წმინდა თეოდორე IX საუკუნეში ცხოვრობდა. მის მშობლებს, კეთილმსახურ ედესელ ქრისტიანებს, ერთადერთი ასული ჰყავდათ, ნანატრი ძე კი დიდხანს არ ეძლეოდათ.
თეოდორე დედ-მამის მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, მაგრამ როცა იგი სკოლაში მიაბარეს, მშობლებს სიხარული მწუხარებად გარდაექცათ: - ბავშვი ვერაფერს ითვისებდა.
ყრმას უფროსები სჯიდნენ, თანატოლები დასცინოდნენ, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, გონება მიენიჭებინა.
ერთხელ უთენია მივიდა ტაძარში, საკურთხეველში შეიპარა, ტრაპეზის ქვეშ შეძვრა და იქ ლოცვაში ჩაეძინა.
სამეუფო წირვა რომ დაიწყო, ბავშვს ნათელმოსილი ჭაბუკი ესიზმრა, რომელმაც თაფლი აჭამა, კვერთხი მისცა ხელში და აკურთხა.
საკვირველი ჩვენებით გამოფხიზლებული თეოდორე სამალავიდან გამოძვრა და გაოცებულ ეპისკოპოსს თავისი ხილვის შესახებაც მოუთხრო.
მღვდელმთავარი მიხვდა, რომ ყრმის ვედრება შესმენილ იქნა და მომავალში იგი ეკლესიის წინამძღვარიც გახდებოდა, ამიტომ უფლის რჩეული ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა.
ოცი წლის თეოდორეს მშობლები გარდაეცვალა. მემკვიდრეობით მიღებული დიდი ქონება მოწყალებად გასცა და იერუსალიმისკენ გაეშურა.
წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი საბა განწმედილის ლავრაში ბერად აღიკვეცა და განკრძალულ სენაკში დაყუდებით დაიწყო ცხოვრება, ამასთან, მდუმარების ღვაწლიც იტვირთა.
მრავალი წლის მანძილზე წმინდა თეოდორესთან ერთად მოსაგრეობდა მისი ახალგაზრდა ნათესავი მიქაელი, რომელსაც წმინდა მიწას დაპატრონებულმა მაჰმადიანებმა წამებით ამოხადეს სული.
ამის შემდეგ ნეტარი თეოდორე დიდხანს არ დარჩენილა ლავრაში. ედესის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების ურთიერთშეთანხმებით, სასულიერო პირთა და ერისკაცების თხოვნით, ედესის მღვდელმთავრად იქნა არჩეული.
წმინდა მამა დიდხანს უარობდა, რადგან ძალზე ეძვირფასებოდა მდუმარება, მაგრამ ვერაფერს გახდა - მღვდელმთავრად ხელი ერთ კვირაში დაასხეს. ქიროტონიის ჟამს დიდი სასწაული აღესრულა: ხალხმა იხილა თეთრი მტრედი, რომელიც ჯერ ტაძრის გუმბათქვეშ ტრიალებდა, შემდეგ კი თეოდორეს თავზე დაეშვა.
ახალი სამოღვაწეო ადგილისკენ მიმავალი წმინდანი ისეთმა ძლიერმა სევდამ შეიპყრო, რომ გაქცევაც კი სცადა, მაგრამ უფალმა სიზმრისეულ ჩვენებაში ასე დამოძღვრა: - "ნუ მიემსგავსები უდებ მონას, რომელმაც თავისი ტალანტი მიწაში დაფლა, ხუთი ტალანტით სხვა ხუთის მომგებს მიჰბაძე!"
თეოდორე მიხვდა თავის შეცდომას, დათრგუნა საკუთარი ნება და ბრძნულად შეუდგა ეკლესიის მართვას: - სიტყვით და საქმით ჰმოძღვრავდა სამწყსოს, უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს... წმინდა მღვდელმთავარს ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა სულიერი ურთიერთობა მხცოვან მესვეტე ბერთან, - ღირს თეოდოსისთან. ეს მოსაგრე ედესისგან ოდნავ დაშორებული წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის სიახლოვეს ცხოვრობდა. იგი უფროს ძმასთან, იოანესთან ერთად სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას.
ძმები სამი წლის მანძილზე მონასტერში მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი ბაბილონის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდნენ ორ სხვადასხვა გამოქვაბულში და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცნენ და ოდენ შაბათ-კვირას ხვდებოდნენ ერთმანეთს ერთობლივი ლოცვისთვის, შემდეგ კი - კვლავ იყრებოდნენ.
ერთხელ, უდაბნოში მწვანილეულის შესაგროვებლად გასულმა თეოდოსიმ შორიდან მოჰკრა თვალი ძმას, რომელიც იმავე საქმით იყო დაკავებული. იოანე უეცრად შედგა, მიწისკენ დაიხარა, გაკვირვებით დააცქერდა რაღაცას, შემდეგ კი პირჯვარი გადაისახა, გადაახტა იმ ადგილს და სწრაფად მიაშურა თავის გამოქვაბულს.
ძმის უცნაური ქცევა ფრიად ეუცხოვა თეოდოსის, იმ ადგილას მივიდა და გაოცებულმა ოქროსცა, ზედა სამოსელი გაიძრო, ნაპოვნი განძი შიგ ჩაყარა და გაჭირვებით მიათრია სენაკამდე.
მეორე დღეს ისე, რომ ძმას არც დამშვიდობებია, თეოდოსი ქალაქისკენ გაეშურა. იქ ტაძარი ააგო, მონასტერი მოაწყო, სასნეულო და დავრდომილთა თავშესაფარი დააარსა, მათთვის შესაწირიც უხვად გაიღო, ბოლოს, დარჩენილი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოსკენ გაბრუნდა.
გაამაყებული თეოდოსი გულში განიკითხავდა ძმას იმის გამო, რომ ნაპოვნი განძის გამოყენება ვერ შეძლო. ამ დროს ბერის წინაშე ანგელოზი წარდგა, რომელიც ადრეც ხშირად ეჩვენებოდა. ახლა იგი მეტად განრისხებული ჩანდა. უფლის მსახურმა მეუდაბნოეს მკაცრად მიმართა:
- რას ქედმაღლობ?! ჭეშმარიტად გეუბნები, შენი საქმეები ვერ შეეტოლება იმ გრძნობას, რომლითაც შენი ძმა ოქროს გადაახტა. მაშინ მან მხოლოდ განძი კი არ დათმო, არამედ მსუბუქი ფრთებით ის უფსკრული გადალახა, რომელიც ლაზარესა და მდიდარს შორისაა დამტკიცებული. იოანეს ღვაწლი განუზომლად აღმატებულია ღვთის წინაშე. ამ ცხოვრებაში შენ მას აწი ვერასოდეს ნახავ და ვერც მე მიხილავ, სანამ სინანულითა და ლოცვით გულს არ მოულბობ უფალს.
თეოდოსი ძმის გამოქვაბულთან მივიდა და ოდეს იგი იქ არ დახვდა, მწარედ ატირდა.
უსაზღვროდ დამწუხრებულს, ერთი კვირის შემდეგ შორიდან ჩაესმა ანგელოზის ხმა, რომელმაც ედესაში წასვლა უბრძანა. თეოდორემ იქ მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა, სათნოეყო უფალს და ხუთი ათწლეულის შემდეგ ჭვრეტის მადლიც მიიღო.
წმინდა მამა სიყვარულით იღებდა მიმსვლელებს და ყველას გულმოდგინედ მოძღვრავდა. ერთხელ მღვდელმთავარი თეოდორე ნეტარი ბერის კურთხევით ბაბილონის ხალიფა მავისთან გაემგზავრა ეკლესიის საქმეებზე. ხალიფა მას მძიმედ სნეული დახვდა. წმინდანმა უფლისგან შემწეობა გამოითხოვა, წყლიან ჭიქაში მაცხოვრის საფლავიდან აღებული მიწა ჩაყარა, შეასვა და განკურნა.
მადლიერმა მავიმ ირწმუნა ქრისტე და იოანეს სახელით სამ დაახლოებულ პირთან ერთად ნათელ-იღო.
მალე მუსლიმანთა წინაშე სარწმუნოების აშკარა აღსარებისათვის ხალიფა იოანე (მავი) და მისი ქრისტესმიერი ძმები ქვეშევრდომებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.
მოწამებრივი აღსასრულის შემდგომ ღამეს იოანე სპეტაკ სამოსელში, ბრწყინვალე გვირგვინით გამოეცხადა თეოდორეს და უთხრა:
- გაკურთხოს უფალმა, რამეთუ ჩემი ხსნის იარაღი შეიქენი!
ამის შემდეგ თეოდოსი მესვეტეს დიდხანს აღარ უცოცხლია.
თეოდორემ იგი პატივით მიაბარა მიწას, თავად კი, მოახლოებული აღსასრულის შესახებ ისევ იოანეს სასწაულებრივი გამოცხადებით გაფრთხილებულმა, სამი წლის შემდეგ კათედრა დატოვა, საბა განწმედილის ლავრაში განმარტოვდა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
........................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი