ეს საკვირველი მოღვაწე თესალონიკს, შეძლებულ და ზნეკეთილ ოჯახში 1491 წელს დაიბადა.
მის მშობელთ მრავალი წლის მანძილზე არ ეძლეოდათ შვილი, ბავშვი მხოლოდ წმინდა მინას გამოცხადების შემდგომ შეეძინათ.
ნიკანორმა ბრწყინვალე განათლებასთან ერთად ღვთის დიდი სიყვარულიც შეიძინა, დაობლების შემდგომ კი მთელი ქონება მოწყალებად გასცა და შემონაზვნდა.
თუმცა, მანამდეც, შინ მყოფი, ასკეტივით ცხოვრობდა ღმერთშემოსილ მამათა მობაძავი, ღამეებს ლოცვაში, თეთრად განლევდა მამამთავარ მოსეს მსგავსად ცად ხელაპყრობილი.
მისი სიქველით აღფრთოვანებულმა ეპისკოპოსმა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნიკანორი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი - მღვდლად და ტაძარში წირვის აღვლენა უბრძანა.
ოცდაჩვიდმეტი წლისას ხმა ესმა, რომელიც კალისტრატეს მთაზე განმარტოებას და მდუმარებას უბრძანებდა, სასწრაფოდ გასცა დარჩენილი ქონების ნაწილი, თესალონიკი დატოვა და გზას გაუდგა, თან სოფლებსა და ქალაქებში ქრისტეს ქადაგებდა.
გარკვეულ ხანს სოფელ სარაკინში იცხოვრა და ქრისტიანთა განსამტკიცებლად და წარმართთა მოსაქცევად მრავალი სასწაული აღასრულა, შემდეგ დიდებას გაექცა და კალისტრატეს მთის წვერზე, ძნელად მისადგომ მღვიმეში დაფუძნდა.
იქ უმკაცრეს მარხვასა და ლოცვას მიეცა, ასე რომ სწყუროდა.
იხილა რა ეშმაკმა მასში მოღვაწეობის საღვთო შური, მრავალ ჭირსა და განსაცდელს სწია, თუმცა, უფლის სახელით და წმინდა ჯვრის ძალით ყოველგვარ არაწმინდებას დაეხსნა.
ნიკანორის გარდაცვალების შემდეგ გამძვინვარებულმა ეშმაკმა იქაურობა ისე დააქცია, სხვა მოსაგრეს იქ ცხოვრება რომ აღარ შესძლებოდა.
მისი ღვაწლი, ნიკანორის დიდი მცდელობის მიუხედავად, შეუმჩნეველი არ დარჩენია წმინდა დიონისე ოლიმპიელს (ხსენება 23 იანვარს) და ერთხელ მოწაფეებს უთხრა:
- რომ იცოდეთ, რა განძი იმალება ამ კაბის მიღმაო!
ერთხელ ნეტარს ორი მდიდარი ქრისტიანი ეწვია და სთხოვეს, დამოწაფებოდნენ. ნიკანორი სიხარულით შეხვდა, თუმცა, უსაყვედურა, - ჩემ გამო წმინდა დიონისე რად დაუტევეთო?!
თუმცა, მოსულებმა იმდენი ქნეს, ნეტარმა ორივე ბერად აღკვეცა.
მოკლე ხანში სხვა მოწაფენიც შემოიკრიბა და საძმო სწრაფად გაიზარდა, რის გამოც მონასტრის აშენება გახდა საჭირო: - თავიდან მღვიმის სიახლოვეს არსებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ძველი ტაძარი აღადგინეს.
ერთხელ, ღამეული ლოცვისას ნეტარს ხმა ესმა, რომელიც მთის წვერისკენ მოუწოდებდა. იქ ასულმა კი მაცხოვრის ძველი ხატი იპოვა.
ნეტარმა მყისვე უხმო მოწაფეებს და იმ ადგილას ფერისცვალების სახელობის ტაძარი და დიდი მონასტერი აღაშენეს.
რამდენიმე წლის შემდგომ სავანე ამ მხარეში უმსხვილეს მონასტრად იქცა, - მის წიაღში რამდენიმე ასეული მამა იღვწოდა.
ღირს მამას ათასობით ქრისტიანი აკითხავდა: - ზოგი სავანეში დასარჩენად, ზოგი - რჩევის და ლოცვა-კურთხევისათვის, ზოგი კი - კურნების მისაღებად და ყოველი იმას იღებდა, რაც სჭირდებოდა.
გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ნიკანორმა მოწაფენი შემოიკრიბა და ანდერძი წაუკითხა, ფერისცვალების შემდგომ კი, გაისტუმრა რა მასთან მისული ქრისტიანნი, სენაკში დაბრუნდა, მაღალი სიცხე იგრძნო და სამი დღის შემდგომ, 1549 წელს, როგორც იწინასწარმეტყველა, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი მამა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. მის წმინდა ნაწილთაგან უამრავი კურნება აღსრულდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი