წმინდა ბონიფაციუსი, რომლის საერო სახელიც უინფრიდი გახლავთ, დაახლოებით, 672 წელს, შვიდიდან ერთ-ერთ ანგლოსაქსურ სამეფოში, უისექსის დასავლეთით, ექსეტერის მახლობლად დაიბადა.
ანგელოზებრივი ცხოვრების სიყვარული ბავშვობიდანვე ჰქონდა და როგორც კი შვიდი წელი შეუსრულდა, მონასტერს მიაშურა, - თავიდან ექსეტერის, შემდეგ კი - ნერსლინგის სავანეს, სადაც წმინდა წერილი და საერო მეცნიერებანი შეისწავლა და მასწავლებლად განმწესდა.
გრამატიკას და რიტორიკას ოდენ მოსამზადებელ საფეხურად თვლიდა წმინდა წერილის შესასწავლად. თავად მონაზვნობის ცოცხალი მაგალითი გახლდათ და იმ ირლანდიელ ბერთა ხვედრს ნატრობდა, წარმართთა მოსაქცევად სამშობლო რომ დაუტევეს.
716 წელს მღვდლად დაესხა ხელი და გარკვეული ხნის შემდგომ, სამ მეგობართან ერთად ნერსლინგის სავანე დატოვა და ფრისლანდიაში წმინდა უილბროდტის (ხსენება 7 ნოემბერს) მისიას შეუერთდა.
ხსენებული მისია უამრავ დაბრკოლებას გადააწყდა, წარმართთაგან იმხელა აგრესია დახვდათ, უინფრიდი იძულებული შეიქნა, სამშობლოს დაბრუნებოდა.
საძმომ ფრიად თბილად მიიღო უინფრიდი და ახალგარდაცვლილი წინამძღვრის ნაცვლობა შესთავაზა, მაგრამ ვინჩესტერის ეპისკოპოსის წყალობით, ამ შეთავაზებაზე უარის თქმა შეძლო და ახალი მისიისთვის იწყო მზადება.
მაგრამ მანამდე, 718 წელს, ნეტარმა რომის სიწმინდენი მოილოცა, სადაც პაპი, გრიგოლ II პატივით შეხვდა და გერმანიის წარმართ ტომთა მოსაქცევად უფლებამოსილების დამადასტურებელი სიგელიც გადასცა.
მომავალი მისია რომის კათედრის ზედამხედველობის ქვეშ უნდა განხორციელებულიყო, ამიტომ, 719 წელს, რომის ერთგულების ერთგვარ დასტურად, პაპმა უინფრიდს სახელად ბონიფაციუსი უწოდა.
სწრაფად განვლო რა ბავარია და მიმდებარე მიწები, წმინდა მამა კვლავ ფრისლანდიას გაემართა, სადაც წმინდა უილბროდმა უტრეხტის კათედრა დაიბრუნა.
სამი წლის მანძილზე შეეწეოდა წმინდა ხუცესს იქაურთა მოქცევის საქმეში ბონიფაციუსი, მაგრამ როგორც კი ხსენებული კათედრის მისთვის გადაბარება დააპირა, ბონიფაციუსმა აუწყა, რომ მისი მისია წარმართ ტომთა მოქცევა იყო და გერმანიის იმ ტომთა გასაქრისტიანებლად უნდა წარმართულიყო, ყველაზე ნაკლებად რომ ეზიარნენ ქრისტეს ნათელს.
ნეტარმა მატერიკის სიღრმეს მიაშურა, ფრანკთა გავლენის ქვეშ მყოფ იმ ადგილს, სადაც წარმართობა ისევ ყვაოდა.
ჰესენში, ამენებურგს, მონასტერი დააარსა, რომელიც სამისიონერო ცენტრად იქცა.
როდესაც ბონიფაციუსის წარმატებათა თაობაზე პაპმა შეიტყო, 723 წელს რომს იხმო და ეპისკოპოსად დაასხა ხელი (მისთვის ეპარქია არ ჩაუბარებია, იგი, უშუალოდ, რომის კათედრას უნდა დამორჩილებოდა).
ჰესენს მიბრუნებულმა სამისიონერო მოღვაწეობა განაგრძო და მრავალი წარმართი მოაქცია, ჰეისმარის მახლობლად იდგა უზარმაზარი მუხა, მიძღვნილი ჭექა-ქუხილის ღმერთისადმი და ცრუმორწმუნენი მას თაყვანს სცემდნენ. ბონიფაციუსმა მოჭრა ეს "წმინდა" ხე.
შიშით დაზაფრული წარმართები ელოდნენ, რომ ღმერთი შურს იძიებდა ამ კადნიერზე, მაგრამ არაფერი მოხდა და ისინიც დარწმუნდნენ თავიანთი ღვთაების არარაობაში. მოჭრილი მუხა წმინდა პეტრეს სახელობის პატარა ეკლესიის მშენებლობაზე გამოიყენეს. ასეთივე წარმატებით მოღ¬ვაწეობდა ბონიფაციუსი ტიურინგენშიც.
პაპ გრიგოლ II-ის მემკვიდრემ, გრიგოლ III-მ უფრო გაუფართოვა უფლებები და სამოღვაწეო სფერო ბონიფაციუსს - მთელი გერმანიის არქიეპისკოპოსისა და პრიმასის წოდება მიანიჭა და ეპარქიების შექმნის, ეპისკოპოსების დადგინების ნება დართო.
წმინდა მამა, ახლოს გაეცნო რა გერმანელთა და ფრანკთა ეკლესიების მდგომარეობას, მეტად დარწმუნდა პაპისადმი მათი სრული დაქვემდებარების აუცილებლობაში. მას მიაჩნდა, რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება აღნიშნული ეკლესიების გათავისუფლებისა საერო და სასულიერო მმართველთა განუკითხაობისგან, რასაც შფოთი და არეულობა მოსდევდა.
მაგრამ ამ განზრახვის განხორცილება ძნელი აღმოჩნდა: - ბონიფაციუსს თითქმის ყველგან მტრულად ხვდებოდნენ, უკმაყოფილო ხელისუფალნი ეურჩებოდნენ და არ აღია¬რებდნენ მის უფლებებს.
ძველბრიტანული ეკლესიის მქადაგებლები, მთელ გერმანიაში რომ გაფანტულიყვნენ, ცდილობდნენ, ყველგან რომისადმი მტრული განწყობა დაენერგათ. დიდი ხნის წინ დაარსებული ზოგი მონასტერი თავს სრულიად დამოუკიდებლად მიიჩნევდა და ბონიფაციუსის მიერ შემოღებულ წესებს არ ემორჩილებოდა. მაგრამ ამ უკანასკნელმა თავისი შეუპოვრობითა და დაუღალავი ძალისხმევით შეძლო წინააღმდეგობათა გადალახვა.
მთელი მისი მოღვაწეობა გამუდმებული ბრძოლა იყო ხან წარმართებთან, ხან საერო და სასულიერო მმართველობასთან, ხანაც დამოუკიდებელი ეკლესიის მქადაგებლებთან.
ყველგან, სადაც ხალხის მოქცევა მოახერხა, ეკლესია-მონასტრები აღაშენა და ეპარქიები დააარსა, ეპისკოპოსებად კი - თავისი თანამზრახველები დანიშნა.
მოგვიანებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ფულდას მონასტერმა, რომელიც ბონიფაციუსმა თავის საყვარელ მოწაფეს, ბავარიელ შტურმს ჩააბარა.
ღირსი მამა დიდად ზრუნავდა ახალგაზრდობის განათ¬ლებაზე, ხსნიდა სასწავლებლებს, პირადად ზრდიდა რამდენიმე ყმაწვილს, რომლებიც შემდგომ მისი თანამუშაკნი და თანაშემწენი გახდნენ.
ბონიფაციუსმა ინგლისიდან გამოითხოვა წიგნები სკოებისთვის, წმინდა ჭურჭელი ეკლესიებისთვის, მოუხმო მონაზვნებს ახლად მოწყობილ მონასტრებში საცხოვრებლად. ინგლისის მრავალ სასულიერო პირთან შეინარჩუნა მეგობრული ურთიერთობა.
ეპისკოპოს დანიელ ვინჩესტერელისადმი, აგრეთვე, პაპისადმი მიწერილი მისი წერილები უაღრესად საინტერესო ცნობებს შეიცავს, თუ როგორი იყო ეკლესია ცენტრალურ ევროპაში და რა სირთულეები ეღობებოდა წინ მოშურნე მა-ხარებელთა მოღვაწეობას.
კარლოს მარტელის სიცოცხლეში, რომელიც საფრანგეთსა და გერმანიის ნაწილს მართავდა, ბონიფაციუსს ფრიად გაუჭირდა ფრანკთა მიწებზე, მაგრამ კარლოსის ვაჟები შედარებით დამყოლნი აღმოჩნდნენ: - კარლომანმა, რომელიც ავსტრაზიას (ფრანკთა სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც ახლანდელი გერმანიის რამდენიმე ოლქიც შედიოდა) განაგებდა და პიპინმა, ნოისტრიის (ფრანკთა მიწების დასავლეთ ნაწილის, ანუ საფრანგეთის) მმართველმა, ბონიფაციუსს ნება დართეს, გალიის ეკლესიის საქმეებში ჩარეულიყო, სადაც უკიდურესი განუკითხაობა და უწესრიგობა სუფევდა.
ბონიფაციუსმა სინოდების აღდგენაც შეძლო, ბოლო ოთხმოცი წლის განმავლობაში რომ არ მოუწვევიათ. პირველივე სხდომებზე აღიკვეთა ზოგიერთი აღმაშფოთებელი უწესობა, გადააყენეს რამდენიმე უღირსი მღვდელმთავარი და ის ეპისკოპოსები დაადგინეს, რომლებიც წმინდა მამამ წარადგინა, თავად კი ავსტრაზიის ეკლესიის მიტროპოლი¬ტად დაასხეს ხელი.
ამრიგად, საფრანგეთის ეკლესიამ ცნო პაპის სრული უპირატესობა და ძალაუფლება, რასაც, როგორც ვიცით, სიტყვიერად კარგა ხნის მანძილზე აღიარებდნენ.
დათმობა ახლაც არ მომხდარა წინააღმდეგობის გარეშე. საფრანგეთის ეპისკოპოსს (რუანის, რეიმსისა და სიენის) პაპმა ომოფორი გაუგზავნა, მაგრამ ისინი დიდხანს უარობდნენ მის მიღებას, რადგან ეს რომის ტახტისადმი დაქვემდებარებად მიაჩნდათ. მათი წინააღმდეგობა, როგორც იქნა, გატეხა ბონიფაციუსის შეუპოვრობამ.
წმინდა მამას ურთიერთობა ყველაზე მეტად მრავალრიცხოვან მქადაგებლებთან გაუჭირდა, მის მოსვლამდე რომ იღვწოდნენ გერმანიაში და თითქმის ყველა მათგანი ძველბრიტანულ ეკლესიას ეკუთვნოდა. ისინი თავდაუზოგავად და უანგაროდ შრომობდნენ და დიდი გავლენითაც სარგებლობდნენ. ხშირად ერი მათ გაცილებით ყურადღებით უსმენდა, ვიდრე ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სასულიერო პირებს, რომლებიც პაპის მმართველობის დამყარებისთვის იღვწოდნენ.
ძველბრიტანული ეკლესიის მქადაგებლები, რომის ეკლესიის გამარჯვებით დიდად დამწუხრებულნი, დიდხანს და შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდნენ ბონიფაციუსს. მათთვის მიუღებელი გახლდათ რომის მიერ შემოღებული საეკლესიო მოწყობა და წესდება, უარყოფდნენ სასულიერო პირთა უქორწინებლობას, რომის ბევრ ტრადიციას კი - ცრურწმენას უწოდებდნენ. ამავე დროს, თავად ეს მქადაგებელნი ჯიუტად და ბრმად იცავდნენ ჩვეულებებს, რომლებიც ეკლესიისთვის უცხო გახლდათ.
ბონიფაციუსსა და მათ შორის მძიმე, უთანასწორო ბრ¬ძოლა გაჩაღდა. ძალაუფლება ბონიფაციუსის მხარეს იყო. პაპები მას და მის მომხრეებს არათუ ნებას რთავდნენ, უბრძანებდნენ კიდეც, უმკაცრესად გასწორებოდნენ "ბრიტანელ ერეტიკოსებს", რომლებსაც გმობდნენ, ჯურღმულებში ამწყ¬ვდევდნენ, დევნიდნენ, ასახლებდნენ...
ბოლოს ყველა იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ბონიფაციუსს, რომელსაც ზურგს უმაგრებდნენ რომი და ყველა ადგილობრივი ხელისუფალი.
ძველბრიტანული, დამოუკიდებელი ეკლესიის მმართველობა დროებით დამარცხდა გერმანულ მიწებზე.
ბონიფაციუსის გამუდმებულ და დაუღალავ მოღვაწეობას ნიადაგ მხარს უჭერდა რომი, სადაც მესამედაც იმოგზაურა. თავისი ორმოცწლიანი შრომის დასასრულს წმინდა მამამ მოწყობილი, მკაცრ კანონებსა და პაპის ტახტს დაქვემდებარებული ეკლესია დატოვა.
ბონიფაციუსი განაგებდა მთელი გერმანიის საეპისკოპოსოებს, მაგრამ თავად არ ჰქონდა ეპარქია; მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს დაინიშნა მაინცის ეპისკოპოსად.
ამ ეპარქიაში მისი წინამორბედი ეპისკოპოსების ცხოვრების მაგალითად გამოდგება შემდეგი ამბავი: - კარლოს მარტელის მმართველობისას ამ ოლქს მისი ერთ-ერთი მთა-ვარსარდალი განაგებდა, რომელიც ბრძოლაში მოკლეს.
კარლოს მარტელმა მოისურვა, დახმარებოდა მის დაობლებულ ოჯახს და ეპარქია გარდაცვლილის უფროს ვაჟს ჩააბარა.
ჰევილიბი მამასავით მეომარი იყო და მეორე წელიწადსვე სალაშქროდ გაემართა. მამის სიკვდილისთვის შურისძიებით ანთებულმა სათათბიროდ მიიტყუა მეომარი, რომელმაც მისი მამა მოკლა და საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. მაშინდელი ეპისკოპოსისაგან ასეთი ქმედებანი უჩვეულო არ იყო, მაგრამ ბონიფაციუსმა მაინც მოითხოვა ჰევილიბის გადაყენება.
მრავალწლიანი მოღვაწეობით დამაშვრალმა ბონიფაციუსმა იგრძნო, რომ საქმის გასაგრძელებლად ძალა აღარ შესწევდა და ახალ პაპს, ზაქარიას, სთხოვა უფლება (რაც უკვე აღუთქვა გრიგოლ III-ს), თავის სიცოცხლეშივე აერჩია მემკვიდრე, რათა მისთვის გადაეცა მაინცის ეპისკოპოსისა და გერმანიის პრიმასის წოდება.
პაპი უხალისოდ დათანხმდა, რადგან ეშინოდა, გერმანიის ეკლესიას და მის პრიმასს მოგვიანებით დამოუკიდებლობა არ გამოეცხადებინა. მაგრამ ესოდენ დიდ მოღვაწეს უარი მაინც ვერ აკადრა და მანაც 754 წელს თავისი წოდება და უფლებები მოწაფესა და თანამემამულეს, ლულას გადაულოცა.
ბონიფაციუსს სურდა, სიცოცხლის უკანასკნელი დღეები და შერჩენილი ენერგია იმ საქმისთვის მიეძღვნა, რითიც მოღვაწეობა დაიწყო, - წარმართ ფრიზებთან ქადაგებით.
ორმოცდაათ თანამზრახველთან, ძირითადად, მონაზვნებთან ერთად, მოხუცი მეუფე რეინს დაუყვა, გადალახა ზუიდერზი, კარვები მდინარე ბორნას ნაპირას გააშლევინა, იქიდან წარმართთა სამკვიდრონი მოვლო, უქადაგა და რამდენიმე ათასი კაცი მონათლა, ახალმოქცეულთ დათქმულ დღეს მასთან მირონცხების საიდუმლოს აღსასრულებლად მისვლა უბრძანა და მხლებლებთან ერთად კარვებს დაუბრუნდა.
იმ დღეს, 755 წლის 5 ივნისს, გამთენიისას, მოახლოებული ბრბოს ხმაური გაიგონა, ეგონა, ახალმოქცეულები მოდიოდნენ და სიხარულით გამოეგება, მაგრამ შეიარაღებულ წარმართთა ტალღა იხილა, რომელთაც თავიანთი ღმერთების შეურაცხყოფისთვის შურისძიება სურდათ.
მხლებლებმა იარაღზე იტაცეს ხელი, მაგრამ წმინდა მამამ შეაჩერა:
- მტკიცე იყავით და სულით შეუძვრელნი, სასოებდეთ უფალს და ნუ შეგეშინდებათ მათი, ვისაც ხორცის მოკვდინება შეუძლია!
მოხუცმა სახარება მაღლა აღმართა და მშვიდად შეეგება სიკვდილს, - 78 წლისამ მიაბარა უფალს სული.
მასთან ერთად აღესრულნენ წმინდა მამის თანამოღვაწენიც, - 52 ადამიანი.
მტარვალებმა მახვილებით აჩეხეს მოღვაწენი და მათი ერთადერთი საუნჯე - წმინდა წიგნები...
მოგვიანებით მათი ნაწილნი ქრისტიანებმა შეკრიბეს, ღირსი მამის სხეული ჯერ მაინცს გადააბრძანეს, იქიდან კი, მისივე ანდერძისამებრ, მის საყვარელ ფულდას მონასტერში, რომელიც მოგვიანებით გერმანული ეკლესიის ერთობის სიმბოლოდ იქცა.
ფრიზთა მოქცევა მისმა მოწაფემ, სარწმუნოებისთვის თავდადებულმა, 14 წლის გრიგოლმა განაგრძო.
ბონიფაციუსის მოღვაწეობას სხვადასხვაგვარად აფასებენ, - ერთნი მოწიწებით იხსენიებენ, როგორც გერმანიის ეკლესიის დამაარსებელს და მის საქმიანობას გამართლებულად მიიჩნევენ, მეორენი კი იმას საყვედურობენ - პაპის მმართველობა განაძლიერა და დიდ ყურადღებას უთმობდა ეკლესიის გარეგნულ კეთილმოწყობასო, მაგრამ მიუხედავად აზრთა ამგვარი სხვადასხვაობისა, ყველა აღიარებს მის გულწრფელობას, უანგარობასა და თავგანწირვას, უდრეკ ნებისყოფას, წინდახედულებას, აზროვნების სიღრმეს და წამოწყებული საქმისადმი დიდ თავდადებას.
ყოველივე ამისთვის მას სამართლიანად ეწოდა გერმანიის მოციქული, თუმცა, როგორც ვიცით, ის ამ მიწებზე პირველი მქადაგებელი არ ყოფილა.
სავარაუდოა, საშინელმა უწესრიგობამ საფრანგეთის ეკლესიაში, მის საქმეებში საერო ხელისუფალთა თვითნებურმა ჩარევამ და ქრისტიანული განათლების დაცემამ აფიქრებინა ბონიფაციუსს, რომ რომის სასულიერო ხელისუფლების მმართველობის ქვეშ უკეთ განვითარდებოდა და შენარჩუნდებოდა სულიერი საწყისები, რასაც ეკლესია ეფუძნება.
თავად ბონიფაციუსი გულწრფელად და მონდომებით ზრუნავდა განათლებაზე, დაუნდობლად ებრძოდა თანამდებობებით ვაჭრობას, სასულიერო პირთა მხრიდან მოვა¬ლეობათა არად ჩაგდებას. რომის პაპისადმი თავისი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მასაც თამამად მიუთითებდა მისი ნებართვით ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე.
მაგრამ რომის ეკლესია უკვე იდგა მცდარ გზაზე; გარეგნული უპირატესობისა და ძლიერების ძიებაში მისი მოღვაწეობა სულ უფრო შორდებოდა ჭეშმარიტ ქრისტიანულ საწყისებს. წარმართების მოქცევამ თანდათანობით პაპის ძალაუფლებისადმი იძულებით დამორჩილების ხასიათი მიიღო.
ძირითად მიზნად ქრისტიანული ეკლესიის დაფუძნება კი არა, პაპის უპირატესობის აღიარება იქცა, ხოლო ქვეყნის ჭეშმარიტი განათლება არავის ახსოვდა. იგებოდა ეკლესია-მონასტრები, ადამიანები ინათლებოდნენ და ღვთისმსახურებასაც ესწრებოდნენ, მაგრამ სარწმუოების შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. მიუხედავად ამისა, ქვეყანა გაქრისტიანებულად ითვლებოდა.
ამგვარი მოვლენების მიზეზი ისიც გახლდათ, რომ რომის ეკლესიამ ყველგან ლათინურ ენაზე შემოიღო ღვთისმსახურება და წმინდა წერილს სხვა ენებზე საერთოდ არ თარგმნიდა. მხოლოდ მოშურნე მქადაგებლები თვლიდნენ საჭიროდ, შეესწავლათ ადგილობრივი ენა, რათა ახალმო-ქცეულთათვის ყველაზე აუცილებელი ლოცვები ეთარგმნათ.
ასე იღვწოდნენ რომის მახარებლები VIII-IX საუკუნეთა მანძილზე, როდესაც პაპის ძალაუფლება სწრაფად იზრდებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთში მომხდარ სხვადასხვა ხელსაყრელ გარემოებათა გამო.
ღირსი მამის მოწაფემ, ლულამ, კი მიიღო მისი უფლებები, მაგრამ წინამძღვრისაგან განსხვავებით, ნაკლებად უერთგულა პაპის ტახტს. პაპებიც არ ენდობოდნენ და ცდილობდნენ, შეეზღუდათ მისი გავლენა.
მოგვიანებით კელნის, ზალცბურგისა და პასაუს ეპარქიები მაინცის ეპარქიას გაუთანაბრეს, თუმცა, ეს უკანასკნელი მაინც ყველაზე დიდი პატივით სარგებლობდა.
გერმანული ტომებიდან ძველ სარწმუნოებასა და ეროვნულ დამოუკიდებლობას ყველაზე ჯიუტად საქსონელები იცავდნენ. უნდა ითქვას, რომ მათთანაც პირველნი ინგლისელი მქადაგებლები მივიდნენ.
შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ფრანკები ცდილობდნენ საქსონელების დაპყრობასა და იძულებით მონათვლას, მაგრამ ამაოდ. ბონიფაციუსიც რამდენჯერმე მიადგა მათ საზღვრებს, მაგრამ ვერა გააწყო რა. მათი გაქრისტიანება მხოლოდ VIII საუკუნის უკანასკნელ წლებში მოხერხდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი