება, ზოგიერთმა კი ბერობა მიიღო. გილდას სამართლიანად მიიჩნევენ VI საუკუნის ბრიტანეთში მართლმადიდებლური რწმენის ერთ-ერთ მოციქულად, თუმცა მისი მოღვაწეობის შესახებ ცოტა ცნობაა შემორჩენილი.

გილდას ახლო სულიერ მეგობრებს შორის იყვნენ უელსის მფარველი წმინდა დავით მენევიელი და წმინდა მოწამე კადოკ ლანკარვანელი. გვიანდელი ბიოგრაფი წერდა, რომ წმინდა გილდა ერთი წლის განმავლობაში იყო მასწავლებელი კადოკის მონასტერში ლანკარვანში. გადმოცემით, 7 წლის განმავლობაში წმინდა გილდა მოღვაწეობდა სტიპ ჰოლმის ("ციცაბო კუნძული") პატარა კუნძულზე ბრისტოლის ყურის შუაგულში, სადაც მეუდაბნოე მამის ცხოვრებას ეწეოდა, ხოლო მისი თანამოაზრე - წმინდა კადოკი - იმ წლებში განმარტოებით ცხოვრობდა მეზობელ პატარა კუნძულზე ფლეტ ჰოლმი ("ბრტყელი კუნძული", ამჟამად ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ქალაქ-საგრაფო კარდიფს უელსში). წმინდანი თანამოსაგრენი დროდადრო ხვდებოდნენ ერთმანეთს სულიერი საუბრებისა და ერთობლივი ლოცვისთვის. XVI საუკუნის ანტიკვარის ჯონ ლილანდის თანახმად, მოგვიანებით წმინდა გილდას მოუწია სტიპ ჰოლმის დატოვება ორკნეის კუნძულებიდან მეკობრეების თავდასხმის გამო. გვიანდელი ტრადიციის თანახმად, სწორედ სტიპ ჰოლმზე შექმნა წმინდანმა თავისი მთავარი ნაწარმოები, რომლის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი. წერდნენ, რომ X საუკუნის დასაწყისში სტიპ ჰოლმს დროებით სადგომად იყენებდნენ ვიკინგები, რომლებიც იქიდან თავდასხმებს ახორციელებდნენ სომერსეტის სანაპიროზე. მოგვიანებით, XII საუკუნეში, შესაძლოა, წმინდა გილდას ღვაწლის ხსოვნის პატივსაცემად, სტიპ ჰოლმის კუნძულზე დააარსეს პატარა ავგუსტინელთა მონასტერი მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე, რომლისგანაც შემორჩენილია ნანგრევების ნაშთები და საძირკველი. მომლოცველები დღემდე სტუმრობენ ორივე კუნძულს - სტიპ ჰოლმსა და ფლეტ ჰოლმს (მათ შორის მანძილი 4 კმ-ია), - სადაც მოღვაწეობდნენ წმინდანები გილდა, კადოკი და სამხრეთ უელსის სხვა განდეგილები, რომელთა სახელებიც ჩვენამდე არ მოაღწია.

მომხიბვლელი, მაღალი კლდოვანი კუნძული სტიპ ჰოლმი 1 კმ სიგრძისაა და 400 მ სიგანის; თანაბრად კარგად ჩანს როგორც სამხრეთ უელსის, ისე ინგლისის სანაპიროდან. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ინგლისის სომერსეტის საგრაფოს და თავის უმაღლეს წერტილში ზღვის დონიდან 78 მ-ზე მდებარეობს. სტიპ ჰოლმი გამოიყენება როგორც ბუნებრივი ნაკრძალი და აღიარებულია განსაკუთრებული სამეცნიერო ინტერესის მქონე ადგილად: მასზე ბევრი გამოქვაბულია, აქ ბინადრობს დიდი რაოდენობით ზღვის თოლია და ვერცხლისფერი თოლია, აგრეთვე იზრდება ბრიტანეთში უკიდურესად იშვიათი ველური იორდასალამი. ერთი ვერსიით, ისინი აქ გამოჩნდნენ უელსელი ბერების წყალობით 1500 წლის წინ, ხოლო მეორე ვერსიით - ისინი აქ უფრო ადრე შემოიტანეს რომაელებმა. სტიპ ჰოლმის კუნძულზე შეიძლება მოხვედრა ნავით უესტონ-სუპერ-მერის ქალაქიდან (სომერსეტის საგრაფო). ორივე კუნძულზე შენარჩუნებულია სიწმინდის ატმოსფერო.

წმინდა კადოკის მიერ დაარსებულ ლანკარვანის მონასტერში დიდხანს ინახებოდა ორი რელიკვია: წმინდა გილდას ზარი და სახარება, სავარაუდოდ, თავად წმინდანის ხელით გადაწერილი, ოქროსა და ვერცხლის ყდაში. ცნობილია აგრეთვე, რომ სახელგანთქმული ირლანდიელი წმინდანი ბრენდან მეზღვაური ერთხელ ეწვია წმინდა გილდას უელსში.

შემორჩენილია გილდას ასკეტური ცხოვრების აღწერილობები ბერად აღკვეცის შემდეგ. ის მუდმივად იოკებდა ხორცს ხანგრძლივი მარხვითა და ღამისთევით, საკვებს მხოლოდ კვირაში სამ დღეს იღებდა. იკვებებოდა ქერის პურითა და ბალახებით, სვამდა წვიმის წყალს, ატარებდა ძაძას, არასდროს დადიოდა აბანოში (რაც უყვარდათ მის თანამემამულეებს), სახით კი იყო გამხდარი, ისე რომ ეჩვენებოდათ, თითქოს ციებ-ცხელება ჰქონდა. ღამღამობით წმინდა გილდას, ისევე როგორც სხვა კელტ მოღვაწეებს, ჩვეულებად ჰქონდა გამდინარე წყალში შესვლა, სადაც დგომით ლოცულობდა და ღამისთევას ასრულებდა, შემდეგ კი მიდიოდა ტაძარში, სადაც მუხლმოყრილი ლოცულობდა გათენებამდე.

წმინდა გილდას ასევე მიეწერებოდა წინასწარმეტყველების ნიჭი.

ქადაგება ირლანდიაში და პილიგრიმობა რომში

560-იან წლებში ირლანდიის უზენაესი მეფის მოწვევით წმინდა გილდა კვლავ ეწვია ირლანდიის მიწას, სადაც გარკვეული დრო დაჰყო, ეხმარებოდა რა წესრიგის აღდგენაში ირლანდიის ეკლესიაში: გულმოდგინედ ქადაგებდა სახარებას, ააშენა მრავალი ტაძარი და მონასტერი მთელ კუნძულზე, ასწავლიდა ბავშვებსა და უფროსებს, წარჩინებულ ადამიანებსა და ობლებს. აი რატომ გვხვდება წმინდა გილდას სახელი ირლანდიის მრავალ კალენდარსა და მატიანეში. მოღვაწის გავლენა იქ იმდენად დიდი იყო, რომ უთვალავი ირლანდიელი ბერი და ასკეტი თავს მის მოწაფედ მიიჩნევდა. ირლანდიის მიწაზე ღვთის მსახურმა მრავალი სასწაული მოახდინა - შემორჩენილია მოთხრობა მის მიერ დამბლადაცემულის განკურნების შესახებ.

XI საუკუნის ცხოვრების თანახმად, წმინდა გილდა ერთხელ ეწვია რომსა და რავენას, სადაც ილოცა მოციქულებისა და სხვა წმინდანების აკლდამებთან, ლოცვით განკურნა მრავალი სნეული და კოჭლი (მაგალითად, წყალმანკით დაავადებული და ყრუ-მუნჯი) და "განდევნა მთის გამოქვაბულში მცხოვრები დრაკონი" (როგორც ჩანს, განდევნა დემონი), რომელიც თავისი სუნთქვით კლავდა ადგილობრივ მცხოვრებლებს.

გლასტონბერი და სტრიტი

გილდას გვიანდელი უელსური ცხოვრების თანახმად, იგი ასევე გარკვეული დროის განმავლობაში შრომობდა გლასტონბერიში სომერსეტში, თანამედროვე ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში (თუმცა სახელგანთქმული გლასტონბერის მონასტრის პირველი წერილობითი ხსენება მიეკუთვნება VIII საუკუნის დასაწყისს), სადაც მისი ხსოვნა მრავალი საუკუნის განმავლობაში შენარჩუნდა, ხოლო შუა საუკუნეებში იქ გადაიტანეს მისი წმინდა ნაწილების ნაწილი. გადმოცემებში, რომლებიც დაკავშირებულია წმინდა კეასთან რომელიც VI საუკუნეში ღვთის სიტყვას ქადაგებდა უელსში, სომერსეტში, დევონში, კორნუოლსა და ბრეტანში, ნათქვამია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ის იყო წმინდა გილდას თანამოღვაწე, რომელიც მისთვის ზარებს ასხამდა[4]. სავარაუდოდ, წმინდანები გილდა და კეა ერთად აარსებდნენ ეკლესიას ან მონასტერს სტრიტში სომერსეტის საგრაფოში, მდინარე ბრუს ნაპირზე გლასტონბერიდან ოთხ კილომეტრში. მონასტრიდან არაფერი შემორჩენილა, მაგრამ მის ადგილზე დღეს მდებარეობს სოფელი სტრიტი (11 ათასი მცხოვრებით), რომელიც ცნობილია დიდი ძველი ეკლესიით წმინდა სამების სახელზე, სადაც ორივე წმინდანია დაფასებული, ხოლო წმინდა გილდა გამოსახულია ვიტრაჟზე.

წმინდა გილდას გვიანდელ ცხოვრებაში ნათქვამია, რომ ის გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში გლასტონბერიში. ამ ვერსიას ბევრი ისტორიკოსი არასანდოდ მიიჩნევს.

დღეს გლასტონბერიში მომლოცველებს შეუძლიათ მოინახულონ კარგად შემონახული ნანგრევები 900 წლის მონასტრისა, შესანიშნავი სავანის სამზარეულოთი და ყოფილი ღვთისმშობლის სამლოცველოთი, მის ტერიტორიაზე წმინდა იოსებ არიმათიელის ძველი წყაროთი, აგრეთვე მუზეუმით, რომელშიც მოთხრობილია წმინდა ადგილის ისტორია. გარდა ამისა, ქალაქში მოქმედებს პატარა კათოლიკური მონასტერი გლასტონბერის ღვთისმშობლის სახელზე ყოვლადწმინდა ქალწულის ქანდაკებით. ხეები, რომლებიც სავარაუდოდ არიან სასწაულმოქმედი ეკლის ბუჩქის შთამომავლები, რომელიც I საუკუნეში დარგო იოსებ არიმათიელმა, შეიძლება ვიპოვოთ გლასტონბერის ტერიტორიაზე - სააბატოს ბაღებს შორის, სომერსეტის სოფლის ცხოვრების მუზეუმში, თასის (გრაალის) ჭის ბაღებში, XV საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ანგლიკანური სამრევლო ეკლესიის სასაფლაოზე (ორი ხე) და სხვა ადგილებში. სხვა ღირსშესანიშნაობებს შორისაა: თასის ჭა (ცნობილი ასევე როგორც წითელი წყარო, სისხლის წყარო) თასის ჭის ბაღებში ქალაქის აღმოსავლეთით, რომელიც არასდროს შრება. მომხიბვლელი გლასტონბერი ტორის ბორცვის მწვერვალზე (სიმაღლე 158 მ) ქალაქთან ახლოს მომლოცველები სტუმრობენ XIV საუკუნის სამრეკლოს (სახურავის გარეშე) ყოფილი მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიისა, რომელიც ოდესღაც აქ იდგა, მაგრამ დაინგრა 1275 წლის მიწისძვრის დროს.

ბრეტანში. გარდაცვალება

XI საუკუნის ცხოვრების თანახმად, სიცოცხლის ბოლოს წმინდა გილდა გადავიდა ბრეტანში (სადაც მანამდე გადასახლდნენ მისი მრავალი თანამემამულე ბრიტი), სადაც განმარტოებით მოღვაწეობდა უას პატარა კუნძულზე "დიდი მიწის" სამხრეთით, უძღვნიდა რა მთელ დროს ლოცვას, ღვთისმეტყველებას, თავშეკავებასა და სულიერი წიგნების წერას. გადმოცემით, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე მეზობელ რიუის ნახევარკუნძულზე (ამჟამად მორბიანის დეპარტამენტში, ქალაქ ვანთან ახლოს ბრეტანის რეგიონში, საფრანგეთი) მან დააარსა მონასტერი და გახდა მისი პირველი წინამძღვარი. როდესაც შეიტყვეს წმინდა მოღვაწის შესახებ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეიყვარეს იგი და დაიწყეს მონასტერში მოსვლა რჩევის, ნუგეშის, ფიზიკური და სულიერი განკურნებისთვის, მოჰყავდათ მასთან თავიანთი ვაჟები დასამოძღვრად. წმინდა გილდას ლოცვებით აღსრულებული სასწაულებიდან ბრეტანის მიწაზე ვახსენოთ ფეხმძიმე ქალის გაცოცხლება, რომელიც მოკლა მისმა ქმარ-ტირანმა; წყლის ღვინოდ გარდაქმნა სტუმრებისთვის; მიწიდან წყაროს გამოყვანა. გარდაცვალებამდე 8 დღით ადრე წმინდანს გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა, რომ მალე შეხვდებოდა უფალს, რასაც ცხოვრების მანძილზე მთელი გულით ნატრობდა. უკანასკნელად ეზიარა რა ტაძარში, წმინდა მამა მშვიდად გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 569 ან 570 წლის 29 იანვარს (სხვადასხვა წყაროს თანახმად) ბრეტანში.

მისი დიდება გავრცელდა მთელ არმორიკაში, საფრანგეთის სხვა რეგიონებში, უელსში, დუმნონიაში (ამჟამად კორნუოლის, დევონის, ნაწილობრივ სომერსეტისა და დორსეტის საგრაფოები ინგლისში) და ირლანდიაში. ცნობილია, რომ სიცოცხლეში გილდა მიმოწერას აწარმოებდა ევროპის სხვადასხვა მონასტრის სასულიერო პირებთან და ბერებთან (მაგალითად, წმინდა ფინიან კლონარდელთან ირლანდიიდან), ხოლო გარდაცვალების შემდეგ მას უწოდეს "გილდა ბრძენი" მისი განსწავლულობისა და მრავალრიცხოვანი წერილობითი ნაშრომებისთვის.

წერილობითი შრომები

გილდა ფართოდ არის ცნობილი არა მხოლოდ როგორც მოღვაწე, მქადაგებელი, მონასტრების მშენებელი და მასწავლებელი, არამედ როგორც სულიერი შრომების ავტორი. ის იყო გამორჩეული ისტორიკოსი და მემატიანე თავისი დროისა, ხოლო მისი უდიდესი ჩვენამდე მოღწეული ტრაქტატია - "ბრიტანეთის დაღუპვის შესახებ" (ლათ.: De Excidio et Conquestu Britanniae; ინგლ. თარგმ.: On the Ruin and Conquest of Britain) 110 თავად. დაწერილი გილდას მიერ 44 წლის ასაკში ქადაგება-ეპისტოლეს სახით უნაკლო ლათინურზე, ის სრულად ითარგმნა რუსულ ენაზე ნ.ი. ჩეხონადსკაიას (ჟივლოვას) მიერ[5]. ამ უძვირფასეს წიგნში, რომელიც ჩვენამდე მოაღწია ოთხი სრული ხელნაწერის სახით (კოტონიანური, ორი კემბრიჯული და ავრანშული), ავტორი აღწერს კუნძულ ბრიტანეთს, მოგვითხრობს მის ისტორიას რომაული ბატონობის პერიოდიდან მის (გილდას) დღეებამდე, აგრეთვე მჭევრმეტყველური, მაღალი სულიერი წინასწარმეტყველური ენით მამათა სულისკვეთებით ამხელს თავის თანამემამულე ბრიტებს (განსაკუთრებით მმართველებს, სასულიერო პირებსა და ეპისკოპოსებს) რწმენის ნაკლებობასა და ზნეობის დაცემაში, რის გამოც უფალმა დაუშვა პოსტ-რომაული ბრიტანეთის დაპყრობა წარმართი ანგლებისა და საქსების მიერ კონტინენტური ევროპიდან. ტრაქტატი უნიკალურია იმით, რომ, გილდა რომ არა, კაცობრიობას თითქმის არაფერი ეცოდინებოდა "ალბიონის" ისტორიის შესახებ V-VI საუკუნეებში, რომაელების ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ, რომის აღების შემდეგ ვესტგოთების მიერ 410 წელს. ეს თავისებური "გოდება ბრიტანეთის დაღუპვაზე" VI საუკუნისა ძალიან ეხმიანება "სიტყვას რუსეთის მიწის დაღუპვაზე", დაწერილს მონღოლთა შემოსევის შემდეგ რუსეთში. ჩვენი გოდება - იმაზე, თუ როგორ დაღუპეს ჩვენმა თავადებმა რუსეთი შინაომებით, და გასაოცარია, რომ წმინდა გილდა წერს ზუსტად იმავეზე: რომ მას შემდეგ, რაც რომაელები წავიდნენ ბრიტანეთიდან (დაყოფილი მრავალ წვრილ სამთავროდ), ყველამ ერთმანეთთან დაიწყო ომი და ამის გამო სრულ გაპარტახებამდე მივიდნენ, შემდეგ კი გამოჩნდნენ წარმართი დამპყრობლები. პრაქტიკულად ყველაფერი, რაც მანამდე იყო - დაიღუპა. ნაშრომში "ბრიტანეთის დაღუპვის შესახებ" წმინდა გილდა ასევე ახსენებს ბრიტანეთის პირველ სამ მოწამეს - ალბანს, იულიუსსა და ააროენს; ადრიანეს კედელს ჩრდილოეთ ინგლისში და ანტონინეს კედელს შოტლანდიაში; აგრეთვე ბრიტულ სარდალს ამბროსიუს აურელიანუსს, რომლის წყალობითაც ბრიტებმა დაამარცხეს საქსები:

"...შეკრიბეს ძალები, ჰყავდათ რა თავიანთ წინამძღოლად ამბროსიუს აურელიანუსი, კანონმორჩილი კაცი, რომელიც ასეთ ქარიშხალსა და რყევაში დარჩა თითქმის ერთადერთი რომაული მოდგმიდან, თანაც მოკლულნი იყვნენ მისი მშობლები, უდავოდ პორფირში შემოსილნი (რომლის შთამომავლობაც ამჟამად, ჩვენს დროში უმეტესწილად გადაგვარდა პაპისეული სიკეთისგან), - გამოიწვიეს საბრძოლველად გამარჯვებულები, რომლებისგანაც, ღვთის ნებით, გამარჯვება განეშორა"[6].

ხუთი მმართველი, რომლებსაც მკაცრად ამხელს გილდა, ესენია:

"კონსტანტინე, ტირანული ნაშიერი უწმინდური დამნონიელი ლომის დედისა" (დუმნონიის სამეფო);
"აურელიუს კანინი, ახალგაზრდა ლომი" (შეუძლებელია იდენტიფიცირება);
"ჯიქის მსგავსი, ვორტიპორი, დემეტების ტირანი (დივედის სამთავრო უელსში);
"ო დათვო, კუნეგლას" (კინლასი სამხრეთ გვინეთიდან);
"მაგლოკუნი, კუნძულის დრაკონი" (მაელგუნი, გვინეთის მმართველი ცენტრით ანგლსის კუნძულზე).

წმინდა გილდა ასევე აქებს მცირერიცხოვან თანამედროვე მოღვაწეებს ბრიტთა ხალხიდან და აღნიშნავს იმ ეპოქაში პოპულარობას მზარდ სამონასტრო მოძრაობას. "ბრიტანეთის დაღუპვის შესახებ" ციტირებდნენ უფრო გვიანდელი ავტორები, მაგალითად,

ირლანდიელი მისიონერი წმინდა კოლუმბანი (ლუქსეისა და ბობიოს მონასტრების დამაარსებელი ევროპაში VII საუკუნის დასაწყისში);

წმინდა ბედა პატივცემული იაროუდან (მან VIII საუკუნის დასაწყისში ბევრად დაეყრდნო გილდას მიერ გადმოცემულ ისტორიულ ფაქტებს);

სწავლული ბერი ალკუინი კაროლინგების კარზე (735–804);

მქადაგებელი არქიეპისკოპოსი ვულფსტან იორკელი (XI საუკუნის დასაწყისი) და სხვები.

ამასთან, ალკუინი და ვულფსტანი, გილდაზე დაყრდნობით, შეაგონებდნენ ინგლისელებს ვიკინგების თავდასხმების მძიმე ეპოქაში, რომ ისინი, როგორც ოდესღაც ბრიტები, შეიძლება დაკარგავდნენ ქვეყანასა და ღვთის კურთხევას, თუ უსამართლოდ იცხოვრებდნენ. ეს ნაშრომი აჩვენებს წმინდა გილდას ბრწყინვალე ცოდნას ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წერილისა (განსაკუთრებით ბევრი ციტატაა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიდან და პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან), ნაცნობობას აღმოსავლეთისა და დასავლეთის წმინდა მამების ნაწერებთან (იერონიმე სტრიდონელი, ეგნატე ღმერთშემოსილი, იოანე კასიანე რომაელი) და ანტიკური ავტორების (ვერგილიუსი, ოვიდიუსი) შემოქმედებასთან. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს ნაშრომი წარმოაჩენს ნამდვილად წმინდა ადამიანს კულტურის მაღალი დონით. წმინდა გილდას შეგონებები, მისი მოწოდებები ზნეობრივი აღორძინებისა და სულიერი განახლებისკენ მოსმენილ იქნა - რაც აისახა მრავალი უელსელის, ირლანდიელისა და ბრეტონელის ცხოვრებაზე, რომლებზეც მისმა სიტყვამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა. და ეს არის გილდას უდიდესი დამსახურება! არც არის გასაკვირი, რომ ინგლისელმა ისტორიკოსმა ედუარდ გიბონმა (1737–1794), "რომის იმპერიის დაცემისა და დაშლის ისტორიის" ავტორმა, გილდას "ბრიტანელი იერემია" უწოდა.

სამწუხაროდ, წმინდა გილდას სხვა ნაშრომებიდან თითქმის არაფერი შემორჩა (ჩვენამდე ასევე მოაღწია მისი წერილებისა და ეპისტოლეების ფრაგმენტებმა, რომლებიც ეხება სამონასტრო დისციპლინას), მაგრამ ძველ დროში ისინი პოპულარული იყო ბრიტანეთში, ირლანდიასა და მათ ფარგლებს გარეთ. წმინდა გილდას მიაწერენ ჩვენამდე მოღწეული 27 თავისგან შემდგარი "პენიტენციარის" ავტორობას - ეპიტიმიების კრებულისა და სამონასტრო თანაცხოვრების წესების ნაკრებისა, რომლებიც სხვადასხვა მონასტრებისთვის იყო განკუთვნილი. ექსპერტთა აზრით, ეს პენიტენციარი განსაზღვრავს საკმაოდ ზომიერ სასჯელებს, წმინდა კოლუმბანის გაცილებით უფრო მკაცრ წესებთან შედარებით.

დღევანდელი თაყვანისცემა

დღესდღეობით ამ დიდ წმინდანს პატივს მიაგებენ უელსში, ირლანდიაში, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, შოტლანდიაში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ბრეტანში. მისი თაყვანისცემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია სოფელი სენ-ჟილდას-დე-რიუი რიუის ნახევარკუნძულზე ბრეტანში, სადაც წმინდა გილდამ დააარსა თავისი მთავარი მონასტერი. აქ დიდხანს ინახებოდა მისი ნაწილები. ზოგიერთი მონაცემით, 920 წლის ახლოს, ნორმანების თავდასხმების გამო, სენ-ჟილდას მონასტრის ბერებს მოუწიათ მონასტრის დატოვება: მათ წაიღეს წმინდანის ნაწილები და დროებით გადავიდნენ შატორუში (ამჟამად ქალაქი ცენტრალურ საფრანგეთში), სადაც დააარსეს ახალი მონასტერი თავიანთი მონასტრის მფარველის პატივსაცემად. იქ წმინდანის ნაწილებიც და თემიც უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ დაახლოებით 90 წლის განმავლობაში, შემდეგ კი დაბრუნდნენ სენ-ჟილდას-დე-რიუიში.

XI საუკუნეში თავდაპირველი ხის მონასტრის ადგილზე აშენდა დიდი ქვის სააბატო სენ-ჟილდას. სააბატო არსებობდა საფრანგეთის რევოლუციამდე - საუკუნეების განმავლობაში იქ მოედინებოდნენ პილიგრიმები და დამოწმებული იყო მრავალი სასწაულებრივი განკურნება, განსაკუთრებით სულით ავადმყოფების. წმინდა გილდას ნაწილები განისვენებდა სამლოცველოს სახით შესრულებულ ლარნაკში. მოგვიანებით ნაწილების ნაწილი ცალკე მოათავსეს ოქროსა და ვერცხლის რელიქვარიუმებში. მონასტრის მთავარ დღესასწაულებზე წმინდანის ნაწილებს პროცესიით გამოასვენებდნენ ხოლმე.

აყვავების პერიოდში მონასტერს საფრანგეთში ბევრი შვილობილი სავანე ჰქონდა. XVIII საუკუნის ბოლოს, დიდი საფრანგეთის რევოლუციის დროს, სააბატო გაუქმდა, ხოლო მისი შესანიშნავი რომანულ სტილში აგებული ეკლესია 1802 წლიდან დღემდე გამოიყენება როგორც სოფლის სამრევლო ტაძარი. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა წმინდა გილდას ნაწილების გადარჩენა შესძლეს: ზოგიერთი მონაცემით, რაღაც დროის განმავლობაში მათი ნაწილი ბრეტანის ქალაქ ვანის საკათედრო ტაძარში ინახებოდა. დღეს წმინდა გილდას სააბატოს ეკლესიაში შემორჩენილია ძველი ქვის ლარნაკი, წმინდა გილდას ქანდაკება და, შესაძლოა, მისი პირველადი დაკრძალვის ადგილი. წმინდა გილდას წმინდა წყარო ახლოს მდებარეობს. სოფელში ასევე მოქმედებს მცირე კათოლიკური დედათა მონასტერი. შედარებით ახლო წარსულში სენ-ჟილდას-დე-რიუიში დაბრუნდა წმინდა გილდას ნაწილების ნაწილი (თავის ნაწილი, ხელი, მუხლი, ბარძაყის ძვალი, აგრეთვე ნაქარგი მიტრა, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, წმინდანი ატარებდა) მუხის, ოქროსა და ვერცხლის რელიქვარიუმებში - მას შემდეგ ისინი ინახება საკურთხევლის ცალკე შენობაში და წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მიუწვდომელია თაყვანისცემისთვის (ექსკურსიები ძირითადად ივლისსა და აგვისტოში ტარდება).

ბრეტანში მასთან დაკავშირებულ სხვა წმინდა ადგილებს შორის აღვნიშნავთ სოფელ კარნოეტს კოტ-დ'არმორის დეპარტამენტში წმინდა გილდას სამლოცველოთი; დაბა მაგოარს კოტ-დ'არმორის დეპარტამენტში, სადაც შეიძლება მოინახულოთ წმინდა გილდას ეკლესია და წყარო; ქალაქ ორეს მორბიანის დეპარტამენტში, სადაც არსებობდა წმინდა გილდას მთავარ მონასტერზე დამოკიდებული პრიორატი, რომლის ადგილზეც დგას მის პატივსაცემად ნაკურთხი XVII საუკუნის დიდებული ეკლესია; მორბიანის დეპარტამენტის მშვენიერ ადგილს პლიუმელიო-ბიეზი , სადაც გრანიტის კლდის ქვეშ დგას XVI საუკუნის წმინდა გილდას სამლოცველო იმ ადგილას, სადაც იგი სახარებას ქადაგებდა[7]. ბრეტანის სხვა რამდენიმე ეკლესიასა და მონასტერს ამ წმინდანის სახელი ჰქვია. წმინდა გილდა არის შოტლანდიის არგაილ-ენდ-ბიუტის ოლქის სოფელ როსნითის კათოლიკური მრევლის მფარველი. უელსში, სადაც მრავალი სამრევლო ნაკურთხია წმინდანის ძმების, შვილების, შვილიშვილებისა და სხვა ნათესავების პატივსაცემად, წმინდა გილდა ითვლებოდა ისტორიკოსებისა და ზარების ჩამომსხმელების მფარველად.
..................................................
შენიშვნები:

[1] მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი არ გამორიცხავს წმინდა გილდას პიქტურ წარმომავლობას, მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ის ბრიტი იყო. შოტლანდიის სამხრეთში და ინგლისის ჩრდილოეთში იმ დროს არსებობდა რამდენიმე მცირე ბრიტული სამეფო. მათი საერთო სახელწოდება იყო: "ძველი ჩრდილოეთი", ან "Yr Hen Ogledd". მოგვიანებით თითქმის ყველა მათგანი დაიპყრეს ანგლო-საქსებმა და პიქტებმა.

[2] ერთ-ერთი მათგანი, შესაძლოა, იყო წმინდა კენიდი, ლლანგენითელი განდეგილი (ხსენების დღეები: 1 აგვისტო და 5 ივლისი). ის მოღვაწეობდა გაუერის ნახევარკუნძულზე უელსში, რომელიც დღეს სუონსის საგრაფოს ქალაქს მიეკუთვნება. XV საუკუნის ცხოვრების თანახმად, ის ცხოვრობდა პატარა კუნძულზე ახლანდელი სოფელ ლლანგენითის მახლობლად ("ეკლესია", ან "კენიდის შემოღობილი ადგილი"). ლლანგენითში XII საუკუნის სამრევლო ეკლესია და წყარო მის სახელს ატარებს. ტაძრის სამხრეთ გვერდით ნავში შეიძლება ვიხილოთ IX საუკუნის გამოკვეთილი ქვა კელტებისთვის დამახასიათებელი "კვანძოვანი ორნამენტით". შუა საუკუნეებში ის გამოიყენებოდა როგორც წმინდა კენიდის საფლავის ქვა. ეკლესიის გვერდით ოდესღაც არსებობდა პატარა მონასტერი. ერთ-ერთ მოქცევად კუნძულს სოფლიდან 2 მილის დაშორებით ეწოდება ბერი-ჰოლმსი (Burry Holmes; ფუძე "holm" მომდინარეობს ძველსკანდინავიური სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს "პატარა მრგვალ კუნძულს"). აქ წმინდა კენიდი თავის სულიერ ღვაწლს ეწეოდა. მისი სენაკის ადგილზე მოგვიანებით გაჩნდა სამლოცველო და ეკლესია. შუა საუკუნეებში აქ განდეგილები განაგრძობდნენ ლოცვას. შემორჩენილია მხოლოდ კუნძულზე მდგარი ქვის ეკლესიის ნაშთები, რომელმაც შეცვალა თავდაპირველი ხის ეკლესია, გადმოცემით აგებული განდეგილ კარადოგის მიერ XI საუკუნის ბოლოს. ყოველ ზაფხულს ადგილობრივი ანგლიკანური მრევლი კუნძულზე ღვთისმსახურებას ატარებს წმინდანის ხსოვნის პატივსაცემად. აქ მომლოცველობებიც ხორციელდება. კუნძული მდებარეობს გაუერის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე.

[3] თუმცა, წმინდა გილდა თავის ნაშრომში "ბრიტანეთის დაღუპვის შესახებ" მიანიშნებს, რომ იმ მომენტისთვის ის ჯერ კიდევ დიაკონი იყო. ამავე დროს, ირლანდიური "ოენგუსის კალენდარი" (დაახლ. 800 წ.) მოიხსენიებს გილდას როგორც "ეპისკოპოსს", თუმცა მისი შესაძლო მღვდელმთავრობა არ დასტურდება არანაირი სხვა წყაროთი.

[4] ცნობილია ასევე ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აჩუქა წმინდა გილდამ თავისი ზარი წმინდა ბრიგიტა კილდარელს ირლანდიაში, რომელიც მას დიდ სიწმინდედ ინახავდა. წმინდა გილდას ზარი, რომელიც განსაკუთრებით კეთილხმოვნად ჟღერდა და სასწაულმოქმედი ძალა ჰქონდა, ასევე მოხსენიებულია წმინდა ილტუდისა და წმინდა მოწამე კადოკის ცხოვრებებში.

[5] "ბრიტანეთის დაღუპვის შესახებ" რუსული თარგმანი ისტორიკოსისა და მთარგმნელის ნ. ჟივლოვას კომენტარებით და მისდამი მიძღვნილი კვლევა ("გილდა ბრძენი. ბრიტანეთის დაღუპვის შესახებ. ეპისტოლეების ფრაგმენტები. გილდას ცხოვრებები. მ. ალეთეია. 2003) შეგიძლიათ მთლიანად წაიკითხოთ აქ: https://www.vostlit.info/haupt-Dateien/index-Dateien/G.phtml?id=2044

[6] ციტატა აღებულია იმავე წყაროდან.

[7] გადმოცემის თანახმად, ეს სამლოცველო ნახსენებია გილდას ადრეულ ცხოვრებაში: "მან ააშენა პატარა სამლოცველო მდინარე ბლავეს ნაპირზე, ერთ გამოშვერილ კლდეზე დასავლეთიდან, აღმოსავლეთით მან გამოთხარა კლდე და მარჯვენა მხარეს კედელი აღმართა, შესაფერისი სამლოცველო გააკეთა, რომლის ქვეშაც ისე მოაწყო, რომ კლდიდან უნათლესი წყარო გადმოდიოდა. რადგან ამ სამლოცველოს აღმოსავლეთ ფანჯარას ნეტარი გილდა მინით დახურვას აპირებდა, ხოლო მინა არ ჰქონდა, მიწაზე გაწვა და დაიწყო ღვთის ვედრება. ლოცვიდან წამოდგომის შემდეგ, ის წავიდა ერთ კლდესთან და თავად უფლის უხვი წყალობით წამოიღო საუკეთესო მინა. აქვე გაიკეთა წისქვილი, სადაც ხორბალი მიჰქონდა და ხელით ატრიალებდა, რომელიც ამ დრომდე არსებობს იმავე ადგილას და, წმინდა კაცის დამსახურებით, ქრისტესთან მომუშავე ავადმყოფ ქრისტიანთაგან სენი მის ახლოს განიდევნება". (https://www.vostlit.info/Texts/rus/Gildas_2/framedrug_autor_1.htm).
...............................................................................................................................................................

სტატიის წყარო: Преподобный Гильда Премудрый, игумен Рюиский

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
26.10.2024
ხსენების დღე 26 მაისი (კელტური და ბრიტანული) და ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრებულში
25.10.2024
წმინდა დანსტანი (ლათ. Dunstanus; ძველი ინგლისური Dunstan) (დაახლ. 909-988), გახლდათ კენტერბერის მთავარეპისკოპოსი (960-988),
23.10.2024
წმინდა ფელიქსის ხსენების დღეა 8 მარტს (კელტური და ბრიტანული, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
23.10.2024
წმინდა ვირინი დაიბადა დაახლოებით 600 წელს. სავარაუდოდ, ეპისკოპოსად ხელი დაასხა მთავარეპისკოპოსმა ასტერიუსმა გენუაში.
13.10.2024
წმინდა ჰონორიუს (ონორიუსი) კენტერბერიელის, დორუვერნის (დუროვერნის, თანამედროვე კენტერბერის) არქიეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 სექტემბერი
12.10.2024
წმინდა მღვდელმონაზონ გრიგოლ დომესტიკოსი, გლიკისი (გლიკა, ბერძნ. Γρηγόριος ο Δομέστικος, Γλυκύς] (1355 / დაახლ. 1360), იხსენიება 1 ოქტომბერს
10.10.2024
წმინდა ბრენოკის ხსენების დღეა 07 (20) იანვარს (კელტ. და ბრიტ., მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში).
08.10.2024
წმინდა ბრანვალადერის ხსენების დღეებია: 19 იანვარი (კელტური და ბრიტანული კალენდრების მიხედვით), 9 თებერვალი (კელტური და ბრიტანული) და 6 ივნისი (კელტური და ბრიტანული).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"
2012 წლის 20 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat