რამდენადაც ღირსი სერგის მიერ აღსრულებულ სასწაულთა სრულად აღნუსხვა, სიმრავლის გამო, შეუძლებელია, აქ მხოლოდ მცირედს გავიხსენებთ..
გარდაცვალების შემდგომ წმინდა სერგი უხილავად მყოფობდა თავის სავანეში, მასზე მუდამ ზრუნავდა და არაერთ მონაზონს გამოეცხადა.
ერთხელ წმინდა სამების მონასტრის ბერი, ეგნატე ამგვარი ჩვენების ღირსი შეიქნა: - მწუხრის ლოცვაზე ღირსი სერგი მისთვის ჩვეულ ადგილას იდგა და სხვებთან ერთად გალობდა...
განკვირვებულმა ეგნატემ ყოველივე მაშინვე ძმობას ამცნო, რამაც ისინი ძლიერ ანუგეშა და განახარა.
1408 წლის შემოდგომით, ღირსი სერგის მოწაფის, წმინდა ნიკონის იღუმენობისას, მოსკოვს მონღოლები ედიგეის წინამძღოლობით უახლოვდებოდნენ...
ღირსი ნიკონი დიდხანს ლოცულობდა, უფალს სავანე მტრისგან დაეფარა და შემწეობას წმინდა სერგი რადონეჟელსაც სთხოვდა...
ერთ ღამით, როდესაც ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ ჩამოისვენა, ძილი მოერია და სიზმრად მღვდელმთავრები: - პეტრე, ალექსი და სერგი იხილა, რომელთაც აუწყეს: - უფალს სურს, რომ მტერი ამ ადგილსაც შეეხოს, მაგრამ, შვილო, ნუ დამწუხრდები, რადგან სავანე არ დაიქცევა და კიდევ უფრო აყვავდებაო, შემდეგ დალოცა და გაუჩინარდა...
გამოფხიზლებულმა ნიკონმა კარს მიაშურა, მაგრამ იგი დაკეტილი აღმოჩნდა, გააღო და იხილა, როგორ მიდიოდნენ მისი სენაკიდან წმინდა მამები და დარწმუნდა, რომ ეს სიზმარი კი არა, ხილვა იყო...
ღირსი სერგის ნაწინასწარმეტყველევი მალევე არსრულდა: - მტერმა სავანე ააოხრა, შემდეგ კი - გადაწვა, მაგრამ ამ ხილვით გაფრთხილებულმა მამებმა იქაურობა დროულად დატოვეს, ხოლო როდესაც მტერმა მოსკოვის მისადგომები დატოვა, წმინდა ნიკონმა, ღვთის ნებითა და ნეტარი სერგის ლოცვით, სავანე აღადგინა და ყოვლადწმინდა სამების სახელზე ხის ტაძარი ააგო (ეს ტაძარი 1412 წლის 25 სექტემბერს იკურთხა, წმინდა სერგის ნაწილთა მოძიების შემდგომ კი წმინდა ნიკონ რადონეჟელმა ყოვლადწმინდა სამების სახელზე ქვის ტაძარი ააგო, რომელიც დღემდე არსებობს და რომელშიც ნეტარი სერგის წმინდა ნაწილნი განისვენებენ).
* * *
წმინდა სერგის სავანეში ერთხელაც მრავალრიცხოვან მომლოცველებთან ერთად მაღალი, წარმოსადეგი შუა ხნის მამაკაცი მოვიდა... თავჩაღუნული, გაუნძრევლად იდგა ღირსი მამის წმინდანაწილებიან ლუსკუმასთან და ჩუმად ტიროდა.
ტაძრის დაკეტვამდე მცირე ხნით ადრე კი მორიგე ბერთან მივიდა და სთხოვა, - ტაძრის წინამძღვარ ნიკოლოზ¬თან მსურს შეხვედრაო.
აი, რა მოუთხრო ამ კაცმა წინამძღვარს:
ევგენი (ასე ერქვა მას) ლავრაში პირველად ორი წლის წინ მოხვდა, მაშინ ოფიცრის ჩინს ფლობდა და სამსახურებრივ საქმეზე რამდენიმე კოლეგასთან ერთად ჩამოსულიყო.
საღამო ხანს ლავრაში გასეირნება და იქაურ ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება გადაწყვიტეს...
ტაძარში წინამძღვარმა წმინდა სერგი რადონეჟელზე მოუთხრო, განსაკუთრებული ყურადღება კი იმ მრავალრიცხოვან სასწაულებრივ კურნებებზე გაამახვილა, ღირსი მამის წმიდა ნაწილებთან რომ აღესრულებოდა. ევგენი და მისი თანამოსამსახურენი ათეისტები იყვნენ და, რაღა თქმა უნდა, არაფერი დაიჯერეს: - თქვენი ნაამბობი წარმტაცია, მაგრამ ცხოვრებასთან ხომ არავითარი კავშირი არ აქვს? ან კი შეიძლება, ოდენ ამით ცხოვრობდეს კაციო, - ფიქრობდნენ...
ტაძრიდან რომ გამოდიოდნენ, ევგენი რატომღაც უკან გაბრუნდა, ღირსი სერგის წმინდა ნაწილებიან ლუსკუმას მიუახლოვდა და თავისდა მოულოდნელად, გონებით მიმართა:
- წმინდა სერგი, თუ მართლაც არსებობ და ჩემი გესმის, ისე მოაწყვე, რომ ორიოდ წლით დავსნეულდე! ამბობენ, შენს ლუსკუმასთან ძალზე ბევრნი სასწაულებრივად იკურნებიან, მე კი ისა მსურს, ავად გავხდე და სარეცელს მივეჯაჭვოო!
უნდა ითქვას, რომ იგი ძალზე ჯანმრთელი და ძლიერი სხეულის პატრონი იყო.
სამსახურში მიბრუნებულ ევგენის ეს ამბავი და საკუთარი სათხოვარი მალევე მიავიწყდა...
რამდენიმე დღეში გაცივდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, ავადობა ფეხზე მდგომმა გადაიტანა, - მის კაჟივით ორგანიზმს სურდოს გარდა არასოდეს არაფერი მიჰკარებია, ახლა კი დღითი დღე ილეოდა... ერთ კვირაში კოლეგებმა საკუთარ კაბინეტში გონმიხდილი იატაკზე გართხმული იპოვეს...
გონს მოსულმა ჯერ თეთრი ჭერი დაინახა, შემდეგ კი - მეუღლის შეშინებული თვალები...
რამდენ ხანს იყო ამ მდგომარეობაში, არ ახსოვს... მაგრამ საოცარი ის გახლდათ, რომ მეუღლე უფრო განიცდიდა მის უცაბედ სნეულებას, ვიდრე - თავად, პირიქით, იქით ამშვიდებდა, გულში კი იმას ნატრობდა, - ნეტავ, მალე გამოვჯანსაღდეო, თუმცა, წმინდა სერგის ლუსკუმასთან ქედმაღლურად წარმოთქმული სათხოვარი აინუნშიც არ ჩაუგდია...
ავადმყოფობის გამო თადარიგში დაითხოვეს. წელიწადნახევრის მანძილზე ხან რომელ მკურნალს მიმართა, ხან - რომელს, ყველაფერი იღონა, მაგრამ მდგომარეობა არა და არ იცვლებოდა... ლოგინად ჩავარდნილი ზოგჯერ თავის დაუძლურებულ სხეულს ხელით ეხებოდა და გაოცებული ფიქრობდა: "მაინც, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?!"
ერთხელ, გაზაფხულის ადრიან დილით, კვირადღეს, ევგენის რატომღაც კარგ ხასიათზე გაეღვიძა, თუმცა, ამ სიხარულის და ბედნიერების მიზეზი თავადაც ვერ აეხსნა... ისღა იფიქრა, - ვაითუ ჭკუიდან შევიშალეო!
გარშემო სიჩუმე სუფევდა, ფარდის ღრიჭოდან კი მზის სხივს შემოეღწია...
მეუღლემ უჩურჩულა: - ტაძარში უნდა წავიდე, მეზობლის ქალმა მითხრა, - დღეს აღდგომააო. რახანია, ავად ხარ, მე კი ტაძარში ერთხელაც არ ვყოფილვარო!
ევგენიმ გულგრილად უთხრა: - თუ გსურს, წადიო, თუმცა, წეღანდელი სიხარული ამოუხსნელმა სევდამ შეცვალა და ცხადად შეიგრძნო, რომ აღარაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, რომ ფეხზე ვეღარასდროს წამოდგებოდა... და სიკვდილი მოუნდა...
მეუღლე ახალი, უჩვეულო შთაბეჭდილებით დაბრუნდა ტაძრიდან. თუკი უწინ ევგენი ამშვიდებდა, ახლა თავად გამხდარიყო მანუგეშებელი... ქალი ერთიანად გაცისკროვნებული, ფრთებშესხმული და იმედმოცემული საუბრობდა, ევგენის მისი ხელი ეკავა და ფიქრობდა:
"ყველაფერი დასრულდა!"
აღარც წიგნებს კითხულობდა... რაც ცოლმა ეკლესიაში იწყო სიარული, საწოლის გვერდით, მაგიდაზე წიგნებიც შეიცვალა. უწინდელი სამკურნალო, აღმოსავლური ვარჯიშების ამსახველი სახელმძღვანელოთა ადგილი სახარებამ, საეკლესიო კალენდრებმა და პატერიკებმა დაიკავა, მაგრამ ჯვრის გამოსახულებიანი გამოცემებისთვის ევგენის ხელიც არ უხლია, - მისი წარმოსახვით, ჯვარი სიკვდილს და სამარეს აგონებდა... ან რა ელოდა სიკვდილის შემდეგ? არც არაფერი!
ცოლი კი გამუდმებით რაღაც ახალს უყვებოდა, აღტაცებული იყო, საუბარში აქამდე უჩვეულო სიტყვები გაჩნდა: - "მამაო", "პარაკლისი", "ღამისთევის ლოცვა"... ევგენი კი გულსგარეთ უსმენდა, შეჰყურებდა ამ საყვარელ, გატანჯულ სახეს და ფიქრობდა, - ყველაფერი დასრულდაო.
შაბათ საღამოს ცოლი ეკლესიაში წავიდა. ევგენი მარტო დარჩა და რამდენადაც მხნე და ვაჟკაცური ბუნება ჰქონდა, სნეულება ვერ მოერია და ვერც გააბოროტა, არც მეუღლის ახალი და მოულოდნელი "გატაცებით" გაღიზიანებულა, - ცოლი ძალიან უყვარდა... იწვა ცარიელ ბინაში, სასოწარკვეთით ღონემიხდილი და ტიროდა... ის ახლა ხშირად ტიროდა ხოლმე, როცა მარტო უწევდა დარჩენა... მარტოდ დარჩენის ჟამს...
ცოტა რომ დამშვიდდა, მაგიდიდან წიგნი აიღო და გადაშალა. "ცხოვრება ღირსი მამის სერგი რადონეჟელისა, საკვირველმოქმედისა". თან დაერთოთ ილუსტრაციებიც: ძველი კედლები, გუმბათები, ლუსკუმა წმინდა ნაწილებით. სერგი, სერგი... "მე ხომ იქ ნამყოფი ვარ!" - გაუელვა ევგენის.
უცებ გაიგონა:
- ევგენი!
ალბათ ცოლს კარი ღია დარჩა და ვიღაც შემოვიდა, - გაიფიქრა...
- ევგენი, წამოდექი, შენ ჯანმრთელი ხარ!
საწოლის გვერდით უცნობი მამაკაცი იდგა, ხნიერი, თეთრწვერა, გრძელ, შავ საბერო კაბაში...
- წამოდექი, ევგენი!
სნეულს პირდაპირ თვალებში უყურებდა და მანაც იგრძნო, თუ როგორ აღივსო ახალი ძალით... წამოდგა...
- ევგენი! - კვლავ ალერსით გაუმეორა, - დღეს ზუსტად ორი წელი შესრულდა! გახსოვს?!
მოხუცი უხმაუროდ მოძრაობდა და უკვე ოთახის ბოლოში იდგა...
- ახლა სრულიად ჯანმრთელი ხარ, ღმერთს ჰმადლობდე!
ეს უკანასკნელი სიტყვები იყო, რომლებიც ევგენიმ გაიგონა, შემოსასვლელისკენ გაქანდა... მეუღლეს კარი გარედან ჩაეკეტა...
ცოლი რომ დაბრუნდა, ევგენი გადაშლილი წიგნის წინაშე მუხლებზე დამხობილი დახვდა, - იფიქრა, საწოლიდან გადმოვარდაო, მივარდა, თვალებში ჩახედა და ძლივს იცნო, - ქმარი ნათელი, არაამქვეყნიური თვალებით შემოსცქეროდა. მერე წამოდგა, გაიმართა, მოეხვია და იმ წიგნის წინ, საიდანაც ღირსი სერგის გამოსახულება შემოსცქეროდა...
"ღირსო მამაო ჩვენო სერგი, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!" - სიხარულით და თრთო¬ლით აჩურჩულდა ორივე...
აი, ასე სასწაულებრივად მოაქცია უფალმა ღირსი სერგი რადონეჟელის ლოცვით ათეისტი ევგენი და მისი მეუღლე...
* * *
ღირსი ნიკონის იღუმენობისასვე ერთ-ერთი მამა სენაკის ასაგებად ხეებს ჭრიდა, როდესაც სახე ცულით ძლიერ დაიზიანა...
ტკივილმა მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა, ამიტომ სენაკში დაბრუნდა... ამასობაში ჩამობნელდა, იღუმენი იმ დროს მონასტერში არ იმყოფებოდა... უცებ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და თავი იღუმენად წარუდგინა... მონაზონს იმდენი სისხლი დაეკარგა და ისე დაუძლურებულიყო, წამოდგომის და კარის გაღების თავიც აღარ ჰქონდა, მაშინ კარი თავად გაიღო, სენაკი არამიწიერმა ნათებამ აღავსო და ამ ბრწყინვალებაში მასპინძელმა ორი კაცი გაარჩია, რომელთაგან ერთს სამღვდელმთავრო მანტია ემოსა...
სნეულმა თავის საკვირველ და მოულოდნელ სტუმრებს კურთხევა გონებით გამოსთხოვა...
მბრწყინავმა ბერმა მღვდელმთავარს სნეულზე მიუთითა, რომელმაც იგი დალოცა და, თავისდა გასაოცრად, უეცრად იგრძნო, რომ სრულებით ჯანმრთელი იყო და მიხვდა, რომ მღვდელმთავარი ალექსი და წმინდა სერგი იხილა... წმინდა მამანი, სიცოცხლეშივე ძმურად შეკრულნი და ერთურთის დიდად მოყვარულნი, გარდაცვალების შემდგომაც ერთად იყვნენ...
* * *
ერთ-ერთი მოსკოველი ვაჭარი, სახელად სვიმეონი, ვისი დაბადებაც თვით ღირსმა სერგიმ იწინასწარმეტყველა, ისე დასნეულდა, აღარც მოძრაობა შეეძლო და აღარც - ძილი და კვება... ერთთავად სარეცელზე ესვენა...
ერთხელ, ღამით საშველად წმინდა სერგის მოუხმო: - მიშველე, ღირსო მამაო, განმკურნე, მოიხსენე, რაოდენ მოწყალე იყავი ჩემი მშობლების მიმართ და ჩემი დაბადება როგორ უწინასწარმეტყველე... გთხოვ, მომხედე და ნუ დამიტევებ ასე სნეულსო.
უეცრად ორი მონაზონი წარმოუდგა, რომელთაგან ერთი - ნიკონი იყო, რომელიც მაშინვე იცნო, რადგან პირადად იცნობდა, მეორე კი, როგორც გულისხმაჰყო, თვით სერგი რადონეჟელი... მან სნეულს ჯვარი გარდასახა, შემდეგ კი ნიკონს იმ ხატის აღება უბრძანა, სნეულს სარეცელთან რომ დაებრძანებინა... სვიმეონს ეს ხატი ოდესღაც თავად ნიკონმა უსახსოვრა...
ავადმყოფს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს სხეულიდან ტყავი განშორდა, რის შემდეგაც წმინდა მამანი უჩინო იქმნენ, სვიმეონმა კი თავი სრულიად ჯანმრთელად იგრძნო და საწოლიდან დამოუკიდებლად შეძლო წამოდგომა.
მაშინ დარწმუნდა, რომ ტყავი კი არ გასძვრა, სენმა დაუტევა..
დიდმა სიხარულმა აღავსო იგი და თავისი სასწაულებრივი კურნებისათვის სამადლობელი ლოცვა აღუვლინა საკ-ვირველმოქმედ მამას...
* * *
ყოვლადწმიდა სამების დღესასწაულზე ერთხელ სავანეში უამრავი მომლოცველი მივიდა, რომელთა შორის ერთი ღატაკი მწირიც ერია, შვიდი წლის თვალისჩინდაკარგული...
საბრალო ტაძრის გარეთ დამდგარიყო და ღვთისმსახურებას იქიდან აყურადებდა, გამცილებელმა მცირე ხნით დატოვა და ძალზე წუხდა, რომ მის გარეშე ტაძარში შესვლა და ღირსი სერგის წმინდა ნაწილთა თაყვანისცემა არ შეეძლო და მწარედ აქვითინდა...
უეცრად ღირსი სერგი წარმოუდგა, ხელი მოჰკიდა, ტაძარში შეიყვანა და ლუსკუმასთან დააყენა და როგორც კი სნეული სიწმინდეს შეეხო, მყისვე განიკურნა...
ამ დიდ სასწაულს უამრავი მოწმე ჰყავდა და ყოველმა მათგანმა ადიდა უფალი და მისი სათნომყოფელი სერგი.
თავად ბრმადყოფილი მადლობის ნიშნად სავანეში დარჩა და ძმებს შრომაში შეძლებისდაგვარად შეეწეოდა.
* * *
1551 წელს ივანე მრისხანემ (1533-1584 წწ.) მონღოლთაგან თავდასაცავად ქალაქი სვიაჟკი დააარსა, იქ ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტერი აღაშენა, სადაც წმინდა სერგის ხატის მიერ უამრავი სასწაული მორწმუნეებზეც აღესრულებოდა, ურწმუნოებზეც და თვით წარმართებზეც...
ერთხელ ქალაქში ჩერემისთა (ფინელი ტომები, რომელნიც, ძირითადად, ვიატსკის, ყაზანის, პერმის, კოსტრომისა და ნიჟეგოროდის გუბერნიებში იყვნენ განბნეულნი) უხუცესნი მივიდნენ და საოცარი რამ უამბეს:
"სვიაჟსკის დაარსებამდე 5 წლით ადრე, როდესაც ეს ადგილი ჯერაც უდაბური იყო, ხშირად გვესმოდა ტაძრის ზარების ხმა. ამბის გასაგებად ახალგაზრდებს ხშირად ვგზავნიდით ხოლმე... მათ საკვირველი საეკლესიო გალობის ხმა კი ესმოდათ, თუმცა, ვერავის ხედავდნენ, ერთადერთი მონაზონი დადიოდა ჯვრით ხელში და ყოველ მხარეს აკურთხებდა, თითქოს იმ ადგილს ზომავდა, სადაც ახლა ქალაქია, იმ ადგილს კი არამიწიერი კეთილსურნელება აღავსებდა...
როდესაც იმ იდუმალ მონაზონს ისრებს ესროდნენ, არც ეკარებოდნენ, მიმართულებას იცვლიდნენ, ზემოთ მიფრინავდნენ და ნამსხვრევებად ქცეულნი მიწაზე ცვიოდნენ...
ამის თაობაზე ჩვენს მთავრებს მოვახსენეთ, მათ კი, თავის მხრივ - ყაზანის დედოფალს და დიდებულებსო..."
* * *
ღირსი სერგის მიერ განსაკუთრებულად ბევრი სასწაული ყოვლადწმინდა სამების სერგის ლავრაზე პოლონელთა თავდასხმისას აღესრულა.
ღირს სერგის ამ გამოცხადებებით ლავრის მამათა გამხნევება და მართლმადიდებელთა განმტკიცება ეწადა.
1608 წლის 23 სექტემბერს პოლონელებმა, ლისოვსკისა და საპეგის თავკაცობით, სავანე ალყაში მოაქციეს... ისინი 15 ათასნი იყვნენ, მონასტრის დამცველნი კი - ორიათასო¬თხასნი, ამიტომ სავანეში მყოფნი, - მონაზონნი, ქალები და ბავშვები უსასოობამ მოიცვა და 25 სექტემბრისწინა მწუხრი (როგორც ზემოთ ვახსენეთ, წმინდა სერგის ხსენების დღე სწორედ 25 სექტემბერს იზეიმება) მათი მოთქმა-გოდების ფონზე შესრულდა... მაგრამ საკვირველმოქმედმა სერგიმ ისინი მალე განამხნევა: - იმ ღამითვე მონაზონმა პიმენმა საკვირველი ჩვენება იხილა: - უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ევედრებოდა. უეცრად მისი სენაკის წყვდიადი საოცარმა ნათელმა გაფანტა...
იფიქრა, - მტერმა სავანე გადაწვაო და გარეთ გამოვიდა, სადაც საკვირველება იხილა: - წმინდა სამების ტაძრის თავზე ცეცხლოვანი სვეტი ზეცამდე აღმართულიყო...
თავზარდაცემულმა პიმენმა ამის სახილველად სხვა ძმებს და ზოგიერთ ერისკაცსაც უხმო, - ამ საკვირველებამ ყველა გააოცა...
მცირე ხნის შემდგომ სვეტი დაეშვა და ცეცხლოვან ღრუბელში გაეხვია, შემდეგ კი ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის შესასვლელის თავზე მდებარე სარკმლიდან შეაღწია.
ამ დროს პოლონელებმა მონასტერს ტყვიები დაუშინეს, მაგრამ უფალმა სავანე დაიფარა და ტყვიები ცარიელ ადგილებსა და სავანის გარე ადგილებს ხვდებოდა, მის მკვიდრთ კი ვერ აზიანებდა...
თავის გადასარჩენად სავანეს მრავალი შეეფარა, რის გამოც მონასტერში ტევა აღარ იყო...
პოლონელებმა მონასტრის საძირკვლის ქვეშ თხრილი გაიყვანეს და მის ბინადართ ხშირად აწიოკებდნენ.
თავისიანების გასამხნევებლად ღირსი სერგი ერთ კვირას მნათე ირინარქს გამოეცხადა და მტრის თავდასხმის შესახებ ამცნო.
მოგვიანებით ირინარქმავე შენიშნა, როგორ დადიოდა წმინდა მამა სავანის გარშემო და იქაურობას აიაზმის წყალს აპკურებდა.
მტერი მართლაც მეორე ღამით დაესხა სავანეს, მაგრამ სასტიკი შეტევის მიუხედავად, ამ ჩვენებით გაფრთხილებულმა სავანის მცველებმა მტერი უკუაგდეს და მოიგერიეს.
წმინდა სერგის სავანის ძმებმა მონასტრის საძირკვლის ქვეშ მტრის მიერ გაყვანილი თხრილის თაობაზე კი უწყოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, რომელ მხარეს მდებარეობდა იგი... ყოველ მათგანს საშინელი აღსასრული ელოდა და ამიტომ გამუდმებით ლოცულობდნენ და ცოდვებს შეინანებდნენ.
ყველაზე მძიმე წუთებში არავინ დარჩენილა, ღირსი სერგისა და ღირსი ნიკონის წმინდა ნაწილებთან რწმენით არ ელოცა და შემწეობა მხურვალედ არ გამოეთხოვა.
ყოველი მათგანი დიდი სასოებით ეზიარებოდა და სიკვდილისათვის ემზადებოდა...
იმ დღეებში ღირსი სერგი არქიმანდრიტ იოასაფს (1605- 1610 წწ.) მაშინ გამოეცხადა, როდესაც ყოვლადწმინდა სამების ხატის წინაშე ლოცვის შემდგომ მცირე ხნით ჩასთვლიმა და იხილა, როგორ ევედრებოდა ღირსი სერგი ყოვლადწმინდა სამებას ცრემლით, შემდეგ კი არქიმანდრიტს მიუბრუნდა და უთხრა:
- იფხიზლე, ძმაო, რადგან ლოცვის ჟამია, "იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხუიდეთ განსაცდელსა" (მთ. 26, 41). უფალმა შეგიწყალათ, რომ დარჩენილი დრო სინანულში გაატაროთ.
ყოველივე ძმობას უამბო, რამაც ყველა დიდად ანუგეშა.
თუმცა, სულ მალე იოასაფი მეორე ხილვის ღირსი შეიქნა: - საბერო კანონის აღსრულებისას სენაკში მიერულა, რა დროსაც ღირსი სერგი იხილა და უბრძანა:
- ძმაო, ნუ დამწუხრდები, არამედ მხნედ ილოცე, რადგან უფალს ყოვლადწმინდა დედა ანგელოზთა დასსა და წმინდანებითურთ ევედრება.
* * *
მაგრამ ღირსი სერგი არა მხოლოდ სავანის მკვიდრთ, მტრის მხარეზე მებრძოლ კაზაკებსაც ეცხადებოდა.
აი, რა მოუთხრო ერთმა მათგანმა მონასტრის საძმოს:
- ჩვენმა მხედართმთავრებმა იხილეს, თუ როგორ დადიოდა ორი ნათელმოსილი ბერი, საკვირველმოქმედ სერგისა და ნიკონს რომ მიაგავდნენ და სავანის კედლებს გარს უვლიდნენ... ერთი საცეცხლურით აკმევდა, მეორე კი - ნაკურთხ წყალს აპკურებდა, შემდეგ მტრის ლეგიონს მიუბრუნდნენ და უსაყვედურეს:
- სხვა რჯულის ხალხთან ერთად როგორ გაბედეთ ყოვლადწმინდა სამების სახლის იავარქმნაო!
პოლონელთაგან ზოგმა მათ ესროლა კიდეც, მაგრამ მათგან ასხლეტილი ისრები მსროლელებს უბრუნდებოდათ, რის გამოც მათგან მრავალი დაიჭრა.
იმავე ღამით ღირსი სერგი მრავალ პოლონელსაც გამოეცხადა და სიკვდილი უწინასწარმეტყველა (მათი ორივე მეთაური, - საპეგაცა და ლისოვსკიც მალევე დაიღუპნენ, - საპეგას სიკვდილმა მოსკოვში 1611 წელს უწია, ლისოვსკი კი - 1616 წელს, ღირსი სერგის ხსენების დღეს უეცრად ცხენიდან ჩემოვარდა და გარდაიცვალა.
კაზაკთაგან ზოგი ისე შეშინდა, ბრძოლის ველი მაშინვე დატოვა და პირობა დადო, მართლმადიდებელთ აღარასოდეს დაპირისპირებოდნენ.
უფლის წყალობით, სავანის ბინადრებმა თხრილის ადგილმდებარობა შეიტყვეს და ამოქოლეს, რის შედეგადაც ბევრი მათგანი დაიღუპა...
ალყის მოხსნა ზამთარმაც დააჩქარა, მტერს სიცივემ და უპირობობამ ჯანი შეურყია, ამასთან, დაბინძურებულმა წყალმა, უვარგისმა საკვებმა და სივიწროვემ სავანეში საშინელი სნება, - ცინგა გააჩინა, რამაც იმდენი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მონაზვნები მათ დამარხვას ვეღარ ასწრებდნენ, ისინი კი, ვისაც იარაღის ხმარება შეეძლო, ათას ძლივს აღწევდნენ.
ამაოდ ელოდნენ მოალყენი ბრძოლის განახლებას, - ღმერთმა არ დაუშვა წმინდა სერგის სავანის დაქცევა. მისი მცირერიცხოვანი მცველნი დიდხანს იგერიებდნენ მტერს, მაგრამ დროსთან ერთად იზრდებოდა უიმედობა, ზოგი კი უკვე დანებებასაც აპირებდა და ირწმუნებოდა: - მტერმა სავანე ისე დაასუსტა, მოსკოვში დახმარების სათხოვნელად ვინმეს გაგზავნაც შეუძლებელიაო.
მაგრამ ღირსი სერგი მათ გასამხნევებლად კვლავ გამოეცხადა მნათე ირინარქს და აუწყა:
- ძმებსა და მებრძოლთ გადაეცი, იმის გამო ნუ იწუხებენ, რომ მოსკოვს საშველად მაცნის გაგზავნა არ ძალუძთ, რადგან დღევანდელი ღამის სამ საათზე მოსკოვს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახლში ყველა მოსკოველ საკვირველმოქმედთან ლოცვის აღსავლენად ჩემი სამი მოწაფე: - მიქეა, ბართლომე და ნაუმი გავგზავნე... ისინი მტერმა დაინახა, მაგრამ ჰკითხეთ, თუ რატომ არ შეიპყრეს?
ირინარქმა ყოველივე ძმებს აუწყა, მათ კი მაშინვე მცველებსა და მოწინააღმდეგის ჯარისკაცებს ჰკითხეს: - სავანიდან მოსკოვს წარგზავნილი მამები ხომ არ გინახავთო?
როგორც აღმოჩნდა, მტერს მართლაც შეუნიშნავს სამი ბერი და გამოსდევნებია... დარწმუნებულნი იყვნენ, - იოლად შევიპყრობთო, რადგან უხეირო ცხენებზე შემსხდარიყვნენ, მაგრამ ისინი ფრთაშესხმული რაშებივით გაქროლდნენ და ვეღარაფრით დაეწივნენ...
იმ დროს სავანეში ერთი სნეული მონაზონი ცხოვრობდა, როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, დაინტერესდა, თუ რომელი ცხენებით წავიდნენ ღირსი სერგის მიერ მოსკოვს წარგზავნილნი, ან რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ეს ამბავი...
უეცრად ღირსი სერგი გამოეცხადა და აუწყა, რომ მოსკოვს სწორედ იმ ბრმა ცხენებით გაგზავნა, საზრდელის სიმცირის მიზეზით სავანის გარეთ რომ გაუშვეს...
ამგვარად განკურნა სნეული მონაზონი წმინდა სერგი რადონეჟელმა ხორციელი სნებისგანაც და ურწმუნოებისგანაც.
* * *
იმავე დღეს მოსკოვის ქუჩაში მიმავალი ბერი იხილეს, უკან პურით სავსე თორმეტი მარხილი რომ მიჰყვებოდა...
უნდა ითქვას, რომ იმ დროს მოსკოვი მტრის ალყაში იყო...
ბერი თანმხლებებითურთ ღვთის განცხადების სახელობის მონასტრისკენ გაემართა... ვინც ეს იხილა, ფრიად გაოცდა, რადგან ვერაფრით ხვდებოდა, როგორ შეძლო მტრის მრავალრიცხოვან ჯარისკაცთა შორის შეუმჩნევლად გავლა.
- ვინ არის ეს ბერი, ან მისი თანმხლებნი და რა მანქანებით გამოაღწიეს მტრის ამდენ ჯარისკაცს შორისო? - დაეკითხნენ ერთ-ერთ მონაზონს, მან კი სიყვარულით უპასუხა: - ყველანი ყოვლადწმინდა სამების სახლიდან გახლავართო, - წმინდა სერგის სავანეზე კი ეს უთხრა: - უფალი ამ უწმინდეს ადგილს უსჯულოებს დასაქცევად არ მისცემს, ასე რომ, ძმანო, მხნედ იყავით და უიმედობას ნუ მიეცემითო.
მოსკოვს მალე მოედო წმინდა სერგის სავანიდან სასწაულებრივად გამოსული მამების ამბავი და მეფე ვასილიც კი დაინტერესდა მათით...
ღვთის გამოცხადების სავანისაკენ ზღვა ხალხი დაიძრა, ოღონდ იდუმალი სტუმრები ვერსად ნახეს. თუმცა, როგორც კი შეიტყვეს, - მონასტერში პურის დიდი მარაგიაო, - დარწმუნდნენ, რომ თვით ღირსი სერგი გამოეცხადათ...
ალყაში მოქცეული დედაქალაქი შიმშილობდა, - ვაჭართა ნაწილმა მდგომარეობით ისარგებლა და ხელიც გვარიანად მოითბო, - პურს იაფად ყიდულობდნენ და შემდეგ ძვირად ასაღებდნენ, რამაც ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ამიტომ მეფე ვასილ იოანეს ძე (შუისკი, 1606-1610წწ.) და პატრიარქი გერმოგენე (1606-1612 წლები, მოწამებრივად აღესრულა) სამების მონასტრის მეკუჭნავე აბრამ პალიცინს მოელაპარაკნენ, რომ ღვთის გამოცხადების მონასტრიდან პურის ნაწილი იაფად გაეყიდათ.
აბრაამი დათანხმდა, პური გაიაფდა, თუმცა, მცირე ხნის შემდეგ ისევ გაძვირდა, რის შემდეგაც მეფემ და პატრიარქმა აბრაამს კვლავ პურის ნაწილის იაფად გაყიდვა სთხოვეს.
ამ უკანასკნელს შეეშინდა, - ასე თუ გაგრძელდა, პურის მარაგი მალე ამოიწურებაო, მაგრამ რამდენადაც უფალს სასოებდა და ღირს სერგის შემწედ მოუხმობდა, კვლავ დაყაბულდა...
მოსკოვის ღვთის განცხადების მონასტრის ბეღელში მაშინ ვინმე სპირიდონი მუშაობდა. ერთ დღეს შენიშნა, რომ კედლის ნაპრალიდან ბეღელში ჭვავის მარცვლები ცვიოდა... ამ ადგილს კარგად დააკვირდა, შემდეგ მის გაფართოებას შეუდგა, თუმცა, მისდა გასაოცრად, იმ ადგილიდან მარცვალთა ცვენა უფრო და უფრო ძლიერდებოდა...
ამ სასწაულის შესახებ მაშინვე სხვა მუშებს უამბო და ყველა დარწმუნდა, რომ ალყის დროს პურის მარაგი წმინდა სერგი რადონეჟელის ლოცვით განმრავლდებოდა, რის შედეგადაც მარცხნაგემი მტერი უკუიქცა და თექვსმეტთვიან საშინელ ალყას ბოლო მოეღო.
ყოველივე 1610 წლის 12 იანვარს მოხდა. იმ დღიდან, ამ ამბის ღირსსახსოვრად ლავრის გარშემო ჯვრით მსვლელობა აღესრულება.
* * *
იმ უმძიმეს და რუსთათვის ძალზე საბედისწერო ჟამს, როდესაც მტერმა მრავალი ქალაქი და დასახლება გაანადგურა და ნაცარტუტად აქცია, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი კი - მთელი სიცხადით წარმოდგა, ღირსი სერგი რადონეჟელის ლავრამ ახალი სული შთაბერა მას.
ლავრის არქიმანდრიტმა დიონისემ (+1633 წ.) და მეკუჭნავე აბრამ პალიცინმა მწერლებს მოუხმეს, შეგონებითი წერილები შეადგენინეს და რუსულ ქალაქებში დააგზავნინეს. მათი მეშვეობით ხალხს ქვეყნის და მართლმადიდებლობის მტერთა წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებდნენ.
მსგავსმა წერილმა ნიჟნი ნოვგოროდამდეც ჩააღწია.
საიმდროოდ იქ ერთი მეტად სათნო ხორცით მოვაჭრე, კოზმა მინინი ცხოვრობდა, უფლისმოყვარე და მლოცველი...
ერთხელ, ლოცვის შემდეგ ძილად ღირსი სერგი იხილა, რომელმაც სამხედროთათვის თანხის შეგროვება და მათთან ერთად ქვეყნის გათავისუფლება უბრძანა.
ხილვით თავზარდაცემულ კოზმას გამოეღვიძა და აღარ იცოდა, რა გზას დასდგომოდა: - აბა, ჯარის შეკრება რა ჩემი საქმეაო!
თუმცა, მოკლე ხანში ჩვენება კვლავ განმეორდა, მაგრამ ვერც მაშინ მიიღო გადაწყვეტილება...
მაგრამ როდესაც წმინდანი მესამედ გამოეცხადა, მკაცრად შეახსენა:
- ხომ გიბრძანე, მეომრები შემოგეკრიბა? უფალს მართლ-მადიდებელთა შეწყალება და მშვიდობა სურს... სწორედ ამიტომ გითხარი, რუსული მიწის მტერთაგან გასათავისუფლებლად წასულიყავ! თუ შიშობ, რომ უხუცესნი არ გამოგყვებიან, სანაცვლოდ, ახალგაზრდანი სიხარულით აგიბამენ მხარს და ამ კურთხეულ საქმესაც ბოლო კეთილი ექნებაო.
უკანასკნელმა გამოცხადებამ კოზმა იმდენად შეძრა, ავად შეიქნა, სნეულება ურჩობის ნაყოფად მიიღო, წმინდა სერგის შენდობა გამოსთხოვა და მოქმედებას გულმოდგინედ შეუდგა...
თანამოქალაქეებს ჯარის შეკრებისკენ მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა და, როგორც ღირსმა სერგიმ აუწყა, მისი მოწოდება განსაკუთრებული გულმხურვალებით სწორედ ახალგაზრდებმა აიტაცეს...
მალე კოზმას ხაზინისა და ლაშქრისათვის თანხის შეკრება დაავალეს, რის შემდეგაც მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, ყველაფერში მას დამორჩილებოდნენ.
ამ სვეკეთილმა ადამიანმა მთელი თავისი მონაგები ქვეყნისთვის გაიღო, რასაც მალე ყველა ნოვგოროდელმა მიჰბაძა...
მალე ჯარი შეკრიბა და უსჯულოთა წინააღმდეგ მთავარ პოჟარსკისთან ერთად გაილაშქრა...
ღვთის დაშვებით რუსეთს მტერი რამდენიმე წელიწადს კიდევ ერჩოდა, მაგრამ შემდეგ მოწყალე თვალით გადმოხედა და თავისი რჩეულის, ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ლოცვებით, იხსნა.
სანამ მის სხვა სასწაულების შესახებ გიამბობდეთ, კვლავ შეგახსენებთ, რომ ყველა, ვინაც კი მის წმინდა ნაწილებს რწმენით მიეახლა, დიდი და მდიდარი წყალობა მიიღო, ამიტომ, ჩვენც მოვიყაროთ მუხლი მათ წინაშე და მდაბლად შევღაღადოთ:
- ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
* * *
ღირსი ნიკონის იღუმენობისას ერთმა მორჩილმა ტყის ჩეხვის დროს ნაჯახით სახე დაიზიანა. ჭრილობა სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც მორჩილმა ბევრი სისხლი დაკარგა.
გვიან ღამით სენაკის სარკმლიდან ის ლოცვა მოესმა, სტუმრად მოსულნი რომ აღავლენდნენ ხოლმე. უცნობმა მლოცველმა მორჩილს თავი იღუმენად წარუდგინა, თუმცა, იმ დროს იღუმენი სავანეში არ იმყოფებოდა. მორჩილს კარის გაღება სურდა, მაგრამ წამოდგომა ვერ შეძლო. უცებ კარი თავისით გაიღო და სენაკში ნათლით მოსილი ბერი შემოვიდა, რომელსაც უცნობი მღვდელმთავარი მოჰყვებოდა.
სენაკი დღესავით განათდა. ავადმყოფმა ძმამ მოსულთაგან კურთხევა გამოითხოვა. ნათლით მოსილმა ბერმა უცნობ მღვდელმთავარს სენაკის ყველა კუთხე-კუნჭული აჩვენა, ის კი ყოველივეს აკურთხებდა. მოულოდნელად კი ორივე გაუჩინარდა.
გონს მოსულ სნეულს კი სახეზე ჭრილობის ნაკვალევიც კი აღარ ეტყობოდა. ერთ-ერთ მათგანში მორჩილმა ღირსი სერგი რადონეჟელი შეიცნო.
* * *
ერთი ტვერელი თავადი მუცლის ტკივილით იტანჯებოდა. მოკლე დროში კი სტომაქი ისე გაეზარდა, ლამის სული განუტევა.
რამდენადაც წმინდა სერგის დიდად სასოებდა, საკვების მიღებამდე მისი სავანიდან გამოგზავნილ პურს უდიდესი რწმენით იხმევდა ხოლმე. სულ მალე მართლაც გამოჯანმრთელდა და მადლიერების ნიშნად სავანეში წასვლის აღთქმა დადო, თუმცა, დანაპირების აღსრულება გადაავიწყდა.
უფალმა მას შესაგონებლად კბილის ტკივილი მოუვლინა, რომელიც იმდენად აუტანელი შეიქნა, რამდენიმე ხნის მანძილზე აღარც ძილი ეკარებოდა და ვეღარც ჭამდა.
ერთ საღამოს თავზე ღირსი სერგის სკუფია დაიხურა, რომელიც შინ ჰქონდა და ცოტაოდენი შვება იგრძნო. დიდი ხნის უძინარს ჩასთვლიმა, თან გონებაში წმიდა მამას განკურნებას შესთხოვდა. უეცრად ღირსი სერგი იხილა, რომელმაც ჰკითხა:
- გსურს მონასტერში წასვლა და კურნების იქ მიღება?
სნეულმა მიუგო, რომ თუმც კი სურდა, მაგრამ არ ძალედვა.
- მე წაგიყვან!
- უთხრა ღირსმა მამამ და ავადმყოფს მოეჩვენა, რომ წმინდა სერგის სავანეში, მის წმინდანაწილებიანი ლუსკუმის სიახლოვეს აღმოჩნდა. ტირილით ემთხვია და სრულიად გამოჯანმრთელებული კვლავ შინ აღმოჩნდა.
გონს რომ მოეგო, კბილი საერთოდ აღარ სტკიოდა.
მცირე ხანში დადებული აღთქმა სიხარულით აღასრულა და წმინდა სერგის სავანე მოილოცა.
* * *
- ხელი ყრმობაშივე გამიხმა, - იგონებდა წმინდა სერგის მონასტრის მორჩილი, მამა თომა, - ძვალზე მუქი ფერის კანი იყო გადაკრული, ეს იყო და ეს.
მამა თომამ ლავრაში რამდენჯერმე ლოცვით მიმართა ღირს სერგის, რათა განეკურნა, მაგრამ წმინდანი მის ლოცვას თითქოს არ ისმენდა
1867 წლის 24 სექტემბერს, წმინდა სერგის ხსენების დღეს, ღამისთევის მსახურებაზე იღუმენმა მამა თომა წმინდა სამების ხატთან დააყენა, სერგი რადონეჟელის ლუსკუმასთან ახლოს რომ დაებრძანებინათ. მთელი ღამის განმავლობაში მხურვალედ ლოცულობდა და უფალს და წმინდა სერგის განკურნებას ევედრებოდა.
წირვის შემდეგ, სენაკში დაბრუნებულმა ძილ-ბურანში იგრძნო, რომ იქაურობა რაღაცამ ელვასავით გაანათა. სარკმელთან მივიდა, რადგან ჭექა-ქუხილი ეგონა, მაგრამ ბუნებას საავდრო არაფერი ეტყობოდა. უცებ სენაკი უჩვეულო ნათლით გაბრწყინდა და კარში საუცხოო გარეგნობის მოხუცი შემობრძანდა, რომელშიც თომამ წმინდა სერგი შეიცნო...
წმინდა ხუცესი მიუახლოვდა, ავადმყოფს მხარზე ხელი დაადო და აუწყა:
- შვილო ჩემო, მესმის შენი წუხილი. შენმა ლოცვა-ვედრებამ აღმძრა, გამოგცხადებოდი და ღვთის სადიდებლად განმეკურნე.
ამ სიტყვებზე ავადმყოფს ხელი გაუხურდა, ძარღვებში თითქოს მდუღარებამ დაუარა, გახარებული წმინდანის წინ მუხლებზე დაემხო და მადლობა შესწირა
ჩვენება გაქრა, მორჩილმა კი მაშინვე იგრძნო, რომ მისი გამხმარი ხელი აღდგენილიყო, - კანი გათეთრებოდა და ხორცსაც ჩვეულებრივი სირბილე შეეძინა.
ამ სასწაულით გახარებულმა ყოველივე წინამძღვარს უამბო, მან კი ეს ამბავი დღესასწაულზე ჩამოსულ ეპისკოპოსს გაუზიარა, რომლის ბრძანებითაც დიდ ზარს შემოჰკრეს და სამადლობელი ლოცვა აღავლინეს.
* * *
ერთი მოსკოველი კაცი, რომელსაც ავაზაკებმა მთელი ქონება წარსტაცეს, მძიმე სულიერ მდგომარეობაში ჩავარდა და გადაწყვიტა, წმინდა სერგის ლავრაში წასულიყო და შეწევნა იქ ეთხოვა.
როგორც კი "სერგიევ პოსადს" მიუახლოვდა და ტაძრის გუმბათს თვალი მოჰკრა, საშინელმა სასოწარკვეთამ მოიცვა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადაწყვიტა: - "გადადი გზიდან, შედი ტყეში, ქამრით მარყუჟი გააკეთე და ხეზე თავი ჩამოიხრჩე", - ჩასძახოდა შინაგანი ხმა.
სამწუხაროდ, ამ ხმას დაუჯერა, ქამარი შეიხსნა, მარყუჟი გააკეთა, ხეზე ჩამოკიდა და ის იყო, თავიც უნდა გაეყო, რომ ხის კენწერო შეირხა და სათნო სახის მოხუცი იხილა, რომელმაც უთხრა:
- თავს ნუ დაიღუპავ და სულს ეშმაკს ნუ მისცემ, არამედ შეინანე და ღმერთი შეგეწევა!
შეძრწუნებული კაცი მონასტრისკენ გაიქცა, ღირსი სერგის ლუსკუმასთან დაემხო და მწარედ ატირდა. ამ მდგომარეობაში ერთ-ერთმა ბერმა იხილა და მწუხარების მიზეზი ჰკითხა, მანაც ყოველივე უამბო და წმიდა სერგის სავანიდან დამშვიდებული, დაიმედებული და სულიერად გაძლიერებული გამობრუნდა.
* * *
წმინდა სერგი რადონეჟელის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე დედამისი მარიამი ეკლესიაში წირვაზე იდგა. სახარების წაკითხვის წინ ყრმამ ისე დაიყვირა დედის მუცელში, რომ მისი ხმა ტაძარში მლოცველებმაც კი გაიგონეს. ქერუბიმთა საგალობელის დროს მეორედ დაიყვირა, ხოლო როცა მღვდელმა წარმოთქვა "წმიდა წმიდათა", მესამედ მოესმათ დედის მუცლიდან ყრმის ყვირილი. ყველამ დაასკვნა, რომ ამ ქვეყანას მოევლინებოდა ღვთის დიდი მსახური. შიშით და კრძალვით აივსო მარიამი და გულისფანცქალით მოელოდა ღვთისაგან აღთქმული ყრმის დაბადებას...
გავიდა საუკუნეები და რუსეთში კიდევ ერთმა ყრმამ დაიძახა დედის მუცლიდან, ოღონდ ეს განწირულის კივილი იყო. მწერალი მარინა კრავცოვა მოგვითხრობს: "გალინას და მის ქმარს 15 წლის ავადმყოფი ქალიშვილი ჰყავდათ. ძალიან გაწვალდნენ მშობლები და ალბათ ამიტომაც მეორე შვილის გაჩენა აღარ უნდოდათ, მაგრამ ერთხელ გალინამ თავი ვერ დაიცვა და დაფეხმძიმდა. მეგობარმა მუცლის მოსაშლელი წამალი მოუტანა. საღამო ხანი იყო. გალინა სამ¬ზარეულოში მეუღლეს აპურებდა და თან ჩასახულ ყრმასა და უფროს ქალიშვილზე შესჩიოდა.
- რას იზამ, შეძლებ ორივეს მოვლას? - ჰკითხა ქმარმა.
- უნდა მოვიშორო. მე უფრო ალიონას ბედი მაწუხებს, - სულ სხვანაირია. ახლა ყოველკვირა ეკლესიაში სიარული აიჩემა.
ქმარი დაჰპირდა, ალიონას დაველაპარაკებიო, გალინამ კი მეგობრის მოტანილი წამლის ერთი აბი გადაყლაპა. წყალი მიაყოლა და უეცრად... ჭიქა ხელიდან გაუვარდა. შეძრწუნებული ქალი ერთიანად გათეთრდა - მუცლიდან ამოდიოდა და მთელ სახლს ავსებდა განწირული ბავშვის კივილი, რომელიც ტირილში გადადიოდა. კიოდა ჯერ დაუბადებელი პატარა, ტკივილისაგან ისე მწარედ მოსთქვამდა, როგორც ზრდასრული, მოაზროვნე და მგრძნობიარე არსება. გალინა სკამზე დაენარცხა, თვალებით დახმარება სთხოვა ქმარს. მასაც შიში ედგა თვალებში.
- რამე გაიგონე? - ჰკითხა გალინამ,
- კი, ჩვენი შვილი ყვიროდა, - წაიბუტბუტა ქმარმა.
ყვირილზე ალიონა შემოვარდა ტირილით:
- ეს ჩემი ძმა იყო, დედა, რა უყავი ჩემს ძმას?
ახლა მისმა ავადმყოფურმა სახემ შეაშინა მშობლები...
- არ მინდა წამლები, მხოლოდ ნაკურთხი წყალი მომეცით, - თქვა ბავშვმა, მოსვა წყალი და მიიძინა.
- როგორ ხარ, შვილო? - ჰკითხა გალინამ გამოღვიძებულ ქალიშვილს. შვილი მრისხანედ უყურებდა.
- დედა, ჩემი ძმა მოკვდა?
- არა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, რომ ავადმყოფი ბავშვი გამიჩნდება...
ალიონამ პირი იბრუნა.
- შვილო, ჩემი დანახვა აღარ გინდა?
- არა! - გოგონა ცრემლით თანაუგრძნობდა ჯერ არშობილ ძმას...
- რა იცი, რომ ბიჭი იქნება? - ჰკითხა გალინამ.
- სიზმარში ვნახე, - უპასუხა ალიონამ, - დედა, ის ძალიან ლამაზია! - მერე კი უცბად წამოხტა ლოგინიდან და კარადიდან ტანსაცმელი გამოაწყო, - არა, ასე არ შეიძლება, რაღაც უნდა ვიღონოთ. ახლავე წმინდა სერგის ლავრაში წავალ. ძმა უნდა გამოვითხოვო ღვთისაგან!
- სად წახვალ, შვილო, სიცხიანი?
- არა, დედიკო, ეს ნიშანი იყო. ბიჭი ყვიროდა! ყვიროდა შენი მუცლიდან ჯერ უშობელი პატარა. გესმის? ერთად წავიდეთ წმინდა სერგის ლავრაში და წმინდა მამა დაგვეხმარება.
- ალიონა, ცუდადა ხარ... არ გაგიშვებ!
- გამიშვებ! - გაჯიუტდა გოგონა. გალინა მიხვდა, რომ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა. რა იცოდა, რომ ბავშვი ამ დროს ფსალმუნს "რომელი დამკვიდრებულ არს" - კითხულობდა...
იმ ღამეს ალიონა შინ არ დაბრუნებულა. დილამდე ლოცულობდა წმინდა სერგის ლავრაში და ჯანმრთელობას გამოითხოვდა ჯერ უშობელი ძმისათვის...
სურათის წყარო »»
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი