ნაწილი II
(დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #11)
(დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #11)
ღირსი მამის მოწაფეები
სამონასტრო ტრადიციამ, რომელსაც ღირსმა ალექსიმ (შუშანია) XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დაუდო დასაბამი, გაგრძელება მის მოწაფეებში ჰპოვა. მათ მედგრად გადაიტანეს დევნის წლები; ზოგიერთმა მათგანმა XX საუკუნის 60-70-იან წლებამდეც მიაღწია და თავისი ღვაწლით ხელი შეუწყო საქართველოში არა მარტო სამონასტრო ცხოვრების შენარჩუნებას, არამედ თვით მართლმადიდებელი ეკლესიის გადარჩენას.ღირსი ალექსის მოწაფეებს შორის არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწენი: ბეთანიელი ბერები - მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია (ფანცულაია) და სქემარქიმანდრიტი, წმინდა აღმსარებელი იოანე (მხეიძე), რომელმაც სამი წელიწადი (1910-1913 წწ.) გაატარა მამა ალექსის სავანეში და მისი ხელით შეიმოსა სამონაზვნე მორჩილის ანაფორა; ღირსი ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე); გელათის მონასტრის იღუმენი და საეკლესიო გალობის მცოდნე, რომელმაც განადგურებას გადაარჩინა ათასობით ძველი ქართული საეკლესიო საგალობელი, წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე); განდეგილი ბერი, სქემმონაზონი ონისიფორე (ფაჩულია); ილორის მონასტრის მოღვაწენი - წინამძღვარი იოაკიმე (შენგელაია), სქემმონაზონი გიორგი (ბულისკირია) - რომელსაც, არქიმანდრიტი რაფაელისა (კარელინი) და არქიმანდრიტი იოაკიმეს (ასათიანი) გადმოცემით, სიცოცხლეშივე მიწიერ ანგელოზს უწოდებდნენ, ბერი ამბროსი (კვაცბაია), სქემმონაზონი მაკარი (ჩოჩუა); მათხოჯისა და ჯიხეთის დედათა მონასტრების მოძღვარი, იღუმენი დავითი (ჯინჭარაძე); განდეგილი ბერები მღვდელ-მონაზონი ტიხონი (ბულია) და მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (ბათა ნადარეიშვილი) [1]; მღვდელ-მონაზონი იოსებ-იესე (შელია); მღვდელ-მონაზონი ანდრია (გობეჩია), ღირსი ალექსის სავანის კეთილმოწესე - მღვდელ-მონაზონი დოროთე (კაჭარავა) და მრავალი სხვა. ღირსი ალექსის მოწაფეებს შორის ასევე იყვნენ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებიც და ერისკაცებიც, დეკანოზი ვასილ ხეცურიანი და 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი მღვდელი ნიკოლოზ ხეცურიანი, იყვნენ საზოგადო მოღვაწენიც, სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა მეთაური, თავადი გრიგოლ დადიანი (თეკლათის დედათა მონასტრის იღუმენია ელეონორა, დადიანის ყოფილი მეუღლე), გაზეთ "შინაური საქმეების" გამომცემელი იოსებ ლეჟავა და სხვ.
ალექსი ბერის სულიერი შვილი იყო ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის მოძღვარი, არქიმანდრიტი შიო (ძიძავა) [2], რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II ზოგჯერ თავის "დიდ მოძღვრადაც" მოიხსენიებს.
არქიმანდრიტი შიო (ძიძავა)
საქართველოს საპატრიარქოს საარქივო მასალებისა და ზეპირი გადმოცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა, მიახლოებით აღგვედგინა არქიმანდრიტი შიოს (ძიძავა) ბიოგრაფია.არქიმანდრიტი შიო (ნათლობით - სპირიდონ ძიძავა) 1882 წლის 1 ივნისს, სამეგრელოში, სენაკის მაზრის სოფელ ხორშში, მღვდელ პეტრე ძიძავას ოჯახში დაიბადა. მისი ორივე ბაბუა (მამის და დედის მხრიდან) მღვდელი იყო. 1897 წელს სპირიდონ ძიძავამ ქალაქ სენაკში სამეგრელოს ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ ჯერ ქუთაისის, მერე კი დონის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც 1908 წელს დაასრულა. 1913 წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამეგრელოს სხვადასხვა სამრევლო სკოლაში. 1913 წლის აგვისტოში ქ. ფოთში გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სპირიდონ ძიძავას ხელი დაასხა ჯერ დიაკვნად და მალევე მღვდლად. მეუფე ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, მღვდელი სპირიდონი სენაკის მაზრის სოფელ უფლისკარში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შტატიან მღვდლად დაინიშნა. მამა სპირიდონმა საკუთარი ხარჯებით ტაძართან სამრევლო სკოლა დააარსა, სადაც სრულიად უსასყიდლოდ ბავშვებს წერა-კითხვასა და სხვა საგნებს ასწავლიდა. ამის პარალელურად, ორი წლის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა ოთხწლიან სკოლას ახლომდებარე სოფელ ეკში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922-1923 წლებში, საქართველოში მოხდა ტაძრების მასობრივი ნგრევა და დახურვა. იმ დროისათვის უკვე დაქვრივებულმა და თავისი ტაძრიდან გამოძევებულმა მამა შიომ საბჭოთა ხელისუფალთ უარი განუცხადა, დაეწერა ხელწერილი მღვდელმოქმედების შეწყვეტის თაობაზე. მალე მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მატერიალური სახსრების უქონლობის გამო, იძულებული გახდა, სწავლა მიეტოვებინა და სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის შვიდწლედში პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. 1923 წელს მართლმადიდებლური ტაძრების ნგრევის საქმეში ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, მამა სპირიდონი, როგორც "პედაგოგიური მოღვაწეობისთვის უღირსი" პიროვნება, ნოქალაქევის სკოლიდან დაითხოვეს. მიუხედავად ამისა, 1923-1927 წლებში იგი მაინც ასწავლიდა აფხაზეთის სოფელ ამტკელში, მის მიერვე დაარსებულ ოთხწლიან სკოლაში, საიდანაც ასევე დაითხოვეს ქრისტიანული სარწმუნოების მტკიცე აღმსარებლობისთვის. 1927 წელს მამა სპირიდონი იძულებული გახდა, სოფლის მეურნეობისთვის მიეყო ხელი. 1929-1943 წლებში იგი სენაკის რაისაბჭოს კომუნალურ სამშენებლო კანტორაში მუშაობდა შავ მუშად.
ავტობიოგრაფიაში იგი იხსენებს, რომ დავალებული სამუშაოების კეთილსინდისიერი შესრულებისთვის უფლება მიეცა, კვირაში ორი დასვენების დღით ესარგებლა; ამის წყალობით იგი შაბათ-კვირას, როგორც თავად აღნიშნავს, "შინაურულად" აღასრულებდა ღვთისმსახურებას და ასევე სხვადასხვა საეკლესიო წესს მორწმუნეთა თხოვნით, რისი წერილობითი ნებართვაც ჰქონდა მიღებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძისგან (თუმცა ტაძარში ოფიციალურად ჯერ არ მსახურობდა). 1943 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მამა სპირიდონი სამღვდელო მსახურებაში ოფიციალურად აღადგინა და "მთავარანგელოზთა კუნძულის" სავანის იღუმენია ფავსტოს (შუშანია) თხოვნითა და ბათუმისა და ჭყონდიდის მინტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე) ლოცვა-კურთხევით, იგი მღვდლად დაინიშნა აღნიშნულ სავანეში, სადაც 1949 წლამდე მსახურობდა.
1951 წლის 22 მარტს მამა სპირიდონი ბერად აღკვეცეს და ღირსი შიო მღვიმელის სახელი უწოდეს. აღკვეცის წესი აღასრულა ილორის მონასტრის წინამძღვარმა, ღირსი ალექსის (შუშანია) სულიერმა შვილმა, არქიმანდრიტმა იოაკიმემ (შენგელაია). ბერობის მიღების შემდეგ მღვდელ-მონაზონი შიო თეკლათის დედათა მონასტერში მსახურობდა (სხვადასხვა ცნობით, შეიძლება დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ არაოფიციალურად იგი იქ ღვთისმსახურებას უკვე 1940-იანი წლების დასაწყისიდან აღასრულებდა).
1954 წლის აპრილში, სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, "მთავარანგელოზთა კუნძულის" სავანეში, მღვდელ-მონაზონ შიოს იღუმენის წოდება მიენიჭა და თეკლათის მონასტრის მღვდელმსახურად დადგინდა.
1954 წლის 25 მარტს ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე), კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის (ფხალაძე) სახელზე დაწერილ შუამდგომლობაში მღვდელ-მონაზონ შიოს იღუმენის წოდებით დაჯილდოების თაობაზე, მოჰყავს მოკლე ბიოგრაფიული ცნობა მის შესახებ. მეუფე ეფრემი აღნიშნავს, რომ 1923 წლიდან მამა შიო ძიძავა მღვდლად მსახურობდა სოფელ უფლისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 1943 წლამდე იგი "მასწავლებლად მუშაობდა და მღვდლად მსახურობდა სამეგრელოს სხვადასხვა ადგილებში". ეს მნიშვნელოვანი ცნობა შეიძლება გამოგვადგეს მტკიცებულებად იმისა, რომ მამა შიო დევნის წლებში შეურყვნელად იცავდა თავის სამღვდელო ღირსებას და ფარულად განაგრძობდა ღვთისმსახურების აღსრულებას.
1963 წელს, ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოს ილიას (შიოლაშვილი) შუამდგომლობით, იღუმენ შიოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1966 წელს კი იგი წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ მამა შიო იყო ღირსი ალექსის (შუშანია) სულიერი შვილი, თუმცა ამ ფაქტის შესახებ სხვა მრავალი გადმოცემა და გამოკვლევა მოწმობს. კერძოდ, შემონახულია ღირსი ალექსის აღსაზრდელების - იღუმენია ფავსტოს და სქემმონაზონ აკეფსიმეს (შუშანიების) მონათხრობი: "ერთხანს ხმა გავრცელდა, რომ მამა შიო გარდაიცვალა; იგი მართლაც საკმაოდ დიდხანს აღარ გამოჩნდა, ამიტომ ღირსმა ალექსიმ მას დაუსწრებლად წესი აუგო".
მამა შიო რომ ნამდვილად ღირსი ალექსის (შუშანია) სულიერი შვილი იყო, ასევე ამტკიცებს მხცოვანი არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი). ეს ფაქტი მან თავისი მოძღვრისგან, ილორის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოაკიმესგან (შენგელაია) შეტყო. არსებობს ასევე სხვა უტყუარი მოწმობებიც.
არქიმანდრიტ შიოსთან დაკავშირებით აგრეთვე არსებობს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შესანიშნავი მოგონებები*.
აი, ასე იხსენიებს პატრიარქი ილია II თავის მოძღვარს: "საოცარი მოძღვარი მყავდა - მამა შიო ძიძავა. ის არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ და მოძღვრის შესანიშნავი თვისებები ახასიათებდა. ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე ჩემთან ჯერ ბათუმში, შემდეგ - სოხუმში და აღსარებებს იბარებდა. როდესაც შემატყობდა, რომ რომელიმე ცოდვის გამო მეტად ვღელავდი, ხელს მომხვევდა და გამამხნევებდა: "ილოცე, მეუფეო და ნუ განიცდი, მეც შემმთხვევია მსგავსი რამ". ვიცი, ამ სიტყვებით მანუგეშებდა და მას ასეთი ცოდვა არ გამოუცდია. იმდენად კეთილშობილი და დიდსულოვანი ადამიანი იყო, რომ ჩემს გასამხნევებლად იმას იბრალებდა, რაც არასოდეს ჩაუდენია. ბოლოს, აღსარებას რომ დავასრულებდი, ისევ მომეხვეოდა და მეტყოდა: "მეუფეო, ახლა უკვე ანგელოზი ხარ. ღმერთმა შეგინდო შენი შეცოდებანი". ძალიან მიხაროდა ასე რომ ამბობდა...
...იგი ქ. სენაკში ცხოვრობდა. მიწის ნაკვეთში პატარა სახლი ედგა. სახლს სულ ერთი ოთახი ჰქონდა, რომელშიც წყვილი საწოლი, მაგიდა და ორიოდე სკამი ედგა. სახლი კეთილმოწყობილი არ იყო და არც სხვა ავეჯი ჰქონდა მამა შიოს. სახლის კარს არასოდეს კეტავდა. ერთხელ ჩემთან სოხუმში ჩამოვიდა; შევნიშნე, რომ იღუმენის ჯვარი ჯაჭვზე კი არა, შავ ბაფთაზე ეკიდა. ვკითხე: "რა მოუვიდა თქვენს ჯვარს, მამაო?" მიამბო: მამა შიოსთან სახლში მეზობლის ქალი შევიდა, ეტყობა, მისი ჯაჭვი მოეწონა და ნახევარი მოწყვიტა; ჯაჭვის მეორე ნახევარი კი თავად მამა შიომ მიუტანა იმ მეზობელს და უთხრა, - ეტყობა, ძალიან გჭირდებათ..." როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავის მოძღვარს იხსენებს, მასში განსაკუთრებით მოწყალებისა და უპოვარების სათნოებებს გამოჰყოფს. მამა შიოს პიროვნებაში ხშირად იმავე თვისებებს ასახელებდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც მას პირადად იცნობდნენ. ამბობენ, რომ როდესაც მამა შიო ნათლობას ან სხვა საეკლესიო წესებს აღასრულებდა და ამისთვის შესაწირს აძლევდნენ, იგი უმალ ყველაფერს გლახაკებს ურიგებდა. მისი მოწყალების შესახებ ბევრმა იცოდა და ზოგჯერ ბოროტადაც სარგებლობდნენ ამით.
თეკლათის მონასტრის კრებული. 1950 წ.
შემონახულია სენაკელი ღმრთისმსახურის, აწგანსვენებული დეკანოზ ზურაბ ცხვარაძის მოგონება, რომელიც მას თვით მამა შიოსგან ჰქონდა მოსმენილი: როდესაც 1924 წელს საქართველოში ანტისაბჭოური აჯანყებების ტალღამ იმძლავრა, მამა სპირიდონი, ისევე როგორც სხვა მღვდელმსახურთა უმრავლესობა, მხარს უჭერდა აჯანყებულებს. ქალაქ სენაკშიც იყო დიდი გამოსვლები, რომელთა მონაწილენიც ხელისუფლებამ მკაცრად დასაჯა, მრავალი ადამიანი იქნა დაპატიმრებული და დახვრეტილი. დაპატიმრებულთა ერთ ჯგუფში, რომელიც დასახვრეტად წაიყვანეს, მამა სპირიდონიც აღმოჩნდა. ყველა დახვრიტეს მის თვალწინ. მისი ჯერი რომ დადგა, რატომღაც შეყოვნდნენ, შემდეგ გაათავისუფლეს და უთხრეს: "წადი და ხალხი მონათლე". მან შესძახა: "ამას რას მიკეთებთ?! ისინი ცათა სასუფეველში გაგზავნეთ, მე კი მიწაზე მტოვებთ?!" აი, ასე, სასწაულებრივად გადარჩა იგი, რის შემდეგაც ფარულად მღვდელმოქმედებდა თეკლათის დედათა მონასტერში და ღირსი ალექსის "მთავარანგელოზთა კუნძულის" სავანეში ყველაზე მძიმე 40-იან და სავარაუდოდ, ასევე 30-იან წლებში. მამა შიო მედგრად იტანდა დევნას, მძიმე განსაცდელსა და შევიწროებას.
არქიმანდრიტ შიოს გარდაცვალების წინა დღეს უკანასკნელად ესაუბრა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მან მიტროპოლიტ ილიას პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. ამის შესახებ ბევრჯერ უამბია თავად კათოლიკოს-პატრიარქს. მიტროპოლიტი ილია სოხუმიდან სენაკში ჩავიდა, რომ აღსარება მიეღო და ეზიარებინა თავისი მძიმედ ავადმყოფი მოძღვარი. ზიარების შემდეგ მამა შიო ხელზე მიეფერა მეუფე ილიას და მიუალერსა: "ჩემი პატრიარქი". კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მაშინ ეს სიტყვები მის მძიმე მდგომარეობას მიაწერა და შეუსწორა: "არა, მამა შიო, თქვენ ცდებით, მე პატრიარქი კი არა, სოხუმის მიტროპოლიტი ილია ვარ". "პატრიარქი ხარ, პატრიარქი", - გაუმეორა მამა შიომ ისე, რომ მისი ხელი არ გაუშვია და ეალერსებოდა.
მამა შიო იმავე ღამეს გარდაიცვალა, მეუფე ილიას სენაკიდან გამგზავრების შემდეგ. ეს მოხდა 1969 წლის 18 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის კვირიაკეში. არქიმანდრიტი შიო (ძიძავა) დაკრძალულია თეკლათის დედათა მონასტერში.
ღირსი ალექსის სავანე
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მოქმედი მონასტრების ისტორიის კვლევა სავანეების დაარსების წლებიდან, XIX საუკუნის 60-იანი და 90-იანი წლებიდან იწყება. თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიის გამოკვლევის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის აბაშის რაიონის ყოფილ დეპუტატს და მთავარ ექიმს, ბატონ პაატა ქურდოვანიძეს, რომელიც მონასტრის მეხუთე იღუმენიის, ელეონორას (დადიანი) შვილთაშვილი გახლავთ.საბჭოთა ხელისუფლების პირობებში დასავლეთ საქართველოში მხოლოდ სამი მონასტერი აგრძელებდა მოქმედებას. აქედან ორი ქ. სენაკთან ახლოს მდებარეობს. ესაა ალექსი ბერის სავანე ე. წ. "მთავარანგელოზთა კუნძულზე" და თეკლათის დედათა მონასტერი. მესამე სავანე - ჯიხეთის დედათა მონასტერი გურიაში მდებარეობს. ეს არის უნიკალური მაგალითი სამონასტრო ტრადიციების გადარჩენისა საქართველოში, უღმრთო ხელისუფლების მიერ დევნისა და შევიწროების პერიოდში. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს მოვლენა არის ღირსი ალექსისა (შუშანია) და მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების სულიერი სიწმინდე და პირადი ღვაწლი.
1891 წელს ალექსი ბერის მიერ დაფუძნებულ "მთავარანგელოზთა კუნძულის" მამათა მონასტერში მისი ბევრი მოწაფე მოღვაწეობდა: ზოგი ბერი იყო, ზოგი - მორჩილი. ზოგიერთ მათგანს მამა ალექსი დროებით იტოვებდა, შემდეგ კი ათონის წმინდა მთაზე აგზავნიდა სამოღვაწეოდ და შემდეგ მათ ნაცვლად ახალ მორჩილებს იღებდა. სხვები უფრო დიდხანს იმყოფებოდნენ მამა ალექსის გვერდით, შემდეგ ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში განაგრძობდნენ მოღვაწეობას.
ალექსი ბერს დაახლოებით 200-მდე მოწაფე ჰყოლია, ერთდროულად კი სავანეში 20-30 მოღვაწე მსახურობდა. მამა ალექსის მათთვის საცხოვრებელი კორპუსიც აუშენებია, სადაც 40-მდე ადამიანის განთავსება იყო შესაძლებელი. ყოველმა მათგანმა ფასდაუდებელი ღვაწლი შეიტანა დევნის ეპოქაში ეკლესიის გადასარჩენად.
1917-1918 წლებში, მოწაფეთა დათხოვნის შემდეგ, მამა ალექსისთან ერთად სავანეში თეკლათის მონასტრიდან გადმოსული მისი ბიძაშვილები და აღსაზრდელები დარჩნენ: მონაზვნები - ფავსტო (მომავალში იღუმენია) და აკეფსიმა შუშანიები. ისინი მომავალში დიდი მოღვაწეები გახდნენ. ღირსი ალექსის ანდერძის თანახმად, მათ არ დაუტოვებიათ სავანე მოძღვრის გარდაცვალების შემდეგაც და მიუხედავად მრავალი განსაცდელისა და ტანჯვისა მონასტერში რამდენიმე ათწლეული გაატარეს. სწორედ მათ შეინარჩუნეს ალექსი ბერის შრომები და პირადი არქივი.
რაც შეეხება თეკლათის მონასტერს, სადაც სულ 90-მდე (ზოგიერთი ცნობით 100-მდე) მონაზონი მოღვაწეობდა, მათგან 60 - ღირსი ალექსის სულიერი შვილი გახლდათ. მათ შორის იყვნენ იღუმენიები: ათანასია (სალაყაია), ელეონორა (დადიანი), ქეთევანი და ელენე (ახვლედიანები), დაყუდებული სქემმონაზვნები: თეოდოსია და მარიამ (ძიძავა), სქემმონაზვნები: რიფსიმე (ახვლედიანი), ელისაბედი (გაბუნია), მონაზონი ანა (ძიძავა) და მრავალი სხვ.
რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ დახურა მონასტრის ტაძარი. ასევე დაიხურა მონასტერთან არსებული ქალთა სკოლაც. მაგრამ ხელისუფლებამ ვერ აიძულა მონაზვნები, დაეტოვებინათ სავანე. მრავალი განსაცდელისა და დევნის მიუხედავად, დედები აგრძელებდნენ ლოცვასა და მოღვაწეობას. მონასტერში ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურება.
1931 წელს მონასტრის ტერიტორიაზე დააარსეს მეკურდღლეობის საბჭოთა მეურნეობა, რომლისთვისაც ტაძრის შენობასაც იყენებდნენ. მაგრამ ათეისტებისთვის "გაუგებარი" მიზეზების გამო კურდღლები ეხოცებოდათ და იძულებული გახდნენ, მეურნეობა გაეუქმებინათ.
1940-იანი წლების ბოლოს თეკლათის მონასტრის მღვდელმსახურად ღირსი ალექსის "სულიერი შვილიშვილი" მამა კონსტანტინე (ქვარაია) დაინიშნა. მისი მოძღვარი იყო ალექსი ბერის სულიერი შვილი, შესანიშნავი მოღვაწე, ილორის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოაკიმე (შენგელია). მამა კონსტანტინეს დროს ისევ გაიხსნა მონასტრის ღმრთისმშობლის შობის ტაძარი, სადაც იგი 40 წელზე მეტ ხანს მსახურობდა და ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის არ დაუტოვებია მონასტრის ტერიტორია.
ძველი თაობის მორწმუნეთა გადმოცემით ვიგებთ, რომ თეკლათის მონასტერში დანიშვნის შემდეგ (1948 წელს) მამა კონსტანტინე და მამა შიო ხშირად ერთად მსახურობდნენ ხოლმე და მამა შიო ზოგჯერ ასწავლიდა ახალდანიშნულ მოძღვარს ღვთისმსახურების წესებს.
მამა კონსტანტინე (ქვარაია) იყო ჭეშმარიტი ბერი და მლოცველი, უბიწოდ მცხოვრები დიდი მოღვაწე. იგი სულიერად ასაზრდოებდა არა მარტო საქართველოში მოღვაწე მონაზვნებსა და მრევლს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის სივრცეს წვდებოდა. ღირსი ალექსის მსგავსად, მამა კონსტანტინეს მოღვაწეობისთვის დამახასიათებელი იყო ყოველდღიური წირვა-ლოცვა და იესოს ლოცვის ღვაწლი.
გაგრძელება იქნება
სტატია ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა გაზეთ
"საპატრიარქოს უწყებანში"
თარგმნა
მარიამ გაგუამ
სტატია ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა გაზეთ
"საპატრიარქოს უწყებანში"
თარგმნა
მარიამ გაგუამ