"ტყვეთა განმათავისუფლებელი"
წმინდა გიორგის ტყვეთა განმათავისუფლებელს უწოდებენ. კუნძულ მიტილენაზე, წმინდა გიორგის დიდებულ ტაძარში, დღესასწაულზე უამრავი ხალხი იყრიდა თავს. ეს შეიტყვეს კრეტაზე მცხოვრებმა აგარიანებმა, დაესხნენ თავს ქრისტიანებს და ნაწილი დაატყვევეს. მათ შორის იყო ერთი ყმაწვილი, რომელიც კრეტელმა ავაზაკთა მეთაურმა მსახურად დაიყენა. ამ ყმაწვილის მშობლები შემდგომ გიორგობას კვლავ მივიდნენ წმინდა გიორგის ტაძარში, ილოცეს, მერე შინ სადღესასწაულო სუფრა გაშალეს. სტუმრები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ. დედის გულმა ვერ გაუძლო მხიარულებას. დაბრუნდა ტაძარში და წმინდა მოწამეს შეწევნა შესთხოვა, მერე შინ გასწია. ამ დროს მისმა ქმარმა ტრაპეზის წინ ლოცვა წარმოთქვა. განადიდა წმინდა გიორგიც. მსახურებს ღვინო უნდა ჩამოესხათ, რომ უცებ მათ წინ დატყვევებული ბიჭი გაჩნდა, ხელში კოკით ღვინო ეჭირა. სად იყავი, ან აქ საიდან გაჩნდიო, - ჰკითხეს ერთხმად. ბიჭმა უამბო მათ დატყვევების ამბავი და დასძინა, - ღვინო ბატონთან უნდა მიმეტანა, რომ ანაზდად გამოჩნდა ვიღაც მხნე მხედარი, შემომისვა ცხენზე და წამომიყვანა, მერე კი უეცრად შინ აღმოვჩნდიო."აბა, გამოსცადე, მაქვს თუ არა ძალა"
სოფელ ქსოვრისში ერთი პატარა სალოცავია, ლაშარის წმინდა გიორგის ეძახიან. მისი ძალა თავის თავზე გამოუცდია თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძრის მოძღვარს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს. მამა არჩილი ჰყვება: "ყრმობისას, ვიქნებოდი რვა-ცხრა წლისა, ბიძაშვილ გოგონებთან ერთად მთიდან ვეშვებოდი. სალოცავს რომ გავუსწორდი, ძალიან გამიკვირდა: ან ეს ქვების გროვა რა არის, ან ჯვარი რატომ აღუმართავთ-მეთქი. მათ მითხრეს, - ამ სალოცავს ლაშარის წმინდა გიორგი ჰქვია და დიდი ძალა აქვსო.მე თავი ავიმაღლე და სალოცავს შევანერწყვე. თუ ძალა აქვს, რამე მიყოს-მეთქი.
წამოვედით. ექვსი-შვიდი ნაბიჯიც არ გვქონდა გადადგმული, რომ ნათლად დავინახე, სოფელ ილტოზის მხრიდან, სადაც წმინდა გიორგის ეკლესია დგას, ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი მოდიოდა. ხელში მათრახი ეჭირა. მომიახლოვდა, მხრებზე მათრახი გადამკრა და მრისხანედ მითხრა: - აბა, გამოსცადე, მაქვს თუ არა ძალაო! შეშინებული ვკვნესოდი, "ვაი, დედას" გავიძახოდი. ტირილით ვკითხე ბიძაშვილებს, - თქვენც თუ ხედავთ წმინდა გიორგის-მეთქი. იუარეს. დიდმოწამეს მხოლოდ მე ვხედავდი და ტკივილსაც მე ვგრძნობდი. ამის შემდეგ უჩვეულო რამ მოვლენები დამეწყო. სრულიად საღ-სალამათი მოულოდნელად გრძნობას ვკარგავდი და ნემსითღა მაბრუნებდნენ. ძალზე ავად გავხდით მე და ჩემი ძმა აკაკი. ექიმებმა ვერა გვიშველეს რა და როდესაც იმედი გადაეწურათ, მშობლებმა ჩვენი თავი ილტოზის წმინდა გიორგის მიუძღვნეს. წავედით სალოცავში. სანთლები აანთეს, ილოცეს, მამალი შესწირეს, მერე შინ წამოგვიყვანეს. ერთი წელიწადი ჩვენთვის თმა არ შეუჭრიათ... მართლაც, იმ დღის შემდეგ, ყოველგვარი წამლობა-აქიმების გარეშე განვიკურნეთ. ერთხელ, სიზმარეულ ჩვენებაში ვნახე წმინდა გიორგი, გაჭირვებულთა დასახმარებლად ცხენს მიაგელვებდა. შევთხოვე, მეც შემეწიე-მეთქი. შენთვის არა მცალიაო! - ნაწყენი იყო".
წლების შემდეგ, როცა მამა არჩილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, ეს ამბავი მღვდელმთავარ თადეოზს (იორამაშვილი) უამბო. მეუფე თადეოზი მომავალ მოძღვარს მინდიაშვილთა გვარის სალოცავში, გერის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაჰყოლია. მეუფეს დაუმდაბლებია თავი, მასთან ერთად შემოუვლია მუხლჩოქით სალოცავისთვის - შენი ცოდვების ნახევარს მე ავიღებო. ასე შერიგებია წმინდა გიორგი მამა არჩილს.
"ლომისკარელი"
მერაბ კოსტავა ერთ-ერთ სტატიაში წერდა: "გურიაში, სოფელ ციხეში არსებული ერისთავების ეკლესიიდან კომკავშირელებმა გამოიტანეს სასწაულმოქმედი ხატი - "ლომისკარელი" და რაიონის ცენტრში, ჩოხატაურში წაასვენეს, სადაც იგი რევოლვერით დაცხრილა აგიტატორმა, შემდგომში ცეკას წევრმა თენგიზ ჟღენტმა, რომელმაც სულ მალე იმავე რევოლვერით მოიკლა თავი. ასევე მოიკლა თავი ხატების შეურაცხმყოფელმა კომუნისტმა ალექსანდრე გეგეჭკორმა".სეხნა-წმინდანი
მოგზაურთა და ყრმათა შემწე. იერუსალიმიდან შავი მთისკენ მიმავალი გიორგი მთაწმინდელი ერთ დიდ მდინარეს მიადგა. მარტო იყო, მაგრამ წყალში მაინც შევიდა. გადალახვა გაუჭირდა. სწორედ მაშინ თავის გვერდით დაინახა თეთრ ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი, რომელმაც უთხრა: შემოჯექ, ნუ გეშინიაო. მოჰკიდა ხელი და სამშვიდობოს გაიყვანა. როგორც წმინდა გიორგი მთაწმინდელი იტყოდა: გულდაჯერებული მივხვდი, რომ წყლისგან ჩემი გამომხსნელი წმინდა გიორგი იყოო. ალავერდის წმინდა გიორგის სასწაულები
ბათო ყაენმა მეფე დავითი, ულუდ წოდებული, თავისთან იხმო. წასვლის წინ დავითმა სამეფოს განმგებლად დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და თავისი ერთგული მესტუმრე ჯიქური დატოვა. დაუგვიანდა მეფეს ჩამოსვლა. იქიდან გამოგზავნა თხოვნა და თავისი სამეფოს თითოეული გოჯი მიწა თითო კაცს შეავედრა. კახეთი პანკისელ თორღვას ჩააბარა და ისიც უბრძანა, დედოფლის ნებას დამორჩილებოდა. თორღვამ იფიქრა, მეფე აღარ დაბრუნდებაო და კახეთი დაიჩემა. აღარც დედოფალს ემორჩილებოდა და აღარც ჯიქურს.შეიწყალა ყაენმა მეფე დავითი და სამშობლოში დიდი პატივით წარმოგზავნა. ჰერეთს რომ მოაღწია, შეეგებნენ ქართლის დიდებულები, ყველა, თორღვას გარდა, შეშინებულს პანკისისთვის შეეფარებინა თავი.
დაბრუნდა მეფე თბილისში. მრავალჯერ მოუწოდა თორღვას, მაგრამ ის გამოჩენას ვერ ბედავდა. და აი, ჯიქურმა ასეთი ხერხი მოიგონა: ვინმე ხორნაბუჯელი მიუგზავნა თორღვას. მომენდე და მეფესთან წაგიყვანო, - უთხრა ხორნაბუჯელმა. თორღვამ შესთავაზა, ალავერდის წმინდა გიორგის წინაშე შემომფიცეო. მივიდნენ წმინდა ხატთან. თორღვამ თქვა: "რასაც მოაწევ ჩემზე, ის გიყოს წმინდა გიორგიმ, რამეთუ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე და ჩემი სიკვდილით უმკვიდრო იქმნების მამული ჩემი, და თუ მიღალატებ, უმკვიდრო ჰყოს წმინდა მთავარმოწამემ შენი სახელიცო". შეჰფიცა ხორნაბუჯელმა, მაგრამ ტაბახმელას რა მოაღწიეს, შეიპყრო ჯიქურმა თორღვა პანკისელი და დედოფლის თანხმობით, ისე, რომ მეფემ არც კი იცოდა, კლდეკარის კლდიდან გადმოაგდო.
ფიცის გატეხისთვის კი სამაგიერო მიეგო ხორნაბუჯელს: მის ძეს, შალვას, რომელსაც მრავალი შვილი ჰყავდა, ყველა ერთი ხელის მოსმით დაეხოცა, ხოლო თვით შალვა თათრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს, ხორნაბუჯელი კი ჯავრს გადაჰყვა. ჯიქურს რამდენიმე წლის შემდეგ ცილი დასწამეს. მეფე დავითმა ის სიმართლის გამოუძიებლად დაახრჩობინა მტკვარში და "არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არ ესვა შვილი".