კაპადოკიის სოფელ სისანში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი ცოლ-ქმარი. უფალმა დალოცა მათი კავშირი და ვაჟი აჩუქა.
მშობლებმა ყრმა ქრისტიანული წესით მონათლეს და სვიმეონი დაარქვეს. უბოროტოდ და უბრალოებაში იზრდებოდა ბიჭი, მაგრამ უფლის სიბრძნე ხშირად სწორედ უბრალო ადამიანებში განხორციელდება.
13 წლის სვიმეონი მამამისის ფარას მწყემსავდა. იაკობის, მოსესა და დავითის მსგავსად, რომლებიც ასევე ცხვრებს მწყემსავდნენ და უფლის რჩეულნი გახდნენ, სვიმეონიც იხმო უფალმა.
ერთ ზამთარს, დიდი თოვლი მოვიდა და რამდენიმე დღე ვერ გარეკა ცხვარი საძოვარზე. კვირა დილით ბიჭი მშობლებთან ერთად ეკლესიაში წავიდა. დიდი ყურადღებით უსმენდა გალობასა და ლოცვებს. წმინდა სახარებაც მოისმინა ცხრა ნეტარების შესახებ და გვერდით მდგომ ბერს ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები.
ბერი უხსნიდა და დიდხანს ასწავლიდა, თუ რა იყო უფლის სიყვარული, მადლმოსილი ცხოვრება და სულიერი სიწმინდე. ბერის კეთილი თესლი ნოყიერ ნიადაგში მოხვდა - სვიმეონის გულში ღვთისადმი სიყვარული გაღვივდა და გადაწყვიტა, უფლისკენ მიმავალი ვიწრო გზით ევლო (მათ.7:14). თავი მდაბლად დაუკრა ბერს, მადლობა მოახსენა და უთხრა:
- შენ ჩემთვის ახლა დედაც ხარ და მამაც, ჩემი მოძღვარი და სულის გადამრჩენელი!
შინ დაბრუნებული განმარტოვდა და ლოცვას მიეცა, მიწაზე ჯვრის მსგავსად განერთხა და ტირილით შესთხოვდა უფალს, ხსნის გზა ეჩვენებინა. დიდხანს ილოცვიდა, ბოლოს კი დაღლილს ჩაეძინა და სიზმრად იხილა, თითქოს რაღაც შენობისთვის საძირკველს თხრიდა, თან ესმოდა:
- უფრო ღრმად ამოთხარე!
ისიც განაგრძობდა და როდესაც ჩათვალა, რომ საკმაოდ ღრმად ამოთხარა, გაჩერდა. მაგრამ კვლავ ჩაესმა:
- უფრო ღრმად ამოთხარე!
მეორედ და მესამედაც რომ შეჩერდა, ხმამ კვლავ შეახსენა, მუშაობა გაეგრძელებინა. ბოლოს ესმა:
- შეწყვიტე თხრა. თუ შენობის აშენება გსურს, გულმოდგინედ უნდა იშრომო, რადგან გაურჯელად ვერაფერს გააკეთებ!
ეს უცნაური ხილვა სვიმეონმა თავისი ცხოვრებით ცხადყო:
- თავისი მორჩილებით იმგვარ სრულქმნილებას მიაღწია, რომ მისი ღვაწლი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა.
ხილვის შემდეგ სვიმეონმა მიაშურა მონასტერს, რომელსაც ნეტარი ტიმოთე წინამძღვრობდა.
ყმაწვილი კართან მიწაზე დაწვა და შვიდი დღე არ წამომდგარა, არც საზრდელი უხმევია და არც წყალი მიუღია.
მერვე დღეს მონასტრიდან იღუმენი გამოვიდა და სვიმეონს გამოელაპარაკა, - საიდან ხარ, სად მიდიხარ, რა გქვია, რამე ბოროტება ხომ არ ჩაგიდენია და ბატონს ხომ არ გამოექეციო.
ბიჭი მუხლებში ჩაუვარდა იღუმენს და შესტირა:
- არა, მამაო, ავი არავისთვის მიქმნია, მთელი არსებით მსურს, ღმერთს ვემსახურო. შემიწყალე მე, ცოდვილი. ნება მომეცი, მონასტერში ვიცხოვრო და ყველას მსახური გავხდე!
იღუმენმა იგრძნო მისი დიდი მოწოდება, ხელი მოჰკიდა, მონასტერში შეიყვანა და ბერებს უთხრა:
- შეასწავლეთ მონასტრის წეს-ჩვეულებანი!
მონასტერში სვიმეონი ყველას უსიტყვოდ ემორჩილებოდა და მსახურებდა. მოკლე ხანში ზეპირად დაისწავლა ფსალმუნნი. თვრამეტი წლისა ბერად აღიკვეცა და მკაცრი ცხოვრების წესით ყველას აღემატა.
ზოგი ბერი საკვებს დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა, ზოგიც - სამ დღეში ერთხელ, სვიმეონი კი მთელი კვირის განმავლობაში საჭმელს გემოსაც არ უსინჯავდა.
მშობლები ორი წელი ეძებდნენ შვილს და ვერ პოულობდნენ, რადგან ასეთი იყო უფლის ნება. შვილს დასტიროდნენ და ისე წუხდნენ, რომ მამამ ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა.
სვიმეონმა მამა უფალში აღმოაჩინა და მთელი სიცოცხლე მას მიუძღვნა.
ერთხელ ნეტარი ჭასთან მივიდა წყლის ამოსაღებად. პალმის ტოტებისგან დაგრეხილი თოკი მეტისმეტად უხეში იყო. ჭაბუკმა თოკი მოხსნა და შიშველ სხეულზე ისე მაგრად შემოიხვია, რომ ხორცი დაეფლითა.
ათი დღის შემდეგ ჭრილობები დაუჩირქდა, შიგ მატლები დაფუთფუთებდნენ. ბერები იღუმენთან ჩიოდნენ:
- ეს ყმაწვილი საიდან მოიყვანე? მისი გაძლება შეუძლებელია, ყარს. საწოლი კი მატლებით არის სავსეო.
ამის გაგონებაზე იღუმენი მეტად გაოცდა, მაგრამ რა დარწმუნდა მამათა ნათქვამში, სვიმეონს დაეკითხა:
- მითხარი, შვილო ჩემო, რატომ აგდის ასეთი უსიამო სუნი?
სვიმეონი უხმოდ იდგა. იღუმენი განრისხდა და ბრძანა, ძალით გაეხადათ მისთვის ანაფორა.
მაშინ ყველამ იხილა, რომ მისი პერანგი ერთიანად სისხლით იყო გაჟღენთილი, სხეული კი ღრმა იარებით დასერილი. ყველა შეძრწუნდა და დიდი გაჭირვებით შემოხსნეს სვიმეონს თოკი, რადგან თოკთან ერთად ხორციც სძვრებოდა.
ჭაბუკი უსიტყვოდ იტანდა ტკივილებს და ამბობდა:
- თავი დამანებეთ, რამეთუ დავიმსახურე ეს განსაცდელი! - ჯერ თვრამეტი წლის ხარ, - უთხრა იღუმენმა, - ასეთი რა ცოდვა ჩაიდინე?
- მამაო, - უპასუხა სვიმეონმა, - წინასწარმეტყველს უთქვამს: "აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი" (ფს. 50:7).
იღუმენი გააოცა სვიმეონის საზრიანობამ, - საიდან აქვს უბრალო ჭაბუკს ასე ღრმად გამჯდარი ღვთის შიშიო. შემდეგ დარწმუნება დაუწყო, რომ არ იყო საჭირო ასეთი ტანჯვა.
- არავითარი სარგებელი არ იქნება, - ამბობდა, - თუ იმას გააკეთებ, რაც შენს ძალებს აღემატება: - "მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი" (მათ. 10:24).
კარგა ხნის მერე მოუშუშდა სვიმეონს ჭრილობები. როდესაც გამოჯანმრთელდა, იღუმენმა და ბერებმა შეამჩნიეს, რომ მაინც ტანჯავდა სხეულს. იმის შიშით, რომ სხვებსაც არ მიებაძათ და საკუთარი სიკვდილის მიზეზი თავადვე არ გამხდარიყვნენ, იღუმენმა სვიმეონს უბრძანა, მონასტერი დაეტოვებინა.
სვიმეონი მართლაც წავიდა მონასტრიდან და დიდი ხნის განმავლობაში დაეხეტებოდა მთებსა და უდაბნოში. მერე ქვეწარმავლებით სავსე დამშრალი ჭა იპოვა, ილოცა და ჭაში ჩავარდა.
იღუმენს ხილვა ჰქონდა, თითქოს უამრავი ადამიანი იარაღითა და სანთლებით ხელში მონასტერს გარს შემოერტყა და ყვიროდა:
- სად არის სვიმეონი, უფლის მსახური? გვიჩვენეთ ის, ვინც ღვთისა და ანგელოზების რჩეულია. თუ არა, თქვენც დაგწვავთ და თქვენს მონასტერსაც. სვიმეონი თქვენზე, ყველაზე მაღლა დგას და დედამიწაზე ღმერთი სწორედ მისი ხელით აღასრულებს მრავალ სასწაულს!
იღუმენმა მაშინვე ბერებს უამბო ხილვის შესახებ. მაშინვე შეუდგნენ ჭაბუკის ძებნას. იღუმენი, რამდენიმე ბერის თანხლებით, გამოქვაბულებსა და უდაბნოში დაეძებდა. მალე მწყემსებს გადაეყარნენ და მათგან შეიტყვეს, რომ სვიმეონი ცარიელ ჭაში იჯდა. იქით გასწიეს. იღუმენმა ჩასძახა:
- აქ ხარ, ღვთის მონავ?
- თავი დამანებეთ, წმინდა მამებო, - უპასუხა სვიმეონმა, - ცოტაც მაცალეთ, რომ სული უფალს მივაბარო, რამეთუ შევცოდე უფლის წინაშე!
ბერებმა ძალით ამოიყვანეს ჭიდან და მონასტერში მიიყვანეს, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ მონასტრიდან გაიპარა და ისევ მთებსა და უდაბნოს შეერთო.
სოფელ თალანისში მთაზე გამოკვეთილი სენაკი იპოვა და სამი წელი იქ ცხოვრობდა. როგორც მოსე და ელია მარხულობდნენ ორმოცი დღე, მანაც გადაწყვიტა ემარხულა.
ამ დროს სოფელში ეპისკოპოსი ჩავიდა. ნეტარი სვიმეონის ამბავი რომ შეიტყო, მის სანახავად მივიდა. განდეგილი ევედრებოდა, სენაკის კარი მიეხურა და ორმოცი დღის განმავლობაში მისთვის საკვები არ მიეცათ, მაგრამ ეპისკოპოსმა უარი უთხრა:
- არ შეიძლება, ადამიანმა უზომო მარხვით თავი მოიკლას. ეს ცოდვა უფრო არის, ვიდრე ღვაწლი!
- მაშინ, მამაო, - უპასუხა ბერმა, - მხოლოდ პური და წყალი დამიტოვე და თუ აუცილებელი იქნება, საკვებით ძალებს მოვიკრებ!
ეპისკოპოსი ასეც მოიქცა. სენაკში წყალი და პური დაუდო, კარი ქვებით ამოუქოლა და გზა განაგრძო.
ორმოცი დღის შემდეგ კვლავ მივიდა ნეტარ მამასთან, შესასვლელი ქვებისგან გაათავისუფლა და სენაკში შევიდა. ნახა, რომ განდეგილი მკვდარივით იწვა მიწაზე, პური და წყალი კი იმავე ადგილას ხელუხლებელი იდო. ეპისკოპოსმა წყალი აპკურა და როგორც კი გონს მოეგო, აზიარა. ამის შემდეგ განდეგილმა მცირე საკვები მიიღო. იმ დღიდან თავად ეპისკოპოსი დიდი მარხვის დღეებში საკვებს არ იღებდა, ოცი დღე ფეხზე მდგომი ლოცულობდა, ოცი დღე კი - დაღლილობის გამო დამჯდარი აღავლენდა ლოცვებს.
სამი წელი ქვის ვიწრო სენაკში გაატარა ღირსმა სვიმეონმა. შემდეგ გარეთ გამოვიდა და მთის მწვერვალზე ავიდა. რომ არ გადავარდნილიყო, კლდეზე მიმაგრებული ჯაჭვი ფეხებზე შეიბა. ასეთ მდგომარეობაში გარინდებული ცისკენ იმზირებოდა და ლოცულობდა.
განდეგილის შესახებ ანტიოქიის ეკლესიის მწყემსმა, ნეტარმა მელეტიმ შეიტყო და მასთან მივიდა. როდესაც დაინახა, რომ ბერი მთაზე იყო მიჯაჭვული, თქვა:
- აუცილებელი არ არის რკინის ჯაჭვი. ადამიანს გონებითაც შეუძლია ერთ ადგილას მიეჯაჭვოს.
ბერმა ეს რომ გაიგონა, მაშინვე გადაწყვიტა, არქიეპისკოპოსის დარიგება გაეთვალისწინებინა, ჯაჭვი მოიხსნა და გონებით მიეჯაჭვა იმ ადგილას, "მისით ვამხობთ ზრახვებს და ყოველგვარ ქედმაღლობას, ღმრთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს, რათა დაემორჩილოს ქრისტეს" (2 კორ. 10:5).
წმინდა განდეგილმა სახელი გაითქვა. მასთან შორეული ქვეყნებიდანაც მოისწრაფვოდნენ. ზოგს სნეულები მიჰყავდა მასთან, ზოგი კი - შინ დარჩენილი მწოლიარე ავადმყოფის განკურნებას სთხოვდა. სხვადასხვა გაჭირვებითა და მწუხარებით აღსავსენი მიდიოდნენ ბერთან ადამიანები, ბოროტი ძალებისგან შეპყრობილებიც აკითხავდნენ.
ბერისგან უნუგეშოდ არავინ ბრუნდებოდა, - ყოველი იმას იღებდა მისგან, რაც სჭირდებოდა: ზოგი კურნებას, ზოგი - დარიგებას, ზოგიც - ნუგეშისცემას. შინ გახარებულნი და რწმენით აღვსილნი ბრუნდებოდნენ და უფალს ადიდებდნენ.
როდესაც ვინმე ბერის ლოცვებით განიკურნებოდა, ნეტარი მამა ეტყოდა:
- უფალს მადლი შესწირე შენი გამოჯანმრთელებისთვის და არ გაბედო იმის თქმა, რომ სვიმეონმა განგკურნა, თორემ უარეს დღეში ჩავარდები!
საიდან აღარ მიდიოდნენ წმინდა ბერთან: არაბეთიდან, სპარსეთიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან. ნეტარ მამასთან ურიცხვი ხალხი იყრიდა თავს და ყველა ცდილობდა, მას შეხებოდა და მისგან კურთხევა მიეღო. განდეგილი დიდად შეწუხდა ამის გამო და გადაწყვიტა სვეტი აეგო და იქ დამკვიდრებულიყო.
ასეც მოიქცა. სვეტის თავზე ვიწრო კელია მოიწყო და იქ ატარებდა ცხოვრებას მარხვასა და ლოცვაში. ის პირველი მესვეტე იყო. წმინდა სვიმეონმა იმ სვეტზე შვიდი წელი გაატარა. მოგვიანებით კიდევ უფრო აამაღლა სვეტი და ნელ-ნელა უახლოვდებოდა ზეციურ ქვეყანას.
მრავალ განსაცდელს უძლებდა, ზაფხულში კოკისპირულ წვიმებს და აუტანელ სიცხეს, ზამთარში - ყინვას.
წმინდა ბერის ცხოვრების წესით მეუდაბნოე წმინდა მამებიც კი გაოცებულები იყვნენ. მაცნეები გაგზავნეს მასთან და შეუთვალეს:
- ჩვენი მამების კვალზე რატომ არ მიდიხარ და რატომ გამოძებნე ახალი გზა? ჩამოდი სვეტიდან და უდაბნოში განდეგილივით იცხოვრე!
მაცნეები გააფრთხილეს, - თუ სვიმეონი არ დაჰყვებოდა მათ სიტყვას, ძალით ჩამოეყვანათ სვეტიდან. თუ დაუჯერებდა და ჩამოსვლას დააპირებდა, მაშინ მისთვის თავი დაენებებინათ და დაეტოვებინათ სვეტზე, რადგან გასაგები იქნებოდა, რომ მისი ცხოვრების წესი უფლის მიერ იყო ნაკარნახევი.
განდეგილების მიერ გაგზავნილი მაცნეები სვიმეონთან მივიდნენ და წმინდა მამების სიტყვები გადასცეს. ბერმა მაშინვე დააპირა სვეტიდან ჩამოსვლა. ამის დანახვაზე მაცნეები აყვირდნენ:
- არ ჩამოხვიდე, წმინდა მამაო. ახლა კი ვიცით, რომ შენ მიერ დაწყებული საქმე ღვთისგან არის. უფალი იყოს შენი შემწე ვიდრე აღსასრულამდე!
სვიმეონთან ანტიოქიის პატრიარქი დომნაც მივიდა. ის გაოცებული დარჩა, მისი ადგილსამყოფლის ხილვით და დიდხანს ესაუბრებოდა იმაზე, რაც სულისთვის არის სასარგებლო. შემდეგ პატრიარქმა ლოცვა აღავლინა და ორივე ეზიარა.
პატრიარქი ანტიოქიაში დაბრუნდა, ღირსი მამა კი კიდევ უფრო დიდ ღვაწლს მიეცა. მაშინ ეშმაკმა, რომელიც ყოველივე კეთილის მოძულეა, ანგელოზის სახე მიიღო და სვეტის სიახლოვეს ცეცხლოვანი ეტლითა და ცეცხლოვანი ცხენებით გამოეცხადა, თან ეტყოდა:
- სვიმეონ! უფალმა ციდან მიწაზე შენთან გამომგზავნა, როგორც ხედავ, ცხენებშებმული ეტლით მოველ, რათა ელიას მსგავსად ზეცად აღგიყვანო (4 მეფ. 2:11). შენი წმინდა ცხოვრებით დაიმსახურე ასეთი პატივი. მოვიდა დრო, შენი შრომის შედეგით დატკბე და უფლის ხელიდან ქების ნიშნად გვირგვინი მიიღო. აჩქარდი, ღვთის მონავ, შენი ნახვა მთავარანგელოზებსა და ანგელოზებს, მოციქულებსა და მოწამეთ სურთ!
წმინდანი ავსულის ბოროტ განზრახვას ვერ მიხვდა და თქვა:
- უფალო, ნუთუ ჩემისთანა ცოდვილის აყვანა ინებე ცაში?
წმინდა სვიმეონმა მარჯვენა ფეხი გადადგა, რომ ცეცხლოვან ეტლში ჩამჯდარიყო, თან პირჯვარი გადაიწერა. ეშმაკი მაშინვე გაქრა ეტლთან ერთად. განდეგილი მიხვდა, რომ ეშმაკის ცდუნებას აჰყვა, მოინანია თავისი საქციელი და თავი იმით დაისაჯა, რომ იმ ცალ ფეხზე, ავსულის ეტლში ჩადგმას რომ აპირებდა, იდგა მთელი წლის განმავლობაში.
ეშმაკმა მისი ღვაწლი კვლავ ვერ აიტანა და ფეხზე საშინელი წყლული გაუჩინა. წყლული მალე მთელ სხეულზე გავრცელდა და დაჩირქდა. წმინდანს იარებზე მატლები დაეხვივნენ. სვეტიდან მიწაზე ჭიები ცვიოდა. ნეტარმა მამამ ერთ ჭაბუკს, სახელად ანტონს, უბრძანა, რომ შეეგროვებინა ისინი და მასთან მიეტანა.
წმინდანი დიდი მოთმინებით უძლებდა საშინელ დაავადებას და როგორც მეორე იობი, მატლებს კვლავ ჭრილობებზე იდებდა და თან ამბობდა:
- ჭამეთ, რაც ღმერთმა გამოგიგზავნათ!
სარკინოზთა თავადს ბევრი რამ სმენოდა წმინდანის შესახებ და მასთან მივიდა, ბევრი ესაუბრა, მრავალი დარიგება მიიღო და ქრისტე იწამა. რა იხილა, ნეტარი მამის ჭრილობიდან ერთი მატლი მიწაზე დავარდა, ჩუმად აიღო და წასვლა დააპირა. წმინდანმა უხმო:
- რატომ აიღე მატლი, რომელიც ჩემი დაჩირქებული სხეულიდან ჩამოვარდა?
თავადმა ხელს დახედა, ძვირფასი მარგალიტი დაინახა და უპასუხა:
- ეს მატლი კი არა, მარგალიტია!
- შენი რწმენისამებრ მიიღე, - უპასუხა ღირსმა მამამ.
თავადმა მისი კურთხევა მიიღო და შინ დაბრუნდა.
მრავალმა წელმა განვლო და წმინდანის დედამ, მართამ შეიტყო შვილის ადგილ-სამყოფელი. მაშინვე მის სანახავად მივიდა და ცხარედ ტიროდა. სვიმეონმა არ ისურვა მასთან შეხვედრა, მაცნე გაგზავნა და დააბარა:
- ნუ შემაწუხებ, დედაო, თუ დავიმსახურებთ, იმ ქვეყნად შევხვდებით!
ქალს კიდევ უფრო მეტად მოუნდა შვილის ნახვა. წმინდანმა ისევ შემოუთვალა და შეევედრა, მცირე ხნით გაჩუმებულიყო.
დედა იქვე დაწვა და სული უფალს მიაბარა. წმინდანმა ეს რომ გაიგო, ითხოვა, დედამისის უსიცოცხლო სხეული მასთან მიესვენებინათ. მშობლის დანახვაზე მწარედ ატირდა და მისი სულის საოხად ლოცვა ჰყო.
ამ დროს შენიშნეს, რომ წმინდა მართას უსულო სხეული ამოძრავდა, სახეზე კი ღიმილი გამოესახა. ამის მომსწრენი დიდად გაოცდნენ და უფალი ადიდეს. ქალი სვეტის მახლობლად დაკრძალეს. წმინდანი დედას დღეში ორჯერ იხსენიებდა ლოცვებში.
მცირე ხანში ღირს მამას ახალი, გაცილებით მაღალი სვეტი აუშენეს. სწორედ იქ იდგა და ლოცულობდა ღირსი მამა ვიდრე აღსასრულამდე.
იმ ადგილას, სადაც ნეტარი მამა მოღვაწეობდა, წყალი არ იყო. შორი მანძილიდან მოსულები ამის გამო დიდად წუხდნენ. ამიტომ წმინდანი უფალს შეევედრა, რომ მას წყალი გამოეგზავნა, ისევე როგორც ოდესღაც ებრაელებს - უდაბნოში.
და აი, დილის ათი საათი იქნებოდა, უეცრად მიწა გაიხსნა და სვეტის აღმოსავლეთით წყლით სავსე გამოქვაბული გამოჩნდა. წმინდანმა ბრძანა, ის ადგილი შემოეფარგლათ და მალე იქიდან წყლის უხვი ნაკადი წარმოდინდა.
ერთხელ ერთ ქალს ღამით მოსწყურდა და სიბნელეში წყალთან ერთად გველის წიწილიც გადაყლაპა. გველი მუცელში გაიზარდა და ქალი დასნეულდა. ბალახივით მწვანე ფერი ჰქონდა. უამრავი მკურნალი ამაოდ ცდილობდა მის მორჩენას. ბოლოს, წმინდა სვიმეონთან მიიყვანეს. ნეტარმა ბრძანა, - აქაური წყალი დაალევინეთო.
ქალმა წყალი დალია თუ არა, მისი სხეულიდან უზარმაზარი გველი გამოვიდა. სვეტთან მისრიალდა და ნაკუწებად იქცა.
ერთხელ ვიღაცები შორიდან მიდიოდნენ ნეტარ მამასთან. სიცხისგან შეწუხებულები, ხის ჩრდილში ჩამოსხდნენ სულის მოსათქმელად. უეცრად მახლობლად მაკე ირემს მოჰკრეს თვალი და დაუყვირეს:
- წმინდა სვიმეონის ლოცვის ძალით, შეჩერდი!
და მოხდა საოცრება: ირემი მართლაც შეჩერდა. მგზავრებმა ცხოველი მოკლეს, გაატყავეს და ხორცისგან საჭმელი მოამზადეს. ჭამა იწყეს თუ არა, ღვთის რისხვის ძალით, ადამიანის ხმა დაკარგეს და ირმებივით დაიწყეს ბღავილი. შემდეგ წმინდანთან მიირბინეს და ირმის ტყავიც წაიღეს, როგორც ნიშანი მათი ცოდვისა. სვეტის ძირთან ორი წელი გაატარეს და ძლივს მოახერხეს უფლის რისხვისგან გათავისუფლება და ადამიანურად დალაპარაკება. ირმის ტყავი სვეტზე ჩამოკიდეს, როგორც ნიშანი მომხდარისა.
წმინდანის სვეტის მახლობლად საზარელი გველი ბუდობდა. იმ ადგილას ბალახიც არ იზრდებოდა. ერთხელ უხსენებელს მარჯვენა თვალში ხის ხმელი ტოტი შეერჭო და დაუზიანდა. გველი ღირსი მამის სვეტთან მისრიალდა და მორჩილების ნიშნად იქვე გაწვა, თითქოს წმინდანისგან შველას ითხოვდა. ნეტარმა სვიმეონმა როგორც კი გადმოხედა, გველს ხის ტოტი თვალიდან ამოუვარდა. ქვეწარმავალი იმ ადგილას კიდევ სამი დღე იწვა. ხალხი უშიშრად მიდი-მოდიოდა მის გარშემო, რადგან არავის არაფერს უშავებდა. როდესაც თვალი სრულიად მოურჩა, თავის სოროს დაუბრუნდა.
იმ ქვეყანაში ერთი ჯიქი ბინადრობდა, მეტად დიდი და საშიში, რომელიც მუსრს ავლებდა საქონელს და ხოცავდა ადამიანებს. ვერავინ ბედავდა იმ ადგილთან მიახლოებასაც კი, სადაც მხეცი ბინადრობდა. მის შესახებ წმინდანს მოახსენეს. მან ბრძანა სვეტის მახლობლად მიწა და წყალი აეღოთ, მხეცის ბუნაგის გარშემო მოეყარათ და წყალი მოესხათ. ასეც მოიქცნენ. ჯიქი არ გამოჩენილა. მოსაძებნად წავიდნენ და მკვდარი იპოვეს. იმ მიწაზე ეგდო, ნეტარი მამის ბრძანებით რომ დაყარეს. ამის გამო ყველამ ადიდა უფალი.
მცირე ხანში არანაკლებ საშიში მხეცი გამოჩნდა, - ანტიოქიელი ყაჩაღი იონათანი. შარაგზებზე თუ სახლებში უამრავ ადამიანს ასალმებდა სიცოცხლეს, სოფლებსა და ქალაქებს ქურდულად თავს ესხმოდა და ვერავინ შეძლო მისი შეპყრობა, თუმცა, მრავალი ცდილობდა, - გზებზე უსაფრდებოდა.
ყაჩაღი მეტად ძლიერი და გამბედავი იყო. ანტიოქიიდან მის შესაპყრობად ჯარისკაცები გაგზავნეს. ყაჩაღმა ვერ მოასწრო თავი სადმე შეეფარებინა და წმინდა სვიმეონის სვეტთან მიირბინა. სვეტს ხელები მოხვია და მწარედ ატირდა. წმინდანმა ჩამოსძახა:
- ვინ ხარ და აქ რამ მოგიყვანა?
ავაზაკმა უპასუხა:
- იონათანი ვარ, ყაჩაღი. უამრავი ბოროტება მაქვს ჩადენილი. მოვედი, რომ ცოდვები მოვინანიო!
ამას რომ ამბობდა, მეომრებმაც მოირბინეს და ღირს მამას ასძახეს:
- მამაო, გადმოგვეცი ჩვენი მტერი. ქალაქში მის დასაგლეჯად მხეცებიც კი მოვამზადეთ.
ნეტარმა მამამ კი მიუგო:
- შვილნო ჩემნო! აქ მე არ მომიყვანია. უფალს სურს, რომ ცოდვები მოინანიოს და ამიტომაც მოვიდა თავისი ფეხით. მე ვერ გადმოგცემთ, რადგან მეშინის ღმერთის, რომელმაც ყაჩაღი ჩემთან გამოგზავნა.
ამის გაგონებაზე ვერც ერთმა მეომარმა ვერ შეძლო ავაზაკთან მიახლოება, სიტყვაც ვერ შეუბრუნეს, ქალაქში დაბრუნდნენ და ყველაფერი უამბეს ხალხს. ყაჩაღი შვიდი დღის განმავლობაში იდგა სვეტთან და ცხარედ ტიროდა, თან ღმერთს ცოდვების შენდობას ევედრებოდა. ყველა, ვინც კი მის სინანულს ხედავდა, თავადაც გული უჩუყდებოდა. შვიდი დღის შემდეგ ავაზაკმა წმინდანს ასძახა:
- მამაო, უფლებას მაძლევ, რომ წავიდე?
- კვლავ შენს ბოროტ საქმეებს უნდა დაუბრუნდე? - ჩამოსძახა წმინდანმა,
- არა, მამაო, - უპასუხა მან, - ჩემი აღსასრული დადგა, - და ყაჩაღმა სული უფალს მიაბარა.
წმინდანის მოწაფეებს სურდათ, იქვე დაესაფლავებინათ, მაგრამ ამ დროს ანტიოქიიდან ჯარის მეთაურები მოვიდნენ და აყვირდნენ:
- მამაო, გადმოგვეცი ჩვენი მტერი, რომელმაც ქალაქი ააოხრა!
ღირსმა მამამ უთხრა მათ:
- ღმერთმა თავისთან იხმო და უამრავი მეომარი გამოგზავნა მის წასაყვანად. ასე რომ, ნუ მაწუხებთ!
ყაჩაღის უსულო სხეულის დანახვაზე მეთაურებმა უფალი ადიდეს, ქალაქში დაბრუნდნენ და ყველას უამბეს, რაც წმინდანმა უთხრა მათ და ისიც, რაც ნახეს.
ნეტარი მამა სვეტზე სანთელივით იწვოდა და ქვეყანას ანათებდა, ხალხს მოძღვრავდა, ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა. სვეტის თავზე მდგარმა იმდენად ბევრი ადამიანი მოაქცია, თითქოს მთელი სამყარო ქადაგებებით შემოევლო.
მრავალი ქვეყნიდან მიდიოდნენ წმინდანთან მოსანათლად, მათ შორის უამრავი ისმაიტელიც იყო, ორას, სამას, ხან კი ათასკაციან ჯგუფებად. ხმამაღლა უარყოფდნენ მამა-პაპათა სალოცავებს და სვეტთან ის კერპებიც მიჰქონდათ, მანამდე რომ ეთაყვანებოდნენ. იქვე ამსხვრევდნენ და ანადგურებდნენ. წმინდანისგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ეზიარებოდნენ, ინათლებოდნენ და უდიდესი სიხარულით ბრუნდებოდნენ შინ.
ერთხელ წმინდანს სარკინოზთა ჯარის მეთაურმა სნეული ნათესავი მიუყვანა და მისი გამოჯანმრთელება შესთხოვა. ღირსმა მამამ ავადმყოფი სვეტთან იხმო და ჰკითხა:
- უარყოფ შენი წინაპრის ბოროტ საქმეებს?
მან უპასუხა:
- უარვყოფ.
წმინდანმა კვლავ ჰკითხა:
- აღიარებ მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სულიწმიდას?
ავადმყოფმა უყოყმანოდ უთხრა, რომ აღიარებდა. მაშინ ღირსმა მამამ უთხრა:
- წამოდექი!
სნეული ჭაბუკი მაშინვე საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე. იმის დასტურად, რომ ვაჟი გამოჯანმრთელდა, წმინდანმა უბრძანა, ჯარის მეთაური მხრებზე შეესვა და ისე დაბრუნებულიყვნენ ჯარის ნაწილში. ჭაბუკი ასეც მოიქცა. ამის დანახვაზე ყველამ ღმერთი ადიდა.
ღირსი მამა წინასწარმეტყველების მადლსაც ფლობდა. მან ორი წლით ადრე იწინასწარმეტყველა ქვეყანაში გვალვა და შიმშილი, კალიების შემოსევა, გამანადგურებელი ეპიდემია.
ერთხელ იხილა, რომ ზეციდან ორი კვერთხი ჩამოეშვა. ერთი აღმოსავლეთით ჩამოვარდა, მეორე - დასავლეთით. ამ ხილვის შესახებ ყველას უყვებოდა და იწინასწარმეტყველა, რომ სპარსელები და სკვითები აჯანყდებოდნენ ბერძნულ და რომაულ ოლქებში, თან ტირილით ევედრებოდა უფალს, რომ მისი რისხვა აეცილებინა ქრისტიანებისთვის.
უფალმა შეისმინა წმინდანის ვედრება: მიუხედავად იმისა, რომ სპარსელები მზად იყვნენ, სალაშქროდ დაუყოვნებლივ წასულიყვნენ, შინა დაპირისპირებისა და შუღლის გამო გადაიფიქრეს გალაშქრება.
ერთხელ ღირსმა მამამ შეიტყო, რომ იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა (მეფობდა 408-450 წწ.) იუდეველებს სალოცავი სახლი გადასცა, რომელიც ქრისტიანებს ეკუთვნოდათ. მაშინვე წერილი გაუგზავნა მეფეს, არ მოერიდა მის ტიტულს და უფლის სახელით დაემუქრა. მეფემ წერილი რომ წაიკითხა, შეშინდა და ქრისტიანებს სამლოცველო დაუბრუნა. შემდეგ წმინდანს შეუთვალა, ელოცა, რომ ღმერთს ცოდვა შეენდო მისთვის.
იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, დედოფალი ევდოკია ერეტიკოსებს დაუახლოვდა. ღირსი მამა ოთხი თვის განმავლობაში წერილებს გზავნიდა და მისი შეგონებით ქალი ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდა. მას შემდეგ დედოფალმა ოთხი წელი იცოცხლა და მშვიდად აღესრულა იერუსალიმში. დაკრძალულია წმინდა მოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარში, რომელიც თავად დააარსა.
სპარსელების დედოფალმა წმინდა სვიმეონისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ რომ შეიტყო, კურთხევა შესთხოვა. ღირსმა მამამ ნაკურთხი ზეთი გაუგზავნა დედოფალს, რომელიც დიდი პატივით ინახავდა ძვირფას ძღვენს. ისმაიტელთა დედოფალი უშვილო იყო. მან ღირს მამას წერილი გაუგზავნა. ევედრებოდა, მისთვის ელოცა, რადგან სწამდა, რომ ღმერთი შეისმენდა წმინდანის ლოცვას და ქალს შვილი შეეძინებოდა.
ასეც მოხდა: დედოფალმა ვაჟი გააჩინა. მან შვილი ხელში აიყვანა და ღირს მამასთან შესახვედრად გაეშურა. ქალი წმინდანთან არ შეუშვეს, რადგან ქალებს ეკრძალებოდათ მისი ნახვა. მაშინ დედოფალმა მსახურებს გადასცა შვილი და უბრძანა:
- წადით და სთხოვეთ ნეტარ მამას, რომ ახალშობილი დალოცოს!
წმინდანის წარმოუდგენელი ღვაწლის შესახებ, რომელიც ადამიანის ძალებს აღემატებოდა, ნეტარი თეოდორიტე ამბობს:
- უპირველესად, მისი მოთმინება და მორჩილება მაოცებს. დღე და ღამე ერთ ადგილას დგას ისე, რომ ყველა ხედავს.
ერთხელ სვეტის კედლის ზედა ნაწილი სიძველისგან ჩამოინგრა. სანამ შეაკეთებდნენ, საკვირველი სანახაობის მომსწრენი გახდნენ: წმინდანი ხან გაუნძრევლად იდგა, ხანაც უფალს თავს მდაბლად უკრავდა. ამის ერთმა მხილველმა თქვა, - მინდოდა, დამეთვალა, რამდენჯერ სცა თაყვანი უფალს წმინდანმა, ათას ორმოცამდე რომ დავთვალე, მაღლა ცქერისგან თავი დამეღალა და თვლა შევწყვიტეო.
ფეხზე დიდხანს დგომის გამო ფეხებზე წყლულები არ უხორცდებოდა და დიდძალ სისხლს კარგავდა. ამ განსაცდელსაც მოთმინებით იტანდა.
ერთხელ მასთან არაბეთიდან ერთი სასულიერო პირი, კეთილშობილი ადამიანი მივიდა და უთხრა:
- ჭეშმარიტების სახელით გეკითხები: ადამიანი ხარ, თუ უსხეულო არსება?
- ამას რატომ მეკითხები? - კითხვა შეუბრუნა წმინდანმა.
- შენზე მსმენია, რომ არც ჭამ, არც სვამ, არც გძინავს. ეს ყველაფერი კი ადამიანის ძალებს აღემატება, რადგან მას საკვების, წყლისა და დასვენების გარეშე არსებობა არ შეუძლია.
წმინდანმა სასულიერო პირი მიიხმო და უფლება მისცა, მისი დაჩირქებული წყლულები ენახა. სტუმარი გაოცებული შესცქეროდა ნეტარ მამას. კიდევ უფრო გაოცდა, როცა მოისმინა, რომ საკვებს კვირაში ერთხელ იღებდა.
ასეთ ღვაწლში გაატარა ნეტარმა მამამ ცხოვრება. უამრავ სასწაულს ახდენდა და თავისი მორჩილებით ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანზე მდაბლად მიაჩნდა თავი. სახე ყველას დანახვაზე უცისკროვნდებოდა - დიდებული იქნებოდა ის, გლახაკი, მდიდარი თუ უპოვარი.
სულიწმიდით აღვსილი ყველას შეიწყნარებდა და მშვიდი შეგონებებით შვებასა და სიხარულს ანიჭებდა ადამიანებს. ვინც მისი ბრძნული ქადაგებები მოისმინა, ზოგი მონასტერში წავიდა, ზოგი - უდაბნოში, ბევრი კი მასთან დარჩა უფლის სამსახურში.
წმინდანის ცხოვრების ბოლო წესი ასეთი იყო: მთელი ღამე დილის ცხრა საათამდე ლოცვას აღავლენდა. ცხრა საათის შემდეგ სვეტთან შეკრებილ ხალხს ესაუბრებოდა; შემდეგ მათ გასაჭირსა და სათხოვარს ისმენდა და ავადმყოფებს კურნავდა; ადამიანებს შორის უთანხმოებასა და დავას აგვარებდა, ბოლოს, მზის ჩასვლისას, კვლავ ლოცვას იწყებდა.
უდიდესი ღვაწლის მიუხედავად, ქვეყნის საქმეებზეც ზრუნავდა. სასტიკად ებრძოდა კერპთაყვანისმცემლობას, წარმართობას, ერეტიკოსთა სწავლებას.
მეფეებსა და თავადებს თავისი ბრძნული და სასარგებლო რჩევებით გაჯერებულ წერილებს უგზავნიდა და ღვთისადმი სიყვარულსა და შიშს უნერგავდა. სვეტის თავზე ღირსეულად იდგა ოთხმოცი წლის განმავლობაში, თავისი რწმენის შესაბამისად. ის ჭეშმარიტად ამქვეყნიური ანგელოზი და ზეციური ადამიანი იყო.
ნეტარი მამის გარდაცვალებას მისი მოწაფე ანტონი ასე იხსენებს - პარასკევს, ცხრა საათის შემდეგ, როდესაც მისი კურთხევისა და ქადაგების მოლოდინში ვიყავით, სვეტიდან არ ჩამოგვხედა. ასევე მოიქცა შაბათ-კვირასაც. შეშინებული სვეტზე ავედი და ვხედავ, თავდახრილი დგას, გულზე ხელებდაკრეფილი. ვიფიქრე, ლოცულობს-მეთქი და უხმოდ დავდექი. ცოტა ხნის შემდეგ ვუთხარი:
- მამაო, გვაკურთხე. ხალხი სამი დღეა, სვეტის ირგვლივ არის შეკრებილი და შენს კურთხევას ელოდება. პასუხი რომ არ გამცა, ისევ ვთქვი: - რატომ არ პასუხობ შენს შვილს? ნუთუ რაიმეთი დაგამწუხრე? ხელი გამომიწოდე, რომ ვემთხვიო!
პასუხი კვლავ არ გამცა. ნახევარი საათი მის წინაშე ვიდექი, ეჭვი შემეპარა და გავიფიქრე: სული უფალს ხომ არ მიაბარა? მკერდზე ყური მივადე და გულისცემა ვერ გავიგონე, მხოლოდ კეთილსურნელება ვიგრძენი, რომელიც მისი სხეულიდან მოდიოდა. მაშინ კი მივხვდი, რომ მიიცვალა და მწარედ ავტირდი.
- ვისთან მტოვებ, მამაო? როგორღა მოვისმინო შენი ტკბილი საუბარი? რა პასუხს გავცემ იმ ადამიანებს, შენ რომ გელოდებიან? რა ვუთხრა სნეულებს, რომლებიც აქ მოვლენ კურნების მისაღებად? ახლა კი გხედავ, მაგრამ ხვალ, მარჯვნივ წავალ თუ მარცხნივ, ვეღარ გიხილავ!
ტირილში ჩამეძინა და ღირსი მამა სიზმრად გამომეცხადა, მზესავით ანათებდა და მითხრა:
- არც ამ სვეტს დავტოვებ, არც ამ ადგილს და არც ამ მთას. ჩადი ქვევით და ხალხს კურთხევა მიეცი! უფლის ნებით ამქვეყნიდან გავედი. შეკრებილ ადამიანებს ნურაფერს ეტყვი, მაგრამ ანტიოქიაში აცნობე. შენ უნდა დაიკავო ჩემი ადგილი. შენი ღვაწლისთვის უფალი შეგეწევა!
სიზმარს თავი დავაღწიე და ვთქვი:
- მამაო, არ დამივიწყო სასუფეველში! - მუხლებზე დავეცი, მისი ხელი თვალებზე მივიდე, თან ვთხოვდი:
- დამლოცე, მამაო! - თან მწარედ ვტიროდი.
ცოტა ხანში ავდექი, ცრემლები შევიშრე, რომ ვერავინ მიმხვდარიყო, რაც მოხდა, ქვევით ჩავედი და ერთგული ძმა ჩუმად გავგზავნე ანტიოქიაში, პატრიარქ მარტირიოსთან და შევუთვალე, რომ ღირსი მამა აღესრულა.
მალე პატრიარქი სამი ეპისკოპოსის, ქალაქის თავისა და მეგობრების თანხლებით მობრძანდა. მათ უკან უამრავი ხალხი მიჰყვებოდათ ანტიოქიიდან, ასევე მივიდნენ მორწმუნენი სხვადასხვა ქალაქ-სოფლიდან, ახლომდებარე მონასტრების ბერები ხელში ანთებული სანთლებითა და კანდელებით. პატრიარქი და ეპისკოპოსები სვეტზე ავიდნენ, წმინდა სხეული ქვევით ჩამოაბრძანეს. ყველა ცხარედ ტიროდა.
საერთო გლოვაში თითქოს ფრინველები, მთები, ველები, ხეებიც მონაწილეობდნენ. ისინიც ადამიანებთან ერთად ტიროდნენ. ღრუბლებიც ჩამუქებულიყო.
თვალი მოვკარი სამ ანგელოზს, სახეები ელვასავით უბრწყინავდათ, თოვლივით ქათქათა სამოსი ეცვათ. მათ გვერდით შვიდი უხუცესი იდგა, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ. მათი ხმაც მესმოდა, მაგრამ იმდენად შევშინდი და შევძრწუნდი, აზრი ვერ გამოვიტანე მათი საუბრიდან.
იმ დღეს, როდესაც წმინდა მამა აღესრულა, მისმა მოწაფემ და გზის გამგრძელებელმა, ღირსმა დანიელმა, რომელიც შავი ზღვის პირას, კონსტანტინოპოლში სვეტზე აპირებდა მოღვაწეობის დაწყებას, წმინდანის სვეტის მხრიდან იხილა ურიცხვი ზეციური მეომარი. მათ ნეტარი მამის სული დედამიწიდან ცისკენ წაიყვანეს.
ღირსი დანიელის გარდა, ეს სასწაული ნეტარმა ავქსენტიმაც იხილა, რომელიც იმ დროს იერუსალიმის მახლობლად ბეთანიაში იმყოფებოდა.
ღირსი სვიმეონის წმინდა ნეშტი საკაცეზე დაასვენეს, პატრიარქს სურდა, სახსოვრად მისი რამდენიმე თმის ღერი აეღო, მაგრამ გაწვდილი ხელი მაშინვე გაუხმა. მხოლოდ იქ მყოფთა მხურვალე ლოცვითა და წმინდანის მადლით აღუდგა ხელი პატრიარქს.
ღირსი სვიმეონი ფსალმუნთგალობით წაასვენეს ანტიოქიაში. მოსახლეობა მოუთმენლად ელოდებოდა. მათ შორის იყო დაბადებით ყრუ-მუნჯი კაცი. ღირსი მამის წმინდა ნეშტს როგორც კი შეხედა, მაშინვე გამოჯანმრთელდა, სმენა და მეტყველება აღუდგა, წმინდანის წინაშე მუხლებზე დაეცა და შესძახა:
- ღვთის კაცო, შენი ძალით განვიკურნე!
ანტიოქიელებმა ძვირფასი ნეშტი საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს. წმინდანის სხეულთან მიახლოებით უამრავი სნეული განიკურნა სხვადასხვა დაავადებებისგან.
ღირსი მამა იმპერატორ ლეონის გამეფებიდან მეოთხე წელს აღესრულა. ეს იყო 460 წელს. მეფემ მაცნეები გაგზავნა ანტიოქიაში და ითხოვა, წმინდანის კონსტანტინოპოლში გადასვენების უფლება მიეცათ მისთვის. ქალაქის მცხოვრებლებმა არ ისურვეს თავიანთ შემწესთან განშორება და მეფის მაცნეებს უთხრეს:
- ჩვენს ქალაქს ქვის გალავანი არა აქვს, რადგან ნაწილი მიწისძვრის შედეგად ჩამოიქცა, ნაწილი კი - მეფის რისხვით. წმინდა სვიმეონი აქ დარჩება, როგორც ჩვენი ქალაქის დამცველი და ციხესიმაგრე!
ადგილზე, სადაც ღირსი სვიმეონის სვეტი იყო აღმართული, ჯვრის ფორმის მშვენიერი ეკლესია აშენდა და მოეწყო დიდი მონასტერი. ღირსმა მამამ დანაპირები შეასრულა, რომელიც თავის მოწაფეს, ღირს ანტონს უთხრა გამოცხადებისას, რომ თავის ადგილს არ დატოვებდა.
ასეც მოხდა. იმ ადგილას სასწაულები და სნეულთა კურნება არ წყდებოდა. მისი ხსენების დღეს კი სვეტის თავზე უზარმაზარი ვარსკვლავი გამობრწყინდა და მთელ ქვეყანას ანათებდა. იმ ვარსკვლავის ამბავს ბევრი ისტორიკოსი ადასტურებს. ევაგრე სქოლასტიკოსმა საკუთარი თვალით იხილა იგი.
ის წერს, რომ იმ ადგილას ქალები არ დაიშვებოდნენ და ძალიან ფრთხილობდნენ, რომ იმ მიწაზე ქალის ფეხი არ დადგმულიყო, რამეთუ იქ წმინდანმა დედამისიც კი არ
მიუშვა.
როგორც გადმოგვცემენ, ერთმა ქალმა მამაკაცის სამოსი ჩაიცვა და წმინდა სვიმეონის ეკლესიაში შესვლა დააპირა, მაგრამ ზღურბლს შეეხო თუ არა, მაშინვე სული განუტევა. თუ ქალები მაინც გამოჩნდებოდნენ, აკრძალულ ზღვართან მიახლოებას ვერ ბედავდნენ. შორიახლოს დგებოდნენ, სვეტის თავს აღაპყრობდნენ თვალებს და ისე ლოცულობდნენ. ვინც კი რწმენით მიეახლებოდა წმინდა ადგილს, უფლისგან შეწევნას და სხვადასხვა სენისგან განკურნებას იღებდა, შემდეგ გახარებულები ბრუნდებოდნენ შინ და უფალს ადიდებდნენ.
დიაკვან მინას ამბავი
იოანე მოსხის ნაწარმოებში აღწერილია ერთ-ერთი მეუდაბნოე ძმის, დიაკვან მინას ამბავი, თუ როგორ იხსნა იგი წმინდა სვიმეონმა:
დიაკვანი მონასტრიდან წავიდა, რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო, ბერობაზე უარი თქვა და ერისკაცი გახდა. მრავალი წლის შემდეგ ანტიოქიაში მიემგზავრებოდა. სელევკიას რომ მიუახლოვდა, შორიდან ღირსი სვიმეონ მესვეტის მონასტერი დაინახა და გაიფიქრა: - წავალ, ვნახავ დიდ სვიმეონს, რადგან არასოდეს მიხილავს ის.
სვეტს რომ მიუახლოვდა, წმინდანი დაინახა. ღირსმა სვიმეონმა უფლისგან შეიტყო, რომ მინა ოდესღაც ბერი იყო და დიაკვნად მსახურობდა და თავის მსახურს უთხრა:
- მაკრატელი მომიტანე!
მაკრატელი რომ მიართვეს, წმინდანმა კვლავ თქვა:
- დიდია უფალი, ბერად აღკვეცეთ, - და მინაზე მიუთითა.
წმინდანის სიტყვებით გაოცებული მინა შიშმა შეიპყრო. არ შეწინააღმდეგებია, რადგან მიხვდა, რომ ღირსმა მამამ უფლისგან შეიტყო მის შესახებ.
ბერად აღკვეცის შემდეგ წმინდა სვიმეონმა უთხრა:
- ლოცვა აღავლინე, დიაკვანო!
შემდეგ კი უთხრა:
- წარვედ, სადაც მსახურობდი!
დიაკვანმა შეჰბედა:
- არ ძალმიძს, რადგან იქაურ ბერთაგან გაკიცხვას ვერ გავუძლებ!
წმინდა სვიმეონმა ამაზე უთხრა:
- მერწმუნე, შვილო ჩემო, არაფერი გაქვს სასირცხვილო, მამები კეთილად მიგიღებენ და დიდად გაიხარებენ შენი დაბრუნებით. იცოდე, უფლისგან ნიშანს მიიღებ და გაიგებ, რომ მან შეგინდო ცოდვა, რამეთუ უსაზღვროა მისი მოწყალება!
დიაკვანი რაიფაში დაბრუნდა. ბერებმა მართლაც დიდი სიხარულით მიიღეს და კვლავ დიაკვნად დატოვეს.
ერთ კვირას, როდესაც იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი ეპყრა ხელთ, ცალი თვალი გადმოუვარდა. სწორედ ეს იყო ნიშანი უფლისგან, რომ შეუნდო ცოდვა.
* * *
ერთი ხუცესი ეკლესიის კარიბჭესთან ჩამომჯდარიყო და წმინდა სახარებას კითხულობდა. მოულოდნელად ბოროტი ძალა მივიდა მასთან ბნელი ღრუბლის სახით და თავი დაუბურა. უეცრად ბერისთვის დღის შუქიც დაბნელდა და გონებაც დაებინდა, დასუსტდა და ლაპარაკის უნარი წაერთვა. ბერებმა ცოცხალ-მკვდარი მიწაზე დაგდებული ნახეს.
ასეთ მდგომარეობაში ცხრა წელი გაატარა. მეორე გვერდზე გადაბრუნებაც კი არ შეეძლო სხვის დაუხმარებლად.
მისმა ოჯახის წევრებმა წმინდა სვიმეონის შესახებ შეიტყვეს და მასთან გაემართნენ, თან ავადმყოფიც წაიყვანეს. მონასტრამდე ჯერ არ იყვნენ მისულები, გზად სულის მოსათქმელად შეჩერდნენ. წმინდანი ამ დროს ლოცულობდა და უფლისგან პრესვიტერის შესახებ ეუწყა. შუაღამისას ერთ-ერთი მოწაფე იხმო და უთხრა:
- აქაური წყალი აიღე და სასწრაფოდ წადი. გზად ერთი ხუცესი შეგხვდება, რომელიც საკაცით მოჰყავთ, წყალი ასხურე და უთხარ:
- ცოდვილი სვიმეონი გეუბნება, უფალი იესო ქრისტეს სახელით ადექი და შენი ფეხით მოდი ჩემთან!
მოწაფე წარვიდა და ყველაფერი ისე ჰქმნა, როგორც წმინდანმა უბრძანა. ხუცესი მართლაც წამოდგა სრულიად ჯანმრთელი, ნეტარ მამას ეახლა და მის წინაშე მუხლებზე დაეცა.
წმინდანმა უთხრა:
- ადექი, ნუ გეშინია! მართალია, ეშმაკმა ცხრა წელი გტანჯა, მაგრამ ღმერთმა არ მიგატოვა და არ გაგიმეტა დასაღუპავად. იმის გამო, რომ წმინდა საკურთხეველში ღვთის შიშის გარეშე, წმინდანების შეურაცხმყოფლად იქცეოდი, იჯერებდი ცილისწამებას, უჩუმრად განიკითხავდი მოყვასს, შეურაცხყოფდი ადამიანებს და მათ წმინდა ზიარების მიღების უფლებას არ აძლევდი, დიდად არისხებდი უფალს და ეშმაკს ახარებდი. ამიტომაც მოგერია ბოროტი. მაგრამ უფლის გულმოწყალება უსაზღვროა!
პრესვიტერმა ღმერთი ადიდა და გახარებული დაბრუნდა თავის მონასტერში.
....
ტროპარი:
სვეტ-მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველთა მამათა ღირსო, იობს ვნებათა შინა, და იოსებს განსაცდელსა, და უხორცოთა მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა. მამაო წმინდა სვიმეონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი:
ზენაჲთა ძიებითა, ზენათა შეერთებული, და ცად მეორედ სვეტისა აღმმართებელი, ამათ მიერ თანა მზრახველ ანგელოზთა იქმენ შენ, ნეტარო, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.
.....................
აქვე წაიკითხეთ:
წმინდა სვიმეონ მესვეტემ 100 წელი იცოცხლა, აქედან 80 წელი ბერობაში გაატარა და 47 წელი სვეტზე იყო დაყუდებული
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი