1898 წელს გამოცემულ აკაკის კრებულში შეტანილია ქვემოთ მოყვანილი მოთხრობა "ზეპირგადმოცემული თანამედროვისაგან, რომელიც იყო სიკო კანდელაკის პაპა და ჩაწერილია მისი შვილიშვილის სიკო კანდელაკისაგან".
ეს კანდელაკი სოლომონ პირველის სამეფო კართან დაახლოებული ყოფილა, მგალობელი და მისი მონათხრობი შეძლებისდაგვარად ობიექტური შეფასებაა იმდროინდელი ისტორიული მოვლენებისა.
* * *
ეს მეფე იყო ალექსანდრე მეფის ძე. თუმცა სამეფო ტახტი უფროს ძმას ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ხედავდა, რომ მისი უმცროსი ძმა სოლომონ უფრო სამეფო კაცი იყო, როგორც თვალტანადობით, აგრეთვე ძლიერებით და სიმარჯვით, ამის გამო იოსებმა მეფობა მას დაუთმო და თვითონ ბერად შედგა.
სოლომონი რომ სამეფო ტახტზე ავიდა, სულ თვრამეტი წლისა იყო. ამ დროს ოსმალეთის ჯარები იყო იმერეთში შემოსული და ციხესიმაგრეებიც იმათ ეჭირათ. პირველი ფაშა მამედ-ალი კიკიანი ქუთაისის ციხეში იდგა დიდძალი ჯარით და მბრძანებელი იყო დანარჩენი ფაშების. მეორე ფაშა უსეინ იდგა ბაღდათის ციხეში; მესამე ფაშა ახმედი-შორაპნის ციხეში; მეოთხე ფაშა ალიბეგი იდგა ხრესილზე. თუმცა ამათ განგებლობაში არ იყო ჩვენი სამეფო, მაგრამ ბეგარას კი ახდევინებდნენ იმერეთის მეფეს რამდენიმე ყურუშა. ამ დროს ცხოვრობდა იმერეთის სამეფოში ორი თავადი: ერთი რაჭაში, რომელსაც უწოდებდნენ დიდ როსტომ ერისთავს და მეორე არგვეთში თვით მეფის დედის ძმა ლევან აბაშიძე (სინამდვილეში მეფის ბაბუა, დედის მამა, - კ.კ.). ამათ შემოიყვანეს თათრები ალექსანდრეს მეფობის დროს, გაუღეს კარი, დააბინავეს, დაასუსტეს ალექსანდრე მეფის ძლიერება და თვითონ მათი შემწეობით გავლენა მოიხვეჭეს. ახლაც სოლომონ მეფის გამეფების შემდეგ დაუახლოვდნენ კიკიან ფაშას ძვირფასი საჩუქრების მირთმევით და ურჩევდნენ, რომ ბაგრატიონის გვარი სრულიად მოესპო და მათთვის მიეცა მეფობა. ასე რომ, ორ სამეფოდ გაეყო იმერეთი: ნახევარი ერთისათვის მიეცა, ნახევარი მეორესთვის. სამაგიეროდ ჰპირდებოდნენ იმერეთში მაჰმადიანობის შემოღებას. უნდა აეშენებინათ მეჩეთები ქუთაისს, ბაღდათს, შორაპანს, ხრესილზე, საჩინოს, ორპირს, კულაშს, ხონს, რაჭას, ნიკოლოზ-წმინდის ტაძრის გვერდით, ონში და ამბროლაურში. კიკიანი ფაშა მოხარული იყო, მაგრამ თავის თავად ცოტა ჯარით შებმას ვერ ბედავდა, რადგანაც როგორც მეფე სოლომონს, ისე მის ძმა არჩილს დიდი ვაჟკაცობის სახელი ჰქონდათ გავარდნილი. მეფე სოლომონს, თვალს უჭრიდა და ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ოთხი თვალი აქვსო. მართლაც, პირდაპირ მისი შეხედვა და თვალის გამართვა, როგორც ზაფხულში მოწმენდილ ჰაერში მზის თვალის გამართვა, შეუძლებელი იყო. მის ძმა არჩილზე კი ამას ამბობდნენ: მისმა მადლმა, წმინდა გიორგის სასწაულის გარდა, სიმარჯვით ვერ აჯობებსო. ეს არჩილი იყო ძლიერ ახოვანი, ხმელი, მაგრამ ძვლები ჰქონია მსხვილი და მოგრძო. იმისი ხმლის ხმარება სამაგალითო და საარაკო იყო. ცოლად ჰყავდა ქართლ-კახეთის მეფის ირაკლის ქალი. აი მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავდა კიკიანი ფაშა ციხეებიდან გამოსვლას და მეფესთან ბრძოლას თავისთავად, სანამ ხონთქარს არ აცნობა ყველაფერი და არ თხოვა ჯარების დასქელება. ხონთქარმა აღუთქვა და ამის შემდეგ კიდევ უფრო გათამამდნენ, როგორც ფაშები, ისე მათი ჯარისკაცები და არაფრად აგდებდნენ მეფეს. ერთ აღდგომა დილას თათრის ჯარისკაცი შევიდა მეფის სამზარეულოში. მეფისთვის მომზადებული სასაუზმო ცხვარს ააგლიჯა ბეჭი, იქვე შეჭამა და წავიდა უშიშრად. სასახლის გამგემ სხვა ცხვრის კეთება დააწყებინა და აცნობა სახლთხუცეს პაპუნა წერეთელს ეს გარემოება. წერეთელი შეწუხდა, მაგრამ რას იქმოდა! მოხსენება ვერ გაუბედა მეფეს, მხოლოდ კათალიკოსი და დიდებული კარისკაცები, მეფესთან მისალოცად მიმავალნი შეაჩერა, რომ დრო გაგრძელებულიყო და მანამდის მოესწროთ სხვა ცხვრის გაკეთება. მეფეს რომ საუზმე დააგვიანდა, ვეზირს - თამაზა მესხს უბრძანა: სად არიან ჩემი დარბაისლები, რომ ვეღარ ვხედავ, ან ქათალიკოსი რატომ არ მობრძანდა, რომ სუფრა მიკურთხოს და ან პაპუნა წერეთელი საუზმეს რათ მიგვიანებს, რომ გავიხსნილოთო? თამაზამ გამოტეხით მოახსენა ყველაფერი. მეფე ისარნაკრავივით წამოვარდა ზეზე და დაიძახა: ამისთანა სიცოცხლეს სიკვდილი სჯობიაო! ნუღარც გამთენებია აღდგომა, თუ ისინი იმერეთიდან არ გავრეკოო. მოითხოვა ცხენი, შეჯდა და ვარციხისკენ გაეშურა: მე აქ ქუთაისში დასადგომი პირი არა მაქვსო. დიდებულები ზოგი თან წაჰყვეს და ზოგიც გზაში დაეწიენ. მისვლის უმალვე სარდლები დაიბარა: ქაიხოსრო აგიაშვილი, ბერი წულუკიძე და გიორგი აბაშიძე. მეოთხე სარდალი პაპუნა წერეთელი თანვე ახლდა. ამ პაპუნას სამი ხელისუფლობა ეჭირა. ესე იგი იყო სახლ-უხუცესი, უფროსი ვეზირი და ცხენოსნის სარდალი.
სარდლები მეორე დღესვე გამოცხადნენ. მეფემ უბრძანა ციხის თავს სარდალ აგიაშვილს ბაღდათის ციხეზე მიდგომა. თავის ძმას არჩილს და გიორგი აბაშიძეს - შორაპნის ციხეზე ბრძოლა. ბერ წულუკიძეს და პაპუნა წერეთელს ხრესილზე ომი და თვითონაც იქ ყოფნა არჩია. რადგანაც თათრის ჯარი იქ მომეტებული იყო და გაშლილი ალაგიც იყო. ქუთაისის ციხის აღება კი უბრძანა ფიცის კაცებს და გაუგზავნა შემდეგი ბრძანება: "თავადს ბერ ლორთქიფანიძეს მეფე სოლომონ სიყვარულით მოგიკითხავ. ამასთანვე გიბრძანებთ, რომ მიღებისთანავე ამა ბრძანებითი წერილისა შეკრიბო ფიცის კაცნი: თავადნი და აზნაურები თავისი ყმებით და ისინიც რო¬მელნიც ჩემი სახასო ყმები არიან და ანუ ეკლესიისა; ვისაც იარაღის ხმარება შეეძლოს თავად-აზნაურობისაგან სუყველა და გლეხებისაგან მხოლოდ თვითო გამოიწვიე. შემოჰკარი ქუთაისის ციხეს, დაამწყვდიეთ შიგ ოსმალეთის ჯარი, არავინ გამოუშვათ! ვინც გამოვიდეს და ქრისტიანობის მიღება განაცხადოს, ის დაკრძალეთ და შემდეგ ჩემთან მოიყვანეთ მეფე იმერთა "სოლომონ".
ამგვარივე ბრძანება გაუგზავნეს მიქელაძეს.
"თავადს ზურაბ მიქელაძეს სიყვარულით მოგიკითხავ და გიბრძანებ, ახლავე შეკრიბე ჯარი, გამოაწყვე ყველა თავად-აზნაურნი და გლეხნი, საჩინოს სოფლიდან მთელი მთის მცხოვრებნი, ვიდრე გურიის საზღვრამდე; ვაკიდან - ორპირი, კულაში, ჯაგანი, გეზათი, მაედანი, ჯიხაიში ორივე სოფლები, გუბი და ეწერი, კომლზე თითო გლეხი გაიყვანე, თავად-აზნაურს, რომელსაც იარაღის ხმარება შეეძლოს-რამ¬დენიც იყოს ოჯახში, ნუ დატოვებ და შეკარი ფოთის გზა, სადაც გურიისა და ფოთის გზა შეერთდება იქ ესე იგი ეკალ-მუხურში დანიავდით, ოსმალოს ჯარი არც აქეთ მომავალი და არც იქით მიმავალი არ გაუშვათ, სრულებით გაწყვიტეთ! მეფე იმერეთისა სოლომონ".
ამ ბრძანების მიღებისთანავე ზურაბ მიქელაძე მივიდა ორპირის ქალაქს და გაგზავნა კაცები ჯარების გამოსაწვევად. ამ დროს მოვიდნენ ახალგაზრდა მიქელაძეები, რომელნიც ჭალადიდს მაყრებად ყოფილიყვნენ ქორწილში და გზაში შეყროდნენ თათრებს, იმერეთიდან ტყვეები რომ მიჰყავდათ სათათრეთში, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაეწიათ მეფის ხათრით. ახლა კი რომ გაიგეს მეფის ბრძანება, გამოუდგნენ, მიეწიენ ფოთთან, თათრები გაწყვიტეს და ტყვეები გამოიხსნეს. ეს გარემოება როსტომ ერისთავმა და ლევან აბაშიძემ სიჩქარით აცნობეს კიკიან ფაშას. მან ცნობისთანავე გზის შეკვრამდის გაგზავნა ფოთში კაცი და დაიბარა ჯარები, მაგრამ ამ ჯარებს დახვდნენ ეკალ-მუხურში მიქელაძეები. შეიქნა დიახ ფიცხელი ომი და სულ ცხვრის ფარასავით გადაყარეს თათრები რიონის წყალში. ფიცის კაცებმა ქუთაისის ციხე შემოკრეს: მეფის სურვილი იყო: რომ თათრებთან ომი ყოველ ადგილს ერთსა და იმავე დღეს, რაც შეიძლება სიჩქარით დაწყებულიყო. მაგრამ, პაპუნა წერეთელმა მოუშალა და ურჩია როსტომ ერისთავთან წასვლა და იმასთან მოლაპარაკება. ამ რჩევაზე დათანხმდა მეფე და მოულოდნელად მიბრძანდა ბარაკონს ერისთვისას, როსტომი იმ დროს საღალატოდ ემზადებოდა: უნდოდა, რომ ლევან აბაშიძესთან ერთად მიხმარებოდა და რა საკვირველია, მეფის მიბრძანება სასიამოვნოდ არ დაურჩა. იმ ღამეს სასტუმროში მიიღო, თვითონ არ ნახა მეფე, ბოდიში მოითხოვა; ავად ვარო, ვახშამი დიახ საკადრისი მოუმზადა: სხვათა შორის, ირემიც დაუკლა და ჭამის გათავებამდის, როგორც მეფის სადღეგრძელოზე, აგრეთვე ისეც, დროგამოშვებით ზარბაზანს ისროდნენ ციხიდან. ორივე კარზე ოსმალური წესით ორ¬მოც-ორმოცი კაცი ხელჯოხიანები იდგნენ უიარაღოდ და ჭამის გათავების შემდეგ შეიარაღებულნი-გათენებამდის. დილას, მეფის პირის დაბანის შემდეგ, გავიდა როსტომ მეფის სანახავად განძრახ მოურიდებლად და თავხედად: ახალუხზე ტოლომო წამოსხმული, წითელი ჯამფარის ნიფხვით და ქოშებით. მეფემ ეს არაფრით შეიმჩნია: "როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო", - თქვა თავის გუნებაში და ჩვეულებრივ მოკითხვის შემდეგ საქმეზე დაუწყო ლაპარაკი და თხოვა, რომ თავისი რაჭველებით ხრესილზე მოსულიყო და მოხმარებოდა. ერისთავი დიდი მორჩილებით დაეთანხმა. აღუთქვა ოთხი ათასი გამოწვევა. გაგზავნა ყოველი მხრით მისი შვილები ჯარის გამოსაწვევად: რაჭაში და ოსეთში - კუდაროს და სთხოვა მეფესაც მასთან დარჩენა, სანამ ჯარი არ შეგროვდებოდა.
გამოწვეული ჯარები წვრილ-წვრილად იკრიბებოდნენ ბარაკონში ერისთვის დიდ ეზოში. მეფე დიდ შექცევაში ჰყავს: დილაობით ყოველდღე ყაბახზე სროლა არის, საღამოობით; ჯირითი და სადილ-ვახშამზე ზარბაზნების სროლაა... მეფე გაკვირვებულია ამ კაცის ცხოვრებაზე და პაპუნას უბრძანებს: "მადლობა ღმერთს, გურიელს და დადიანს გარდა მყოლია დიდებული ქვეშევრდომებიო". ამ ყოფაში იყვნენ რამდენიმე დღე, რომ მესამე დღეს ორმა კაცმა მოაჭენა ხიდისკართან, მივიდნენ ერისთავთან და აცნობეს: ნაქერალას მთაზე თათრის ჯარი ამოვიდა და შაორის მდინარეზე დაბინავდაო; როგორც გავიგეთ ხრესილზე მდგომი ჯარის ოცდაათისათასისაგან ნახევარი აქეთ წამოსულაო. ეს ლაპარაკი მაღალი ხმით იყო. მეფემ მოკრა ყური და უბრძანა ერისთავს: რა ამბავი არისო? ერისთავმა მოახსენა: რაჭაში მტერი შემოგვესია და აოხრებას მიპირებსო, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მეც მომზადებული ვარ, იმას რაჭაში არ შემოუშვებ, ნაქერალაზე გადმოვყრი და მერე თქვენ მოგეშველებითო. ახლა კი წაბრძანდი, დროს ნუღარ კარგავთო. მეფემ მადლი უბრძანა და დაიმედებული გამობრუნდა. თათრების ჯარების შესვლა რაჭაში თურმე გამოგონილი იყო ერისთავასაგან. მეფე მოატყუა და დროც დააკარგვია, რომ მანამდი ხრესილზე თათრებისთვის მეფის განზრახვა ეცნობია. რაჭიდან გამობრუნებულ მეფეს სიმონეთში სარდალი ბერი წულუკიძე დაუხვდა დიდი ჯარით. მეფემ ჯარი დალოცა და გასამხნევებელი სიტყვები უბრძანა: "ჩემო იმერლებო! მტრები ბევრით ჩვენზე მეტია, მაგრამ ნუ შეშინდებით! დღეს მარტო ჩვენ არ ვართ მეომარნი, არამედ ჩვენთანა არს ძალი იესო მაცხოვრისა. დღეს ეჭივრება ქრისტიანობას გამოხსნა. შესწირეთ თავი თქვენი ქრისტეს სარწმუნოებას, გამხნევდით, შვილებო გამხნევდით! მეც თქვენთან ვიქნები, არც ჭირში და არც ლხინში არ მიგატოვებთ და ღმერთი იქნება ჩვენი შემწე!" ეს რომ თქვა, ჯარის დაწყობაც ბრძანა. გამოვიდა კერძოთი ცხენოსანი ჯარი. გამოვიდა ბერი წულუკიძე - სარდალი ქვეითი ჯარისა - დააწყო ქვეითი ჯარი. შედგა სულ ქვეითი და ცხენოსნის ჯარი, თერთმეტიათასი. მეფემ გამოითხოვა პაპუნას ნახევარი ცხენოსნის ჯარიდან და უბრძანა, თუმცა შენ ხარ ყოველ ომში მემარჯვენე, მაგრამ ხვალ მე უნდა ვიქნეო. იმ ღამეს მტერზე ახლოს მივიდნენ. მეფეს არ უძინია, მთელი ღამე დაჩოქილი ლოცულობდა. ბრძოლის წინათ ბრძანა ღვინის მიტანა, აივსო აზარფეშა და თქვა: "დიდება ღმერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ჩემს ჯარს, საქრისტიანოს ხსნისათვის მსხვერპლად დამზადებულს". დაცალა და გადასცა პაპუნა წერეთელს. წერეთელმა თაყვანისცემით ჩამოართვა სასმისო, აავსო და დაილოცა: "ღმერთო, უსმინე ბატონ მეფე სოლომონს!" წერეთელმა ბერ წულუკიძეს გადაულია და იმანაც ჯარი შეავედრა წმინდა გიორგის. მოემზადენ საომრად. პირველ მამლის ყივილზე მიადგა ბერი წულუკიძე, საიდანაც მარჯვე ადგილი იყო. დაჰკრეს საომარი ბუკი და ნაფირი. მეფემ მარჯვნივ შეუტია და პაპუნამ მარცხნით. შეიქმნა დიდი ფიცხელი ომი. გათენებამდე ძლევა არც ერთ მხარეს არ რჩება. რომ გათენდა, დაინახეს, რომ მეფე შევარდნილა შიგ შუაგულ ჯარში და ხმალამოღებული ეძებს. უყივის და იწვევს დავლურში ალიფაშას. ამასობაში ბერმა წულუკიძემ და პაპუნა წერეთელმა შემოამტვრიეს საფრები. თათრის ჯარი გაქცევას აპირებს, მაგრამ ლევან აბაშიძე თავის ჯარით ამხნევებს მათ!..
მეფემ დაინახა ფაშა, შეჭყივლა თათრულად: "აიყარე იარაღი და ან მარჯვედ დამხვდიო!" ფაშა მეფის დანახვაზე ისე შეშინდა, რომ როგორც იყო, ნახევრამდი ხმალი ძლივს ამოიღო, ომის დროს საოცარი სანახავი იყო ბატონი მეფე. მოიგდო ცხენი და როგორც ქათამს, ისე გააგდებია თავი ფაშას. ალი-ფაშის სიკვდილის შემდეგ სარდლობა აბაშიძეს დარჩა და გაგრძელდა ისევ ომი, რომ არავის უბრძანებია ისე, ერთი ვიღაც ჯარისკაცი გავიდა დიდ ხეზე, მორთო ძახილი: "გაიქცა თათრის ჯარი და ლევან აბაშიძეო!.."
ამ ტყუილმა ძახილმა ჩვენი ჯარი გამოაფხიზლა: ეს ხმა ლევან აბაშიძესაც მოესმა, მოიგდო ცხენი ხეზე, შენიშნა, რომ მყვირალი კაცი ხეზე იყო გასული, შემოუარა ხეს და დაეძებდა, საიდან მოეხერხებია სროლა. ამ დროს ერთი ჯარისკაცი თურმე ჩირგვში იყო მიმალული, მიადვა თოფი აბაშიძეს და გადმოაგდო ცხენიდან. გადმოიხედა ხეზე გასულმა კაცმა, დაინახა, რომ აბაშიძის რახტით შემკული ცხენი უპატრონოდ გარბის და პატრონი კი ძირს აგდია მკვდარი, - მოუმატა ყვირილს: - "მოჰკლეს აბაშიძე და ფაშა ალი ბეგიო!.." ამ ორი სარდლის სიკვდილმა თათრის ჯარი სრულიად მოშალა, სამხრობამდის კიდევ გაგრძელდა ომი, მაგრამ მხოლოდ წყვეტდნენ და იჭერდნენ თათრის ჯარს, რომელსაც ხელის გამოღების ღონე აღარ ჰქონდა, თვარა ნამდვილი ბრძოლა დიდი ხნიდან გათავებული იყო. მეფეს, თუმცა წინათვე მოახსენეს აბაშიძის სიკვდილი, მაგრამ ომის დასრულებამდე არ უნახავს. შემდეგ. კი მივიდა, გადააფარებინა ნაბადი და იტირა ისე, როგორც ეკადრებოდა ნათესავს. არც ერთი საყვედური არ უთქვამს! შეაკრევინა კუბო და დიდი პატივით გაგზავნა თავის სახლში. მოითხოვა აბაშიძის მკვლელი, მაგრამ ვერავინ გამოჩნდა შიშის გამო. სანამ დაჯილდოება არ ბრძანა. მაშინ კი მოიყვანეს მესხეთელი გლეხი გეგელა თევდორაძე.
- როგორ გაბედე შენ ბიძაჩემის მოკვლაო? - უბრძანა მეფემ.
- მე ბიძა თქვენი კი არა ქვეყნის მტერი და ორგული მოვკალიო, - მოახსენა თევდორაძემ.
მეფემ გაიცინა, აზნაურობა უბოძა, სახელი გვარად შეუცვალა: თევდორაძეობა-გეგელაშვილად, რომ მისი ნაშიერები გეგელაშვილად იწოდებოდნენ. მასთანვე აჩუქა ათი კომლი გლეხი და სახნავ-სათესი ადგილები გეგუთში. გამარჯვებულმა და გახარებულმა მეფემ იმ ღამეს ცუცხვათში მოისვენა და მეორე დღეს ქუთაისს მიბრძანდა.
იყო ერთი დიდი მილოცვა და სიხარული. ამ დროსვე მოვიდა მახარობელი შორაპნის ციხის აღებისა - ქაიხოსრო ჭაჭიაშვილი და ბაღდადის ციხისა - კონსტანტინე კოპაძე; ჭაჭიაშვილს უბოძა არგვეთში ჩვიდმეტი მოსახლე გლეხი და კოპაძეს - წაბლარ-ასხევას მთა - ნახევარი. ამ დღესვე გამოეცხადა მეფეს ბერი ლორთქიფანიძე, მიულოცა გამარჯვება და მოახსენა:
- ეს ოცდახუთი დღე გადის, ციხე შამოკრული მაქვს და გალავანს გარეთ ვერავინ გამოსულა, გარდა ექვსი კაცისა, რომლებიც ასისთავმა მომგვარაო. იმათი წინაპარნი ოდესმე ქრისტიანები ყოფილან და სურთ, რომ ისევ მამა-პაპის რჯულს დაუბრუნდნენო.
მეფემ ბრძანა მათი მოყვანა. ლორთქიფანიძე მიუძღვა. ტყვეებმა პირველად თავის წესისამებრ ხელი პირზე მიიდვეს და მოახსენეს მეფეს: ქრისტიანობის მიღება გვინდაო, მეფემ ყოველიფერი გამოკითხა მათ. გამოდგა, რომ ერთი მათგანი - გვარად კვინიხაძე - აჭარიდან იყო, მეორე - გვარად ქვარიანი - შავშეთის ქვეყნიდან; მესამე გვარად ჭოღოშვილი ასპინძიდან, მეოთხე - გვარად კიკიანი - ჭანჭეთიდან, მეხუთე - ნაკავაძე-ჩაქვიდან და მეექვსე - კეჟერაძე - ქობულეთიდან იყვნენ. მეფემ უბრძანა მათ: ეგებ გულით არ გსურთ ქრისტიანობა და შიში გაიძულებდესთო? მე ძალას არ გატანთ. გამითავისუფლებიხართ, წადით, სადაც გინდათო.
ამ სიტყვაზე დაიჩოქეს თათრებმა და რჯული ქრისტიანობისა ითხოვეს. მეფემ პაპუნა წერეთელი მისცა მათ ნათლიად. ჩაიყვანეს თვით მეფის სახლის ოქროს ჩარდახთან და მონათლეს. მეფემ უბოძა მათ აზნაურობა და მამულებიც დაანათლიავეს. ერთმა მათგანმა, ანანია ჭოღოშვილმა, მიიღო ქართული სწავლა და მშვენიერი მწერალიც იყო. ბევრი გრამოტები და განჩინებები არის მისი ნაწერი იმერეთში.
როგორც ზემოთ ვთქვით, ქუთაისის ციხე ფიცის კაცებისგან იყო შემოკრული. ფოთიდან თათრები საზრდოს ვერ აწვდიდნენ, რადგანაც ზურაბ მიქელაძე შიგ კრიჭაში უდგათ. დრო იყო, რომ შიმშილით დაღონებულ თათრებზე იერიში მიეტანათ, მით უფრო რომ სამიათასი კიბე გარედან ციხეზე მისადგმელი ფიცის კაცების მზად ჰქონდათ და მეორე დღეს კიდეც მიადგნენ. ბერმა ლორთქიფნიძემ უბრძანა ნაფირის დამკვრელს, სანამდი მე გალავანზე არ შევდგე და ნიშანი არ მოგცე, ნაფირი არ დაუკრაო. ჯარს ეს ჰქონდა ნაბრძანები, რომ პირველ ნაფირის ხმაზე ყველა ერთად გადამხტარიყო გალავანში. მიადგეს ღამით გალავანზე კიბეები, შეჩერდნენ მაღლა, დაჰკრეს ნაფირი და ყოველი მხრიდან ერთ დროს გადავიდნენ ციხის გალავანში. შეიქნა დიდი ბრძოლა და მზის ამოსვლამდის იბრძოლეს. მოკლეს კიკიანი ფაშა და ჯარიც სრულებით ამოწყვიტეს. ციხეში მომწყვდეულმა მტრებმა შიმშილის გამო მაინცდამაინც დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
ამ შემთხვევაში იყო ერთი არგვეთის აზნაური, გვარად ჩიკვაიძე, თავის სიმამრს, ავალიანს ახლდა; შეხვდა ხატაველი კატა, რომელსაც ქართულად ბარგის კატას ვეძახით, გასულიყო ხეზე და ტოტებზე დახტოდა. ჩიკვაიძემ დაანება თავი ომსაც და საშოვარსაც, მორთო ჭყივილი და იხვეწებოდა: ეს კატა დამაჭერიეთო, მაგრამ რა დროსი იყო და ვინ აჰყვებოდა, რომ მიხმარებოდა.
გამარჯვებულმა ჯარმა ერთად შეკრიბა ყოველივე საშოვარი და საომარი იარაღი, მიართვა მეფეს, მაგრამ მეფემ ყოველივე იმათვე უბოძა, გარდა ზარბაზნებისა. ეს უკანასკნელი იყო ქუთაისის ციხე, რომელიც ეჭირათ თათრებს ხელში და რაღაი ეს აიღეს, კიდეც გაწმინდა იმერეთი სრულიად თათრებისაგან. დამშვიდდა ქვეყანა და ძლევამოსილი მეფე მიეცა სიცილსა და განცხრომას. ყოველი მხრიდან მოდიოდნენ დიდებულნი და მორჩილებით თაყვანისმცემელნი, ულოცავდნენ გამარჯვებას.
ქუთაისის ციხე საკუთრად ფიცის კაცებმა აიღეს ისე, რომ სხვა აღარავინ გაურეკიათ; ფიცის იყვნენ შემდეგი გვარისანი: თავადი ლორთქიფანიძეები, აზნაურნი: მესხი, ავალიანი, იოსელიანი, ღოღობერიძე, მიქაბერიძე, ყიფიანი ქორქაშვილი, იაშვილი, უგრეხელიძე, გრიგოლაშვილი და ჭაბუკიანი. ესენი ცხოვრობდნენ სოფლად: ახალბედისეულში, დედალოურში, ცხუკურში, გვაშტიბში, ჩუნეში, წყალტუბოში, ქვილიშორში, გუმათში, ჯიმაშტარში, ოფიჩხეთში, ნამოხვანში და რიონში. ამ სოფლებს საზღვრავდა აღმოსავლეთით სოფლები: სიმონეთი, ქვაშვა, ნავენახავი, ძევრულა ანუ იგივე ძევრი, ჩხარი და ნაქერალას მთა; აქედან გაგრძელდებოდა დასავლეთით, ვიდრე დადიანის საზღვრამდის და ხონამდის; სამხრეთით: ვაკე იმერეთი - ქუთაისი და ჭიშურა; ჩრდილოეთით: კვალადვე დადიანის საზღვარი, ბომბუას ხიდი, გორდი და ლეჩხუმი, ვიდრე რაჭის საზღვრამდის. ამ საზღვრებს შიგნით, ზემოთ თქმული სოფლები ისეთი მიუდგომელი ადგილები იყო, რომ ვაკე იმერეთიდან და ქუთაისიდან ურმის შესვლა არ შეიძლებოდა; სრულიად მთა-გორა და კლდოვანი ადგილები იყო. ვაკეს სივრცით ერთ ქცევა ადგილსაც იშვიათად შეხვდებოდი. გარდა ერთი ადგილისა, რომელსაც ჰქვიან გურეშევი; ამ გურეშევის ზემოთ კერძოთი უძახდნენ ერთ პატარა ნაკვეთ ადგილს ლეკერწას, სადაც იდგა ერთი შესანიშნავი დიდი მუხის ხე. ფიცის კაცნი, ვიდრე თუთხმეტი წლისა, თავისი ყმებით, სამღვდელოებით და ხატებით მათი ეკლესიისა და მუხის ხესთან შეიკრიბებოდნენ ყოველი წლობით თუთხმეტ მაისს და იფიცებოდნენ ესრეთ: მეფის ერთგულნი ვიყოთო და თანაც ჩვენი ოჯახების მტრის მტერი და მოყვრის მოყვარეო. გვარებს კი თვითოეულად აღიარებდნენ - როდესაც ერთი მათგანი ფიცს ასრულებდა, მისი ყმები უკან იდგნენ და ფიცის შესრულების შემდეგ მიდიოდნენ, ხელებზე ხელებს ადებდნენ და იტყოდნენ, ჩვენი ბატონი მართალს ფიცავს ამისმა მადლმაო. და რომ ფიცი გათავდებოდა, გამოვიდოდნენ იქვე გურშევის დიდ მშვენიერ მინდორზე, იქ ჰქონდათ მომზადებული ნეშოს კარვები, ბარგი ხაბაზები, მზარეულები და ყოველივე ჭამის სამკაული, ვისაც როგორ თავი მოსწონდა. ლოგინებად ჰქონდათ ნეშო და ზედ დაგებული ხალიჩები და ქვეშსაგები საზაფხულო. თუმცა როგორც ბინა ცალ-ცალკე, ეგრევე სადილ-ვახშამიც კერძოდ კეთდებოდა, მაგრამ ჭამად კი ყველანი ერთად დაჯდებოდნენ. პირველად უმთავრესი სასასმოთი უნდა დაელიათ ღვინო და ეთქვათ: "დიდება ღმერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ჩვენ მეფეს და მისი ერთგულს ერთობით ფიცის კაცს, შენდობა ბატონოო". იყო სიმღერა, ცეკვა თამაში და განუწყვეტელი თოფის სროლა. ეს ლხინი გასწევდა, უკეთუ დარი იქნებოდა, ორ კვირეს. იყო ყოველ დილაობით ყაბახზე სროლა, საღამოს ჯირითი, პირველი ყაბახის გაგზავნის მოვალე იყო მეფე; აგზავნიდა პტყლად გაჭედილ ვერცხლს. იმის ჩამოგდების შემდეგ დასვამდნენ ყაბახად ქაშანურს, მაგრამ ყოველი ოჯახიდან იყო მოტანილი ნაცვლად ყაბახისა ვერცხლის იარაღი, ესე იგი აზარფეშა, თასი და დიდროვანი ვერცხლის სტაქნები და ვის სახელზედაც ყაბახი დაისმოდა, მისი მიტანილი ვერცხლეულობაც იქვე ხის ძირში იდვა. ვინც ყაბახის ქაშანურს გატეხდა, ვერცხლიც მისი იყო. ფიცის კაცს დიდი გავლენა ჰქონდა მეფეებთან, ასე რომ უკეთუ ვისმე მეფე გაუწყრებოდა, შერისხული მიმართავდა ფიცის კაცს და თუ შეასწრებდა ფიცის კაცის საზღვარში, მდევარი ვეღარ შეჰყვებოდა; რა კი ფიცის კაცს მოუნდებოდა, მეფე ძალით ვეღარ გამოიყვანდა. შეიკრიბებოდნენ ერთობით ფიცის კაცნი, ესენი ცოტანი არ იყვნენ; ათასი მეომარი სახელოვანი გამოვიდოდა მარტო თავად აზნაურნი და მათი ყმები - კი, რასაკვირველია, ზედმეტი იყო. ფიცის კაცნი თავის ყმებით შეკრებილნი, ერთ ადგილას, ქუთაისის მახლობლად დაბინავდებოდნენ, მიუგზავნიდნენ მეფეს მოციქულს და მოახსენებდნენ, რომ ეპატიებათ მათთვის ის დამნაშავე კაცი. არ იშუამდგომელობდნენ მხოლოდ მეფისა ქვეყნის მოღალატეზე; სხვებს კი, როცა შენანებულს ნახავდნენ, თავის კალთას აფარებდნენ და მეფეც იძულებული ხდებოდა მიეტევებია. ფიცის კაცებს, მეტადრე ომის დროს, დიდი ერთობა ჰქონდათ: ომში ერთად შედიოდნენ, ერთი მეორეს ვერ დატოვებდა, კვდებოდნენ ერთად და გამოვიდოდნენ კიდევ ერთად. როგორც დაჭრილს არ დატოვებდნენ, ეგრეთვე არც მკვდარს და თუ ვისმე შენიშნავდნენ, რომ ხელგამოუღებელი და ან შეშინებული მოკვდა, იმას აღარ მარხავდნენ და არც შინ წამოიღებდნენ, მინდვრად დატოვებდნენ მხეცების შესაჭმელად. უკეთუ ამისთანა კაცი ცოცხალი დარჩებო-და ომის დროს, იმაზე იტყოდნენ: ფიცის კაცს უღალატაო და აღარც შეიძლებოდა დაეყოვნებიათ მათ საზღვარში, აყრიდნენ და გადაასახლებდნენ, მაგრამ მას ადგილ-მამულს კი ფიცის კაცებივე შეისყიდდენ ღირებულ ფასად.
პირშავი ერისთავი დიდხანს არ მიკარებია მეფეს, სანამ არ დარწმუნდა, რომ მეფე სახუმროდ აღარ გაძლიერდა და მორჭმით ზის ტახტზეო. მაშინ კი წამოვიდა შვილებიანად მეფის მოსალოცავად, წყვილი ირემი და საქებარი სახორცეები წინდღით მოართვა. მეორე დღეს მოვიდა, ბინა უჩვენეს, გადახტნენ, ტანისამოსი გამოიცვალეს და იახლნენ მეფეს. ორი დიდებული მეფის კარისკაცი წინ მიუძღოდა. მეფე აუდგა. ერისთავებმა კვანტ გადადებით თაყვანი სცეს და გაჩერდნენ.
- ყოვლად ძლიერო მეფეო იმერეთისა, დიდო სოლომონ! - ჰკადრა როსტომმა, - მოგილოცავ გამარჯვებას, რათა ძლევა შემოსილმა მარჯვენამა თქვენმა დათრგუნა წინააღმდეგნი მტერნი თქვენნი ქვეშე ფერხთა თქვენთა. თქვენ დააგვირგვინეთ სამეფო თქვენი ესე, ვითარცა წინაპარმან თქვენმან ლეონ ბაგრატოვანმა, რომელსაც დაადგა თვით ანგელოზმა თავსა ზედა ზეგარდამო ხელთუქმნელი გვირგვინი, ვითარცა უბრძანა მაცხოვარმა მოციქულსა პეტრეს:
შენ ხარ კლდე და ამა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემიო. ეგრეთვე შენ ხარ კლდე გმირობისა და სიმტკიცე ქრისტიანობისა. თქვენ შეიმოსეთ ძალი ძლიერი, გაანათლეთ იმერეთი და ამიერიდან მაჰმადიანის მძორებითა აღარ შეიბილწების ნათელღებული სამშობლო ჩვენი. ვთხოვ ზეგარდამო განგებას, ესრეთ განაგრძოს დღენი თქვენი მრავალ წელს და შემდეგ თქვენი მეფობისა მემკვიდრეთა თქვენთა ასეთივე ძალა და დიდება შეიმოსონ, ვითარცა თქვენ!
მეფე თვალებში შეჩერებოდა და ბოლოს ბრძანა ცივად:
- როსტომ ერისთავო, ღმერთსა ვთხოვ, ის შემასრულებიოს შენთვის და ჩემი სამეფოსთვის, რაიცა მსურდეს და გულში მედვასო.
