ბერ სერაფიმეს მამა ანტონი განსაკუთრებულად უყვარდა.
1833 წლის 1-ელ იანვარს, კვირა დღეს, მამა სერაფიმე უკანასკნელად მივიდა საავადმყოფოს წმინდა ზოსიმესა და საბათიას ეკლესიაში, ყველა ხატს თავად დაუნთო სანთელი და ემთხვია, რაც ადრე მისთვის არ შეუმჩნევიათ; შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს ეზიარა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ყველა იქ მლოცველ ძმას გამოეთხოვა, დალოცა, ეამბორა, ანუგეშა და უთხრა: - ცხონდით, იმედს ნუ დაკარგავთ, იფხიზლეთ: დღევანდელ დღეს ჩვენთვის გვირგვინები მზადდება.
ყველას გამოეთხოვა, ჯვარსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ემთხვია; შემდეგ წმინდა ტრაპეზს გარშემო შემოუარა, ჩვეულებისამებრ თაყვანი სცა და ტაძრიდან ჩრდილოეთის კარით გავიდა, თითქოს ამით მიანიშნებდა, რომ ადამიანი ერთი კარით (შობის გზით) შემოდის ამა სოფელში, მეორით კი (ანუ სიკვდილის კარით) გადის. ამ დროს ყველამ შეამჩნია მისი ხორციელი ძალების უკიდურესი უძლურება, მაგრამ ბერი სულით მხნე, მშვიდი და მხიარული იყო.
ლიტურგიის შემდეგ მასთან დივეევოს სათემოს და, ირინე ვასილის ასული მივიდა. ბერმა მისი ხელით პარასკევა ივანეს ასულს 200 მანეთის ასიგნაციები გაუგზავნა და უახლოეს სოფელში ამ ფულით პურის ყიდვა დაავალა, რადგან იმ დროისთვის მთელი მარაგი ამოიწურა და დებს ძალზე უჭირდათ.
იმავე დღეს, ლიტურგიის შემდეგ, მამა სერაფიმესთან ვისოკოგორსკის არზამასის უდაბნოს მღვდელმონოზონი თეოქტისტე იმყოფებოდა. საუბრის დასრულების შემდეგ მამა სერაფიმემ მას უთხრა:
- აქ იმსახურე.
მაგრამ თეოქტისტემ შინ გაიჩქარა და საროვოში მსახურებაზე უარი განაცხადა. მაშინ მამა სერაფიმემ შენიშნა:
- მაინც დივეევოში იმსახურებ.
რასაკვირველია, მამა თეოქტისტე ვერაფერს მიხვდა და ბერისგან კურთხევის მიღების შემდეგ იმავე დღეს საროვოდან გაემგზავრა. უხუცესი მონოზონი მატრონა ეგნატეს ასული ყვებოდა (რვეული # 1), რომ მამა სერაფიმესთან გარდაცვალების წინა დღეს ერთ-ერთი მესენაკე და მივიდა. ბერმა მას უთხრა:
- დედაო, როგორი ახალი წელი დადგება, მიწა ცრემლებით დაილტობა!
მონოზონი ვერ მიხვდა, რომ მამა სერაფიმე საკუთარ გარდაცვალებაზე ესაუბრებოდა. ბერი სწორედ მისი თანდასწრებით გარდაიცვალა:
"როდესაც ის საროვოდან დაბრუნდა, ვკითხე:
- მამა სერაფიმე ჯანმრთელადაა?
ის დუმდა. შეკითხვა გავუმეორე. ან დუმილის შემდეგ მიპასუხა:
- გარდაიცვალა!
მე დავიყვირე, ავტირდი და საროვოსკენ შეშლილივით გავექანე. ახლა კი, როგორც უფლის წინაშე, გეტყვით, რომ როდესაც მამა სერაფიმეს ხელებსა და ფეხებზე ვემთხვეოდი, მუდამ ისეთივე კეთილსურნელება იგრძნობოდა, როგორც წმინდა ნაწილებიდან, ის კი რვა დღის შემდეგ დაკრძალეს. ახდა მისი უკანასკნელი სიტყვა, რომ მისი დაკრძალვისას მიწა მართლაც ქვითინისგან ცრემლებით დაილტობოდა. ხალხის ნაკადი კი დაუსრულებლად მოედინებოდა!"
მამა სერაფიმეს სენაკის გვერდით ბერი პავლეს სენაკი იყო. მათ ყრუ კედელი ჰყოფდა, რომლის მახლობლადაც ღუმელი იყო. ორივე სენაკს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა. საროვოს სავანეში ოდითგან წესად იყო - ბერები სათითაოდ, განცალკევებით ცხოვრობდნენ. მამა სერაფიმეს არც მოწაფეები ჰყავდა, არც მესენაკე; მეზობლობით კი მესენაკის მოვალეობას ზოგჯერ მამა პავლე ასრულებდა. ბერი მას ძალზე ენდობოდა და ამბობდა:
- ძმა პავლე თავისი გულის უბრალოებითა და სიწრფელით დაუბრკოლებლად შევა ცათა სასუფეველში; ის არასოდეს არავის განიკითხავს და არც არავისი შურს, მხოლოდ საკუთარი ცოდვები და არარაობა იცის.
ბერ სერაფიმეს ჩვეულებად ჰქონდა მონასტრიდან უდაბნოში გასვლისას თავის სენაკში დილიდან ხატების წინაშე დანთებული სანთლების დატოვება. ძმა პავლე მისი კეთილგანწყობით სარგებლობდა და ზოგჯერ ბერს ეუბნებოდა, რომ შესაძლოა, დანთებული სანთლებიდან ხანძარი გაჩენილიყო; მაგრამ მამა სერაფიმე ამაზე მუდამ პასუხობდა:
- სანამ ცოცხალი ვარ, ხანძარი არ გაჩნდება; ხოლო როცა მოვკვდები, ჩემი აღსასრული ხანძრით გაცხადდება.
ასეც მოხდა.
1833 წლის პირველ დღეს ძმა პავლემ შეამჩნია, რომ მამა სერაფიმე ამ დღის განმავლობაში სამჯერ გამოვიდა იმ ადგილას, რომელიც მან თავისი საფლავისთვის მიუთითა; იქ საკმაო ხანს რჩებოდა და მიწას უყურებდა. საღამოს კი მამა პავლემ გაიგონა, როგორ გალობდა ბერი თავის სენაკში აღდგომის საგალობელს: "აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ..." და ზოგიერთ სხვა სულიერ, საზეიმო საგალობლებს.
2 იანვარს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ძმა პავლე თავისი სენაკიდან ადრიანი ლიტურგიისთვის გამოვიდა და მამა სერაფიმეს სენაკის წინკარიდან კვამლის სუნი იგრძნო. მან, ჩვეულებისამებრ, ლოცვა წარმოთქვა და ბერის სენაკის კარზე დააკაკუნა, მაგრამ კარები შიგნიდან გასაღებით იყო ჩაკეტილი; არც ლოცვაზე გაუცია პასუხი. ის ზღურბლზე გამოვიდა, სიბნელეში ეკლესიაში შემავალი ბერები შეამჩნია და უთხრა:
- მამანო და ძმანო! კვამლის ძლიერი სუნი დგას. ჩვენ მახლობლად რაიმე ხომ არ იწვის? როგორც ჩანს, ბერი უდაბნოში წავიდა.
ამასობაში ერთ-ერთი გამვლელი, მორჩილი ანიკიტე მამა სერაფიმეს სენაკში შევარდა და ძლიერი დარტყმით შეაღო კარი. ბევრ ქრისტიანს მამა სერაფიმესთვის გულმოდგინებით უხეში ტილოს სხვადასხვა ნივთი მიჰქონდა. ისინი წიგნებთან ერთად ამჯერად კარის მახლობლად, სკამზე უწესრიგოდ ეწყო. სავარაუდოდ, სწორედ ისინი იწვოდა იქვე მდგარი შანდლიდან სანთლის ჩამონაღვენთისა თუ ჩამოვარდნილი სანთლისგან. ცეცხლი არ ეკიდა, მხოლოდ ნივთები და რამდენიმე წიგნი იწვოდა. ეზოში ბნელოდა, ოდნავ ირიჟრაჟა; მამა სერაფიმეს სენაკში შუქი არ იყო, არც თავად ბერი ჩანდა და არც მისი ხმა ისმოდა. იფიქრეს, ღამის ღვაწლისგან ისვენებსო; ამ ფიქრებით მოცულები მის სენაკთან მოგროვდნენ. წინკარში პატარა არეულობა დაიწყო. ზოგიერთი ძმა თოვლის მოსატანად გაიქცა და აალებული ნივთები ჩააქრეს.
ამასობაში ადრიანი ლიტურგია საავადმყოფოს ეკლესიაში შეუჩერებლივ აღესრულა თავისი წესით. გალობდნენ "ღირს არსს". ამ დროს, მოულოდნელად, ეკლესიაში მოირბინა ერთმა მორჩილმა ბიჭმა და ზოგიერთს წყნარად აცნობა მომხდარის შესახებ. ძმები სასწრაფოდ მამა სერაფიმეს სენაკისკენ გაეშურნენ. ბევრი ბერი შეიკრიბა. მამა პავლესა და მორჩილ ანიკიტეს სურდათ, დარწმუნებულიყვნენ, ხომ არ ისვენებდა მამა სერაფიმე, სიბნელეში ხელის ცეცებით მისი სენაკის ჩხრეკა დაიწყეს და თავად ბერი იპოვეს. ანთებული სანთელი მოიტანეს და დაინახეს, რომ თავის თეთრ კვართში შემოსილი ბერი ლოცვის ჩვეულებრივ ადგილას, მცირე ანალოღიის წინ მუხლებზე დაჩოქილი, თავდაუბურავი იდგა, გულზე კი სპილენძის ჯვარცმა ეკიდა. გადაჯვარედინებული ხელები ანალოღიაზე ეწყო, წიგნზე, რომლითაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "ვედრების" ხატის წინაშე თავის ლოცვით ღვაწლს აღასრულებდა, თავი კი სახით ხელებზე ჩამოედო. ეგონათ, ალბათ ჩაეძინაო. ფრთხილად დაუწყეს გაღვიძება, მაგრამ ბერი პასუხს არ სცემდა: მამა სერაფიმემ თავისი მოსაგრე ცხოვრება დაასრულა... თვალები დახუჭული ჰქონდა, სახეზე ლოცვა და ღვთისმეტყველება აღბეჭდვოდა. ბერის სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, თითქოს მის სულს ეს-ესაა, დაეტოვებინა თავისი ტაძარი. მაგრამ სიცოცხლისკენ მას უკვე ვეღარავინ შემოაბრუნებდა.
წინამძღვრის კურთხევით, ბერებმა მამა სერაფიმეს სხეული ხელში აიყვანეს და მეზობელ, მღვდელმონოზონ ესტატეს სენაკში დააწვინეს. იქ მას შუბლი და მუხლები დაბანეს, საბერო ხარისხის შესაბამისად შემოსეს, თავის ხის კუბოში ჩააწვინეს და მაშინვე ტაძარში გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც მღელვარება და მწუხარება დაცხრა, გარდაცვლილის სენაკში ნივთების გარჩევისას შეამჩნიეს, რომ წიგნიც, რომელზეც მან სამარადისო ძილით განისვენა, შერუჯულიყო.
წიგნიდან "ღირსი მამა სერაფიმე საროველი და დივეევოს
სავანის ჟამთააღმწერელი", ნაწილი II, თბილისი, 2010