ნეტარი ავგუსტინე დაიბადა 354 წლის ნოემბერში, ჰიპონიის მახლობლად, სამხრეთ ნუმიდიის პატარა ქალაქ თაგასტეში.
მამამისი - პატრიციუსი, წარმართი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც ავგუსტინეს 17 წელი შეუსრულდა და მალევე აღესრულა. მამა ცდილობდა, ავგუსტინესთვის კარგი განათლება მიეცა, მაგრამ მისი ზნე-ხასიათისათვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია. დედას, მონიკას, ჭეშმარიტად ქრისტიანული აღზრდა ჰქონდა მშობლებისაგან მიღებული და გამოირჩეოდა კეთილი ბუნებითა და მშვიდობისმოყვარე ცხოვრებით. მონიკა ქრისტიანული სათნოების მაგალითი იყო. იგი ადრე მიათხოვეს უზნეო და ფიცხ კაცს, მაგრამ შეძლო მისი სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვება. ბოლოს, მეუღლე ქრისტეს რჯულზე მოაქცია. ეს განაპირობა არა იმდენად მონიკას საუბრებმა, რამდენადაც მისმა სამაგალითო, უმწიკვლო ცხოვრებამ. მონიკამ პატრიციუსს სამი შვილი - ავგუსტინე, ნავიგი და პერპეტუა გაუჩინა.
მონიკა ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, თანხმობასა და მშვიდობას ამკვიდრებდა; ცდილობდა, შვილები ღვთის სამსახურისთვის აღეზარდა. დიდი ტანჯვა, ლოცვა და უხვად ცრემლთაღვრა დასჭირდა, რათა უფროსი ვაჟი, ავგუსტინე, როგორც თავად ამბობდა, ურწმუნოების წყვდიადიდან დაეხსნა, სულიერად აეღორძინებინა. ნეტარი ავგუსტინე თავად მოგვითხრობს საკუთარი მოქცევის შესახებ წიგნში "აღსარება". ის თვალწინ გვიშლის თავის შინაგან სამყაროს, ვნებებითა და ცდომილებებით გატაცებას, ჭეშმარიტებას მოწყურებული სულის ტანჯვას. მოგვითხრობს, თუ რა საოცარი გზებით მიუძღვებოდა უფალი წყვდიადიდან ნათლისკენ, როგორ ეხმარებოდა ჭეშმარიტების შეცნობასა და შეყვარებაში.
ბაჩანა ბრეგვაძის მიერ ქართულად ნათარგმნი ნეტარი ავგუსტინეს "აღსარებანის" ფრაგმენტებით შევავსებთ თხრობას წმინდანის ცხოვრების შესახებ.
მონიკამ შვილს ყრმობიდანვე ასწავლა და შეაყვარა იესოს სახელი. ავგუსტინე წერს:
"უფალო, ადრეული ბავშვობიდანვე მესმოდა მარადიული ცხოვრების შესახებ, რომელიც გვებოძა შენი ძის თავმდაბლობის წყალობით, რომელმაც ინება ჩვენამდე დამდაბლება. ჩემი დაბადებიდან მალევე დედაჩემმა, ვისთვისაც შენ იყავი ერთადერთი სასოება, სახეზე ჯვარი გადამსახა და საშუალება მომცა, მეგემა საიდუმლო მარილი შენი... დედაჩემის ყველაზე დიდი სასოება უფალი იყო. ხომ შენი თვალით გინახავს, ღმერთო, როგორ დამრია ერთ დღეს ხელი სრულიად უმწეო ბალღს მუცლის საშინელმა გვრემამ, რომელმაც ლამის სიკვდილის პირას მიმიყვანა; ხომ შენი თვალით გინახავს, ღმერთო ჩემო, რადგანაც იმთავითვე შენ იყავი ჩემი მფარველი, - რა გულმხურვალედ ვევედრებოდი ღვთისმოსავ დედაჩემსა და ყველა მორწმუნის საერთო დედას - ეკლესიას, სასწრაფოდ მოვენათლეთ შენი ქრისტეს, ჩემი ღმერთისა და უფლის სახელით. და ჩემი ხორციელი დედა, ვის უმანკო გულშიაც არაფერს შეეძლო ჩაექრო ჩემი საუკუნო ხსნის იმედი და შენდამი ურყევი რწმენა, მწუხარებისაგან შეშლილი სახით ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად მოვენათლე, რათა შენს წმინდა საიდუმლოს ვზიარებოდი და ამრიგად ჩამომერეცხა ჩემი ცოდვები, რომ მოულოდნელად მოვმჯობინდი და სააქაოსაკენ ვიბრუნე პირი. ამრიგად, ჩემი განწმენდა გადაიდო, თითქოს აუცილებელი იყო, რომ, რახან ცოცხალი დავრჩი, უფრო მეტად ამოვსვრილიყავი მწვირეში; როგორც ჩანს, ასე ინება თვითონ განგებამ, რადგანაც განწმენდის შემდეგ ჩადენილ დანაშაულთა მწვირე უფრო მძიმე შეცოდებად შემერაცხებოდა. ამრიგად, მე უკვე მწამდა, სწამდა დედაჩემსაც და მთელ სახლეულსაც, გარდა მამაჩემისა, თუმცა მან ვერ დამავიწყებინა ღვთისმოსაობის დედისეული გაკვეთილები და ვერც ქრისტეს რწმენაზე ამაღებინა ხელი, რომელიც ჯერ კიდევ უცხო იყო მისთვის. დედაჩემის ძალისხმევას უნდა ვუმადლოდე, უფალო, რომ მამად უმალ შენ მეგულვი, ვიდრე ჩემი ხორციელი მამა, და ეს შენი შეწევნით მოხდა, შენ მიეც ძალა ქმრის ძლევისა, ვისაც, თავისი ზნეობრივი უპირატესობის მიუხედავად, უსიტყვოდ ემორჩილებოდა, რადგანაც ამით ის გმორჩილებდა შენ, რომელმაც ქმრების მორჩილება უბრძანე ცოლებს".
ასე გადაიდო ავგუსტინეს ნათლისღება მომავლისთვის. მშობლებმა ავგუსტინე სასწავლებლად გააგზავნეს მადავრაში. ის წარმატებით ეწაფებოდა ცოდნას, მაგრამ მეგობრების მიბაძვით თექვსმეტი წლიდან უწესო ცხოვრებას მიჰყვა. მამას ახარებდა მისი წარმატებები რიტორიკაში, მაგრამ დედა, ვინც შვილის განსწავლულობას დიდ მნიშვნელობას არ აძლევდა, მის უზნეობაზე დარდობდა.
ნაწყვეტი ნეტარი ავგუსტინეს "აღსარებანიდან":
"სიჭაბუკის ჟამს მე ვიწვოდი განცხრომის მწველი სურვილით, რომელსაც ჯოჯოხეთი უფრო შეჰფერის სახელად, და არ შეუდრკა ჩემი სული იმას, რომ უკეთური სიყვარულის ყლორტები ამოეყარა და ბილწი ვნებების შამბნარით დაბურულიყო; ჩაქრა, ჩაიშრიტა ჩემი მშვენება, და ვიქეც ხრწნილებად შენი ღვთაებრივი მზერის წინაშე, მე - თავმომწონე და მოსურნე იმისა, რომ ხალხის თვალშიც მოსაწონი ვყოფილიყავი. რა მანიჭებდა ნეტარებას, გარდა იმისა, რომ მყვარებოდა და მეც ვყვარებოდი? მაგრამ სული, ხარბად რომ დაეძებდა მეორე სულს, ვერ ახერხებდა სულიერი სიყვარულის სხივოსან ზღურბლზე შეჩერებულიყო. ოხშივარი ასდიოდა ხორციელ გულისთქმათა ჭაობს და დუღდა, თუხთუხებდა სიჭაბუკე ჩემი; ბილწი ვნებები ყომრალი ღრუბლებივით შემოსწოლოდნენ გულს, რომელსაც ამ ჯანღში ერთმანეთისაგან ვეღარ გაერჩია სიყვარულის ციური შუქი და გულისთქმათა მწველი ალმური. ორივენი ერთმანეთს ერწყმოდნენ, ერთად მძვინვარებდნენ ჩემში და თავის ნება¬ზე ათამაშებდნენ ჯერ კიდევ უნდილსა და უმწიფარ ჭაბუკს, რათა ვნებების მორევში ჩაერთოთ და ბიწიერების უფსკრულში დაენთქათ იგი.
იმძლავრა ჩემზე შენმა რისხვამ, მე კი არ ვიცოდი ეს. სმენა დამიხშო ბორკილის ჟღრიალმა, რომელიც ჩემმავე მოკვდავობამ დამადო; ამით უნდა გამომესყიდა სიამაყე ჩემი სულისა. სულ უფრო და უფრო გშორდებოდი, შენ კი არ მიკრძალავდი ამას. ღობე-ყორეს ვედებოდი, ვშფოთავდი, ვწრიალებდი და ფუჭად ვფლანგავდი ვნების სახმილით მბორგავ ძალას. შენ კი დუმდი. ო, ჩემო ნაგვიანევო სიხარულო, შენ დუმდი, როცა სულ უფრო და უფრო გშორდებოდი და ცოდვით დაცემული, თუმცაღა ჩემივე სიმდაბლით მოქადული და, იმავდროულად, სასოწარმკვეთი მოუსვენრობით გამოფიტული უხვად ვითვლიდი ჩემი უმწეობისა და წუხილის ნაყოფს.
ვინ დააცხრობდა მაშინ ჩემს ტანჯვას, ვინ შემოაქცევდა ჩემს სასიკეთოდ ყოველგვარი სიახლის მსწრაფლწარმავალ ხიბლს, ვინ ამოსდებდა ლაგამს ჩემს უკეთურ ზრახვებს? ცოლქმრული ცხოვრების ნაპირს მაინც შემსხვრეოდა ჩემი სიჭაბუკის ქარიშხალი, თუკი სხვანაირად შეუძლებელი იყო მისი დაცხრომა...
მაგრამ ვაი, რომ ვნებები მძვინვარებდნენ ჩემში; მე წარმიტაცა მათმა შმაგმა დინებამ და მიგატოვე შენ; გარდავხდი ყველა შენს მცნებას, მაგრამ ვერ გავექეცი შენს მათრახს; ან კი რომელი მოკვდავი გაჰქცევია? შენ ყოველთვის ახლოს იყავი, შენი მკაცრი გულმოწყალებით, უმწარეს იმედგაცრუებას რომ უსართავდი ჩემი აღვირახსნილობის სიტკბოებას, რათა მეძებნა სიტკბოება, რომლისთვისაც უცხოა იმედგაცრუების სიმწარე. მხოლოდ შენში თუ შემეძლო მისი პოვნა, მხოლოდ შენში, უფალო, ტკივილით რომ გვინიღბავ შეგონებას, გვწყლავ, რომ განგვკურნო, გვკლავ, რომ უშენოდ არ მოვკვდეთ.
სად ვიყავი? რა შორს დავეხეტებოდი შენს ბედნიერ სახლს მოწყვეტილი, ჩემი ხორციელი არსებობის ამ მეთექვსმეტე წელს, როცა თავისი კვერთხი შემართა ჩემზე კაცთა უკეთურებით ნებადართულმა, ხოლო შენი კანონით აღკვეთილმა გულისთქმის სიშლეგემ, მთლიანად რომ დამიმონა. ახლობლებს თითიც კი არ გაუნძრევიათ, რომ წყალწაღებულს მომშველებოდნენ და ქორწინებით მაინც გადავერჩინე. მათი საზრუნავი მხოლოდ ის იყო, რომ უკეთ დავუფლებოდი მჭევრმეტყველების ხელოვნებას, რათა ამის წყალობით დამერწმუნებინა ხალხი".
* * *
როდესაც ავგუსტინე სასწავლებლიდან დროებით შინ დაბრუნდა, მონიკამ, დიდად სამწუხაროდ, ვერ შენიშნა მასში მტკიცე რწმენა და სულიერი სიწმინდის კანონებისადმი ერთგულება, რომლებიც შეძლებდნენ მოეზღუდათ იგი სახიფათო გასართობებისგან.
"მშობლები ფულს აგროვებდნენ, რომ უფრო შორს - კართაგენში გავეგზავნეთ სასწავლებლად. ამას მოითხოვდა მამაჩემის პატივმოყვარეობა, რომლის დაკმაყოფილებასაც მისივე ხელმოკლეობა უშლიდა ხელს: ჩვენი ოჯახი საკმაოდ ღარიბულად ცხოვრობდა თაგასტეში...
ვინღა არ აქებდა და ადიდებდა მაშინ მამაჩემს, რომელიც შვილის გულისთვის უფრო მეტს აკეთებდა, ვიდრე მისი ხელმოკლეობა აძლევდა ამის საშუალებას, და მზად იყო ასე შორს გავეგზავნე სასწავლებლად. მასზე გაცილებით უფრო მდიდარი ჩვენი ბევრი თანამოქალაქე ამნაირ მსხვერპლს არ გაიღებდა შვილების გულისთვის. მაგრამ, მეორეს მხრივ, მამაჩემს სულაც არ ადარდებდა, რანაირი ვიზრდებოდი შენს წინაშე, ვინარჩუნებდი თუ არა უმანკოებას; მისთვის მთავარი ის იყო, რომ მჭევრმეტყველების ხელოვნებაში გამეწაფა თავი, და თუნდაც სამუდამოდ შენი მადლის გარეშე დავრჩენილიყავი, როგორც უნაყოფო წარაფი, სახნისი რომ არ შეხებია, ო, ერთადერთო კეთილო პატრონო შენი ხოდაბუნის - ჩემი გულისა".
სასწავლებლად კართაგენში
მონიკამ უხალისოდ გაუშვა ავგუსტინე კართაგენში და მას შემდეგ, რაც ქმარი გარდაეცვალა, თავადაც საყვარელ შვილთან გადასახლდა, რომელმაც დიდხანს აღვრევინა ცხარე ცრემლები, რაკი მანკიერ, გარყვნილ ცხოვრებას მისცა თავი.
"ჩავედი კართაგენში; ეს იყო სამარცხვინო სიყვარულით სავსე კარდალი, რომელიც დუღდა და გადმოდიოდა. მე ჯერ კიდევ არ მიყვარდა, მაგრამ მიყვარდა სიყვარული, და ფარული მოთხოვნილებით გატანჯულს მეზიზღებოდა ჩემი თავი, მეზიზღებოდა იმის გამო, რომ ეს მოთხოვნილება საკმაოდ მძაფრი არ იყო. მე ვეძებდი ჩემი სიყვარულის საგანს, სიყვარულზე შეყვარებული. მძულდა სიმშვიდე და მძულდა გზა, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე მახე არ იყო დაგებული. მთელი შიგანი მეწვოდა შიმშილით: ეს სულიერი შიმშილი იყო, და მხოლოდ შენ შეგეძლო მისი დაცხრობა, უფალო ჩემო, მაგრამ მე ამ შიმშილის მოკვლა როდი მსურდა, რადგანაც ჯერ კიდევ არ მოველტვოდი უხრწნელ საზრდოს, თუმცა იმიტომ კი არა, რომ საძღომად მქონდა: რაც უფრო მეტად მშიოდა, მით უფრო მეზიზღებოდა იგი.
ამიტომაც ჩემი სული სნეული იყო, გარე სამყაროში დანთქმული და მოწყალების მთხოვნელი გლახაკივით საწყალობლად ხელგაშვერილი, ხოლო მისი ერთადერთი გასაკითხი გრძნობად საგნებთან ლაციცი გახლდათ. მაგრამ რაკი ამ საგნებს სული არ ჰქონდათ, ცხადია, მათი შეყვარებაც შეუძლებელი იყო.
მეყვარებოდა და ვეყვარებოდი, - ჩემთვის ეს უფრო სანუკვარი იყო, ვიდრე სატრფოს სხეულის დაუფლება. სულიერი სიყვარულის წმინდა წყაროს გულისთქმის მწვირით ვამღვრევდი და ვნებათაღელვის ჯოჯოხეთური სუნთქვით ვბღალავდი მის სიკამკამეს. ურცხვი, ურიდი და უტიფარი, უსაზღვრო ამაოებით აღსავსე, თავგამოდებით ვცდილობდი ზრდილი, დახვეწილი და მომხიბლავი მოვჩვენებოდი ხალხს. გულისთქმათა მორევში დანთქმულს მინდოდა შიგ ჩავმხრჩვალიყავი. ღმერთო დიდებულო, რანაირ ნაღველს ურევდი, შენი გულმოწყალებით, ამ სიტკბოებას. მე ვუყვარდით! ფეხაკრეფით მივიპარებოდი განცხრომის პირქუშ დილეგში, ლხენით აღვსილი თვითონვე ვიდებდი წამების ბორკილს და საშუალებას ვაძლევდი თავიანთი შანთით დავედაღეთ იჭვნეულობას, შიშს, ძრწოლას, შურს, მრისხანებას, განხეთქილებას.
მე გამიტაცა თეატრალურმა წარმოდგენებმა, თვალწინ რომ მიყენებდნენ ჩემსავე სვედავსილობას და, ამრიგად, ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ. რატომ სურს კაცს მწუხარებას ეძლეოდეს სავალალო და ტრაგიკულ მოვლენათა ჭვრეტისას, თუმცა არამც და არამც არ ისურვებდა პირადად განეცადა ისინი? მიუხედავად ამისა, მას, როგორც მაყურებელს, დიახაც სურს თვითონვე განიცდიდეს მწუხარებას, და სწორედ ამ მწუხარებით ტკბება. აი, უცნაური სიშლეგე! ადამიანი მით უფრო მეტად ღელავს თეატრში, რაც უფრო ნაკლებ დაზღვეულია იმისაგან, რომ პირადად განიცადოს ის, რაც სცენაზე ხდება. როცა კაცი თავის საკუთარ სალმობას განიცდის, ამას ტანჯვა ჰქვია, სხვისი სალმობის განცდას კი - თანალმობა. მაგრამ რანაირად უნდა თანაულმობდე დრამატულ გამონაგონს? მაყურებელს იმიტომ კი არ იწვევენ თეატრში, რომ სხვას დაეხმაროს, არამედ იმიტომ, რომ მწუხარებით აღივსოს, და ის მით უფრო მადლიერია ამ გამონაგონთა ავტორისა, რაც უფრო მეტად წუხს. მაგრამ თუ ოდინდელი ან გამოგონილი უბედურება იმნაირადაა წარმოდგენილი, რომ მწუხარებას ვერ განაცდევინებს მაყურებელს, ეს უკანასკნელი მთქნარებითა და ლანძღვა-გინებით გამოდის თეატრიდან. ხოლო თუ მწუხარება განაცდევინეს, თვალის დაუხამხამებლად მისჩერებია სცენას, და სწორედ ეს ანიჭებს სიამოვნებას.
მაშ, ცრემლები და მტკივნეული განცდები გვიყვარს? რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს სურს სიხარული, სალმობას კი ყველა გაურბის, თუმცა ის მაინც სურს, რომ თანამლმობელი ერქვას; მაგრამ რაკი თანალმობა შეუძლებელია ტანჯვისა და მწუხარების გარეშე, ეს ხომ არაა ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ სიყვარულით ვემსჭვალვით წუხილს? თანალმობის წყარო მეგობრობაა. მაგრამ საით მივყავართ მას? ან საით მიედინება? რატომ ერთვის მოთუხთუხე კუპრის შმაგ ნაკადს, პირქუში ვნების ბობოქარ მორევს, სადაც თავისი არჩევანითვე იცვლება, ზურგს აქცევს თავის ციურ სიწმინდეს? მაშ, შორს თანალმობა? არამც და არამც! დაე, მწუხარება ხანდახან მაინც სასურველი იყოს. მაგრამ უფრთხილდი, სულო ჩემო, უწმინდურებას, მამა-პაპათა ღმერთის მფარველობით უფრთხილდი, ღმერთისა, რომელიც ქება-დიდებისა და თაყვანისცემის ღირსია უკუნითი უკუნისამდე.
მე დღესაც თანამლმობელი ვარ, მაგრამ მაშინ, თეატრში, ვხარობდი შეყვარებულებთან ერთად, ვნებაატანილნი რომ ეკურკურებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ყოველივე ეს სხვა არა იყო რა, თუ არა გამონაგონი და თეატრალური თამაში. ხოლო როდესაც ერთმანეთს ეყრებოდნენ, მთე¬ლის არსებით ვიზიარებდი მათ მწუხარებას, თუმცა ორივე შემთხვევაში თანაბრად ვტკბებოდი ამ საპირისპირო განცდებით. ახლა უფრო მეტად მებრალება ის, ვინც თავისდა სამარცხვინოდ, საკუთარი ბიწიერებით ტკბება, ვიდრე ის, ვინც თავბედს იწყევლის იმის გამო, რომ დაუშრა საბედისწერო ვნებათაღელვის წყარო და, ამრიგად, დაჰკარგა უბადრუკი ბედნიერება. ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილი სიბრალულია, მაგრამ ამ დროს მწუხარება ტკბობის წყაროდ როდი იქცევა. გებრალებოდეს უბედური, იმასა ნიშნავს, რომ კუთვნილს მიაგებდე გულმოწყალებას, მაგრამ ნამდვილ გულმოწყალებას ერჩია, სიბრალულის საბაბი არ მისცემოდა. რომ არსებობდეს ბოროტმოსურნე კეთილმოსურნეობა, - რაც შეუძლებელია, - მაშინ ნამდვილი და ჭეშმარიტი თანალმობით შეძრული კაცი, ალბათ, ისურვებდა, რომ ყოფილიყვნენ უბედურნი, რათა მათ მიმართ სიბრალული გამოეჩინა. მაშასადამე, მწუხარება ზოგჯერ შეიძლება მოსაწონიც კი იყოს, მაგრამ შეუძლებელია გიყვარდეს იგი. ო, სულმოყვარე ღმერთო ჩემო, შენი გულმოწყალება განუზომლად უფრო წმინდაა ჩვენსაზე, უფრო წმინდა და უცვლელი, სწორედ იმიტომ, რომ არავითარ მწუხარებას არ შეუძლია შენი მოწყვლა; "თუმცა ან კი ვის შეუძლია?"
მაგრამ მაშინ მე სვედავსილს მხიბლავდა მწუხარება და თვითონვე დავეძებდი წუხილის საბაბს: მსახიობის თამაში, ვიღაცის შეთხზულსა და გამოგონილ უბედურებას რომ წარმოგვიდგენდა, უფრო მეტად მომწონდა და მიტაცებდა, თუკი ცრემლს მაღვრევინებდა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მე - ფარას მოწყვეტილი, გზააბნეული და შენი მოწყალე მფარველობის მოძულე ცხვარი ბინძური ქეცით გავქეციანდი? სწორედ ამიტომ მხიბლავდა მწუხარება, მაგრამ ის მწუხარება კი არა, სულის სიღრმემდე რომ განგვწონის: მე თვითონ ხომ ვერ ავიტანდი იმას, რისი ცქერაც ასე მიყვარდა, - წარმოსახული ტანჯვის ყურება თითქოს კლანჭებით მიკაწრავდა კანს, ანთებას იწვევდა და მთელ ტანზე ჩირქიან მუწუკებს მაყრიდა.
გატაცება მანიქეველობით
კართაგენში ნეტარი ავგუსტინე მანიქეველთა სწავლებამ გაიტაცა და საკუთარი ცოდვებისთვის გამართლების ძიების სენით დაავადდა. ცოდვები უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა და მათ თავისი ნების გამოხატულების შედეგად კი არ მიიჩნევდა, არამედ როგორც გარეშე ბოროტი ძალის ტირანიას. ჭაბუკი ავგუსტინე ისე ღრმად ჩაეფლო ამ მწვალებლურ ჭაობში, რომ მეგობრები და ნაცნობებიც კი ჩაითრია. ცხრა წლის განმავლობაში იყო იგი მანიქეველი. უფალზე მისი მკრეხელური აზრებით შეძრწუნებულმა დედამ თავისთან ცხოვრება აუკრძალა შვილს. მონიკა დღედაღამ ლოცუ-ლობდა ცრემლმომდგარი, უფალს ევედრებოდა შვილის დაბრუნებას, რომელსაც მიცვალებულივით იგლოვდა. ავგუსტინე თავის "აღსარებაში" ღაღადებს:
"მაშინაც კი, ზეციური სიმაღლიდან გამომიწოდე ხელი, უფალო! შენ შეგძრა შენი ერთგული მსახურის ვედრებამ და ცრემლებმა. იგი მიგლოვდა უფრო მეტად, ვიდრე დედა დასტირის თავის გარდაცვლილ ბავშვს. ის უკვე მკვდრად მთვლიდა შენთვის. შენ ისმინე მისი, უფალო, შენ შეიწყნარე მისი ცრემლი, რომელიც ღვარად სდიოდა ყოველთვის, როდესაც შენდამი ლოცვას აღავლენდა. შენ მოუვლინე დედაჩემს სანუგეშო სიზმარი, რომლის შემდეგაც ნება დამრთო, მეცხოვრა მის სახლში და ერთად გვეჭამა პური, რაც ამიკრძალა მას შემდეგ, რაც მე გამიტაცა მისთვის ესოდენ საძაგელმა შეხედულებებმა!"
ცოტა რამ მანიქეველობის შესახებ
მანიქეველობა III საუკუნეში სპარსი მთავრის, მანის მიერ ზოროასტრიზმისა და ქრისტიანობის ერთიანობის ნიადაგზე დაარსებული რელიგიური მიმდინარეობაა, რომელიც ფართოდ გავრცელდა სპარსეთიდან ჩინეთამდე. მანიმ თავის რელიგიურ მიმდინარეობაში ქრისტიანობიდან გადმოიღო - მესიანიზმის იდეა, საფუძვლად კი გახადა ზოროასტრიზმის დუალიზმი.
მანი ქადაგებდა ორი საწყისის: ნატიფი მატერიის, ანუ ნათლის, და ტლანქი მატერიის, ანუ ბნელის, არსებობას. ამ სწავლების თანახმად, ნათლის მეუფე ღმერთია, წყვდიადისა - დემონი, და ამ ორი საწყისის ურთიერთბრძოლამ წარმოშვა მთელი სამყარო. ადამიანის სხეული და სამშვინველი (სული გრძნობადი) შექმნა ბოროტმა საწყისმა. ღმერთმა, თავისი სიკეთის გამო, სულების გამოსახსნელად დედამიწაზე მოავლინა ქრისტე, რომელიც მზეზე მკვიდრობს. როდესაც იგი დედამიწას ტოვებდა, ხალხს აღუთქვა, რომ გამოუგზავნიდა ნუგეშინისმცემელს, ანუ პარაკლიტოსს; ეს უკანასკნელი არის მანი. იგი ასწავლიდა სხეულის, როგორც ბოროტი საწყისის, დათრგუნვას, უარყოფდა მთელ ძველ აღთქმას, როგორც ბნელეთის მპყრობელის ნაღვაწს და დაწერა თავისი სახარება.
მანის აზრით, განწმენდილი სულები სიკვდილის შემდეგ დამკვიდრდებიან მზეზე ან მთვარეზე, უწმინდურთა სულები კი ცხოველებში ჩასახლდებიან. ამიტომაც მანის მიმდევრები უარს აცხადებდნენ ცხოველების საკვებად გამოყენებაზე და მკაცრ მარხვას იცავდნენ, მაგრამ მაღალი ზნეობით არ გამოირჩეოდნენ და იოლად გადააბრალებდნენ ხოლმე თავიანთ მანკიერებებსა და შეცოდებებს ბოროტი სულის ძალას. მანი ცდილობდა, გარეგნულად მიებაძა ქრისტიანული ღვთისმსახურებისთვის; უამრავი მოწაფეც დატოვა, რომელთაგან თორმეტს "მოციქულები" ეწოდებოდათ.
მანიქეველობამ - ამ ცრუმოძღვრებამ, რომელიც ამხილეს ქრისტიანებმა და დევნეს წარმართებმა, კიდევ დიდხანს იარსება გნოსტიკურ სწავლებასთან ერთობაში და თანდათან საკმაოდ დიდი ძალაც მოიპოვა. თავად მანი, სპარსეთის მეფის ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს.
მონიკას ხილვა
ერთხელ მონიკამ ძილში იხილა, თითქოს ღრმად დამწუხრებული იდგა გრძელ, ვიწრო ბილიკზე, უცებ გამოეცხადა ანგელოზი და თანაგრძნობით ჰკითხა ტირილის მიზეზი.
- მე ჩემი ვაჟის სულის დაღუპვას დავტირი, - მიუგო დედამ.
- დამშვიდდი, სადაც ახლა დგახარ, იქვე დაინახავ მასაც.
როდესაც დედამ მიამბო ეს სიზმარი, - წერს ავგუსტინე, - შევეცადე, ამეხსნა - ეს შენ უნდა მიიღო ჩემი შეხედულებები-მეთქი. მაგრამ მან მიპასუხა:
- არა, ეს შეუძლებელია. ანგელოზს ჩემთვის არ უთქვამს, რომ მე დავდგებოდი იქ, სადაც შენ დგახარ, ეს შენ უნდა დამიდგე გვერდით.
მონიკას მართლაც აუხდა ეს სანუგეშო სიზმარი, ოღონდ დიდი ხნის შემდეგ. მთელი ცხრა წელიწადი დაეხეტებოდა ავგუსტინე მანკიერებისა და სიცრუის უკუნეთში. ამასობაში დაასრულა სწავლა და თავად გახდა რიტორიკის მასწავლებელი კართაგენში. უყვარდა ციცერონის კითხვა, რაც დროებით ავიწყებდა ფუჭ მხიარულებას და აღუძრავდა ჭეშმარიტებისა და სიბრძნისკენ სწრაფვას. ავგუსტინემ დაიწყო წმინდა წერილის შესწავლაც, მაგრამ დიდებულ უბრალოებას იოლად ვერ მისწვდა ცრუსწავლებებით გაამაყებული მისი გონება. მით უფრო, რომ მანიქეველობის გავლენას იგი ჯერ კიდევ განიცდიდა.
როდესაც მონიკამ ერთ ეპისკოპოსს სთხოვა, დალაპარაკებოდა მის ვაჟს და მოექცია იგი, მან უპასუხა:
- ჯერ დრო არ დამდგარა. ჭაბუკი მეტისმეტად ქედმაღლობს თავისი ცოდნით. თავი დაანებე და ილოცე მისთვის.
მაგრამ მონიკამ ისევ განაგრძო ტირილით ვედრება.
- დამშვიდდი, მხოლოდ ლოცვა განაგრძე. შეუძლებელია, ამდენი ცრემლთაღვრის შემდეგ შვილი დაგეღუპოს, - კვლავ ანუგეშა ეპისკოპოსმა.
სამშობლოში დაბრუნებულმა ავგუსტინემ გრამატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 29 წლის ნეტარი ავგუსტინე კართაგენში შეხვდა მართლმორწმუნეთაგან სიკვდილის მახედ წოდებულ მანიქეველ "ეპისკოპოს" ფაუსტუსს. მასთან ურთიერთობისას ავგუსტინემ მანიქეველთა სწავლებაში და ცხოვრების წესში მრავალი წინააღმდეგობა აღმოაჩინა.
ფაუსტუსმა, რომელიც მრავალთათვის "სიკვდილის მახედ" იქცა, თავისდა უნებურად დაიწყო იმ მახის გახსნა, რომელშიც მე ვიყავი გაბმული.
ახლა კი ჩემი ღმერთის წინაშე ვიტყვი, რა გადამხდა თავს ჩემი ცხოვრების ოცდამეცხრე წელს.
კართაგენში ჩამოვიდა ერთი მანიქეველი ეპისკოპოსი, სახელად ფაუსტუსი; ეს იყო "ეშმაკის საშინელი მახე", რომელშიაც ბევრი გაება, მისი მჭევრმეტყველებით ცდუნებული. მეც ვაქებდი მის ხელოვნებას, მაგრამ, ამასთანავე, ნათლად ვხედავდი განსხვავებას მასა და საგანთა ჭეშმარიტ არსს შორის, რომლის შეცნობასაც ხარბად მიველტვოდი. მე იმდენად მისი სიტყვიერების ჭურჭელს როდი ვაკვირდებოდი, რამდენადაც იმას, თუ რანაირ სასმელს შემომთავაზებდა ამ ჭურჭლით მისი თაყვანისმცემლების მიერ გაღმერთებული ფაუსტუსი. მითქმა-მოთქმის წყალობით წინასწარვე ვიცოდი, რომ ეს იყო უზენაეს მოძღვრებათა უბადლო მცოდნე და თავისუფალ მეცნიერებათა არაერთ დარგში ღრმად განსწავლული კაცი.
რაკიღა მრავალი ფილოსოფიური თხზულება მქონდა წაკითხული და კარგად მახსოვდა ისინი, ამიტომ ერთმანეთს ვუდარებდი ამ თხზულებათა ცალკეულ მონაცემებსა და მანიქეველთა დაუსრულებელ არაკებს: მე უფრო დამაჯერებელი მეჩვენებოდა მათი სიტყვები, "რომელთაც ეყოთ იმისი ძალა, რომ ეკვლიათ ეს წარმავალი სამყარო", მაგრამ "ვერ მიაკვლიეს მის უფალს". "რადგანაც დიდი ხარ, უფალო, და თვინიერს ხედავ, ხოლო ქედმაღალს შორით შეიცნობ", მაგრამ მხოლოდ "შემუსრულ გულებს" უახლოვდები. ქედმაღალნი ვერ გპოვებენ, თავიანთი ცნობისმოყვარე გონებით ცაში ვარსკვლავებიც რომ დათვალონ, ხოლო ზღვაში - ქვიშის მარცვლები, გაზომონ სამყაროს უსასრულო სივრცე და გამოიკვლიონ მნათობთა გზები.
ისინი ამას გამოთვლიდნენ თავიანთი ნიჭითა და გონებით, რომლებიც შენ უბოძე მათ; ბევრ რასმე მიაკვლიეს და დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველეს მზისა თუ მთვარის დაბნელება, ისევე, როგორც ამ დაბნელების დღე, საათი თუ ხარისხი. გამოთვლები სწორი გამოდგა: ყველაფერი ისე ხდება, როგორც იწინასწარმეტყველეს. მათ ჩაიწერეს კანონები, რომლებიც თვითონვე აღმოაჩინეს. ეს კანონები დღესაც ცნობილია და მათი მიხედვით წინასწარმეტყველებენ, რომელ წელს, ამ წლის რომელ თვეს, ამ თვის რომელ დღესა და ამ დღის რომელ საათზე დაბნელდება მზე თუ მთვარე, და რანაირი იქნება ეს დაბნელება - სრული თუ ნაწილობრივი. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ნაწინასწარმეტყველებია.
განცვიფრებული და გაოგნებულია ხალხი, რომელსაც ამ მეცნიერებისა არა გაეგება რა. სამაგიეროდ, უსაზღვროა იმათი აღტაცება და აღფრთოვანება, ვისაც ყოველივე ეს ესმის. მკრეხელური ქედმაღლობით აღძრულნი ზურგს გაქცევენ, უფალო, და თანდათანობით შორდებიან შენს ნათელს; ისინი დიდი ხნით ადრე წინასწარმეტყველებენ მზის მომავალ დაბნელებას, მაგრამ ვერ ხედავენ საკუთარი მზის დაბნელებას აწმყოში. ღვთისმოსავთათვის ნიშნეული გულმოდგინებით როდი ეძებენ, ვისგან ებოძათ ეს ნიჭი, რომლის მეშვეობითაც ყოველივე ამას იკვლევენ. მაგრამ თუნდაც მიხვდნენ, რომ შენა ხარ მათი შემოქმედი, სულერთია, მაინც არ მოგენდობიან, რათა დაიფარო ისინი, როგორც შენივე ქმნილებები, და მსხვერპლად არ შემოგწირავენ იმას, რადაც თვითონვე აქციეს თავიანთი თავი: არც თავიანთ ქედმაღლურ აზრებს, ცაში რომ ნავარდობენ "ჩიტებივით"; არც თავიანთ ცნობისმოყვარეობას, "ზღვაში მცურავ თევზებს" რომ მოგვაგონებს და აიძულებს მათ "უფსკრულის იდუმალი ბილიკებით იხეტიალონ"; არც თავიანთ მდაბალ ვნებებს, "მინდვრად მობალახე ნახირს" რომ ამსგავსებს მათ, - რათა შენ, უფალო, "ყოვლისშთანმთქმელო ცეცხლო", შემუსრო მათი სასიკვდილო საზრუნავი და ხელახლა შექმნა ისინი უკვდავებისათვის.
მათ ვერ შეიცნეს "გზა", ანუ შენი სიტყვა, რომლითაც შეჰქმენი ისიც, რასაც აღრიცხავენ, ისინიც, ვინც აღრიცხავენ, გრძნობაც, რომლითაც არჩევენ აღსარიცხ საგნებს და გონებაც, რომლის მეშვეობითაც აღრიცხავენ მათ, "შენი სიბრძნე კი აღურაცხელია და განუზომელი". თვით შენი მხოლოდშობილი ძე "იქმნა ჩვენთვის სიბრძნე, სიმართლე და განწმენდა", ჩვენ შორის შეირაცხა და ხარკს უხდიდა კეისარს.
მათ ვერ შეიცნეს ეს გზა, რომლითაც შეეძლოთ თავიანთი ქედმაღლობიდან დაშვებულიყვნენ ძის სიმდაბლემდე და მისი მეშვეობით ამაღლებულიყვნენ მისსავე სიდიადემდე. მათ ვერ შეიცნეს ეს გზა; ამიტომაც ჰგონიათ, თითქოს ვარსკვლავებს მისწვდნენ და მათთან ერთად ჩახჩახებენ ცის თავანზე, მაგრამ, აი, მიწას დაენარცხნენ, "და დაბნელდა მათი უგონო გული".
ბევრი რამ, რასაც ისინი გვაუწყებენ ქმნილებაზე, მართალია, მაგრამ ღვთისმოსავთა მოწიწებით როდი დაეძებენ ჭეშმარიტებას, ანუ სამყაროს შემოქმედს, და ამიტომაც ვერ პოულობენ, თუმცა კიდევაც რომ იპოვონ, "არ ადიდებენ, როგორც ღმერთს, და მადლს არ სწირავენ, არამედ ამაოების მსახურნი ხდებიან და ბრძენკაცებად მოაქვთ თავი"; თვითონვე მიიწერენ იმას, რაც შენ გეკუთვნის, და, პირიქით, თვალდავსილნი და გაუკუღმართებულნი შენ მოგაწერენ თავიანთ კუთვნილს; ასე რომ, შენზე გადმოაქვთ თავიანთი სიცრუე, შენზე, რომელიც ხარ ჭეშმარიტება; "უხრწნელი ღმერთის დიდებას ხრწნადი კაცის, ფრინველთა, ოთხფეხა თუ ქვეწარმავალთა ხატებაზე ცვლიან, ღვთის ჭეშმარიტებას კი - სიცრუეზე, და მსახურებენ შექმნილსა და არა შემოქმედს".
და მაინც, მათ წიგნებში ბევრი ფასეული და საგულისხმო რამ ამოვიკითხე შექმნილი სამყაროს შესახებ. მათი ახსნა-განმარტების სისწორეს გამოთვლები, წელიწადის დროთა მონაცვლეობა და ვარსკვლავთა ხილული მოძრაობანი ადასტურებდნენ. მათ დებულებებს მე ვუდარებდი მანის მრავალრიცხოვან თხზულებებში გადმოცემულ მოსაზრებებს: მთელ ამ აბდაუბდაში ვერსად პოვებდით ვერც მზებუდობის, ვერც ბუნიობის, ვერც მზისა თუ მთვარის დაბნელებისა და, საერთოდ, ვერც ერთი იმ მოვლენის დამაჯერებელ ახსნას, რაც საერო სიბრძნის ქმნილებებში ამოვიკითხე. მე კი ნაბრძანები მქონდა, მერწმუნა ის, რაც სრულიად არ ემთხვეოდა და ეთანხმებოდა არც გამოთვლებსა და არც ჩემს პირად დაკვირვებებს.
"უფალო, ჭეშმარიტების ღმერთო", ნუთუ ვინც იცის ყოველივე ეს, უკვე მოსაწონია შენთვის? ვაი იმ კაცს, ვინც იცის ყველაფერი, მაგრამ არ იცის, ვინა ხარ შენ. ნეტა მას, ვინც გიცნობს, თუნდაც სხვა არაფერი იცოდეს. ხოლო სწავლულს, რომელიც გიცნობს, მეცნიერება როდი ანიჭებს მეტ ნეტარებას, რადგანაც ის მხოლოდ შენი მეშვეობითაა ნეტარი, თუკი შენი შემცნობი გადიდებს, როგორც ღმერთს, მადლს შემოგწირავს და ამაოების მსახური არ გახდება თავისი ფუჭი აზრებით.
რადგანაც უმჯობესია ხე მედგას და იმ სარგებლობისათვის, რაც მას შეუძლია მომიტანოს, მადლს გწირავდე შენ, თუნდაც არ ვიცოდე, რამდენ წყრთას შეადგენს მისი სიმაღლე, ან რამდენ წყრთაზე იშლება მისი ტოტები, ვიდრე ვიცოდე, რანაირად გავზომო მისი სიმაღლე და სათითაოდ დავთვალო მისი ტოტები, მაგრამ თვით ხე კი ჩემი არ იყოს, არ ვიცოდე და არც მიყვარდეს მისი შემოქმედი. ასე, შენს ერთგულს ეკუთვნის სამყაროს მთელი სიმდიდრე, და თითქოს არას მქონები "ყოველის მფლობელი" ხდება, თუკი შენ მოგანდობს თავს, შენ, ვისაც გმორჩილებს ყოველი. რა ვუყოთ, თუ არ იცის, რანაირად ბრუნავს დიდი დათვის თანავარსკვლავედი? განა სიშლეგე არ იქნება ვიფიქროთ, რომ მასზე უფრო ბედნიერია ის, ვინც ზომავს ცის უსასრულო სივრცეს, სათითაოდ ითვლის ვარსკვლავებს და წონის მთელ ნივთიერებას, მაგრამ უგულებელგყოფს შენ, "რომელმაც ზომით, თვლითა და წონით განაწესე ყოველი".
მაგრამ ვინ დაავალა ვიღაც მანის იმ საკითხთა კვლევა, რომელიც არას არგია ღვთისმოსაობის მეცნიერებას? აკი, შენ უთხარი კაცს: "აჰა, ღვთისმოსაობაა სიბრძნე". მანის შეეძლო არ სცოდნოდა ეს ჭეშმარიტი სიბრძნე, თვით იმ შემთხვევაშიც კი, სრულყოფილადაც რომ დაუფლებოდა მეცნიერებას. მაგრამ მას წარმოდგენაც არა ჰქონდა მეცნიერებაზე, თუმცა ურცხვად კი მსჯელობდა მისი სახელით. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტ სიბრძნეს, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. საერო მეცნიერებათა ქადაგება ფუჭი საქმეა, თვით მაშინაც კი, როცა საფუძვლიანად იცნობენ მათ; ხოლო შენი აღმსარებლობა ღვთისმოსაობად შეირაცხება. მაგრამ სწორედ ამ გზას ასცდა მანი, ამდენს რომ ლაყბობდა სამეცნიერო საკითხებზე და მხილებულ იქნა ჭეშმარიტ მცოდნეთა მიერ. აქედან აშკარაა, რა ფასი უნდა ჰქონოდა მის აზრს იმ საგანზე მსჯელობისას, რაზედაც ხელი არ მიუწვდებოდა. მაგრამ იმხელა წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე, რომ ცდილობდა ხალხი დაერწმუნებინა იმაში, თითქოს სულიწმიდა, უფლის ერთგულთა მფარველი და მწყალობელი, მთელი თავისი ძალმოსილებით სწორედ მასში იყო დამკვიდრებული. ამხილებდნენ მის უმეცრებას იმ საკითხებში, ცისა და ვარსკვლავების მოძრაობას, მზისა და მთვარის მიმოქცევას რომ შეეხება და თითქოს კავშირი არა აქვს რელიგიურ მოძღვრებასთან, მაგრამ მისი მცდელობის ღვთისმგმობლური ხასიათი აქაც აშკარა იყო, რადგანაც თავისი ფუჭი და შლეგური ქედმაღლობით აღძრული არა მარტო თავხედურად მსჯელობდა იმაზე, რაზედაც წარმოდგენაც არა ჰქონდა, არამედ იმასაც ცდილობდა, რომ საკუთარი პიროვნების ყბადაღებული ღვთაებრიობის ავტორიტეტით განემტკიცებინა თავისი მკრეხელური აზრები.
როდესაც მესმის, რომ ჩემი ერთ-ერთი ქრისტიან ძმათაგანი, რომელსაც მეცნიერებისა არა გაეგება რა, უთავბოლოდ მსჯელობს ამ საკითხებზე, - მოთმინებით ვიტან მის უაზრო ლაქლაქს, რადგანაც ვხედავ, რომ ამას არ შეუძლია რაიმე ავნოს; მხოლოდ შენ, არ მოგიხსენიოს უდიერად, უფალო ჩემო, "ყოველის შემოქმედო", და რა ვუყოთ, თუ წარმოდგენაც არა აქვს შექმნილ საგანთა ბუნებაზე. ვნება და ზიანი მაშინ იკითხეთ, თუკი გადაწყვეტს, რომ ამ საკითხებს რამე კავშირი აქვთ საღვთისმოსაო მოძღვრებასთან, და კადნიერად დაიწყებს იმის მტკიცებას, რისიც არა გაეგება რა. თუმცა თვით ამნაირ უმწეობასაც კი გულმოწყალება დედაშვილური სიყვარულით მიუტევებს იმათ, ვინც ჯერ კიდევ ჩვილია რწმენით, ვიდრე ახალი კაცი არ იქცევა "სრულყოფილ კაცად", რომელსაც "ვერ შეარყევს ყოველგვარი მოძღვრების ქარი".
მაგრამ ვის არ შეზარავს და თავს არ შეაზიზღებს იმისი სიშლეგე, ვინც ამდენჯერ ამხელს სიცრუეში, და მაინც გაბედა წარმდგარიყო თავისი მსმენელების წინაშე როგორც მოძღვარი, როგორც ფუძემდებელი, წინამძღოლი და თავკაცი, რათა მის მიმდევრებს ჰგონებოდათ, რომ უბრალო მოკვდავს კი არ მიჰყვებოდნენ კვალდაკვალ, არამედ თვით შენს წმინდა სულს?
ჩემთვის პირადად არცთუ მთლად ნათელი იყო, შეიძლებოდა თუ არა მანის მოძღვრების თანახმად აგვეხსნა დღეებისა და ღამეების სიგრძე თუ სიმოკლე, თვით დღე-ღამის მონაცვლეობა, მზისა თუ მთვარის დაბნელება და სხვა მისთანანი, რაზედაც გარკვეული წარმოდგენა მქონდა სულ სხვა წიგნების წყალობით. ამნაირი ახსნა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ჩემთვის სრულიად გაურკვეველი დარჩებოდა საგანთა ჭეშმარიტი ბუნება; მაგრამ ჩემს რწმენას საფუძვლად ედო მანის ავტორიტეტი, რადგანაც ჯერ კიდევ არ მეპარებოდა ეჭვი მის სიწმინდეში.
თითქმის მთელი ცხრა წელიწადი, ვიდრე ჩემი მოხეტიალე სული ხარბად ეწაფებოდა მანიქეველთა "სიბრძნეს", მოუთმენლად მოველოდი ზემოხსენებული ფაუსტუსის ჩამოსვლას. მანის დანარჩენი მიმდევრები, ვისაც კი შევხვედრივარ და ჩემთვის თავსამტვრევ საკითხებზე მისაუბრია, ვერაფერს მეუბნებოდნენ პასუხად, მაგრამ მაიმედებდნენ, მალე ჩამოვა ფაუსტუსი, შეხვდი, გაესაუბრე და სულ ადვილად და გასაგებად აგიხსნის არა მარტო მაგ თავსამტვრევ საკითხებს, არამედ, თუ ჰკითხავ, გაცილებით უფრო რთული პრობლემების გადაჭრაშიც დაგეხმარებაო.
ბოლოს, ფაუსტუსიც ჩამოვიდა! მისი სახით მე გავიცანი მართლაც მომხიბლავი და საამოდ მოუბარი კაცი, სხვებზე გაცილებით უკეთ რომ მსჯელობდა ყოველივე იმის შესახებ, რაც არაერთხელ მსმენია მანიქეველებისაგან. მაგრამ რა სასმელი შემომთავაზა მწყურვალს თავისი ძვირფასი თასით ამ მომხიბლავმა მწდემ? ამნაირი სიტყვებით უკვე ყურები მქონდა გამოჭედილი: ისინი სულაც არ მეჩვენებოდნენ უკეთესნი იმის გამო, რომ უკეთ წარმოსთქვამდნენ; არც ჭეშმარიტნი, რადგანაც მჭევრმეტყველების ნიმუშებს უფრო ჰგავდნენ; სული არ ჩანდა ბრძენი, ვინაიდან თვით მჭევრმეტყველის სახე მრავლისმეტყველი იყო, გამოთქმები კი - საგულდაგულოდ შერჩეული. მანიქეველები, რომლებიც ფაუსტუსს მიქებდნენ, ცუდი მსაჯულები გამოდგნენ. მათ ის ბრძენი ეჩვენებოდათ მხოლოდ იმიტომ, რომ მონუსხულნი იყვნენ მისი სიტყვებით.
მე ვიცნობდი სხვა ჯურის ხალხსაც, რომელსაც თვით ჭეშმარიტებაც კი საეჭვოდ მიაჩნია, თუ ის მაღალფარდოვანი და ზიზილ-პიპილებით შემკული სიტყვითაა გადმოცემული. ხოლო მე შენ დამმოძღვრე, ღმერთო ჩემო, იდუმალი და გონებამიუწვდომელი გზით; დიახ, მე მჯერა, რომ შენ დამმოძღვრე, რადგანაც ესაა ჭეშმარიტება, ხოლო შენ გარდა არ არსებობს ჭეშმარიტების სხვა მოძღვარი, სადაც უნდა მოგვევლინოს, ან საიდანაც უნდა მოგვევლინოს იგი. შენგან ვისწავლე, რომ მჭევრმეტყველური სიტყვა არ შეიძლება ჭეშმარიტი იყოს მხოლოდ იმის მიხედვით, რომ მჭევრმეტყველურია, უთავბოლო სიტყვა კი - ყალბი, მხოლოდ იმიტომ, რომ უთავბოლოდ ითხზვის როყიოდ წამოროშილი და ულაზათო ბგერებით; და პირიქით: ულაზათო სიტყვა თავისი ულაზათობის გამო როდი იქნება ჭეშმარიტი, ბრწყინვალე სიტყვა კი - ყალბი, მხოლოდ იმიტომ, რომ ბრწყინვალეა. სიბრძნე და სიბრიყვე თითქოს საზრდოა, სასარგებლო ან მავნე; დახვეწილი და ტლანქი სიტყვები კი - ქალაქური თუ სოფლური ჭურჭელი, რომლითაც ამა თუ იმ კერძს გვთავაზობენ.
მე ისე ხარბად და იმდენ ხანს ველოდი ფაუსტუსს, რომ ახლა ეს ჩემი სიხარბე თითქოს ცხრებოდა მისი მსჯელობის უჩვეულო ცხოველმყოფელობითა და უზადო სიტყვიერი გარსით, რომელშიაც ის გასაოცარი სიმსუბუქით აქცევდა თავის აზრებს. სხვებთან ერთად ვტკბებოდი მისი ხელოვნებით და სხვებზე მეტად ვაქებდი და ვადიდებდი მას, მაგრამ მწყინდა, რომ მსმენელთა ბრბოში გარეულს არ შემეძლო შეკითხვები მიმეცა ყოველივე იმის შესახებ, რაც ასე ძლიერ მტანჯავდა, ან გულითად საუბარში ჩემი აზრები გამეზიარებინა მისთვის. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ამის შესაძლებლობაც მომეცა და ჩემს მეგობრებთან ერთად დავიმარტოხელე იგი, როცა აზრების ამნაირი გაზიარება სავსებით დროული ჩანდა, და ჩემთვის მტანჯველი ზოგიერთი საკითხი შევთავაზე განსახილველად. მაგრამ სულ მალე დავრწმუნდი, რომ ამ კაცს წარმოდგენაც არ ჰქონდა თავისუფალ მეცნიერებაზე, გრამატიკის გარდა, თუმცა მისი ცოდნა აქაც ზერელე და ზედაპირული იყო. მას წაკითხული ჰქონდა მხოლოდ ციცერონის რამდენიმე სიტყვა, სენეკას ორიოდე ტრაქტატი, ძველი პოეტების ცალკეული ლექსები და იმ მანიქეველთა თხზულებები, რომლებიც ასე თუ ისე ასატანად და თანაც ლათინურად წერდნენ; ამას დაუმატეთ ყოველდღიურ ლაყბობაში გაწაფული ენა, და ეს იქნება ყველაფერი, რასაც ეფუძნებოდა ფაუსტუსის მჭევრმეტყველება, რომელიც მისი მახვილგონიერებისა და ბუნებრივი ხიბლის წყალობით კიდევ უფრო სასიამოვნო, შემპარავი და მაცდური ხდებოდა.
ზუსტია თუ არა ეს მოგონებები, უფალო ღმერთო ჩემო, ჩემი სინდისის მსაჯულო? შენ წინაშეა გადაშლილი ჩემი გულიცა და მეხსიერებაც. შენ უკვე შემიყვანე შენი განგების იდუმალებით მოცულ სიღრმეში და თვალნათლივ მიჩვენე ჩემი სამარცხვინო ცდომილება, რათა მეხილა და სამუდამოდ შემზიზღებოდა იგი.
მას შემდეგ, რაც ჩემთვის ცხადი შეიქნა, რომ ფაუსტუსს წარმოდგენაც არ ჰქონდა იმ მეცნიერებებზე, რომელთა დიდი მცოდნეც მეგონა, სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, რადგანაც მივხვდი, რომ მისგან ვეღარ ვეღირსებოდი ჩემთვის ესოდენ საინტერესო საკითხთა ახსნა-განმარტებას. მართალია, მათი არა გაეგებოდა რა, მაგრამ მაინც შეეძლო, ჭეშმარიტი რწმენა ჰქონოდა, მანიქეველი რომ არ ყოფილიყო. მანიქეველთა წიგნები ხომ დაუსრულებელი არაკებითაა სავსე, სადაც ერთთავად ცაზე, ვარსკვლავებზე, მზესა და მთვარეზე ლაყბობენ. მე უკვე აღარა მქონდა იმის იმედი, რომ ფაუსტუსი დამაკმაყოფილებლად ამიხსნიდა იმას, რაც ასე ძალიან მსურდა: ერთმანეთისათვის შეედარებია ჩემ მიერ სხვა წიგნებში ამოკითხული გამოთვლები და მანიქეველთა მონაცემები, ხოლო შემდეგ ეჩვენებინა, რამდენად შეესაბამებოდნენ ისინი ერთიმეორეს, ან რომელი იყო უფრო ზუსტი.
როდესაც ეს საკითხები შევთავაზე განსახილველად, მოკრძალებით აღიარა, ესოდენ მძიმე ტვირთს ვერ შევეჭიდებიო, და ჭკვიანურადაც მოიქცა. იცოდა, რისი შემძლეც იყო, და არ რცხვენოდა ამის აღიარება. იმ აუტანელ მოლაყბეებს როდი ჰგავდა, ყველაფერს რომ მიხსნიდნენ, მაგრამ ვერაფერს მაგებინებდნენ. ფაუსტუსს შენ მიმართ "არ ჰქონდა წრფელი გული", უფალო, თორემ საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის დიდ სიფრთხილესა და წინდახედულებას იჩენდა. ვერ ვიტყვით, თითქოს არ იცოდა, რომ არაფრის მცოდნე არ იყო. ამიტომაც თავს არიდებდა მისთვის უცნობ საკითხზე კამათს, რათა გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო. ამით უფრო მეტად მომაწონა თავი. თავმდაბლობა, რომელიც თავის სისუსტეს აღიარებს, გაცილებით უფრო მომხიბლავია, ვიდრე ცოდნა, რომლის შეძენასაც მე ვაპირებდი. ხოლო ფაუსტუსი ყველა რთული და ჩახლართული საკითხის გადაწყვეტისას - მე თვითონ ვარ ამისი მოწმე, - უჩვეულო თავმდაბლობას იჩენდა.
გულმოდგინება, რომლითაც ვეწაფებოდი მანის თხზულებებს, თანდათანობით გამინელდა. სასომიხდილმა მანიქეველთა სხვა მოძღვრებებზეც ავიყარე გული, რაკიღა მათ შორის ყველაზე სახელგანთქმულმაც კი ვერ შეძლო განემარტა იმ კითხვების უმრავლესობა, რომლებიც ასე მტანჯავდნენ და მაწამებდნენ. მაგრამ კვლავინდებურად განვაგრძობდი მასთან ურთიერთობას, რადგანაც ფაუსტუსი გატაცებული იყო მწერლობით, ხოლო მე - იმხანად კართაგენელი რიტორი - სწორედ მწერლობას ვასწავლიდი ჩემს შეგირდებს. ჩვენ ერთად ვკითხულობდით იმ მწერლებს, რომელთა სახელიც ყურმოკვრით სმენოდა და ამიტომ ძალიან უნდოდა მათი გაცნობა, აგრეთვე იმ ავტორებს, რომლებიც მისი სულიერი წყობისათვის ყველაზე შესაფერისად მიმაჩნდა. ამ კაცის გაცნობამ ფრთები შეკვეცა ჩემს მისწრაფებას - რამენაირად დავწინაურებულიყავი მანიქეველთა სექტაში. მართალია, საბოლოოდ არ გავმდგარვარ მათგან, მაგრამ ისე კი მეჭირა თავი, როგორც კაცს, რომელმაც დღემდე ვერაფერს მიაკვლია იმ მოძღვრებაზე უკეთესს, რასაც უწინ ესოდენ ბრმად იზიარებდა, და ამიტომაც იძულებულია ჯერხნობით ამით დაკმაყოფილდეს, იმის მოლოდინში, რომ შემთხვევით მაინც გამოკრთება რაღაც უფრო ნათელი და არსებითი, რათა მასზე შეაჩეროს თავისი არჩევანი.
ამრიგად, ფაუსტუსმა, რომელიც მრავალთათვის "სიკვდილის მახედ" იქცა, თავისდა უნებურად დაიწყო იმ მახის გახსნა, რომელშიაც მე ვიყავი გაბმული. ეს იმიტომ, რომ შენს მოწყალე ხელს, უფალო, შენივე განგების გონებამიუწვდომელი იდუმალებით, არ მიუტოვებია ჩემი სული. საბრალო დედაჩემი, ვის ტანჯულ გულსაც დღედაღამ შეუწყვეტლივ სდიოდა სისხლი, ცრემლებს გწირავდა მსხვერპლად ჩემ გამო, და შენ სასწაულებრივად დამიფარე, უფალო ჩემო; დიახ, დამიფარე, რადგანაც "უფლის მიერ წარიმართება კაცის ნაბიჯი, და ის უჩვენებს გზას". ვინ გვიხსნის, თუ არა შენი ხელი, რომელიც განაახლებს შენსავ ქმნილებას?
რიტორიკის მასწავლებლად რომში
ფაუსტუსთან საუბრის შემდეგ ავგუსტინე, დედის ნების საწინააღმდეგოდ, რომში გაემგზავრა და რიტორიკის მასწავლებლობა დაიწყო. მალე მძიმედ დაავადდა, მაგრამ ამჯერად ნათლისღება აღარ უთხოვია, პირიქით, რწმენადაკარგული დასცინოდა წმინდა საიდუმლოს; ამ განსაცდელის დროსაც დედა არ კარგავდა უფლის მოწყალების იმედს, კვლავ შვილისთვის ლოცულობდა. დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ ჭორიკანების მითქმა-მოთქმა თუ დედაბრების ჩიფჩიფი მოესმინა, არამედ იმ მიზნით, რომ უზენაესისთვის მიეწვდინა ხმა თავისი ლოცვა-ვედრებით... უფალს ესმოდა ნეტარი ავგუსტინეს დედის ხმა და ყველაფერი ისე წარმართა, როგორც წინასწარგანჩინებით გადაეწყვიტა. მოწყალე ღმერთმა არ მიატოვა იგი და თავისთან დასაახლოებლად მისთვის გამოუცნობი გზებით ატარა.
ნეტარი ავგუსტინე მჭევრმეტყველების მასწავლებლად მილანში
მალე მილანში დასჭირდათ მჭევრმეტყველების მასწავლებელი და თხოვნით მიმართეს პრეფექტ სიმაქეს, რომელმაც ეს თანამდებობა ავგუსტინეს უბოძა.
მილანში ავგუსტინე გულღიად მიიღო ეპისკოპოსმა ამბროსი მედიოლანელმა, რომლის ქადაგებებს შემდგომში ხშირად უსმენდა ხოლმე და ატყვევებდა მისი ენამზეობა; მიუხედავად ამისა, ქრისტეს ეკლესიაში ჭეშმარიტების პოვნის იმედი მაინც არ ჰქონდა - იგი სულიერად იტანჯებოდა: მანიქეველების ახლოს გაცნობამ დაარწმუნა მათი სწავლების სიცრუეში, ფუჭმა გართობებმა სულში დამთრგუნველი იმედგაცრუების კვალი დაუტოვა, მაგრამ ცოდვილ ცხოვრებას შეჩვეული გამოსავალს ვერ პოულობდა.
ამბროსის ღვთივსულიერმა ქადაგებებმა თანდათანობით მაინც შეაღწია მის სულში და რამდენიმე ხნის შემდეგ გადაწყვიტა, შეერთებოდა კათაკმეველთა რიგებს. დედამ, რომელმაც შვილთან განშორება ვერ აიტანა და მილანში ჩავიდა, გაიხარა, როდესაც შეიტყო, რომ ავგუსტინემ შეიგნო თავისი შეცდომები. მონიკას ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ის ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდებოდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა მისთვის. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ამბროსიმ შეუდრეკელი სიმტკიცე გამოიჩინა არიანელებთან ბრძოლაში. მონიკამ გაიცნო ეს წმინდა ეპისკოპოსი, მოუსმინა მის შეგონებებსა და რჩევებს. ამბროსიც ხშირად ეუბნებოდა ავგუსტინეს, რომ მას ბედნიერება ხვდა წილად, ჰყოლოდა ასეთი დედა.
ავგუსტინეს მოწაფე და მეგობარი ალიპიუსი და ნებრიდიუსი
ჩემი თანამოქალაქე ალიპიუსი, დიდგვაროვანი მშობლების შვილი, ჩემზე უმცროსი იყო. ჯერ კიდევ მაშინ დამემოწაფა, როცა ჩვენს ქალაქში პირველად დავიწყე მასწავლებლობა, შემდეგ კი კართაგენშიც ჩამომყვა. ძალიან ვუყვარდი, რადგანაც კეთილი და ღრმად განსწავლული კაცი ვეგონე. მეც მიყვარდა, სიქველისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების გამო, რაც სიყმაწვილიდანვე თვალნათლივ ვლინდებოდა მასში. მაგრამ კართაგენული უზნეობის ორომტრიალმა და უაზრო სანახაობებით საყოველთაო გატაცებამ, თავის მორევში ჩაითრია და საცირკო წარმოდგენების ტრფიალად აქცია იგი. ის რომ რეტდასხმულივით ტრიალებდა ამ შმაგ მორევში, მე იმხანად რიტორიკას ვსწავლობდი საქალაქო სასწავლებელში, მაგრამ ალიპიუსი ერთხანს თავს არიდებდა ჩემს გაკვეთილებს, მამამისსა და ჩემ შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების გამო. როცა შევიტყვე, რომ საცირკო სანახაობების საბედისწერო ტრფიალს შეეპყრო, ძალზე შევწუხდი: რამხელა იმედებს ვამყარებდი მასზე, ის კი თავს იღუპავდა, თუ უკვე არ დაეღუპა. მაგრამ არავითარი საშუალება არა მქონდა თვალი ამეხილა თვალდავსილისთვის და კვლავ სწორ გზაზე დამეყენებინა: ვერც მეგობრულ კეთილმოსრუნეობას მოვიშველიებდი და ვერც მასწავლებლის უფლებას, რადგან მეგონა, რომ ჩემს მიმართ ისიც მამამისივით იყო განწყობილი. თურმე ვცდებოდი. სულ მალე მივხვდი, რომ ანგარიშს არ უწევდა მამის ნება-სურვილს: კიდევაც მესალმებოდა და გაკვეთილებზეც მესწრებოდა. უსიტყვოდ შემოვიდოდა, ყურადღებით მისმენდა, და ბოლოს, უსიტყვოდვე ტოვებდა კლასს.
დამავიწყდა, მოვლაპარაკებოდი და მერჩია, ფუჭი თავშექცევის საბედისწერო ტრფიალს ნუ უმსხვერპლებ ღვთისგან ბოძებულ ნიჭსა და უნარს-მეთქი. მაგრამ შენ, უფალო, ყოველივე იმის მესაჭევ და მესვეურო, რაც შენ თვითონვე შე¬ქმენი, არ დაგვიწყნია შენი მომავალი მსახური. მისი განკურნება უცილობლად შენ უნდა მოგეწეროს, მაგრამ ეს ჩემი მეშვეობით მოხდა, ისე, რომ არაფერი გიკითხავს ჩემთვის.
ერთხელ, როცა ჩემს ჩვეულ ადგილას ვიჯექი და წინ მოწაფეები მესხდნენ, ალიპიუსი შემოვიდა, უხმოდ მოგვესალმა, დაჯდა და ჩვენს მეცადინეობაში ჩაერთო. მოხდა ისე, რომ სწორედ ამ დროს ხელთ მქონდა ტექსტი, რომელიც ჩემი მსმენელებისათვის უნდა განმემარტა და რატომღაც მომეჩვენა, რომ ურიგო არ იქნებოდა ამ მიზნით სწორედ საცირკო სანახაობიდან აღებული მაგალითი მომეხმო; ჩემი აზრი რომ უფრო გასაგები და სისიამოვნო გამეხადა, მწარედ გავკენწლე ამ დამთხვეულობის ტრფიალნი. შენ ხომ იცი, უფალო, რომ იმ წუთას აზრადაც არ მომსვლია ამ წყეული სენისაგან განმეკურნა ალიპიუსი. მან კი რატომღაც თავის თავზე მიიღო ჩემი სიტყვები და გადაწყვიტა, რომ სწორედ მას ვგულისხმობდი. სხვა მის ადგილას გაცოფდებოდა და ჩემზე იყრიდა ჯავრს, მაგრამ ამ ღირსეულმა ჭაბუკმა საკუთარ თავზე გადაიტანა თავისი რისხვა და უფრო მეტად დამიახლოვდა.
შენ ხომ ოდესღაც თქვი და შენს წმინდა წერილშიც ჩართე ეს სიტყვები: "ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს". მე კი არც მიმხელია, მაგრამ შენ, რომელიც შენთვის ცნობილი მიზნით იყენებ ყველას (ხოლო ეს მიზანი ყოველთვის სამართლიანია), მიუხედავად იმისა, იციან თუ არა ეს, - ჩემი სიტყვები და აზრები მღვივან ნაკვერცხლებად აქციე, რათა ყოველგვარი ხრწნილება ამოეშანთათ სულში, რომელიც ესოდენ დიდ იმედებს იძლეოდა, და ამრიგად განეკურნათ იგი. დაე, ნუ გაქებს და გადიდებს, ვინც ვერ ხედავს შენს გულმოწყალებას, რომელსაც ვაღიარებ და აღსარებას ვეუბნები გულის სიღრმეში.
მას შემდეგ, რაც ჩემი სიტყვები მოისმინა, ალიპიუსმა თავი დააღწია იმ ღრმა ხაროს, რომელშიაც თავისი ნებით ჩაძვრა და ტკბებოდა კიდეც თავისი გამაოგნებელი სიბრმავით. ვაჟკაცური სიმტკიცით შეარყია თავისი სული და ცირკის მთელი ჭუჭყი და სიბინძურე ჩამოიბერტყა. ეს იყო და ეს, ცირკში ფეხი აღარ დაუდგამს. მერე მამამისის წინააღმდეგობაც დასძლია, რომელსაც არ უნდოდა, რომ მე ვყოფილიყავი მისი შვილის მასწავლებელი. მამამ უკან დაიხია და ძის ნებას დაჰყვა. ხელახლა რომ დამემოწაფა, ალიპიუსი ჩემთან ერთად გაება მანიქეველთა ცრურწმენის მახეში: მოსწონდა მათი მოჩვენებითი თავდაჭერილობა, რომელიც ნამდვილი და ჭეშმარიტი ეგონა. ის კი მზაკვრული და რჩეულ სულთა მაცდური იყო, რომელნიც ჯერ კიდევ არ ზიარებოდნენ ჭეშმარიტი სიქველის მწვერვალს და ამიტომაც ადვილად ტყუვდებოდნენ თვალთმაქცური სიქველის ყალბი ციმციმით.
ალიპიუსს, რა თქმა უნდა, არ მიუტოვებია მიწიერი გზა, რომელზედაც ამდენს ეჩიჩინებოდნენ მშობლები; ამიტომაც ჩემზე უმალ ჩავიდა რომს სამართლის შესასწავლად; და იქ გამაოგნებელი სიმძაფრით დარია ხელი შმაგმა სურვილმა - გამუდმებით ეცქირა გლადიატორთა ბრძოლებისათვის.
თუმცა თავდაპირველად ჭირის დღესავით სძულდა და ეზიზღებოდა ეს საზარელი სანახაობა. მაგრამ ერთხელ ქუჩაში თავის მეგობრებსა და თანაკლასელებს შეხვდა, სადილობიდან რომ ბრუნდებოდნენ; მეგობრებმა, მისი ცივი უარისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ძალისძალად შეათრიეს ამფითეატრში, სადაც სწორედ იმ დღეებში ეს სასტიკი და სისხლიანი სანახაობანი იმართებოდა. "თქვენ შეგიძლიათ წაათრიოთ ჩემი სხეული და ამფითეატრში წამოჭიმოთ, - ეუბნებოდა იგი მათ, - მაგრამ ნუთუ გგონიათ, რომ ჩემს სულსა და თვალებსაც აიძულებთ ამ სისხლიან სპექტაკლს უყურონ? მე იქ ვიქნები და არც ვიქნები, ასე რომ, გამარჯვებას ვიზეიმებ მასზედაც და თქვენზედაც". არაფერმა არ გაჭრა, მეგობრებმა მაინც თავისი გაიტანეს; იქნებ მისი გამოცდა სურდათ: ვნახოთ, შესძლებს თუ არა შეასრულოს თავისი სიტყვაო.
ამფითეატრში შესულებმა რის ვაივაგლახით მოძებნეს ადგილები. ბრბო უკვე მთვრალი იყო მძვინვარე ტკბობის მოლოდინით. ალიპიუსმა თვალები დახუჭა და სულს აუკრძალა ბოროტების ამ უფსკრულში დანთქმა. ოჰ, ნეტა ყურებიც დაეცო! ბრძოლის რაღაც მომენტში გაშმაგებულმა ბრბომ ისე საზარლად იღუმვლა, რომ ალიპიუსს ელდა ეცა, ცნობისმოყვარეობამ სძლია და თვალები გაახილა, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა გულთან ახლოს არ მიეტანა არანაირი სანახაობა. მაგრამ თვალის გახელაც იყო და მისი სული უფრო საშინელმა წყლულებამ მოსწყლა, ვიდრე იმ გლადიატორის სხეული, რომელსაც ხარბად ეძებდა მზერით. უბედური უფრო მძიმედ დაეცა, ვიდრე ის, ვისმა დაცემამაც ესოდენ საზარელი ღრიალი აღმოატევებინა ბრბოს, ღრიალი, რომელმაც ლამის დააყრუა და თვალები გაახელინა. ასე დაემხო ეს სული, უფრო თავხედი, ვიდრე ძლიერი, და მით უფრო უმწეო, რომ თავისი თავის იმედად იყო იქ, სადაც მხოლოდ შენი იმედი უნდა ჰქონოდა. როგორც კი სისხლი დაინახა, იმ წამსვე შეისრუტა ბრბოს მთელი მძვინვარება, და ნაცვლად იმისა, რომ პირი ებრუნა, თვალი ვეღარ მოსწყვიტა ამ საზარელ სანახაობას. ის ბობოქრობდა ისე, რომ თვითონაც ვერ ამჩნევდა ამას, ტკბებოდა ამ დანაშაულებრივი ბრძოლით და თვრებოდა სისხლიანი ექსტაზით. ალიპიუსი უკვე აღარ იყო ის კაცი, რომელიც თავისდა უნებურად მოვიდა აქ, არამედ - ბრბოს ღვიძლი შვილი, ბრბოისა, რომელსაც შეუერთდა, და იმათი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი, ვინც ძალით მოიყვანა. მეტი რაღა ვთქვა? უყურებდა, ყვიროდა, ღრიალებდა, ბორგავდა, ბობოქრობდა და თან წაიტანა შლეგური სურვილი, უკანვე რომ ექაჩებოდა. ახლა ის ძალით კი არ მოჰყავდათ სხვებს, პირიქით, თვითონ მოათრევდა მათ.
მაგრამ შენმა მძლეთა-მძლე და მოწყალე ხელმა ამ უფსკრულიდანაც ამოიყვანა იგი; შენვე ასწავლე, რომ თავისი თავის იმედი კი არ უნდა ჰქონოდა, არამედ მხოლოდ შენი; მაგრამ ეს გაცილებით უფრო გვიან მოხდა...
ამრიგად, ის რომში დამხვდა, სადაც ისე დამიახლოვდა, რომ მედიოლანშიც წამომყვა, რათა არ გამშორებოდა და პრაქტიკულადაც გამოეყენებინა მის მიერ შეძენილი იურიდიული ცოდნა, თუმცა სამართლის შესწავლა იმდენად თვითონ როდი უნდოდა, რამდენადაც მის მშობლებს. უკვე სამჯერ იყო არჩეული მსაჯულად და ყველას აცვიფრებდა თავისი უანგარობით. მისი ხასიათის სიმტკიცე არაერთხელ დაუყენებია გამოცდის წინაშე არა მარტო სიხარბის საცთურს, არამედ შიშის ნესტარსაც.
რომში თანაშემწე გახლდათ მსაჯულისა, იტალიის ფინანსებს რომ განაგებდა. იმ დროს იქ იყო ერთი დიდად გავლენიანი სენატორი; ბევრი დაემონებინა თავისი მოწყალებით, ბევრი კი შიშით დაეთრგუნა. ერთ მშვენიერ დღეს მან მოისურვა თავისი გავლენით ესარგებლა და რაღაც ისეთი მოემოქმედა, რასაც კანონი კრძალავდა. ალიპიუსი გადაჭრით აღუდგა წინ. ჯილდოს შეჰპირდნენ, - სასაცილოდაც არ ეყო; დაემუქრნენ, - წარბიც არ შეიხარა. ყველას უკვირდა სულის ეს უჩვეულო სიმტკიცე, გადაჭრით რომ უარყოფდა იმ ყოვლისმძლე კაცის მფარველობას, რომელსაც უთვალავი საშუალება ჰქონდა საიმისოდ, რომ წყალობით აევსო მორჩილნი და კისერი მოეგრიხა ურჩთათვის, - და არც მის მტრობას უფრთხოდა. მართალია, ამ საქმის წინააღმდეგი გახლდათ თვითონ მსაჯულიც, ვისი მრჩეველიც იყო ალიპიუსი, მაგრამ ვერ ბედავდა უარი ეთქვა სენატორისთვის და ყველაფერს ალიპიუსს აბრალებდა: თანხმობის ნებას არ მრთავსო. და მართლაც, რომ დათანხმებოდა, ალიპიუსი მაშინვე თავს დაანებებდა სამსახურს.
მხოლოდ ერთხელ მეცნიერების სიყვარულმა კინაღამ აცთუნა იგი: შეეძლო სახელმწიფოს ხარჯზე შეეძინა ხელნაწერები; მაგრამ გულდასმით რომ აწონ-დაწონა ყველაფერი, თავისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო, რაკიღა მიიჩნია, რომ უმჯობესი იყო სამართლიანობა, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას უკრძალავდა, ვიდრე ძალაუფლება, რომელიც ნებას რთავდა ბოროტად ესარგებლა იმავე თანამდებობით. თითქოს წვრილმანია, მაგრამ "მცირედში სანდო დიდშიც სანდოა". არ შეიძლება ფუჭი იყოს შენში ჭეშმარიტების სიტყვები: "თუ ცრუ და უსარგებლო სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ? და თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ თქვენ?"
ასეთი იყო ჩემი განუყრელი მეგობარი; ერთ ტაფაში ვიწვოდით, ერთნაირად დაეჭვებულნი, და ერთადვე ვიმტვრევდით თავს, რა გზა აგვერჩია ამ ცხოვრებაში.
რაც შეეხება ნებრიდიუსს, მან მიატოვა მამული, კართაგენის მახლობლად რომ მდებარეობდა, მიატოვა თვით კართაგენიც, სადაც უმეტესწილად ცხოვრობდა, მიატოვა მშობლიური მამაპაპეული სოფელიც, სახლიც და დედაც, რომელიც თან არ გამოჰყოლია, და მედიოლანუმში ჩამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ გვერდიდან არ მომშორებოდა, ჭეშმარიტებისა და სიბრძნის წვდომის დაუოკებელი სურვილით გულანთებული. ბედნიერების ეს გულმხურვალე მაძიებელი და ურთულეს პრობლემათა უგამჭრიახესი მკვლევარი აქ ჩემთან ერთად ოხრავდა, ჩემთან ერთად ბორგავდა და წრიალებდა. ერთად ვიყავით სამი მშიერი, ჭეშმარიტი არსობის პურს დანატრებულნი და იმის მოსურნენი, რომ "დროულად მოგეცა საზრდო". მწარე იმედგაცრუებისას, რაც, შენი გულმოწყალებით, განუყრელად თან ახლდა ყველა ჩვენს საერო საქმეს, გაწამებულნი ვეკითხებოდით ერთმანეთს, რა აზრი ჰქონდა ჩვენს ტანჯვას, მაგრამ გარსშემოწოლილ წყვდიადში ვერავითარ პასუხს ვერ ვპოულობდით. სასოწარკვეთილნი უკუვიქცეოდით და მწარედ ვგმინავდით: "როდემ¬დის, უფალო, როდემდის?!" ხშირ-ხშირად ვიმეორებდით ამას და მაინც ძველებურად ვცხოვრობდით, რადგანაც ვერაფერს ვხედავდით სანდოსა და საიმედოს, რასაც შეიძლე¬ბოდა თავის გადასარჩენად ჩავჭიდებოდით".
* * *
ავგუსტინეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პავლე მოციქულის ეპისტოლეებმა. მან წმინდა წერილის შესწავლას მიჰყო ხელი ბერ სიმპლიციანეს ხელმძღვანელობით, რომე¬ლიც ამბროსის დამრიგებელიც იყო; და ჭეშმარიტების სხივმა თანდათან შეაღწია ავგუსტინეს შეგნებაში და გაუფანტა გაურკვევლობის წყვდიადი. იგი წერდა:
"სიტყვები შენი, უფალო, ღრმად შემოიჭრა ჩემს გულში. თითქოს ყოველი მხრიდან მომაქციე ალყაში. უკვე აღარ მაეჭვებდა მარადიული ცხოვრების არსებობა, თუმცა მას დაბინდული მინის იქით, გუმანით ვხედავდი. უკვე ვაცნობიერებდი, რომ შენ ხარ ყოველივე არსებულის ერთადერთი წყარო. სხვა აღარაფერი მინდოდა, შენთან დამკვიდრების გარდა... მაგრამ, რაც შეეხება ქრისტიანული წესით ჩემს ცხოვრებას, კიდევ ვყოყმანობდი. ჩემი გული კიდევ არ იყო გაწმენდილი ძველი ცომისგან. მიხაროდა, რომ ვპოვე მაცხოვარი, შევიცან ჭეშმარიტი გზა, მაგრამ მაინც ვერ გადამეწყვიტა, დავდგომოდი თუ არა ამ ვიწრო ბილიკს".
სიმპლიციანეს ნაამბობი
ავგუსტინეს ერთხელ სიმპლიციანემ უამბო: იგი ახალგაზრდობაში რომში მეგობრობდა სიტყვიერების ცნობილ მასწავლებელთან, წარმართ ვიქტორინთან, რომელიც მუდამ ბეჯითად ასრულებდა ყველა წარმართულ რიტუალს. ცოდნის სიყვარულით ერთხელ წმინდა წერილის კითხვა დაიწყო, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვიქტორინი დარწმუნდა, რომ მხოლოდ იქ იყო ჭეშმარიტება და სიმპლიციანეს უთხრა:
- მე სულით ქრისტიანი ვარ!
- ამას ვერ დავიჯერებ და ვერც ქრისტიანად ჩაგთვლი, სანამ ჩვენთან ერთად არ შემოხვალ ქრისტეს ეკლესიაში, - შეეპასუხა სიმპლიციანე.
- რა საჭიროა, განა ტაძრის კედლებშია მომწყვდეული ქრისტიანობა?!
ვიქტორინი შემდგომშიც ხშირად არწმუნებდა მეგობარს, რომ ქრისტიანი იყო, მაგრამ როგორც კი ის ტაძარში წასვლას შესთავაზებდა, თავს არიდებდა. იგი უფრთხოდა თავისი კერპთაყვანისმცემელი მეგობრების საყვედურებსა და დაცინვას. მაგრამ წმინდა წერილის შესწავლასა და რწმენის გაძლიერებასთან ერთად მიხვდა: უდიდეს ცოდვას სჩადიოდა, რომ ვერ ბედავდა რწმენის აღიარებას და თვალთმაქცუ¬რად ეთაყვანებოდა კერპებს, რომლებიც შინაგანად უარყო. მან შეინანა თავისი სულმოკლეობა და ერთხელ სიმპლიციანეს მოულოდნელად უთხრა:
- წავიდეთ ტაძარში, მე გადავწყვიტე, ქრისტიანი ვიყო!..
გახარებული სიმპლიციანე მაშინვე გაჰყვა. სახელგანთქმული მასწავლებელი ჩაირიცხა კათაკმევლებს შორის და თავმდაბლად მოისმინა ნათლისღებისთვის მოსამზადებელი დარიგებანი. ქრისტიანები ხარობდნენ, წარმართებმა კი ვიქტორინი საყვედურებითა და დაცინვით აავსეს. როდესაც დადგა ჟამი, ვიქტორინის ნათლისღების წინ სარწმუნოება ეღიარებინა, პრესვიტერებმა შესთავაზეს, ეს ყველასგან ფარულად გაეკეთებინა, რადგან შიშობდნენ, მეგობრების აღშფოთებას არ დაებრკოლებინა იგი. მაგრამ ვიქტორინმა მოისურვა, სახალხოდ და ყველას გასაგონად გამოეცხადებინა თავი ქრისტეს მსახურად. მოგვიანებით, როდესაც იულიანეს ბრძანებით ქრისტიანებს აეკრძალათ სიტყვიერების სწავლება, მან მიატოვა თავისი კათედრა და უფალ იესო ქრისტეს ერთგულება არჩია.
ამ ამბის მოსმენისას ავგუსტინეს შეშურდა ვიქტორინის სიმამაცე და შეუპოვრობა, რასაც საკუთარ თავში ვერ პოულობდა. ახლახან აღმოცენებული სურვილი ღვთისადმი მსახურებისა არ იყო იმდენად ძლიერი, რომ დაემარცხებინა მის გულში ფესვგადგმული გულისთქმანი, ჩვევები და მიდრეკილებები, თუმცა ხვდებოდა, რომ მხოლოდ უფალს შეეძლო მისთვის სიმშვიდისა და სასოების მინიჭება. ესმოდა ძახილი: "განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან" (ეფეს. 5,14). ავგუსტინეს გონება კი ზანტად ეხმიანებოდა: "ახლავე, კიდევ ერთი წუთი დამაცადე". იგი აყოვნებდა ზეციური მამის ძახილზე პასუხს, მაგრამ სახიერი უფალი არ ტოვებდა და თავისკენ იზიდავდა.
ნეტარი ავგუსტინეს ფერისცვალების დასასრული
ერთხელ ავგუსტინესა და ალიპიუსთან მივიდა მათი ერთი თანამემამულე ქრისტიანი, პონტიციანე, რომელთან საუბრის შემდეგაც სულის სიღრმემდე შეძრული ავგუსტინე საბოლოოდ დაადგა უფლის გზას. თავად ავგუსტინე "აღსარებანში" დაწვრილებით მოგვითხრობს როგორც ამ საუბრის დროს, ისე შემდეგ მის სულში განვითარებული მოვლენების შესახებ:
"მე კვლავ ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემი მღელვარება კვლავაც იზრდებოდა. დღენიადაგ ვჭმუნავდი შენ გამო და შენს ეკლესიაშიც დავდიოდი, რამდენადაც ამის საშუალებას მაძლევდნენ ჩემი საქმენი, რომელთა სიმძიმითაც ქანცგაწყვეტილი ვგმინავდი. ჩემთან იყო ალიპიუსი, რომელიც უკვე აღარ ასრულებდა იურისკონსულის მოვალეობას, რასაც თავი დააღწია მას შემდეგ, რაც უკვე მესამედ იყო ასესორად (იურისკონსული, ოფიციალური პირების თანაშემწე იურიდიულ საკითხებში). მოთმინებით უცდიდა მუშტარს, ვისთვისაც შეეძლო მიეყიდა თავისი რჩევა, როგორც მე ვყიდიდი მჭევრმეტყველების ხელოვნებას (თუკი დავუშვებთ, რომ შეიძლება ვინმეს ასწავლო იგი). ნებრიდიუსიც დაჰყვა ჩვენს მეგობრულ თხოვნას და თანაშემწედ დაუდგა ჩვენს გულითად მეგობარს, მედიოლანელ ვერეკუნდუსს, რომელიც გრამატიკოსი იყო და გულით უნდოდა ერთ-ერთი ჩვენგანი აეყვანა ერთგულ თანაშემწედ, რომელიც ძალიან სჭირდებოდა და, რაკი ჩვენი მეგობარი იყო, უფლებაც ჰქონდა ჩვენთვის მოეთხოვა იგი. ნებრიდიუსი გამორჩენის სურვილმა როდი მიიყვანა მასთან (გაცილებით მეტს მიაღწევდა, დამოუკიდებლად რომ დაეწყო მასწავლებლობა): არა, ამ უსათნოესმა და უსათუთესმა მეგობარმა კეთილმოსურნეობის გამო ვალდებულად ჩათვალა თავი და არ უგულებელყო ჩვენი თხოვნა. ახალ ადგილას ძალზე კეთილგონივრულად იქცეოდა: თავს არიდებდა სახელის მოხვეჭას "ამა ქვეყნის ძლიერთა" შორის და, ამრიგად, გაურბოდა სულის ყოველგვარ მღელვარებას; ის მხოლოდ სულიერ თავისუფლებას მიელტვოდა და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი დრო გამოენახა კვლევა-ძიებისა თუ წიგნების კითხვისათვის და ბრძნული საუბრის მოსასმენად.
ერთ მშვენიერ დღეს - ახლა ვეღარ ვიხსენებ, რატომ არ იყო ნებრიდიუსი ჩვენთან, - მე და ალიპიუსს ვინმე პონტიციანუსი გვეწვია, ჩვენი თანამემამულე, რადგანაც ისიც აფრიკელი იყო, ხოლო ამჟამად დიდი გავლენით სარგებლობდა სასახლის კარზე. არ მახსოვს, რა საქმე ჰქონდა ჩვენთან. სასაუბროდ დავსხედით. შემთხვევით თვალი მოჰკრა წიგნს, რომელიც ჩვენ წინ მდგარ სათამაშო მაგიდაზე იდო; აიღო, გადაფურცლა და პავლე მოციქულის ეპისტოლენი შერჩა ხელში, თუმცა, ალბათ, ეგონა, რომ მჭევრმეტყველების სახელმძღვანელო იქნებოდა, რომელიც უკვე ყელში მქონდა ამოსული. გაიღიმა, გაოცებულმა შემომხედა და მომილოცა, რომ სხვა კი არა, სწორედ ეს წიგნი მედო მაგიდაზე. ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და მრავალგზის განრთხმულა შენ წინაშე, ღმერთო ჩვენო, როცა ხშირად დიდხანს ლოცულობდა ეკლესიაში.
როცა ვუთხარი, ამჟამად ყველაზე ხშირად საღმრთო წერილს ვკითხულობ-მეთქი, ანტონზე, ამ ეგვიპტელ ბერზე, ჩამოგვიგდო სიტყვა, ვისი სახელიც სიწმინდის შარავანდედით იყო მოსილი შენს მსახურთა თვალში, ჩვენთვის კი მხოლოდ იმ წუთას გახდა ცნობილი. ეს რომ გაიგო, პონტიციანუსმა კვლავ ანტონ ეგვიპტელზე განაგრძო საუბარი; გატაცებით გვაცნობდა ამ საოცარ კაცს, რომელიც სრულიად უცნობი იყო ჩვენთვის, და უკვირდა, რომ დღემდე არაფერი გვსმენოდა მასზე. გაოგნებული დავრჩით: თურმე ნუ იტყვით და, აგერ აქვე, თითქმის ჩვენს დროში, ეჭვშეურევლად დადასტურებულა შენი მრავალი სასწაული, უფალო, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებული კათოლიკე ეკლესიაში. ყველას გვიკვირდა: ჩვენ - სიდიადე ამ უჩვეულო ამბებისა, პონტიციანუსს კი - ის, რომ პირველად ვისმენდით ამას.
ამის შემდეგ მონასტერთა სიმრავლესა და ბერმონაზონთა ზნე-ჩვეულებებზე ჩამოაგდო სიტყვა, ზნე-ჩვეულებებზე, შენს კეთილსურნელებას რომ აფრქვევენ; ილაპარაკა განდეგილებით სავსე უდაბნოებზედაც, რომელთა შესახებაც დღემდე არაფერი ვიცოდით. თვით მედიოლანუმშიც, ქალაქის გალავანს გარეთ ყოფილა მონასტერი, სავსე კეთილ ძმათა კრებულით, რომელთაც ამბროსი მფარველობდა თურმე (ესეც პირველად გავიგეთ). პონტიციანუსი განაგრძობდა ლაპარაკს, ჩვენ კი, სმენად ქცეულნი, ვდუმდით. მერე სხვა ამბავიც მოგვიყვა: ერთხელ ტრევერიში (დღევანდელი პრუსიის ქალაქი ტრირი), ნაშუადღევს, როცა იმპერატორი საცირკო სანახაობის ყურებით იყო გართული, სამ ამხანაგთან ერთად ქალაქგარეთ მდებარე ბაღში გასულა სასეირნოდ. ისა და მისი ერთ-ერთი ამხანაგი დანარჩენ ორს დაშორებიან: ერთი ერთ მხარეს წასულა, ორიც - მეორეს. სეირნობისას ეს მეორე წყვილი ერთ ქოხს წასწყდომია, სადაც შენი მსახურნი ცხოვრობდნენ, - "გლახაკნი სულითა", რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ "ცათა სასუფეველი". იქ უნახავთ წიგნი, რომელშიაც წმინდა ანტონის ცხოვრება ყოფილა აღწერილი. ერთ მათგანს გადაუშლია წიგნი და კითხვას შესდგომია: კითხულობდა, უკვირდა და უჩვეულოდ აღგზნებულს თანდათანობით ეუფლებოდა იმის სურვილი, რომ თვითონაც ამნაირი ცხოვრებით ეცხოვრა, მიეტოვებინა საერო სამსახური და შენი მსახური გამხდარიყო, უფალო. ორივენი ხომ იმპერატორის მცველები იყვნენ. და, აი, ანაზდად, წმინდა სიყვარულით აღსავსემ, საღვთისმოსაო კრძალვით აღძრულმა და თავის თავზე განრისხებულმა მეგობარს მიაპყრო მზერა და წამოიძახა: "მითხარი, გეთაყვა, რას მოველით ჩვენი ამდენი შრომის სანაცვლოდ? ანდა რას ვეძებთ? რისთვის ვმსახურობთ? რისი იმედი უნდა გვქონდეს სასახლის კარზე? მხოლოდ იმისა, რომ "იმპერატორის მეგობრებად" ვიწოდებოდეთ? მაგრამ თვით ამ შემთხვევაშიაც კი რამდენი ხიფათი და განსაცდელი გველის! ამდენი ფათერაკი გადალახო და უფრო დიდ ფათერაკში ჩაიგდო თავი?! ან კი როდის მივაღწევთ ამნაირ მდგომარეობას? ღვთის მეგობარი კი, თუ მოვინდომებ, შემიძლია ამ წამსვე გავხდე".
ესა თქვა და ახალ ცხოვრებაში დაბადების ტკივილებით გაწამებულმა კვლავ წიგნში ჩარგო თავი: კითხულობდა და უჩვეულო ცვლილებას განიცდიდა მისი გული, რასაც მხოლოდ შენ ხედავდი, უფალო; ცდილობდა განდგომოდა საწუთროს, რაც მალე გამჟღავნდა კიდეც. წიგნის კითხვაში ჩაფლულმა და უჩვეულო მღელვარებით მოცულმა საბოლოოდ განსაზღვრა და გადაწყვიტა, რა იყო უკეთესი; ის უკვე შენი გახდა, უფალო, და თავის მეგობარს უთხრა: "ამიერიდან სამუდამოდ ვივიწყებ ჩვენს უწინდელ იმედს; აი, ამ წუთს და ამ ადგილას გადავწყვიტე ღმერთს ვემსახურო. თუ არ მომბაძავ, ხელს მაინც ნუ შემიშლი". მანაც მიუგო: ამნაირი საზღაურისა და სამსახურისთვის შენი ერთგული მეგობარი ვიქნებიო. ისინი უკვე შენ გეკუთვნოდნენ და ოცნებაში მათთვის ხელსაყრელ ფასად აგებდნენ სულის ხსნის კოშკს; მიატოვეს ყველაფერი, რომ შენს კეთილ კვალს შესდგომოდნენ.
ამასობაში კი პონტიციანუსი თავის თანმხლებთან ერთად ბაღის მეორე მხარეს დასეირნობდა. თავიანთი ამხანაგების ძებნაში იმავე ქოხს მიადგნენ, სადაც ნახეს ისინი და უთხრეს, უკან დაბრუნების დროაო, რადგანაც დღე იწურებოდა. ამხანაგებმა თავიანთი გადაწყვეტილება გაანდვეს და ისიც აუწყეს, თუ რამ აღუძრათ და განუმტკიცათ ამის სურვილი; თანაც სთხოვეს, თუ არ შემოგვიერთდებით, ჩვენსას მაინც ნუ გადაგვათქმევინებთო. პონტიციანუსმა და მისმა თანმხლებმა არ გაიზიარეს თავიანთი ამხანაგის გადაწყვეტილება, თუმცა თავიანთი თავი კი გამოიტირეს. მოწიწებით მიულოცეს მეგობრებს ახალი ცხოვრების დაწყება და მათ ლოცვა-ვედრებას მიანდვეს თავი. შემდეგ ამქვეყნიური საზრუნავით გულდამძიმებულებმა სასახლისაკენ გასწიეს, ის ორნი კი, ზეცის მიმართ მოდრეკილი გულით, ქოხში დარჩნენ. თუმცა ორივე დანიშნული იყო: თავიანთი საქმროების გადაწყვეტილება რომ გაიგეს, უფალო, საპატარძლოებმაც მოგიძღვნეს თავიანთი ქალწულობა.
ამას გვიყვებოდა პონტიციანუსი, შენ კი, უფალო, ვიდრე ის ლაპარაკობდა, ჩემი თავისკენ მიმაქცევინე მზერა, მაიძულე, საკუთარ ზურგს ამოფარებულს მიმეტოვებინა ჩემი სამალავი, სადაც მშვიდად მოვკალათებულიყავი და ვერ ვბედავდი ჩემი თავისთვის გამესწორებინა თვალი. შენ დამაყენე საკუთარი თავის პირისპირ, რათა დამენახა ჩემი სიმახინჯე და სიბილწე, ჩემი უბადრუკობა, ჩემი მწიკლოვანება და წყლულება. მეც დავინახე და შევძრწუნდი, მაგრამ გასაქცევი გზა მოჭრილი მქონდა. ვცდილობდი თვალი ამერიდებინა ჩემი თავისთვის, მაგრამ პონტიციანუსი იქვე იყო თავისი ნაამბობითურთ, ასე რომ, კვლავ ჩემივე თავის პირისპირ მაყენებდი, უფალო, და მაიძულებდი თვალმოუშორებლივ მეცქირა მისთვის: "შეხედე შენს უსამართლობას და შეიზიზღე იგი". მე რა ხანია ვიცოდი ჩემი უკეთურება, მაგრამ განზრახ ვხუჭავდი თვალს და ვცდილობდი დამევიწყებინა იგი.
რაც უფრო გულმხურვალედ მიყვარდა ისინი, ვისზედაც მსმენოდა, რომ ცხოველმყოფელი გზნებით აღძრულთ მთლიანად მოგიძღვნეს თავი განსაკურნავად, მით უფრო მძაფრად მძულდა, მათთან შედარებით, ჩემი თავი. რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ (თორმეტი წელი მაინც იქნება), რაც ციცერონის "ჰორტენზიუსმა" ცხრამეტი წლის ჭაბუკს სიბრძნის სიყვარული აღმიგზნო გულში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შევიძულე ამქვეყნიური ბედნიერება და ვცდილობდი სამერმისოდ გადამედო ძიება იმ სიკეთისა, რომლის არა მარტო მიკვლევა, მარტოოდენ ძიებაც კი ათასწილ სჯობს ამა ქვეყნის ყველა საუნჯეს, ყველა სამეფოს თუ სიტკბოებას, რომელიც თითქოს მზადაა ყოველ წამს მიგვცეს ხორციელი განცხრომის ზვირთებს. ოჰ, რა უბადრუკი ვიყავი სიჭაბუკისას, მეტადრე სიჭაბუკის გარიჟრაჟზე, უმანკოებასაც კი გთხოვდი და გევედრებოდი: მომეც უმანკოება და კრძალულება, მაგრამ არა ახლავე-მეთქი. თითქოს მეშინოდა, მაშინვე არ შეგესმინა ჩემი ვედრება და არ განგეკურნა უკეთური გულისთქმა ჩემი: მერჩია კი არ ჩამეხშო, არამედ დამეცხრო იგი. ასე ვიდოდი მკრეხელური ცრურწმენის "მრუდე გზებით", მაგრამ იმიტომ კი არა, რომ დარწმუნებული ვიყავი მის სისწორეში: მე მას თითქოს ვამჯობინებდი სხვა მოძღვრებებს, მაგრამ ქედმოდრეკით კი არ ვიკვლევდი ამ უკანასკნელთ, არამედ მტერივით ვებრძოდი მათ.
რაკი დღეები დღეებს მისდევდა, მე კი ვერასდიდებით ვერ ველეოდი ფუჭ იმედებს, რათა მხოლოდ შენს კვალს შევდგომოდი, ამის მიზეზი კი ის მეგონა, რომ ვერას ვხედავდი ცხადს და გარკვეულს, რათა მისკენ წარმემართა ჩემი ნაბიჯი. მაგრამ, აი, მოვიდა დღე, როცა შიშველ-ტიტველი წარვსდექი ჩემივე თავის წინაშე და ჩემმა სინდისმა შემომღაღადა: "სად არის შენი სიტყვა? აკი ამბობდი, იმიტომ ვერ ვიცილებ ამაოების უღელს, რომ ჭეშმარიტება დაფარულია ჩემთვისო? მაგრამ შენთვის უკვე ნათელია ჭეშმარიტება, ის კი კვლავ დამთრგუნველად მოქმედებს შენზე. უფრო თავისუფალ მხრებს უკვე ფრთები გამოესხა: არც ამდენი ძიებით გაწამებულან და არც ათი თუ მეტი წელი გაუტარებიათ გამუდმებულ ფიქრსა და ტვინის ჭყლეტაში".
ასე ვიტანჯებოდი შერცხვენილი; სინდისი მქენჯნიდა პონტიციანუსის ლაპარაკისას. ბოლოს საუბარი დასრულდა და ისიც გავიგეთ, თუ რამ მოიყვანა ჩვენსას. პონტიციანუსი შინ წავიდა, მე კი ჩემსავე თავს ჩავუღრმავდი. რაღა არ ვაკადრე საკუთარ თავს! რანაირი აზრების მათრახი აღარ ვუცხუნე ჩემს სულს, რათა ნებას დამყოლოდა და შენს კვალს დასდგომოდა. მაგრამ უწინდებურად მეურჩებოდა, კვლავ თავის აზრზე იდგა და დანაშაულში გამოტეხას არ აპირებდა. ამოიწურა და უარყოფილ იქნა ყველა მისი საბუთი, მაგრამ დარჩა უტყვი მშფოთვარება: სიკვდილივით უფრთხოდა იმას, ვაითუ ცხოვრების ჩვეული კალაპოტიდან ამომაგდონო, კალაპოტიდან, რომელშიაც ისე ჩამყაყებულიყო, რომ ხრწნილებას აღარაფერი უკლდა.
იმ დიდ შფოთსა და აყალმაყალში, ჩემს შინაგან სამკვიდრებელში, კერძოდ, მის ყველაზე მყუდრო ადგილას - ჩემს გულში რომ ავუტეხე საკუთარ სულს, სახეშეშლილი მივვარდი ალიპიუსს და შლეგივით შევბღავლე: "რა ამბავია ჩვენს თავს?! გაიგონე? აღიძვრიან უმეცარნი და მიიტაცებენ ცათა სასუფეველს, ჩვენ კი, ამ ჩვენი უსულო მეცნიერებით, კვლავაც ხორციელ მწვირეში ვგორავთ! რაკიღა ჩვენზე წინ არიან, გვეთაკილება მათ გზას გავყვეთ, ხოლო ის ამბავი, რომ ერთი ნაბიჯიც არ გადავდგათ ამ გზაზე, სულაც არ გვეჩვენება სათაკილოდ?"
არ ვიცი, ამას რა მოვაყოლე; გაშმაგებული გავეცალე ალიპიუსს, გაოგნებული უსიტყვოდ რომ შემომცქეროდა. ამნაირი რამ არასოდეს სმენოდა ჩემგან. ჩემს მაშინდელ სულიერ მდგომარეობას ჩემი შუბლი, ღაწვები, თვალები, სახის ფერი და ხმის ჟღერადობა უკეთ გამოხატავდნენ, ვიდრე ჩემივე სიტყვები.
ჩვენი სახლი პატარა ბაღში იდგა, რომლითაც ისევე ვსარგებლობდით, როგორც მთელი სახლით, რადგანაც ჩვენი მასპინძელი, რომელმაც შეგვიფარა, აქ არ ცხოვრობდა. აღელვებულმა სწორედ ამ ბაღს მივაშურე, სადაც არავინ შემიშლიდა ხელს იმაში, რომ ბოლომდე მიმეყვანა ეს სასტიკი ბრძოლა, რომელიც ჩემს თავს გავუმართე, მაგრამ რანაი¬რი იქნებოდა ეს ბოლო, მე კი არა, მხოლოდ შენ იცოდი, უფალო: გონებამიხდილი ვიყავი, რათა გონს მოვსულიყავი; ვკვდებოდი, რათა მეცოცხლა; ვიცოდი, რა ბოროტებაშიაც ვიყავი დანთქმული, მაგრამ არ ვიცოდი, რანაირი სიკეთე მელოდა სულ მალე.
ამრიგად, ბაღს მივაშურე; ალიპიუსი კვალდაკვალ მომყვა. მის სიახლოვეს სულაც არ დაურღვევია ჩემი მარტოობა. მას კი რა ექნა: ამ დღეში ხომ ვერ მიმატოვებდა?
სახლიდან მოშორებით დავსხედით. სული ყრუდ შემომკვნესოდა, საშინლად აღშფოთებული იმის გამო, რომ ამდენ ხანს ვაყოვნებდი შენკენ ნაბიჯის გადმოდგმას, ხოლო ამ ნაბიჯის გადმოდგმა რომ საჭირო იყო, ამას ღაღადებდა "ყოველი ძვალი ჩემი", და ეს ღაღადისი შენს ქებად და დიდებად უწევდა ზეცას. შენთან მოსაახლებლად კი სულაც არ არის საჭირო ხომალდზე თუ ოთხთვალა ეტლზე ახვიდე, ანდა ფეხით დაადგე გზას; მანძილი იმაზე მეტი როდია, რაც ჩვენს სახლსა და ამ ადგილს შორის, სადაც ვისხედით. შენ მხოლოდ ფეხის მოცვლა ისურვე და არა მარტო უკვე გზაში ხარ, არამედ მიზანთანაც, მაგრამ ეს შენი სურვილი მეტისმეტად ძლიერი უნდა იყოს, მთელის არსებით უნდა ისწრაფოდე ღმერთისკენ, და არა ისე, წინსვლას რომ აპირებ და ფეხი უკან გრჩება, რადგანაც მეტის თავი არა აქვს ნახევრად დაჭრილ ნებას, სადაც ერთი სურვილი მეორეს ებრძვის, და თუ ერთი ზეცისკენ ილტვის, მეორე მიწას განარცხებს.
ამ ყოყმანში, ბორგვასა და ბობოქრობაში ისეთ უცნაურ მოძრაობებს ვასრულებდი, რომელთა შესრულება იქნებ კიდევაც უნდოდეს ზოგიერთს, მაგრამ არასდიდებით არ შეუძლია, ან იმიტომ, რომ სხეულის შესაბამისი ასოები აკლია, ან დაღლილ-დაქანცულს განძრევის თავი არა აქვს, ან რაღაცა ამდაგვარი უშლის ხელს. თუ თმას ვიგლეჯდი, შუბლში ვირტყამდი ხელს, ან ჰაერში ვიქნევდი გადაჭდობილ თითებში მომწყვდეულ მუხლს, - მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მსურდა. თუმცა შეიძლება სურვილი კი მქონოდა, მაგრამ მისი შესრულება არ შემძლებოდა, ჩემივე ასოები რომ არ დამმორჩილებოდნენ. ამრიგად, მე ვასრულებდი ბევრ ისეთ რამეს, სადაც "ნდომა" და "შეძლება" ერთმანეთის ტოლფარდი როდია. მაგრამ არ ვაკეთებდი იმას, რაც გაცილებით უფრო სასურველი იყო ჩემთვის, და რისი გაკეთებაც სულ თავისუფლად შემეძლო, ოღონდაც მენებებინა, ხოლო ის კი ნამდვილად მსურდა, რომ მესურვა. აქ ხომ კეთების უნარი და კეთების სურვილი ტოლფარდია: გსურდეს - ეს უკვე სურვილის ასრულებას ნიშნავს. და მაინც არაფერი გამომდიოდა: ჩემი სხეული უფრო ადვილად ემორჩილებოდა სულის ყველაზე უბადრუკ სურვილს, რის შედეგადაც ამა თუ იმ ასოს ვამოძრავებდი, ვიდრე სული - საკუთარ თავს, როცა მისი ყველაზე სანუკვარი სურვილის ასრულებას ეხებოდა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ მის ნებაზე იყო დამოკიდებული.
საიდან იღებს დასაბამს ეს უცნაური მოვლენა? რა არის ამის მიზეზი? დაე, ნათელი მომფინოს შენმა გულმოწყალებამ და ნება მიბოძე ვიკითხო, იქნებ პასუხი გამცეს კაცთა მოდგმის თავს მოწეულმა სასჯელმა და წყვდიადში დანთქმულ ადამის ძეთა ტანჯვა-ვაებამ. დიახ, საიდან იღებს დასაბამს ეს უცნაური მოვლენა, ან რა არის ამის მიზეზი? სული უბრძანებს სხეულს, და ისიც მყისვე ემორჩილება; სული უბრძანებს საკუთარ თავს, და მხოლოდ წინააღმდეგობას აწყდება. სული უბრძანებს ხელს ამოძრავდეს, და ისიც ისე ადვილად და დაუყოვნებლივ ემორჩილება, რომ შეუძლებელიც კია იმ შუალედის შემჩნევა, რომელიც ძევს ბრძანების გაცემასა და მის შესრულებას შორის. მაგრამ სული სულია, ხელი კი - სხეული. სული უბრძანებს სულს ისურვოს, ესე იგი, თავის თავსვე უბრძანებს, მაგრამ თვითონვე არ ასრულებს მის მიერ გაცემულ ბრძანებას. საიდან იღებს დასაბამს ეს უცნაური მოვლენა, ან რა არის ამის მიზეზი? ის თავის თავს უბრძანებს სურდეს, მაგრამ ამას არ ბრძანებდა, რომ არა სურდეს, თუმცა მისი ბრძანება არ სრულდება.
ალბათ, იმიტომ, რომ მთელის არსებით როდი სურს, და არც მთელის არსებით გასცემს ბრძანებას. მხოლოდ იმდენად ბრძანებს, რამდენადაც სურს, და იმდენად არ ასრულებს ამ ბრძანებას, რამდენადაც არა სურს. რადგანაც ნება უბრძანებს ნებას ნებავდეს, დიახ, თავის თავს უბრძანებს, და არა სხვას. მაშასადამე, მთელი თავისი სავსებით როდი უბრძანებს და ამიტომაც არ სრულდება მისი ბრძანება. რადგანაც მთელი სავსებით რომ ბრძანებდეს, ბრძანების გაცემაც აღარ იქნება საჭირო: ყველაფერი ისედაც შესრულდებოდა. ასე რომ, გსურდეს და, იმავდროულად, არცა გსურდეს, ეს უცნაური მოვლენა კი არ არის, სნეულებაა სულისა. სულს არ შეუძლია მთლიანად აღზევდეს: ჭეშმარიტება აღაზევებს, ჩვეულება კი ქვე ეზიდება. ამიტომაცაა ადამიანში ორი ნება, ორი სურვილი, რომელთაგანაც არც ერთი არ არის სრული: ერთშია ის, რაც მეორეს აკლია.
"დე, წარწყმდნენ შენი პირისაგან", უფალო, როგორც წარწყმდებიან "ამაოების მეტყველნი" და "გონით მაცთურნი", რომელნიც ადამიანში ამ ორი ნების არსებობის მიხედვით ასკვნიან, რომ ჩვენ ორი სხვადასხვა ბუნება და ორი სული გვაქვს: ერთი კეთილი, ხოლო მეორე ბოროტი. სინამდვილეში კი თვითონვე არიან ბოროტნი, რადგანაც ბოროტია მათი აზრები, მაგრამ თვით მათაც კი შეუძლიათ კეთილნი გახდნენ, თუკი ჩასწვდებიან ჭეშმარიტებას და მასვე შეუწონიან თავიანთ ზრახვას, ასე რომ, შეიძლება მათაც მიესადაგოს შენი მოციქულის სიტყვები: "ოდესღაც ბნელი იყავით, ხოლო აწ ნათელი ხართ უფალში".
მაგრამ მათ ის კი არ უნდათ, რომ უფალში იყვნენ ნათელი, არამედ - თავიანთ თავში, და რაკი ჰგონიათ, რომ სულის ბუნება იგივეა, რაც ღმერთი, სიბნელედ კი არა, უკუნეთად იქცნენ და თავიანთი საშინელი კადნიერების შედეგად უფრო მეტად დაგშორდნენ შენ, ჭეშმარიტ ნათელს, "რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად". დაუკვირდით, რას ამბობთ, გრცხვენოდეთ და "მიეახლეთ მას", რათა "განათლდეთ და სირცხვილმა არ აგილეწოთ სახე".
თვითონ მეც, როცა ვფიქრობდი, თუ რანაირად მემსახურა უფლის ჩემის მიმართ (რაც დიდი ხანია გადაწყვეტილი მქონდა), სწორედ მე ვიყავი ამის მსურველიც და არამსურველიც; არც მთელის არსებით მსურდა და არც მთელის არსებით არ მსურდა. ამიტომაც ვებრძოდი ჩემსავე თავს, გათიშულ-გაორებული, მაგრამ ეს გაორება, რაც ჩემი ნების საპირისპიროდ ხდებოდა, ორი სხვადასხვა ბუნების არსებობას კი არ მოწმობდა ჩემში, არამედ იმას, რომ დასჯილი იყო ჩემი საკუთარი ბუნება; თუმცა მე კი არ ვიყავი ამის მიზეზი, არამედ "ჩემში დამკვიდრებული ცოდვა", როგორც სასჯელი თავისუფალი ნებით ჩადენილი შეცოდებისა: მეც ხომ ადამის ძე გახლდით.
ურთიერთსაპირისპირო, მტრული ბუნება იმდენივე რომ იყოს, რამდენიც ურთიერთსაპირისპირო ნებაა, მაშინ ორი ბუნება კი არ იქნებოდა, არამედ მრავალი. ვთქვათ, კაცი ყოყმანობს და ვერ გადაუწყვეტია, მანიქეველთა თავყრილობაზე წავიდეს თუ თეატრში, და, აი, ისინი ერთხმად გაჰყვირიან: "აჰა, ორი ბუნება, რომელთაგანაც ერთს - კეთილს, ჩვენთან მოჰყავს იგი, ხოლო მეორეს - ბოროტს - პირიქით, ჩვენგან მიჰყავს, თორემ რა უნდა იყოს ამ ორ ურთიერთსაპირისპირო სურვილს შორის ყოყმანისა და რყევის მიზეზი?" მე კი ვამტკიცებ, რომ ორივე ნება-სურვილი ბოროტია: ისიც, მანიქეველთა თავყრილობისკენ რომ მიუძღვის და ისიც, თეატრში წასასვლელად რომ აღძრავს კაცს. მანიქეველებს კეთილი ჰგონიათ ის ნება, მათკენ რომ მიუძღვის კაცს. კეთილი და პატიოსანი! მაგრამ ხომ შეიძლება რომელიმე ჩვენგანში ორი სურვილი ებრძოდეს ერთმანეთს და მასაც ვერ გადაეწყვიტოს, სად წავიდეს - მანიქეველთა თავყრილობაზე თუ ჩვენს ეკლესიაში? ხომ არ გაუჭირდებოდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? ისინი იძულებულნი იქნებოდნენ ეღიარებინათ ის, რისი აღიარებაც არ უნდათ: ჩვენს ეკლესიაში მოდიან კეთილი ნების მორჩილნი, როგორც მოდიან მის საიდუმლოს ზიარებულნი და მასშივე დამკვიდრებულნი, - ან არა და, ემტკიცებინათ, რომ ერთსა და იმავე კაცში ერთმანეთს ებრძვის ორი ბოროტი ბუნება და ორი ბოროტი სული: მაშინ სიცრუედ უნდა მიგვეჩნია მათი ჩვეული მტკიცება იმის თაობაზე, რომ არსებობს ორი სხვადასხვა ნება - კეთილი და ბოროტი, ანდა ჭეშმარიტების გზას დასდგომოდნენ და აღარ ეცადათ იმის უარყოფა, რომ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას ერთსა და იმავე სულს შეიძლება ორი სხვადასხვა სურვილი ამოძრავებდეს.
ამიტომ, როცა ხედავენ, როგორ ებრძვის ერთმანეთს ორი ნება ერთ კაცში, დე, ნუ იტყვიან, რომ მასში ერთმანეთს ერკინება ორი ურთიერთმოქიშპე სული: ერთი კეთილი, ხოლო მეორე ბოროტი, რომლებიც ორი მტრული სუბსტანციისა და ორი საპირისპირო საწყისისაგან იღებენ დასამაბს. რადგან შენ, ღმერთო ჭეშმარიტო, უარყოფ, ამხილებ და აბათილებ მათ. დავუშვათ ორი ბოროტი ნების არსებობა ადამიანში, რომელიც კაცის მოკვლას აპირებს მახვილითა და საწამლავით; ან კიდევ ფიქრობს, რომელი მამული მიიტაცოს - ესა თუ ის (რადგან ორივეს მიტაცება არ შეუძლია); განცხრომას გადააგოს თავისი ავლადიდება თუ ძუნწივით გადამალოს ფული; ცირკში წავიდეს თუ თეატრში, თუკი იმ დღეს ორივე ღიაა. მე შემიძლია მესამე სურვილიც დავუმატო ამას: თუ დრო იხელთა, ხომ არ გაქურდოს სხვისი სახლი? ანდა მეოთხე: ხომ არ იმრუშოს, თუკი ამის საშუალება მიეცა? მაგრამ თუ ყველა ეს სურვილი ერთდროულად აღიძვრის და, თანაც ყველა თანაბრად მძაფრია? მაშინ ხომ შეუძლებელი იქნება ერთდროულად აისრულოს ისინი? ასე რომ, ამ ოთხი ურთიერთსაპირისპირო ნების ჭიდილმა შეიძლება ნაფლეთებად აქციოს სული. თუმცა ნება ოთხი კი არა, შეიძლება მეტიც იყოს: სურვილის საგანი ხომ უამრავია. და მაინც, მანიქეველები არაფერს ამბობენ სხვადასხვა სუბსტანციის ასეთსავე სიმრავლეზე.
იგივე ითქმის კეთილი ნების მიმართაც. სასიკეთოა თუ არა - ვეკითხები მანიქეველებს, - მოციქულის კითხვითა თუ ფსალმუნთა კეთილხმოვანებით ტკბობა? სასიკეთოა თუ არა სახარების განმარტება? პასუხად მესმის: სასიკეთოაო. კი მაგრამ, თუკი ყოველივე ეს არა მარტო ერთდროულად, არამედ ერთნაირადაც გვატკბობს, ხომ არ გვიფლეთს სულს ეს ოთხი სხვადასხვა ნება, როდესაც ვცდილობთ იმის გარკვევას, თუ რომელი უნდა ვარჩიოთ? ყოველი მათგანი კეთილია, მაგრამ ერთმანეთს კი ებრძვიან, ვიდრე ერთ-ერთზე არ შეჩერდება არჩევანი, რაც აცხრობს და ამთლიანებს ადამიანის ნებას, მანამდე განწირულს და დანაწევრებულს.
ზუსტად ასევე, რაკი მარადისობა უზენაეს ნეტარებას აღგვიქვამს, წარმავალი სიკეთით ტკბობის სურვილი კი მიწას გვაჯაჭვავს, ერთი და იგივე სული ერთიანი, განუყოფელი ნებით როდი მიელტვის ერთსაც და მეორესაც. აქედან მისი სალმობა და ტანჯვა-ვაება: ჭეშმარიტება აიძულებს პირველი ამჯობინოს, ჩვეულება კი მეორის მიმართ მიაქცევს.
ასე ვწუხდი, ვშფოთავდი და ვიტანჯებოდი, უწინდელზე უფრო მწარედ ვყვედრიდი ჩემსავე თავს, გამწარებული ვბორგავდი და ვცდილობდი ერთიანად დამეგლიჯა ჩემი ხუნდები, რომლებსაც უკვე აღარ შერჩენოდათ ძველი ძალა, თუმცა ჯერ კიდევ მათი მარწუხების ტყვე ვიყავი. შენ კი თავს მადექ, უფალო, ჩემს გულისგულში და შენი მკაცრი გულმოწყალებით დაუნდობლად მამათრახებდი შიშისა და სირცხვილის ორმაგი შოლტით, რათა კვლავინდებურად აღარ დამეხია უკან და საბოლოოდ გამეწყვიტა ის გაცვეთილ-გახეხილი თოკი, ჯერ კიდევ მჭიდროდ რომ მეკვროდა გარს, თორემ შეიძლებოდა კვლავაც შეეძინა სიმკვრივე და უწინდელზე მაგრა გავეთანგე.
ასე ვესაუბრებოდი საკუთარ თავს: "ახლა კი დროა ბარემ მოვრჩეთ და მოვათავოთ!" ასეთი იყო ჩემი სიტყვიერი გადაწყვეტილება, მაგრამ სიტყვის საქმედ ქცევას კი ვერ ვახერხებდი, თუმცა ვეღარც უწინდელი ცხოვრება მითრევდა თავის მორევში: ზედ მორევის პირას მივასვამდი ფეხს, რომ სული მომეთქვა და კვლავ განმეახლებინა ჩემი მცდელობა; თანდათანობით ვუახლოვდებოდი მიზანს და ის იყო, უნდა მომეხელთებინა კიდეც, მაგრამ ირკვეოდა, რომ სულაც არ მივახლებივარ და, ცხადია, ვერც მის მოხელთებას ვახერხებდი, ასე რომ, კვლავაც ვყოყმანობდი და ვერ გადამეწყვიტა, სიკვდილით მოვმკვდარიყავი თუ სიცოცხლით მეცოცხლა. უსურვაზივით ჩამწვნოდა უკეთურება, სიკეთე კი ვერასდიდებით ვერ შემესისხლხორცებინა. და რაც უფრო ახლოვდებოდა ის წამი, როცა სხვად უნდა ვქცეულიყავი, მით მეტად მიპყრობდა შიში, მაგრამ არც უკან ვიხევდი და არც გზიდან გადახვევას ვაპირებდი: გახევებული ვიდექი ერთ ადგილას.
მაინც რა იყო, რომ მბოჭავდა და გასაქანს არ მაძლევდა? - უბადრუკობათა უბადრუკობა და ამაოებათა ამაოება, ჩემი ცხოვრების ეს განუყრელი თანამგზავრნი, ჩემს ხორციელ გარსს რომ ჩაჰფრენოდნენ და ჩამჩურჩულებდნენ: "მაშ, აღარ იშლი, გვტოვებ? იცოდე, ამ წამიდან ჩვენც მიგატოვებთ! ამიერიდან ესა და ეს სამუდამოდ აკრძალული იქნება შენთვის!" "ესა და ეს" - ვლუღლუღებდი მე; სინამდვილეში კი თურმე რას მთავაზობდნენ ისინი, უფალო ღმერთო ჩემო, რას მთავაზობდნენ? მოწყალება მოიღე და აშორე ყოველივე ეს შენი მორჩილი ნორის სულს! რანაირ სიბილწეს მთავაზობდნენ, რა სიმახინჯეს! თუმცა მე მხოლოდ ცალი ყურით ვუსმენდი მათ, და ისინიც ძველებური თავდაჯერებით კი ვეღარ მიღობავდნენ გზას, არამედ თითქოს ჩემ ზურგს უკან მი-მალულიყვნენ, მიჩურჩულებდნენ და მალულად მჩქმეტდნენ მიმავალს, რათა უკან მოვებრუნებინე. თუმცა მაინც მიჭერდნენ და წინსვლას მიშლიდნენ, მე კი ვაყოვნებდი ხელიდან დავსხლტომოდი მათ, თავიდან მომეშორებინა წყეულნი და ფრთაშესხმული გავჭრილიყავი იქით, საიდანაც მიხმობდა მბრძანებლური ხმა. ყოვლისმძლე ჩვეულება კი მაცთურივით ჩამძახოდა ყურში: "შენ გგონია, რომ მათ გარეშეც გაძლებ?!"
მაგრამ მის სიტყვებში უკვე აღარ იგრძნობოდა ძველებური რიხი, რადგანაც გაღმა მხარეს, საითკენაც რახანია მექცია პირი და ცხროიანივით ვცახცახებდი გადასვლის მოლოდინში, მთელი თავისი სიწმინდით, თავისი შეუმღვრეველი სიხარულის მთელი სიცხადით და სიმშვიდით მიღიმოდა თავდაჭერილობის ღირსეული და კეთილშობილური ხატება; გულითადი და ალერსიანი იყო მისი მიპატიჟება; დაეჭვება აღარ შეიძლებოდა. წმინდა იყო ჩემენ გამოწვდილი ხელი, რომ ავეტაცე და გულში ჩავეკარი; წმინდა და სიკეთის ურიცხვი ნიმუშით სავსე. ვინ მოსთვლის, რამდენ ყრმას, რამდენ ქალწულს თუ ჭაბუკს, სხვადასხვა ასაკის რამდენ ხალხს, რამდენ ღირსეულ ქვრივს თუ ქალწულობაში დაბერებულ მანდილოსანს მოეყარა აქ თავი. ყველას თავდაჭერილობის სიწმინდე გადაჰფენოდა, მაგრამ ეს არ იყო უნაყოფო სიწმინდე, არამედ ბედნიერი დედა ურიცხვი უმანკო შვილისა, შენ რომ გეჩუქებინა მისთვის, უფალო, შენ - მის მეუღლეს.
დამცინავად მიღიმოდა, მაგრამ ამ დაცინვით თითქოს კიდევაც მამხნევებდა და მეუბნებოდა: "ნუთუ გგონია, რომ მართლა ვერ შესძლებ იმას, რაც ამ ხალხმა შესძლო? თუმცა განა მათაც თავისით შესძლეს ეს, და არა ღვთის ძალით? უფალმა ღმერთმა მე მომანდო ისინი. რას მიყრდნობიხარ შენსავე თავს? კაცი როდია საკუთარი თავის საყრდენი. ნუ გეშინია, თამამად მიჰმართე ღმერთს: ის შეგივრდომებს და განგკურნავს".
სირცხვილი მწვავდა, რადგან ჯერ კიდევ ყურს ვუგდებდი ამაოებათა ამაოების ჩურჩულს, ვყოყმანობდი და საბოლოო ნაბიჯის გადადგმა ვერ გადამეწყვიტა. და კვლავ ჩამესმა ხმა ყურში, რომელიც მეუბნებოდა: "ყურს ნუ ათხოვებ შენი უწმინდური სხეულის ხმას ამქვეყნად, ყურს ნუ ათხოვებ და ისიც მოკვდება. განცხრომასა და სიტკბოებას აღგითქვამს იგი, მაგრამ არა იმ სჯულისამებრ, რომელიც დააწესა უფალმა ღმერთმა შენმა". ჩემს გულში იყო ეს ბრძოლა: ჩემ გამო და ჩემ წინააღმდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ მომცილებია ალიპიუსი, უსიტყვოდ რომ ელოდა, თუ რითი დამთავრდებოდა ეს ჩემი უჩვეულო მღელვარება.
ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შედეგად იდუმალი სიღრმიდან ამოიზიდა და გონების თვალწინ დამიდგა მთელი ჩემი უბადრუკობა. საშინელი ქარიშხალი, ჩემს სულში რომ მძვინვარებდა, ალბათ სულ მალე საავდრო ღრუბლებს შეჰყრიდა და მდუღარე ცრემლებად გადმოიღვრებოდა თვალებიდან. სიტყვებით რომ ჩამეხშო ეს მძვინვარება, წამოვდექი და ალიპიუსს გავეცალე: ჩემს მაშინდელ მდგომარეობას მარტოობა უფრო შეეფერებოდა, რათა სრული გასაქანი მიმეცა ცრემლებისათვის. და მეგობარმაც გამიგო: ეტყობა, რაღაც ვუთხარი და ჩემმა მთრთოლავმა ხმამ ვეღარ შესძლო მოგუდული ქვითინის ჩახშობა. დიახ, მე წამოვდექი და გავეცალე, გაოგნებული ალიპიუსი კი იმავე ადგილას დარჩა, სადაც ვისხედით. აღარ მახსოვს, როგორ დავემხე რომელიღაც ლეღვის ხის ძირას და მწარედ ავტირდი: თვალებიდან ღვარად მდიოდა ცრემლი - შენი სანუკვარი მსხვერპლი, უფალო. იქნებ ამ სიტყვებით არც კი მოგმართავდი მაშინ, მაგრამ ჩემი სათქმელი, აი, ეს იყო: "როდემდის, უფალო, როდემდის შენი რისხვა? ნუ მოიხსენებ ძველ ცოდვებს ჩვენსას!" მაგრამ ვგრძნობდი, რომ მათი ტყვე ვიყავი, და საწყალობლად ვგოდებდი: "როდემდის, როდემდის, სულ "ხვალ" და "ხვალ"? კი მაგრამ, რატომ ახლავე არა? რატომ ამწამსვე არ მოვუღებ ბოლოს ამ ჩემს სიბილწეს?
ამას ვამბობდი და მწარედ ვტიროდი, გულით ურვილი. და უცებ მეზობლის სახლიდან მომესმა ხმა, არ ვიცი, პატარა ბიჭისა თუ გოგონასი, რომელიც თითქოს ღიღინით იმეორებდა: "აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე!" მყისვე მეცვალა სახის ფერი და სულგანაბულმა მივაყურადე: ვცდილობდი გამეხსენებინა, რომელიმე თამაშში ხომ არ ღიღინებდნენ ამ სიტყვებს, მაგრამ ამის მსგავსი არასდროს არაფერი მსმენია. ცრემლი შევიშრე და წამოვდექი, რადგანაც ეს სიტყვები ღვთის ბრძანებად მივიჩნიე; გადამეფურცლა საღმრთო წერილი და წამეკითხა პირველივე თავი, რომელზედაც წიგნი გადაიშლებოდა. აკი ანტონზედაც მსმენოდა, რომ მის მოქცევას სახარების ერთმა ადგილმა შეუწყო ხელი, რომელსაც შემთხვევით წააწყდა თურმე: "წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევ მე". ამ სიტყვებმა დაუყოვნებლივ მოაქციეს იგი შენს მიმართ.
სასწრაფოდ დავბრუნდი იმ ადგილას, სადაც იჯდა ალიპიუსი. წამოსვლისას მოციქულის ეპისტოლე დავტოვე იქ. ავიღე, გადავფურცლე და ჩუმად წავიკითხე პირველი თავი, რომელზედაც წიგნი გადაიშალა: "არა ღორმუცელობითა და სიმთვრალით, არა სიმრუშითა და სიბილწით, არა შუღლითა და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცისათვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად". კითხვის გაგრძელება აღარ ვისურვე, თუმცა არც იყო საჭირო: გულში ნათელი ჩამიდგა და სიმშვიდემ დაისადგურა; განქარდა ჩემი ეჭვის წყვდიადი.
ფრჩხილით თუ რაღაც სხვა ნიშნით ჩავინიშნე ეს ადგილი, წიგნი დავხურე და სავსებით მშვიდად ავუხსენი ყველაფერი ალიპიუსს. მან კი, თავის მხრივ, ასევე მშვიდად გამიმჟღავნა, რა ამბავიც იყო მის თავს. პირველად მესმოდა ეს. მითხრა, მიჩვენე, რაც წაიკითხეო. მეც ვუჩვენე და მან განაგრძო კითხვა. ჩემთვის უცნობი იყო ეს გაგრძელება: "შეიწყნარეთ რწმენით უძლურნი". ალიპიუსმა თავის თავზე მიიღო ეს სიტყვები და კიდევაც გამანდო თავისი ვარაუდი. ამნაირი შეგონებით განმტკიცებულმა ყოველგვარი მღელვარებისა და ყოყმანის გარეშე მიიღო სასიკეთო გადაწყვეტილება, მისი ზნეობრივი სიფაქიზის შესაბამისად, ხოლო ამ მხრივ ის რა ხანია გაცილებით მაღლა იდგა ჩემზე.
დაუყოვნებლივ მივედით დედაჩემთან და ყველაფერი ვაუწყეთ. საბრალო ქალი ცას ეწია სიხარულით. ვუამბეთ, როგორ მოხდა ეს. დედაჩემს სამოთხის კარი გაეღო და გულმხურვალე მადლი გიძღვნა, უფალო ჩემო, "ვისაც განუზომლად მეტის ქმნა ძალგიძს, ვიდრე ჩვენ გთხოვთ, ანდა ვიაზრებთ". მან დაინახა, რომ ჩემი სახით გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე თვითონვე ელოდა, როცა მწარე გმინვითა და ცრემლების ფრქვევით შეგთხოვდა ჩემს შეწყალებას. შენს მიმართ მიმაქციე, უფალო: აღარც ცოლის შერთვა მინდოდა და აღარც რისიმე იმედი მქონდა ამქვეყნად. მტკიცედ დავადექი იმ რწმენას, რომლითაც მოსილი დიდი ხნის წინათ უჩვენე მას ჩემი თავი და "სიხარულად უქციე გლოვა", გაცილებით უფრო დიდ სიხარულად, ვიდრე ამის იმედი ჰქონდა; დიახ, ეს იყო უფრო წმინდა და უმანკო სიხარული, ვიდრე ის მოელოდა თავისი შვილიშვილების - ჩემი ხორციელი შვილებისაგან".
* * *
ავგუსტინემ მიატოვა კათედრა, დედასა და ალიპიუსთან ერთად წავიდა ქალაქგარეთ მდებარე სახლში, სადაც მეგობრებმა ლოცვითა და წმინდა წერილის კითხვით დაიწყეს მზადება ნათლისღებისთვის. "როგორ გადმოგცეთ ჩემდამი გამოჩენილი ყველა მოწყალების, ყველა საშუალების შესახებ, რითაც უფალმა გამომასწორა, მოალბო და განსწავლა ჩემი გული!" - წერს ავგუსტინე.
ამბროსი მედიოლანელი გაახარა ცნობამ ავგუსტინეს მოქცევის შესახებ. ქალაქგარეთ სახლის ბინადართა მუდმივი საქმიანობა გახდა საღვთო წერილის კითხვა, საუბრები ქრისტიანულ რჯულზე. მონიკა ეხმარებოდა ახალმოქცეულებს. მან, რწმენითა და სიყვარულით გულავსებულმა, გონებით დიდი ხნის წინ შეიცნო, რაც მათთვის მიუწვდომელი იყო. ავგუსტინე ამბობდა: "გვეგონა, რომ ჩვენს შორის იჯდა არა სუსტი დედაკაცი, არამედ უდიდესი მამა და თავს ვეკითხებოდით - რომელი ზეციური წყაროდან იღებდა სათავეს მისი სიტყვები".
387 წელს, აღდგომის დღესასწაულზე ამბროსიმ მონათლა ავგუსტინე, მისი ვაჟი ადეოდატი და ალიპიუსი. მათ მადლიერებით შეასრულეს საზეიმო ჰიმნი, რომელიც ამბროსიმ შეთხზა: "შენ ღმერთსა გაქებთ!", რასაც იმჟამად გალობდნენ მოსანათლავიც და ნათლობის აღმსრულებელიც.
"და, აი, დადგა დრო, როცა მოსანათლად უნდა ჩავწერილიყავი. დატვოვეთ სოფელი და მედიოლანუმში დავბრუნდით.
ალიპიუსს სურდა ჩემთან ერთად ხელახლა შობილიყო შენში; უკვე შეემოსა ის სიმდაბლე, რაც შენს საიდუმლოებებს შეშვენის. ხორცის დაურვებისას ისეთ სიმტკიცეს იჩენდა, რომ ფეხშიშველაც კი დადიოდა იტალიის გაყინულ მიწაზე, რაც მის არნახულ შეუპოვრობას მოწმობს.
ჩვენ თან გვახლდა ადეოდატუსიც, ჩემი ხორციელი ცოდვის შვილი. ეს იყო შენი მშვენიერი ქმნილება. თხუთმეტი წლისა უკვე მრავალ დარბაისელ სწავლულს აღემატებოდა გონებით. ვაღიარებ შენს მადლს და წყალობას, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლის შემოქმედო, მშვენიერებად რომ გარდაქმნი ჩვენს სიმახინჯეს: ჩემი არა ეცხო რა ყმაწვილს, თუ არ ჩავთვლით ჩემსავე ცოდვას. ხოლო შენი მოძღვრებით რომ აღვზარდეთ იგი, ეს სხვა ვინმემ კი არა, შენ შთაგვაგონე: ვაღიარებ წყალობას შენსას...
ჩვენ მოვინათლეთ და ჩამოგვცილდა უწინდელი ცხოვრების ყველა საზრუნავი. მე ვერ ვძღებოდი მაშინ იმ საკვირველი სიტკბოებით, რომლითაც ვჭვრეტდი სიღრმეს შენი ზრახვისას - გეხსნა კაცთა მოდგმა".
მალე ავგუსტინემ და დედამისმა სამშობლოში დაბრუნება მოისურვეს, მაგრამ ღვთისმოსავმა მონიკამ აფრიკამდე ვერ ჩააღწია - თითქოს შვილის მოქცევას ელოდა, რათა შემდეგ წასულიყო უფალთან. იგი მშვიდად მიიცვალა, რადგან დაასრულა თავისი საქმე: ამოიყვანა შვილი ვნებებისა და ურწმუნოების ჭაობიდან, ეკლესიას შესძინა ერთგული მსახური, აჩვენა ქრისტიან დედებს, რაოდენ ძლიერია მშობლის ლოცვა-ვედრება და ცრემლები, რა შეუძლია რწმენითა და სიყვარულით ფრთაშესხმულ სუსტ დედაკაცს.
ოსტიაში, სადაც მგზავრები შეჩერდნენ აფრიკაში გამგზავრების წინ, მარტოდ დარჩენილი დედა-შვილი დიდხანს საუბრობდნენ სამომავლო, მარადიულ ცხოვრებაზე; აქ მონიკამ შვილს მიმართა:
"შვილო ჩემო, ახლა უკვე აღარაფერი მაკავებს ამა სოფლად. არც მჭირდება აქ დარჩენა. აქამომდე მხოლოდ ერთი მიზნით მსურდა სიცოცხლე - შენ რომ ჭეშმარიტ ქრისტიანად მეხილე. უფალმა შეისმინა ჩემი ლოცვა. მაჩვენა ღვთისმსახურებისთვის სრულად მიძღვნილი შენი თავი. სხვა რისთვის ვიცოცხლო?!"
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მან იგრძნო აღსასრულის მოახლოება. ხუთი დღის შემდეგ მონიკა შეუძლოდ გახდა და მოკლე ხანში სული უფალს მიაბარა. აღსასრულის წინ ვაჟსა და მის თანმხლებთ მხოლოდ ერთი რამ სთხოვა - არ დაევიწყებინათ მისი მოხსენიება უზენაესის საკურთხევლის წინ.
სამშობლოში დაბრუნებულმა ავგუსტინემ გაყიდა მამული და საფასური ღარიბებს დაურიგა, თავად კი მონაზვნად შედგა. სამი წელი გაატარა სრულ მარტოობასა და მკაცრ ღვაწლში. იპონიის ეპისკოპოსმა ვალერიუსმა იგი იძულებით აკურთხა პრესვიტერად. 395 წელს ავგუსტინე აირჩიეს იპონიის ეპისკოპოსად და ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში თავისი მრევლის უთვალსაჩინოესი მწყემსი იყო. ეპისკოპოსის ხარისხშიც მკაცრ მოღვაწედ რჩებოდა - რაც გააჩნდა, ღარიბებს აძლევდა, მზად იყო, სიცოცხლე გაეღო თავისი სამწყსოსთვის. ღვთის წყალობით მას უღრმესი თავმდაბლობა და მხურვალე სიყვარულის ნიჭი ებოძა; ყოველთვის აცნობიერებდა, რომ ადამიანი ცოდვილია და უძლური; რომ მხოლოდ საღვთო მადლით ეძლევა მას სიკეთის ქმნის ძალა.
ნეტარი ავგუსტინე მრავალი საკვირველი ჩვენების ღირსი გახადა უფალმა. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იყო ყრმა იესოს ხილვა, რომელსაც სურდა, მთელი ოკეანე ერთ პატარა ქვიშის ორმოში მოექცია. სწორედ ამ დროს ავგუსტინე ცდილობდა, საკუთარი გონებით ჩასწვდომოდა წმინდა სამების საიდუმლოს. ამ ხილვით კი ღმერთმა ნეტარ მამას კიდევ ერთხელ დაანახვა სასრულობა და უმწეობა ადამიანის გონებისა. წმინდანი თავადაც ბევრ სასწაულს აღასრულებდა. მისი ლოცვით არაერთი სნეული განკურნებულა.
430 წელს იპონია ვანდალებმა გადაწვეს. ერთადერთი, რაც ღვთის ნებით ცეცხლს გადაურჩა, ნეტარი ავგუსტინეს ბიბლიოთეკა იყო. კართაგენიც მალე დაეცა. ჩრდილო აფრიკის ეკლესია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავგუსტინე იყო იპონიის უკანასკნელი ეპისკოპოსი. მან საკუთარი თვალით იხილა საყვარელი ქალაქის სიკვდილი, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი 430 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.
ნეტარი ავგუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალი თხზულება (მისი ბიოგრაფის თქმით, მათი რაოდენობა ათას ოცდაათს აღემატება). აღსანიშნავია მისი "აღსარებანი", რომელიც ქართულ ენაზე თარგმნა ფილოსოფოსმა, მთარგმნელმა და მწერალმა, პროფესორმა ბაჩანა ბრეგვაძემ. სწორედ ამ თარგმანიდან გამოვიყენეთ ფრაგმენტები თქვენთვის ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრებაზე მეტ-ნაკლებად სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად. ნეტარი ავგუსტინეს კალამს ეკუთვნის აგრეთვე "ღვთის ქალაქის შესახებ", ჩვიდმეტი წიგნი პელაკიანელთა წინააღმდეგ, კომენტარები დაბადების წიგნისა და სხვა. იგი ცდილობდა, მისი ნაწერები ყველასათვის მისაწვდომი და სარგებლის მომტანი ყოფილიყო. "უმჯობესია გრამატიკოსებმა განგვაქიქონ, ვიდრე ჩვენი აზრები ხალხისათვის გაუგებარი იყოს", - ამბობდა იგი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი