წმინდა ტიხონი (ერისკაცობაში - ტიმოთე) 1724 წელს დაიბადა ნოვგოროდის ეპარქიის სოფელ კოროცკში, დიაკონ სავლე კირილიოვის ოჯახში
(ახალი გვარი - სოკოლოვი მას მოგვიანებით მიაკუთვნა ნოვგოროდის სემინარიის ხელმძღვანელობამ). მამის გარდაცვალების შემდეგ მათი ოჯახი ისეთ გაჭირვებაში ჩავარდა, რომ ყმაწვილი ლუკმა პურისთვის გლეხებს მუშად დაუდგებოდა ხოლმე. დედაც რომ გარდაეცვალა, მასზე ზრუნვა ძმამ იკისრა და ცამეტი წლისა მიაბარა ნოვგოროდის სასულიერო სასწავლებელში. როცა სასწავლებელი სემინარიად გადაკეთდა, ტიმოთე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, აქ მთავარეპისკოპოსის ხარჯზე მიიღეს. ნეტარი გულმოდგინედ მეცადინეობდა, თავისი ულუფა საჭმლის ნაწილს ყიდდა და სანთლებს ყიდულობდა, რომ საღამოობით წიგნები ეკითხა. 1754 წელს ტიმოთემ ბრწყინვალედ დაამთავრა სემინარია და იქვე დატოვეს ჯერ ბერძნული ენის, შემდეგ კი რიტორიკისა და ფილოსოფიის მასწავლებლად. მთელი ეს წლები ტიხონი ღვთის სიახლოვეს გრძნობდა და ღამეებს ღმერთზე ფიქრში, წიგნის კითხვასა და ლოცვაში ატარებდა. ერთ-ერთ ასეთ საღამოს უეცრად ცა გაიხსნა და მის წინ თვალის დამაბრმავებელი ნათელი დაეცა, რომელმაც მასში მონაზვნური ცხოვრების, ლოცვისა და ჭვრეტისადმი მხურვალე სწრაფვა აღძრა. 1758 წელს წმინდანი ბერად აღიკვეცა ტიხონის სახელით. იმავე წელს იგი სემინარიის პრეფექტად დანიშნეს, 1759 წელს კი ტვერში გადაიყვანეს და არქიმანდრიტად დაადგინეს; შემდგომ ნეტარს ტვერის სემინარიის რექტორობაც მიანდვეს; მიუხედავად ტიხონის მონაზვნური ცხოვრების სურვილისა, იგი 37 წლის ასაკში ეპისკოპოსად აკურთხეს (1761) და მალე ვორონეჟის ეპარქიაში დანიშნეს. ამ მხარეში სხვადასხვა ტომები და ნახევრად ველური მოსახლეობა ცხოვრობდა. ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მან მათი ზნეობრივი და კულტურული დონე ასწია. ხშირად მოგზაურობდა ეპარქიაში, ასწორებდა შეცდომებს საეკლესიო ცხოვრებაში, ბევრს უქადაგებდა და სახარებისეულ, ქრისტესმიერ ცხოვრებას უქადაგებდა სამწყსოს. მოუწოდებდა ქრისტიანებს თავი ეგრძნოთ ერთი საერთო სხეულის - ეკლესიის ნაწილებად, რომლის თავიც ქრისტეა. ის მტკიცედ და მკაცრად აღმოფხვრიდა ხალხში გავრცელებულ ცრუ რწმენებს და საეკლესიო ტიპიკონის დარღვევას. ხშირად უბრალო მონაზვნის ტანსაცმელს ჩაიცვამდა ხოლმე, რათა გაჭირვებულები მოენახულებინა და სულიერად თანაეგრძნო.
ერთხელ წმინდა ტიხონი ერთ მემამულესთან სტუმრად მიიწვიეს. იქ ის გაესაუბრა ვინმე ახალგაზრდა ვოლტერიანელს, რომელიც ტრაბახობდა თავისი ანტიკლერიკალური შეხედულებებით. წმინდანის ბრძნული პასუხებით გაღიზიანებულმა კაცმა მღვდელმთავარს სილა გააწნა. მაშინ ეპისკოპოსი ამ ყმაწვილი კაცის წინ დაემხო და შენდობა სთხოვა, რომ თავისი სიტყვებით მასში ამგვარი მრისხანება გამოიწვია. წმინდა ტიხონის საქციელმა იმოქმედა ამ ჭაბუკზე, შეინანა და კარგი ქრისტიანი გახდა.
წმინდა ტიხონი თავს არ ზოგავდა სამწყსოსთვის და სადღაც თავისი სამღვდელმთავრო მსახურების ხუთი წლის თავზე, ავადმყოფობის გამო უარი თქვა მღვდელმთავრის მოვალეობაზე და ვორონეჟიდან 80 ვერსტში, მდინარე დონის პირას მდებარე ზადონის მონასტერში გადასახლდა. აქ მან დარჩენილი ცხოვრება გაატარა და ემსახურებოდა ეკლესიას, თავისი ლოცვით, ღვთივსულიერი ქადაგებებითა და წერილებით. მის პატარა კელიაში საწოლი არ იდგა. იწვა იატაკზე გაშლილ ხალიჩაზე და საბნის ნაცვლად ცხვრის ტყავს იფარებდა. კედელზე რამდენიმე ხატი ეკიდა. კელიაში იდგა სკამი და მაგიდა, რომელზეც რამდენიმე წიგნი ელაგა. ძალზე უბრალოდ ეცვა და მთელ თავის პენსიას გაჭირვებულებს ურიგებდა და როცა გასაცემი ფული გამოელეოდა, მოსწავლეს მეზობელ ვაჭართან აგზავნიდა და მას ფულს ესესხებოდა ხოლმე, რათა ისიც ხალხისთვის დაერიგებინა. იმ დღეს, როცა მათთან მოწყალების სათხოვნელად ბევრი ადამიანი მიდიოდა, ის გამხიარულდებოდა და ძალზე სწუხდა ხოლმე თუ ცოტა გაჭირვებული მოადგებოდა მოწყალებისთვის.
კელიიდან მხოლოდ წირვაზე დასასწრებად გამოდიოდა, ოღონდ თვითონ არასოდეს მსახურებდა, თვალთაგან მუდმივად ცრემლი სდიოდა. ლიტურგიის შემდეგ საღვთისმეტყველებო და ზნეობითი სწავლის ქადაგებებს ქმნიდა. ტრაპეზის დროს მოწაფეს ძველი აღთქმიდან წაკითხვას სთხოვდა და ხშირად ჭამა ავიწყდებოდა და ტიროდა, განსაკუთრებით, როცა ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან ისმენდა. მწუხრის დროს მოწაფეებს ახალ აღთქმას აკითხებდა და რთულ ადგილებს განუმარტავდა. უნიკალური მახსოვრობა ჰქონდა წმინდა. მამათა განმარტებებს და წმინდანთა ცხოვრებიდან ნაწყვეტებს მოსწავლეებს ზეპირად ეტყოდა, როცა მათ თავიანთ შრომებს კარნახობდა. სულიწმიდით შთაგონებული ისე სწრაფად ეტყოდა, რომ მოწაფეები მისი სიტყვების ჩაწერას ვერ ასწრებდნენ. საღამოს მოწაფეებს გაუშვებდა და გათენებამდე მუხლთადრეკით ლოცულობდა. ამ წმინდა ლოცვებისას, ერთხელ მაცხოვარი გამოეცხადა, იესოს ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. წმინდა ტიხონი მის ფერხთწინ დაეცა და ეამბორა: "მაცხოვარო ჩემო, ჩემთან მოხვედი". ერთხელ იხილა თვალისმომჭრელი ნათელი როგორ დაეცა ზეციდან მონასტერს, და მოესმა ხმა: "აი წყალობა, რომელიც გამზადებულია ღვთის მოყვარულთათვის!" სხვა დროს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა, ზეციურ ტახტზე დაბრძანებული, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ წმინდა პეტრე და პავლე მოციქულები იდგნენ.
ხშირად ბაღში სეირნობისას ღმერთზე ფიქრში ისე იყო წარტაცებული, რომ ყურში ჩაჰყვიროდნენ, გარშემო მყოფთათვის ყურადღება რომ მიექცია.
მონასტრის ბერებს და განსაკუთრებით წინამძღვარს, რომელიც თავის დროზე დასჯილი ეპისკოპოსი იყო, მისი არ ესმოდათ და ცუდად ექცეოდნენ. თუმცა წმინდა ტიხონი პირველი სთხოვდა შენდობას, მასზე გაბრაზებულებს, თუნდაც ის მორჩილი ყოფილიყო. ერთი პირობა იფიქრა, კათედრაზე ხომ არ დაბრუნებულიყო, მაგრამ საღმრთო გამოცხადებით ღვთისმშობელმა განუცხადა თავისი ნება, რომ ამ სავანეში დარჩენილიყო. უამრავი, სხვადასხვა ასაკის და საზოგადოებრივი მდგომარეობის ადამიანი მოდიოდა მასთან და ისიც ყველას იღებდა და ანუგეშებდა. 1779 წელს წმინდა ტიხონი სავსებით დაეყუდა და სტუმრებს აღარ იღებდა. კელიიდან, იშვიათად, დიდ დღესასწაულებზე გა¬მოდიოდა, ისიც პატიმრების დღესასწაულების მოსანახულებლად. სიკვდილი რომ ხსომებოდა, კუბო გაამართვინა და კელიაში დაიდგა. ოთხი წლის შემდეგ, უეცრად დამბლა დაეცა, და ლოგინად ჩავარდა. სამი დღის შემდეგ, მოუხმო ახლობლებს, ჯვარი გადასახა და უთხრა: "ყველას უფალს გაბარებთ", ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. გავიდა კიდევ სამი დღე და წმინდა ტიხონი 1783 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა, მაშინ ის 59 წლის იყო. მისი კანონიზაცია და უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება აღესრულა 1861 წლის 13 აგვისტოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი