მართალი ეზეკია (721-691 ქრისტეს შობამდე) იუდეის უსჯულო მეფის, აქაზის ძე იყო. 25 წლისა ავიდა ტახტზე და 29 წელი მეფობდა იერუსალიმში.
მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (4 მეფ. 18-20):
"ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის, მესამე წელს გამეფდა ეზეკია აქაზის ძე, იუდეას მეფე. ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული. სწორად იქცეოდა იგი უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი იქცეოდა. მან გააუქმა გორაკები, დალეწა სვეტები, აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელიანები და ნეხუშთანს უწოდებდნენ. უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი; არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი ისრაელის მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება. მიეწება იგი უფალს, არ განდგომია მას, და იცავდა მის ნაბრძანებს, მოსეს რომ უბრძანა უფალმა. უფალი იყო მასთან და, სადაც კი წავი¬დოდა, ყველგან გონივრულად იქცეოდა. განუდგა იგი აშურის მეფეს, აღარ დაემორჩილა. მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდოლიდან ციხე-ქალაქამდე. მეფე ეზეკიას მეფობის მეოთხე წელს, ანუ ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელს, წამოვიდა სამარიაზე აშურის მეფე შალმანასერი და ალყა შემოარტყა მას.
სამი წლის ბოლოს აიღეს იგი. ეზეკიას მეექვსე წელს, ანუ ისრაელის მეფის, ჰოშეაყის მეფობის მეცხრე წელს სამარია აიღეს. გადაასახლა აშურის მეფემ ისრაელი აშურში და დაასახლა ხალახში და ხაბორზე, გოზანის მდინარეზე, და მიდიის ქალაქებში, იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, მათი ღვთის ხმა, დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა; არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ.
ეზეკიას მეფობის მეთოთხმეტე წელს მიუხდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა ციხე-ქალაქს და ხელთ იგდო ისინი. შეუთვალა იუდას მეფემ, ეზეკიამ, აშურის მეფეს ლახიშში: დამნაშავე ვარ. გაბრუნდი ჩემგან. რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ. დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, სამასი ქანქარი ვერცხლი და ოცდაათი ქანქარი ოქრო. გასცა ეზეკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა.
მაშინ ჩამოფხიკა ეზეკიამ უფლის ტაძრის კარები და სვეტები, რომლებიც თავად ხიზკიას, იუდას მეფის, მოოქრული იყო, და მისცა აშურის მეფეს. გაგზავნა აშურის მეფემ ლაქიშიდან თართანი, რაბსარისი და რაბშაკე დიდძალი ჯარით მეფე ხიზკიასთან იერუსალიმში. წამოვიდნენ და მოვიდნენ იერუსალიმში; წამოვიდნენ, მოვიდნენ და დადგნენ ზემო ტბორის არხთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე რომ არის. დაუძახეს მეფეს და გამოვიდნენ სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე.
უთხრა მათ რაბშაკემ: უთხარით ეზეკიას: ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ? ფუჭ სიტყვებს ლაპარაკობ. თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას. შენ კი რისი იმედით განმიდექი?
დანდობიხარ მაგ გადატეხილ ლერწამს - ეგვიპტეს, რომელიც, თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს. რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები ხიზკიამ გააუქმა და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანი იერუსალიმშიო? ახლა მოდი და დაუზავდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს. ათას ცხენს მე მოგცემ, აბა, თუ მხედრებს იშოვი მათთვის. როგორ გააბრუნებ ერთ მოხელესაც კი ჩემი ბატონის უმცირეს მორჩილთაგან, როცა ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ? მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: მიუხდი მაგ ქვეყანას და გაანადგურე. მიუგეს ელიაკიმ ხილკიას ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: ელაპარაკე შენს მორჩილთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან. უთხრა მათ რაბშაკემ: მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამსხდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი შარდი.
დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: ისმინეთ სიტყვა, დიდი მეფისა, აშურის მეფისა. ასე ამბობს მეფე:
- არ შეგაცდინოთ ეზეკიამ, რადგან ვერ გიხსნით იგი ჩემი ხელიდან. ნუ გაიმედებთ ეზეკია, გვიხსნისო უფალი და არ ჩაუგდებსო ხელში ამ ქალაქს აშურის მეფეს. ნუ დაუჯერებთ ეზეკიას, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გადმოდით ჩემ მხარეზე, ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, და სვას თავისი ჭის წყალი. სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. ნუ დაუჯერებთ ხიზაკიას, რადგან გაცთუნებთ, რომ გეუბნებათ, უფალი გვიხსნისო. როდის უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან? სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენაყის და ღივას ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან? რომელმა ღმერთმა იხსნა ამ ქვეყნის ღმერთებს შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?
დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი. მივიდნენ ელიაკიმ ხილკიას ძე, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული ტანისამოსით და მოახსენეს მეფეს რაბშაკეს სიტყვები.
როცა გაიგონა ეს ეზეკიამ, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში მივიდა. გააგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ჯვალოთი მოსილი მღვდელმთავრები წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან. უთხრეს: ასე ამბობს ეზეკია: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა. ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა სიტყვები რაბშაკესი, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა რომ შემოთვალა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.
მივიდნენ მეფე ეზეკიას მორჩილნი ესაიასთან. უთხრა მათ ესაიამ: ასე უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ გაგონილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავენ აშურის მეფის მსახურნი. მოვუვლენ სულს, გაიგებს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისვე ქვეყანაში მახვილით დავცემ. დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლაქიშიდან დაიძრა იგი. თირჰაკაზე ქუშის მეფეზეც გაიგო, უთხრეს: აჰა, შენთან საომრად გამოვიდაო. მაშინ ისევ გაუგზავნა მოციქულები ეზეკიას და დააბარა მათ: ასე უთხარით ხიზკიას, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს-თქო შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში. ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის? აბა თუ უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ხალხი, რომლებსაც მუსრი გაავლო ჩემმა მამა-პაპამ - გოზანი, ხარანი, რეცეფი, ყედენიანები, თელასარში რომ არიან? სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაყისა და ღივას მეფეები?
გამოართვა ეზეკიამ წერილი მოციქულებს, წაიკითხა, ავიდა უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი. ილოცა ეზეკიამ უფლის წინაშე და თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო! შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა. ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე, თვალი გაახილე და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა. მარ-თალია, უფალო, მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები, ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით ნაკეთები საგნები იყო. აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი.
შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ეზეკიას. ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის წინააღმდეგ. აჰა, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: დაგცინის, გამასხრებს ქალწული ასული სიონისა; თავს აქნევს შენ უკან ასული იერუსალიმისა; ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმინდანზე! შენი მოციქულების პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ნაძვები, შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში. ამოვთხარე და შევსვი უცხო წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეებიო. ნუთუ არ გსმენია, რომ ეს ძველთაგანვე გავამზადე, რომ წინარე დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები. მათი მცხოვრებნი დაძაბუნდნენ, შეშინდნენ და სირცხვილში არიან; მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით. ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ და შედიხარ, როგორ მედიდგულები. იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნობა, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი. ეს გქონდეს სასწაულად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს - ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი. კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და მაღლა გამოიღებს ნაყოფს. რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი და ნატამალი - სიონის მთიდან. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას. ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს. უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა. ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი. მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის.
იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთ ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარი იყო ყველა. აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში. ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.
იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ეზეკია. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები, ვერ გადარჩები. კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიამ და შეევედრა უფალს: უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელი გულით რომ დავდიოდი შენ წინაშე. კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში! და მწარედ ატირდა ეზეკია.
შიდა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა. გაბრუნდი და უთხარი ეზეკიას, ჩემი ერის წინამძღოლს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, განგკურნავ. ზეგ წახვალ უფლის სახლში. კიდეც თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის.
თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი. მოიტანეს და წყლულზე დაადეს; და განიკურნა. უთხრა ეზეკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი, რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?
თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას. ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?
თქვა ეზეკიამ: ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა; არა, უკან დაბრუნდეს ჩრდილი ათი საფეხურით!
შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით. ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ეზეკიას წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ეზეკია. მიიღო ისინი ეზეკიამ და დაათვალიერებინა მთელი თავისი საგანძური: ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, რჩეული ზეთი, საჭურველის სახლი, ყველაფერი, რაც კი მის საუნჯეებში იპოვებოდა; ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელ მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ეზეკიას.
მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ეზეკიასთან და უთხრა: რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან? მიუგო ხიზკიამ: შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან. თქვა: რა ნახეს შენს სახლში? მიუგო ხიზკიამ: ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საუნჯეებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.
უთხრა ესაიამ ეზეკიას: ისმინე უფლის სიტყვა: აჰა, დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი. წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ; და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.
უთხრა ეზიკიამ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა. შენ რომ წარმოთქვი. თქვა: იქნება ჩემს მეფობაში მშვიდობა და სიმტკიცე. ეზიკიას დანარჩენი საქმენი, ყველა მისი გმირობა, წყალსატევი რომ გააკეთა და ქალაქში წყალი გაიყვანა. იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.განისვენა ეზიკიამ თავის მამა-პაპასთან. მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე გამეფდა".
* * *
ძველი სტილით 28 აგვისტოს (10 სექტემბერს) ეკლესია ასევე იხსენიებს შორეულ, თეოდოსის მღვიმეებში განსვენებულ ღირს კიევ-პეჩორელ მამათა კრებას
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი