წმინდა ლეონტი XII საუკუნის I ნახევარში დაიბადა მაკედონიის სოფელ სტრუმნიცაში. ერისკაცობაში ლეონი ერქვა.
ჯერ კიდევ ყმაწვილს მამა გარდაეცვალა. მაშინ ლეონმა გადაწყვიტა, კონსტანტინოპოლში წასულიყო და მონაზვნად აღკვეცილიყო. თავის განზრახვაში დასარწმუნებლად სამი დღით მთაში განმარტოვდა, ებრძოდა შიმშილს და შიშველი სხეულით ეკალბარდზე ეძინა.
დედაქალაქში ჩავიდა და გარეუბანში მდებარე პტელიდიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად ლეონტის სახელით. შემდეგ კი სალოსობა დაიწყო, კონსტანტინოპოლელებს თავი გიჟად მოაჩვენა და მათგან მრავალ შეურაცხყოფას დაითმენდა. თავისი უზომო ღვაწლის გამო ღვთის დიდი მოწყალება მოიპოვა. იგი შიშველ ხელისგულზე იდებდა გავარვარებულ ნაკვერჩხალს და ქუჩაში დასვენებული ხატების წინ აკმევდა საკმეველს. ხოლო სიამაყის ცოდვაში რომ არ ჩავარდნილიყო, უფრო მეტად სალოსობდა და ალანძღვინებდა გარშემო მყოფთ თავს.
ერთხელ ლეონტი შეხვდა თავის ეპარქიიდან განდევნილ გალილეის ტიბერიის ეპისკოპოსს, რომელიც დაყუდებულ ცხოვებას ეწეოდა აბხენოლაკის მთაზე და მას დაემოწაფა.
ერთხელ მოძღვარმა ლეონტი ქალაქში საქმეზე გააგზავნა, უკან წამოსვლა დაუგვიანდა და ნავი ვეღარ ნახა, რომლითაც დაბრუნდებოდა. მაგრამ არ უნდოდა მოძღვრის კურთხევა დაერღვია, რომელმაც დაღამებამდე ჩასვლა უბრძანა და ზღვაში ჩავარდა. დინებამ საკვირველი სახით გაიტაცა და მეორე ნაპირზე გადაიყვანა. მთლიანად სველი დაბრუნდა უდაბნოში, სადაც სულიერი მამა ელოდა. კონსტანტინოპოლში ლეონტის ჩასვლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ეპისკოპოსმა წმინდა მიწის მოლოცვა დააპირა, იმ იმედით რომ თავის კათედრას დაიბრუნებდა. გზად ორი დღით კუნძულ პატმოსზე შეჩერდნენ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში, იქიდან კი კვიპროსზე ჩავიდნენ, სადაც ზამთრის შტორმებმა მათ გამგზავრება დიდი ხნით გადაადებინა. ამასობაში ყმაწვილს სურვილი გაუჩნდა პატმოსის კუნძულზე მონასტერში ემოღვაწევა. ამიტომაც, როცა გზები გაიხსნა, მოხუცი მღვდელმთავარი მარტო გაემგზავრა წმინდა მიწაზე, ლეონტი კი პატმოსზე დაბრუნდა. იოანე ღვთისმეტყველის წინამძღვარმა მიიღო ახალგაზრდა მონაზონი, და რადგანაც წვერი არ ამოსვლოდა, კელიაში დარჩენა უბრძანა. განმარტოებამ უფრო მეტი საშუალება მისცა ლეონტის, ლოცვას ჩაღრმავებოდა. ყოველ ღამეს ცრემლებით დაალტობდა სარეცელს. იცემდა სხეულს ლურსმნებჩატანებული ქამრით და გათხრილ სამარეში ძვლებთან ერთად ეძინა. ამასთან ყველანაირ მორჩილებას თავმდაბლად ასრულებდა. იღუმენი ხშირად გამოცდიდა ხოლმე მას და იგი ერთნაირად ხვდებოდა როგორც შექებას, ისე ძაგებას.
ერთხელაც ლეონტიმ ხილვისას ზეციური პური იგემა. მას მერე მეტად გაეხსნა გონება და წმინდა წერილისა, თუ მამათა ნაწერების სიღრმისეულად გაგების ნიჭი მიეცა. საღმრთო წიგნების კითხვისას მასში ენით აუწერელი გრძნობა იბადებოდა და თვითონაც ადვილად წერდა საღვთისმეტყველებო ტრაქტატებს. მონასტერში 25-წლიანი ცხოვრების შემდეგ, თვითონაც გაიზარდა სულიერად. 1154 წელს მას მღვდელ-მონაზვნად ხელი დაასხეს. მღვდლის ხარისხის მიღება მისთვის კიდევ ერთი საბაბი გახდა ძმების წინაშე დამდაბლებულიყო და უფრო მეტი თანაგრძნობით მოპყრობოდა მათ. შემდეგ მას იკონომოსობა ჩააბარეს. ლეონტი დიდის მოშურნეობით შეუდგა დიდი მონასტრისთვის ზრუნვას, არც თავის საბერო კანონს დაუტევებდა. დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათი ეძინა. ამგვარი თავგანწირვისთვის უფალმა მასზე მრავალი წყალობა მოიღო. ერთხელ ლეონტის თავის დღესასწაულზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გამოეცხადა იღუმენის სახით და უბრძანა ადრე გადაეხადა ლიტურგია და ეფესოში წასულიყო იქ მის პატივსაცემად შეკრებილი ქრისტიანების გასახარებლად.
კონსტანტინოპოლში საქმეებზე ყოფნისას ლეონტიმ წმინდა დანიელ მესვეტის მონასტერი მოინახულა, და იქ მოღვაწეობის სურვილი გაუჩნდა. იფიქრა, სავანეში დაბრუნდებოდა და მოძღვრისაგან კურთხევას აიღებდა. მაგრამ, პატმოსზე მისულს იღუმენი ახალი გარდაცვლილი დახვდა. მას კი თავის მემკვიდრედ ლეონტი დაუსახელებია. ამგვარად, წმინდა ლეონტი 1158 წელს პატმოსის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. წმინდა ლეონტი იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ღვთის ნებას. წმინდა ლეონტიმ მარხვა და ლოცვა გააორმაგა. დაფარულმცოდნელი იღუმენი მონაზვნებს ეშმაკის მახეებისგან იცავდა, ძმები მასთან თავიანთ დაფარულ გულისთქმებს ყოველდღიურად აღიარებდნენ. თუ ვინმეს ბრძოლა გაუძლიერდებოდა, მათ ეტყოდა კისერზე ხელი დამადე და მე ვიტვირთავ შენს განსაცდელსო.
იღუმენმა მონასტრის გასაძარცვად მოსული მეკობრეები განდევნა და ისინი მას მერე ღვთის სასჯელის შიშით ვეღარ ბედავდნენ წმინდა ადგილზე თავდასხმას.
1171 წლის ნოემბერში წმინდა ლეონტი მძიმედ ავად გახდა და სნეულების მეთოთხმეტე დღეს მას უფალი გამოეცხადა, აუწყა, რომ პატრიარქი გახდებოდა და კიდევ იმდენ წელს იცოცხლებდა, რამდენი დღეც იავადმყოფა, ანუ ცამეტნახევარი. რაც ზედმიწევნით აღსრულდა.
1172 წელს წმინდა ლეონტი მონასტრის დასაცავად კონსტანტინოპოლში ჩავიდა და კრეტის გუბერნატორს უჩივლა, რომელმაც უარი თქვა მონასტრისთვის ყოველწლიური პურის მარაგის გაგზავნაზე. იმპერატორმა მანუელ კომნენოსმა წმინდა ლეონტის დიდსულიერება რომ დაინახა, მისი კრეტის მთავარეპისკოპოსად კურთხევა მოისურვა, მაგრამ წმინდა ლეონტიმ უარი განუცხადა. მან უარი თქვა, როცა კიევის მიტროპოლიტად კურთხევა დაუპირეს. 1176 წელს იერუსალიმის პატრიარქობაზე დათანხმდა, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება.
იმ დროს იერუსალიმის ეკლესიას ჯვაროსნები აკონტროლებდნენ. წმინდა მიწაზე კათოლიციზმი ინერგებოდა და მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს კათედრიდან ერეკებოდნენ. მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქებს კონსტანტინოპოლში ცხოვრება. წმინდა ლეონტი იერუსალიმის საყდარზე დანიშვნისთანავე პალესტინაში თავის კათედრაზე გაემგზავრა. გზად პატმოსზე, თავის მონასტერში შეჩერდა და იქ მდგომარეობა მოაწესრიგა. ზამთრის შტორმებმა მას როდოსზე მოუსწრეს და იქ შეაჩერეს გაზაფხულამდე. შემდეგი წლის აპრილში კვიპროსში ჩავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილი მიწები მოინახულა. მან წესრიგი აღადგინა თავის ეკლესიაში და აღკვეთა გადასახადების ამკრებთა თავხედობა. ბოლოს მიაღწია აკუმდე (დღევანდელი აკო ისრაელში), სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობდა პატრიარქი, რადგან ლათინებს აკრძალული ჰქონდათ მისთვის იერუსალიმში შესვლა.
ჯერ კიდევ კრეტაზე ყოფნისას წმინდა ლეონტის სასწაულმოქმედის სახელი გაუვარდა. ახლაც, აკუში მასთან უამრავი ასური და ფინიკიელი მოდიოდა სულიერი რჩევისთვის და ლოცვა-კურთხევისთვის.
წმინდა პატრიარქმა საიდუმლოდ მოინახულა იერუსალიმი და უფლის საფლავს თაყვანისცა. სწორედ ამ დღეებში წმინდა ლეონტის ლოცვით გვალვა შეწყდა და იერუსალიმში წვიმა მოვიდა. ეს ხმა მთელ ქალაქში გავრცელდა და ლათინების შური და გაღიზიანება გამოიწვია. ლათინი მთავარეპისკოპოსის ბრძანებით, მკვლელები მთელი ღამე ეძებდნენ წმინდა ლეონტის, მაგრამ მისი სახლში შესვლა ვერ შეძლეს. ხალხში ხმა გავრცელდა თუ როგორ დაიფარა უფალმა თავისი პატრიარქი ცხადი სიკვდილისაგან. ეს ამბავი შეიტყო იმპერატორმა მანუელმა და სთხოვა კონსტანტინოპოლში დაბრუნებულიყო. წასვლის წინ ფრანგებისაგან გამოითხოვა ნებართვა უფლის საფლავისთვის თაყვანი ეცა, თუმცა წირვის ჩატარების ნება მაინც არ მისცეს. დამასკოს ემირმა სალადინმა წმინდა ლეონტი თავისთან მიიწვია და მფარველობას დაჰპირდა. მაგრამ, მან თავაზიანი უარი განუცხადა და კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. დედაქალაქში იმპერატორ მანუელის სიკვდილის დღეს შევიდა. ტახტზე ალექსი II ავიდა, წმინდა ლეონტი მის უკანონო ქორწინებას შეეწინააღმდეგა, რისთვისაც სამეფო კარის კეთილგანწყობა დაკარგა, და გარდამოცემით, ამის გამო ის გადასახლებულიც ჰყავდათ. თუმცა სწორედ კონსტანტინოპოლში აღესრულა იგი ანდრონიკე I კომნენოსის დროს 1186 (ან 1187) წლის 14 მაისს.
გარდაცვლილი პატრიარქის სურათის დასახატად მხატვარი მოიყვანეს, მაგრამ რადგანაც წმინდა ლეონტის სახე მუდმივად იცვლებოდა, მან ვერ შეძლო დახატვა. თითქოს მღვდელმთავარს არ სურდა, რომ მისი პორტრეტისთვის პატივი მიეგოთ. მისი სიკვდილიდან მეოთხე დღეს კუბოში, გარდაცვლილის სხეულიდან ახალი სისხლი წარმოდინდა და მთელ შენობაში ზეციური კეთილსურნელება დატრიალდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი