ეს ღირსსაკვირველი მამა 755 წელს კონსტანტინოპოლში დაიბადა და ქრისტეს მოყვარე და სიკეთით აღვსილ მშობელთა შვილი იყო.
სწორედ დედამ ჩაუნერგა ღვთის სიტყვის სიყვარული, მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, აღზარდა რა სამი ვაჟიშვილი, წუთისოფელს განერიდა და მონაზვნად აღიკვეცა.
დედის მაგალითს მალევე მიბაძა ნიკიფორეს ორმა ძმამ, თავად ნიკიფორე კი ოცდახუთი წლისა შემონაზვნდა და ბითვინიაში, ტრიგლიის სიახლოვეს ირაკლიის მონასტრის იღუმენს, იოსებს დაემოწაფა.
ღვთისგან წინასწარჭვრეტის მადლით ცხებულმა მამამ მაშინვე განჭვრიტა, რომ ნიკიფორე კაცთა სულების მწყემსად იყო მოწოდებული, მონაზვნობის საფუძველნი შეასწავლა და თავისი ოჯახის კუთვნილ ერთ-ერთ მამულში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატივად მონასტრის დაფუძნება უბრძანა.
იმ ჟამმა მრავალი მონაზვნის და ქრისტიანის სიცოცხლე შეიწირა, - ხატმებრძოლთაგან დაღვრილი მოწამეთა და აღმსარებელთა წმინდა სისხლით მიწა მოირწყა, ამიტომ ნიკიფორემ მდუმარება და განმარტოებული ცხოვრება დაუტევა და ადამიანთა დამოძღვრა იწყო.
საიმდროოდ მისი დარი მოღვაწენი ცოტანი იყვნენ, რის გამოც საძმო რცხობრივად სწრაფად გაიზარდა, სავანე მათ ვეღარ იტევდა, ამიტომ წმინდა მამამ მიდიკიად წოდებულ ადგილას მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ძველი ტაძარი აღადგინა, სენაკები ააშენა და წმინდა სერგის სახელზე დიდი მონასტერი დააარსა.
ამ ახალ სამოთხეში თავისი ცხოვრებით და სიტყვით ჰმოძღვრიდა მამებს ნიკიფორე და განუწყვეტელ ლოცვასა და სხვა სიქველეებში განწვრთნიდა.
ძმები სიყვარულსა და მშვიდობაში ჰგიებდნენ და მუდამ განერიდებოდნენ იმას, რასაც მათ შორის განხეთქილების სულის მოზიდვა შეეძლო.
წმინდა ნიკიფორე ნიკეის მეორე საეკლესიო კრების (787 წელი) მონაწილეა, იქიდან მობრუნებულმა მრავალი წელი იღვაწა სავანეში. ამ წმინდა ხუცესის სახიერებაც კი კმაროდა მისი სულიერი ვინაობის შესაცნობად. არავის გაუშვებდა უნუგეშოდ. მისი სიტყვა სულიწმინდით სუნთქავდა და ისევე კურნავდა კაცთა სულებს, როგორც მკურნალნი განამრთელებენ ხორციელად დავრდომილთ.
როდესაც წმინდა ნიკიტა (ხსენება 3 აპრილს) დაემოწაფა, ღირსმა მამამ მყისვე შენიშნა მისი ნიჭი და მღვდლად დაასხა ხელი, გარკვეული ხნის შემსგომ კი ხანმორეულმა და დაუძლურებულმა საიღუმენო ჯვრის ზიდვა ვეღარ შეძლო და სავანის მართვა მასთან ერთად წმინდა ნიკიტას და ათანასეს შესთავაზა.
დიდხანს უარობდა წმინდა მამა მკურნალობას, ბოლოს წმინდა ნიკიტამ დაიყოლია და კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, მანამდე ძმობა შეკრიბა, კიდევ ერთხელ დამოძღვრა, თითოეულს მამობრივად ეამბორა და მემკვიდრედ ნიკიტა დაასახელა.
მკურნალობას, სამწუხაროდ, შედეგი არ გამოუღია, ღირსი მამა უკან დაბრუნდა და ღვთისგან მოახლოებული გარდაცვალება წინასწარ ეუწყა. მგზავრობისას ჯანმრთელობა უარესად შეერყა, რის გამოც ხომალდი კუნძულ ჰალკიდთან შეჩერდა. ღირსი მამა წმინდა ძღვენს ეზიარა და 813 წლის 4 მაისს ღვთივ განისვენა.
რამდენიმე დღის შემდგომ წმინდა მამას წესი მიდიკიის სავანეში აუგეს. გარდაცვლილის სხეული საოცრად კეთილსურნელებდა, სირბილეს ინარჩუნებდა, ღაწვები კი ვარდისფრად შეფაკლვოდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი