"ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა"
გაგრძელება
ამ რიგად დავიწყეთ სტამბის წარმოება ხსენებულ ადგილზე
1891 წ. ვბეჭდავდით გაზეთ "ივერიას", სომხურ ჟურნალს, რუსულ "სელსკოე ხოზაისტვო ჟურნალ" და რუსულ "კავკაზსკი კალენდარს", აგრეთვე ვალერიან გუნიას გამოცემებს "ცნობის ფურცელს" და საქართველოს კალენდარს სურათებით. აგრეთვე რუსულ, ქართულ, სომხურ გამოცემულ წიგნებსა და ყოველგვარ საქმეებს. ამავე დროს ვბეჭდავდით ჩვენ გამოცემულ წიგნაკებს და ვეტანებოდით ქართული გალობის მსურველთა შორის.გაგრძელება
ამ დროს ბაზრის ქუჩიდგან გადმოვიტანეთ ჩვენი უფასო სამკითხველო და საგალობო "კაბინეთი" ჩვენივე სტამბის გვერდით ქუჩის მხრისკენ საკუთარ შემოსასვლელით.
ამავე 1891 წელს გაგვაცნო მ. ნაკაშიძემ გამოჩენილი მსახიობი ფილიმონ ქორიძე, რომელიც იმ დროს ქ. თბილისში იმყოფებოდა. ამისთვის ეთქვა ჩვენი ანბავი და მოიყვანა ჩვენს კაბინეთში ერთ საღამოს. და რო გვნახა მუშაობის შემდეგ ყველა შეგროვილი, წიგნების კითხვას და გალობას ვეტანებოდით, ძალიან ესიამოვნა! მან გვითხრა: ახლა ჩამოვედი, ჯერ ბინა არა მაქვს ნაქირავებიო, ჩვენ უთხარით: ოღონდ ნოტები გვასწავლეთ და ჩვენ ბინასაც მოგცემთ და სასწავლებელ ფულსაც მოგართმევთ. მთხოვნელი ვართ, ისე კარგად ვიცოდეთ ნოტები რომ თქვენი დაწერილი საგალობლებით ჩვენცა გვალობდეთ მეთქი. იგი ამ თხოვნაზედ დაგვთანხმდა და გვითხრა: კარგი, ნოტებს გასწავლით და მასთან სიმღერებსაც, თუ რომ წარმოდგენებში გამყვებითო. ჩვენ თანხმობა გამოვუცხადეთ და იმავე დროსვე ერთი სუფთა ოთახი წყლით მოწყობილი მივეცით საცხოვრებლად და ამასთან თვიური ჯამაგირი, თვეში ათი თუმანი დაუნიშნეთ შემოსავლითგან. ამ რიგად დაიწყო ჩვენთან ცხოვრება და ნოტების სწავლება. შევგროვდით არჩეული ხმები თხუთმეტი კაცი და გვასწავლიდა ნოტებს. ჩვენს ხუთმეტ კაცში, სამმა თავი დაანება და თორმეტი დავრჩით. ერთ თვეში კარგად გავეცანით ნოტებს და მერე თან-და-თან სიმღერების შესწავლას შევუდექით, შემდგომად სამი თვისა, წარმოდგენებში წავყევით, კარგად და ფრიად სასიამოვნოთ ვასრულებდით კონცერტების წარმოდგენებს.
ერთი წლის შემდეგ ნება გამოვითხოვეთ ფილიმონისგან, ჩვენი მოუცლელობისა გამო, მესტამბეები, სამი კაცი, წარმოდგენებში წასვლას ვერ ვიცლით-მეთქი და ნება დაგვრთო.
1891 წელს, ვკითხეთ ფილიმონს: თუ სადმე არის რუსეთის ქალაქებში ნოტების შრიფტი (ასოები), ჩვენ გვინდა გამოვიწეროთ და შევიძინოთ-მეთქი. გვითხრა: მოსკოვში უნდა იყოსო, იმიტომ ვიცი, რომ მე შევხვედრივარ იქაურ სტამბაში ნოტებით დაბეჭდილი სიმღერა-გალობის წიგნებსაო. იქ მოკითხვა და გამოძებნა უნდაო. ამის შესახებ იფიქრა მაქსიმე შარაძემ და მივიდა ილია ჭავჭავაძესთან საკითხავად და უთხრა: გვსურს ნოტების ასოები შევიძინოთ, აქ თბილისში არ არის მისი შრიფტი, გვითხრეს, მოსკოვში არისო, ხომ არავინ გყავს იქ ნაცნობთაგანი კაცი, რომ მივსწეროთ და გვიშოვნოს ნოტების შრიფტი. მან უთხრა: როგორ არა, მყავს იქ კარგი მეგობარი კაცი, პროფესორი ალ. ხახანაშვილი. ის მოგიხერხებს მაგ საქმესო. თვითონაც წერილი მისწერა და მაქსიმესაც მისამართი გადასცა - ამ მისამართით მიწერეთო. ჩვენ მივსწერეთ და მან მოგვწერა: არის მხოლოდ ამნაირიო. ნიმუში გამოეგზავნათ, რომელიც იყო სულ ძველებური მოდა, ოთხ-ოთხ კუთხიანები. ეს ნოტების ნიმუში უჩვენეთ ფილიმონს და სთქვა: ეს არ ივარგებსო, ეს კი არა, ახალი სისტემა უნდა, რომელსაც ახლა ხმარობენ, სიმღერა გალობაზეო. ჩვენც ასე მივსწერეთ. და ზედ-მეტად მივსწერეთ: თუ შეიძლება ეგ ნოტები უსწავლელად ააწყოს, იმისთანა კაცმა, რომელმაც ნოტები კარგათ იცის, ასოთ ამწყობიც და დამბეჭდავიც კარგი არის? იმათ გამოგვიგზავნეს, ნოტების კასის პრეისკურანტი და მოგვწერეს: ამ პრეისკურანტის მიხედვით, ყველაფერს კარგად შეასრულებსო. ერთი თვის შემდეგ ნოტების ასოები მივიღეთ, სამი ათასად ღირებული; ჩვენ ძალიან გაგვეხარა ნოტის ასოების მიღება 1891 წელს 10 დეკემბერს. ეს იყო მთელ საქართველოში პირველი შემოღება ნოტების ასოებისა. ნოტის ასოები ჩავარჩიე იქიდგან გამოგზავნილ ნოტის კასაში, მის პრეისკურანტის მიხედვით და დავიწყე ჯერ პატარ-პატარა მისი აწყობა. პირველ შემთხვევაში "მრავალჟამიერი" ავაწყე, ვუჩვენე მისი ანაბეჭდი ფილიმონს და მაქსიმეს და დიდად გაიხარეს. ამ დროს ჩვენ და ფილიმონმა მივსწერეთ ქუთაისში ეპისკოპოს გაბრიელს: გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ნოტებზე გადაღებული ქართული საგალობლები, ჩვენს სტამბაში ნოტის ასოები შევიძინეთ და მსურველი ვართ დავბეჭდოთ და გავავრცელოთ მთელ საქართველოში. ეპისკოპოს გაბრიელს ძალიან სასიამოვნოთ დარჩენოდა ეს კეთილი ამბავი. მან მოუწოდა გალობის აღმადგინებელ კომიტეტს და სხვებს; უთხრა მათ, აი, ეს წერილი მივიღე ჩვენი ნოტებზე დაწერილ გალობის შესახებ, და გვთხოვენ: ეგ საგალობლები ჩვენ გადმოგვეცით და დავბეჭდავთო, თქვენ რას იტყვით? ჩემი ფიქრი კი ეს არის, შეიძლება რომ ჩვენ ეგ ვერ დავბეჭდოთ, რადგან მაგის დაბეჭდვას ბევრი ფული უნდა, ჩვენ ფული არა გვაქვს და ტყუილა აქ რო იდვას შეიძლება დროთა განმავლობაში სრულებითაც დაიბნას და დაიკარგოსო. ამ რიგად გადასწყვიტეს თბილისში ე. ი. ჩვენს სტამბაში გამოგზავნა დასაბეჭდად. საგალობელი წიგნები რომ მივიღეთ გადავშინჯეთ და შიგადაშიგ წიგნებში ფურცლები იყო ამოჭრილი და საგალობლების რიცხვი აკლდა. ეს ამბავი მივსწერეთ ეპისკოპოს გაბრიელს. გაბრიელმა მაშინვე თავის სეკრეტარი მიიხმო და უთხრა: რატომ აკლია საგალობლების ფურცლები და სად და როგორ დაკარგეთო?
მაშინ სეკრეტარს გაახსენდა, რომელიც დავიწყებოდა და უთხრა: შარშან მასწავლებელ ბენაშვილმა მთხოვა: ნება მომეცით, რომ რამდენიმე საგალობლები გარდმოვიწეროვო, მე ნება მივეცი და თუ იმან ფურცლები შიგა და შიგ ამოაკლო, ეს მე არ ვიცოდი. მაშინვე გააფრინეს კაცები მის სახლში, თვითონ შინ იყო. მაშინ იმან ძებნა დაუწყო, სადაც ეგულებოდა, იქ არ იყო, ბევრი ძებნის შემდეგ სრულიად შეუდარებელ ადგილას იპოვეს ფურცლები და მოუტანეს სეკრეტარს. მან ფოსთით გამოაგზავნა, მივიღეთ ნოტები. ეს ფურცლები თავ-თავის ადგილას ჩავაწეპეთ და შეიქმნა სრული წიგნები.
ქართული საგალობლები
ამის შემდეგ მომავალ 1892 წლიდგან დავიწყე ნოტების წყობა, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში კარგათ შევისწავლე ნოტების აწყობა და ჩვენსავე ამწყობლებს - კონსტანტინე სალუქვაძეს და ძმებს - ნიკოლოზ და დავით დალაქიშვილებს ვასწავლე, ჯერ ნოტები და მერე ნოტების აწყობაა. იგინი რო აწყობდნენ, ფილიმონი კარექტურას ასწორებდა და დედანზე ადარებდა, ვბეჭდავდით 1500 ეგზემპლიარს. #1 პარტიტურა ლიტურგია იოანე ოქროპირისა, მღვდლისა და მღვდელ მთავრისა, და გავათავეთ 1895 წელს.
ამ წიგნზევე დაგვჭირდა ნოტის ასოების დამატებითი კვალად გამოწერა და მიმატება. ამასთანავე ვბეჭდავდით ამავე წიგნის ცალკე წიგნად დაწყების ხმას. კიდენ ცალკე წიგნად მოძახილის ხმას. და კიდენ ცალკე წიგნად ბანის ხმას, ასე რომ, გალობის გუნდის მმართველს ეჭირა ხელში გალობის დროს სამხმიანი პარტიტურა და მგალობლებს კი თავ-თავისი ხმის წიგნები. ამ ხსენებული წიგნების ბეჭდვის დროს დავბეჭდეთ თვით ფილიმონის შედგენილი ნოტების სასწავლო სახელმძღვანელო წიგნი 1500 ეკზ. ეგრეთვე მისივე დაწერილი 15 ნაირი გურულ-იმერულ კილოზე სიმღერები, და ესენი ყველანი მასვე გადავეცით, მისსავე სასარგებლოთ.
კვალად ამავე დროს 1894 წ. დავბეჭდეთ ნოტებზე ქართლ-კახური გალობა, რომელთაც არტისტ იპოლიტოვ-ივანოვს დაეწერა წირვის წესი, ძმათა კარბელაშვილების გასწორებით და ეპისკოპოს ალექსანდრეს გამოცემით.
დაიბეჭდა 1902 წ. პარტიტურა #2. 80 გვ. პირველ-შეწირულისა, ვასილი დიდისა, მღვდლის კურთხევისა და ქორწინებისა.
დაიბეჭდა პარტიტურა #3. 28 გვ. მიცვალებულთა წესის აგებისა.
დაიბეჭდა პარტიტურა #4. 82 გვ. ბრწყინვალე აღდგომის საგალობელთა.
დაიბეჭდა პარტიტურა #5. 74 გვ. 1908 წ. სადღესასწაულო განიცადეებისა.
იბეჭდებოდა 1905 წლიდგან პარტიტურა #6 ყოველ სადღე-სასწაულო საწირვო საგალობელთა, რომელიც დაიბეჭდა 18 ფორმა 864 გვ. და უნდა დაბეჭდილიყო 22 ფორმა და მით დამთავრდებოდა ეს წიგნი, მაგრამ ბეჭდვის დროს დაიკარგა ყველა ეს დაბეჭდილი ფორმები ქუთაისში, ქუთაისის სამღვდელოების ღალატით და ბრალით 1910 წელს.