ღირსი დოროთე მეექვსე საუკუნეში, ანტიოქიის ერთ წარჩინებულ, ქრისტიანულ ოჯახში იშვა, ბრწყინვალე სასულიერო და საერო განათლება მიიღო და ცოდნას ბავშვობიდანვე ისე დაეწაფა
, არც საკვები ახსოვდა და არც - ძილი, რაც მის ისეც სუსტ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.
აი, როგორ იგონებდა ამ ხანას მოგვიანებით:
- თავდაპირველად ძალიან მიმძიმდა სწავლა, წიგნთან მიახლებისას ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მხეცს ვუვარდებოდი ხახაში, მაგრამ, როდესაც თავს ძალა დავატანე, უფალი შემეწია და ისე შევეჩვიე, რომ ის სითბო, კითხვის ჟამს რომ ვგრძნობდი, მავიწყებდა, რას ვჭამდი, რას ვსვამდი, როგორ მეძინა.
არავის შეეძლო ჩემი მიზიდვა ტრაპეზზე რომელიმე მე¬გობართან, კითხვის გამო სასაუბროდაც არ გავდიოდი მათ¬თან, თუმცა, ყველა ძლიერ მიყვარდა.
როცა ფილოსოფოსი გაგვათავისუფლებდა, შინ მიბრუნებულმა არ ვიცოდი, რას შევჭამდი, რადგან საამისოდ დრო მენანებოდაო...
ასე ისრუტავდა აბბა დოროთე წიგნიერ სიბრძნეს.
გაცილებით დიდი მოშურნეობით შეუდგა წმინდანი მონაზვნურ ღვაწლს უდაბნოში; - "როცა მონასტერში მივედი, - წერდა იგი, - საკუთარ თავს მივმართე, თუ გარეშე სიბრძნისათვის ამდენი სიყვარული და სითბო აღმოგაჩნდა, სათნოებებისთვის უფრო მეტი უნდა იქონიო-მეთქი! - და ამან განმამტკიცა".
სიჭაბუკეშივე მოწყლული მარადისობის სიყვარულით, ამა ქვეყნის ხმაურს განეშორა და ღაზის მახლობლად, აბბა სერიდის სავანეს შეერთო, სადაც სრულად ჰმორჩილებდა წმინდა ხუცესთ: - ბარსანოფსა და იოანეს.
ხედავდნენ რა მის სულიერ წყურვილს, მამებმა, რომელთაც დოროთეს სხეულებრივი სისუსტე უწყოდნენ, ნება მისცეს, საოჯახო შემოსავლის მცირე ნაწილით და იმ წიგნებით ესარგებლა, მონასტერში თან რომ წამოიყოლა.
რადგან ასკეტური ღვაწლისთვის ხორციელი ძალა არ შესწევდა, ოდეს არაწმინდა გულისთქმანი შეაწუხებდა, სასოწარკვეთას რომ არ მისცემოდა, წმინდა ბარსანოფი რჩევით და ლოცვით ანუგეშებდა, ასწავლიდა, როგორ დაემორჩილებინა ხორცი და როგორ მიემართა ძალა შინაგანი, გულისმიერი ღვაწლისაკენ უმთავრესის: - მორჩილების, თვინიერების, სინანულის, თანალმობის და უფლის მარად ხსოვნის მოსახვეჭად.
მოგვიანებით წერდა, რომ საკუთარი ნების მოკვეთა - უმოკლესი გზაა სრულქმნილებისკენ.
ის, ვინც საკუთარ თავს დასაწყისში მცირეზე, შემდგომ კი - ყველაფერზე უარის თქმა ასწავლა, თავგანწირვის უნარს მოიმუშაკებს, რომელიც სრულ უვნებობამდე გვიკვალავს გზას.
ღირსი დოროთეს მორჩილების უპირველესი საქმე მონასტერში მოსული მომლოცველების დახვედრა და მოწყობა-დაბინავება იყო. ერთ-ერთი ძმის სახსრებით ღირსმა დოროთემ ააგო საავადმყოფო, რომელშიც თავად იყო ერთი მომსახურეთაგანი.
იგი იგონებდა: "მძიმე შრომისაგან ახალი გათავისუფლებული ვიყავი, როცა, მიმწუხრისას მონასტერს მწირები მოადგნენ. მთელი საღამო სტუმრებთან გავატარე. შემდგომ მექარავნეები მოვიდნენ. მათთვისაც გავამზადე ყველაფერი, რაც საჭირო იყო; ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ დასაძინებლად ახალწამოწოლილს მაღვიძებდნენ, ამასობაში ღამისთევის ლოცვების დროც მოაწევდა".
ძილს რომ შებრძოლებოდა, აბბა დოროთემ ერთ ძმას სთხოვა, მსახურების დასაწყისისთვის გაეღვიძებინა იგი, მეორეს კი ევედრა, ლოცვების დროს ჩათვლემის საშუალება არ მიეცა მისთვის. "და მერწმუნეთ, - ამბობდა წმიდა მამა, - მე ისეთ პატივს ვცემდი ამ ბერებს, თითქოს მათზე იყო დამოკიდებული ჩემი ცხონება".
ერთხელ, მონასტრის ეზოში, როდესაც დიდმა გულგატეხილობამ შეიპყრო და საშველად უფალს უხმო, უეცრად იხილა, როგორ შევიდა ეპისკოპოსის მსგავსი უცნობი ტაძარში...
დოროთე უკან გაედევნა, ტაძარში შეჰყვა და იხილა, როგორ დადგა უცნობი ლოცვად ცეზისკენ ხელებაპყრობილი, შემდეგ ახალგაზრდა დოროთეს მიუბრუნდა, მკერდზე მიუკაკუნა და სამგზის გაუმეორა ფსალმუნის ნაწყვეტი:
"თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაი." (ფს. 39, 2).
ამის თქმა იყო და უცნობი უჩინო იქმნა, დოროთეს გული კი სიხარულმა და მშვიდობამ აღავსო და ამ დროიდან სამუდამოდ განშორდა გულგატეხილობა, შიში და მოწყინება.
ათი წლის განმავლობაში ღირსი დოროთე იოანე წინასწარმეტყველის მორჩილი იყო. იგი მანამდეც გულწრ¬ფელად აღიარებდა თავის ზრახვებს წმინდა მამის წინაშე, ახლა კი მთლიანად მიანდო თავი მის ნებას და არანაირ მწუხარებას არ გრძნობდა.
ამასთან, შიშობდა, რომ ვერ სათნოეყოფოდა უფალს, რომელიც მწუხარებათა სრულიად დამთმენთ აღუთქვამს ცხონებას, მაგრამ მოძღვარმა ანუგეშა.
ღირს დოროთეს უდიდეს ბედნიერებად მიაჩნდა ახოვანი მოსაგრის მსახურება. აბბა სერიდის მონასტრის მოძღვრების გარდა, აბბა დოროთე თანამედროვე სხვა დიდ მამებს, მათ შორის, - აბბა ზოსიმესაც ინახულებდა ხოლმე და გულმოდგინედ ისმენდა მათ დარიგებებს.
ღირსი იოანე წინასწარმეტყველის მიცვალების შემდეგ დოროთემ დატოვა აბბა სურიდის მონასტერი და დააარსა თავისი სავანე, რომელსაც აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა.
წმინდა მამას ეკუთვნის 21 ქადაგება, რამდენიმე ეპისტოლე და 87 შეკითხვა ღირსი მამების ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველის წერილობითი პასუხებით.
ხელნაწერთა სახითაა შემორჩენილი, აგრეთვე 30 სამოღვაწეო სიტყვა და აბბა ზოსიმეს მოძღვრების ჩანაწერი.
აბბა დოროთეს ნაშრომები დიდი სულიერი სიბრძნითაა აღსავსე, ისინი გამოირჩევა ნათელი, დახვეწილი სტილით, მარტივი და ყველასათვის მისაწვდომი ენით.
წმინდა მამა ხშირად მიმართავდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის რჩევებს. მორჩილება და თავმდაბლობა, შერწყმული ღვთისა და მოყვასის ღრმა სიყვარულთან, ის სათნოებებია, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სულიერი ცხოვრება, - ეს აზრი მსჭვალავს მის თხზულებებს.
მათ მიღმა ნათლად ჩანს ავტორის პიროვნება, რომელსაც ღირსი დოროთე (ხსენება 19 თებერვალს) ასე გვიხასიათებს:
- თანამოსაგრეებთან დამოკიდებულებაში ის იყო მორცხვი, მორჩილი, ალერსიანი, მისთვის უცხო იყო ამპარტავნება და თავხედობა; ახასიათებდა სიკეთე და უბრალოება, კამათის დროს უკანდახევა უყვარდა, რაც სათავეა მოკრძალებისა, კეთილმოსურნეობისა და თა¬ფლზე უტკბესი ერთსულოვნებისა ყოველგვარ სათნოებათა დედისა.
აბბა დოროთეს სწავლებები სანდო სახელმძღვანელოა სულიერ ღვაწლს შემდგართათვის და ყველასთვის, ვისაც გულწრფელად სურს ცხონება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი