ღირსი პახომი დიდის მოძღვარი, წმინდა პალამონი III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. იგი ეგვიპტეში, ქალაქ სენესეტის სიახლოვეს დაეყუდა
და მკაცრად მოსაგრეობდა. მუდმივად მარხულობდა. ზაფხულობით დღეში ერთხელ ჭამდა, ზამთარში კი სამ დღეში ერთხელ, ისიც პურსა და მარილს, უარი თქვა ზეთზე, ღვინოზე და მოხარშულ საკვებზე. მისი ღამის ლოცვის კანონი, ორმოცდაათი ფსალმუნისგან შედგებოდა და თითოეულის დასასრულს ლოცვას წარმოთქვამდა. დღისით კი სამოცამდე ადიოდა. და ამასთან მოუკლებლად ლოცულობდა იესოს ლოცვას. არსობის პურისთვის ხელსაქმე ჰქონდა და მწირი შემოსავლით გლახაკებსაც ეხმარებოდა. ღამითაც კი მუშაობდა და ღვთის სიტყვას კითხულობდა, რომ არ დასძინებოდა. და თუ ძილი მოერეოდა, გოდორით ერთი ადგილიდან მეორეზე ქვიშა გადაჰქონდა.
ღირსი პალამონის ანგელოზებრივმა ცხოვრებამ წმინდა პახუმი მოხიბლა, მივიდა მასთან და კარზე დააკაკუნა, ბერმა იკითხა:
- რატომ აკაკუნებ?
პახომიმ უპასუხა, რომ ბერობა სურდა.
წმინდა ბერი არწმუნებდა, უკან დაბრუნებულიყო, რათა ჯერ თავი გამოეცადა, შეეძლო თუ არა ისე ეცხოვრა, როგორც პალამონის მოწაფეები ცხოვრობდნენ. ამბობდა:
- უნდა გაგაფრთხილო, თუ რამდენად რთულია ბერული ცხოვრება. ღამე ვფხიზლობთ და ღვთის სიტყვაზე ვფიქრობთ. შემდეგ მთელი დღე ფიზიკურად ვშრომობთ, თოკებს ვგრეხთ, რომ ძილს ვებრძოლოთ და ამავე დროს, მოვიპოვოთ ის, რაც არსებობისთვის არის აუცილებელი. რაც არ გვჭირდება, გლახაკებს ვურიგებთ. რაც შეეხება იმას, რომ ვჭამოთ მოხარშული, ზეთიანი, დავლიოთ ღვინო, ასეთი რამ არც ვიცით, რას ნიშნავს. ყოველდღე ვმსახურობთ ზაფხულში, ზამთარში კი ორი-სამი დღე გადაბმულად. ლოცვის წესი ასეთია: დღისით ვლოცულობთ სამოცდაათჯერ და ღამითაც სამოცდაათჯერ. იმ ლოცვების გარდა, რომელსაც ყველა წამში ვამბობთ და რომლის სათვალავიც კი არ ვიცით.
აბბა პალამონი არწმუნებდა, ჯერ გამოეცადა თავი და შემდეგ მისულიყო მათთან.
პახომიმ გადაჭრით უთხრა ბერს:
- დიდი ხნის განმავლობაში ვცდიდი ჩემს თავს, სანამ აქ მოვიდოდი.
მაშინ პალამონმა კარი გააღო, პახომის გადაეხვია და აუხსნა, რომ რაც მანამდე უთხრა, მისსავე საკეთილდღეოდ იყო თქმული და არა პატივმოყვარეობის გამო. თუმცა აბბამ კვლავ გამოთქვა სურვილი, რომ პახომი შინ დაბრუნებულიყო და თავი გამოეცადა.
პახომი შეეწინააღმდეგა:
- მე გამოვცადე ჩემი სული და დარწმუნებული ვარ, რომ უფლის დახმარებითა და შენი ლოცვების შეწევნით, ჩემთან დაკავშირებით მშვიდად იქნები.
ბერმა უპასუხა:
- ძალიან კარგი.
პახომი მაშინვე მიიღეს. აბბა პალამონი რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდა, რათა გამოეცადა ლოცვაში, მარხვასა და სიფხიზლეში. სამთვიანი გამოცდის შემდეგ, აბბა პალამონმა პახომი ბერის შესამოსლით შემოსა, სარტყელი შეაბა და ორივე მთელი ღამე ლოცულობდა. პალამონი განსაკუთრებით ცდილობდა პახომი ღამის ლოცვისთვის მიეჩვია. საღამოს ხელით შრომისთვის საჭირო მასალას ამზადებდნენ, შემდეგ დიდხანს გულმოდგინედ ლოცულობდნენ, ბოლოს მუშაობას იწყებდნენ, თან ცდილობდნენ ლოცვის განწყობა არ დაეკარგათ და ძილს არ დამორჩილებოდნენ.
აღდგომის წმინდა დღესასწაული რომ მოახლოვდა, პალამონმა პახომის უთხრა, რომ იმ დღეს ორჯერ შეჭამდა საჭმელს. საჭმელში პახომიმ ცოტა ზეთი გაურია, მაგრამ პალამონს ასეთ დიდ დღესასწაულზეც არ სურდა მარხვის შესუსტება. ის დიდი მწუხარებით ამბობდა: "ჩემი ღმერთი ჩემ გამო ჯვარზე გააკრეს, მე კი ზეთიანი საკვები უნდა ვჭამო სხეულის გასაძლიერებლად".
მას სურდა, მეორე დღემდე არაფერი ეჭამა. ბერი მხოლოდ მაშინ დათანხმდა საკვების მიღებაზე, როცა პახომიმ ნაცარშერეული მარილი მიაწოდა. პახომიმ დიდი მორჩილებით ითხოვა პატიება. რა თქმა უნდა, ორივემ პური და მარილი შეჭამეს. ცრემლები სდიოდა მოძღვარს და მის მოწაფესაც, რომელიც ცდილობდა, მიებაძა თავისი მასწავლებლისთვის.
აბბა პალამონის სიცოცხლის ბოლო წლებიდან, ასეთი შემთხვევა არის ცნობილი, რაც ადასტურებს თუ რამდენად მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სახელისა და ღვაწლისგან ძლიერ დასუსტებული იყო.
ერთხელ პალამონი მძიმედ გახდა ავად. ბერებმა გამოცდილი ექიმი მიიწვიეს, რომელმაც უარი განაცხადა ბერდიდის მკურნალობაზე, სანამ არ გამოსწორდებოდა მისი კვება. ძმებმა დარწმუნება დაუწყეს წმინდა მამას, დაეჯერებინა ექიმისთვის. ისიც დათანხმდა საკვების მიღებაზე. ამის შემდეგაც რომ არ გამოჯანმრთელდა, ის ბერებს ეუბნებოდა:
- ნუ გგონიათ, რომ ჯანმრთელობა ფუჭებად საკვებზეა დამოკიდებული. ძალა და კურნება ქრისტესგან მოდის. წამებულებს სხეულის ნაწილებს აჭრიდნენ, ცეცხლსა და უამრავ ტანჯვას უძლებდნენ, სანამ ბოლოს თავს არ მოჰკვეთდნენ. მე კი... მე უბრალო ავადმყოფობისთვის ვერ გამიძლია და ექიმს ვთხოვ დახმარებას. წამლებსაც ვსვამდი, მაგრამ არანაირი შედეგი არ ყოფილა. მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია - კვლავ გავაგრძელო ჩემი ღვაწლი, რამეთუ ეს საუკეთესო წამალია.
აბბა პალამონი კვლავ ბერის მოღვაწეობას შეუდგა და ყოველგვარი მოთხოვნილებები შეზღუდა. გულმოწყალე ღმერთმა გარკვეული დროის განმავლობაში აღუდგინა ჯანმრთელობა.
ერთხელ პახომი უდაბნოში დაიარებოდა. ბოლოს, სოფელ ტავენისის ნანგრევებს მიუახლოვდა. მოულოდნელად ხმა შემოესმა: "პახომი, პახომი. დასახლდი ამ ადგილას. აიშენე სამყოფელი და დიდძალი ბერი მოვა შენთან, რათა შენ გვერდით იღვაწონ სულის ცხონებისთვის".
პახომი მაშინვე აბბა პალამონისკენ გაეშურა და ყველაფერი უამბო. მაშინ ორივე გაემგზავრა, რათა ტავენისის ნასოფლარში ბერის სამყოფელი აეშენებინათ. პალამონი შემდეგ კვლავ თავის სენაკს დაუბრუნდა. მან წინასწარ განსაზღვრა თავისი გარდაცვალების დღე და იხილა პახომის მონასტრის მომავალი დიდება. ბერდიდი საყვარელ მოწაფეს არწმუნებდა, რომ უფალი აუცილებლად აღავსებდა მას ძალითა და მოთმინებით, რათა ეხელმძღვანელა მრავალრიცხოვანი ბერებისთვის. ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. პახომის თან გაჰყვა რამდენიმე მოწაფე, რომლებიც მოძღვრის სანახავად იყვნენ მისულები.
გარკვეული დროის შემდეგ, აბბა პალამონი მძიმედ გახდა ავად. მისმა მოწაფეებმა პახომის მოსაყვანად კაცი გაგზავნეს. ნეტარი მამა სასწრაფოდ გაეშურა მოძღვრის სანახავად, რათა მის გვერდით ყოფილიყო სიცოცხლის ბოლო წუთებამდე. მამა პალამონი რომ გარდაიცვალა, ბერებმა მთელი ღამე ლოცვასა და ფსალმუნების გალობაში გაატარეს. დილით ჩვეულებრივ აღავლინეს ლოცვა, შემდეგ მისი წმინდა სხეული სენაკთან ახლომდებარე მთაზე წაასვენეს და იქ დაკრძალეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი