ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1-ლ ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში მოღვაწე წმინდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს.
ანგელოზებრივ სიწმინდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.
რუსებისთვის (და არა მარტო მათთვის) ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია ღირსი სერაფიმე საროველი. მაგრამ თურმე ასი წლის მის წმინდანად შერაცხვას დიდი წინააღმდეგობა შეხვედრია წმინდა სინოდისა და "განათლებულ" დიდგვაროვანთა მხრიდან. მამა სერაფიმეს გარდაცვალების მერე მორწმუნეებმმა მისი კანონიზაციის საკითხი რამდენჯერმე დააყენეს, მაგრამ სამოცი წელი ისე გავიდა, საქმე წინ არ წაწეულა. აცხადდა წმინდა სერაფიმეს ნათქვამი, თავის სულიერ შვილს, მიხეილ მოტოვილოვს რომ უთხრა: "უფალი მხოლოდ მაშინ აღამაღლებს თავის წმინდანებს და მხოლოდ მაშინ აიძულებს ეკლესიას, მათ შერაცხვას წმინდანებად, როცა იგი, ეკლესია, სრულად ანუ მთელი თავისი წევრებითა და ნაწევრებით, მძიმედაა დასნეულებული უკეთურებათა გამო".
ეს საშინელი ჟამი რუსეთის ეკლესიას წმინდა მეფე ნიკოლოზის დროს დაუდგა: სხვადასხვა პარტიად დაყოფილი რუსეთი, გახრწნილება, სექტანტობა, ცრუ მისტიციზმი. მორწმუნე ერს მართლაც, სჭირდებოდა დახმარება, თუნდაც იმით, რომ მათი საყვარელი მამა სერაფიმე განდიდებულიყო, რომ იგი უფრო მეტად შეწეოდა თავის სამშობლოს.
ეშმაკი გამალებით იბრძოდა ამის წინააღმდეგ; რაღა არ დააბრალეს წმინდა სერაფიმეს: მწვალებლობის ქადაგება, ხიბლი. ეს რომ დამარწმუნებელი არგუმენტები არ გამოდგა, მერე მიზეზად მოიდეს, მისი სხეული რად გაიხრწნა, თუ წმინდანი იყოო. მოკლედ, კანონიზაცია კიდევ დიდხანს გაჯანჯლდებოდა, რომ არა მეფე ნიკოლოზის მეცადინეობა. როცა მეფე ნიკოლოზმა წაიკითხა არქიმანდრიტ სერაფიმეს (ჩიჩეგოვი) ფუნდამენტური შრომა "სერაფიმე-დივეევოს მონასტრის ქრონიკები". საგულისხმოა, რომ არქიმანდრიტ სერაფიმეს, როცა "ქრონიკების" წერა დაასრულა, წმინდა სერაფიმე საროველი გამოეცხადა და წიგნის დაწერისთვის მადლობა გადაუხადა, უფრო დიდი სასოებით განიმსჭვალა ღირსი სერაფიმეს მიმართ და ბრძანა: - დაუყოვნებლად შეირაცხოს წმინდანად. მეფის ასეთივე დიდი ძალისხმევით, შემდგომში, წმინდა იოანე ტობოლსკელის და წმინდა იოსებ ბელგოროდელის კანონიზაციაც მომხდარა. წმინდა სერაფიმეს უთქვამს: "მეფე, რომელიც მე განმადიდებს, მე მას მერე განვადიდებო". 1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და ხუთასი ათასამდე მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმინდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. სიწმინდეს მოწყურებული ხალხი დაეწაფა ახალ სულიერ წყაროს - წმინდა სერაფიმე საროველს.
წმინდა სერაფიმეს უგუნურმა მტრებმა რომ ვერაფერი დააკლეს, ჯავრი მის სულიერ შვილზე, მიხეილ მოტოვილოვზე იყარეს (მიხეილი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო), მას მწვალებლობის ქადაგება დააბრალეს და გიჟად გამოაცხადეს. ეს ბრძოლა მას მერე უფრო გამძაფრდა, როცა სერგი ნილუსმა წმინდა სერაფიმე საროველისადმი მიძღვნილი წიგნი გამოაქვეყნა (1903 წელს), სადაც პირველად დაიბეჭდა წმინდა სერაფიმეს საუბარი მოტოვილოვთან, სულიწმიდის მადლის მოხვეჭაზე. მტრებს, რომ შესძლებოდათ, ალბათ წმინდა სერაფიმეს დეკანონიზაციასაც მოახდენდნენ. მაგრამ გავიდა ასი წელი და წმინდა სერაფიმეს სახელი მთელ საქრისტიანოში განდიდდა, ხოლო მისი პატარა მტრების ხსოვნა მცირე ნიავმა გაფანტა.
ტროპარი
სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადებელითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამისთვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი