მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 11
ტრაპეზი
გაგრძელება
ტრაპეზი
გაგრძელება
ზოგჯერ კვირაობით ყველიანი კვერები გვქონდა ხოლმე ტრაპეზზე. საღამოს საფუვრიან თხელ ცომს ვზელდი, მეორე დილით აფუებული მხვდებოდა. თიხის ქოთანში ვურევდი. ცხელ ტაფაზე რამდენიმე წვეთ ზეთში პატარა ჭიქით ცომს ვასხამდი. ორივე მხრიდან შებრაწულ კვერებს თეფშებზე გადმოვიღებდი და თითოეულზე ყველის პატარა ნაჭრებს ვდებდი. ეს იყო ჩვენი კვირადღის სადღესასწაულო კერძი.
გვქონდა სხვა სადღესასწაულო კერძიც. მთელ მთაწმინდაზე მარტო ჩვენს უდაბნოში ციცაბო კლდეებზე იზრდებოდა გარეული კომბოსტო. ეს ძალზე სახიფათო ადგილები იყო, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი. კლდეებზე ძრომიალი და კომბოსტოს დაკრეფა არ მიჭირდა. ბერდიდი დაბლა პაკეტით მელოდებოდა. მე მხოლოდ ფოთლებს ვაცლიდი, შეშავებულ ფურცლებს და გულს ხელს არ ვახლებდი, რათა მას ახალი ფურცლები ამოზრდოდა. შემდეგ კი ვხარშავდით. მისი წვენი ძალზე ნოყიერი იყო. მოხარშულ მხალს ზეთს ვასხამდით. ბერდიდი ჩვეულებისამებრ ცოტა მეტ ზეთს ასხამდა, რადგან უყვარდა.
ზოგჯერ მოხარშულ კომბოსტოს, თუ გვქონდა, შემწვარ ვირთევზას ანდა ახალშემარილებულ ქაშაყს მივუდგამდით ხოლმე. ბერდიდს ძალიან უყვარდა ეს მხალი და შემწვარი ვირთევზა. შემწვარი ვირთევზა ჩვენთვის უდიდესი ფუფუნება იყო და სამყაროში მდიდრებად ვთვლიდით თავს.
როცა ბერდიდს თევზი მოუნდებოდა, მეტყოდა ხოლმე: "ციცქნავ, აიღე ანკესი და ზღვაზე ჩაირბინე, მოიტანე, რასაც დაიჭერ". მაშინვე ზღვისკენ გავრბოდი. მიხაროდა, რომ სიხარულს მივანიჭებდი ბერდიდს. ჩვეულებისამებრ ნახევარი კილო მომქონდა. ზოგჯერ ანკესს რვაფეხა ანდა კალმარი მოჰყვებოდა.
როცა უკან ვბრუნდებოდი, ბერდიდი გახარებული მეტყოდა: "პატარავ, მე ახლა ამას კარტოფილს, ბრინჯს, ხახვს დავუმატებ და სუპს გავაკეთებ, რათა შვიდივეს გვეყოს თევზი! ის ამით ასე ხარობდა.
ბერდიდს ტკბილეული უყვარდა. მაგრამ მათ იქ სად იშოვნიდი? კვირა დღე რომ დადგებოდა, იტყოდა:
- მამა არსენ, რაიმე საცერემონიო მოგვიმზადე, შაქრიანი კვერები გააკეთე ისე, როგორც ამას პონტოელები ამზადებენ.
- გავამზადებ, ძვირფასო.
ბერდიდი არსენი მოზელდა თხელ ცომს, ასხამდა ტაფაზე და შებრაწავდა. შემდეგ ამ დიდ კვერს ფოსოს უკეთებდა, ასხამდა შიგ წყალ-შაქრის ვაჟინს, კიდევ აურევდა და კვლავ წვავდა ორივე მხრიდან, ზემოდან აყრიდა გახეხილ ბერძნულ თხილსა და დარიჩინს და კოვზით შიგნით ტენიდა. ეს იყო ჩვენი მდიდრული საკვები - შაქრიანი კვერები. მათ დამზადებაში მეც ვეხმარებოდი.
როცა ბერდიდი მოშორებით ცხოვრობდა, მე და მამა არსენი ძველ ადგილას ვსახლობდით, მამა არსენი ხშირად ყურადღებას აქცევდა იმას, რომ პატარა და მშიერი ვიყავი. ალბათ ფიქრობდა: - პატარაა და ტკბილეული ეყვარება, რაიმე ხომ არ ვაჭამოო. მე ტკბილეული მიყვარდა აუცილებლობის გამო, სამუშაოს შემდეგ მთის სუფთა ჰაერი მადას მიღვიძებდა და მშივდებოდა.
- პატარავ, ახლა, ვიდრე ბერდიდი არ გვხედავს, ეს ნატეხები შეჭამე.
- ბერდიდის კურთხევის გარეშე ვჭამო?
- საშიში არაფერია. ეს მცირე თავნებობაა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. მოდი, შეჭამე. მორჩილება! მე მოველაპარაკები. ახლა ბერდიდის სახელით გეუბნები და შემიძლია მცირეოდენი ლმობიერება გამოვიჩინო შენს მიმართ. მე ზეთის მამა ვარ.
ანუ ის მოძღვარი, რომელიც ზეთიანის ჭამის კურთხევას იძლევა, როცა ტიპიკონი ამას კრძალავს. მამა არსენი დიდებული ადამიანი იყო, კეთილი, ძალიან მეხმარებოდა. საქმეზე ჩვენ ხშირად ერთად დავდიოდით.
მოკლედ, შევჭამე ეს ნატეხები.
შეწვის შემდეგ მორჩენილი ზეთი რომ არ გადაეღვარა, ბერდიდი საჭმელში ასხამდა. ამის გამო ორგანიზმი მოეწამლა, სიცოცხლის ბოლო წლებში ჭიები გაუჩნდა და კინაღამ მოკვდა. ყველაფერი დაობებული და გაფუჭებული უნდა შეგვეჭამა და ყველა უვარგის საჭმელს ბერდიდი ჭამდა. გამხმარ ქაშაყს ის ჭრიდა, ამარილებდა და ბოსტნეულში ტენიდა. ცოტაოდენს შევჭამდი თუ არა, გულისრევა მეწყებოდა. ბერდიდი მიცქერდა და ამბობდა: - კარგი, მეტად აღარ დავუმატებო.
მეორე ჯერზეც გულისრევა ამიტყდა. ბერდიდმა თქვა:
- მე სულ ცოტა ჩავდე! ამან ისევ ცუდად გაგხადა? კარგი, მეტად აღარ ჩავდებ.
თუმცა საჭმლისგან არასოდეს მოვწამლულვარ. ღმერთმა დაგვიფარა, თორემ ნაადრევად დავიხოცებოდით.
ორი ფორთოხლის ხე გვედგა. ისინი ბერდიდმა დარგო როცა 1938 წელს აქ მოვიდა. სხვა ხეები არ გვქონდა. ფორთოხალი დრო და დრო გვქონდა სუფრაზე. ბერდიდი მათ გაფცქვნაზე არ გვაკურთხებდა, გვეუბნებოდა: - არაფერი არ უნდა გადავყაროთ. ეს ქერქიანად უნდა შევჭამოთ. ყველაფერი აქ მამების ლოცვით არის განწმენდილიო.
ორშაბათიდან პარასკევამდე მკაცრად ვიწვრთნებოდით. ჩვეულებისამებრ ერთ თავ საჭმელს მთელი კვირისთვის ვამზადებდით. საჭმელს სარდაფში ალუმინის ქვაბში ვინახავდით. ბუნებრივია, საჭმელი ხშირად ამჟავდებოდა ხოლმე, მაგრამ ბერდიდი ყველაფერ ამას მაინც ჭამდა. მასზე თითქოს არ მოქმედებდა ბუნების კანონები.
სადღა იყო სისუფთავე. როგორ ვცხოვრობდით? ალბათ ამ საწამლავის გამო ბერდიდს კისერზე ძირმაგარა გამოუვიდა და გული დაუავადდა. ის კი ყურადღებას არ აქცევდა თავის ჯანმრთელობას, თორემ გაცილებით დიდხანს იცოცხლებდა. ბერდიდისნაირი მეტი არავინ ყოფილა. ჩვენ იშვიათი შემთხვევა ვიყავით. მთაწმინდაზე ახლა აღარ არიან ასეთი მოსაგრეები. ბერდიდი დიდი თავშემქცევი იყო. ერთხელ პარიზიდან ერთი კაცი ჩამოვიდა ჩვენთან ერთად სამოღვაწეოდ. ბერდიდმა უთხრა: "აიღე და შეჭამე ეს საჭმელი, ის ახალთახალია, მხოლოდ სამი დღის მანძილზე შეჭამე. ამ ბოსტნეულში ქაშაყის გულია ჩადებული". და მან შეჭამა! ჩვენ გამოწრთობილნი ვიყავით, მან კი როგორ შესძლო?
ზოგჯერ ამანათით პროდუქტებს გვიგზავნიდნენ, მათ შორის იყო მოხარშული კვერცხიც, რომელიც გზაში იმტვრეოდა. მათ ის ნაჭუჭს აცლიდა და ჭამდა. ბერდიდს ყველი უყვარდა. იმ პირობებში ყველს ხშირად მატლი უჩნდებოდა, მაგრამ ბერდიდი მას ასუფთავებდა:
- ქალებმა მის მოსამზადებლად რამდენი იშრომეს. ჩვენ მას შევჭამთ.
- ამას როგორ შევჭამთ, მამაო?
- ჩვენ საჭმელს არ გადავყრით. ეს ცოდვაა.
ამიტომაც თავიდან ყოველთვის ძველ საჭმელს ვჭამდით. ასე შევჭამეთ მატლიანი მაკარონი, ჭიანი ლობიო.
მე, როგორც მზარეულს, მეუხერხულებოდა მამებისთვის ამგვარი საჭმლის შეთავაზება, მაგრამ მამა არსენი, მოძღვარი რომ არ გაენაწყენებინა, ყველაფერ ამას ჭამდა - თუ თქვენი კუჭის გამო ამის ჭამა არ შეგიძლიათ, მაშინ მე თვითონ შევჭამ. ერთხელაც ლობიო ისე აგვიმჟავდა, ვერანაირად ვერ შევძელით მისი შეჭმა, ბერდიდმა მხურვალე ლოცვა აღავლინა და როცა მეორე დღეს მოგვცა საჭმელად, ისეთი გემრიელი იყო, თითებს ჩაიკვნეტდით.