დარბაისლებმა დასძახეს: - ამინ! პაპუნა წერეთელმა - კი ორჯელ გაიმეორა: ამინო! ერისთავებმა კვალადვე თაყვანის სცეს. მეფემ ფეხი წინ წამოდგა, როსტომმა გულზე აკოცა, მეფემ თავზე, შვილები კი ხელებზე ეამბორნენ მეფეს. ბრძანა მეფემ სელის მოტანა და გვერდით მოისვა ერისთავი. შვილები კი მოშორებით, კერძო ადგილას დასვეს. ისეთი რამ სანახავები იყვნენ ერისთავები, რომ უცნობი ვინმე როსტომს მეფედ ჩათვლიდა და მის შვილებს მეფის შვილებად. დიდხანს დარჩნენ მეფესთან ერისთავები, ერთად ისადილეს და სადილის შემდეგ კი გავიდნენ ბინაზე. შვილებმა უთხრეს როსტომს: - ძალიან ალერსიანად გვეპყრობა მეფეო! მამამ მწარედ გაიღიმა: - თქვენ ვერ ატყობთ, თორემ ეგ ალერსი რისხვაზედაც უარესიაო. პაპუნა წერეთლის ამინ-ამინი კარგს არაფერს მოასწავებდაო და თუ ჩვენ თავი დღეს არ დავიძვრინეთ როგორმე, ცუდად არის ჩვენი საქმეო. შორს გამჭვრეტელმა ერისთავმა პაპუნა წერეთელი და ორი დიდებული გაუგზავნა მეფეს და თხოვა: რადგანაც სიშორისა გამო თქვენთან ხლება, სამსახური და ერთგულების გამოჩენა არ შემიძლია, გთხოვთ თქვენ მიიღოთ ჩემი ყოველივე სამკვიდროო: ბარაკონში ციხე და სასახლე, ამბროლაურში კოშკები და სასახლე, სევას ციხე და სასახლე, ონში ციხე-სასახლე და თვით პატარა ქალაქიც. ამასთანავე, ყოველი ჩემი რაჭის სამფლობელო აზნაურ-გლეხებით და სამაგიერო აქ მახლობლად სადმე მიბოძოთო. მეფეს ეს ამბავი დიდად იამა. აღუთქვა სამაგიეროს ბოძება. როსტომს ვეზირობა უბოძა, მის შვილს, გიორგის სარდლობა და მეთოდეს - მდივანბეგობა. მერე შემოიკრიბნა ვეზირნი და ჰკითხა, თუ რა მიეცა შენანებული ერისთავისათვის ამ დათმობის სამაგიერო. მათი რჩევისამებრ დაიბარა მდივანი და მისცა მას ღრამოტის შედგენაზედ ოტია ჩხეიძე: "ჩვენ მეფეთ მეფემან იმერეთისამან სოლომონ პირველმან და დედუფალთ დედუფალმან მაკრინემ ესე წყალობის წერილი გიბოძეთ შენ, ჩვენს ერთგულს დიდებულ თავადს როსტომ ერისთავს, შვილთა და მომავალთა თქვენთა, ასე რომ გიბოძეთ ყმად სოფელს გეგუთში მცხოვრებნი გლეხნი ყოველივე გვარისანი, გარდა ამისა, სოფლები: პატრიკეთი, უკანეთი და მესხეთი, რაც ამ სოფლებში მცხოვრებნი: გლეხნი და აზნაურნი არიან საჩემო-ყველანი შენ გიბოძეთ; გარდა ამისა, სამოსახლოდ გიბოძეთ - გეგუთს თამარ მეფის ნასახლი, ციხე და ეკლესია; რაც ნაკლულობა აქვს, მე უნდა გავაკეთო. გარდა ამისა, საშეშედ საღორიას ტყე ქუთაისიდან სამხრეთით ხანის წყლის მდინარის ღელემდის, აღმოსავლეთით წყალწითელას მდინარის ღელე, დასავლეთით რიონის მდინარე. გიბოძეთ მთა საჯოგეებით-სახელწოდებული "ტიტვლათ". აღმოსავლეთით ქართლის საზღვარი, დასავლეთით - ჩი¬კვაიძის საზღვარი, სამხრეთით-ახალციხის საზღვარი, ჩრდილოეთით - სოფლები. ესე ზემოხსენებულნი აზნაურნი, გლეხნი მიწა-წყალი მთებითურთ შენთვის გვიბოძებია. უკეთუ ჩვენი ერთგული და ბრძანებისა ჩვენისა მორჩილი იქნები, ესე წყალობა შენ და არცა შენს შვილსა და მამულს არ მოეშალოს არასოდეს ჟამსა. აწ არიან სიგელისა ამის მოწამენი ვეზირნი და დიდებულნი კარისა ჩემისანი: წერეთელი პაპუნა, აბაშიძე პაატა, მიქელაძე ზურაბ, წულუკიძე ბერი, ჩხეიძე ოტია, ლორთქიფანიძე ბერი, თამაზა მესხი, მამუკა მდივანი, პაპუნა და ქაიხოსრო აბულაძეები, თანდარუხ იოსელიანი და დარბაზის ერნი". ეს ღრამოტა ხელჩართულ ბეჭდიდურთ უბოძა ერისთავს პაპუნას ხელით. ერისთავი გამოვიდა თავის შვილებით, მივიდა მეფესთან კვანტ გადადებული მადლობა შესწირეს და მოახსენა, რომ მას მისცეს მეციხოვანები და ციხეები ჩაიბაროს. შინ წასვლის ნებაც გამოითხოვა. მეფემ დასტური უბოძა და ციხეების მისაღებად მეციხოვანები ბასილა და კვირიკა იამანიძეები გაატანა. გამოეთხოვა ერისთავი მეფეს და წავიდა რაჭას. ნაქერალას მთის გვერდზე შემოხვდა ერთი რაჭული აზნაური, მეფესთან მომავალი. ერისთავმა ამ მგზავრს გაატანა წიგნი მეფესთან და უბრძანა: თუ შენი ხელით არ მიეცი მეფეს, რაჭის ქვეყანას გამოე¬თხოვეო. მან დიდი შიშით მოახსენა: მიტანის დროს ორივე ხელები რომ მომჭრას მეფემ, მაინც მივართმევო. წიგნში ასე ეწერა:
"შენსა მოველ და შევამკობ შენსა ტანადობასა,
შენი უდასტურობა კი არღვევს ბატონ-ყმობასა".
ეს წიგნი ამ აზნაურმა მიართვა მეფეს, მეფემ წაიკითხა და პაპუნა წერეთელი შემოიხმო და ჰკითხა:
- ჩემო პაპუნა, როსტომ ერისთავმა ხომ არ დაგვატყუილა, რომ ხელიდან გაგვძრომოდაო?
პაპუნა წერეთელს არ ეჯერა და ამბობდა:
- რა ვიცი, რაც ის გახარებული მიდიოდაო!
- გახარებული იმიტომ მიდიოდა, რომ ჩვენ მოგვატყუა, ხელიდან გაგვიძვრა, - ბრძანა მეფემ, - და თუ ასე არ იყოს, ამ წიგნის მოწერას ვერ გაბედავდაო.
გზაზე ერისთავმა უთხრა შვილებს:
- ასე რომ არ მოგვეხერხებია, ჩვენი საქმე ცუდად იყო და უთუოდ დაგვამარცხებდნენო. ვერ შენიშნეთ, როგორ წვრილ-წვრილად იკრიბებოდნენ ფიცის კაცები: ლორთქიფანიძეები, მესხები, ავალიანები, იოსელიანები და სხვანიო. ოთია და მისი ძმა ივანეც ცალ-ცალკე მოვიდნენ, რომ იჭვში არ შევეყვანეთო.
- ეგ ორი ძმა მესხი და არჩილ ბატონიშვილი სწორეთ რომ სასაშიშროებნი იყვნენ და სხვების რა მოგახსენოთ, - ჩაილაპარაკა მეთოდემ
- შენმა გაზდამ, არც სხვები იყვნენ მაგათზე ნაკლები! ბევრი უკეთესებიც არიან იმერეთში, მაგრამ ერთხელვე მაგათ დავარდნიათ ვაჟკაცობის სახელი და ის არისო, - მიუგო უმცროსმა ძმამ გიორგიმ.
ბასილა და კვირიკა იამანიძეებს ციხის გასაღების მაგიერად შემდეგი წიგნი გაატანეს მეფესთან:
- ესე ასე არ იქნების, ბასილა და კვირიკაო!
ციხეს მართმევს, მინდორს მაძლევს, დავჯდე უნდა ვირიკაო?!
წადით, უთხრათ თქვენსა მეფეს: მე გახლავარ დიდი როსტომ!
მე ერთგულად გიახელი, მიპირობდი ღალატს, რატომ?
სიტყვით გითვლი, წიგნსაცა გწერ, ხელი აიღე რაჭაზედ!
მიხვდი, რომ აღარ გმორჩილობ, სწორი გიდგები ძალაზედ!
რაჭის ბეგარას ავიღებ, არ გერიდები ამაზედ.
უბიწოდ ვირი დამაბით დამტვრეულ ჩელტის ბაგაზედ?
თუ მიპირობდი ამოწყვეტას, აწ მობრძანდი რაღას ყოვნი?
ციხე მიდგას მაღალ კლდეზე და ზედ მოკვრით ბარაკონი,
ხიდისკარში მცველები მყავს და კოშკები სამაგრონი.
ჩემი იყო, ქვე წაგართვი კუდარო და რაჭაონი.
ჩემი წინაპარი იყო ერისთავი კახაბერი,
თამარ მეფის მამობილსა ყმანი ჰყავდა ორი ბევრი.
მე ვარ მისი ტომისაგან, ვერ მატირებ, ტყვილა მღერი,
გემორჩილო - არ გახლავარ ქაჯაია შენი გერი!"
ეს წიგნი იამანისძეებმა მისცეს სახლთუხუცესს. იმას არ უნდოდა ეჩვენებია მეფისთვის, მაგრამ დაფიცვაც არ შეიძლებოდა და მიართვა. ამ წიგნის წაკითხვაზე მეფეს ცეცხლი შემოედვა. მოიხმო სარდალი წულუკიძე და უბრძანა:
- წადი ახლავე ბარაკონში, ერისთავები გაწყვიტე ცოლ-შვილით, ციხეები, კოშკები და ყოველივე მათი შენობა დაწვი დაამტვრიე ხიდისკარის კოშკები!.. თუმცა სალი კლდე არის გამოკვეთილი, მაგრამ წაიყვანე ოსტატები, მიეცი ლაღუმი და მოშალე. ერთი სიტყვით ქვა-ქვაზე დაადუღეო!..
ეს რომ დარბაისლებმა და კარისკაცებმა გაიგეს, იუცხოვეს: უჩვენოდ ასე მძიმე საქმე ბატონს არ უნდა გადაეწყვიტაო, ერისთავთან ომი როგორ ეკადრება: ერთი მის თავადთან ბრძოლა სირცხვილი არისო! ამას გარდა ერისთავთან, იმის სიმაგრეების პატრონთან, არც ასე ადვილია შებმაო. ყველანი ერთად შევიდნენ მეფესთან და თაყვანი სცეს ჩვეულებრივ. მეფე ტახტზე ბრძანდებოდა; შუბლზე რაღაც მწუხარების ხაზი ჰქონდა გადაკრული. მეტი სიფიცხის გამო თვალთაგან ცეცხლს ყრისო, იტყოდი. დიდებულნი თავდახრილნი შეჰყურებდნენ, პირდაპირ თვალს ვერავინ უმაგრებდა და საძნელოც იყო. უბრძანა დაჯდომა. ჩამოწკრივდნენ თავ-თავის ადგილებზე. წერეთელმა მდივანს გადასცა ერისთავის მოწერილი. მდივანმა წაიკითხა - ყველანი განცვიფრებაში შევიდნენ და იწყეს დარბაზობა.
პაპუნა: - მეფემ გადაწყვიტა ჯარის გაგზავნა, გაწყვეტა ერისთავების, დაქცევა და დაწვა ყოველი მათი შენობისა, - თქვენ რას იტყვით?
პაატა აბაშიძე: - ღირსია ყოველგვარი უბედურების მიყენებისა! როგორ გაბედა ან დატყუება და ან ამ წიგნის მოწერა?! დიახ, კარგად უნებებია ბატონ მეფეს.
ბერი წულუკიძე: - რადგან ნაბრძანები მაქვს საომრად წასვლა, ვერას ვიტყვი.
ბერი ლორთქიფანიძე ადგება და მეფეს შეჰყურებს.
- რას გაჩერდი, ბერო?
- მეშინია, მოგახსენო.
- ნებას გაძლევ, თქვი!
- ერისთავი შენი ყმა არის. საკადრისი არ არის, ერთი თავადისთვის აგრე აჩქარება, ბატონო მეფე! მასთან ამას ნუ დაივიწყებთ, რომ სამასი კაცი იმერეთიდან, ოდიშიდან და გურიიდან თან ახლავს. ესენი ყველა კარგი ოჯახის შვილები და ძლიერ მარჯვენი არიან. ორასი კაცი რაჭველი, ოსი, ჩერქეზები და სვანნი ახლავს. ამას გარდა თავისი საკუთარი ოჯახის გამგე და მოსამსახურეები ჰყავს ყველა იარაღის ქვეშ. ხიდისკარში კოშკები, ორივე მხრით სალი კლდეა გამოკვეთილი. რიონის ხიდის საძირკვლის თავები ორივე მხრით კოშკების კარზე არის მიდებული. ორმოც-ორმოცი კაცი თითოში ჰყავს ყარაულად. ერთი ათასს დაამარცხებს. ამბროლაურის აღება კი არ არის საძნელო. თუმცა ჯარი იქაც ჰყავს კოშკებში, მაგრამ რადგან გაშლილი ადგილი არის, როგორც ხოტევიდან დაინახავენ მიმავალ ჯარს, სასახლის კოშკებს დატოვებენ და მიემატებიან ხიდისკარის ყარაულებს. ეს კოშკები ისე მიუდგომელია, რომ ზარბაზანი არ მიუდგება და თოფიც არ მოეხერხება და იმათ კი ხელისგულზე ეყოლებათ მიმსვლელები. ამ ხიდისკარს გარდა შესვლა არ შეიძლება. ონის მხრიდან, რომ მოიაროს ჯარმა, ცალი მხრით რიონის წყალი მიდის და ჩაივლის ციხის და სასახლის ძირზე და მეორე მხრით სალი კლდე მიდის, შუაში ვიწრო გზა მიჰყვება. ციხე მისთანა ადგილას აქვს, რომ არც ონიდან მიმსვლელს და არც ხიდისკარიდან მიმსვლელს არ ააცდენენ ზარბაზნის ტყვიას. უეჭველია, დიდ ზარალს მოგცემს ერისთავი და შევრცხვებით...
ზურაბ მიქელაძე: - ეჰ, თუ ერთ თავადს მეფე ვერ მორევია, რაღა მეფობა ჰქვია ამისთანა მეფობას? ყმა კი არა, ამხანაგი ყოფილა და ის არის!
ოტია ჩხეიძე: - ერისთავის დასამორჩილებლად რომ რამდენიმე ათასი თავადაზნაური დავკარგოთ, რა მოგება იქნება?
თამაზ მესხი: - თუ ერთი თავადის დამორჩილება ჩვენს ქვეყანაშივე ასე გაგვიძნელდება, გარეშე მოსაზღვრე მტერი რაღად ჩაგვაგდებს და არც ჩასაგდები ვიქნებით!
მამუკა მდივანი: - ასეა ბრძენთაგან ნათქვამი: "ხერხი სჯობია ღონესო, ვინც კი მოიგონებსო". ძალაც და ხერხიც ორივე შეგვიძლია. რა საქები იქნება ერთ კაცს თავი შევაკლათ. და ვის? ისევ ჩვენს ყმას! ის შემძვრალა კლდეში ისე, როგორც დათვი სოროში და იქადება! ამას უნდა მოტყუებით გამოყვანა, მერე როგორც ეკადრება...
პაპუნა აბულაძე: - ნათქვამია ესეც "სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანო". კაცი შემძვრალა გამოქვაბულ კლდეში, შენი ნასროლი ვერას აკლებს და მისი არ აგცილდება. ამისთანა ადგილზე ომს უომრობა სჯობია, ერთხელაც იქნება ისეც ჩაგვივარდება ხელში.
ქაიხოსრო აბულაძე: - ათი ათასი მეომარი რომ გაიგზავნოს ერთ კაცზე, სირცხვილი იქნება. ის არ არის მეფე და არც მთავარი. იმისთანა დიდებული თავადები სხვებიც არიან ჩვენს სამეფოში. მისი ძალაა მხოლოდ ადგილის სიმაგრე და რათ შევაწყდეთ? სჯობია როგორმე აქეთ მოვიტყუოთ.
თადარუხ იოსელიანი: შეიძლება არც კი შეგვებას, დაგვიტოვოს ციხეები, გადავიდეს საზღვარ გარეთ, შემდეგისათვის მოემზადოს, შეკრიბოს ოსეთის ჯარი, მოიმხროს ჩერქეზის მთავარი ყიზილიყო ბატონი, მისი დიდი მეგობარი. ამას გარდა სვანეთის მთავართან მომძახლობა აქვს, აფხაზეთის მთავარი ქელეშბიგ შარვაშიძე შვილობილია მისი. ესენი ყველა ჯარს ათხოვებს, ერთი სიტყვით ყოველი კუთხით შფოთსა და უკუღმართობას აგვიტეხს. არ ივარგებს ჯარის გაგზავნა. ვაცალოთ რამოდენსამე ხანს და მერე მოვიტყუოთ რამენაირად.
ამ დროს მეფის ძმა არჩილი შემოვიდა. გააშინჯეს იმასაც ნათათბირები და იმანაც ასე ბრძანა: მართალია ჩვენს ყმასთან ბრძოლა საკადრისი არ არის, როცა იქნება, ჩაგვივარდება ხელშიო. მეფე სრულებით გაჩუმებული იყო, ხმა არ ამოუღია. კარისკაცებმა თაყვანი სცეს და წავიდნენ თავთავის სახლებში. გავიდა რამდენიმე წელიწადი, ეს საქმე სრულიად დაჩუმდა. ეს იყო სამწუხარო, რომ თითო ოჯახიდან რამდენიმე სული ზოგი მეფეს ახლდა და ზოგი ერისთავს. ძმა ძმას ვეღარ ხედავდა, მამა - შვილს, შვილი - მამას და ნათესავი - ნათესავს. ტკბილი მოყვრობა მწარე მტრობით შეიცვალა და აირიენ ოჯახები რაჭა-იმერეთში. ერთ დღეს რჩევისამებრ ვეზირთა და დიდებულთა მეფემ შეიხმო ძმა მისი იოსებ ქათალიკოსი და შესჩივლა: ხომ ხედავ, რომ როსტომ ერისთავი გამიორგულდა!.. მასთან ჩხუბი მცხვენია და ისე კი არ მეპუება, რომ შეინანებდეს, ყოველსავე მიუტევებ, შევირიგებ და დავიახლოვებ, რადგანაც ყოველგვარად შესანიშნავი კაციაო. მშვიდობისმოყვარე ქათალიკოსმა ეს რომ გაიგონა, იამა, მოუწონა მეფეს და შუამავლობაც თავს იდვა. დაიბარა ქაიხოსრო აბულაძე და დაუყოვნებლივ გაემართა თავის კრებულით და მხლებლებით რაჭისაკენ. რაჭის საზღვარს რომ მიაღწია, ერისთავმა შეიტყო და მოაგება თავად-აზნაურები და ერთი მარქაფა ბედაური, ძვირფასი უნაგირით და რახტით აღკაზმული. მიეგებენ ნიკოლოზ წმინდის ტაძართან. თაყვანი სცეს და გაუძღვნენ, როგორც ჩვეულება იყო. ყველა წინ მიუძღოდა, გარდა მეჯინიბისა; ის კი უკან მიდევდა: ცოტა მოშორებით მიჰყავდა მარქაფად ძუა-ფაფარშეღებილი ულაყი. მიაღწიეს რა ამბროლაურის სასახლეში, დაკრეს ეკლესიის ზარი და კოშკებიდან ჯაზაირები დაცალეს. აქ დახვდნენ ერისთავის შვილები. იდგა ჯვარით თავში კარის მწირველი მისი სასახლის მოძღვარი იოანე - მისივე აზნაური, გვარად ბაქრაძე. გადახტა ცხე-ნიდან ქათალიკოსი, მივიდა და ჯვარს ემთხვია. წინამძღვარმა შესხმა მოახსენა: "მღვდელმთავრობისა კვართითა შემომკობილმან ღვთის მეცნიერად ქადაგებ, სახარებასა სასუფევლისა, იოსებ, და მართლმადიდებლობისა სწავლანი აღმოთქუენ და ეკლესია განამდიდრე მოძღვრებითა და აწ განათლებულად მამისა თანა ძით სული წმინდით ღვთის მეტყველებთ და ვადიდებდეთ ყოველნი მეუფებასა შენსა, რომელს ევედრე ცხოვრებად და განათლებად სულთა ჩვენთათვის". ქათალიკოსმა ჯვარი გადასახა, ერისთავის შვილებმა ხელი მოჰკიდეს, შესვეს იმ ცხენზე, რომელიც მიაგებეს და გაუძღვენ წინ. ხიდისკართან დახვდნენ სამღვდელოება და ხალხი მრავალი საეკლესიო ბაირაღებით. ესენი წინ გაუძღვენ წინ. ხიდისკართან დახვდენ სამღვდელოება და ხალხი მრავალი საეკლესიო ბაირაღებით. ესენი წინ გაუძღვენ და ჩავიდნენ ერისთავის ეზოში. დაჰკრეს დიდი ხმოვანი ზარა - ეს სამღვდელო წესი ანუ პატივისცემა იყო სამღვდელოებისა და ამის გარდა, რადგანაც ეს ქათალიკოსი ბაგრატიონი იყო და მეფის ძმა, მეფის წესისამებრ დაუხვდნენ: ციხიდან ზარბაზნის სროლა დაიწყეს, ჭიშკარს შიგნით ერისთავის ცოლი შეეგება, თან ახლდა ელისაბედ მონაზონი ღვთისმშობლის ხატით. მოეგება თვით ერისთავიც, უამბორეს და ხელმოკიდებული მივიდნენ ეკლესიის კარებთან. აქ მოართვეს მანტია და კვერთხი. ერისთვის შვილებმა გალობით შესხმა მოახსენეს: "იესო მთავარი მშვიდობისა მოვიდა დღეს". და სხვანი. დაჰკრეს დიდხმოვანი გუსი, მგალობლებმა ზედვე კილოთი დაიწყეს: "უფალო, ღაღად უყავ შენდამი, ისმინე, ისმინე ჩემი, უფალო!" შევიდნენ ეკლესიაში, ხატებს ემთხვია, მერე საკურთხეველში - ტრაპეზს და გამოვიდა, ორივე ხელით ჯვარი გადასახა ჯვარს და მერე შებრძანდა ერისთავის სახლში. საუბრის დროს ქათალიკოსმა სიტყვაში გამოურია, რომ დადიანისა და გურიელისაგან ნამეტანი მორჩილება არის მეფისადმიო: ცხენზე შეჯდომის დროს ერთმა აღვირი უნდა დაუკავოს და მეორემ უზანგი უნდა დაუწიოსო. მიხვდა ერისთავი და უპასუხა:
- ვიცი თქვენო მეუფებავ, ყველანი თავადნი და დიდებულნი ამ წრეში უნდა იდგენ, რადგან მეფობა წარმოადგენს გარეშე მოუწერელ უფლებას თვისთა ქვეშევრდომთა ზედაო.
- თუ იცი, მაშ შენი ურჩობა რაღას ნიშნავსო? - ჰკითხა ქათალიკოსმა, - შენც კარგად იცი, კანონში რა წერია: უკეთუ მეფეს მეფობა არ გაუვა, უნდა დატოვოს მეფობა მისი და შენ კი ერთი დიდებული თავადთაგანი არ ემორჩილები. ეს სამარცხვინო საქმე არის მეფისათვის: გარეშე მტრები, რომ გაიგებენ ამას, შემოესევიან სამეფოს და ქრისტიანობა შეირყევა. მართალია, შენი დამორჩილება არ გაუჭირდება მეფეს, მაგრამ ბევრი უბრალო სისხლი დაიქცევა და ამას ერიდება. როგორც სულიერი მამა, გირჩევ, დაფიქრდი ამაზედო.
ერისთავმა თავი იმართლა:
- მე ვეახელი მეფეს, ჩემს გულში ღალატი არ ყოფილა...
- ნუ გავიწყდება ხრესილის ომი, როდესაც მეფეს უმუხთლე და დაატყუილეო, - გააწყვეტია სიტყვა კათალიკოსმა, მაგრამ ყველივე უნდა დაივიწყოთ, რადგან ქვეყნისთვის საჭიროა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება, - მე შეგარიგებ მეფესაო.
როსტომ ერისთავმა სიხარულით თანხმობა განაცხადა. მხოლოდ იმ პირობით კი, კათალიკოსს ეკლესიაში ბარძიმზე დაერწმუნებია ერისთავი. კათალიკოსმა აღუთქვა და რომ მეფის თანხმობა მიეღო, გამოეშურა მეფესთან ქუთაისისაკენ. მეფემ რომ ერისთავი ვერ ნახა მოყვანილი, დიდად ეწყინა. ქათალიკოსმა ყოველივე დაწვრილებით უამბო და დაამატა: "ცხადია, რომ მხოლოდ სიკვდილის ეშინიაო". მეფემ გაიღიმა: ვაძლევ სიტყვას, ვფიცავ ხახულის ღვთისმშობელს, არც ის და არც მისი შვილები არ მოვკლა და ისეთი პატივისცემითაც მივიღო, რომ საარაკოდ დარჩესო. ამ სიტყვების შემდეგ ხელმეორედ წაბრძანდა ქათალიკოსი რაჭას და ბარძიმზე ხელის დადებით დაარწმუნა ერისთავი. შეიქმნა დიდი სიხარული. დიდი ხნის დაშორებულები აწ კი ფიქრობდნენ თავის ნათესავებისა და მოყვარების ნახვასა და შერიგებას. ამ დღესვე დაიბარა ერისთავმა ციხის მოურავი ალი ენგიჩარი და იმას ჩააბარა ყველა ციხეები. ეს ალი ენგიჩარი სტამბოლელი იყო - დიდი ხნის კაცი, მაგრამ ოცდაათი წლის კაცად თუ ჩაითვლებოდა. ოცი წლის რომ შესრულებულიყო, ასისთაობა მიეცათ, მაგრამ გულუმაძღარ ახალგაზრდას მეტი მოენდომებია, მით უფრო, რომ ენგიჩრების ამბავი გულში ჩაჭროდა. ერთ დროს ენგიჩრებს დიდი ძალა ჰქონდათ სტამბოლში: ხონთქარს ხან აიყვანდნენ ტახტზე და ხან გადააგდებდნენ. ვინც კი კარგი გამოვიდოდა მათ სამეფოში, ყველა ენგიჩარად მიდიოდა და ამგვარად ენგიჩარების რაზმი დღითი დღე სქელდებოდა. მათი თავგასულობა უსაზღვრო იყო. უკანასკნელ ენგიჩარს რომ ეთხოვა პირველი დიდებული კაცის ქალი, უნდა დათანმებოდნენ; უარს ვინც გაბედავდა, შეიკრიბებოდნენ ყველა ენგიჩარები ერთად, დაესხმებოდნენ თავზე ურჩს, აიკლებდნენ და ქალს კი მათ ამხანაგს მიჰგვრიდნენ. გზაზე მიმავალ ენგიჩარს ხელი ხმალზე ედვა და ვინც წინ შემოეყრებოდა, თუ ნებით არ გადაუხვევდა, ვინც უნდა ყოფილიყო თავს გააგდებინებდა.
ერთმა ტახტზე ახალაბრძანებულმა ხონთქართაგანმა ვეღარ აიტანა მათი ძლიერება, მოატყუა ყველა და ღალატით ამოწყვიტა. ეს ამბავი რომ ჰქონდა გაგონილი ახალგაზრდა ალის, მოინდომა ძველი დროის აღდგინება და ახალი ენგიჩარების გაჩენა. შეუტყვეს შეთქმულებს და ბევრი მათგანი ჩამოახრჩვეს. ალი ასისთავმა კი მოასწრო გადავარდნა. დაუწყეს დევნა. ოცდახუთმეტ წელიწადს გადავარდნილი იყო, იმალებოდა სათათრეთშივე და ბოლოს ერთი მისი ნათესავი კიკიანი ფაშა, რომ დანიშნეს იმერეთში მყოფ ჯარების უფროსად, გადმოვიდა და მოენდო მას. ფაშამ მისი მეფის მოღალატის შენახვა რომ ვერ გაბედა, როსტომ ერისთავს გაუგზავნა. ერისთავმა მიიღო და ციხეები ჩააბარა. დიდ პატივში ჰყავდა და ალი ენგიჩარიც მიეთვისა, აღარ შორდებოდა და მეციხოვნეებიც გამოუზარდა. აი, ეს კაცი დატოვა ერისთავმა მოადგილედ და თვითონ მეფეს ეახლა. მეორე დღეს სადილი ტყიბულში ჭამეს, იმ ღამეს ქაიხოსრო აგიაშვილის საზაფხულო სადგომში დაბინავდნენ ცუცხვათს; იქიდან კი მეფეს უნდა ხლებოდნენ ვარციხეს. ერისთავის მგზავრობა ესრეთი იყო: ბარგს, სამზარეულო იარაღს დ, პურს და ღვინოს ასი ცხენი და ჯორი უნდებოდა, სადაც დაბინავდებოდა, იქვე უნდა გაკეთებულიყო ხარჯი. თანვე მოჰქონდა შუაზე გახერხილი თორნეები და მალე გამართავდნენ ხოლმე. უკეთუ ხსნილი იყო, ჯოგად მირეკავდნენ სახორცეებს. ახლაც ამრიგად მოგზაურობდა. მეფე დიდი ჯარით მიეგება და ცოტა არ იყოს ერისთავს გაუკვირდა ეს სიმდაბლე. ერისთავებმა ხელზე უამბორეს მეფეს და მხლებელები კი დამწკრივდნენ, დაიჩოქეს და ისე თაყვანი სცეს მეფეს. აქ შეიქმნა ერთი აღდგომის ლიტანიობა. დიდი ხნის უნახავი ძმები ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და ტიროდნენ. ზოგმა მამა ნახა, ზოგმა შვილი და ზოგმა ძმა. ჯარმა თოფის სროლის ნება გამოითხოვა. მეფემ დასტური ბრძანა. სულ სროლით მივიდნენ ვარციხეს, მაგრამ ერისთავის ჯარისაგან უფრო ფიცხელი თოფის ხმა ისმოდა, რადგან სვანური წამალი ჰქონდათ; თვითონ ერისთავი თავის სასახლეში აჭრევინებდა. ვარციხის ერისთავებს სახლები მიუჩინეს, მაგრამ არ ისურვა, რადგანაც ნაბდის კარვები ჰქონდა საკმაოდ წამოღებული ჯარისათვის და ერთიც დიახ დიდი და ძვირფასი ნაბდის კარავი სარკმლებიანი თავისთვის და თვითონაც იქ მოისვენა შვილებთან ერთად. ერისთავის ჯარს თავისი ხარჯი ჰქონდა; მაგრამ, მეფეც აძლევდა. ერისთავი კი შვილებიანად ყოველდღე მეფის იჯრაზე იყო და მხოლოდ შემდეგ ბრუნდებოდა ხოლმე ბინაზე. ოც დღეს ამ ლხინსა და შექცევაში იყვნენ. ერთ ღამეს შეკრიბა მეფემ საიდუმლო კარისკაცები და გამოუტყდა: "ვერ ხედავთ, რა სიფრთხილით გვეკიდება ერისთავიო? მაგის გული არ გასწორდება, კიდე ბევრს ცუდს შეგვამთხვევს და დრო არის, ქვეყნის მოღალატეს ახლავე საკანონო მოვახდევინოთო!" დიდხანს ითათბირეს კარისკაცებმა, მაგრამ ერთმანეთს ვერ დაეთანხმენ. არჩილ ბატონიშვილი ბრძანებდა: მე გიორგის მიმაჩემეო, რადგანაც დიდი ვაჟკაცია და სხვა თქვენ იცითო. პაპუნა წერეთელი ურჩევდა, რომ ოთია და ივანე მესხიც მოეწვიათ. ბერი წულუკიძე და ზურაბ მიქელაძე ამბობდნენ: ხელ-ცარიელი არც ისინი დაგვრჩებიან: ერისთავის ჯარი ხელს გამოიღებს და ბევრი სისხლი დაიღვრებაო. თამაზა მესხი შებმას თხოულობდა. მამუკა მდივანი წინააღმდეგი იყო. ბოლოს წამოდგა პაპუნა აბულაძე და მოახსენა მეფეს: ხედავთ, ბატონო მეფევ, რომ ამგვარი რჩევით არა გამოდის რა, თუ არ გამირისხდებით, მე მაქვს საიდუმლოდ ცოტა მოსახსენებელი და თუ მოგეწონოსთ, მე მომანდეთ მისი ასრულებაო. მეფე დათანხმდა, დაიშალა დარბაზი და დარჩნენ მარტო ორი - მეფე და პაპუნა აბულაძე.
მეორე დღეს დილით მეფე ადრე გაბრძანდა და სეირნობა დაიწყო; ცოტ-ცოტად ერისთავის ბინისკენ იწია. ერისთავმა რომ დაინახა, მაშინვე მივიდა, თაყვანი სცა და მოახსენა: - ასე ადრე რათ აბრძანებულხართო? - როგორც მონადირე კურდღლობას ვარ დაჩვეული, აგერ ოცი დღეა, აღარ მინადირნია! დღეს სურვილმა ამიყოლია და აღარ დამეძინა, - ბრძანა მეფემ.
ერისთავი ნადირობის დიდი მოყვარული იყო და კურდღლობაზე რომ სიტყვა ჩამოვარდა, გამხიარულდა. მეფემ ბრძანა, მოდი, ერთი ვქნათო - დღეს გავიდეთ გეგუთს იაშვილისას. საღამოს იქ ვიკურდღლოთ, ხვალ დილით ჩემი კურძუალები ბევრ სეირს გვიჩვენებენ: იქიდან ქუთაისამდე კარგი სანადირო ადგილი არისო. ჯერ ხომ შენ არ გინახავს ბროწეულას კურდღლები, თუ რა ცქვიტნი არიანო? თქმა და ასრულება ერთი იყო. განაძრახა პაპუნა წერეთელი და წინდაწინ გააგზავნა იაშვილისას. მეფეც მალე მიბრძანდა სანაოზე. რადგან ეს რიონი მეფის სახლის წინ მიმდინარეობდა, ნავით უნდა გასულიყვნენ. პირველად მეფე გაბრძანდა, მთელი მისი ხლებლებიც გაიკრიფნენ. მეფე მაშინვე იაშვილისას წაბრძანდა. შემდეგ როსტომ და მისი შვიდი შვილი და რვა აზნაური, რომელთაც ბატონების თოფები ეჭირათ, ჩასხდნენ ნავში და გავიდნენ გაღმა. პაპუნამ მენავეებს მიაძახა: ჩქარა, აბა თუ გიყვარდეთ, ბატონი მეფე, სანამ ერისთავი არ მიბრძანდება, მანამ სადილს არ მიირთმევსო. პირველად ცხენები მოართვით ერისთავებს და შემდეგ ჯარის გამოყვანასაც ნუ დააგვიანებთ. მენავეებმა ნავი გააქანეს, ატაკეს ჯილეს და გადააბრუნეს. მენავეები გადაცვივდნენ წყალში და როგორც კარგი მცურავები, ყვინთით წავიდნენ, ზოგმა კმედოს ცურვით მიმართა და ზედიზედ ჩამოკიდებულ ხის ფესვებს დაეკიდა. შეხედეს, რომ ნავიც დაიღუპა და მენავეებიც დაიხრჩვენ. აბულაძემ დაუძახა ერისთავის ჯარს ქუთაისზე მოიარეთო; ერისთავს კი ეს მოახსენა, რომ თქვენთვის ცხენები უნდა დავიბაროთო. რამოდენსამე ხანს შემდეგ მოუვიდათ იაშვილიდან ცხენები. შეჯდნენ და წავიდნენ. ერისთავს ეგონა, რომ ან მეფის საჯდომ ცხენს გამოუგზავნიდნენ და ან ხუცისას მაინც. მაგრამ, რომ ვერ ხედავს, არ მოსწონს პატივისცემა და ფიქრობს: ვაი თუ მიპირებდნენ რამეს, მაგრამ ქათალიკოსი ბარძიმს როგორ უღალატებდაო! ამ მოგზაურობაში ძალიან დიდი ხის წვეროდან სკვინჩამ დასძახა. გიორგიმ თოფი მოთხოვა თავის აზნაურს, ესროლა ცხენდაცხენ. თავი მოწყვიტა და სიცილით თქვა: ყველა ჩემი მტრისთვის ასე მექნასო! როსტომ ერისთავი ფიქრებისგან იყო წაღებული და ხმას არ იღებდა. იაშვილისას რომ მივიდნენ, გადახტნენ. ჭიშკარში შესვლისთანავე მიეგებათ რამდენიმე კაცი, ვითომ პატივის საცემლად. ერისთავებმა გამარჯვება უბრძანეს და მიმართეს მეფისკენ. ისინი უკან მოექცნენ და მოულოდნელად თითოს ოთხ-ოთხი ეცა. ესენი წინათვე არჩეულები იყვნენ, როგორც მარჯვე და ღონიერები. როსტომი, სხვა შვილებით, მალე დაიმორჩილეს. გიორგი კი გაუძალდათ: ორი - ცალი ხელით დასცა; ერთ მათგანს, ჯიმშელა ორჯონიკიძეს, რომელიც იკვეხნიდა, - გიორგიზე მომხმარე რად მეჭირვებაო, დაჰკრა ხანჯალი და შუაზე გააპო. შეუტია მეფეს. მაგრამ, მეფემ შეხედა მრისხანედ; ადგომა და იმ ადგილის გადანაცვლება არ იკადრა. ამ დროს მოეშველნენ ჯარისკაცები და დაურთეს თავში თოფის ლულები; მაგრამ მაინც ვერა დააკლეს-რა, სანამ ერთმა მათგანმა ჩახმახი არ დაჰკრა. თოფის ჩახმახის ვერძი ტვინში ჩავიდა და მაშინ კი წაიქცა. მივარდა თეიმურაზა ორჯონიკიძე ძმის სისხლის ასაღებად და დანით ამოკუჭა თვალები. როსტომი, მეთოდი, ცაგუნი, კუხნიტი, გივი, ბარძიმი და სვიმონ, თოკებით შეკრულნი ხედავდნენ გიორგის თვალების ამოჭრას და თვითონაც იმავე სატანჯველს მოელოდნენ. ახლა სხვებსაც მიჰყვეს ხელი. პირველად როსტომი დააწვინეს გულაღმა, ბევრი აცოდვილეს და მაშინ თითონვე ურჩია თვალის კილოები ჩამჭერით და მერე თავისით გამოცვივდებიან თვალის კაკლებიო; და მართლაც სხვებს უფრო ადვილად დათხარეს თვალები.
ეს ამბავი რომ მოხდა, მეფე შეტრიალდა სახლში და გარეთ აღარ გამობრძანებულა. იახლა შიგ სარდალი წერეთელი და მეფე, რომ შეწუხებული ნახა, თვალცრემლიანი, გაკვირვებულმა მოახსენა:
- თუ მაგრე სანანებლად დაგრჩებოდათ, ნეტავი არ დაგესაჯათ ის ცოდვის შვილებიო...
მეფემ წყენით ბრძანა:
- მებრალება კაცი და დავსაჯე კი ღვთისა და ქვეყნის ორგული მოღალატე...
- კიდეც ეგ არის მეფეო - კადრებს სარდალი, - განა არ მოგეხსენებათ, რა კაცია როსტომ ერისთავი? ეგ გულს ვერაოდეს ვერ გაიწმენდდა და თუ ოდესმე შეიძლებდა, იმას, რაც დღე დღეს დაადგა, ჩვენვე დაგვაყენებდა!..
- კი, მაგრამ შვილები? - ჰკითხავს მეფე.
- შვილებიც უარესები იქნებოდნენ, ეკალზე ვარდი ვის უნახავს? მაგის ნაშიერი არ უნდა დარჩეს... ფიცი, რომ არ დაგედვათ, უმჯობესი იყო ყველასთვის თავი დაგვეყრეინებია. ამ შვიდ შვილს გარდა კიდევ ჰყავს სხვა შვილებიც საშუალო ცოლის ხელში და ნუღარც იმათ დავტოვებთ თვალდაუთხრელად. დრო არის, გავაგზავნოთ ჯარი რაჭას, ავიკლოთ მაგის სახლკარობა და დავანახოთ ქვეყანას, თუ რა დღე მოელის თქვენს მტერს და ორგულსო.
მეფე დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ წერეთელი აღარ მოეშვა და მოახსენა:
- მაგისი ცოდვა ჩემს კისერზე იყოსო.
მაშინ უბრძანა მეფემ:
- მიჩუქებია შენთვის, როგორც გინდოდეს, ისე მოეპყარიო.
თვითონ ხანდაუყოვნებლად შებრძანდა ცხენზე და იმ დღესვე გაეშურა ქუთაისისაკენ. დარჩა იქ პაპუნა წერეთელი მისიანებით და გაიმართა ლხინი. იმღერიან, ივსებენ ღვინით ყანწებს, მიდიან და ულოცავენ სარდალს: ღმერთმა ყოველთვის ასე გაგამარჯვებიოს ქვეყნის ორგულზე და თქვენ მტერზეო! პაპუნა ამბობს: - ახლა დამიფარცხოს ჩემი ხვადაბუდნებიო!.. სადილს ვახშამიც მოაბეს დიდი განცხრომით. ერისთავები კი ხელშეკრულები ეყარნენ გარეთ ეზოში. ეს დრო დეკემბრის მეორე დღე იყო. დაღამების დროს დაიწყო თოვა-ქარიშხალი, მაგრამ ვინ გაბედავდა, რომ დასჯილებისთვის შემწეობა აღმოეჩინა. როსტომ ერისთავს ერთი ძაღლი ჰყავდა, რომელიც მოართვა ალი ენგიჩარმა. ის ძაღლი, როგორც სიდიდით, ისე გონიერებითაც შესანიშნავი იყო. არასოდეს შორდებოდა პატრონს და ახლაც ფეხთით მიუწვა. შუაღამე გადასული იყო, წერეთელი ისევ სუფრაზე იჯდა; მხიარულების გამო ღვინო მოკიდებოდა. ძაღლის ყმუილი რომ შემოესმა, იკითხა: ეს რა ამბავიაო? მერიქიფემ მოახსენა: ერისთავების მოყვარული გახლავსო. ბრძანა და მაშინვე მოაკვლევინა ის გულშემატკივარი ძაღლიც. მეორე დილით პაპუნა ადრე გამოვიდა გარეთ, გადახედა და დაინახა, რომ ერისთავები ეზოში ეყარენ თოვლში, მაგრამ ნაბდები კი ჰქონდათ გადაფარებული და რომ დაინახა, იკითხა: - ეს ვინ უქნიაო?
მოახსენეს: ქაიხოსრო აგიაშვილმა - ნამალავათო. ერთმა ჯარისკაცთაგანმა სიცილით მოახსენა წერეთელს: - წუხელის კარგი მხეცები ვინადირეთ და მოსამკვლელოც ერგებათ: კიკნაძეს, ორჯონიკიძეს, დევდარიანს და ცოტა გურგენიძესაცო. როსტომმა მოჰკრა ყური მათ ლაპარაკს და თქვა: - "ცუდრუკეობდენ ჩემზედა ყოველნი მტერნი ჩემნი და იტყოდენ ჩემთვის ბოროტსო". მერე მიუბრუნდა შვილებს:
- შვილებო, ღვთის განგებას ვერავინ ასცდება! ყოველივე ღირსეულად მოგვეგო, ნუ ვიტყვით ძვირსა და საყვედურსო. ავიტანოთ ეს სასჯელი ისე, როგორც ეკადრებოდეს ჩვენს ოჯახს!
- ჭეშმარიტადო, - მიუგეს შვილებმა, - ჩვენი სულმოკლეობით ნუ გავახარებთ მტრებსო.
მართლაც, ვერც ერთისაგან ვერ გაიგონებდით ვერც კვნესას და ვერც საყვედურს ვისმეზე!.. ეს დიდი კაცები, ბრწყინვალე ტანისამოსებით და სხვადასხვა ძვირფას ფარჩებით შემკულნი ეყარნენ თოვლში და მაინც მედიდურობა ეტყობოდათ. ხმას არ იღებდნენ; მხოლოდ მოხუცი როსტომ კი აიტანა სინანულმა და მისი ბოხი ხმით წამოიძახა: - დიდებულო რუსთველო, ლხინში ძლიერი, ჭირშიაც მანუგეშებელი ხარ!.. ტყუილად არ გითქვამს:
"ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველნი, სუსტი და ძალგულოვანი.
ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთად მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი".
მაგრამ, ვაი, რომ სახელოვნად ვეღარ ვკვდებით, - დაამატა მოსკვნით.
- არა, ბატონო, დიახაც სახელოვნად ვკვდებით, - გააწყვეტია მეთოდემ, - დიდებულმა მეფემ, რომელმაც სტამბოლი შეაძრწუნა, პირდაპირობა, რომ ვეღარ გაგვიბედა, ღალატით დაგვიმორჩილაო. სირცხვილი მისი და არა ჩვენი. ქვეყნის დასაბამიდან დასასრულამდე სულ ერთი კანონი ბრუნავს: "იყვნენ და აღარ არიან, ვართ და აღარ ვიქმნებით, იქნებიან და აღარ იქნებიან".
ამით გაასრულეს საუბარი და გაჩუმდნენ. როსტომმა პირჯვარი გამოისახა და დაფიქრდა. წარმოუდგა მას მის ბარაკონში დილაობით სხვადასხვა ფრინველების ხორცზე ბრძოლა და მისი ირმების ბღავილი, როდესაც ჩვეულებისამებრ მარილს ითხოვდნენ. გაიხსენა თავისი შემკობილი ცხოვრება და გულში სევდამ გაუარა... მოაგონდა ნებიერს რომ დაჰკლავდნენ ხოლმე ყოველ დილაობით, გაატყავებდნენ და მიუშვებდნენ ზედ სხვადასხვა მემძორე ფრინველებს; მიცვინდებოდნენ ზედ ქორები, მიმინოები, შევარდენები, სონღულოები, ორბები, სვავები, ყვავები, კაჭკაჭები და სხვანი; ჰქონდათ შფოთი ერთმანეთთან, მეტადრე თოვლის დროს, მაგრამ ბოლოს, როდესაც გამოიყვანდნენ არწივებს, მაჩხუბარი ფრინველები შიშით მიიფანტ-მოიფანტებოდნენ. აი, რა ყოფილა ჩვენი ცხოვრება და აქამდის არ ვიცოდი! ყველგან შფოთი და ძალმომრეობაა. ყოველი კაცი ცრუ არს და ცდება. მხოლოდ შენ ხარ უტყუარი და შეუცდომელი, მაღალო ღმერთო! ცანი და ქვეყანანი წახდნენ. მხოლოდ სიტყვანი შენი არა! სად მე და სად მეფე სოლომონ?! მიეცით კეისრისა კეისარსაო. რატომ არ ვჯერდებოდი ჩემს ყოფა-ქონებას? სად არიან ახლა ჩემი ბარაკონის სასახლე, ამბროლაური, ხიდისკარის კოშკები, სევას სასახლე, ონში ციხე-სასახლე და ქალაქი? სხვა სიმდიდრესთან ოთხმოც მეწველ შინაურ ირმებსა რომ ვეღარ ვნახავ... ესენი ამიერიდან ყველა სიზმარივით გაქრებიან...ვინღა გამაგონებს ჩვეულებრივ ლხინს და შეწყობილ ძილის პირებს! - გაიტაცა ისევ სოფლურმა ძრახვამ, გაიღვიძა მის გულში ძველებურმა მედიდურობამ, მით უფრო, რომ იქვე იმ დროს მისმა შვილმა გიორგიმ სული დალია და წარმოთქვა შეჩვენება: "ჰოი, ყოვლად ძლიერო მაღალო ღმერთო, სადაცა დაიქცა სისხლი თვალთა ჩემთა და ძეთა ჩემთა, აღმოფხვერი ქვეყანა იგი და მიეც ნიავქარსა გასაფანტველად ჰაერთ შინა!. ჰოი, ყოვლის შემძლებელო, გარს შემოუწერელო უფლებითა ღმერთო, მოკითხე სისხლი ჩემი და შვილთა ჩემთა მეფე სოლომონს, ქათალიკოსს იოსებს და არჩილ ბატონიშვილს!.. "მიაგე სამაგიერო შურისმაძიებელთა ჩემთა: პაპუნა წერეთელს, პაატა აბაშიძეს, ზურაბ მიქელაძეს, ბერ ლორთქიფანიძეს, ოტია ჩხეიძეს, თამაზა მესხს, მამუკა მდივანს, თანდარუხ იოსელიანს, ქაიხოსრო და პაპუნა აბულაძეებს. შეაჩვენე და აღმოფხვარ მათი სახლ-კარი და გასწყვიტე სახსენებელი მათი უკუნისამდე!"
წერეთელმა გაიგონა წყევა და შეუტია - აღარ იშლი, გინდა, დასძინო უსჯულოება უსჯულოებაზედაო? შენს სახლში საღმრთო წერილები იბეჭდებოდა და როგორ არ წაიკითხე, თუ რას გვიწერს ყოვლის შემძლებელი: "დაემოჩილეთ უფალთა თქვენთაო". შენზეა ნათქვამი: "ხნარცვი თხარა და აღმოკვეთა და შთავარდა მთხრებლსა მას შინაო".
- წერეთელო, მართალს ამბობ, მაგრამ არ მეგონა,. თუ საღმრთო წერილი იცოდი და ნურც იმას დაივიწყებ, რომ "ნურცა უფალნი განარისხებენ მონათა თვისთაო".
- ნუ გიხარია, შენც ეს დღე მოგელის წერეთელო. მეფეს ფრთებს აღკვეც. გინდა დიდებულები ჩამოაშორო და შენთვის კი ყოველივე მოაგვარო... შეგშურდა ჩემი ციხე-ქალაქები და მონასტრები. ახლა კი იშოვი, მაგრამ ნუ დაივიწყებ: რა გზითაც მიგიღიეს, იმ გზითვე გაგეძევის. ახლა კი ძლევაშემოსილო, როგორც დამორჩილებულს, ერთი თხოვნა ამისრულე: შემავედრე მეფეს, რომ ასე ნუ გვტანჯავს და თავები დაგვაყრევინოსო.
წერეთელმა აღუთქვა, მაგრამ წავიდა მხოლოდ მიტომ, რომ რაჭაში ჯარი გაეგზავნა და ერისთაავების ოჯახობა აეკლო.
ამ დროს მოვიდა იაშვილის მოურავი-გრიგოლაშვილი. ის ორი კვირის წინათ სადღაც ყოფილიყო წასული. რომ დარწმუნდა და მის ბატონის სახლში ეს ამბავი ნახა, ცეცხლი მოეკიდა და უსაყვედურა ბატონს: "რა გიქნია ეს, რომ შენი სახლი გოლგოთა გაგიხდიაო! რატომ არ დაამშვიდეთ ბატონი მეფე და მის დიდებულ სახლს ნიშან დაადევითო? ან აქ რატომ არ უპატრონებთ ამ საბრალოებს?" მივიდა თვითონ, გაუხსნა ხელები დასჯილებს, წამოაყენა, მოკიდა ხელი, წაიყვანა და საყდრის უკან, საქალებოში შეიყვანა, რადგანაც შიშით მათ სახლში შეშვებას ვერავინ ბედავდა. იქ მოასვენა, მკვდარი გიორგიც იქვე დაასაფლავა. ამ დროს იაშვილი სხვაგან წავიდა, რომ ბრალი საკუთრად მის მოურავს დადებოდა და რისხვა თავიდან აეშორებინა. მთელი ღამის ნაწვალებმა ერისთავებმა საქალებოში სული მოითქვეს და ძლისპირებით ევედრებოდნენ უფალს. როსტომ ერისთავის უცნაური ბოხი ხმა გულმოსაკლავად გამოისმოდა. ბუჭუა წავიდა მეფესთან, შემოიხსნა ხმალი და ყოველი იარაღი დაუწყო მეფეს წინ, მეფე ბუჭუას იცნობდა. როგორც კარგ სახელოვან ვაჟკაცს და ჰკითხა:
- რა დაგიშავებია, ბიჭოო!
მოახსენა:
- თვალდათხრილი ერისთავები ეკლესიის გადახურულში შევიყვანე და მკვდარი იქვე დავმარხეთო; ჩემმა ბატონმა სიკვდილი მომინდომა ამისთვის, მეც ვიცი, რომ ღირსი ვარ სიკვდილს და ახლა თქვენ გადამხდევინეთო.
მეფეს უბრძანა:
- ადექი, კარგი გიქნიაო. სამართალი გაუსწორდა, საკანონო მოხდილი აქვსთ და მეტი აღარ ეჭირვებაო.
დაუბრუნა იარაღი და გაისტუმრა. ეს რომ ქაიხოსრო აგიაშვილმა გაიგო, მაშინვე გაუგზავნა ერისთავებს მომკითხავი, ტანისამოსები გაატანა და გადაიყვანა თავის სახლში. ერისთავებს ყმა და მამული ჩამოერთვათ, რაჭაში დაბრუნების ნება აღარ მიეცათ. და დიდხანს სხვის კარზე ცხოვრობდნენ. თვითონ როსტომ ერისთავი პაპუნა წერეთელმა საჩხერეს გაგზავნა და მეთოდე სვიმონ კანდელაკმა გადაიყვანა თავის სახლში და იქ ემსახურებოდა ერისთავს, სანამ ორ წელს შემდეგ ქართლ-კახეთის მეფემ ირაკლიმ არ მიიწვია თავისთან და თვითონ მასპინძელიც თან იახლა.
სარდლის გაგზავნილმა ჯარმა ბრძანებისამებრ პირველად ანტონი მონახა და ყარაულები დააყენეს. დედა მისი, როსტომის ცოლი, იაშვილის წანართმევი, ეზოში ფეხით ათრიეს და საბრალო მუცელს გადაყვა. შემდეგ შეესიენ ოჯახს, ააოხრენ, აიკლეს, ციხეები ლაღუმებით დაამტვრიეს, დაიჭირეს ნიშა ირმები ქორბუდიანი, ის იყო ჩერქეზ ბატონის გამოგზავნილი, ძლიერ დიდი იყო. შეუკრეს ფეხები, წააქციეს დასაკლავად. ამ დროს მოვიდა ხუტა გავაშელიშვილი - ის იყო მეჯოგეთუხუცესი. ბატონის შემთხვევა არ იცოდა და რომ დაინახა, ნიშა ირემს კლავენო, დაიყვირა: - ვინ უბედავს ბატონს ამ საქმესო? მივარდა, მისი ხელთსაჭერი დიდი თავმსხვილი რკინის ჯოხი დაჰკრა თავში თეიმურაზმა დევდარიანს და ტვინი ამოასხმევია. მიცვივდნენ ჯარისკაცები და საწყალი ხუტა ნაკუწ-ნაკუწ აიღეს. ააოხრეს აქაურობა. გადაწვეს, გადაბუგეს და გამოემგზავრენ ქუთაისისაკენ. პატარა ანტონიც თან წამოიყვანეს მისი ძიძებიანად. ქუთაისში რომ მივიდნენ. სახლთუხუცესმა პატარა ანტონის თვალების დათხრაც ბრძანა, მაგრამ პატარა მეფის ასულმა ელენემ ანტონს თვალი მოჰკრა, მიიკრა გულში და აღარავის ანებებდა, იმ დღიდან მეფის სასახლეში იზრდებოდა. მაგრამ პაპუნამ მაინც გააძრახა მსახურები. ერთხელ ბურთი ჩაუგდეს ანტონს გახურებულ თორნეში და რომ გადაიხედა ბავშვმა, იმდენ ხანს გააჩერეს ძალათი და აყურებინეს, სანამ თვალები არ გაუფუჭდა. ამას ყველაფერს, როგორც მეფეს, ისე მის ასულსაც უმალავდნენ. ბოლოს, თვალდამდგარი და ავადმყოფი ყმაწვილი მიაბარეს ძიძებს და მათთან რაჭაში გაისტუმრეს.
იოსებ ქათალიკოსმა რომ შეიტყო გაენათში ერისთავების თვალების დათხრა, შეიცხადა, გადმოვარდა ტახტიდან, დაეცა მიწაზე, წაიშინა თავ-პირში ხელები და წვერ-ულვაში დაიგლიჯა. შეიმოსა ძაძით და გაცხარებული მიეჭრა მეფეს ქუთაისს. მეფემ თვალცრემლიანი ქათალიკოსი რომ დაინახა, მიაყვირა:
- რა ამბავია, ქათალიკოსოვო.
- მე დღეს ქათალიკოსი აღარ ვარ, - მიუგო მან, - არამედ იუდა ისკარიოტელი, ჭეშმარიტების გამცემელი! მეფეო, რათ შეურაცხყავ ან შენი მეფობა და ან თვით სამეფო. სად არის შენი აღთქმა და რად გამატეხინე ფიცი მე ცოდვილსო!
მეფემ შეკრიბა წარბები და მდაბალი ხმით ბრძანა:
- მე დიაღაც ავასრულე ჩემი სიტყვაო. როგორც აღგითქვი, სიკვდილით არ მომიკლავს და საარაკოდაც მოვიქეციო.
- არა, ბატონო მეფევ, ღმერთთან სიტყვის ჭახრაკობა გამოსადექი არ არის!.. ოსმალეთის მხედრობა განდევნე და ერთი თავადის დამორჩილება როგორ გაგიჭირდა. რად ჩამაგდე საფრთხეში? რა პასუხი ვაგო უკანასკნელ განსჯის დროს?
- შემცდარი ხარ, ქათალიკოსო. ერისთავების თვალების დათხრა გაშფოთებს და იმას კი ივიწყებ, რომ თვით იმ ერისთავს უნდოდა საქრისტიანოს სამეფოს თვალების დათხრაო, - უპასუხა მეფემ და გადახედა დარბაისლებს. ისინი თავჩაღუნულნი იდგნენ შეწუხებული, ხმას არავინ იღებდა, მეფესაც სახეზე მწუხარება დაეტყო. სიჩუმეს შემდეგ ხმის კანკალით წამოიძახა ისევ ქათალიკოსმა:
- მეფეო, შეჩვენებულ იყოს შენი მეფობა, უკეთუ მეც არ გამასწორო ერისთავთან და თვალები არ დამთხარო!
კარისკაცები აშფოთდნენ. მეფემ ზურგი მიაქცია ქათალიკოსს, გაბრუნდა. ქათალიკოსი კი თითქმის გონებადაკარგული გავარდა გარეთ და წავიდა გაენათისაკენ. უბრძანა კრებულს, მეორე დღეს წირვის მომზადება, შევიდა ეკლესიაში; უბრძანა არქიელს კათედრაზე შემოსვა, თვითონ შიგნით შეიმოსა. არხიდიაკონს მისცა დაწერილი ქაღალდი და უბრძანა: რაც წესია, არ შეცვალოო. გამოვიდა შემოსილი, შევიდა კათედრაზე: მიართვეს ჯვარის სანთლები და ააპყრა ხელები. უკმიეს, დიაკონმა დაიძახა: უფლისა მიმართ ვილოცოთო.
არხიდიაკონმა გადანაცემ ქაღალდში ამოიკითხა: - "არა ბრწყინევდის ნათელი შენი წინაშე კაცთა და არც იხილონ საქმენი შენი კეთილნი და არცა ადიდე შენ მამა ზეციერი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდეო."
იმ სიტყვაზე ქათალიკოსმა დაამხო ჯვარის სამთლები და გადასცა. კიდევ დაიძახა დიაკონმა: უფლისა მიმართ ვილოცოთო.
არხიდიაკონმაც ღაღადი ჰყო: "არა დაგადგა თავსა შენსა გვირგვინი პატიოსნის ცხოვრების, არა თხოვე და არც მოცა შენ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდეო".
მოიხადა გვირგვინი და ამგვარად განიძარცვა ყოველივე სამღვდელმთავრო წირვის შესამოსელი. ყოველ გახდის დროს არხიდიაკონი ბრძანებისაებრ მისისა იძახოდა: "არა ღირს არსო". ფერმიხდილი ჩამოვიდა ქათალიკოსი კათედრიდან, შევიდა საკურთხეველში, ემთხვია ტრაპეზს, გამოვიდა, მივიდა და ტირილით დაემხო. ამ დღიდან აღარც უწირავს, თავს უღირსად ხდიდა და იყო მარად სინანულში.
"აკაკის კრებული" #9, 1898
.....
სოლომონ მეფე და გიორგი აბაშიძე
იმერეთის მეფემ, დიდმა სოლომონმა, ქაჯაიას ნაქვრივალის ცოლად შერთვა მოიწადინა. დიდკაცობამ იუკადრისა: "ჩვენ აზნაურის ნაცოლარს ვერ გავიდედოფლებთო". უარზე იდგა იოსებ გენათელიც - მეფე სოლომონის ძმა. კარისკაცებმა უძაგეს მეფეს ქვრივი: ზოგმა მოახსენა, მახინჯიაო, ზოგმა კოჭლიაო, ზოგმა - ბრუციანიაო, ზოგმა ყრუ და ზოგმა - ბებერია, უკბილოო!
მეფემ იფიქრა: რა ვქნა, კარგი ოჯახის შვილია ის ქალი, მაგრამ რომ ასე ყოვლად საჯაყი ყოფილიყოს, ის ყმაწვილი ქაჯაია თავმომწონე კაცი იყო და არ შეირთავდაო!.. დაიბარა გიორგი აბაშიძე და გაენდო: - წადი, ნახე როგორმე ის ქალი და თუ გიყვარდე, კარგად დამითვალიერეო! აბაშიძემ აასრულა მეფის ბრძანება. ქალი ჩინებული გამოდგა, მაგრამ ქვეყნის ყბაში თავის ჩაგდება ვეღარ გაბედა და მოატყუა მეფე; სხვების ნათქვამი იმანაც დაამოწმა. ერთხელ მეფე სანადიროდ ბრძანდებოდა. ააფრინეს ხოხობი, მიუტევეს ქორი, მაგრამ ფრინველი თვალსა და ხელშუა სადღაც მიიმალა. ეწყინა მეფეს და გამობრუნებას აპირებდა ქუთაისისაკენ, მაგრამ ამ დროს წაადგა მის წინ ვიღაც ახალგაზრდა მოახსენა:
- თქვენ რომ ხოხობი გაგიფრინდათ, აგერ გახლავთ, ჩემს ეზოშიო.
მეფემ მისი ბაზიერებით შეაჭენა ცხენი, დაუწყო ძებნა, მაგრამ ხოხობი ვერსად ნახა!.. მერე მიიხედა სახლისკენ და სარკმელთან თვალი მოჰკრა ერთ მშვენიერ ქალს.
- სად არის, ბავშვო, ის ხოხობიო? - ჰკითხა ახალგაზრდას, - მომატყუეო?
- არა, ჩემო ხელმწიფეო, - მიუგო ყმაწვილმა, - ქაჯაიას გვარს მის დღეში მეფისთვის ტყუილი არ გაუბედნია!.. ის ხოხობი, თქვენ, რომ გაგიფრინდათ, აქ გახლავთ, მაგრამ დარბაისლების ეშინია და იმალებაო...
მეფემ გაიღიმა, ცხენი გამოატრიალა და გაუდგა გზას. დიდხანს აღარ გაუვლია, რომ ჯვარი დაიწერა ქვრივზე. ერთ დღეს მოლხენით იყო მეფე, გარს დარბაისლები ეხვიენ და გიორგი აბაშიძეც მათ რიცხვში იყო. მეფემ ჰკითხა დარბაისლებს:
- როგორ მოგწონთ დედოფალიო?
კარისკაცებმა, რაც შეიძლებოდა, შეამკეს დედოფალი და ცამდი აიყვანეს. მეფემ შეკრა წარბები და თქვა:
- მაშ, ადრე რაღად მიძაგებდითო?
- განაგონებით მოგახსენებდით და ერთგულებისათვის ნუ შეგვრისხავთო! - მიუგეს ხმის კანკალით დარბაისლებმა.
- გიორგი აბაშიძე! შენ მაინც რაღას იტყვი? შენ ხომ შენი თვალითაც შეამოწმე და ისე მომახსენე. არ იცოდი, რომ ტყუილს არავის შევარჩენდი?
ბრძანა უფრო მრისხანედ მეფემ.
- მე ტყუილი არ მომიხსენებია, ჩემო ხელმწიფევ! - მიუ¬გო თამამად აბაშიძემ.
- მაშ, ახლაც ისე გეჩვენება?
- ახლა მზეთუნახავი ბრძანდება!..
- განა ეს შესაძლებელია?
- რატომ არა, შენი ჭირიმე? მამათქვენი ალექსანდრე, რომ მიიცვალა და სამეფო ხელში ჩაგივარდათ, მაშინ იმერეთი კოჭლიც გახლდათ, ყრუც და ბრმაც და კბილებჩაცვენილიც, მაგრამ დღეს კი ყველაფერი კარგად ესმის, შორს ხედავს, ფეხებზე მაგრა დგას და კბილებიც ამოუვიდა, რომ მტრებს უკბინოსო... და, თუ მთელი სამეფო ასე გამობრუნდა და გაკეთდა, რაღა გასაკვირველია ერთი უბრალო აზნაურის ნაქვრივალის თქვენს ხელში გადასხვაფერებაო?!
მეფეს გაეცინა და სოფელი ჯოყოეთი უწყალობა.
"აკაკის კრებული" #3, 1897
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი