ღირსი ნიკიტა მესვეტე ქალაქ პერესლავლის მკვიდრი იყო და ეკავა სახაზინო შემოწირულობათა და გადასახადების ამკრეფის თანამდებობა.
1152 წელს იური დოლგორუკმა ყოვლადმოწყალე მაცხოვრის სახელობაზე ქალაქი პერესლავლი და ქვის ტაძარი გადაიტანა ახალ ადგილზე. ქალაქისა და ტაძრის აშენებისათვის დიდი სახსრები იყო საჭირო და ნიკიტა, რომელიც კრებდა თანხებს, უმოწყალოდ ყვლეფდა ქალაქის მოსახლეობას. ასე გრძელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ უფალმა, რომელსაც არ სურს ცოდვილთა დაღუპვა, ნიკიტა მიიყვანა სინანულამდე.
ერთხელ ის მივიდა ეკლესიაში და ესმა წინასწარმეტყველ ისაიას სიტყვები: "განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა; სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ" (ისაის 1:16-17). მეხივით მოხვდა გულზე ეს სიტყვები ნიკიტას. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს - ისიც აგონდებოდა: "მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება" (ისაია, 1:18)
მაგრამ დილით ნიკიტამ სცადა ამოეგდო გონებიდან უამური ფიქრი და მეგობრები დაპატიჟა, რათა ღამის საშინელებები გადაევიწყებინა, ღმერთმა კი კიდევ ერთხელ მოუწოდა ნიკიტას სინანულისკენ: როდესაც ცოლმა დაიწყო სტუმრების გამასპინძლებისათვის თადარიგის დაჭერა, მდუღარე ქვაბში უეცრად დაინახა ამოტივტივებული ადამიანის ხან თავი, ხან ხელი, ხან ფეხი. შეშინებულმა ქალმა უხმო ნიკიტას და მანაც იგივე იხილა. ნიკიტაში უეცრად გაიღვიძა მიძინებულმა სინდისმა და ის მიხვდა, რომ თავისი ანგარებიანი ქცევით მკვლელს ედარებოდა. "ეს რამდენი შემიცოდავს - ღმერთო, დამაყენე შენს გზაზე!" - შესძახა და გამოვარდა სახლიდან.
ნიკიტამ პირდაპირ წმინდა დიდმოწამე ნიკიტას მონასტერს მიაშურა, რომელიც პერესლავლიდან სამი ვერსის სიშორეზე იმყოფებოდა. თვალცრემლიანი დაეცა ის იღუმენის ფერხთით და შეჰღაღადა: "იხსენი წარწყმედილი სული!"
იღუმენმა გადაწყვიტა გამოეცადა, რამდენად გულწრფელი იყო მისი სინანული და პირველი ეპიტიმია დაუწესა - დამდგარიყო მონასტრის კარიბჭესთან და ყველა გამვლელ-გამომვლელის წინაშე ეღიარებინა თავისი ცოდვები. ნიკიტა უდრტვინველად შეუდგა მორჩილების შესრულებას. სამი დღის შემდეგ იღუმენმა მოიკითხა ნიკიტას ამბავი, მაგრამ მის სანახავად გასულმა ყმაწვილმა ბერმა კარიბჭესთან ვეღარ იხილა იგი - ნიკიტა დაჭაობებულ გუბურაში იწვა და კოღოები და ქინქლები ეხვივნენ. მაშინ თვით იღუმენი მივიდა საძმოსთან ერთად ნებაყოფლობითი ტანჯულის სანახავად და ჰკითხა: "შვილო ჩემო, რას უშვრები შენს თავს?" "მამაო, იხსენი წარწყმედილი სული" - გაუმეორა თხოვნა ნიკიტამ. იღუმენმა წაიყვანა ნიკიტა მონასტერში და ბერად აღკვეცა.
ნიკიტა დღეებსა და ღამეებს ატარებდა ლოცვაში, ფსალმუნთგალობაში და წმინდა მამათა ცხოვრების კითხვაში. წინამძღვრის კურთხევით მან მძიმე ჯაჭვების ტარების უფლება გამოითხოვა, ამოთხარა ღრმა ორმო, რომელსაც ქვის ქუდი დაადო - შედგა მასზე და მგზნებარე ლოცვის ღვაწლი იტვირთა. ფსკერიდან მხოლოდ ცისფერ ცას და ღამის ვარსკვლავებს ხედავდა თავისი ჭაში "ჩაბრუნებული" სვეტიდან, ხოლო მის მიერ გათხრილ ვიწრო მიწისქვეშა გასასვლელს ტაძრის კედელთან ამოჰყავდა ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასასწრებად.
ამგვარად იღვწოდა ის დიდმოწამე ნიკიტას ტაძარში და თავადაც მოწამებრივი აღსასრულის ღირსი შეიქნა. ერთხელ ღამით მასთან ლოცვა-კურთხევისათვის მისული ნათესავები აცდუნა მესვეტის მბრწყინავმა ჯაჭვებმა და ჯვრებმა - ვერცხლისად ჩათვალეს ისინი და მათი ხელში ჩაგდება მოინდომეს - 1186 წლის 24 მაისს (ახალი სტილით 6 ივნისს) მათ მოარღვიეს ჭა-სვეტის თავსახური, მოკლეს ნიკიტა, ჩამოხსნეს მას ჯვრები და ჯაჭვები, ტილოში შეახვიეს და გაიქცნენ.
დილით იღუმენსა და საძმოს წევრებს ჭის დანგრეულ სვეტთან დახვდათ ნიკიტას გვამი, რომელიც საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდა.
ამასობაში მკვლელებმა მდინარე ვოლგის პირას გადაწყვიტეს ნადავლის გაყოფა. მაგრამ, როდესაც გაარკვიეს, რომ ჯაჭვები ვერცხლისა კი არა, რკინისა იყო, ვოლგაში ჩაყარეს. უფალმა კი განადიდა წმინდანის ფარული ღვაწლის ეს ხილული ნიშნები. იმ ღამეს იაროსლავლის პეტრე-პავლეს მონასტრის ღვთივსულიერმა ბერმა სიმეონმა დაინახა ვოლგის თავზე სინათლის სამი კაშკაშა სხივი. მან ამცნო ეს ამბავი მონასტრის წინამძღვარს და ქალაქის უხუცესებს. მდინარესთან მისულმა მღვდელმსახურებმა და ქალაქის მრავალრიცხოვანმა მცხოვრებლებმა დაინახეს სამი ჯვარი და ჯაჭვები, რომლებიც ხის მორივით ტივტივებდნენ წყლის ზედაპირზე. მორწმუნე მრევლმა კრძალვითა და ლოცვებით გადაიტანა დიდმოწამე ნიკიტას ჯაჭვები და დაასვენა ღირსი ნიკიტას კუბოზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი