ამ მაღალღირსი მამის სახელი უმჭირდოეს კავშირშია წმინდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებასთან,
ამიტომ იერუსალიმის პატრიარქის, წმინდა სოფრომისეულ (VII საუკუნე) თხრობას უნდა ვუხმოთ:
- ვშიშობდი, დუმილით არ დამემალა საღმრთო საქმეები და, მაგონდება, რა სასჯელი ემუქრება საცოდავ მონას (რომელმაც მიბარებული ტალანტი მიწაში დაფლა (მათე 25:18,25), არ შემეძლო, არ გადმომეცა ჩემამდე მოღწეული წმინდა ამბავი.
ნურვინ იფიქრებს, - აგრძელებს წმინდა სოფრომი, - რომ გავბედე სიცრუის აღწერა. თუ ვინმეს, ვინაც ეს საკვირველი ამბავი ისმინა, ეჭვი გაუჩნდება, ვეტყვი, რომ არ შემეფერება, სიწმინდის შესახებ ვიცრუო. ხოლო თუ მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წაიკითხავენ ამ გადმოცემას და არ დაიჯერებენ, უფალმა შეიწყალოს, რადგან ადამიანური უძლურებისამებრ განსჯიან, შეუძლებლად მიიჩნევენ იმ საკვირველ საქმეებს, რომელთაც წმინდა ადამიანები აღასრულებენ.
ახლა კი, დროა, შევუდგეთ თხრობას ჩვენს დროში მომხდარი გასაოცარი ამბისა:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ბერდიდი, წმინდა და დიდად გონიერი. სიყრმეშივე გაუჩნდა სურვილი, ცხოვრება ღვთისთვის მიეძღვნა, წავიდა მონასტერში და პალესტინის ქალაქ ტირში შემონაზვნდა. იმ დროიდან კესარიის მახლობლად ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა. ბერდიდს ზოსიმე ერქვა (ეს ზოსიმე არავის შეეშალოს მწვალებელ ზოსიმეში. მათ მხოლოდ სახელი აკავშირებთ. პირველი, ვის შესახებაც ვსაუბრობთ, მართალი და უფლის მიერ განდიდებული იყო, მეორე კი - მწვალებელი, ავსახელიანი და ეკლესიისგან განდგომილი).
ზოსიმემ გაიარა მმარხველობის, მოსაგრეობის ყველა საფეხური და ყოველ წესს (კანონს) იმარხავდა, რომელიც კი უდიდეს ხუცესთაგან დადგენილა. ამ ყველაფერს აღასრულებდა და, ამავე დროს, არასოდეს წყვეტდა წმინდა წერილის შემეცნებას: - იწვა თუ იდგა, მუშაობდა თუ საზრდელს (თუ შეიძლება საზრდელი ეწოდოს იმ უმცირეს საკვებს, რასაც ის იხმევდა) იღებდა, განუწყვეტლივ და მუდმივად ერთ საქმეს ასრულებდა, - საღმრთო საგალობლებს გალობდა და საღმრთო წიგნებში სულისთვის სარგოს ეძიებდა.
როგორც ზემოთ ვთქვით, იგი მონასტერში სიყრმეშივე მიაბარეს და ორმოცდაცამეტ წლამდე მარხვაში განიწაფებოდა. ამგვარი ღვაწლის შემდეგ ღირს ზოსიმეს გაუჩნდა აზრი, რომ უკვე მიაღწია სრულყოფილებას და მეტად აღარ საჭიროებდა დარიგებას.
"ნეტავ, არის კი დედამიწაზე ბერი, - ფიქრობდა ზოსიმე, - რომელიც შეძლებს, დამარიგოს და მიჩვენოს მარხვის იმგვარი მაგალითი, რომელიც ჯერ არ განმიცდია? მოიძებნება კი უდაბნოში კაცი, რომელიც მე აღმემატება?!"
ბერდიდი ამ ფიქრებში იყო, ანგელოზი რომ გამოეცხადა და უთხრა:
- ზოსიმე! შენ გულმოდგინედ იღვაწე იმდენად, რამდენადაც ეს კაცის ბუნებას ძალუძს, მაგრამ არ არის კაცი, ვისაც საკუთარ თავზე შეეძლოს თქმა, რომ სრულ იქმნა. არსებობს ღვაწლიც, რომლის შესახებაც არა უწყი და შენ მიერ გავლილ ღვაწლზე უძნელესია. იმისთვის, რათა გაიგო, რამდენი გზაა მოსაგრეობისა, რომელთაც ცხონებასთან მივყავართ, დატოვე შენი ქვეყანა, როგორც ერთ დროს სახელოვანმა პატრიარქმა აბრაამმა (დაბ. 12:1) დაუტევა სამშობლო და წადი მონასტერში, რომელიც მდინარე იორდანეს პირასაა (ეს მონასტერი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო, რომელიც საბოლოოდ 1651 წელს განადგურდა).
ზოსიმე მიენდო სიტყვას ანგელოზისას, დაუტევა სავანე, რომელშიც სიყრმითგან მოსაგრეობდა, იორდანეს მიაშურა და იმ მონასტერს მიადგა, რომელისკენაც უფალმა მოუწოდა.
მონასტრის კარის შეღებისთანავე ზოსიმემ კარიბჭის მცველი ბერი იხილა და ვინაობა გაუმხილა. ბერმა სტუმრის მობრძანება იღუმენს აუწყა, რომელმაც თავისთან მიიპატიჟა. ზოსიმე იღუმენს წარუდგა, ჩვეულებისამებრ, ბერულად თაყვანი სცა და ლოცვა წართქვა.
- საიდან მოსულხარ, ძმაო, - ჰკითხა იღუმენმა, - და რისთვის გვწვევიხარ ჩვენ, გლახაკ ბერიკაცებს?
ზოსიმემ მიუგო:
- მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოველ, მაგრამ იმისთვის კი გეახელით, რომ სულიერ სიკეთეს ვეძიებ. რადგან მრავალი რამ დიდებული და საქებარი მსმე¬ნია თქვენზე, ისეთი, რაც ღმერთთან მიახლებაში შეგვეწევა.
- ძმაო, - უპასუხა იღუმენმა, - მხოლოდ ღმერთს ძალუძს ჩვენი სულიერი უძლურებების განკურნება. დაე, მან დაგვმოძღვროს, თუ საით ვიდოდეთ, რომ სული ვიხსნათ, ხოლო კაცს არ ძალუძს კაცის კურნება, თუ განუწყვეტლივ არ შეიცნობს საკუთარ თავს და დაუზარებლად, ღმრთის შეწევნით, არ აღასრულებს ღვაწლს. მაგრამ, რადგან ქრისტეს სიყვარულმა აღგძრა ჩვენს სანახავად, დარჩი ჩვენთან, რაკი ამისთვის მოსულხარ. მწყემსმა კეთილმა, რომელმან სული თვისი დადო ცხოვართათვის, გვიწყა¬ლობოს ყველას მადლი სულისა წმიდისა.
ამ სიტყვების შემდეგ ზოსიმემ თაყვანი სცა იღუმენს, ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვა და მონასტერში დარჩა. აქ მან მრავალი ქველი მოღვაწე იხილა, თავიანთი ცხოვრებით ანგელოზთ რომ შეჰგავდნენ, გულმხურვალედ, განუწყვეტელი გალობით და მუდმივი შრომით მსახურებდნენ უფალს, დაუცადებლად ილოცვიდნენ და წარმავალ სიკეთეთა და ამა სოფლის სიამეთა შესახებ არა უწყოდნენ რა.
ამ მოსაგრეთა მთავარი საზრდელი - ღმრთის სიტყვა იყო, ხოლო სხეულს ოდენ ხმელა პურითა და წყლით ასაზრდოებდნენ, ზოსიმე კი, მხილველი ამ ღვთისკაცთა ენით უთქმელი ღვაწლისა, განისწავლებოდა და სულიერად წარემატებოდა.
გამოხდა ხანი, დიდმარხვა მოახლოვდა და მონასტრის კარიც ჩაიკეტა. ეს იყო უდაბური ადგილი, რომლის არსებობის შესახებ ერისკაცებმა არაფერი იცოდნენ.
ამ სავანეს ჰქონდა ჩვეულება, რის გამოც სწორედ აქ მოიყვანა ზოსიმე ღმრთის განგებამ: - დიდი მარხვის პირველ კვირას, წირვაზე, ყველა ეზიარებოდა უფლის პატიოსან ხორცსა და სისხლს და ხორცის სანუგეშოდ მცირეოდენ საზდრელსაც იხმევდნენ, შემდეგ ტაძარში შეი¬ყრებოდნენ და ხანგრძლივი, მუხლმოყრით ლოცვების შემდგომ ერთურთს ემშვიდობებოდნენ, მიდიოდნენ იღუმენთან და მომავალი ღვაწლისთვის მისგან კურთხევას გამოითხოვდნენ.
მხოლოდ ამის შემდგომ განიხვნებოდა მონასტრის კარიბჭე და ფსალმუნის გალობით:
- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?" (ფსალმ. 26:1), ბერები მონასტერს ტოვებდნენ და იორდანეს გაღმა უდაბნოში გადიოდნენ.
მონასტერში რჩებოდა ერთი ან ორი ბერდიდი, არა ქონების დასაცავად, რადგან მოსაპარი იქ არაფერი იყო, - არამედ იმისთვის, რომ ტაძარში ღმრთისმსახურება არ შეწყვეტილიყო. თითოეულ ძმას თან მცირედი საკვები მიჰქონდა, რამდენის წაღებაც შეეძლო და სჭირდებოდა: ერთს მხოლოდ მცირედი პური მიჰქონდა, სხვას - ლეღვი, ვის - ფინიკი ან წყალში დამბალი ხორბალი. ზოგს საერთოდ არაფერი მიჰქონდა იმის გარდა, რაც ემოსა და შიმშილს უდაბნოს ბალახით იკლავდა.
იმის შემდეგ, რაც იორდანეს გადავიდოდნენ, ყველანი სხვადასხვა მხარეს გაიფანტებოდნენ და აღარაფერი უწყოდნენ, თუ როგორ მარხულობდა ან იღვწოდა ესა თუ ის თანამოძმე. თუ ვინმე სადმე სხვას თვალს მოჰკრავდა, სხვა მხარეს წავიდოდა და განუწყვეტელ ლოცვასა და განმარტოებაში განლევდა დღეებს, საზრდოდ კი მცირედს სჯერდებოდა.
ასე ატარებდნენ ბერები მთელ დიდ მარხვას და მონასტერში ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულისთვის, ბზით ხელში ბრუნდებოდნენ. ძმათაგან არც ერთი არ ეკითხებოდა მეორეს, როგორ განლია ეს დრო უდაბნოში და რა ღვაწლი იდო თავს, რადგან მსაჯულად მხოლოდ საკუთარი სინდისი ჰყავდათ. ასეთი იყო იორდანესპირა მონასტრის განაწესი.
ზოსიმემაც, იმ მონასტრის წესისამებრ, წმინდა მდინარე გადალახა, ხორციელი უძლურების გამო თან მცირე საკვები და ის სამოსი წაიღო, რომელსაც მუდმივად ატარებდა. უდაბნოში მიმოდიოდა და თავი ლოცვისთვის მიეცა, საზრდელისაგან კი, ძალისამებრ, თავს იკავებდა. ძილითაც მცირე ხანს თუ წასთვლემდა ხოლმე, - სადაც დაუღამდებოდა, მიწაზე მჯდომი იქვე იძინებდა, უთენია კი კვლავ თავის ჯვარს შეუდგებოდა.
დრო გადიოდა და უდაბნო უფრო და უფრო იზიდავდა და სწყუროდა, იქ ეპოვნა ის, ვინც სულიერ მამობას გაუწევდა.
ოცდღიანი მოგზაურობის შემდეგ, ერთხელაც შეჩერდა, აღმოსავლეთით მიბრუნდა და მეექვსე ჟამნის ლოცვა იწყო. უეცრად მარჯვნიდან ადამიანის ჩრდილი შენიშნა. შეკრთა და, რადგან ეს ეშმაკის მანქანება ეგონა, პირჯვარი გამოისახა. როდესაც შიშმა გაუარა და ლოცვა დაასრულა, სამხრეთისკენ მიბრუნდა და იხილა, რომ შორიახლოს, მზისგან გაშავებული შიშველი ადამიანი იდგა, თოვლივით თეთრი თმა კისრამდე სწვდებოდა. დიდად გახარებული ზოსიმე მისკენ გაიქცა, რადგან დიდი ხანი იყო, რაც არათუ კაცი, პირუტყვიც კი არ ენახა.
მაგრამ, როგორც კი უცნობმა თვალი ჰკიდა, გაიქცა და უდაბნოს სიღრმეს შეერთო. ზოსიმეს თითქოს დაავიწყდა თავისი სიბერე, დაქანცულობა და გაქცეულს გაეკიდა, მაგრამ უცნობი კვლავ გაურბოდა.
როგორც იქნა, ზოსიმე უცნობს ხმის მისაწვდენ მანძილზე წამოეწია და ცრემლმორეულმა მიაძახა:
- მონაო ჭეშმარიტი ღმერთისა, რომლის გულისთვისაც დასახლებულხარ უდაბნოში, რად გამირბი, მე ცოდვილ მოხუცს? დამიცადე, მე უღირსსა და უძლურს! შეჩერდი, ილოცე ჩემთვის და ღმრთისთვის, რომელიც ყველა მასთან მისულს შეიწყნარებს, მიბოძე კურთხევა!
ამგვარად მისძახოდა უცნობს მიდევნებული და ატირებული ზოსიმე. ამასობაში ღარტაფს მიაღწიეს, - დამშრალი მდინარის კალაპოტის მსგავს ადგილს. გაქცეულმა მეორე მხარეს მიაშურა, დაუძლურებულმა ზოსიმემ კი, რომელსაც უკვე სირბილის ძალაც აღარ ჰქონდა, უმატა მოთქმა-ვედრებას და შეჩერდა. მაშინ უცნობიც შეჩერდა, მოუბრუნდა და უთხრა:
- აბბა ზოსიმე! ღვთის გულისათვის, მაპატიე, რომ არ შემიძლია შენ წინაშე წარვდგე, რამეთუ დედაკაცი ვარ და, როგორც ხედავ, შიშველს, საკუთარი სიშიშვლე ვერაფრით დამიფარავს. მაგრამ, თუ გსურს, რომ ცოდვილი დამლოცო და მაკურთხო, მაშინ შენი სამოსლიდან რაიმე გადმომიგდე, რომ მოვიფარო და მაშინ მოვალ შენთან კურთხევისათვის!
შიშმა და ძრწოლამ მოიცვა ზოსიმე, როდესაც ესმა საკუთარი სახელი იმ ადამიანისგან, რომელიც არასოდეს ეხილა და რომელზეც არასდროს არაფერი სმენოდა.
"დაფარულმცოდნელი, რომ არ იყოს, - იფიქრა მან, - ჩემს სახელს არ მეტყოდა".
ზოსიმემ სწრაფად შეასრულა უცნობის თხოვნა, გაიხადა ძველი, გაცრეცილი ტანისამოსი და ზურგშექცეულმა გადაუგდო უცნობს. ქალმა სამოსი აიღო, ჩაიცვა და, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, სიშიშვლე დაიფარა. შემდეგ მიუბრუნდა ზოსიმეს:
- აბბა ზოსიმე, რატომ ისურვე ჩემისთანა ცოდვილი დედაკაცის ხილვა? გინდა, რაიმე ისმინო ან ისწავლო ჩემგან და ამიტომ არ დაიზარე, შედგომოდი ასეთ მძიმე გზას?
ზოსიმე მიწაზე დაეცა და კურთხევა სთხოვა. უცნობმაც თავი მოიდრიკა, მიწამდე მოიხარა და ასე ორივე, მიწაზე გართხმულები ითხოვდნენ ერთმანეთისგან კურთხევას, მხოლოდ ერთი სიტყვაღა ისმოდა: - "მაკურთხე"! კარგა ხნის შემდგომ უცნობმა დედაკაცმა უთხრა ბერდიდს:
- აბბა ზოსიმე! თავად უნდა მაკურთხო და ილოცო ჩემთვის, რამეთუ მღვდლობის ხარისხით ხარ შემოსილი, უკვე მრავალი წელია, ღვთის წმინდა საკურთხეველში წმინდა ლიტურგიას აღასრულებ!
ამ სიტყვებმა ბერდიდი კიდევ უფრო შეაშინა და ცრემლით ავსებულმა, მღველვარებისგან სუნთქვაშეკრულმა თრთოლით უთხრა უცნობს:
- ო, სულიერო დედაო! ღმერთს იმდენად მიახლებიხარ, რომ ხორციელი უძლურებები მოგიკვდინებია. ღმრთის ნიჭი შენზე უფრო გაცხადებულად გამოვლინებულა, ვიდრე ჩემზე: - არასოდეს გინახავარ და სახელით მომმართავ, არ მიცნობ და იცი, რომ მღვდელი ვარ. ამიტომაც უმჯობესია, შენ მაკურთხო ღმრთის გულისთვის და შემავედრო უფალს.
ბერდიდის დაჟინებით შეძრულმა ქალმა ზოსიმე ამგვარად აკურთხა:
- კურთხეულ არს ღმერთი, რომელსაც ნებავს კაცთა სულების ცხონება!
- ამინ! - უპასუხა ზოსიმემ და ორივე წამოიმართა. მაშინ დედაკაცმა:
- ღმრთის კაცო, რად ისურვე შიშველი და ყოველგვარ სათნობათაგან განძარცული დედაკაცის ხილვა? მაგრამ სულიწმიდის მადლმა მოგიყვანა, რათა, როდესაც საჭირო იქნება, ყველას აუწყო ჩემი ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ. მითხარი, მამაო, როგორ ცხოვრობენ ამჟამად ქრისტიანები, მეფე და წმინდა ეკლესია?
- თქვენი წმინდა ლოცვებით, - უპასუხა ზოსიმემ, - ღმერთმა მტკიცე მშვიდობა მიჰმადლა ეკლესიას. მაგრამ შეისმინე თხოვნა უღირსი ბერიკაცისა და ევედრე უფალს მთელი ქვეყნისა და ჩემთვის, ცოდვილისათვის, რათა უნაყოფოდ არ ჩაიაროს უდაბნოში ჩემმა ხეტიალმა.
- უფრო სწორი იქნება, მამა ზოსიმე, - უპასუხა მან, - როგორც მღვდელმსახურმა, შენ ილოცო ყველასთვის და, მათ შორის, ჩემთვისაც, რადგან სწორედ ეს არის შენი სამსახური. თუმცა, მორჩილებით აღვასრულებ შენს სათხოვარს!
ესა თქვა, აღმოსავლეთისკენ შებრუნდა, თვალნი ზეცად აღაპყრო, ხელები ზეაღმართა და ლოცვა ჰყო, მაგრამ ისე უხმოდ, რომ ზოსიმეს არც მისი სიტყვა გაუგია და არც - შინაარსი, მის გვერდით კრძალვით იდგა და თავი დაეხარა.
- უფალია მოწმე, - იგონებდა მოგვიანებით ზოსიმე, - რომ როდესაც თავი ავწიე და წმინდანს შევხედე, ვიხილე, ერთი წყრთის სიმაღლეზე ამაღლებულიყო მიწიდან და ასე, ჰაერში ლოცულობდაო.
ამის მოწმე ღირსი მამა ძრწოლამ მოიცვა, მიწას განერთხა და ერთსღა ღაღადებდა:
- უფალო, შემიწყალე!
მაგრამ უეცრად ერთმა აზრმა ააფორიაქა, მოჩვენება ან სული ხომ არ იყო ეს, რომელიც ვითომცდა ღმრთისადმი ხელაპყრობილი ლოცულობდა. მაგრამ წმინდანმა წამოაყენა და უთხრა:
- რად გაშფოთებს, ზოსიმე, აზრი მოჩვენებაზე, რატომ ფიქრობ, რომ მე მოჩვენება ვარ, რომელიც ლოცულობს? გევედრები, ნეტარო მამავ, გჯეროდეს, რომ ცოდვილი დედაკაცი ვარ. მე სული კი არა, მიწა, ფერფლი და ნაცარი ვარ, რომელსაც ფიქრადაც კი არ მოსვლია, სული ყოფილიყო!
ესა თქვა და შუბლზე, თვალებზე, პირსა და მკერდზე ჯვარი გამოისახა და განაგრძო:
- გვაშოროს ღმერთმა ბოროტის მახე და მისი მზაკვარება, რადგან დიდად იბრძვის ის ჩვენ წინააღმდეგ.
ასეთი სიტყვები რომ ესმა, ბერდიდი შეუვრდა წმინდანს და ცრემლმორეულმა შესძახა:
- სახელითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, ღმრთისა ჭეშმარიტისა, შობილისა ყოვლადწმინდისა ქალწულისგან, რომლისთვისაც შენ, შიშველს, ასე მოგიკვდინებია შენი ხორცი, გლოცავ და გაფუცებ, არ დამიმალო, არამედ ყველაფერი მამცნე შენს ცხოვრებაზე, რათა განვადიდო უფლის განგებულება.
ღმრთის გულისთვის, ყველაფერი მითხარი არა კვეხნისთვის, არამედ იმისთვის, რათა მომეცეს მე ცოდვილსა და უღირსს სულიერი სარგებლობა. მწამს ჩემი ღმრთისა, რომლისთვისაც შენ ცოცხლობ, რომ ამ უდაბნოში იმიტომ მომიყვანა, რათა განედიდებინა შენი საქმეები. ღმრთის გზები მიუწვდომელია და არვის ძალუძს, მას წინ აღუდგეს. ღმერთისთვის სათნო რომ არ ყოფილიყო შენი ღვაწლის გაცხადება, არც მე გამიმხელდა და უდაბნოს შორეულ გზაზე არ გამაძლიერებდა.
ბევრს ევედრა და არწმუნა ზოსიმემ დედაკაცი, ის კი მიუგებდა:
- მომიტევე, წმინდაო მამაო, მეკრძალვის ჩემი ბილწი და სამარცხვინო ცხოვრების შესახებ თხრობა.
მაგრამ როგორც ჩემი შიშველი სხეული იხილე, ასევე განვაშიშვლებ შენ წინაშე ჩემს სულს და შეიტყობ, თუ რაოდენ სამარცხვინოა იგი. ვაღიარებ შენ წინაშე და თავმომწონეობის გარეშე შენს მსგავსად ვიტყვი, არაფერი მაქვს საამაყო მე, ეშმაკის რჩეულ ჭურჭელს!
ჩემი ცხოვრების შესახებ თხრობა რომ ვიწყო, ისე განმერიდები, როგორც - ასპიტს, რამეთუ ყურნი შენნი ჩემი თავქარიანობისა და გარყვნილების სიღრმეს ვერ აიტანენ, მაგრამ, რადგან გსურს, დაუფარავად ყოველივეს გიამბობ, მხოლოდ გთხოვ, ოდეს გავასრულებ, ილოცე ჩემთვის, რათა მცირედი წყალობა მაინც ვპოვო განკითხვის დღეს!
ბერდიდი გულამოსკვნით ტიროდა და ევედრებოდა, მოეთხრო საკუთარ ცხოვრებაზე და მანაც უამბო:
- მე, წმინდაო მამაო, ეგვიპტეში დავიბადე, მაგრამ უკვე 12 წლისამ, როდესაც ჩემი მშობლები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, უარვყავი მათი სიყვარული და ალექსანდრიას გავემართე (სახელგანთქმული ქალაქი, რომელიც დააარსა ალექსანდრე მაკედონელმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მდინარე ნილოსის შესართავთან. რომის შემდეგ ალექსანდრია პირველი ქალაქი იყო მსოფლიოში და წარმოადგენდა ვაჭრობის, მრეწველობისა და, განსაკუთრებით, წარმართული განათლების ცენტრს. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში კი - ქრისტიანული განმანათლებლობის კერას).
თუ როგორ დავკარგე ქალწულობის სიწმინდე და მივეძალე დაუცხრომელ გარყვნილ მეძაობას - ამის შესახებ არათუ ვრცლად მოყოლა, არამედ სინდისის უქენჯნელად ფიქრიც კი არ ძალმიძს. მხოლოდ მოკლედ გეტყვი, რათა შეიტყო ჩემი თავშეუკავებელი ვნების შესახებ: - ჩვიდმეტი წელი და უფრო მეტიც, ვმეძაობდი ყველასთან, არა საჩუქრებისა და საფასურისთვის, რადგან არავისგან არაფრის აღება არ მსურდა, არამედ, როგორც ვფიქრობდი, უსასყიდლოდ უფრო მეტი მამაკაცი მომეძალებოდა და დააკმაყოფილებდა ჩემს ვნებას. არ იფიქრო, თითქოსდა მდიდარი ვიყავი და ამიტომაც არ მსურდა საფასური. არა, სიღარიბეში ვცხოვრობდი და შიმშილით სული რომ არ ამომხდომოდა, ზოგჯერ ბამბას ვართავდი, მაგრამ ყოველთვის შეპყრობილი ვიყავი ვნებით და სულ უფრო და უფრო ვეფლობოდი სიძვის ჭაობში: - ჩემი ცხოვრება ერთი დიდი უწმინდურება იყო...
ერთხელაც, მოსავლის აღების დროს, ვიხილე, რომ მრავალი ეგვიპტელი და ლიბიელი მამაკაცი ზღვისკენ მიემართებოდა. ერთ გამვლელს ვკითხე, - საით მიიჩქარით-მეთქი?
- იერუსალიმში მიდიან, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულზეო. თან ხომ არ წამიყვანენ - მეთქი?
- ფული და საჭმელი თუ გაქვს, დამგზავრებაზე უარს არავინ გეტყვისო. ვუთხარი:
- არა, ძმაო, არც ფული მაქვს, არც საჭმელი, მაგრამ მაინც წამოვალ და ჩავჯდები თქვენთან ერთად ხომალდში, ისინი მე დამაპურებენ, საფასურს კი სხეულით გადავუხდი მეთქი.
წასვლა იმიტომ მინდოდა, რომ, მომიტევე, მამაო, გარს ვნებით ატანილი მრავალი მამაკაცი მერტყა. ხომ გეუბნებოდი, მამა ზოსიმე, ჩემი სირცხვილიანი ცხოვრების ამბის მოსმენაც კი აუტანელი და საძაგელია-მეთქი! ღმერთია მოწმე, მეშინის, ჩემი სიტყვებით ჰაერი არ შევბილწო!
ახალგაზრდამ ჩემი ურცხვი სიტყვა რომ გაიგონა, გაიცინა და გამშორდა, მე კი უსირცხვილოდ მივირბინე ზღვასთან. თვალი მიმოვავლე... მოგზაურთა შორის ათი თუ მეტი მამაკაცი იყო, ახალგაზრდები და ვიფიქრე, რომ ისინი მოუხდებოდნენ ჩემს ვნებას, სხვები უკვე გემზე იყვნენ ასულები. მივედი მათთან და ვუთხარი:
- თქვენთან წამიყვანეთ, მოგემსახურებით მეთქი!
მათ გაიცინეს ამ და მსგავს სიტყვებზე, იხილეს რა ჩემი უსირცხვობა, თან წამიყვანეს და გავცურეთ იერუსალიმისკენ.
კაცო ღვთისაო, როგორ გითხრა, რა იყო ამის შემდეგ? ენა ვერ აღწერს და ყური ვერ მოისმენს იმ სამარცხვინო საქმეებს, რაც ამ მოგზაურობისას აღვასრულე: - ცოდვაში ვითრევდი იმათაც კი, ვისაც ეს არ სურდა და არ არსებობს სამარცხვინო საქმე, რომელიც მე არ მესწავლებინოს მათთვის.
დამიჯერე, მამაო, შეძრწუნებული ვარ, როგორ დაითმინა ზღვამ ესოდენი გარყვნილება, როგორ არ გაიპო მიწა და არ დამნთქა ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩემ მიერ უამრავი შეცდენილი ადამიანის გამო! მაგრამ, ვფიქრობ, ღმერთი ელოდა ჩემს სინანულს და არ სურდა ცოდვილის წარწყმედა, არამედ მოთმინებით ელოდა ჩემს მოქცევას.
ამგვარი გრძნობით ჩავედი იერუსალიმში და დღესასწაულამდე მთელი ის დღები ძველებურად ვიქცეოდი, უარესადაც. მარტო იმ ახალგაზრდებით კი არ ვკმაყოფილდებოდი, რომლებიც გემზე ჩემთან ერთად იყვნენ, ვმეძაობდი ადგილობრივთა და მოგზაურთა შორისაც. ბოლოს დადგა პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღესასწაულიც.
როგორც ადრე, ახლაც ახალგაზრდების საცთუნებლად გავეშურე. დავინახე, როგორ მიდიოდა ხალხი ეკლესიაში დილიდანვე, მეც მათ გავყევი და ასე, ყველასთან ერთად, ტაძრის სტოამდე შევაღწიე.
ოდეს დადგა ჟამი უფლის პატიოსანი ჯვრის ამაღლებისა, ხალხთან ერთად ტაძარში შესვლა მეც მოვისურვე.
როგორც არ მოვინდომე, შევმძვრალიყავი ტაძარში, ხალხის მასა უკან მაგდებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დიდი გაჭირვებით ეკლესიის კარიბჭეს მივუახლოვდი მე უკეთური. ყველა თავისუფლად შედიოდა ტაძარში ჩემ გარდა, - რაღაც ღვთაებრივი ძალა მაკავებდა.
ისევ მოვინდომე შესვლა, მაგრამ კვლავ განმაგდო უხილავმა ძალამ. სტოაში სრულიად მარტო დავრჩი. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ქალური უძლურების გამო ხდებოდა.
ხალხის ახალ ჯგუფს შევუერთდი და ისევ მოვინდომე ტაძარში შესვლა, მაგრამ ჩემი მცდელობა ამაო აღმოჩნდა...
ჩემი ცოდვილი ფეხი უკვე ეხებოდა ეკლესიის ზღურბლს, მაგრამ შიგ ვერ შევდიოდი. ტაძარი განურჩევლად ღებულობდა ყველას, ჩემ გარდა. თითქოსდა კართან მეომართა მრავალრიცხოვანი ჯარი დამდგარაო, უხილავი ძალა მაკავებდა და უკან მაგდებდა.
ისევ და ისევ მარტო ვრჩებოდი სტოაში. ასე განმეორდა სამჯერ თუ ოთხჯერ, ღონეს ვიკრებდი, მაგრამ ამაოდ.
ბოლოს იმდენად დავუძლურდი, რომ უკვე შემსვლელთა ბრბოში შერევასაც ვეღარ ვახერხებდი, მთელი სხეული მტკიოდა სივიწროვისა და სიმჭიდროვისგან. სასოწარკვეთილმა სირცხვილით დავიხიე უკან და სტოას კუთხეში დავდექი.
გონს რომ მოვეგე, იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რა ცოდვა არ მაძლევდა უფლებას, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მეხილა და მაშინ მაცხოვნებელი სიბრძნის ნათელმა, ღმრთის სიმართლემ, რომელიც განანათლებს ყოველ კაცს და განუხვნის სულიერ თვალებს, ჩემს გულსაც შეეხო და მიმანიშნა, რომ ჩემი საძაგელი საქმენი არ მიშვებდა ღვთის სახლში.
მაშინ მწარედ ვიტირე, მოთქმით და ქვითინით მკერდზე მუშტებს ვირტყამდი და გულამოსკვნილი ვგოდებდი...
ასე ვტიროდი თავდახრილი სტოაში... თავი რომ ავწიე, კედელზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე, მისკენ მივმართე ხორციელი და სულიერი მზერა და ხმამაღლა შევღაღადე:
- ჰოი, დედოფალო, ქალწულო, ღმერთის ხორციელად მშობელო! ვუწყი, რომ არავინ არს შენზე წმინდა და დიდებული, მაშინ, როცა მე უწმინდური და შებილწული, ვუმზერ შენს მარადქალწულის სახებას, სულით და ხორცით წმინდას. სამართლიანად უგულებელმყო შენმა ქალწულებრივმა სისპეტაკემ მე, მეძავი და გარყვნილი.
მაგრამ, მსმენია, შენგან შობილი ღმერთი იმიტომ განკაცდა, რათა მოუწოდოს ცოდვილთ სინანულისკენ. მოდი ჩემთან, ყველასგან მიტოვებულთან, და შემეწიე! უბრძანე, რათა აღარ დავბრკოლდე ეკლესიაში შესვლისას, მომეც შესაძლებლობა, ვიხილო პატიოსანი ძელი, რომელზეც ხორციელად გააკრეს შენგან შობილი ძე, ვინც ყველა ცოდვილთა ცხონებისათვის და ჩემთვისაც დაღვარა თავისი წმინდა სისხლი.
უბრძანე, დედოფალო, რათა ჩემნაირ უღირსსაც გაეღოს ეკლესიის კარი, რათა ღვთაებრივ ჯვარს თაყვანი ვცე!
იყავ ჩემი ერთგული შუამდგომელი შენი ძის წინაშე, რადგან მე ამიერიდან აღარ შევბილწავ ჩემს სხეულს მეძაობით, არამედ, ძელიცხოვლის ხილვის შემდეგ, უარვყოფ სოფელს და მის საცთურებს, და წავალ იქ, საითკენაც შენ გამიძღვები, ჩემი ცხოვნების შუამდგომელო!
აი, ამგვარად ვევედრებოდი ღვთისმშობელს. რწმენითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწყალებით გამხნევებული და თითქოსდა ვიღაცის მიერ წაქეზებული, დავიძარი იმ ადგილიდან, სადაც ვლოცულობდი და ტაძარში შემსვლელთა ნაკადს შევუერთდი.
ამჯერად არავინ მაგდებდა და არავინ მიშლიდა ხელს. შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო, ავცახცახდი. კარს რომ მივაღწიე, რომელიც ადრე ჩემთვის დაკეტილი იყო, დაუბრკოლებლად შევედი წმინდა ეკლესიის შიგნით და ცხოველმყოფელი ჯვრის ხილვის ღირსი შევიქენ.
შევიმეცნე ღმრთის საიდუმლო, რომ ღმერთი არ განაგდებს არც ერთ მონანულს. დავემხე მიწაზე, თაყვანი ვეცი უფლის პატიოსან ჯვარს და თრთოლით ვეამბორე ყველა მხრიდან. შემდეგ ისევ გამოვედი ეკლესიიდან და ჩემი მეოხი ღვთისმშობლის ხატის წინ დავდექი, მუხლი მოვიყარე მის წინაშე და ასე მივმართე:
- ჰოი, მარადნეტარო ქალწულო, ყოვლადწმინდაო დედოფალო ღვთისმშობელო, რომელმან არ უგულებელჰყავ ჩემი ვედრება და მიჩვენე შენი დიდი კაცთმოყვარეობა. მე, ბილწი და უღირსი, უფლის დიდების ხილვის ღირსი გავხდი. დიდება ღმერთს, რომელიც შენი მეოხებით ცოდვილთა სინანულსა და ვედრებას შეიწყნარებს!
აი, ყოველივე ის, რისი ფიქრიც და სიტყვებით გამოთქმა შემიძლია. ახლა კი დროა, ღვთისმშობელო, აღვასრულო ის, რაც შეგპირდი და როცა მეოხად მოგიწოდე: - დამმოძღვრე,როგორც შენი წმინდა ნება იქნება და მასწავლე, სინანულის გზაზე ჩემი ცხონება როგორ დავასრულო.
ამის შემდეგ თითქოსდა შორიდან ხმა მომესმა:
- იორდანეს თუ გადახვალ, სულიერ განსვენებას პოვებ!
რწმენით ვისმინე ეს სიტყვა და ვირწმუნე, რომ ისინი ჩემდამო იყო მომართული, ცრემლებით შევხედე ყოვლადწმინდა დედოფლის ხატს (ეს ხატი, რუსი ჟამთააღმწერლების გადმოცემით, შემდგომში გადაიტანეს კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარში) და შევღაღადე:
- დედაო ღვთისმშობელო, ნუ დამიტევებ! - ამ სიტყვებით გამოვედი ეკლესიის სტოადან და წინ გავეშურე.
გზაზე ვიღაცამ სამი მონეტა მომცა და მითხრა:
- წაიღე ეს, დედაო!
მონეტები გამოვართვი, სამი პური ვიყიდე და გამყიდველს იორდანესკენ მიმავალი გზა ვკითხე, შევიტყვე, რომელი კარით გავყავდი იმ მხარეს და აცრემლებული სწრაფად წავედი.
ხეტიალში გავატარე მთელი დღე, შემხვედრთ გზას ვეკითხებოდი და იმ დღეს, როცა მე მესამე ჟამს ქრისტეს წმინდა ჯვარი ვიხილე, უკვე მზის ჩასვლისას, მდინარე იორდანესთან მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერთან მივედი. ეკლესიაში ვილოცე, შემდეგ იორდანეში შევედი და მისი წმინდა წყლით ხელ-პირი დავიბანე.
ეკლესიაში დავბრუნდი, ვეზიარე ქრისტეს წმინდა და ცხოველმყოფელ საიდუმლოს. შემდეგ ნახევარი პური შევჭამე, დავლიე იორდანეს წყალი და მიწაზე დავიძინე.
დილით, ადრიანად, ვიპოვე პატარა ნავი, რომლითაც გადავედი მდინარის მეორე ნაპირზე და ვილოცე ღვთისმშობლისადმი და ჩემს წინამძღვარსა და მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ჩემი თავი სრულად მივანდე.
ასე გავედი უდაბნოში, სადაც დღემდე ვრონინებ, მომლოდინე ღმრთის წყალობისა, რომელსაც, მე ღმერთი მომცემს ჩემი სულიერი და ხორციელი ტანჯვისთვის.
ზოსიმემ ჰკითხა:
- რამდენი წელია, რაც დამკვიდრდი ამ უდაბნოში?
- ვფიქრობ, - უპასუხა მან, - უკვე ორმოცდაშვიდი წელი გავიდა, რაც წმინდა ქალაქი დავტოვე.
- და რითი იკვებები? - კვლავ ჰკითხა ზოსიმემ.
- იორდანეს რომ გადმოვედი, - უპასუხა წმინდანმა, - ორ-ნახევარი პური მქონდა. ისინი თანდათან გამოხმა და გაქვავდა. ამიტომაც სულ მცირე ლუკმას ვჯერდებოდი და რამდენიმე წლის განმავლობაში იმით ვიკვებებოდი.
- როგორ შეძელი, ამდენი ხანი გეცხოვრა უდაბნოში და არანაირ საცთურს არ შეეწუხებინა შენი სული?
- მამა ზოსიმე, მეშინია შენს კითხვაზე პასუხის გაცემა: როცა გავიხსენებ იმ უბედურებებს, რაც გულისთქმებისგან განვიცადე, ვკრთი, კვლავ არ დამეუფლონ.
- არაფერი გამოტოვო, ქალბატონო, შენს თხრობაში, - მიუგო ზოსიმემ, - მე იმიტომაც გკითხე, რომ ყველაფერი დაწვრილებით გავიგო შენი ცხოვრების შესახებ.
მაშინ წმინდანმა უთხრა:
- დამიჯერე, მამა ზოსიმე, რომ პირველი ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ამ უდაბნოში ისე ვებრძოდი საკუთარ მრუშ ვნებებს, როგორც მძვინვარე მხეცებს. როდესაც მცირედი საკვების მიღებას გადავწყვეტდი, ხორცსა და ღვინოზე ვოცნებობდი, რომელიც ეგვიპტეში მქონდა...
ერში ცხოვრებისას ბევრ ღვინოს ვსვამდი, აქ კი წყალიც არ იყო, წყურვილი რომ მომეკლა. წყალი მინდოდა და საშინლად ვიტანჯებოდი. ზოგჯერ მრუში სიმღერების წადილი დაეუფლებოდა ჩემს სულს, რომელსაც იქ, იმ გარყვნილ ცხოვრებაში ვიყავი მიჩვეული. მაშინ ბევრს ვტიროდი, გულში მჯიღს ვიცემდი და ვიხსენებდი აღთქმას, რომელიც უდაბნოში გასვლამდე ღვთისმშობელს მივეცი. გონებით წარვდგებოდი ჩემი მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ და ტირილით ვევედრებოდი, განეშორებინა ჩემგან სულის ამაფორიაქებელი გულისთქმები. დიდხანს ვტიროდი ასე, მაგრად ვიცემდი ხელს მკერდზე და საოცრად, თითქოსდა ნათელი იღვრებაო ჩემ ირგვლივ, ვნებათა აღტყინებისგან ვთავისუფლდებოდი.
როგორ ვაღიარო, მამაო, შენ წინაშე იმ დროს ჩემს გულს დაუფლებული მრუში გულისთქმები? მომიტევე, მამაო. ვნებათა ცეცხლი ისე აღენთებოდა ჩემში და მწვავდა, რომ ცოდვისკენ მიბიძგებდა.
როდესაც თავს დამატყდებოდა ასეთი განსაცდელი, დავვარდებოდი მიწაზე და ცრემლმორეული წარმოვიდგენდი, რომ ჩემ წინაშე იდგა თვით ჩემი მფარველი და ღმრთის წინაშე მეოხი დედა ღვთისმშობელი, რომელიც ჰკიცხავდა ჩემს დანაშაულს და მემუქრებოდა მძიმე სასჯელებით.
დღე და ღამ მიწაზე გართხმული მანამ არ ვდგებოდი, სანამ ნათელი არ გამომიბრწყინდებოდა და არ განმაშორებდა სულის შემაძრწუნებელ ფიქრებს. მაშინ აღვაპყრობდი მზერას ჩემი მფარველი დედოფლისკენ, მხურვალედ ვევედრებოდი, დამხმარებოდა განსაცდელში და ის მართლაც მივლენდა წყალობას და ხელმძღვანელობდა სინანულის ამ მძიმე მოსაგრეობაში.
ასე, ვნებებთან ბრძოლის გამუდმებულ ტანჯვა-წამებაში გავატარე ჩვიდმეტი წელი. ასე რომ, იმ ხნიდან დღემდე, ღვთისმშობელია ყოველივეში ჩემი შემწე, ხელმძღვანელი და მფარველი.
მაშინ ზოსიმემ ჰკითხა:
- რითი იკვებებოდი ან იმოსებოდი?
წმინდანმა უპასუხა:
- პური რომ გამითავდა, მცენარეებით ვიკვებებოდი. სამოსი, რომელიც ჯერ კიდევ იორდანეზე გადასვლისას მეცვა, დროთა განმავლობაში დამიძველდა და გაიცრიცა. ზაფხულში თუ სიცხით ვიყავი გათანგული, ზამთარში სიცივისგან ვკანკალებდი.
ასე რომ, ბევრჯერ დავცემულვარ უგონოდ და ასე ვიწექი დიდხანს, და ათასგვარ ხორციელ და სულიერ შეჭირვებას ვითმენდი. მაგრამ იმ დროიდან დღემდე ღმრთის ძალამ ყოველივეში ისე გარდაქმნა ჩემი ცოდვილი სული და მდაბალი სხეული, რომ ოდენ თუ გავიხსენებ ადრეულ შეჭირვებას, რადგან ჩემთვის საკვები და თავშესაფარი ახლა მხოლოდ ყოვლადძლიერი ღმრთის სიტყვაა, რამეთუ "არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი" (მათე 4:4). ხოლო ცოდვის სამოსისაგან განძარცვულს გათავისუფლებულთ არა აქვს თავშესაფარი და თავს აფარებს "უდაბნოთა ზედა მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა" (ებრ. 11:38).
როდესაც იხილა, რომ წმინდანი წმინდა წერილს იხსენებდა, ხუთწიგნეულის სიტყვებს, წინასწარმეტყველებსა და ფსალმუნს, ზოსიმემ ჰკითხა, ხომ არ სწავლობდა ადრე ფსალმუნებსა და სხვა წიგნებს.
- არ იფიქრო, რომ იორდანეს გადალახვის შემდეგ კაცთაგან შენ გარდა ვინმე მენახოს, - უპასუხა წმინდა მარიამმა ღიმილით, - ცოცხალ არსებათაგან არაფერი მინახავს. წიგნები არასოდეს მისწავლია, არც წმინდა წერილის საკითხავი მომისმენია და არც გალობა, მაგრამ ღვთის სიტყვა ყოველთვის და ყველგან აღწევს, განანათლებს გონებას და შემოაღწია ჩემამდეც. გაფიცებ შენ, ღვთის სიტყვის ხოცშესხმით: ილოცე ჩემთვის, ცოდვილისათვის!
ასე თქვა მან. ბერდიდი დაემხო მის ფეხებთან და აცრემლებულმა შესძახა:
- კურთხეულ არს ღმერთი, რომელ იქმს აურაცხელსა და საშინელ საიდუმლოთ, საკვირველ და დიდებულ საქმეებს! კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მიჩვენა მე, როგორ აჯილდოებს მის მოშიშთ! ჭეშმარიტად, შენ, უფალო, არასოდეს დაუტევებ შენდამი მოლტოლვილთ!
წმინდანმა არ დაუშვა, რომ მხცოვანს თაყვანი ეცა მისთვის და უთხრა:
- ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს სახელით, გაფიცებ, წმინდაო მამაო, არავის უამბო ჩემგან მოსმენილი ამბავი, სანამ ღმერთი არ გამიყვანს ამქვეყნიდან, ახლა კი წარვედ მშვიდობით. თუ დაგვიცავს ღმრთის მადლი, ერთი წლის შემდეგ ისევ მიხილავ. ოღონდ, ღმრთის გულისთვის, შეასრულე, რასაც გთხოვ: გაისად, მარხვაში ნუ გადმოხვალ იორდანეზე, როგორც ამას აკეთებთ მონასტერში.
გაუკვირდა ზოსიმეს, რომ ის ლაპარაკობდა მონასტრის განაწესზე, და ვერაფერი თქვა გარდა იმისა, რომ ადიდა უფალი:
- დიდება ღმერთს, რომელიც წყალობს მის მოყვარულთ!
- ასე რომ, შენ, წმინდაო მამაო, - განაგრძო წმინდანმა, - დარჩი მონასტერში, როგორც მე გითხარი, რადგან, რომც გინდოდეს, მაინც ვერ შეძლებ წასვლას.
წმინდა და დიდ ხუთშაბათს, ქრისტეს საიდუმლო სერობის დღეს, აიღე უფლის უპატიოსნესი ხორცი და სისხლი, მოათავსე შესაბამის ჭურჭელში და მოიტანე იორდანის გაღმა სოფელში და იქ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დამელოდე, რათა ღირს ვიქმნე მაცხოვნებელ საიდუმლოთა ზიარებისა: მე ხომ, მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ვეზიარე იორდანეს გადმოსვლამდე, იოანე ნათლისმცემლის ტაძარში, დღემდე არ მიმიღია წმინდა ძღვენი.
ახლა ამისკენ მივისწრაფვი მთელი გულით და შენც ნუ უგულებელყოფ ჩემს ვედრებას, აუცილებლად მომიტანე ქრისტეს მაცხოვნებელი და უპატიოსნესი ხორცი და სისხლი იმ ჟამს, როდესაც უფალმა ღირსყო თავისი მოწაფეები საიდუმლო სერობაზე.
ხოლო იოანეს, იმ მონასტრის იღუმენს, სადაც შენ ცხოვრობ, უთხარი: მიხედე საკუთარ თავს და ძმობას, მრავალი რამ გაქვთ გასასწორებელი - ოღონდ ახლა კი არ უთხრა, არამედ მაშინ, როდესაც ღმერთი დაგმოძღვრავს.
ამ სიტყვების შემდეგ მან ისევ სთხოვა ბერდიდს, მის¬თვის ელოცა, დაემშვიდობა, განშორდა და უდაბნოს სიღრმეში შევიდა.
ზოსიმემ მიწამდე თაყვანსცა და, ღმრთის სადიდებლად ეამბორა რა წმინდა მარიამის ნატერფალს, ქრისტეს ქებითა და დიდებით უკან გამოეშურა.
უდაბნო რომ გამოიარა, იმ დღეს მიაღწია მონასტერს, როდესაც ჩვეულებისამებრ ბრუნდებოდნენ იქ მცხოვრები ძმები. ბერდიდმა ნანახი არ გაამხილა, მხოლოდ გულ¬ში ევედრებოდა უფალს, მისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა, ენახა მისთვის ძვირფასი მოსაგრის სახე. მაგრამ სული უწუხდა იმის გამო, რომ მთელი წელიწადი უნდა ეცადა და სურდა, ეს დრო რაც შეიძლება მალე გასულიყო.
როდესაც კვლავ დადგა დიდმარხვის პირველი შვიდეული, მონასტრის მთელი ძმობა ლოცვით და გალობით ისევ გავიდა უდაბნოში. მხოლოდ მძიმედ დასნეულებული ზოსიმე დარჩა სავანეში.
მაშინ გაახსენდა წმინდანის წინასწარმეტყველება, სურვილიც რომ გქონდეს, მონასტერს ვერ დატოვებო. ზოსიმე მალე გამოჯანმრთელდა, ხოლო ძმები რომ დაბრუნდნენ და საიდუმლო სერობის დღეც მოახლოვდა, ბერდიდმა შეასრულა წმინდანის დანაბარები: მცირე ჭურჭელში მოათავსა ქრისტეს პატიოსანი ხორცი და სისხლი, კალათაში რამდენიმე გამხმარი ლეღვი, ფინიკი, წყალში დამბალი ხორბალი ჩააწყო, გვიან საღამოს გამოვიდა მონასტრიდან, იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა და მეუდაბნოეს დაელოდა.
წმინდანი დიდხანს არ ჩანდა. ზოსიმე კი ელოდა და უმზერდა უდაბნოს სიღრმეს მეუდაბნოე დედის ნახვის წყურვილით.
- "შესაძლოა, მე არა ვარ ღირსი, - ფიქრობდა ბერდიდი, - რომ მოვიდეს ჩემთან, ან იქნებ უკვე იყო კიდეც და რომ ვერ მნახა, უკან გაბრუნდა".
ამგვარი ფიქრებისგან ცრემლები მოერია, ამოიოხრა, მზერა ზეცას მიაპყრო და უფალს შეჰვედრა:
"უფალო, კვლავ გამხადე ღირსი წმინდა დედის ხილვისა! რათა აქედან არ წავიდე შეწუხებული, ჩემი მამხილებელი ცოდვებით დამძიმებული!"
ამ დროს სხვა აზრმაც გაჰკრა: "როგორ გადმოვა იორდანეზე ნავის გარეშე და როგორ მომიახლოვდება მე უღირსს?"
ამ ფიქრებში იყო ბერდიდი, რომ ღირსი დედაც გამოჩნდა. გახარებულმა ზოსიმემ ღმერთს მადლობა შესწირა და თუმცა, ჯერ კიდევ იმას ფიქრობდა, თუ როგორ უნდა გადმოელახა ღირს დედას იორდანე, რომ მთვარის ნათლით განათებულმა წმინდანმა მდინარეს ჯვარი გადასახა, ნაპირიდან ჩავიდა წყალში და ისე გაიარა, როგორც მიწაზე. ეს რომ ნახა, გაკვირვებულმა ზოსიმემ მოინდომა, თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ წყალზე მოსია¬რულე ღირსმა დედამ შეაჩერა და უთხრა:
- "ნუ იქმ, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ - ღვთის საიდუმლოთა მტვირთველი!"
ბერდიდმა ისმინა მისი, ხოლო ნაპირზე გამოსულმა წმინდანმა კურთხევა ითხოვა. საოცარი ხილვით გაოგნებულმა ბერმა შესძახა:
- "ჭეშმარიტია ღმერთი, რომელიც იცავს თავის აღთქმას, დაიმსგავსოს მისი მორწმუნენი, ძალისამებრ მათისა! დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმაც გამომიჩინე მე, მონას შენსას, ზოსიმეს, თუ რაოდენ შორს ვარ სრულყოფილებისგან!"
შემდეგ ზოსიმემ წმინდანის თხოვნით "მრწამსი" და "მამაო ჩვენო" წაიკითხა. ლოცვის დამთავრების შემდეგ წმინდა მარიამი ეზიარა ქრისტეს უპატიოსნეს და მაცხოვნებელ საიდუმლოს და მონაზვნური ჩვეულებისამებრ ეამბორა მხცოვანს, რის შემდეგაც ამოიოხრა და ცრემლმორეულმა სასოებით წარმოთქვა წმინდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა:
- "აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი" (ლუკა 2:29,30).
შემდეგ მიუბრუნდა ღირს ზოსიმეს და სთხოვა:
- გვედრებ, მამაო, კიდევ ერთი სურვილი ამისრულე: ახლა წადი მონასტერში და გაისად კვლავ მოდი იმ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს; მოდი იქ ღვთის გულისთვის და ღმრთის ნებით ისევ მიხილავ".
- შესაძლებელი რომ იყოს, - მიუგო მას წმინდა ბერდიდმა, - შენი ნათელი სახის მხილველი ყოველთვის შენთან ვიქნებოდი.
მაგრამ გევედრები, შეასრულე ჩემი, მოხუცის თხოვნაც: იგემე ჩემი მოტანილი მცირედი საკვები.
ზოსიმემ აჩვენა კალათი, რომელშიც საჭმელი ჩაელაგებინა. წმინდანი თითის წვერებით შეეხო ხორბალს, აიღო სამი მარცვალი, პირთან მიიტანა და თქვა:
- ეს საკმარისია: სულიერი საზრდელის მადლი, რომელიც უბიწოდ იცავს სულს, არის ჩემი საკვები. კვლავ გთხოვ, მამაო, გაიხსენე ჩემი უბადრუკება და ილოცე ჩემთვის.
ბერდიდმა მიწამდე თაყვანი სცა და შეევედრა, ელოცა ღირს დედას ეკლესიისთვის, მეფეთა და თვით ზოსიმესთვის. ამის შემდეგ ვერ შეჰბედა, მეტად შეეყოვნებინა და აცრემლებული დაემშვიდობა. თუმცა, რომც მოენდომებინა, საამისოდ ძალა აღარ შესწევდა.
წმინდანმა ისევ ჯვარი გადასახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს წყვდიადში მიიმალა.
სიხარულითა და შიშით აღელვებულმა მხცოვანმა მონასტერს მიაშურა; საკუთარ თავს აყვედრიდა, აქამომდე რომ ვერ შეიტყო ღირსი მეუდაბნოე დედის სახელი, თუმცა იმედოვნებდა, რომ მომავალ წელს გაიგებდა, როდესაც ისევ შეხვდებოდა ღირს მეუდაბნოეს.
გავიდა წელიც. ზოსიმე, მონასტრის წესისამებრ, ისევ წავიდა უდაბნოში და გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც ჰქონდა საკვირველი ხილვა. გაიარა მთელი უდაბნო, ზოგიერთი ნიშნით იცნო სანუკვარი ადგილი და ყურადღებით მიმოიხედა გამოცდილი და უხვი ნადავლის მაძიებელ მო-ნადირესავით, მაგრამ ვერავინ იპოვა.
ცრემლად იღვრებოდა ბერდიდი, ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს შეევედრა: "უფალო, მიჩვენე შენ მიერ უდაბნოში დამალული ხელუხლებელი ჩემი საგანძური, მიმანიშნე ღირსი დედის, ამ ხორციელი ანგელოზის ადგილსამყოფელი, რომლის ღირსი არ არის მთელი ქვეყანა!"
ამ ლოცვაში ბერდიდმა მიაღწია დამშრალი წყაროს კალაპოტს და ნაპირზე შემდგარმა იხილა პირით აღმოსავლეთისკენ მწოლიარე და გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი ღირსი დედა. სწრაფად მიუახლოვდა, ემთხვია მის წმინდა ფერხთ და დაალბო ცრემლებით.
დიდხანს ტიროდა ბერდიდი; შემდეგ წაიკითხა დაკრძალვის ფსალმუნები და ლოცვები და იმაზე დაიწყო ფიქრი თუ სად დაემარხა ღირსი დედის ნეშტი და ისურვებდა თუ არა ამას თვით წმინდანი.
უცებ ნეტარი დედის თავთან მიწაზე წარწერა დაინახა:
- აბბა ზოსიმე, დაკრძალე ამ ადგილას ცხედარი მორჩილი მარიამისა. ევედრე ღმერთს ჩემი სულისთვის, რომელიც გარდაიცვალა იმ თვის პირველ დღეს, რომელსაც ეგვიპტურად ფარმუფი, რომაულად კი აპრილი ეწოდება, ქრისტეს მაცხოვნებელ ვნებათა ღამეს, წმინდა და უხრწნელ საიდუმლოთა ზიარების შემდეგ.
წარწერა რომ წაიკითხა, მხცოვანმა თავიდან იფიქრა, თუ ვის შეეძლო ამის დაწერა: წმინდანმა, როგორც თვითონ ამბობდა, წერა არ იცოდა. თუმცა გახარებული იყო იმით, რომ გაიგო მისი სახელი. გარდა ამისა, შეიტყო ისიც, რომ წმინდანმა, იმის შემდეგ, რაც ეზიარა იორდანეს ნაპირთან, ერთ საათში მიაღწია თავისი აღსასრულის ადგილს, საითკენაც ზოსიმე მიდიოდა ოცი დღის განმავლობაში და იმწამსვე ღმერთს მიაბარა თავისი წმინდა სული.
- ახლა, - გაიფიქრა ზოსიმემ, - უნდა აღვასრულო წმინდანის ნაბრძანები და დავკრძალო იგი, მაგრამ როგორ უნდა გავთხარო მე უბადრუკმა საფლავი ცარიელი ხელებით?!
უცებ შორიახლო ხის ტოტი შეამჩნია, აიღო და საფლავის თხრა დაიწყო, მაგრამ გამომშრალი მიწა არ ნებდებოდა ბერდიდის ძალისხმევას; ოფლად დაიღვარა მოხუცი, თუმცა ვერაფერი გააწყო.
ის იყო, მწარედ ამოიოხრა გულის სიღრმიდან, რომ უეცრად თვალები აახილა და დაინახა უზარმაზარი ლომი, რომელიც წმინდანის ცხედართან იდგა და ფეხებს ულოკავდა.
მხეცის დანახვაზე ბერდიდი შეკრთა, თანაც გაახსენდა ღირსი დედის სიტყვები, რომ მას უდაბნოში ცხოველიც კი არ ენახა. პირჯვარი გადაიწერა და გარდაცვლილი დედის ძალით გაიმხნევა თავი.
ლომი ნელა მიეახლა ბერდიდს და ლმობიერი, თითქოსდა სიყვარულით აღსავსე თვალებით შეაცქერდა. მაშინ ზოსიმემ მხეცს მიმართა: "უდიდესმა მოსაგრემ მიბრძანა, დავკრძალო მისი სხეული, მაგრამ მოხუცი ვარ და საფლავის გათხრა არ ძალმიძს; არც სათხრელი იარაღი მაქვს და ჩემი მონასტერიც შორს არის, რომ იქიდან მოვიტანო რამე. მაშ, შენ შენი თათებით საფლავი გათხარე, მე კი მიწას მივაბარებ ღირსი დედის ცხედარს".
ლომმაც, თითქოს გაიგოო ბერდიდის სიტყვები, წინა თათებით ორმო ამოთხარა, რაც საკმარისი იყო დასაკრძალად. ბერდიდმა ისევ ცრემლებით დაალბო წმინდანის ფერხნი, შესთხოვა მას, ელოცა მთელი ქვეყნიერებისათვის.
წმინდანი თითქმის შიშველი იყო - მას ის ძველი, დახეული სამოსი ეცვა, რომელიც პირველი შეხვედრისას გადაუგდო ზოსიმემ და ძლივსღა უფარავდა სხეულს.
ასე გაუთხარეს ლომმა და კაცმა საფლავი ღირს მარიამს და მიწას მიაბარეს მისი წმინდა ნეშტი. შემდეგ ორივენი განშორდნენ წმინდანის საფლავს: ლომი, როგორც მორჩილი კრავი, უდაბნოში გაუჩინარდა, ზოსიმე კი დაბრუნდა თავის სავანეში და ადიდა უფალი ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი.
სავანეში დაბრუნების შემდეგ ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა ყოველი, რაც იხილა და მოისმინა.
შიშით, რწმენით და სიყვარულით დააწესეს ბერებმა წმინდანის ხსენების დღე. იღუმენმა იოანემ, როგორც ეს ღირსმა მარიამმა აუწყა ზოსიმეს, ღვთის შეწევნით გაასწორა დარღვევები მონასტერში. ხოლო წმინდა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა.
ასე გადმოგვცეს წმინდა იოანე წინამორბედის მონასტრის მოღვაწეებმა ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. პირველად ის წმინდა სოფრომ იერუსალიმელმა (ხსენება 11 მარტს) ჩაწერა. წმინდა სოფრომი წერს:
- "ვერ გეტყვით, იქნებ ვინმემ, ვინც უკეთ იცის წმინდანის ცხოვრება, უკვე აღწერა კიდეც იგი, მაგრამ მე, რამდენადაც შემეძლო, მოუკლებლად ჩავწერე ყველაფერი და გადმოვეცი მხოლოდ ჭეშმარიტება. ღმერთი საკვირველი, რომელიც უხვად წყალობს მისდამი შევრდომილთ, მოწყალე ეყოს ამ მოთხრობის ჩამწერს, მის მიერ სულიერი დარიგების მეძიებელთ, მსმენელთა და მკითხველთ და დაუმკვიდროს მათ ნაწილი წმინდა მარიამისა და ყველა მის წმინდანთა შორის.
ვადიდოთ ღმერთი, უფალი ჭეშმარიტი და მარადიული, რათა შეგვიწყალოს განკითხვის დღეს სახელისათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელსაც ეკუთვნის ყოველი დიდება, პატივი, სიმტკიცე და თაყვანისცემა, მამითა და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
სტატიის წყარო: https://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/5kvira/kvira.htm
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი