საბერძნეთში, ათენის ახლოს, ლავრიოში, მდებარეობს წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარი. მისი წინამძღვარი კი მამა ნექტარიოსი გახლავთ.
ამავე ტაძარშია დაბრძანებული წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და წმინდა გერასიმეს ფაჩუჩი. ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მოღვაწე არქიმანდრიტის, აბიბოსის (ტარიადისი) ლოცვა-კურთხევით, იქაურმა მრევლმა მოილოცა ეს წმინდა ადგილი, პირადად შეხვდნენ მამა ნექტარიოსს და მისგან ლოცვა-კურთხევა აიღეს. ერთ-ერთი მომლოცველთაგანი გახლდათ ჩვენი მეგობარი ესმა ღონიაშვილი.
- მამა ნექტარიოსი უძლურადაა და როცა ვესტუმრეთ, ლოგინში იწვა. თან გვლოცავდა და გვარიგებდა. ტაძრის გვერდით მცირე ზომის კელია აქვს და მომლოცველებს იქ იღებს. შესვლისას რიგი დავიკავეთ და რომ გაიგო ქართველები ვიყავით, გვთხოვა, ქართულად გვეგალობა. ჩვენც შევუსრულეთ სურვილი. თავიდან ვიფიქრეთ, ერთს ვიგალობებთო, მაგრამ იმდენად მოეწონა, რომ გვთხოვა, კიდევ გვეგალობა და ამ გალობაში თვითონაც აგვყვებოდა ხოლმე. მერე სხვა სიმღერებიც შეურია, სიხარულით ტაშს უკრავდა და ისე მღეროდა. ძალიან მადლიანი დალოცვა იცის. წამოსვლისას ხელაღპყრობილმა ხმამაღლა დაგვლოცა: "წმინდაო ნექტარიოს, გევედრები, დაიფარე ეს ხალხი". ისე ილოცება გეგონება მის წინ დგას წმინდა ნექტარიოსი და ისე ლოცავს მასთან მისულებსო. დაგვლოცა, თავში ჩაგვიტყაპუნა ხელი და ისე დაგვემშვიდობა.
მამა ნექტარიოსს ცოცხლად გამოეცხადა წმინდა ნექტარიოსი.
თვითონ მამა ნექტარიოსი ამ ამბავს ასე ჰყვება: "მჭირდა სიმსივნის მძიმე ფორმა, გულმკერდის არეში მქონდა ღია ჭრილობა, საიდანაც სისხლი და ჩირქი შეუჩერებლივ მდიოდა. ტკივილისგან ხორცს ვიგლეჯდი, სიკვდილი გარდაუვალი იყო. გამზადებული მქონდა ყველა საჭირო ნივთი ჩემი დაკრძალვისათვის. 1980 წლის 26 მარტს, დილით, გაიხსნა ეკლესიის კარი და შემოვიდა ტანდაბალი ბერი, ცოტა მელოტი, მხოლოდ უკან ჰქონდა ცოტა თმა და ისიც შეკრული. იმ დროს ჩემთან ერთად იყვნენ მნათე სოფია ბურდუ და ხატმწერი ელენ კიტრაკი. ბერს წვერი თეთრი ჰქონდა, გარეგნობით იყო ზუსტად ისეთი, როგორსაც ვხედავთ წმინდა ნექტარიოსის ხატს. აიღო სამი სანთელი, ორი აანთო და ყველა ხატს თაყვანი სცა, გარდა წმინდა ნექტარიოსისა. მე მას ფარდის უკნიდან ვადევნებდი თვალს, რადგან ტკივილით შეწუხებულს არ შემეძლო გამოსვლა. ერთი წამით გაჩერდა, დაიკრიფა გულზე ხელი ისე, თითქოს არავის უყურებდა და იკითხა, - მოძღვარი აქ არის? მნათემ, რომ არ შევწუხებულიყავი, უპასუხა: - არა, აქ არ არის, გრიპითაა ავად და შინააო. არაუშავს, ილოცეთ და კარგად იქნებაო, - თქვა და წავიდა. მნათე შემოვიდა და მითხრა, - ბერი ძალიან ჰგავდა წმინდა ნექტარიოსს, თვალებიდან თითქოს ცეცხლს აფრქვევდა. მგონი, თვით წმინდანი იყო და მოვიდა, რომ გიშველოთო. ვიფიქრე, მნათე ამ სიტყვებს, იმიტომ მეუბნებოდა, რომ დავემშვიდებინე, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ნამდვილად ასე იყო. ვთხოვე, მოებრუნებინა ბერი. ნელ-ნელა, გაჭირვებით გამოვედი ტაძარში, მოვეხვიე ჯვარცმას და ჭრილობა მივადე. იმ წუთებში მომესმა მნათეს ხმა, - ბერი დაბრუნდაო. გამოვედი საკურთხევლიდან და მივუახლოვდი. არ მომცა საშუალება, მის მარჯვენას ვმთხვეოდი, თვითონ აიტაცა ჩემი მარჯვენა ხელი. ვკითხე: - რა გქვიათ-მეთქი. ანასტასიო. ჟრუანტელმა დამიარა, რადგან წმინდა ნექტარიოსის საერო სახელია ანასტასი. ვაჩვენე წმინდა ნაწილები, რათა მისთვის თაყვანი ეცა. მან ამოიღო თხელშუშიანი სირმის სათვალე, რომელსაც ცალი მხარე მოტეხილი ჰქონდა. როგორც კი დავინახეთ, გავვოცდით - ეს იყო წმინდანის სათვალე, რომელიც ჩვენ შენახული გვქონდა. წმინდა ნაწილს ყველა ემთხვია, გარდა წმინდა ნექტარიოსისა. არ მესიამოვნა და ვუთხარი: - მამაო, მაპატიეთ, წმინდა ნექტარიოსიც წმინდანია და რატომ არ ემთხვიეთ? გაეღიმა მრავალმნიშვნელოვნად. შემდეგ ვკითხე: - მამაო, სად ცხოვრობთ? ხელი გაიშვირა იქით, საითაც მაშინ ტაძარი შენდებოდა და მითხრა: - ჩემი სახლი ჯერ მზად არ არის და ეს მანერვიულებს. მერე მივმართე: - მამაო, მნათემ მოგატყუათ, ვითომ გრიპი მჭირდა, სიმსივნე მაქვს, მაგრამ მინდა კარგად გავხდე, დავასრულო დაწყებული საქმე. დასრულდეს ტაძარი, ჩავატარო პირველი წირვა და მერე თუნდაც მოვკვდე! სიკვდილისა არ მეშინია. მერე უცებ ყავა შევთავაზე. იუარა, - მეჩქარება, კუნძულ პაროსზე მივდივარ წმინდა არსენი უნდა მოვინახულო და ასევე ვესტუმრო ჩემს სულიერ შვილს მამა ფილოთეის. მოემზადა, უნდა წავიდეო. უყურადღებოდ ჩაუარა თავის დიდ ხატს. მოვიკრიბე გამბედაობა, სახეზე მოვეფერე - ძალიან გავხართ წმინდანს-მეთქი. თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა, გავშეშდი. მომკიდა ხელი და ჩამიხუტა. გული ამიჩუყდა, ხელები მაღლა ავწიე - მეც მოხვევა მომინდა, მაგრამ ხელში სიცარიელე შემრჩა. გაოცებულმა ისევ ვუთხარი: - ჩემო მამაო, გთხოვ დამეხმარე, მინდა ვიცოცხლო, დავამთავრო ტაძრის მშენებლობა-მეთქი. მომისმინა და მერე თავისივე ხატის წინ დადგა. გაოცებული ხან ერთს შევყურებდი, ხან მეორეს. მერე მიპასუხა: - ო, შვილო ჩემო ნექტარიოს, ნუ ნერვიულობ. ეს არის შენი გამოცდა. გამოჯანმრთელდები, მოხდება სასწაული და ამ ამბავს ყველა გაიგებსო. თქვა და გაქრა. კარი დაკეტილი იყო და იმ წუთში არც გახსნილა. ქალები გაეკიდნენ, დაინახეს, რომ გაჩერებაზე ავტობუსში ავიდა, ასული ბევრმა დაინახა, მაგრამ უკან ჩამოსული აღარავის უნახავს. ორთვენახევრის მერე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გადავრჩი. წმინდა საბას სახელობის კლინიკის მაშინდელმა დირექტორმა, ბატონმა აგელო პაპაკონსტანტინემ მიტროპოლიტს უთხრა: - ამ შემთხვევაში ჩვენ ექიმები არაფერ შუაში ვართ, ოპერაციის წარმატებით დასრულებაში თვით წმინდა ნექტარიოსის ხელი ურევიაო. აი, ასეთი სასწაული დაგვანახვა კიდევ ერთხელ წმინდა ნექტარიოსმა მამა ნექტარიოსისგან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი