ეს წმინდა მამა 1489 (ან 1490) წელს იშვა პერეიასლავლ-ზელენსკს, ცამეტი წლისამ წუთისოფელი დაუტევა
და მშობლიურ ქალაქში მდებარე პერეიასლავ ზელენსკის სავანეს ჯერ კიდევ მისი დამაარსებლის, ღირსი დანიელის (ხსენება 7 აპრილს) სიცოცხლეშივე შეუერთდა.
მისი წმინდა და ღვაწლმრავალი ცხოვრება იქაურ მამებს მაგალითად ექცათ, მოკლე ხანში კი მის შესახებ მოსკოვის დიდმა მთავარმა, ბასილ მესამემაც შეიტყო.
ამგვარმა პატივმა დიდად შეაწუხა გერასიმე, იქაურობას განერიდა და თავი სმოლენსკის უსიერ, პირველქმნილ ტყეებს შეაფარა, სადაც ხშირად დაითმენდა ავაზაკთა თავდასხმებს, საღვთო გამოცხადების შემდეგ კი სამოღვაწეოდ ბოლდინის მთაზე გადავიდა. თუმცა, ადგილობრივთა გააფთრებულმა წინააღმდეგობამ არც აქ დააცალა სიმშვიდე: - გულმესისხლე იქაურებმა ჯერ ლამის სიცოცხლეს გამოასალმეს, შემდეგ კი - ადგილობრივ მმართველს გადასცეს, რომელმაც გერასიმე ბნელ ჯურღმულში გამოამწყვდია.
თუმცა, იქ უეცრად ჩასულმა დიდმა მთავარმა, რომელსაც წმინდა მამა ღირს დანიელთან ერთად ენახა, იცნო და გაათავისუფლებინა.
ამიერიდან მდევნელნი პატივის მიმგებებად ექცნენ და ზოგი დაემოწაფა კიდეც. მალე დიდი მთავრის ნებართვით იქ სენაკები, სატრაპეზო და ტაძარი ააგეს, რომელიც ყოვლადწმინდა სამების სახელზე 1530 წლის 9 მარტს იკურთხა.
ღირსი მამა თავად მონაწილეობდა მშენებლობაში და წისქვილში, პურის საცხობსა და სასნეულოშიც ნებაყოფლობით შრომობდა.
ხსენებული ტაძრის გარდა წმინდა გერასიმეს ძალისხმევით 1534 წელს ვიაზმშიც აიგო წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატივად სავანე, სადაც ორმოცდაორი მონაზონი იღვწოდა.
1535 წელს მან ბრინსკის ტყეში კიდევ ერთი - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის სავანე ააგო, რომლის ძმობასაც, ძირითადად, ავაზაკყოფილნი შეადგენდნენ, იღუმენად კი თავისი ნამოწაფარი, პეტრე დაუდგინა.
1545 წლისთვის გერასიმემ სმოლენსკის მხარეში, დოროგობუჟის სიახლოვეს ღვთისმშობლის შობის სახელზე კიდევ ერთი ტაძარი ააგო, სადაც 35 მამა ცხოვრობდა.
ღირსმა მამამ ხსენებულ მონასტერთათვის მკაცრი წესდება შეადგინა, - მათ მკვიდრთ იქაურობის დატოვება აეკრძალათ, თავად კი სიცოცხლის ბოლომდე წინამძღვრობდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის სავანეს და ძმათათვის ბერული სრულქმნილების განსახიერება იყო: - მჯდომარეს ეძინა, ოდენ ხმიადითა და წყლით საზრდოობდა და ყველაზე მძიმე სამუშაოებს აღასრულებდა.
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე თავის დაფუძნებულ სავანეთა მამებს მოუხმო, დამოძღვრა, სამონასტრო წესდება შეახსენა და 1554 წლის 01-ლ მაისს მშვიდობით განვიდა ამა სოფლიდან!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი