აბბა ორე სიჭაბუკეშივე განერიდა ამა სოფელს, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და მრავალი წელი განდეგილობდა იქ.
უკვე მხცოვანს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალი მას იმ ადამიანთა სულებზე ზრუნვას ანდობდა, ვინც მისი წინამძღოლობით ისურვებდა ცხოვრებას.
უფალმა მას საღვთო წერილის კითხვის ნიჭი მიჰმადლა, თუმცა, წერა-კითხვა არ იცოდა.
მის გარშემო თანდათან შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი ძმობა, დაარსდა სავანე, ნეტარი კი მისი სულიერი წინამძღვარი შეიქნა. იგი ხშირად მოუთხრობდა მოწაფეებს იმ საცთურთა შესახებ, რომლებიც თავს ატყდებათ ხოლმე განმარტოებით მოღვაწე ბერებს, მაგრამ ყოველივეს ისე იტყოდა, თითქოს ამის შესახებ ნაცნობ მეუდაბნოეთა ცხოვრებიდან შეეტყო.
აბბა ყოველმხრივ ფარავდა თავის ღვაწლს და მოწაფეთა ყოველ აზრსა და მოქმედებას ჭვრეტდა; ვერავინ ბედავდა მის მოტყუებას.
ღრმა მოხუცებულობას მიღწეულმა წმინდანმა რამდენიმე მონასტერი დააარსა, რომლებშიც ათასზე მეტი მონაზონი მოსაგრეობდა. ნეტარი ორე დაახლოებით 390 წელს, 90 წლისა მიიცვალა.
აი, როგორ იხსენიებს აბბა რუფინუსი თავის "მეუდაბნოე მამათა ცხოვრებაში" აბბა ორეს:
"თებაიდაში ვნახეთ სხვა ფრიად პატივცემული კაცი, სახელად ორე. იგი გახლდათ მამა მრავალი სავანისა. ეს 90 წლის ქათქათაწვერიანი სასიამოვნო ბერიკაცი, სამონაზვნო სამოსლით მოსილი, ღვთის ანგელოზს მოგაგონებდათ.
სახე ზეადამიანური ნათლით უბრწყინავდა... თავიდან ყველაზე შორეულ უდაბნოში ცხოვრობდა, შემდგომში კი ქალაქის სიახლოვეს ააგო სავანე.
ადრე, მის მოსვლამდე, იმ მხარეში, მისი სენაკის გარშემო ველური ბუჩქიც კი არ ხარობდა. თავადვე რგავდა სხვადასხვა ჯიშის ხეებს.
როგორც წმინდა მამები გადმოგვცემდნენ, კორომი იმიტომ გააშენა, რომ შემდგომში აქ დასახლებულ ძმებს შეშისთვის მონასტრიდან შორს წასვლა არ დასჭირვებოდათ.
ასე ზრუნავდა ის მათი ხორციელი მოთხოვნილებისათვის, უფრო მეტად კი მათი სულის ცხონებისა და რწმენაში განმტკიცებისთვის.
თავად კი უდაბნოში ცხოვრობდა, ბალახითა და ფესვებით იკვებებოდა. სვამდა მხოლოდ წყალს, იმასაც, თუკი პოულობდა... დღედაღამ ლოცვასა და გალობაში ატარებდა. ასე მიაღწია ხანდაზმულობას და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი:
- მრავალი კაცი მოგებარება და შენი ძალით მრავალი ათასი ცხონდება, ყველანი მომავალ ცხოვრებაში შენი ხელისუფლების ქვეშ იქნებიან... ნუ შეგეშინდება ნურაფრის: არავითარი შეჭირვება მათ ხორციელად გამოსაკვებად არ გექნება. მხოლოდ შესთხოვე ღმერთს და ყოველი მოგეცემა!
ამის შემდეგ ორემ მახლობლად ფარღალალა ქოხი აიგო და იქ იწყო ცხოვრება, მხოლოდ ხილით იკვებებოდა, იმასაც - ხანგრძლივი მარხვის შემდეგ იხმევდა ხოლმე.
ადრე წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ როცა ხალხის საცხოვრებლის სიახლოვეს დასახლდა, ღვთისაგან მიიღო ნიჭი (წერილის გაგებისა).
ძმებმა მას ბიბლია მოუტანეს და ისე დაიწყო კითხვა, თითქოს ადრევე ჰქონდა ნასწავლი. და მიეცა მას ხელმწიფება არაწმინდა სულებზე - ეშმაკეულნი, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, მისკენ მიისწრაფოდნენ და ხმამაღლა მოწმობდნენ მის მოსაგრეობაზე. სხვა კურნებებსაც აღასრულებდა.
უამრავი მონაზონი იკრიბებოდა მასთან. ჩვენც მივედით. ძალზე გაუხარდა ჩვენი მისვლა, მოგვესალმა, ლოცვა წარმოთქვა, მწირებს (მგზავრებს) თვითონვე დაბანა ფერხნი, შემდეგ კი დაიწყო წმინდა წერილიდან ჩვენი დამოძღვრა რწმენასა და ცხოვრებაში. მას მიეცა ღვთისაგან მადლი მასწავლებლობისა, მრავალი ტექსტი აგვიხსნა წმინდა წერილიდან და კვლავ შეუდგა ლოცვას.
ჩვევად ჰქონდა, ისე არ შეუდგებოდა ტრაპეზს, ვიდრე ქრისტეს სულიერად არ შეუერთდებოდა. ამის მერე სამადლობელი ლოცვა წარმოთქვა და გვთხოვა, მგზავრობის წინ მოვძლიერებულიყავით (ტრაპეზით).
ის იჯდა ჩვენთან და არ წყვეტდა საუბარს სულიერ მოღვაწეობაზე. აი, სხვათა შორის, რა მოგვითხრო:
- უდაბნოში ვიცნობდი ერთ კაცს, რომელსაც სამი წლის მანძილზე მიწიერი საკვები არ მიუღია. ყოველ სამ დღეში ღვთის ანგელოზი მოუტანდა ზეციურ საზრდელს და ის დაუცხრობდა შიმშილსა და წყურვილს.
ვიცნობდი, ასევე, კაცს, რომელსაც ერთხელ გამოეცხადნენ ბოროტი სულნი ზეციური მხედრობის სახით, ანგელოზთა სამოსით მოსილნი. ცეცხლის ეტლები... უამრავი იარაღი... თითქოს ვინმე ძლიერი ხელმწიფის წინააღმდეგ საბრძოლ¬ველად შეიკრიბნენო... და ამ მხედრობის მეფედ მჩენმა უთხრა მას:
- კაცო, შენ აღასრულე უკვე ყველაფერი... ისღა დაგრჩენია, თაყვანი მცე და აღგიტაცებ ზეცად, ვითარცა ილიას.
ბერი ჩაფიქრდა:
- ეს რას ნიშნავს? ყოველდღიურად თაყვანს ვცემ მაცხოვარსა და მეუფეს ჩემსას. ეს რომ ქრისტე იყოს, განა მოითხოვდა ჩემგან იმას (თაყვანისცემას), რაც მისთვის კარგად არის ცნობილი?!
მაშინვე უპასუხა ამის მთქმელს:
- მე მყავს მეფე, რომელსაც მოუღლელად ვემსახურები, შენ ჩემი მეფე არა ხარ-მეთქი!
ამის მერე მტერი (კაცთა მოდგმისა) აღარასოდეს გამოსცხადებია.
ამას ისე გვიყვებოდა, თითქოს ეს ამბავი სხვას შეემთხვა. მაგრამ იქ მყოფი მამები გვარწმუნებდნენ, - მას გადახდაო.
დიდი გახლდათ ეს მამა!
სხვათა შორის, აი, კიდევ რა ქველმოქმედებას უწევდა თავისთან საცხოვრებლად მისულ მამებს. მოუხმობდა ყველა თავის ძმას და სენაკს ერთ დღეში აუგებდნენ ხოლმე ახალმოსულს. უნდა გენახათ ძმობის დიდი გულმოდგინება:
ერთი აგურს ეზიდებოდა, მეორე - თიხას ზელდა, მესამეს კი - წყალი და შეშა მოჰქონდა.
როგორც კი სენაკი გამზადდებოდა, მოამარაგებდა ყველა აუცილებელი ნივთით და გადასცემდა ახალ ძმას.
ერთხელ მასთან ერთი მზაკვარი ძმა მოვიდა. მან ტანსაცმელი დამალა და ბერის წინაშე თითქმის შიშველი გამოცხადდა. ბერმა ის ყველას წინაშე ამხილა და გამოაჩინა დაფარული... ყველა შიშმა აიტანა, იმ დღიდან ვეღარავინ კადნიერდებოდა, მის წინაშე ეცრუა.
ასეთი იყო მისი სულიერი სრულყოფილება. ასე დიდად მდიდარი იყო ღვთაებრივი მადლით! ყველაფერი ეს მან თავშეკავებით, მოსაგრეობით და რწმენის სიწმინდით მოიპოვა.
მასთან მცხოვრები ბევრი ძმაც ასევე აღევსო ამგვარივე მადლს. როცა ისინი ტაძარში იკრიბებოდნენ, ანგელოზთა შეემსგავსებოდნენ ხოლმე. ბერი თავისი ხორციელი და სულიერი სიწმინდით ხომ დაუდუმებლად აღუვლენდა ქებასა და დიდებას უფალს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი