საბერძნეთში ყოფნისას ამ წმინდანისადმი მოწიწება უფრო მეტად შევიგრძენი.
იქ მის წმინდა ნაწილებსაც ვეცი თაყვანი. ერთ ამბავს გავიხსენებ:
ათენში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ერთ-ერთი ტაძრის შუა გულში სიწმინდეები იყო დაბრძანებული. თავიდან გვეგონა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი თუ იყო, რადგან ტაძარი მისი სახელობისა გახლდათ. მოულოდნელად ერთი ბერძენი ქალბატონი მოგვიახლოვდა და ხმამაღლა გვითხრა - აგიოს ნექტარიოს. აღმოჩნდა, რომ წმინდა ნექტარიოსის წმინდა ნაწილებსთვის გვიცია თაყვანი. წმინდა ნექტარიოსმა თავად გვაუწყა ადამიანის პირით ეს ყოველივე.
ქართველი ემიგრანტის, ესმა ღონიაშვილის მონაყოლსაც გეტყვით. მისი თქმით, ლავრიოში წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარში წმინდანის სასწაულთმოქმედი ხატი და წმინდა გერასიმეს ფაჩუჩი ბრძანდება. ტაძრის წინამძღვარია მამა ნექტარიოსი. ერთხელ მამა ნექტარიოსი მძიმედ დაავადა და სიკვდილს თვალებში ჩახედა. ამ დროს გამოეცხადა წმინდა ნექტარიოსი და მას უთხრა - შენი ადგილი ჯერ არ არის ცათა სასუფეველში, იყავი ადამიანებთან, მათ სჭირდებიო.
ასე დაუბრუნდა თურმე გამოჯანმრთელებული მამა ნექტარიოსი წუთისოფელს. წმინდანმა მას კურნების მადლი მიანიჭა.
საქართველოში წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარი მხოლოდ ერთია. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა გიორგი რაზმაძის ძალისხმევით, რამდენიმე წლის წინ ზაჰესის დასახლებაში აშენდა.
წმინდა ნექტარიოსის ცხოვრება და მოღვაწეობა
წმინდა ნექტარიოსი დაიბადა 1846 წელს სილივრიაში (თრაკიაში), ღარიბ ოჯახში. ანასტასი, როგორც მას ნათლისღებისას უწოდეს, მეხუთე შვილი იყო. მისი ღვთისმოსავი მშობლები: დიმოს და ვასილისა კეფალასები ცდილობდნენ, შვილები კარგ ქრისტიანებად აღეზარდათ. ჯერ კიდევ ხუთი წლისას, როდესაც ბებია 50-ე ფსალმუნს უკითხავდა და მიადგებოდა სიტყვებს: "ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ", იგი ბებიას სთხოვდა: "შენ ნუ კითხულობ ამას, მე წავიკითხავ. ასე ვასწავლი ადამიანებს".
შვიდი წლის ანასტასიმ ქაღალდის ფურცლების ერთმანეთზე მიკვრა დაიწყო. "რა უნდა გააკეთო?" - ჰკითხა დედამ. "მინდა წიგნი შევკრა და იქ ღვთის სიტყვა ჩავწერო", - მიუგო მან. ეკლესიიდან დაბრუნებულ ანასტასის ახსოვდა ყველაფერი, რაც ქადაგებაში ითქვა, და სხვებსაც უყვებოდა. ხშირად თავს მღვდლად წარმოიდგენდა: მოაწყობდა ამბიონს, ადიოდა და ქადაგებდა. ერთი ხანდაზმული მღვდელი, რომელიც ანასტასის ბავშვობაში სილივრიაში მის მეზობლად ცხოვრობდა, იხსენებდა: "ის ძალზე მოკრძალებული ბიჭუნა იყო, გაურბოდა ბავშვურ ონავრობას, ყველაზე უწყინარსაც კი; სხვა რამ აინტერესებდა. საღამოს მარტო გამოდიოდა სასეირნოდ, დაჯდებოდა მიწაზე და გაჰყურებდა ზღვას. საეკლესიო მსახურებას არასდროს აცდენდა, მღვდელს საკურთხეველში ეხმარებოდა.
***
ჯერ კიდევ ყმაწვილმა თოთხმეტი წლის ანასტასიმ, დედისგან კურთხევა მიიღო და კონსტანტინეპოლს (ამჟამად სტამბული) გაემგზავრა.
ნავსადგურში მივიდა გემთან, რომელიც კონსტანტინოპოლისკენ მიდიოდა და კაპიტანს სთხოვა, თან წაეყვანა. მან კი დაცინვით უთხრა: "წადი, პატარავ, ჯერ ისეირნე, მერე მოდი და წაგიყვანთ". არ დაუჯერა, იდგა და ნაღვლიანად შეჰყურებდა ზღვაში გასასვლელად გამზადებულ გემს. მაშინ მოხდა სასწაული: კაპიტანის ბრძანებისთანავე ძრავი ამუშავდა, მაგრამ გემი ადგილიდან ვერ დაიძრა. გაიცა ბრძანება, გაეზარდათ სიმძლავრე, მაგრამ ამანაც ვერ უშველა. როგორც კი ანასტასი გემბანზე ახტა, გემი მაშინვე ნაპირს მოშორდა.
ანასტასის სწავლა სურდა და ღამღამობით სახელმძღვანელოებსა და წმინდანთა ცხოვრებებს კითხულობდა. კარგად რომ დაემახსოვრებინა, გამონათქვამებს წიგნებიდან თამბაქოს კოლოფებზე იწერდა, რადგან ქაღალდის ყიდვა არ შეეძლო. ამოწერილი გამონათქვამებიდან მოგვიანებით შედგა წიგნი "წმინდა აზრთა საუნჯე".
ერთხელ პალესტინაში გაემგზავრა გემით, რომელიც გზად საშინელ ქარიშხალში მოყვა. კაპიტანმა მგზავრებს უბრძანა, დამცავი ჟილეტები მოერგოთ და სათადარიგო ნავები მოემზადებინათ.
ანასტასიმ ლოცვა დაიწყო: "უფალო, რატომ უშვებ ამას? მე სიკვდილი არ მსურს, მინდა ვიქადაგო". მან მოიხსნა თავისი ჯვარი, რომლითაც ოდესღაც ბებიამ დალოცა, ქამარზე მიაბა და ზღვაში სამჯერ ჩაუშვა. მოხდა სასწაული: ქარი ჩადგა, ტალღები დაცხრა, გრიგალი შეწყდა. ყველა ზეიმობდა, ანასტასი კი დაღვრემილი იყო, რადგან მისი ჯვარი მორევში დაინთქა.
მგზავრებს ზღვიდან რაღაც უცნაური ხმები ესმოდათ. ნავსადგურში მისვლისას კაპიტანმა გემის გარედან დათვალიერება ბრძანა. იმ ადგილას, საიდანაც ხმა მოისმოდა, მეზღვაურებმა იპოვეს ანასტასის ჯვარი. მღვდელმთავარი მას მთელი სიცოცხლე ატარებდა.
***
დროთა განმავლობაში ანასტასის სურვილი უმძფრდებოდა მონაზვნობისა, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობა.. მას სურდა განათლების დასრულება და ღვთისმეტყველების შესწავლა; იზიდავდა ასკეტური ცხოვრება, ამიტრომ ხშირად მიდიოდა წმინდა მამათა მონასტერში. იქ ბევრი პახუმისგან ისმენდა დარიგებებს სამონაზვნო ცხოვრების შესახებ.
1876 წელს იგი მონაზვნად აღიკვეცა და გახდა მორჩილი ქიოსის მონასტერში-"ნეა მონში". მონასტერში სამი წლის განმავლობაში ასკეტურად ცხოვრობდა.
***
ქიოსის მიტროპოლიტმა გრიგოლმა 1877 წელს წმინდა მინას ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად. ანასტასის ეწოდა სახელი - ნექტარიოსი.
მისი გაცნობა მოისურვა ქიოსის ერთ-ერთმა მდიდარმა მცხოვრებმა - იოანე ქორემისმა. მან გადაწყვიტა, ნექტარიოსს დახმარებოდა განათლების მიღებაში. ქორემისმა ნექტარიოსი საკუთარი ხარჯით გააგზავნა ათენში, სადაც გიმნაზიის დამთავრებას შეძლებდა.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ქორემისი ნექტარიოსს აძლევს სარეკომენდაციო წერილს ალექსანდრიის პატრიარქ სოფრონთან წარსადგენად. დარწმუნდა რა ნექტარიოსის ღვთისმოსაობასა და სათნოებაში, პატრიარქმა ის ათენში, უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სასწავლებლად გააგზავნა.
1885 წელს უნივერსიტეტის დამთავრების ნიშნად დაიცვა დიპლომი, რომელიც დღესაც გამოფენილია კუნძულ ეგინაზე, მღვდელმთავრის მემორიალურ ოთახში.
ათენიდან ნექტარიოსი ალექსანდრიაში დაბრუნდა. პატრიარქი სიხარულით შეეგება თავის სულიერ შვილს და 1886 წელს ხელი დაასხა პრესვიტერად. ნაქტარიოსს დაეკისრა მქადაგებლის, საპატრიარქოს მდივნისა და ქაიროში პატრიარქის წარმომადგენლის მოვალეობები. იგი ზრუნავდა ტაძრების აღდგენაზე, აგროვებდა შემოწირულობას და ამ გზით მიღებულ თანხებს ტაძრების რესტავრაციასა და მოხატვაზე ხარჯავდა.
სამწუხაროა, რომ შურმა შეიპყრო ზოგიერთი ადამიანი, უპირატეს იერარქთან ენა მიეტანათ, თითქოს ნექტარიოსი აქტიურად იმიტომ მუშაობდა, რომ თავად სურდა პატრიარქობა. მეუფე ნიკოლოზმა ყველაფერი ეს მიიღო, როგორც გამოცდა და 1889 წელს ათენში გადასახლდა.
მეუფეს ცილი ათენშიც დასწამეს. ნექტარიოსი ყველაფერს ითმენდა. მხოლოდ ერთხელ გამოხატა, რომ პატრიარქს არ ეთანხმებოდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც განათლების სამინისტრომ ქაიროდან მისი დახასიათება გამოითხოვა, ალექსანდრიის საპატრიარქოდან მიღებული პასუხი კი ცილისწამებებს ადასტურებდა.
ალექსანდრიაში მყოფმა საბერძნეთის კონსულმა სამინისტროს მისწერა: "პენტაპოლისის მიტროპოლიტის ქვეყნიდან გაძევება უკავშირდება მის უპასუხისმგებლო მოქმედებებსა და უზნეო საქციელს". და მაშინ მიტროპოლიტი ნექტარიოსი პატრიარქს წერილს წერს:
"უნეტარესო პატრიარქო, მე თქვენთვის ცუდი გავხდი, და ახლა, ეგვიპტიდან ჩემი უსამართლო გამოძევებიდან ოთხი წლის შემდეგ, ლუკმაპურის საშოვნელად დავიარები, ვცხოვრობ სიღატაკეში, მაგრამ მაინც ვითმენ თქვენგან, პატრიარქისგან, ჩემს გაკიცხვას. მაგრამ რა ცნობებს იძლევით ახლა ჩემს შესახებ? თქვენი აზრით, რით გამოიხატება ჩემი უპასუხისმგებლობა, რა ამტკიცებს ჩემს უსინდისობასა და ჭირვეულობას? რის საფუძველზე მიწოდეთ ბოროტი, ცბიერი მონა საეკლესიო ხელისუფლების თვალში?
რომელმა საეკლესიო სამსჯავრომ განმსაჯა და გადაწყვიტა, რომ უზნეო ვარ, ან რის საფუძველზე აცნობეს საპატრიარქოს მოხელეებმა საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელს ჩემი მოღვაწეობის შესახებ და ოფიციალურ შეკითხვას უპასუხეს, რომ ეგვიპტიდან გამომაძევეს, როგორც მეამბოხე და უზნეო ადამიანი? სად არიან ჩემი ბრალმდებლები, საბრალდებო დოკიმენტები, მოწმეები? რას ეფუძნება ეს ბრალდება? რა უდიდესი ბოროტება ჩავიდინე თქვენს ან თქვენი გარემოცვიდან ვინმეს წინააღმდეგ, რომ ასე დამამცირეთ? რა დაგიშავეთ? რა ცოდვა მიმიძღვის თქვენს წინაშე? რაშია ჩემი ბოროტება და ცბიერება? ღმერთია მოწმე, არავისთვის მიმიყენებია ზიანი-ვიქმოდი კეთილ საქმეებს და ვცდილობდი, სიკეთისთვის მემსახურა. თქვენ ბევრი საბუთი გაქვთ ჩემი კეთილი ზრახვების დასადასტურებლად.
მსურს განვაცხადო, რომ ყოველივე, რაც ჩემს წინააღმდეგ ხდება, უსამართლობაა. ღმერთია ჩემი მოწმე და მსაჯული!
ღრმა პატივისცემით, ნექტარიოს პენტაპოლელი".
***
მეუფე ხშირად მიდიოდა ათენში მდებარე უფლის საფლავის მეტოქში. ერთხელ, როდესაც ღვთისმსახურების შემდეგ იქიდან ბრუნდებოდა, თავის თანამგზავრ ახალგაზრდა მღვდელს უთხრა: "როდესაც ადამიანი შეიგრძნობს თავის დანიშნულებას, გააცნობიერებს, რომ შვილია ზეციური მამისა, რომელიც თვით აბსოლუტური სიკეთეა, მაშინ გულგრილად უყურებს ყველა ამსოფლურ სიამეს. რა თქმა უნდა, განსაცდელებისგან ისიც იტანჯება, მაგრამ მისი სულის სიღრმეში სიხარული და სიმშვიდე სუფევს." სემინარიის ხელმძღვანელობის გარდა, მეუფეს საზოგადოებრივი მოვალეობებიც ეკისრებოდა-მას დაევალა, ყოფილიყო ექსპერტი განათლების სხვადასხვა საკითხში.
***
მღვდელმთავარ ნექტარიოსს მონაზვნობა ქრისტიანობის საყრდენად მიაჩნდა. მონაზვნობაში მოდიან და სულიერ სრულყოფილების მწვერვალს აღწევდა მხოლოდ ძლიერი ადამიანები. ყველა დანარჩენი მთის ძირში რჩება. თუ აყვავდება მონაზვნობა, აყვავდება ქრისტეს ეკლესიაც. გარდა ამისა, როგორც მეუფე ნექტარიოსი თვლიდა, მონაზვნობა არის ყველაზე სწორი გზა, რომლითაც ადამიანი აღწევს სრულყოფილებას და ღმერთთან ერთობას, რადგან სული მონაზვნობისა განუყოფლად უერთდება ქრისტეს. მათ, ვინც ქრისტეს მიუძღვნა თავი და მონაზვნურ ცხოვრებას შეუდგა, მღვდელმთავარი ნექტარიოსი ეუბნებოდა: ფული რომ მქონდეს, თითოეულ მონაზონს მივუჩენდი მოსამსახურეს, რომ ემსახუროს და ყოფითი საქმეები მოუგვაროს; მონაზონი კი მხოლოდ იმით უნდა იყოს დაკავებული, რასაც ჩვენ სულიერ ვარჯიშებს ვეძახით.
***
როდესაც მღვდელმთავარი ნექტარიოსი პირველად ეწვია ეგინას, უცნაური რამ მოხდა. ამ კუნძულზე ცხოვრობდა ვიღაც სპიროსი-ეშმაკეული ყმაწვილი. იგი თვალებს ხუჭავდა და წინასწარმეტყველებდა, ამასთან, მისი ნათქვამი ზოგჯერ მართლდებოდა და ზოგჯერ სრული სიცრუე იყო.
იმ დღეს, როდესაც კუნძულზე წმინდა ნექტარიოსი უნდა ჩასულიყო, სპიროსი თვალდახუჭული იჯდა და ყვიროდა: -ჩვენთან პენტაპოლელი მიტროპოლიტი მოდის და ის გადაარჩენს კუნძულს! მოდის ჩვენთან წმინდანი! ის გადაგვარჩენს! მოემზადეთ მის დასახვედრად!.
ადამიანები უსმენდნენ სპიროსს და ვერაფერს ხვდებოდნენ, შემდეგ პროტოპრესვიტერ მიქაელთან წავიდნენ, რომელმაც გადაწყვიტა, თავად მოესმინა, რასაც სავაჭრო მოედნის შუაგულში მწოლარე სპიროსი წინასწარმეტყველებდა:
-ახლა ჩვენს კუნძულზე ჩამოვა პენტაპოლისის წმინდა მიტროპოლიტი! ის გვიხსნის! მას თავად უფალი გვიგზავნის, რადგან ჩვენს კუნძულზე გული შესტკივა.
მამა მიქაელმა ვერ შეძლო, აეხსნა ეს ყველაფერი და ნავსადგურში წავიდა. იმ დროს ნაპირს მოადგა გემი, მამა მიქაელმა დაინახა, რომ ანძაზე ფრიალებდა დროშა, ნიშნად იმისა, რომ მგზავრებს შორის იყო ოფიციალური პირი. და მართლაც, ხომალდზე აღმოჩნდა პენტაპოლისის მიტროპოლიტი ნექტარიოსი. მამა მიქაელი დახვდა მას და უთხრა: -თვენო უსამღვდელოესობავ, ვერ შევძელით აგვეხსნა ერთი ბიჭის სიტყვები თქვენს შესახებ.
- რისი თქმა გსურთ? - ჰკითხა მეუფემ.
-ჩვენ გვყავს ერთი ბიჭი, და ის განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ თქვენ ჩვენთან მოდიოდით.
მეუფემ მისი ნახვა ისურვა და მოედანზე მიიყვანეს.
სპიროსი ისევ მიწაზე იწვა თვალდახუჭული, ყვიროდა და ვიღაც წმინდანს ახსენებდა. მაშინ მეუფე ნექტარიოსი მივიდა მასთან, თავისი კვერთხით გადასახა ჯვარი და შეეხო მის ტუჩებს, შემდეგ ეშმაკეულ სულს სხეულიდან გამოსვლა უბრძანა. სპიროსი მაშინვე წამოდგა, ეპისკოპოსს ხელზე ემთხვია და იმ წუთიდან წინასწარმეტყველებას თავი დაანება, დაბრუნდა სკოლაში, რომელიც თავისი სნეულების გამო მიატოვა და სწავლა განაგრძო, გაიზარდა, ცოლი შეირთო, ეგინაზე დარჩა და ცხოვრობდა, როგორც ღვთისმოსავი ქრისტიანი.
სპიროსის გამოჯანმრთელების შესახებ მაშინვე ყველამ შეიტყო და ხალხმაც მეუფის გაცნობა მოისურვა. მასთან მივიდა ერთი დედაკაცი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სისხლდენით იტანჯებოდა და ვერავინ შეძლო მისი განკურნება. იგი მაშინ გამოვიდა თავისი სახლიდან, როცა მეუფე ნექტარიოსმა ჩაიარა, დედაკაცი მიუახლოვდა და ანაფორის კალთაზე ემთხვია და სისხლდენა მაშინვე შეუწყდა. შემდეგ მღვდელმთავარს ეწვია ეგინას მერი დეპუტატებთან ერთად და სთხოვა, გვალვის გამო პარაკლისი გადაეხადა, რადგან დიდი ხანია კუნძულზე წვიმა არ მოსულა.
-მომდევნო კვირას პარაკლისს გადავიხდით საკათედრო ტაძარში, მანამდე კი მთელი კვირა ყველამ უნდა ვიმარხულოთ და ზიარებისთვის მოვემზადოთ.
მართლაც, შემდეგ კვირას პარაკლისი გადაიხადეს, საღამოს კი წვიმა წამოვიდა და ორი თვის მანძილზე წვიმდა: ხან დაიწყებოდა, იწვიმებდა ორ საათს, ცოტა ხნით შეწყდებოდა და ისევ დაუშვებდა. გლეხებს ხელი ეშლებოდათ თესვაში, ამიტომაც ისინი ისევ მეუფესთან მივიდნენ და ახლა წვიმის გადაღებისთვის სთხოვეს პარაკლისის გადახდა.
-ჩემო შვილებო,- მიუგო მათ ნექტარიოსმა, - უფალმა უკეთ იცის, რა არის საჭირო.
და მართლაც, რამდენიმე ხნის შემდეგ ნალექი შეწყდა, სოფლელებმაც დათესეს და იმ წელიწადს ისეთი უხვი მოსავალი მიიღეს.
დასაწყისში მეუფეს მიძინების მონასტრის იღუმენი მამა თეოდოსი პაპაკონსტანტინუ ეხმარებოდა. მან მღვდელმთავარ ნექტარიოსს აჩვენა ადგილი, სადაც წმინდა სამების მონასტრის აგება შეიძლებოდა და თავის თავზე აიღო სავანის მომარაგება სურსათით. იმ მონასტერში მსახურების ჩასატარებლად აგზავნიდა მღვდლებს, სანამ თვითონ მეუფე არ ჩამოვიდა ეგინაზე მუდმივ საცხოვრებლად. ცოტა ხნის შემდეგ ნექტარიოსმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა სემინარიის დირექტორის თანამდებობა და კუნძულ ეგინაზე საკუთარ მონასტერში დასახლდა.
***
ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა კუნძულზე იმ დროს. როდესაც მეუფე მაღლობზე მდებარე მონასტერში - თავის საცხოვრებელ ადგილას ადიოდა, გზად გამოეცხადა წმინდა დიონისე ეგინელი. ოდესღაც დიონისე ეგინის ეპისკოპოსი იყო, ხოლო იმ დროისათვის მისი უხრწნელი ნაწილები უკვე ზაკინთეში ბრძანდებოდა. ეგინაზე შემონახულია პატარა ეკლესია და მისი კელია, სადაც ცხოვრობდა, როცა ეგინის ეპისკოპოსი იყო.
- მე გელოდები, ნექტარიოს,- უთხრა მან.
მღვდელმთავარმა ნექტარიომა დიონისეს ზურგს უკან სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი დაინახა და წმინდანს ჰკითხა:
- ეს ძმა ვინ არის?
- ეს მინაა, ისიც აქ ცხოვრობს,-უპასუხა დიონისემ.
წმინდა ნექტაროსმა, რომელიც წარმოშობით იქაური არ იყო, ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰკითხა:
- გაქვთ აქ წმინდა მინას ტაძარი?
- არა,-მიუგეს მას, - მხოლოდ ერთი მიტოვებული ეკლესიაა, ისიც ძალიან შორს.
- მაინც სად არის, მაჩვენეთ, - სთხოვა მეუფემ.
- წმინდა მარინეს ყურეს გადაჰყურებს, მესაგროს ახლოს.
- როგორ მივიდე იქ?
-ო, ეს ძალზე ძნელია, უკაცრიელი ადგილია, ფიჭვებით დაფარული.
მოგვიანებით, კუნძულზე ცხოვრების ორი წლის თავზე, მღვდელმთავარმა ნექტარიოსმა გადაწყვიტა ორ დასთან ერთად მოეძებნა ეს პატარა ეკლესია. მათ აიღეს სანთლები, კანდელის ზეთი, საკმეველი და ერთ დილას სახედრებით გაემართნენ საძებრად და იპოვეს კიდეც-ეს იყო ერთი პაწაწინა მიტოვებული ეკლესია. აქ მწყემსები თავს აფარებდნენ წვიმის დროს და გასათბობად ცეცხლს ანთებდნენ.
-აქ ერთ მშვენიერ დღეს დედათა მონასტერი იქნება, - თქვა მეუფე ნექტარიოსმა.
ორმოცი წლის შემდეგ იქ სასწაულებრივად აშენდა წმინდა მინას სახელობის მონასტერი. მიწის ეს ნაკვეთი ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მღვდელმონაზონ ამფილოქე მაკრისს აჩუქა. ნელ-ნელა პირველი ბინადრებიც მოგროვდნენ, მალე მშვენიერი ტაძარიც აღიმართა.
***
მღვდელმთავარ ნექტარიოსის ერთ-ერთი მნიშვნელოანი თხზულება - "სქიზმის შესახებ" - ეძღვნება საეკლესიო განხეთქილებას და მიმართულია კათოლიკეების წინააღმდეგ. წმინდა ნექტარიოსი ამტკიცებს, რომ კათოლიკეები ერეტიკოსები არიან. მეუფე მთელი ძალით ცდილობდა ეკლესია და მორწმუნეები დაეცვა პაპიზმისგან. ქრისტეს სარწმუნოებისაგან განდგომილებთან მართლმადიდებლებს ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდა კათოლიციზმს, ამიტომ ბევრს წერდა ამის შესახებ.
***
წმინდა ნექტარიოსის აღსასრული
მღვდელმთავარმა მონასტერში თორმეტი წელი იცხოვრა. 1920წელს მეუფე ნექტარიოსი მძიმედ დაავადდა-საშინელი ტკივილები დაეწყო, მაგრამ ამას არავის უმხელდა. ადამიანმა, რომელმაც თავისი ლოცვებით მრავალი განკურნა, საკუთარი თავის შველა ვერ შეძლო-ასეთი იყო ღვთის ნება, რადგან ნათქვამია: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაი სასუფეველსა ღმრთისასა".
მღვდელმთავარი გაემართა ეგინის ქრისოლეონდისას მონასტერში, სადაც ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ამ ხატთან ლოცულობდა თხუთმეტი დღე განუწყვეტლივ, მაგრამ დაავადებამ უკან არ დაიხია.
წმინდა ნექტაროსი სიკვდილს წინასწარ გრძნობდა. თავის მონასტრისკენ მომავალი, გზად შეჩერდა, სახედრიდან ჩამოვიდა და მიწაზე დაეშვა.
დაჩოქილი მეუფე თვალცრემლიანი წამოდგა და თქვა:
-უკნასკნელად ვლოცავ ჩემს მონასტერს და კუნძულის ყველა მკვიდრს. მე მალე წავალ თქვენგან.
- სად უნდა წახვიდე? - ჰკითხა მონაზონმა.
- ზეცად.
- ჩვენ რაღა გვეშველება?
- თქვენ კეთილმსახური მონაზვნები გახდებით; თქვენთან მოვლენ მეგობრები: მოგივლიან, დაგიცავენ ერისკაცებიც, მღვლდლებიც და ეპისკოპოსებიც-ყველა!
როცა ტკივილები აუტანელი გახდა, მონაზვნებმა დაჟინებით მოითხოვეს მეუფე ათენის "არეტოს" საავადმყოფოში გადაეყვანათ. საავადმყოფოში ორი თვე დაჰყო და 1920 წლის 8 ნოემბერს მიეახლა უფალს.
მეუფის დასაფლავების ადგილს უკავშირდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ჯერ კიდევ მონასტრის აღდგენამდე, ათეული წლის წინ არსებული და მერე ნახევრად ცარიელი, მიტოვებული სავანის (ეგინაზე სამების მონასტერი წმინდა ნექტარიოსის მისვლამდე არსებობდა. მის ძველ კელიებში ცხოვრობდა რამდენიმე მონაზონი ქალი, რომლებიც ყოველდღე იკრიბებოდნენ ერთობლივ ლოცაზე) ნანგრევებში ცხოვრობდა მოხუცი მონაზონი ქალი, რომელსაც ფიჭვის დარგვა უნდოდა.
დაიწყო მიწის თხრა და უცებ მოესმა ხმა: "აქ ნუ დარგავ"!. ჩათვალა, რომ მოეჩვენა და თავისი საქმე განაგრძო, მაგრამ მალე ხმა ისევ განმეორდა. ამასაც არ მიაქცია ყურადღება, შრომა არ შეწყვიტა, სანამ არ იგრძნო, რომ რაღაც ძალამ გაიყვანა ამ ადგილიდან. მან ხე ცოტა მოშორებით დარგო, იმ ადგილზე კი, სადაც თხრა დაიწყო, წლების შემდეგ მღვდელმთავარ ნექტარიოსის განსასვენებელი ადგილი მოეწყო.
***
მარმარილოს განსასვენებლი, სადაც მღვდელმთავრის ნაწილების გადასვენებას ფიქრობდნენ, ხუთი თვის შემდეგ უნდა დაესრულებინათ. იღუმენიას აფიქრებდა, როგორ გამოეჩინა სიფრთხილე, რადგან სხეული უკვე განხრწნილი უნდა ყოფილიყო.
იმ დღეებში მონასტრის ერთ-ერთმა დამ სიზმრად მეუფე ნექტარიოსი იხილა, რომელმაც ჰკითხა, თუ როგორ ცხოვრობდნენ.
- კარგად, თქვენო უსამღვდელოესობავ,-ჰკითხა მონაზონმა.
- მოდი, დაგლოცავ,-მოუხმო მეუფემ. როდესაც მონაზონს ჯვარი გადასახა, ჰკითხა:
- მითხარი, ცუდი სუნი მაქვს?
- არა,-მიუგო მონაზონმა.
- კარგად დამყნოსე.
- ვინ გითხრათ, რომ ცუდი სუნი გაქვთ?
- აი, იღუმენია ქსენია ფიქრობს ასე.
მეუფემ აჩვენა თავისი ხელები, ფეხები, ახლა ზურგით დადგა და უთხრა:
-ხომ ხედავ, უვნებელი ვარ.
როდესაც კუბო წინამძღვრის ოთახში გადაიტანეს და გახსნეს, ნახეს, რომ ნექტარიოსის სხეული სრულიად განუხრწნელი, რბილი იყო და კეთილსურნელებას გამოსცემდა.
იმაში დასარწმუნებლად, რომ სხეული უხრწნელი იყო, მონასტერს ათენის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი ეწვია პოლიციის წარმომადგენელთან ერთად. მათ იხილეს მეუფის სახე და ხელები, რომლებიც ქათქათა თეთრი იყო, როგორც ქაღალდი. არქიეპისკოპოსის სიტყვებით, ეს იყო მიმანიშნებელი სიწმინდისა და განსაკუთრებული მადლისა, რაც მეუფეს ღვთისმშობლისგან ებოძა.
არქიეპისკოპოსმა ბრძანა, კუბო ცხედრით საფლავში ჩაესვენებინათ, შვიდი წლის შემდეგ კი კივლავ გაეხსნათ.
ეგინელი ექიმი გიორგი ქსიდეასი თავის მოხსენებაში ადასტურებს, რომ 1932 წლის ოქტომბერში, მეუფის გარდაცვალებიდან თორმეტი წლის შემდეგ პირადად იხილა წმინდა ნექტარიოსის სხეული, რომელსაც ხრწნილბა არ შეხებია.
თავის მოგონებებში ექიმი წერს: "სრულიად სარწმუნოდ შემიძლიია განვაცხადო, რომ აუხსნელი მოვლენის მოწმე გავხდი-დავინახე კუბოში მწოლიარე წმინდა ნექტარიოსი, რომელსაც სიცოცხლეში კარგად ვიცნობდი და მძინარე მომეჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა მისი სიკვდილიოდან, სხეულის ქსოვილებში საერთოდ ვერ აღმოვაჩინე რაიმე ცვლილება. მეუფის სხეული გაშეშებულიც კი არ იყო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე არ მახასიათებს ავადმყოფური ფანტაზიები და რელიგიურ ფანატიკოსტა რიცხვს არ ვეკუთვნი. რასაც გიამბობთ, ეს ნამდვილად ასე იყო."
მოგვიანებით წმინდა ნექტარიოსის სხეული წმინდა იოანე ოქოპირისა და სხვა წმინდათა ცხედრების მსგავსად გაიხრწნა, იქნებ იმიტომ, რომ მისი მადლიანი თანამყოფობა საბერძნეთის სხვა კუთხეებშიც ეგრძნოთ, სადაც მღვდელმთავარ ნექტარიოსის პატივსაცემად ტაძრები ააგეს და მისი წმინდა ნაწილები გადაბრძანეს.
მეუფის გარდაცვალების შემდეგ სასწაულები აღესრულებოდა. მსოფლიო საპატრიარქომ 1961 წელს ნექტარიოსი წმინდანთა დასს მიაკუთვნა. კუნძულ ეგინაზე წმინდა ნექტარიოსის საფლავთან დღესაც მიდის უამრავი მომლოცველი, რათა მეოხება და შემწეობა გამოითხოვონ.
***
მეუფის გარდაცვალებიდან დღემდე ცნობილია ასობით სასწაულებრივი შემთხვევა. წმინდანს განუკურნავს ონკოლოგიური დაავადებებით, პოლიომიელიტით, პნევმონიით, ფსიქოპათიით, თრომბოფლებიტით, პლევრიტით, ჰეპატიტით და სხვა სნეულებებით დაავადებულნი. წმინდა ნექტარიოსი ახლაც ყურადიღებს ტანჯულთა ლოცვებს და ეხმარება განკურნებაში. შეგვეწიოს წმინდა ნექტარიოსის მადლი.
თეა ცაგურიშვილი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი