წმინდა კონსტანტინე დიდი (+337) და ელენე დედოფალი (+327) - 21 მაისი (3 ივნისი)
წმინდა კონსტანტინე დიდი (+337) და ელენე დედოფალი (+327) - 21 მაისი (3 ივნისი)
რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, სამას წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს. ქრისტიანების დევნის შეწყვეტა იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელთან არის დაკავშირებული. ახალი სარწმუნოებით, ქრისტეს მოძღვრებით კონსტანტინე დიდი ნგრევის პირას მისული რომის იმპერიის ერთიანობის შენარჩუნებასა და განახლებას ცდილობდა. ქრისტიანობა, მისი აზრით, მრავალეროვანი იმპერიის სიმტკიცის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

რომის იმპერიის არსებობის პირველ ხანებში რომაელები სიმამაცით, ზნესრულობითა და სამშობლოს მხურვალე სიყვარულით გამოირჩეოდნენ. ძველი რომაელისთვის, რომელიც პირადზე მაღლა საერთო საქმეს აყენებდა, მამული, მისი დიდება და პატივი საკუთარ სიცოცხლეზე ძვირად ფასობდა. მაგრამ ქრისტიანობის წარმოშობის წლებში საზოგადოებრივი ყოფის უკვე სხვა, სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ. გაუთავებელ დაპყრობით ომებში მოპოვებულმა გამარჯვებებმა ერი გააამპარტავნა, დამარცხებული ქვეყნების ძარცვით მოხვეჭილმა სიმდიდრემ ზნეობრივი იდეალები გაამიწიერა. უაზრო ფუფუნებაში ნებივრობამ წინაპართა სიმამაცე და გამძლეობა წარსულს ჩააბარა. ზრუნავდნენ არა სახელმწიფოს, არამედ საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებაზე. რომის ხელისუფალნი ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას ბრწყინვალე სანახაობებითა და უფასოდ დარიგებული პურით ცდილობდნენ. ამ სანახაობებით ისინი ადამიანის არსებაში მთვლემარე ბნელ ვნებებს აღვიძებდნენ და აქეზებდნენ, რათა ზნეობრივად დაცემულსა და გარყვნილ ქვეშევრდომებზე შეუზღუდავად ებატონათ.

მართალია, ბერძენთა მსგავსად, თავიანთი მითებისა და ღმერთების ალბათ ნაკლებად სჯეროდათ, მაგრამ, სამაგიეროდ, როგორც ეს ურწმუნოებს და მცირედმორწმუნეებს ახასიათებთ, საშინელი ცრუმორწმუნეობით იყვნენ შეპყრობილნი; რომაელთა როგორც საზოგადოებრივი, ასევე კერძო ყოფა სავსე იყო ადათებითა და რიტუალებით, რომლებითაც მტრული და ბოროტი ძალების მოგერიებას ან მათი გულის მოგებას ცდილობდნენ; წყევლა აშინებდათ, მომავალს ფრინველებისა და მსხვერპლის შიგნეულზე მკითხაობდნენ, არჩევდნენ კეთილსა და ბოროტ დღეებს; ბოლოს ყოველივე ამას აღმოსავლეთიდან შემოჭრილი მოგვების ხელოვნება - ვარსკვლავთმრიცხველობაც დაემატა.

ტრადიციად იქცა იმპერატორისთვის ღმრთეებრივი პატივის მიგება და თაყვანისცემა. გარყვნილი და ბოროტი იმპერატორები - ტიბერიუსი და კალიგულა ღმერთებად შერაცხეს, საკურთხევლები აუგეს, სადაც მათ, ვითარცა კერპებს, მსხვერპლს სწირავდნენ და გუნდრუკს უკმევდნენ. წარმართული რელიგია, ცრუმორწმუნეობრივი შიშის, ჩვევებისა და სამოციქულო დადგენილებათა წყალობით, შერყეული რწმენის საპირისპიროდ, საკმაოდ მტკიცე იყო, თვით ფილოსოფოსებიც და განსწავლული მწერლებიც კი, რომელნიც თავიანთ თხზულებებში ღმერთებს დასცინოდნენ, რიტუალებში მონაწილეობაზე უარის თქმას ვერ ბედავდნენ.

მდიდარი რომაელების ცხოვრება სრულ ფუქსავატობაში, გაუთავებელ ნადიმებსა და გარყვნილობაში მიდიოდა, რის გამოც სულისა და გონების ყოველი ცხოველი ძალა, გაზულუქებული სხეულისგან განსხვავებით, ჩამკვდარი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ყოველი ამაღლებულისა და მშვენიერისადმი გულგრილ რომაელებს, რომელთაც ხელოვნების დიდებული ქმნილებანი უკვე აღარ ხიბლავდა, მხოლოდ ადამიანთა ტანჯვის გამომხატველი სანახაობანი იზიდავდა; მათი მთვლემარე სულის გამოღვიძება ენით უთქმელ სისასტიკეს და დაუნდობლობასღა შეეძლო.

მდიდრებს არც საშუალო და დაბალი ფენები ჩამორჩებოდნენ, ცრუმორწმუნე და უვიცი ხალხი, რომელთა ცხოველური ინსტინქტების გაღვიძებას ხელისუფლებაც გულმოდგინედ ხელს უწყობდა, მხოლოდ ძალასა და სიმდიდრეს ეთაყვანებოდა. მათი გულის მოსაგებად იმპერატორებს მხეცები აფრიკიდან ჩამოჰყავდათ, არც სამსხვერპლო ადამიანები აკლდათ: თავდაპირველად სამხედრო ტყვეები და სიკვდილმისჯილები, ხოლო შემდეგ ქრისტიანები. ამგვარ "გართობას" მრავალი ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა.

და აი, წარმართობის წყვდიადში უცბად ღმრთაებრივი ნათლის სხივები გაბრწყინდა. ამ უქნარა და გარყვნილ საზოგადოებაში უცბად გაისმა სიტყვები მოყვასის სიყვარულზე, შეურაცხყოფის მიტევებაზე, გულმოწყალებაზე, თავმდაბლობასა და მორჩილებაზე, მახლობელთათვის თავგანწირვასა და მტრებისთვის ლოცვაზე. როგორი სიხარული უნდა გამოეწვია დაჩაგრულთა და განწირულთა გულებში იმის შეტყობას, რომ ისინი სრულიადაც არ იყვნენ დავიწყებულნი და მიგდებულნი, რადგან მათზე თვით ყოვლისშემძლე და ყოვლადსახიერი ზეციერი მამა ზრუნავდა. ეს იყო იმედის ნაპერწკალი, რომელიც გაღვივდა და ცეცხლად აენთო და შთანთქა წარმართული სიბნელე. ვიდრე რომის იმპერია ქრისტიანობას, როგორც იუდაიზმის ერთ პატარა სექტას, ისე უყურებდა, იგი სწრაფად ვრცელდებოდა და უჩვეულოდ იზრდებოდა. გაძლიერება-განმტკიცებამდე უფალმა ქრისტიანები დაიფარა. იმ დროს, როცა მდიდრული და გარეგნულად ბრწყინვალე წარმართული რომი დაღუპვის პირას იდგა, მიწისქვეშა კატაკომბებში, სადაც პირველი ქრისტიანები უცხო თვალისგან დაფარულად ლოცულობდნენ, ახალი ცხოვრება იბადებოდა. როცა იმპერიამ ახალ რელიგიას, ბოლოს და ბოლოს, ყურადღება მიაქცია, ქრისტიანები უკვე ქრისტეს მტკიცე მხედრები იყვნენ.

რატომ დევნიდნენ რომაელები ასე სასტიკად ქრისტიანებს მაშინ, როცა სხვა ხალხთა რელიგიებს გულგრილად და ერთგვარი შემწყნარებლობითაც კი უყურებდნენ? ამის მიზეზი რამდენიმეა: ერთ-ერთი მათგანია ის, რომ ქრისტიანთა სათნოებანი წარმართული საზოგადოებისთვის მუდმივი საყვედური და მხილება იყო. არც საკუთარი და არც სხვა რელიგიები, რომელთაც იცნობდნენ, ისე ცხოვრებას, როგორც ისინი ცხოვრობდნენ, არ უშლიდნენ, ქრისტიანობა კი ცხოვრების წესის ზნეობრივი თვალსაზრისით ძირფესვიანად გარდაქმნას მოითხოვდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ზნეობრიობა ცხოველური ინსტინქტებისა და მისწრაფებების ალაგმვას მოითხოვს, მის მქადაგებლებს რომაელები კაცობრიობის სიძულვილს აბრალებდნენ; წარმართებს ურწმუნოებად მიაჩნდათ ის, რომ ახალი რელიგიის მიმდევრები თავიანთ ღმერთს მსხვერპლს არ სწირავდნენ და მათ უღმერთოებს, ათეისტებს უწოდებდნენ (იმ დროს ქრისტიანებზე ასეთი ანეკდოტიც კი დადიოდა: ქრისტიანები იმდენად ღარიბები არიან, რომ სულ რაღაც ერთი ღმერთი ჰყავთო). ამასთან, რადგან ქრისტიანები ცოცხალი ადამიანების - იმპერატორების გაკერპებასა და მათ პატივსაცემად დადგენილი ადათების დაცვაზე უარს ამბობდნენ, ხელისუფლება მათ ურჩ მოქალაქეებად მიიჩნევდა; დაბოლოს, ყოველივე ამას ემატებოდა საგანგებოდ შეთხზული და ოსტატურად გავრცელებული ცილისწამებანი, თითქოს ქრისტიანები თავიანთ შეკრებებზე საზარელ დანაშაულს სჩადიოდნენ - ჩვილებს ხოცავდნენ და მათ ხორცს ჭამდნენ. ყველაზე ძნელად შეს-აგუებელი ის იყო, რომ სასტიკი და გარყვნილი წარმართული საზოგადოება ქრისტიანობას სწორედ იმას აბრალებდა, რაც თავადვე ახასიათებდა. წარმართი სწავლულები დასცინოდნენ გალილეველთა (ასე უწოდებდნენ ქრისტიანებს) სიგიჟეს, რომელნიც ჯვარცმულ ღმერთს ეთაყვანებოდნენ და მკვდართა აღდგომას ელოდებოდნენ. ამგვარ ცილისწამებებს, დაცინვასა და დევნას ქრისტიანები მომავალი ცხოვრების რწმენით მშვიდად ხვდებოდნენ და მტრებისთვის ლოცულობდნენ.

ნიკეის I საეკლესიო კრებამდე რომის იმპერატორები თითქმის გამუდმებით დევნიდნენ ქრიატიანებს. პირობითად გამოყოფენ ათ ძირითად დევნას, რომლებიც გარკვეული ასპექტებით სხვებზე გამორჩეულები არიან.

I დევნა

იმპერატორი - ნერონი (37-54-68 წწ, შესაბამისად - დაბადება, გაიმპერატორება, გარდაცვალება)

დევნის პერიოდი - 64-68 წწ.

დევნის მიზეზი - დევნის მიზეზი გახდა 64 წელს რომში გაჩენილი ხანძარი, რომელიც იმპერატორმა ქრისტიანებს დააბრალა. დევნა კიდევ უფრო გაასასტიკა, ქრისტიანთა მისამართით გამოთქმულმა მოგონილმა ბრალდებებმა, რომლის მიხედვითაც მათ ჰქონდათ - უკანონო და გამთენიის შეკრებები, ჯადოსნობის ხელოვნება; ათეიზმი; გარყვნილობა; კანიბალიზმი - (ჩვილების ჭამა და ნეკროფილია)

დიდი მოწამენი - მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე.

II დევნა

იმპერატორი - დომიციანე (51-81-96 წწ.)

დევნის პერიოდი - 94-96 წწ.

დევნის მიზეზი - ქრისტიანებს დააბრალეს უღმერთობა და ამბოხების მცდელობა, რადგან ისინი არ სწირავდნენ მსხვერპლს იმპერატორს - დომიციანე ძალიან განარისხა, საკუთარი ნათესავების გაქრისტიანებამ და დაიწყო საშინელი დევნა.

გამორჩეული მოღვაწე - იოანე მოციქული (მახარებელი).

დიდი მოწამენი - დიონისე არეოპაგელი; პერგამონის ეპისკოპოსი ანტიპა; დომიციანეს ბიძაშვილი - ფლავიუს კლემენტუსი;

III დევნა

იმპერატორი - ტრაიანე (53-96-117 წწ.)

დევნის მიზეზი - ქრისტიანები არ სცემდნენ თაყვანს იმპერატორს და არ იფიცებდნენ მას. გარდა ამისა, ტრაიანეს გამოცემული კანონით იკრძალებოდა საიდუმლო შეკრებები, ქრისტიანები კი საკუთარ ღვთისმსახურებაზე მოუნათლავებს არ ასწრებდნენ, რაც საკმარისი მიზეზი იყო დევნის დასაწყებად.

დიდი მოწამენი - წმ. კლიმენტი რომაელი; წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი.

IV დევნა

იმპერატორი - ადრიანე (76-117-138 წწ.)

დევნის მიზეზი - იმპერატორს სჯეროდა წარმართობის და მასზე დიდ გავლენას ახდენდნენ ქურუმები. ქურუმებს ქრისტიანობის გავრცელებამ მიმდევრები დააკარგვინა, რამაც სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია. მათ დაარწმუნეს იმპერატორი, რომ ქრისტიანთა განადგურება, ღმერთებისათვის მოსაწონი საქციელი იქნებოდა და დევნაც დაიწყო.

დიდი მოწამენი - წმ. სოფიო და მისი სამი ასული; წმ. ევსტატი პლაკიდა.

V დევნა

იმპერატორი - მარკუს ავრელიუსი (121-161-180 წწ.)

დევნის მიზეზი - იმპერატორი სტოელთა სწავლების მიმდევარი იყო და აღიარებდა, რომ ღმერთი არ არსებობდა, ხოლო სათნოებანი და სულიერი სიმტკიცე კი პიროვნების ღირსებას მიეკუთვნება, ამის გამო იგი, რა თქმა უნდა, ზიზღით უყურებდა იმ სარწმუნოებას, რომელიც ადამიანურ სისუსტეებს და ცოდვათა მიტევების.აუცილებლობას ქადაგებდა. მასზე დიდი გავლენა ჰქონდათ წარმართ ფილოსოფოსებს, რამაც საბოლოოდ შედეგად მოიტანა ის, რომ დაიწყო სასტიკი დევნა. გამორჩეული მოღვაწე - წმ. იუსტინე აპოლოგეტი.

VI დევნა

იმპერატორი - მაქსიმინე (მაქსიმე თრაკიელი) (173-235-238 წწ.)

დევნის პერიოდი - 235-238 წწ.

დევნის მიზეზი - მაქსიმინეს გაიმპერატორობიდან მალე მოუწყვეს შეთქმულება. მან იეჭვა, რომ ამაში მონაწილეობდნენ ქრისტიანები, რასაც დაემატა საშინელი მიწისძვრაც და ეს ყველაფერი დაბრალდა ქრისტიანებს. სასტიკი დევნა იმპერატორის სიკვდილის შემდეგ დასრულდა.

მოწამე - ორიგენეს მამა ალექსანდრე.

VII დევნა

იმპერატორი - დეციუსი (201-249-251 წწ.)

დევნის პერიოდი - 250-251 წწ.

დევნის მიზეზი - გამეფებიდან მოკლე ხანში დეციუსმა იმპერიის ოლქებში ბრძანება გაგზავნა, რომლითაც ყველა ქრისტიანი, ვინც სარწმუნოებას არ უარყოფდა, სიკვდილით უნდა დასჯილიყო. დეკიუსი ფიქრობდა, რომ ამ გზით ღმერთების წყალობას მოიპოვებდა და თავიდან აიცილებდა იმ უბედურებებს, რომლებიც იმპერიას ემუქრებოდა.

ამ ყოველივეს კი, ერთი ვერსიით ხელი შეუწყვეს მჩხიბავებმა, რომლებმაც ქრისტიანთა წინააღმდეგ წააქეზეს იმპერატორი.

გამორჩეული მოღვაწეები - ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიონისე, ორიგენე, კვიპრიანე კართაგენელი, გრიგოლ ნეოკესარიელი.

VIII დევნა

იმპერატორი - ვალერიანე (200-253-259 წწ.)

დევნის პერიოდი - 257-259 წწ.

დევნის მიზეზი - ეგვიპტელი მოგვების მოძღვარმა და საკრებულოს მთავარმა (ფინანსთა მინისტრმა) მაკრიანემ დაარწმუნა ვალერიანე, რომ დაეწყო დევნა, რადგან მისი და მისი მიმდევრების შელოცვებისა თუ სხვა რიტუალების სიცრუეს ადვილად ამხელდნენ ხოლმე ქრისტიანები.

გამოცემული ედიქტები:

I - 257 წ. იგი კრძალავდა ქრისტიანთა შეკრებებს.

II - 258 წ. მოითხოვდა სასულიერო პირთა დასჯას.

დიდი მოწამენი - კვიპრიანე კართაგენელი, ეპისკოპოსი სტეფანე, ეპისკოპოსი სიქსტუსი, არქიდიაკონი ლავრენტი…

გამორჩეული მოღვაწე - ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიონისე.

IX დევნა

იმპერატორი - ავრელიანე (214-270-275 წწ.)

დევნის პერიოდი - 275 წ.

დევნის დაწყება - 275 წელს იმპერატორმა ავრელიანემ ქრისტიანთა წინააღმდეგ ახალი ბრძანება გამოსცა, რასაც შედეგად მათი დევნის დაწყება მოჰყვა, მაგრამ გავრცელება ვერ მოასწრო, რადგან ავრელიანე მოკლეს.

დიდი მოწამენი - წმ. პავლესა და მისი და იულიანა, წმ. კონონსი, ქრისანთესა და დარია.

X დევნა

იმპერატორი - დიოკლეტიანე (244-284-305 წწ.)

დევნის პერიოდი - 303-305 წწ.

დევნის მიზეზი - დიოკლეტიანეს "რელიგიურმა ტოლერანტობამ" შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ, იმპერიისვე სასიკეთოდ მან დაიწყო რელიგიური რეფორმა, რაც ნიშნავდა "ძველი რომაული რელიგიის" აღორძინებას და იმპერატორის კულტის წინ წამოწევას, რაშიც, რა თქმა უნდა, ვერ დაეხმარებოდნენ ქრისტიანები, რადგან დიოკლეტიანეს მიერ, იმპერატორისთვის განკუთვნილი სახელი - "უფალი და ღმერთი", ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანთა მოძღვრებას. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ მნიშვნელოვნად განაპირობა დევნა, თანაიმპერატორის - გალერიუსის ფაქტორმა, რომლის დედაც იყო ქურუმი და ვერ იტანდა ქრისტიანებს.
გამოცემული ედიქტები:

I - ყველა სასულიერო პირის დაპატიმრების შესახებ.

II - ვინც უარს იტყოდა მსხვერპლშეწირვაზე, მათი დასჯა

გამორჩეული მოღვაწეები - ანტონი დიდი, ლაკტანციუსი…

დიდი მოწამენი - გიორგი ძლევაშემოსილი, პეტრე ალექსანდრიელი, თეოდორე ტირონი, დიმიტრი თესალონიკელი, წმ. ბარბარე.

როგორ ავიდა რომის იმპერიის ტახტზე კონსტანტინე

საინტერესოა ის, რაც ხდებოდა რომის სახელმწიფოს მმართველებს შორის IV საუკუნის დასაწყისში. იქ ურთიერთმტრობა და ძმათამკვლელი ბრძოლა არ წყდებოდა, რაც მთელი იმპერიის მთლიანობასა და ძლიერებას სცემდა ლახვარს. 305 წელს დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ უარი თქვეს ტახტზე. აღმოსავლეთის იმპერატორი გახდა გალერიუსი (305-311 წწ.), ხოლო მისი დისწული მაქსიმინე დაზა (309-313 წწ.) - კეისარი. დასავლეთში საიმპერატორო ძალაუფლება მიიღო კონსტანციუს ქლორუსმა, რაც კეისარ სევერუსთან ერთად გაიყო.

მაგრამ ასეთი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა - კონსტანციუსი თავისი მმართველობის პირველსავე წელიწადს ბრიტანეთში დასნეულდა და მოიხმო თავისი ძე კონსტანტინე, რომელიც გალერიუსის ლეგიონში მსახურობდა ნიკომიდიაში.

კონსტანტინე მთელ ლაშქარს უყვარდა - თავმდაბლობით, განსწავლულობითა და გონიერებით გამორჩეული კონსტანსტინე, ამ სიყვარულს მართლაც იმსახურებდა; როდესაც ხელისუფლებთან ერთად გამოდიოდა ხალხისა და ლაშქრის წინაშე, ყველას ყურადღებას იპყრობდა; იყო კეთილადაღნაგი, პირმშვენიერი და ძლიერი ჭაბუკი. ამ თვისებათა გამო გალერიუსი მასში მეტოქეს ხედავდა, მისი ეშინოდა და არაერთხელ სცადა მისი თავიდან მოშორება. როდესაც ბრიტანეთში მყოფმა მომაკვდავმა კონსტანციუსმა თავის ძეს უხმო, გალერიუსმა კიდევ ერთხელ ჩაიფიქრა მისი მოკვლა, მაგრამ კონსტანტინემ გაქცევით უშველა თავს და მამასთან ჩავიდა. როგორც კი კონსტანციუსი გარდაიცვალა, ბრიტანეთში მოქმედმა ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს ოცდათორმეტი წლის კონსტანტინე, რომელმაც მშვიდად და სამართლიანად იწყო მართვა, დაადასტურა მამის ყველა ბრძანება ქრისტიანთა დასაცავად და მალე ბარბაროსებზე უდიდესი გამარჯვებებით გაითქვა სახელი.

გალერიუსი უკმაყოფილო დარჩა განვითარებული მოვლენებით, ამიტომ იმპერატორად აღიარა არა კონსტანტინე, არამედ იტალიისა და აფრიკის მმართველი სევერუსი. ამასობაში იტალიაში იმპერატორად გამოაცხადეს მაქსიმიანეს ძე მაქსენციუსი (306-312 წწ.). სევერუსის მხარდამჭერმა გალერიუსმა ჯარი გაგზავნა მაქსენციუსის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელმა კი დახმარება თავის მამას, მაქსიმიანეს სთხოვა, რომელმაც ცოტა ხნით ისევ დაიბრუნა მმართველობა, სევერუსი დაიმორჩილა და მოკლა. გალერიუსმა სევერუსის ადგილზე იმპერატორად თავისი მხედართმთავარი ლიცინიუსი (308-324) დაასახელა, ჯარმა კი კეისარ მაქსიმინეს დაუჭირა მხარი. ამრიგად, ერთსა და იმავე დროს ექვსი იმპერატორი მართავდა ქვეყანას. ესენი იყვნენ: კონსტანტინე, გალერიუსი, მაქსიმინე, ლიცინიუსი, მაქსენციუსი და მაქსიმიანე. ისინი გაუთავებლად ეომებოდნენ ურთიერთს. მხოლოდ კონსტანტინეს ქვეშევრდომები ტკბებოდნენ მშვიდობითა და კეთილდღეობით.

310 წელს გალერიუსს საშინელი სენი შეეყარა, დაიფარა წყლულებით, რომელშიც მატლებმა დაიბუდეს, სხეულის ზოგმა ნაწილმა ლპობა დაიწყო... უსაზღვროდ იტანჯებოდა, მთელ სასახლეში ისმოდა მისი გმინვა, ამაოდ ევედრებოდა ღმერთებს დახმარებას, ვერც მკურნალთა ოსტატობა შველოდა... ერთ წელს გაგრძელდა გალერიუსის წამება, რომელიც ბოლოს მიხვდა - ეს მძიმე განსაცდელი მას ქრისტიანებისადმი გამოჩენილი სისასტიკის გამო ხვდა. მან მაშინვე ბრძანა დევნის შეწყვეტა, ნება დართო ქრისტიანებს, აეგოთ ეკლესიები და აღესრულებინათ ღვთისმსახურება, ამასთან სთხოვა, მისი გამოჯანმრთელებისთვის ელოცათ. რა თქმა უნდა, მან ეს სინანულით კი არა, შიშისა და სასოწარკვეთილების გამო მოიმოქმედა. ამიტომაც მისი ტანჯვა არ შემსუბუქებულა, მალევე გარდაიცვალა იმავე სენით, რამაც ანტიოქე ეპიფანესა და ჰეროდეს მოუღო ბოლო.

გალერიუსის ბრძანების კვალად ქრისტიანები საპყრობილეებიდან და მაღაროებიდან გაათავისუფლეს და ისინიც დიდ ჯგუფებად დაადგნენ შარაგზას თავიანთი სამშობლოსაკენ, თან უგალობდნენ და ადიდებდნენ ქრისტეს. აღმსარებლებს ყველგან პატივისცემითა და სიყვარულით ეგებებოდნენ - წარმართებსაც კი მოჰბეზრდათ გაუთავებელი ხოცვა-ჟლეტა და კმაყოფილები ხვდებოდნენ მშვიდობის აღდგენას. მრავალმა შეიგნო, რომ სარწმუნოება, რომელიც ასეთი საშინელი და ხანგრძლივი გამოცდის შემდეგაც კი შეუძვრელი დარჩა, ღვთისგან იყო ბოძებული.

ქრისტიანთა მდევნელი მაქსიმინეა

მაგრამ ზოგიერთ ოლქში სიხარული მალე ჩაქრა. ბრძანებით დიდად უკმაყოფილო დარჩა სირიისა და ეგვიპტის მმართველი მაქსიმინე, მაგრამ ვერ გაბედა, აშკარად აღდგომოდა წინ ბრძანებას, რომელსაც ხელს აწერდნენ მასზე გაცილებით ძლიერნი: გალერიუსი, ლიცინიუსი და კონსტანტინე. მან თავის ოლქებში საჯაროდ არ გამოაცხადა ხელისუფალთა ნება, მხოლოდ სიტყვიერი განკარგულება გასცა დევნის შეწყვეტისა. გალერიუსის სიკვდილის შემდეგ იგი დაუფარავად დაუპირისპირდა ქრისტიანებს, აუკრძალა ლოცვითი შეკრებები; მოითხოვა - იძულებულნი გაეხადათ ისინი, რომ ყველას უკლებლივ, თვით ყრმებსაც კი, მსხვერპლი შეეწირათ ღმერთებისთვის. ურჩებს გვემა და სიკვდილი ელოდა და აღსრულდა კიდეც ეს მუქარა - უამრავი ქრისტიანი დაასახიჩრეს - გამოსთხარეს მარჯვენა თვალი. ბევრი ცნობილი ეპისკოპოსი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის პეტრე ალექსანდრიელი, მეთოდე ტვირელი და სხვები.

მაქსიმინე არ სჯერდებოდა ქრისტიანების დევნას, ის ფანატიკურად ერთგული იყო წარმართობისა და სურდა, სრულად ამოეძირკვა ქრისტიანული სწავლება, რისთვისაც ყველაზე ვერაგულ საშუალებებს იყენებდა. მისი ბრძანებით შეადგინეს თხზულებები, სადაც მაცხოვრის ცხოვრება და სწავლება გაუკუღმართებულად იყო წარმოდგენილი. იმ ხანებში გავრცელდა თითქოსდა პილატეს მიერ შეთხზული რაღაც წერილი იესო ქრისტეზე, რომელიც მკრეხელობითა და ცილისწამებით იყო აღსავსე. ნაბრძანები იყო, რაც შეიძლება ბევრი ასეთი წიგნი დაერიგებინათ ხალხში, სკოლის მასწავლებლებს კი ევალებოდათ, ბავშვებისთვის იძულებით ესწავლებინათ მკრეხელური თხზულებები. მიდიოდა როსკიპ დედაკაცთა მოსყიდვა, რომლებიც იფიცებდნენ, რომ ოდესღაც ეკუთვნოდნენ ქრისტიანებს და კარგად იციან, თუ რა გარყვნილ ცხოვრებას ეწევიან ისინი. მოხელენი იწერდნენ მათ ცრუ ჩვენებებს და შეძლებისამებრ ავრცელებდნენ.

მაქსიმინე ქალაქებში აგებდა ბომონებს, საზეიმოდ ასრულებდა წარმართულ რიტუალებს; ოლქისა და ქალაქის მმართველებს მოუწოდებდა, კერპებისთვის ეთხოვათ "უღმერთო" ქრისტიანების განდევნა. მისთვის რომ ესიამოვნებინათ, ბევრი დათანხმდა მისი ნების შესრულებას. მაქსიმინე განსაკუთრებული კეთილგანწყობით ხვდებოდა ასეთ მორჩილებას და თითქოს ქვეშევრდომთა სურვილის გათვალისწინებით ამკაცრებდა ქრისტიანებისადმი მოპყრობას. ქალაქებს, რომლებმაც მას ასეთი თხოვნით მიმართეს, დაუგზავნა რესკრიპტუმები, სადაც აქებდა მათ ერთგულებას წინაპართა ტრადიციების მიმართ. ხელისუფლის კეთილგანწყობის მოპოვების ყველაზე საიმედო საშუალება ქრისტიანთა შეურა¬ცხყოფა და შევიწროება იყო.

სხვა ქალაქებთან ერთად ანტიოქიაც მიემხრო ქრისტიანთა განდევნას, იგივე გააკეთა ქალაქმა ტვიროსმა - იქ ბოძებზე გამოაკრეს ასლები წერილისა, რომელშიც იმპერატორი ქება-დიდებას ასხამდა და მადლობას უხდიდა მოქალაქეებს ღმერთებისადმი გამოჩენილი ერთგულებისათვის. მაქსიმინე მიუთითებდა, რომ სწორედ ეს მოიტანდა მშვიდობასა და სიუხვეს.

განდევნილები ჯერ კიდევ არ იყვნენ დანიშნულების ადგილამდე მისულნი, რომ ქვეყანაში დაიწყო შიმშილობა, მას მოჰყვა სახადი, რომელმაც მაქსიმინეს ყველა ოლქი თითქმის მოსრა. ამას დაერთო სხვა დაავადებაც - ანთებითი გამონაყარი თვალებში, რის გამოც მრავალმა დაკარგა მხედველობა. ბევრმა შიმშილობისგან თავის გადასარჩენად მთელი ქონება გაყიდა. ბოლოს იმ ზომამდე მივიდნენ, რომ საკუთარი შვილები გაიმეტეს მონებად. ქალაქის ქუჩებში შიმშილისა და სნეულებისგან გარდაცვლილთა გვამები გროვებად ეყარა. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ქრისტიანებმა კაცთმოყვარეობა და გულმოწყალება გამოიჩინეს; ამის მაყურებელი წარმართები უნებურად აცნობიერებდნენ მათი რწმენისა და ჭეშმარიტი ღმერთის ძალას. მაქსიმინემ ამ უმძიმეს ხანს ჯერ სომხეთთან, შემდეგ ლიცინიუსთან წამოიწყო წარუმატებელი ომი, რასაც თავადვე შეეწირა.

"ამით სძლევ!"

ამასობაში დასავლეთში უდიდესი მოვლენები ვითარდებოდა, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სარწმუნოების აღზევებას. იტალიის ხელისუფალ მაქსენციუსის - უსასტიკესი და ანგარებისმოყვარე ადამიანის - ქვეშევრდომები მძიმე უღელქვეშ იტანჯებოდნენ და გამათავისუფლებელს უხმობდნენ. კონსტანტინემ გადაწყვიტა, შებრძოლებოდა მას და 312 წლის ოქტომბერში მისი ლაშქარი მიადგა რომს. მაქსენციუსი თავდაცვისთვის მზად იყო, მისი ძალები გაცილებით აღემატებოდა მოწინააღმდეგისას; კონსტანტინე გრძნობდა, რომ ზეგარდმო შემწეობა სჭირდებოდა, მაგრამ ვერ გარკვეულიყო, ვისთვის ეთხოვა იგი - უკვე აღარ სწამდა წარმართთა ღმერთებისა, მაგრამ არც ქრისტიანი იყო და აი, შინაგანი განგაშით დაბნეულს უფალმა სასწაულებრივი ხილვით გამოუცხადა ჭეშმარიტება. მზე დასავლეთისკენ მიდრკა და კონსტანტინემ ცაზე სხივოსანი ჯვარი იხილა, რომლის თავზეც ეწერა: "ამით სძლევ!" მისმა მეომრებმაც დაინახეს ეს საოცრება და შეშფოთდნენ, რადგან ჯვარი სამარცხვინო სასჯელის იარაღად მიაჩნდათ და ავისმომასწავებელ ნიშნად ითვლებოდა.

დაღამდა... კონსტანტინეს ძილში გამოეცხადა თავად ქრისტე და აუწყა - დაემზადებინათ განსაკუთრებული, ჯვრიანი დროშა და მეომართა ფარებსა და მუზარადებზეც ჯვრები გამოესახათ. კონსტანტინემ ბრძანა - გრძელი შუბის ტარზე გადაეჯვარედინებინათ ჯოხი და მასზე მიემაგრებინათ დროშა, რომელსაც დაამშვენებდა ძვირფასთვლებიანი გვირგვინი ქრისტეს მონოგრამით. ამასობაში მან უხმო ქრისტიანებს და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა მისი ხილვა. მათ უპასუხეს, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთის მხოლოდშობილი ძეა, ჯვარი - სიმბოლო უკვდავებისა და ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა, რაც მაცხოვარმა აღასრულა ამა სოფლად მოვლინების დროს. კონსტანტინეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძილში ნანახმაც და მორწმუნეთა განმარტებამაც. ამ დროიდან მან დაიწყო ჭეშმარიტი ღმერთის პატივისცემა და წმინდა წერილის შესწავლა, ხოლო ეს დროშა, რომელსაც ლაბარუმი ეწოდება, ყველა ლაშქრობაში განუყრელად თან ახლდა კონსტანტინეს.

ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით კონსტანტინემ ზედიზედ დაამარცხა მაქსენციუსის ლაშქარი და რომს მიადგა, სადაც კვლავ მოწინააღმდეგეთა რაზმები დახვდნენ. ბრძოლა მალვიის ხიდზე გაიმართა. კონსტანტინემ საბოლოოდ დაამარცხა მტერი. მაქსენციუსმა სცადა, გაქცევით გადაერჩინა თავი, მაგრამ მდინარე ტიბრში დაიხრჩო. გამარჯვებული კონსტანტინე ტრიუმფით შევიდა რომში... მას უკვე შეგნებული ჰქონდა, რომ ეს გამარჯვება ღვთის შეწევნით ებოძა და ქალაქის შუაგულში წმინდა დროშის აღმართვის განკარგულება გასცა. მოგვიანებით, როდესაც მისი ქანდაკება დადგეს, მისივე ბრძანებით მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯვარი და წააწერეს: "ამ მაცხონებელი ნიშნით ვიხსენი და განვათავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისგან".

მილანის ედიქტი

ამ მოვლენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 313 წლის დასაწყისში, კონსტანტინემ თავისი დისა და ლიცინიუსის ქორწილზე, მილანში, დაიყოლია ეს უკანასკნელი - მასთან ერთად ხელი მოეწერა ედიქტისთვის, რომლის თანახმად ქრისტიანებს ენიჭებოდათ უფლება თავიანთი სარწმუნოების აღიარებისა და უბრუნდებოდათ ყველაფერი, რაც დევნის დროს ჩამოერთვათ... ლიცინიუსმა არცთუ დიდი ხალისით მოაწერა ხელი ამ განკარგულებას, რადგან ქრისტიანები ეჯავრებოდა, მაგრამ კონსტანტინესთან დაპირისპირებას მოერიდა. ედიქტი გაუგზავნეს მაქსიმინესაც და სთხოვეს ხელმოწერა, მაგრამ მან უარი განაცხადა და თავის ოლქებში ქრისტიანების დევნა განაგრძო. მისი ძალაუფლების აღსასრული კი ახლოვდებოდა!

მილანში გამოცემული ედიქტით ცხადდებოდა სარწმუნოებათა სრული შემწყნარებლობა - წარმართებს უნარჩუნდებოდათ კერპებისთვის რიტუალების ჩატარების უფლება, ქრისტიანებსაც ნება ეძლეოდათ, თავისუფლად თაყვანი ეცათ ჭეშმარიტი ღმერთისთვის და აეგოთ ტაძრები. მათვე სრულად დაუბრუნეს დევნის დროს ჩამორთმეული ქონებაც. თუ ქრისტიანთა საკუთრებას უკვე სხვა პატრონი ჰყავდა, მას სახელმწიფო ხაზინა უნაზღაურებდა საფასურს, ქონებას კი უწინდელ მფლობელს გადასცემდნენ. თუ ახლო ნათესავები არ გამოჩნდებოდნენ, დაღუპულთა მემკვიდრეობას ადგილობრივ ეკლესიას სწირავდნენ. კონსტანტინე შემთხვევას არ უშვებდა, რათა კეთილგანწყობა დაედასტურებინა ქრისტიანებისადმი; ყოველი თავისი წარმატების შემდგომ ღმერთს სადიდებელსა და სამადლობელს აღუვლენდა. ქრისტიანებთან ხშირმა ურთიერთობამ დაარწმუნა, რომ ისინი სათნო და პატიოსანი, მართალი და მორჩილი ქვეშევრდომები არიან. მეორე მხრივ, მათი მდევნელების საშინელი ხვედრი, ძილში სასწაულებრივი ხილვა და მისი გამარჯვება ჯვრის ნიშნით - ეს ყოველივე მისთვის ქრისტიანთა ღმერთის ყოვლადძლიერებისა და სიდიადის უტყუარი დადასტურება იყო. თუმცა კონსტანტინე ჯერ კიდევ არ იყო ნათელღებული, მაგრამ ბეჯითად სწავლობდა წმინდა წერილს, ესაუბრებოდა ეპისკოპოსებს, ყურად იღებდა მათ შეგონებებს. თავისი უფროსი ვაჟის აღზრდაც ქრისტიან ლაქტანციუსს დაავალა.

ამ პერიოდში კონსტანტინეს მიერ გამოცემულ ბრძანებებში აშკარად იკვეთება ქრისტიანული სწავლების გავლენა: მან აკრძალა ჯვარცმით დასჯა, გააუქმა სისხლიანი სანახაობები ცირკში, დაადგინა კვირადღის საზეიმოდ აღნიშვნა, მფარველობდა ობლებსა და მშობლებისგან მიტოვებულ ბავშვებს, ხვედრი შეუმსუბუქა მონებს... დიდად სწყალობდა ღატაკებსა და ხეიბრებს, რომლებიც წარმართულ საზოგადოებას უპატრონოდ და ულუკმაპუროდ ჰყავდა მიგდებული.

ლიცინიუსმა მაქსიმინე დაამარცხა

313 წელს ჰელიოპოლისის მახლობლად გაჩაღდა ომი ლიცინიუსსა და მაქსიმინეს შორის და ეს უკანასკნელი დამარცხდა. განრისხებულმა სიკვდილით დასაჯა ქურუმები და ჯადოქრები, რომლებმაც გამარჯვება უწინასწარმეტყველეს და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტა ბრძანა. ამ მოვლენებიდან მალევე გამარჯვებული ლიცინიუსისგან დევნილი და შევიწროებული მაქსიმინე ქალაქ ტარსოსში გამაგრდა და გამოსცა ედიქტი, რომლის თანახმად ქრისტიანებს სრული უფლება ეძლეოდათ თავიანთი რწმენის აღიარებისა. შეიქმნა ვითარება, როდესაც ხელისუფალნი ერთმანეთს ასწრებდნენ ქრისტიანთა კეთილგანწყობის მოპოვებას, მაგრამ უფალმა არ გამოიჩინა მოწყალება თავისი სასტიკი მდევნელის მიმართ, რომელიც მხოლოდ შიშის გამო გახდა "სამართლიანი". მაქსიმინეს საშინელი სასჯელი ელოდა...

მტრის მიერ ალყაშემორტყმული იმპერატორი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ზოგი ვარაუდით, მან თავი მოიწამლა, რომ მტერს ხელთ არ ჩავარდნოდა. შხამმა საშინელი, მტანჯველი ტკივილები აღუძრა, მოგიზგიზე ცეცხლი უწვავდა შიგნეულობას. ტანჯვითა და სინდისის ქენჯნით გათანგულმა წარმოიდგინა, რომ უკვე უფლის სამსჯავროზე წარდგა და ქრისტიანებისადმი თავისი სისასტიკის გამო ეწამება ასე. იგი შეძრწუნებული ყვიროდა: "მე არა, მე არ ჩამიდენია, სხვებმა მოიმოქმედეს". ზოგჯერ დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი მაღალ ღმერთს მიტევებას ევედრებოდა. იგი გარდაიცვალა 313 წელს. ხოლო დევნა, რომელიც ათ წელიწადს გრძელდებოდა, ცოტა ხნით ადრე შეწყდა...

ლიცინიუსმა გამარჯვების შემდგომ ამოხოცა მაქსიმინეს, გალერიუსისა და სევერუსის შვილები, რადგან ეშინოდა, მათ ტახტის ხელში ჩაგდება არ ეცადათ. დიოკლეტიანე ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. მისი სიცოცხლის ბოლო წლები მწუხარებით იყო აღსავსე. ცოლი და ასული ლიცინიუსის ხელთ იყვნენ, რომელიც მათ სასტიკად ეპყრობოდა და ბოლოს დახოცა. თვითონ ხანგრძლივი და გამომფიტავი სნეულებით იტანჯებოდა. კონსტანტინეს აღზევებამ ის საბოლოოდ გატეხა. ზოგი მწერალი ამტკიცებს, რომ მან შიმშილით მოიკლა თავი.

313 წლიდან ძალაუფლება კონსტანტინესა და ლიცინიუსის ხელში გადავიდა. პირველი მათგანი იმპერიის დასავლეთ ოლქებს მართავდა, მეორე - აღმოსავლეთს.

უმძიმესი დევნის შემდეგ მოპოვებული მშვიდობა

უმძიმესი დევნის შემდეგ მშვიდობა პოვეს ქრისტიანებმა: ყველა ქალაქში დაიწყო ტაძრების განახლება და მათი საზეიმოდ კურთხევა, ირგვლივ გაისმოდა ღვთისადმი სადიდებელი საგალობლები და ლოცვები. ეპისკოპოსები თავისუფლად იკრიბებოდნენ ეკლესიის საქმეებისა და სირთულეების განსახილველად. თავად კონსტანტინე ზოგჯერ ესწრებოდა ამ კრებებს, ერკვეოდა სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებში, მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა ქრისტიანთა სასარგებლოდ. მან მღვდელმსახურნი გაათავისუფლა სხვა მოვალეობებისა და გადასახადებისგან (ამ უპირატესობით მანამდე წარმართი ქურუმები სარგებლობდნენ), რათა მათ სრულად მიეძღვნათ თავი უფლის მსახურებისთვის. მან არა მარტო დაუბრუნა ეკლესიას მდევნელთაგან ჩამორთმეული აკლდამები და სხვა მიწები, არამედ ღვთისმსახურებისთვის უბოძა რამდენიმე დიდი ნაგებობა - ბაზილიკები, რომლებშიც ადრე სამსჯავრო იმართებოდა. ამ შენობათა შიდა სივრცის ეკლესიად გადაკეთება იოლი იყო. მაგალითად, რომში კონსტანტინემ ქრისტიანებს ლატერანის სასახლის ბაზილიკა აჩუქა. მისი გულუხვი დახმარებით ბევრგან აღიმართა ბრწყინვალე ტაძრები...

ევსები კესარიელმა დაგვიტოვა ტვიროსში აგებული ტაძრის დაწვრილებითი აღწერა: წინა კარიბჭე (სტოა) წარმოადგენდა სვეტებით გარშემორტყმულ ადგილს. ტაძარს ამკობდა ნატიფად მოჩუქურთმებული მაღალი სვეტები, მოპირკეთებული იყო მარმარილოთი და გადახურული კედრით. მოხარატებული ტიხარი გამოყოფდა საკურთხეველს იმ ადგილისგან, სადაც მლოცველები იდგნენ. საკურთხევლის უკან ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების დასაბრძანებელი იდგა. ორივე მხარეს მოწყობილი იყო სანათლავები და პალატები ეკლესიის მსახურთა, მონანულთა და კათაკმეველთათვის. ამ ტაძრის კურთხევისას ევსებიმ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პრესვიტერი იყო, წარმოთქვა სიტყვა, აღნიშნა ყველა უბედურება, რაც ეკლესიამ გადაიტანა, და სიხარული, რაც ამჟამად ერგო. გაიხსენა წინასწარმეტყველებანი ღვთის ეკლესიის სიდიადისა და შეუძვრელობის შესახებ.

ლიცინიუსის მმართველობა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში

დასავლეთში კონსტანტინეს მფარველობით ქრისტიანები კეთილდღეობით ცხოვრობდნენ, სულ სხვაგვარი ვითარება იყო აღმოსავლეთში, რომელსაც ლიცინიუსი მართავდა. მილანში მან ვერ გაბედა კონსტანტინეს სურვილს წინ აღდგომოდა და მასთან ერთად მოაწერა ხელი სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლების ედიქტს, მაგრამ გულში სძულდა ქრისტიანები და როგორც კი აღმოსავლეთის სრულუფლებიანი ხელისუფალი გახდა, დაიწყო მათი შევიწროება და ჩაგვრა. ქრისტიანთა მდგომარეობას ამძიმებდა მისი მოთხოვნა, წარმართული ფიცი დაედო ყველას - იქნებოდა ეს მის კარზე მომსახურე თუ მეომარი. მანვე აუკრძალა ეპისკოპოსებს კრებების მოწვევა; მიიტაცა ქრისტიანების ქონება, შემდეგ კი იმ საბაბით, თითქოს კონსტანტინესთვის ლოცულობდნენ, დახურა ტაძრები, ზოგან დაანგრია კიდეც; დაატყვევა ეპისკოპოსები, ზოგი მათგანი სიკვდილით დასაჯა. ისევ გაივსო ქრისტიანთა დასახლებებით უდაბნოები და მთათა ხეობები; ისევ დაიწყო დაკითხვა, წამება და ხოცვა. ბევრმა მოწამემ განადიდა ღმერთი თავისი სიმტკიცითა და ურყევი რწმენით.

ქალაქ სებასტიაში ორმოცი მეომარი, რომელთაც არ ისურვეს ქრისტეს დაგმობა, მმართველის მოთხოვნით აწამეს და დახოცეს. მეომრები კაპადოკიელები იყვნენ და სებასტიაში მსახურობდნენ. მათ ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით, მეომრები ციხეში ჩასვეს. ერთხელ, ლოცვისას, მათ ზეციდან შემოესმათ ხმა: "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს". ერთი კვირის შემდეგ, სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩამოვიდა ცნობილი კარისკაცი ლისიუსი. წმინდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს: "წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა". ლისიუსმა ბრძანა, მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ლისიუსის მიერ ნასროლი ქვა აგრიკოლას მოხვდა სახეში. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმინდნს უხილავი ძალა იფარავდა. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღვთის ხმა: "რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კულად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინნი დიდებისაჲ".

მეორე დღეს წმინდა მეომრები გააშიშვლეს, ახლო მდებარე ტბასთან მიიყვანეს და მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა შეუძლებელი შეიქნა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსაკენ, მაგრამ ძალა წაერთვა. იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს: მოულოდნელად გა¬ნათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგლაოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მიხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე დარაჯები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.

დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაპადოკიელი ჯარისკაცები ცოცხალნი იყვნენ, დარაჯი აგლაოსი კი მათ გვერდით იდგა. წმინდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს, გარუჯული ძვლები კი ტბაში გადაყარეს.

საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწემესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი ანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა.

აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმინდა ნაწილები და პატივით დაფლა. ორმოცი სებასტიელი მოწამის ღვაწლი განადიდა ეკლესიამ და მათი ხსენება აღინიშნება 9 მარტს.

მხცოვანი ვლასი, სებასტიის ეპისკოპოსი, რომელიც დიოკლეტიანესგან დევნას გადაურჩა, დაკითხეს და საშინლად გვემეს, რის შემდეგაც მან უფალს მიაბარა სული. იგი იხსენიება 11 თებერვალს. მასთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოებისთვის დახოცეს შვიდი კეთილშობილი მანდილოსანი და ორი ყმაწვილი. კესარიაში განდიდდა ჭაბუკი მეომარი, სახელად გორდი. მსაჯულის შეგონებები, განდგომოდა რწმენას, ამაო გამოდგა; იგი ვერც ნათესავთა და მეგობართა ხვეწნამ დაიყოლია, მოჩვენებითი განდგომით მაინც გადაერჩინა სიცოცხლე. "განვაგდოთ ყოველგვარი სიცრუე და ვაღიაროთ ჭეშმარიტება", - ამბობდა იგი. წამების შემდეგ გორდის თავი მოჰკვეთეს. მისი ხსენების დღეა 2 იანვარი.

ქალაქ ჰერაკლიაში აწამეს და ჯვარს აცვეს ქალაქის მხედართმთავარი თეოდორე სტრატილატი. უფლისადმი მისმა მორჩილებამ, რწმენის სიმტკიცემ და მასზე სასწაულებრივად გარდამოვლენილმა ღვთის ძალის ხილვამ მრავალი წარმართი მოაქცია. თეოდორე სტრატილატი იხსენიება 8 თებერვალს.

განსაკუთრებით ძლიერი იყო დევნა პონტოს მხარეში, სადაც ყველაზე სახელოვანი ეპისკოპოსები დახოცეს, მათი სხეულები აკუწეს და ზღვაში გადაყარეს. ვლასი, ამასიის ეპისკოპოსი, რომელმაც თავისი რწმენა აღიარა ლიცინიუსის წინაშე, სასტიკად აწამეს, მაგრამ ქრისტესა და მარადიული ცხოვრებისადმი ურყევმა სასოებამ მიანიჭა მას ძალა, მშვიდად გადაეტანა ტკივილი. მისი სიტყვები იყო: "რაც გინდათ, ის ქენით - ვიდრე პირში სული მიდგას, არ განვუდგები ჩემს შემოქმედს. განსაცდელები, იწროება, წამება, ცეცხლი და სიკვდილი ქრისტეს სიყვარულს ვერ განმაშორებს!". წმინდა ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს. მისი ხსენების დღეა 26 აპრილი.

უსამართლო და ანგარებისმოყვარე ლიცინიუსის მმართველობა საერთოდ მძიმე იყო ყველა მისი ქვეშევრდომისათვის. იგი ხალხს აღატაკებდა მძიმე გადასახადებით, ხშირად სჯიდა უდანაშაულოებს მათი ქონების მისათვისებლად. ევსები წერდა: "რომის იმპერიის ორ ნაწილად გახლეჩა ყველას დღისა და ღამის განყოფად ეჩვენება. აღმოსავლეთის მკვიდრნი ღამის წყვდიადმა მოიცვა, ხოლო სახელმწიფოს მეორე ნახევრის მცხოვრებთ უნათლესი დღის სხივები ეფინება".

ლიცინიუსი და კონსტანტინე - მეგობრები თუ მტრები?!

ლიცინიუსსა და კონსტანტინეს შორის მეგობრული ურთიერთობა შეუძლებელი იყო. ვერაგი და გულჩათხრობილი ლიცინიუსი კონსტანტინეს მეგობრობას ეფიცებოდა, ფარულად კი სძულდა იგი; ძირს უთხრიდა, მაგრამ ხრიკები არ გამოსდიოდა. მათ შორის არაერთხელ წამოწყებული ომიდან კონსტანტინე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, მაგრამ ლიცინიუსის ყალბი დაპირებებით მოტყუებული ისევ უზავდებოდა მას. ბოლოს თავად ლიცინიუსი აღარ ფარავდა თავის ავ ზრახვებს კონსტანტინეს წინააღმდეგ და 323 წელს მათ შორის გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა.

ორივემ მნიშვნელოვან ძალებს მოუყარა თავი. კონსტანტინე ლოცვით ემზადებოდა ბრძოლისთვის, მის ლეგიონებს წინ უძღოდა გადამრჩენი ნიშანი - ჯვარი. ლიცინიუსმა კი შემოიკრიბა ბედის მჩხრეკელები და ქურუმები, ასრულებდა მსხვერპლშეწირვას და ღმერთებს ეკითხებოდა - გაიმარჯვებდა თუ არა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ქრისტიანობა და წარმართობა ერკინებოდა ერთმანეთს. ბრძოლის წინადღით ლიცინიუსმა რჩეული მეომრები და ერთგული მეგობრები შეკრიბა დაბურულ ტყეში, სადაც კერპები იყო აღმართული და აღასრულა წარმართული საზეიმო რიტუალი, იქ მყოფთ კი მიმართა:

"მეგობარნო ჩემნო, აი, მამა-პაპათა ღმერთები, რომელთა წინაშეც გვმართებს კრძალვა, როგორც ამას წინაპრები გვასწავლიდნენ. ჩვენდამი მტრულად განწყობილი ლაშქრის სარდალმა უკუაგდო ტრადიციები, შეიწყნარა ცრუ აზრები და ადიდებს რომელიღაც უცხო და უცნობ ღმერთს. სამარცხვინო ნიშნით სახელს უტეხს მთელ თავის ლაშქარს. მთლიანად მას მინდობილმა იარაღი აისხა არა იმდენად ჩვენი, რამდენადაც ჩვენი ღმერთების წინააღმდეგ. თავად საქმე გამოავლენს, თუ ვინ არის მართალი და ვინ ცდება! თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ცხადი გახდება ჩვენი ღმერთების ჭეშმარიტება; თუ გვძლევს ჩვენგან შეურაცხყოფილი, უცხოტომელთა ღმერთი კონსტანტინესი, დაე, პატივი მიეგოს მას - მაშინ ჩვენც გვმართებს მისი აღიარება. თუ ჩვენი ღმერთები გაიმარჯვებენ, რაც უეჭველია, მაშინ გავილაშქრებთ უღმერთოებზე!"

ამასობაში რაღაც უცნაური წინათმოსწავებანი აღელვებდათ და აშფოთებდათ წარმართებს. ლიცინიუსის ოლქების ბევრ ქალაქში შუადღისას ხედავდნენ კონსტანტინეს გამარჯვებულ მეომართა აჩრდილებს. ზეციური შემწეობის იმედით გამხნევებული კონსტანტინეს ლაშქარი საომრად იყო შემართული. ბრძოლის წინ იმპერატორი განმარტოვდებოდა ხოლმე თავის კარავში, სადაც ლოცვითა და მარხვით ემზადებოდა შერკინებისთვის. წმინდა დროშა ლეგიონებში ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველაზე თავგანწირული შეტაკების დროსაც მტრისგან ნატყორცნი ისრები ვერ ეკარებოდა. გამარჯვების ნიშანს - ჯვარს კონსტანტინეს ლაშქარი კრძალვით, მტრები კი შიშით შეჰყურებდნენ. ლიცინიუსმა ეს იცოდა და თავის მეომრებს არწმუნებდა, თვალი აერიდებინათ მისთვის: "ის - საშინელია თავისი ძალით და მტერია ჩვენი!"

ბრძოლაში გამარჯვება კონსტანტინეს დარჩა. ლიცინიუსმა თავს გაქცევით უშველა, შემდეგ კი ვითომ მოინანია და ზავი ითხოვა, ფარულად კი ახალ ძალებს იკრებდა, დახმარებისთვის ბარბაროსებს უხმობდა. ბოლოს ბრძოლამ ადრიანოპოლისთან და კონსტანტინეს საზღვაო გამარჯვებამ ჰელესპონტთან საბოლოოდ გადაწყვიტა ომის წარმატება. ლიცინიუსი დანებდა. იგი თესალონიკში გადაასახლეს, რამდენიმე ხნის შემდგომ კი სიკვდილით დასაჯეს ხელისუფლის წინააღმდეგ შეთქმულებისთვის. კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

ევსები შენიშნავს, თუ როგორი კაცთმოყვარეობა გამოიჩინა კონსტანტინემ ამ ომში: ბრძოლის დროს ზრუნავდა მტრების გადარჩენაზე, აჩერებდა თავის მეომრებს და არწმუნებდა, დაენდოთ ტყვეები. ხშირად მათ სიცოცხლეს საფასურის გადახდით ყიდულობდა. ამ ყოველივეს ისტორიკოსი, რასაკვირველია, ქრისტიანული სარწმუნოების გავლენას მიაწერს. "რამეთუ კონსტანტინე ღმერთს ყოველივეზე მაღლა აყენებდა და ცდილობდა, ყველაფერში მისი ნებისამებრ ემოქმედა" - წერს ევსები.

გამარჯვების შემდგომ კონსტანტინემ აღმოსავლეთ პროვინციების ქრისტიანებზეც საჩქაროდ გაავრცელა ის უფლებები, რითაც დასავლეთში სარგებლობდნენ. უკანასკნელმა წარმატებებმა კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა იგი, რომ მიწიერი სიკეთეების მოპოვება და წინსვლა მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემით არის შესაძლებელი.

აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც კონსტანტინე ზრუნავდა ტაძრების აგებასა და განახლებაზე; ოლქების მმართველებად უპირატესად ქრისტიანებს ირჩევდა, აკრძალა იმპერატორის სახელით მსხვერპლშეწირვა კერპებისთვის. კონსტანტინეს ქრისტიანული ცნობიერება კიდევ უფრო სრულად ვლინდება პროკურატორებისათვის იმხანად გაგზავნილ რესკრიპტუმში, სადაც იგი ცდილობს ქრისტიანობის ძალისა და ჭეშმარიტების, ხოლო წარმართობის ამაოების დამტკიცებას. კონსტანტინე თავის ფიქრებში მიმართავს უფალს და ღაღადებს: "ახლა შენ გევედრები, დიდო ღმერთო! მოწყალე და კეთილი ექმენ აღმოსავლეთის ერებს და მეც - შენს მსახურს... შენი წინამძღვრობით დავიწყე და დავასრულე გადარჩენის საქმე. ძლევამოსილ ლაშქარს მივუძღოდი და წინ შენი დროშა მიმქონდა ყველგან; საითკენაც მიხმობდა აუცილებლობა, იქით მივყვებოდი ნიშანს შენი ძლიერებისა და ვილაშქრებდი მტერზე. ამიტომაც მოგიძღვენი შენ სიყვარულითა და შიშით გამოწრთობილი ჩემი სული, რამეთუ წრფელად მიყვარს სახელი შენი და კრძალვა მიპყრობს შენი ძალის წინაშე, რომელიც მრავალჯერ გამომიცხადე და რითაც განამტკიცე ჩემი რწმენა... მსურს, რომ მორწმუნეებთან ერთად ამა სოფლის სიამენი და სიმშვიდე იგემონ შეცდომილებმაც, რადგან ურთიერთობის აღდგენას შეუძლია ჭეშმარიტების გზაზე მათი დაყენება. დაე, ნურავინ შეაწუხებს სხვას...

ნურავინ ავნებს სხვას. რაც ერთმა ისწავლა და გაიგო, გამოიყენოს მოყვასის სასარგებლოდ, და თუ ეს შეუძლებელია, თავი დაანებოს ამ ადამიანს. რადგან ერთია - კეთილნებობით იბრძოლო უკვდავებისთვის და მეორე - სასჯელის შიშით გაიძულონ... განვიწმინდოთ სინდისი ყოველგვარი უკეთურებისგან და გამოვიყენოთ წილხვდომილი სიკეთე, ანუ მშვიდობა".

ქრისტიანული ეკლესიის მშვიდობა დაარღვია მწვალებლობამ, რომელიც ეკლესიის შიგნით გაჩნდა. ჯერ კიდევ იმპერატორის მოღვაწეობის დასაწყისში დასავლეთში გაჩნდა დონატისტთა და ნოვაცისტთა ერესი, რომელიც მოითხოვდა დევნილობის დროს განდგომილ ქრისტიანთა განმეორებით მონათვლას. ორი ადგილობრივი კრების მიერ უარყოფილი ეს ერესი საბოლოოდ დაგმო მილანის 316 წლის კრებამ. ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა. იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქ. ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი "ერთარსი მამისა".

წმინდა ქალაქის განახლება და ტაძრების მშენებლობა

კონსტანტინე დიდმა დედასთან, დედოფალ ელენესთან ერთად გადაწყვიტა, განეახლებინა ქალაქი იერუსალიმი, სახარებისეული მოვლენებით ცნობილ ადგილებზე ტაძრები აეგო. 70 წელს რომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) დაიპყრო იერუსალიმი, დაარბია იგი და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძარი ისე დაანგრია, რომ, მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ (მკ. 13,1-2), ქვა ქვაზე არ დატოვა. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ტიტუსის მიერ მოოხრებული იერუსალიმის ადგილას გააშენა ახალი ქალაქი, რომელსაც საკუთარი სახელი - ელი-ადრიანე უწოდა და მისი ძველი სახელით ხსენება აკრძალა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით დაფარეს და ზედ იუპიტერის კერპი დადგეს; გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, 119 წელს ვენერას წარმართული ტაძარი ააშენეს. ქალღმერთის ქანდაკების წინ ამაზრზენი მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა ბილწი ორგიების თანხლებით. ბეთლემში, იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი იშვა ყოვლადწმინდა ქალწულისაგან, უსჯულო მეფემ ადონისის კერპი აღმართა. ყველაფერი ეს წინასწარგანზრახვით კეთდებოდა: სურდათ, რომ ადამიანების ცნობიერებიდან სრულიად განედევნათ ქრისტე მაცხოვარი და ის ადგილებიც გადაევიწყებინათ მათთვის, სადაც იგი ცხოვრობდა, ქადაგებდა, ევნო, მოკვდა და აღდგა დიდებით.

ელენე დედოფალი იერუსალიმში გაემგზავრა. კონსტანტინემ მას პატრიარქ მაკარი I-თან (313-323) გაატანა წერილი, რომელშიც ითხოვდა, ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი ქრისტიანული სიწმინდეების განახლების საქმისთვის. წმინდა ქალაქში მოციქულთასწორმა დედოფალმა ყველა კერპი და წარმართული ტაძარი შემუსრა და შებილწული ადგილები აკურთხებინა.

მაცხოვრის ჯვრის პოვნა

დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს. ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმინდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული: გათხარეს დანგრეული ვენერას ტაძრის საძირკველი, იქ მიაკვლიეს მაცხოვრის ამოვსებულ აკლდამასა და თხემის ადგილს. მის მახლობლად კი - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. იმისთვის, რომ შეეტყოთ, ამ სამიდან უფლის ჯვარი რომელი იყო (როგორც ცნობილია, მაცხოვრის ჯვარცმისას ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს), პატრიარქმა მაკარმა რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიასვენებდნენ. იგი გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს. უამრავმა ადამიანმა ჯვართან მიახლოება ვერ შეძლო. მაშინ პატრიარქს სთხოვეს, აემაღლებინა ჯვარი, რათა ყველას შეძლებოდა, თუნდაც შორიდან დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის. პატრიარქმა და სამღვდელოებამ უფლის პატიოსანი ჯვარი აღამაღლეს. ეს საზეიმო მოვლენა 326 წელს მოხდა. წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს).

14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ელენემ შვილს საჩუქრად წაუღო წმინდა ჯვრის ნაწილი და მასთან ერთად ნაპოვნი სამსჭვალები. ჯვრის დარჩენილი ძელი კი ჩაასვენეს ვერცხლის სანაწილეში და კრძალვით ინახავდნენ იერუსალიმში. დიდ პარასკევს, როგორც წესი, მას გოლგოთაზე მიასვენებდნენ და თაყვანს სცემდნენ.

ჯვართამაღლების დღესასწაულზე, 14 სექტემბერს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა - 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას (602-610) ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი და წმინდა პატრიარქი ზაქარიაც (609-633) ტყვედ ჩაიგდო. სიწმინდე 14 წელი იმყოფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერაკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან - სიროესთან. ცხოველმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმინდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის განგრძობას ვერ ახერხებდა. წმინდა ზაქარიამ აუხსნა: ეს - უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მას, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმინდე ტაძარში.

რაც შეეხება უფლის ჯვრისა და სამსჭვალების შემდგომ ისტორიას: კონსტანტინოპოლში ელენე დედოფალმა თან წაიღო იერუსალიმიდან ნაწილი უფლის პატიოსანი ჯვრისა და სამსჭვალები. ძელიცხოვლის ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროში მიმოიფანტა, მათ შორის საქართველოშიც მოხვდა.

IV საუკუნეში, მას შემდეგ, რაც წმინდა მირიანთან ერთად მთელი ქართლი მოინათლა, ახალგაქრისტიანებულმა მეფემ ბიზანტიაში წარავლინა ეპისკოპოსი იოანე და იმპერატორს სთხოვა, ებოძებინა ქართველთათვის ნაწილი ძელიცხოვლისა. გაუხარდა კონსტანტინე კეისარს ქართველთა გაქრისტიანება და მირიანს წმინდა ჯვრის ნაწილები გამოუგზავნა: ფიცარი, რომელზეც უფლის ფერხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი.

ქართლისკენ მომავალ იოანეს გზადაგზა დაუტოვებია ეს სიწმინდენი: ერუშეთს - განძის ნაწილი და უფლის სამსჭვალი, მანგლისში - ფერხთა ფიცარი.

...XIII საუკუნის დასაწყისში დავით ნარინს უფლის სამსჭვალისთვის გაუმზადებია ჩასაბრძანებელი - ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს მიტრა, რომელიც მანგლელი ეპისკოპოსისთვის შეუწირავს. მოგვიანებით სამსჭვალი და მიტრა თბილისის სიონის ტაძარში იქნა გადატანილი.

მეფე არჩილს ქრისტეს სამსჭვალთა დიდი სასოება ჰქონდა. თურმე მის წინ აფიცებდა ორგულებს. როცა ყაენმა არჩილის საქართველოდან გაძევება მოითხოვა, მან, მეფე გიორგის ნებართვით, რუსეთში წაიღო სიწმინდეები. ეს იყო 1681 წელს.

არჩილმა სიწმინდენი კრემლის მიძინების ეკლესიას მიაბარა შესანახად... XX საუკუნის 50-იან წლებში, მანგლისის ტაძრის შესახებ მონოგრაფიაზე მუშაობისას, ბატონი მალაქია დვალი დაინტერესებულა სამსჭვალისა და მანგლელი მიტროპოლიტის მიტრის ბედით და მათი მოძებნა უცდია. "ლურსმანი და მიტრა რომ ნამდვილად კრემლის მიძინების ეკლესიაში იყო დაცული, ჩანს ნიკოლოზ I-ის მიერ 1849 წელს გამოცემული ალბომიდან, სადაც სამსჭვალისა და მიტრის ფერადი ჩანახატია მოთავსებული. იქვე მითითებულია, ეს ნივთები მოსკოვში, მიძინების ეკლესიაში ინახებაო", - ბრძანებს ბატონი მალაქია. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიის საგანძური კრემლში იარაღის პალატას გადაეცა. ბატონ მალაქიას უნახავს კიდეც მუზეუმის საცავებში უფლის სამსჭვალი, მიტრისთვის კი ვერ მიუკვლევია. ძელიცხოვლის ნაწილი ჩატანებული იყო წმინდა თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარში.

წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს 1910 წელს, ლეჩხუმ-სვნეთში მოგზაურობისას, უნახავს კალას ეკლესიაში დაცული ხატი-სანაწილე, რომელიც ძელი ჭეშმარიტის შესანახად ყოფილა განკუთვნილი. მისივე თქმით, ბრიტანეთის მუზეუმს შეუძენია წმინდა გიორგის გულსაკიდი ხატი, რომელიც წმინდა ქეთევანს ეკუთვნოდა. დედოფლის წამების შემდეგ ხატში მოთავსებული ძელიცხოვლის ნაწილისთვის ქეთევანის წმინდა ნაწილიც მიუმატებიათ. ექვთიმესავე თქმით, მარტვილის ეკლესიაში ინახებოდა ქაიხოსრო გელოვანის თანამეცხედრის, როდამ დგებუაძისეული შეწირული ძელი ჭეშმარიტის ნაწილიანი ოქროს ჯვარი. პლატონ იოსელიანის ცნობით, ნიქოზის ტაძარში 1798 წლამდე ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილების ჯვარი. 1798 წლის ივლისში ნიქოზის ეპისკოპოს ათანასეს ბრძანებით ჯვარი ეკლესიის გარეთ საწიგნეზე დაუსვენებიათ და მის წინ დაუფიცებიათ თავადთ. ფიცის შემდეგ ძელი ჭეშმარიტის შენახვა დავიწყებიათ, მწუხრის შემდეგ მოუკითხავთ, მაგრამ ვეღარ უპოვიათ. ამის გამო გიორგი XII-მ ათანასე ნიქოზელს კათედრა ჩამოართვა და გარეჯის მონასტერში გაგზავნა.

ძელიცხოვლის ნაწილები ჩატანებული ყოფილა IX-X საუკუნეების მარტვილის ენკოლპიონისა (რომელიც ხოსროვანუშ დედოფალს ეკუთვნოდა) და ე.წ. კვირიკეს ჯვარში, რომელიც X საუკუნეში მეფე კვირიკესთვის შეიქმნა, ასევე - ერმიტაჟში დაცულ ჭედურ სტავროთეკაში, ე.წ. შალიანის ხატში, რომელიც მთელ სვანეთში იყო განთქმული თავისი ძლიერებით, სილიხანის ოთხსცენიან ხატსა და წალენჯიხის მაცხოვრის ხატში, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ე.წ. საჰაკდუხტის სანაწილეშიც.

1109 წელს იერუსალიმში წმინდა საფლავის კანტორმა ანსელუსმა შეიძინა ძელიცხოვლისგან ამოღებული ჯვარი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს უძღვნა. მისი თქმით, ეს ჯვარი მან ქართველთა მეფის, დავითის ქვრივისგან შეიძინა. რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, თავად განსაჯეთ - წმინდა მეფე დავითი ხომ ამ დროს ჯანმრთელი და საღ-სალამათი იყო.

დაბოლოს, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება არ იყო ოდენ ისტორიული მოვლენა; ეს მაგალითია თითოეული ქრისტიანისათვის - ისევე როგორც ჯვარი ამაღლდა, იესო ქრისტე მასზე ჯვარცმით განდიდდა და გაბრწყინდა, ასევე ჩვენც უნდა ავმაღლდეთ შინაგანი და სულიერი სამყაროთი, რათა ღირსი შევიქნეთ იესო ქრისტესთან ურცხვენელი შეხვედრისა.

წმინდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა.

კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველმყო¬ფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში

მაცხოვრის წმინდა ჯვრის პოვნის შემდეგ წმინდა დედოფალი დაუყოვნებლივ შეუდგა დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელსაც უნდა მოეცვა გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი. როგორც იოანე მახარებელი ამოწმებს, ეს ორი ადგილი ერთმანეთის სიახლოვეს მდებარეობდა (ინ. 19,41-42). აღდგომის ტაძარი ათი წელი შენდებოდა. წმინდა ელენე (+327) მის განსრულებას ვერ მოესწრო.

მაცხოვრის ჯვარზე ვნების მოსაგონებლად "მარტირიონად" სახელდებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობის დასრულება ტვირის I კრებასა და მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის გამეფების ოცდამეათე წლისთავს დაემთხვა. ამის გამო 335 წლის 13 სექტემბერს აღსრულებულ ტაძრის კურთხევას განსაკუთრებით საზეიმო ელფერი ჰქონდა.

იერუსალიმში ყოფნისას წმინდა ელენე დედოფალმა ააგო ეკლესიები ბეთლემში, ელეონის მთაზე, გეთსიმანიაში და მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებისა და ძველი აღთქმის მოვლენებთან დაკავშირებულ მრავალ სხვა ადგილას. სულ ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა
შობის მღვიმე, ქრისტეს ბაგა და ქრისტეს შობის ტაძარი

მაცხოვრის შობის ადგილას აგებული ტაძარი, ბეთლემი 327 წლით თარიღდება. იგი, როგორც უკვე მოგახსენეთ, იმპირეტორ კონსტანტინეს და დედამისის მიერ გახლავთ აგებული.

"უმეტეს ჩვენგანს ქრისტეს შობის ადგილი წარმოდგენილი აქვს ჩვენებურ ხის ბაგიან ბოსლად. ეს არასწორი წარმოდგენა პალესტინის ბუნებრივი მდგომარეობის უცო¬დინრობის ბრალია. პალესტინაში პირუტყვის სადგომად მღვიმეები გამოიყენება. გამოქარული მღვიმე უამრავია იერუსალიმის სიახლოვეს და ბეთლემის გზაზე. ზოგჯერ ისინი ბედუინ-მეაქლემეებს აქვთ დაკავებული, უმეტესობა ცარიელია. ამგვარი იყო მღვიმე, რომელსაც თავი შეაფარა ბეთლემში აღწერაზე წასულმა წმინდა ოჯახმა. მაცხოვრის აღდგომისა და ამაღლების შემდეგ ის ქრისტიანთა სტუმრ¬ბის ადგილად იქცა.

იმპერატორ ადრიანეს სურდა, ქრისტიანთა ხსოვნიდან აღეხოცა იესო ქრისტეს სახელი და ბრძანა, მღვიმეზე ღმერთ ადონისის ტაძარი აეშენებინათ. მაგრამ ვერ გააქრო გარდამოცემა. ქრისტეშობის მღვიმეზე IV საუკუნეში ქრისტეშობის ტაძარი აშენდა. მღვიმეში შემორჩენილია ძველი ჭის ნაშთი, სადაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩავარდა. ამბობენ, თუ დიდხანს ჩააჩერდები ჭის ფსკერს, ბეთლემის ვარსკვლავის მკრთალ ნათელს დაინახავო.

მიწისქვეშა ტაძარი აქ წმინდა ელენეს დროიდანაა. ქრისტეს შობის ადგილი იატაკზე ვერცხლის ვარსკვლავით არის აღნიშნული. ვარსკვლავს 14 სხივი აქვს. ამ ვარსკვლავის ზემოთ კიდია 16 ლამპარი, რომელთაგან 6-6 მართლმადიდებლებსა და სომხებს ეკუთვნით, 4 - კათოლიკეებს.

ქრისტეს ბაგა

მღვიმის სამხრეთ ნაწილში ბაგის ეკვდერია. მღვიმეში ეს ერთადერთი ადგილი ეკუთვნის კათოლიკეებს. ეკვდერში შესასვლელიდან მარჯვნივ იმ ბაგის ადგილია, სადაც შობის მერე ქრისტე დააწვინეს. ბაგის შიგნითა ნაწილი, როგორც დიდი სიწმინდე, VII საუკუნიდან რომში, სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დასვენებული. რამდენიმე წლის მერე წმინდა მიწა მუსლიმანებმა დაიპყრეს. ბეთლემში დარჩენილ ბაგის ნაწილს მერე მარმარილო შემოაკრეს. ბაგის ზემოთ ხუთი გაუქრობელი ლამპარი კიდია. მის იქით, კედლისკენ არის პატარა ხატი - ბეთლემელ მწყემსთა თაყვანისცემა ყრმა იესოსადმი.

ქრისტეს შობის ტაძარი

ადრე ქრისტეს შობის ტაძარს სამი კარი ჰქონდა. ორი ამოქოლეს. ერთი კი ზემოდან ისე გადაღობეს, თავდაუხრელად შიგ ვერ შეხვალ. ამ კარს "სიმდაბლის კარი" ჰქვია. დაიმდაბლებ თავს და შეხვალ პალესტინის ერთ-ერთ უძვე¬ლეს ტაძარში, რომელიც არსებობის 16 საუკუნის მანძილზე არასოდეს შეუმუსრავთ. ტაძრის თაღები ეყრდნობა 44 მარმარილოს სვეტს, რომელზეც ზეთის საღებავებით წმინდანების და წინასწარმეტყველთა ფრესკებია გამოსახული. მხატვრობის ამგვარი ტექნიკა წმინდა მიწაზე სხვაგან არსად გვხვდება. იატაკზე ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის (IV ს.) დროინდელი მოზაიკაა შემორჩენილი. ტაძრის შესასვლელიდან მარჯვნივ რვაწახნაგიანი ბაპტისტერიუმია. ტაძრის მთავარ ნაწილში, კათოლიკონში, არის კანკელი, სომხური საკურთხეველი და მოგვთა საკურთხეველი, ანუ ის ადგილი, სადაც, გარდამოცემით, მოგვებმა, ვიდრე მღვიმეში შევიდოდნენ თაყვანსაცემად, თავიანთი ცხენები მიაბეს.

ტაძარში, მაცხოვრის შობის მღვიმის შესასვლელთან, არის მაცხოვრის წინადაცვეთის ბერძნული საკურთხეველი, სადაც, გარდამოცემით, მერვე დღეს წინადაცვითეს ქრისტე მაცხოვარი. მაცხოვრის შობის ტაძარი ბეთლემში, 339 წლის 31 მაისს აკურთხეს და მას მერე იქ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა.

დედოფალ ელენესა და კონსტანტინე დიდის მიერ ელეონის მთაზე აგებული ამაღლების ტაძარი

ზეთისხილის ანუ ელეონის მთა ძველი იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარეობს და მისგან კედრონის ხეობით არის გამოყოფილი. თავისი სახელწოდება მთამ იმ ზეთისხილის ბაღებისაგან მიიღო, რომელიც მის ფერდობზე იყო გაშენებული. მთიდან ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება. აქ ასწავლა უფალმა მოწაფეებს ლოცვა "მამაო ჩვენო" და აქედან ამაღლდა ზეცად.

80 ტაძარი ააშენეს წმინდა ელენემ და კონსტანტინემ წმინდა მიწაზე. ერთ-ერთი მათგანია ამაღლების ტაძარი, რომელსაც დღეს მუსლიმანები განაგებენ. ტაძარი თავიდან უგუმბათო იყო, რათა მლოცველებს შეძლებოდათ ხილვა ცისა, სადაც დიდებით ამაღლდა მაცხოვარი. ამჟამად კი გადახურულია მუსლიმანურ ყაიდაზე. ტაძარში შემორჩენილია ქვა, რომელზედაც უფლის ტერფია აღბეჭდილი.

იმპერიის სატახტო ქალაქის გადატანა კონსტანტინოპოლში


წარმატებები, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებდათ წარმართებს. მართალია, ზოგი მათგანი ქრისტიანდებოდა მმართველის საამებლად, მაგრამ სხვები თავიანთ აღშფოთებას ვერ ფარავდნენ. ეს განსაკუთრებით ძლიერ იგრძნობოდა რომში. იქ წარმართები კვლავ თავგამოდებით იცავდნენ თავიანთ რელიგიას, რაც ღმერთებისადმი გულწრფელი რწმენით არ იყო გამოწვეული. ისინი რომის დიდებასა და ძალაუფლებას განუყოფლად უკავშირებდნენ ძველ სარწმუნოებას. იმხანად კი რომი აშკარად დაცემისკენ მიექანებოდა, დაკარგული ჰქონდა თავისი უწინდელი მნიშვნელობა: დასავლეთის იმპერატორები მილანში ცხოვრობდნენ, აღმოსავლეთის - ნიკომიდიაში. ეს ყოველივე აღიზიანებდა რომაელებს და ამ უბედურებათა მიზეზად ქრისტიანობას მიიჩნევდნენ.

კონსტანტინე, როგორც ქრისტიანთა აშკარა მფარველი, რომში ნაკლებად უყვარდათ, რაც მან თავადაც იცოდა და იშვიათადაც ჩადიოდა იქ. ბოლოს მან გადაწყვიტა ახალი, ქრისტიანული სატახტო ქალაქის დაარსება, რომელიც არაფრით იქნებოდა წარმართობასთან დაკავშირებული. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად აირჩია ბოსფორის ნაპირებზე განლაგებული ძველი, პატარა ქალაქის, სახელად ბიზანტიონის მდებარეობა და მის ადგილზე იმპერიის ახალი დედაქალაქის დაფუძნებას შეუდგა. ამრიგად, კონსტანტინე დიდმა 330 წლის 11 მაისს იმპერიის ახალი დედაქალაქი — კონსტანტინოპოლი ბოსფორის სრუტის სანაპიროზე, კარგად დაცული ძველბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილას დააარსა. (აქედან მოდის სახელმწიფო სახელწოდებაც, რომელიც რენესანსის მოღვაწეებმა იმპერიის დაცემის შემდეგ შემოიღეს). ბიზანტიელები საკუთარ ქვეყანას რომის იმპერიას უწოდებდნენ, თავს რომაელებად, ღვთის რჩეულ ხალხად, ხოლო იმპერატორს სრულიად საქრისტიანოს მეთაურად თვლიდნენ. ახალ დედაქალაქს დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. რა იყო იმის მიზეზი, რომ იმპერატორმა მიატოვა ძველი რომი და აღმოსავლეთში გადაიტანა მონარქიის რეზიდენცია? ჯერ ერთი, კონსტანტინეს ნაკლებად უყვარდა ცეზართა წარმართული და მეამბოხე ქალაქი და, ეგეც არ იყოს, არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნდა, რომ თავისი არახელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო რომი ვეღარ აკმაყოფილებდა იმპერიის ახალ საჭიროებებს. სახელმწიფოს დუნაის მხრიდან - გოთების, აზიიდან კი სპარსელების შემოსევა ემუქრებოდა. ილირიის მამაცი და ქედუხრელი მოსახლეობა წარმატებით შეიძლებოდა გამოეყენებინათ იმპერიის დასაცავად, მაგრამ რომი მეტისმეტად შორს იყო საიმისოდ, რომ მოეხერხებინა ამნაირი დაცვის ორგანიზება. ასეა თუ ისე, იმ დღეს, როცა კონსტანტინემ დააარსა "ახალი რომი", დასაბამი მიეცა ბიზანტიის იმპერიას.

კონსტანტინოპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას, სადაც ევროპა აზიას ხვდება .ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, რაც იმპერიის ახალ დედაქალაქს მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიური ხასიათის უპირატესობას ანიჭებდა, კონსტანტინოპოლი ის ბუნებრივი ცენტრი გახლდათ, რომლის გარშემოც შეიძლებოდა შემოკრებილიყო აღმოსავლური სამყარო. დასაბამითვე ელინისტური კულტურისა და, უწინარეს ყოვლისა, ქრისტიანიზმის ნიშნით აღბეჭდილი ახალი დედაქალაქი ძირფესვიანად განსხვავდებოდა ძველისაგან და საკმაოდ ნათელი სიმბოლურობით განასახიერებდა აღმოსავლური სამყაროს ახლებურ მიზნებს და მისწრაფებებს.

იმპერატორმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ქალაქი, ააგო სამეფო სასახლეები, ბრწყინვალე პალატა სენატისთვის, წყალგაყვანილობის სისტემა, მოაწყო ბაზრობები. ეს ახალი ნაგებობები არაფრით განსხვავდებოდა ძველ დედაქალაქში - რომში არსებულისაგან და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პატარა ბიზანტიონის ადგილზე თავად რომი იყო გადმოტანი¬ლი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ უკვე აღარ აშენებდნენ საკერპო ბომონებს. კოლიზეუმის ნაცვლად, სადაც გლადიატორთა ბრძოლები და გასართობი თამაშები იმართებოდა, იმპერატორის ბრძანებით მოაწყვეს არენა ცხენებით რბოლისთვის. ქრისტიანულ დედაქალაქში სისხლიანი გართობები და გლადიატორთა შერკინებანი აიკრძალა. შენდებოდა ბრწყინვალე ქრისტიანული ტაძრები, რომელთა შორის უდიდესი იყო წმინდა სოფიას - ღვთის სიბრძნის სახელზე აგებული ტაძარი. თვითონ ახალი ქალაქი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრად გამოაცხადეს და უწოდეს კონსტანტინოპოლი. მას აგრეთვე ახალ რომსაც უწოდებდნენ.

აია-სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში

აია-სოფია, ასევე ჰაგია-სოფია, სახელი - წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან "აია-სოფია". სამჯერ აშენდა. პირველი იყო "მეგალა ეკლესია", რომელიც ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინეს დროს აიგო 360 წელს. ეს ეკლესია იყო ხისგან ნაგები შენობა ბაზილიკის სტილში, ხის სახურავით გადახურული. ტაძრის ნაწილი ხანძარმა იმსხვერპლა სახალხო აჯანყების დროს 404 წელს.

მეორედ აშენდა 415 წელს თეოდოს მეორის იმპერატორობის ხანაში. ეს იყო ახალი ეკლესია ბაზილიკის სტილში აგებული, ხის სახურავითა და მონუმენტალური შემოსასვლე¬ლით. 532 წელს სახალხო აჯანყების დროს, რომელიც ცნობილია "ნიკას" სახელით, ტაძარი კვლავ დაიწვა.

აია-სოფია დღევანდელი სახით აშენდა იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში, საუკეთესო არქიტექტორების, ისიდორ მილეთელისა და ანფიმ ტრალელის მიერ. ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა 532 წლის 27 დეკემბერს.

აია-სოფია, ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ. მას უნივერსალურად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული ორთოდოქსული ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა, იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.

ამჟამად კი მუზეუმია თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ სტამბოლში.

კონსტანტინე დიდი და ათანასე ალექსანდრიელი

ნიკესის კრების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, ეპისკოპოს ალექსანდრეს, ალექსანდრიაში დაბრუნების შემდეგ ხუთი თვეც აღარ უცოცხლია. ღრმად მოხუცმა სიკვდილის წინ ისურვა, მის ადგილზე აერჩიათ ჭაბუკი ათანასე, რომელიც თან ახლდა ნიკეაში. ალექსანდრიის ეპისკოპოსმა შენიშნა ჯერ კიდევ ყმაწვილი ათანასეს დიდი ნიჭიერება. ერთხელ ბავშვები, მათთან ერთად პატარა ათანასეც, ზღვის ნაპირზე თამაშობდნენ. ქრისტიანმა ბავშვებმა გადაწყვიტეს მოენათლათ თანატოლი წარმართები. ყრმა ათანასემ, რომელიც ბავშვებმა "ეპისკოპოსად" აირჩიეს, შეასრულა ნათლობის წესი და ზუსტად გაიმეორა სიტყვები, რომელიც ეკლესიაში გაეგონა. პატრიარქი ალექსანდრე ფანჯრიდან უყურებდა ამ სცენას. მან ბავშვები და მათი მშობლები თავისთან მოიხმო, დიდხანს საუბრობდა მათთან და დაარწმუნა, რომ ბავშვების მიერ თამაშით შესრულებული ნათლისღება ეკლესიის წესს სრულიად შეესაბამებოდა, ნათლისღება აღსრულებულად ჩათვალა და მხოლოდ მირონცხების საიდუმლო ჩაატარა.

ამ დღიდან მეუფე ალექსანდრე აკვირდებოდა ყრმა ათანასეს სულიერ ზრდას, ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ კი, 319 წელს დიაკვნადაც აკურთხა. ამ დროს დაწერა წმინდანმა პირველი საღვთისმეტყველო თხზულებანი: "წარმართთა წინააღმდეგ" და "განხორციელებისათვის". ალექსანდრიის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ათანასე ფაქტობრივად მდივნად განაწესა თავის ეპარქიაში. ე.ი. დიაკვნობის შემდგომ ათანასემ მდივნის მოვალეობაც იტვირთა და შეითავსა. სწორედ ამ ხარისხით, ამ თანამდებობით ახლდა ათანასე ალექსანდრეს ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე. ნიკეის კრებაზე ათანასე არიანული ერესის შეუვალ მოწინააღმდეგედ წარმოჩინდა. ამიტომ იყო, რომ ალექსანდრიის ეკლესიამ იგი ერთსულოვნად აირჩია ეპისკოპოსად, თუმცა თავად დიდხანს უარობდა, თავს უღირსად მიიჩნევდა ამ წოდებისთვის, ეშინოდა - ვაითუ, სათანადოდ ვერ შეესრულებინა ეპისკოპოსის მძიმე მოვალეობა. მაგრამ ბოლოს დაჰყვა საერთო სურვილს და მთელი თავისი მოღვაწეობით სრულიად გაამართლა მხარდამჭერთა ნდობა. 28 წლის ათანასეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 47 წლის მანძილზე მართავდა სამწყსოს წმინდა ათანასე, ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა: რამდენჯერმე განიდევნა ალექსანდრიიდან, ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი; 20 წელი იმყოფებოდა წმინდანი დევნულობაში: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა...

დედოფალ ელენეს გარდაცვალების შემდგომ კონსტანტინე ძალიან დაუახლოვდა თავის დას კონსტანციას, რომელიც არიანელთა ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მან, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარემ, დაარწმუნა იმპერატორი, რომ არიოზი უსამართლოდ იყო დასჯილი და სთხოვა, გადასახლებიდან დაებრუნებინა არიოზიც და მისი განდევნილი მომხრეებიც, მათ შორის: ევსები ნიკომიდიელი, ევსები კესარიელი, თეოგნოსტე ნიკიელი. ისინი, მართალია, განუდგნენ ცრუსწავლებას, მაგრამ ფარულად მაინც მფარველობდნენ არიანელებს. ევსები ნიკომიდიელმა ძლიერი გავლენა მოიპოვა საიმპერატორო კარზე. ამ ცბიერ და ვერაგ ადამიანს სძულდა მართლმადიდებლები და ყოველნაირად ცდილობდა მათ წინააღმდეგ კონსტანტინეს ამხედრებას.

ის ღვთის კაცია, შურიანებმა დასწამეს ცილი

336 წელს საიმპერატორო კარმა მიიწვია არიოზი კონსტანტინოპოლში. დაბრუნებულმა არიოზმაც მოახერხა მმართველის დარწმუნება, რომ განუდგა თავის ცდომილებებს. კონსტანტინეს გულწრფელად აწუხებდა ქრისტიანთა შორის უთანხმოებები, ამიტომ გაახარა არიოზის ნათქვამმა, დაუჯერა და ათანასეს მოსთხოვა მისი მიღება ალექსანდრიის ეკლესიაში. მაგრამ ათანასე კარგად იცნობდა არიოზს და მისდამი უნდობლობის მიზეზიც ჰქონდა, ამიტომ მტკიცე უარი განაცხადა, ეკლესიაში მიეღო კაცი, რომელიც ქრისტეს ღმერთობას უარყოფდა. კონსტანტინე ათანასეს პატივს სცემდა და ძალა არ დაუტანებია; სამაგიეროდ, არიანელმა ეპისკოპოსებმა, რაკი ათანასე თანამოაზრედ ვერ გაიხადეს, მისი დაღუპვა განიზრახეს.

ვიდრე ათანასე ალექსანდრიაში იყო, არიანელები ვერ მოისვენებდნენ. თავიანთ უძლიერეს მეტოქედ სწორედ მას თვლიდნენ, მისი ეშინოდათ, აშფოთებდათ მისი გავლენა მთელ ეგვიპტეზე. ალექსანდრიის ეპისკოპოსს ასზე მეტ ეპარქიაზე მეთვალყურეობა ევალებოდა და ეგვიპტის მთელი სასულიერო დასი ათანასეს მხურვალე ერთგული იყო. ამიტომ მიმართეს ყველა საშუალებას არიანელებმა მის წინააღმდეგ: ჯერ შეეკრნენ მელეტიანელებს და წაუყენეს რამდენიმე ბრალდება: მიზეზად დაასახელეს კლიროსისადმი მისი სასტიკი მოპყრობა; არ მოერიდნენ სიცრუეს, თითქოს იგი უკანონო შესაწირს ითვისებდა. ათანასემ იოლად გაი¬მართლა თავი ამ შეთითხნილი ბრალდებებისგან და იმპერატორმაც იგი პატივით გაუშვა - "ის ღვთის კაცია, შურიანებმა დასწამეს ცილი, მაგრამ მაძაგებლებზე ამაღლებული აღმოჩნდა", - ამბობდა კონსტანტინე.

ამ მარცხმა უფრო გააბოროტა არიანელები და ცოტა ხანში ათანასეს ისევ წაუყენეს ახალი, მაგრამ ამჯერად არა სარწმუნოებასთან დაკავშირებული ბრალდებები. მათ დაარწმუნეს იმპერატორი კონსტანტინე, რომ ათანასეს მის მტრებთან ჰქონდა მუდმივი ურთიერთობა; დააბრალეს მკრეხელობა, ბოლოს განაცხადეს, რომ თითქოს ათანასემ მოკლა ერთი მელეტიანელი ეპისკოპოსი - არსენი, რომელსაც მანამდე ჯადოქრობის აღსრულების მიზნით ხელი მოჰკვეთა. კონსტანტინე დაიყოლიეს, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსის განსასჯელად მოეწვია კრებები ჯერ კესარიაში, შემდეგ ტვიროსში. კრებაზე თავმოყრილთაგან უმეტესობა ბრალდებულის მტერი იყო, თუმცა გამოჩნდნენ ეპისკოპოსებიც, რომლებმაც უშიშრად დაუჭირეს მხარი ათანასეს. აღმსარებელმა პოტამონმა, რომელმაც სასტიკი ტანჯვა გადაიტანა დევნის დროს, თავი ვერ შეიკავა აღშფოთებისგან, როდესაც კრების დამსწრეთა რიცხვში ევსები კესარიელი იხილა და დაუყვირა: "შენ უნდა განსაჯო უდანაშაულო ათანასე?! მე და შენ დევნის დროს დილეგში ერთად ვისხედით. მე ჭეშმარიტების დასაცავად თვალი დავკარგე, შენ კი სადა გაქვს იარები, როგორ დააღწიე თავი საპყრობილეს?!" დაბნეულმა ევსებიმ პასუხი ვერ გასცა და კრება დატოვა.

მეორე ცნობილმა აღმსარებელმა პაფნუტიმ კრებაზე მაქსიმე იერუსალიმელს უთხრა: "ჩვენ ერთად ვიტანჯეთ ჭეშმარიტებისთვის. განა ჯეროვანია, უკეთურთა თათბირში მივ¬ღოთ მონაწილეობა?!" და ორივემ დატოვა იქაურობა.

ათანასეს დიდხანს ვერაფერი მოუხერხეს - იგი იოლად ამხელდა ყველა უსამართლო ბრალდებას. მხოლოდ ერთის გაქარწყლება გაუჭირდა - ეს იყო არსენის მკვლელობის ცილისწამება, რაკი ეს უკანასკნელი ვერსად იპოვეს. ორი წლის შემდეგ ათანასეს მეგობრებმა ტვიროსში ნახეს არსენი, რომელსაც არიანელთა რისხვისა ეშინოდა და თავს სხვა ადამიანად ასაღებდა. ამჯერად კი ვეღარ დაიმალა, რადგან ტვიროსის ეპისკოპოსმა იცნო.

ზუსტად ამ დროს ტვიროსში ახალი კრება მიმდინარეობდა ათანასეს განსასჯელად. მისმა მტრებმა დანაშაულის უტყუარ დადასტურებად ზარ-ზეიმით წარმოადგინეს თითქოსდა არსენის მოჭრილი, გამხმარი ხელი, რომელიც ვითომ ათანასესთან იპოვეს. მან მშვიდად მოისმინა ბრალდება და ერთ-ერთ თანმხლებს რაღაც ანიშნა. ისიც გავიდა, მალევე შემობრუნდა და თავიდან ფეხებამდე მოსასხამში გახვეული ადამიანი შემოიყვანა. "დამსწრეთაგან ვინმე პირადად თუ იცნობს არსენის?" - იკითხა ათანასემ. ბევრმა თანხმობით უპასუხა. მაშინ მან მოსულს სახე გამოუჩინა და ჰკითხა: "შენ არ ხარ ის არსენი, რომელიც მოვკალი და ხელი მოვკვეთე?!" შემდეგ მოსასხამი შემოხსნა, მისი ორივე ხელი აჩვენა დამსწრეებს და თქვა: "აი, ორივე ხელი, რომელიც მას უფალმა მისცა. დაე, ბრალმდებლებმა მითხრან, საიდან გააჩინეს მოკვეთილი მესამე".

ენით აუწერელი იყო ათანასეს მტრების გაცოფება - აშკარა ცილისწამებაში მხილებულნი ეცნენ მას და დაახრჩობდნენ კიდეც, მმართველთან დაახლოებულ დიდებულს რომ არ გამოეგლიჯა ხელიდან. მაგრამ მტრებს არც ამჯერად გადასწურვიათ ათანასეს დაღუპვის იმედი - შეადგინეს ჯგუფი და ეგვიპტეში გააგზავნეს მის წინააღმდეგ სამხილების შესაგროვებლად. ეგვიპტის ეპისკოპოსები - ათანასეს თავგამოდებულ მომხრეთა სასულიერო დასი ალექსანდრიისა, ამაოდ ცდილობდა ათანასეს სიმართლის დამამტკიცებელი საბუთების წარდგენას. ყველაფერი, რაც მის სასარგებლოდ გამოდგებოდა, მტრებმა საგულდაგულოდ გადამალეს, ხოლო ხალხს ცრუ ჩვენებების მიცემას წამებითა და მუქარით აიძულებდნენ. როდესაც ათანასე დარწმუნდა, რომ მართალი სამსჯავროს იმედი არ უნდა ჰქონოდა, ფარულად გაეცალა ტვიროსს და კონსტანტინოპოლში ჩავიდა.

მოუხმე და მოუსმინე ჩემს ბრალმდებლებს

ერთხელ, კონსტანტინე თავისი დედაქალაქის ქუჩებში დადიოდა, უცებ ვიღაც მივიდა, ცხენს აღვირში სწვდა და შეაჩერა. ეს იყო ათანასე, რომელმაც იმპერატორს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "მე სამართალს ვითხოვ. დაე, ღმერთი ჩადგეს ჩვენ შორის მსაჯულად, თუ ჩემს ცილისმწამებლებს მიენდობი". იმპერატორი თავიდან გაწყრა და ის იყო გზის გაგრძელება დააპირა, რომ ათანასემ განაგრძო: "მხოლოდ ერთს გთხოვ, მოუხმე და მოუსმინე ჩემს ბრალმდებლებს".

ხელისუფალმა თხოვნა სამართლიანად მიიჩნია და მოიწვია ეპისკოპოსები, რომლებსაც, მათ მიერვე მოპოვებული ცრუ ბრალდებების საფუძველზე, ათანასეს დამხობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. კონსტანტინოპოლში ჩავიდა რამდენიმე არიანელი ეპისკოპოსი, მათ შორის ორივე ევსები. ისინი ხვდებოდნენ რა უწინდელი ბრალდებების უსუსურობას, ახალიც მიამატეს და დაარწმუნეს კონსტანტინე, რომ ათანასე, რომელსაც ალექსანდრიაში უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა, ახალ დედაქალაქში ხორბლის შეტანის შეჩერებით იმუქრებოდა. (კონსტანტინოპოლს მხოლოდ ეგვიპტე ამარაგებდა ხორბლით. ცოტა ხნით ადრე სიკვდილით დასაჯეს ფილოსოფოსი სოსიპატრე, რომელსაც დააბრალეს, თითქოს ჯადოქრობით ზურგის ქარს უცვლიდა მიმართულებას, და აბრკოლებდა დედაქალაქისკენ მიმავალ ხომალდებს.) ამ ცილისწამებამ გაჭრა და ათანასე გადაასახლეს გალიის ქალაქ ტრირში. მაგრამ კონსტანტინემ უარი განაცხადა, იგი ვინმეს შეეცვალა ალექსანდრიაში. მას ესმოდა, რომ ეპისკოპოსის განდევნა ერთადერთი საშუალება იყო მისი დახსნისა გაცოფებული მტრებისგან, რომლებიც მის მოწამლვასაც კი აპირებდნენ.

ტრირში ათანასე პატივით მიიღეს, ხელისუფლის უფროსი ძე, გალიის მმართველი კონსტანტინე II, უდიდესი პატივით ეპყრობოდა და ყოველნაირად ცდილობდა დევნულების ტვირთი შეემსუბუქებინა მისთვის.

შემომფიცე, რომ ამგვარად გწამს

არიანელები ზეიმობდნენ - ყველაზე საშიში მეტოქე, ათანასე მოიცილეს. აღდგომის ტაძრის საკურთხებლად იერუსალიმში შეკრებილმა ეპისკოპოსებმა ეკლესიის ერთობაში დააბრუნეს არიოზი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით გათამამებული ალექსანდრიაში ჩავიდა. მაგრამ მისმა გამოჩენამ უკიდურესად აღაშფოთა იქაური ქრისტიანები. სახალხო მღელვარების თავიდან ასაცილებლად იმპერატორმა არიოზი კონსტანტინოპოლში მიიწვია და, ეპისკოპოს ალექსანდრეს თანდასწრებით, მოსთხოვა მეორედ დაეგმო ცრუსწავლება. ცბიერმა არიოზმა ამჯერადაც დათმო: იგი დაეთანხმა იმპერატორის მოთხოვნას, ხელი მოეწერა ნიკეის სიმბოლოზე.

- შემომფიცე, რომ ამგვარად გწამს. - მიმართა კონსტანტინემ.

- ვფიცავ, მწამს ის, რაც დავწერე. - მიუგო არიოზმა, რომელსაც ფარულად შედგენილი ჰქონდა მრწამსის თავისი ვარიანტი და ფიცის დროს ის ჰქონდა მხედველობაში.

მოტყუებულმა კონსტანტინემ ალექსანდრეს არიოზის ეკლესიაში მიღება უბრძანა, რამაც ძალიან დაამწუხრა ეპისკოპოსი - მას არიოზის ფიცის არ სჯეროდა და ეკლესიაში ქრისტეს მტრის შეშვებისა ეშინოდა. მის უნდობლობას ყველა მართლმადიდებელი იზიარებდა, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. არიანელები ხმამაღლა იმუქრებოდნენ, რომ არიოზს ძალით მაინც შეიყვანდნენ ეკლესიაში. ქრისტიანებს ერთი იარაღი რჩებოდათ - ლოცვა. ისინი მარხვითა და ლოცვით ევედრებოდნენ უფალს დაეცვა თავისი ეკლესია. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლების წუხილს იზიარებდა იმ დროს იქ მყოფი წმინდა იაკობ ნიზიბიელიც.

ეკლესიაში არიოზის მიღების წინადღეს - შაბათს - მისი მეგობრები ეპისკოპოს ალექსანდრეს ნიშნისმოგებით ეუბნებოდნენ: "თანახმა ხარ თუ არა, ხვალ არიოზი მაინც იქნება ეკლესიაში". კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა: "უფალო, ნუ მომასწრებ შენი მემკვიდრეობის შეგინების ხილვას; თუ არიოზი უნდა შეიყვანონ ეკლესიაში, მორწმუნეთა ერთობაში, მაშინ მე წამიყვანე ცოცხალთაგან!"

კვირადღეც დადგა! გახარებული არიანელების მრავალრიცხოვანი ბრბო გარს შემოერტყა თავის ბელადს და საზეიმო მსვლელობით მიაცილა ეკლესიამდე. უცებ არიოზმა თავი ცუდად იგრძნო და მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ მოვლენამ არიანელებს თავზარი დასცა. მორწმუნეებმა კი ეს ამბავი, რასაკვირველია, მიაწერეს უფლის ყოვლისშემძლე მარჯვენას, რომელმაც ეკლესია დაიცვა მავნე ცრუსწავლების გავლენისგან მაშინ, როცა ყოველგვარი ადამიანური ძალისხმევა ფუჭი გამოდგა.

რატომ არ ჩქარობდა კონსტანტინე დიდი ნათლისღებას

მიუხედავად ქრისტიანობისთვის თავდადებისა, კონსტანტინე არ ჩქარობდა ეკლესიას ნათლისღებით შეერთებოდა და მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოიპოვა წმინდა საიდუმლოებაში მონაწილეობის უფლება. მაინც რატომ იკავებდა თავს? ზოგი ისტორიკოსის განმარტებით, რომის იმპერატორისთვის ძალიან ძნელი იყო, უცებ გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი წარმართობასთან, რომელსაც მისი ქვეშევრდომების დიდი ნაწილი აღიარებდა, ამ უკანასკნელთ კი იმპერიის დიდება და ძალაუფლება ძველი რელიგიისგან განუყოფლად მიაჩნდათ. შესაძლოა, არსებობდა სხვა მიზეზებიც.

არა მარტო კონსტანტინეს, მის შემდგომ ეპოქებშიც საკმაოდ იყო გავრცელებული ნათლისღების ხანგრძლივად გადადების წესი. ერთნი ასე იქცეოდნენ თავიანთი ცოდვილობის თავმდაბლად შეცნობის, აგრეთვე, უდიდესი საიდუმლოსადმი კრძალვის გამო და აუცილებლად თვლიდნენ ნათლისღებისთვის დიდხანს მზადებას ლოცვითა და სინანულით. სხვები ვერ ბედავდნენ შეჩვეულ ყოფაზე ერთბაშად უარის თქმას და ახალ ცხოვრებაში აღორძინებას. მით უმეტეს, რომ ნათლისღების შემდგომ ცოდვების ჩამდენთ ეკლესია მკაცრად ეპყრობოდა. ამ საიდუმლოს აღსრულებას ბევრი ამჯობინებდა სიკვდილის წინ, რათა ღვთის სამსჯავროზე წარდგომა შეძლებოდა ახალმოქცეულის სიწმინდით.

წმინდა მამები ხშირად ამხელდნენ ასეთ ცრუ შეხედულებას და არწმუნებდნენ გაქრისტიანების მსურველთ, არ დაეყოვნებინათ ეკლესიასთან შეერთება.

ნუთუ შეუძლია კაცთაგან გამორჩეულსაც კი, ოდესმე თავი ქრისტეს წმინდა და უდიდეს საიდუმლოსთან მიახლების ღირსად ჩათვალოს?! მაგრამ მოწყალე ღმერთი გვიხმობს ჩვენ - უღირსებსა და ცოდვილებს, გვთავაზობს მასთან მისასვლელ გზებს. ეკლესიასთან ერთობა და წმინდა საიდუმლოთა მადლმოსილება გვაძლიერებს, რათა ცხოვრების რთულ ხლართებში წარმატებით ვიაროთ, ჩვენივე სისუსტე ლოცვის, სიყვარულისა და რწმენის ძალით დავამარცხოთ
.
სარწმუნოა, რომ კონსტანტინეს ასეთი მოქმედების ერთ-ერთი მიზეზი ნათლისღებისთვის ლოცვითა და სინანულით მომზადების სურვილი იყო. განსაკუთრებით მას მერე, რაც მიწას მიაბარა საკუთარი ძე კრისპუსი. ეს ნიკეის კრების შემდგომ მოხდა. კონსტანტინეს მეორე ცოლმა, ფაუსტამ, ცილი დასწამა თავის გერს, ჭაბუკ კრისპუსს. საქმე იქამდე მივიდა, რომ იმპერატორმა ბრძანა შვილის შეპყრობა დასასწრაფოდ მოიწვია სამსჯავრო, რომელზეც მას სიკვდილი მიუსაჯეს. კონსტანტინემ მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო კრისპუსის უდანაშაულობის შესახებ და სიცოცხლის ბოლომდე გლოვობდა თავის შეცდომას. მან შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად აღმართა ქანდაკება წარწერით: "უდანაშაულოდ დასჯილ ძეს მამისგან".

მრავალთა აზრით, კონსტანტინეს სინდისის ქენჯნა აბრკოლებდა - იგი თავს უღირსად თვლიდა, ქრისტიანის სახელი რქმეოდა ასეთი დანაშაულის შემდეგ და მისი ჩამორეცხა მრავალწლიანი ლოცვითა და სინანულით ეწადა. ამ პერიოდიდან იმპერატორი უკიდურესი სიფრთხილით ეკიდებოდა დამნაშავეთა დასჯას, ბევრი გადაჭარბებულ ლმობიერებაშიც კი სდებდა ბრალს. მაგრამ მას ყველაზე მეტად უდანაშაულო კაცის დასჯისა ეშინოდა და ამგვარ საყვედურებსაც იოლად იტანდა. ერთხელ, ამბოხის დროს, ხალხმა იმპერატორის ქანდაკებას ქვები დაუშინა. ეს ამბავი კონსტანტინეს მოახსენეს და დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვეს, მაგრამ მან სახეზე ხელი მოისვა და უპასუხა: "მე ტკივილს არ ვგრძნობ". ასე მიუტევა შეურაცხმყოფლებს.

337 წელს აღდგომის დღესასწაულს უდიდესი ზეიმით აღნიშნავდნენ კონსტანტინოპოლში. ქალაქის ყველა ქუჩაში ენთო სვეტებად აღმართული ცვილის კელაპტრები, ეკლესიებში მთელ ღამეს ლოცულობდნენ, გამთენიისას იმპერატორი ხალხს ძღვენს ურიგებდა ქრისტეს აღდგომის - ამ უდიდესი და სასიხარულო მოვლენის - აღსანიშნავად. კონსტანტინემ ეს დღესასწაული უკანასკნელად იზეიმა. ცოტა ხანში ის დასნეულდა და ექიმების რჩევით სამკურნალოდ გაემგზავრა თბილ წყლებზე, მაგრამ შვება ვერ პოვა. როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, გადასახლდა ნიკომიდიის შემოგარენში, მოიწვია ეპისკოპოსები და სთხოვა, მოენათლათ. როგორც უკვე მოგახსენეთ, გადმოცემის თანახმად ნათლისღების რიტუალი სხვა მღვდელმთავრებთან ერთად წმ. სილიბისტრომ აღასრულა.

ლოცვითა და ცოდვათა აღიარებით მომზარობდა და სულით ზეიმობდა; მას გულწრფელად აოცებდა ღვთის ძალის მოქმედება".

კონსტანტინე გარდაიცვალა 337 წელს, სულთმოფენობას. აღსრულებამდე კი სახელმწიფო თავის სამ ვაჟს ჩააბარა.

იმპერატორი ერმა და მხედრობამ გულწრფელად იგლოვა, უდიდესი პატივით გადაასვენეს მისი ცხედარი კონსტანტინოპოლში და დაკრძალეს წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესიაში, სადაც კონსტანტინემ წინასწარ განიმზადა საძვალე. ქრისტიანობისთვის მის თავდადებას მადლიერებით იხსენიებს ეკლესია, რომელმაც ის და დედამისი, დედოფალი ელენე, მოციქულთა სწორთა დასს მიაკუთვნა.

მოქიცულთა სწორთა: კონსტანტინე მეფის და დედისა მისისა ელენე დედოფლის

ტროპარი

ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და ვითარცა პავლე, წოდებაი არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოჩნდა, უფალო, და სამეუფო ქალაქი ხელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშვიდობით, მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი

კონსტანტინე დღეს დედისა თვისისა თანა ელენესა პატიოსანი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად, ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და ბრძოლათა შინა სიქადული.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
03.10.2024
წარმოშობა და ახალგაზრდობის წლები
წმინდა გილდა, უფრო ცნობილი როგორც გილდა ბრძენი (Gildas Sapiens, Gildas the Wise) - ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი,
03.10.2024
წმინდა ბრენდანი (ბრანდანი, ბრანდონი; Brendan, Brandan, Brandon), რომელსაც "მეზღვაურს" უწოდებდნენ,
24.09.2024
წმინდა დიფრიგი (დუბრიკი) არის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წმინდანი ძველ უელსში და ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო მოღვაწე ამ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე.
24.09.2024
წმინდა ასაფს ლლან-ელვიდან, ისევე როგორც წმინდა დანიელ ბანგორელს, გადმოცემა მიაკუთვნებს ლეგენდარული მეფე პაბო პოსტ პრიდაინის ( პაბო ბრიტანელთა სვეტი) შვილიშვილებს.
12.09.2024
წმინდა მაუგოლდი (მაჩალუსი, მაკული, მაკაილე) პატივცემულია როგორც მენის კუნძულის მეორე მოციქული წმინდა პატრიკის შემდეგ.
12.09.2024
სამწუხაროდ, მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი წმინდა გერმანზე (გერმან, კარმანე მანქსურად), რომელიც მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა და განსაკუთრებით პატივცემულია მენის კუნძულზე.
06.09.2024
წმინდა ეადფრითი, იყო ლინდისფარნის ეპისკოპოსი, სავარაუდოდ 698 წლიდან. მეთორმეტე საუკუნისთვის მიიჩნეოდა, რომ ეადფრითი ჩაენაცვლა ეადბერტს
06.09.2024
წმინდა ედბერტის (Edbert, Eadbert, Eadbeorht; +698), ლინდისფარნის ეპისკოპოსი, ხსენების დღეა 6 მაისი
04.09.2024
წმინდა კუტბერტი იხსენიება: 20 მარტს/2 აპრილს (მიცვალება) და 4/17 სექტემბერს (წმინდა ნაწილების გადასვენება);
03.09.2024
ძველი ქალაქი იორკი მდებარეობს ინგლისის ჩრდილოეთში, სადაც მდინარეები უზი და ფოსი ერთმანეთს უერთდება იორკშირში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat