ღირსი ვიტალი VII საუკუნის მოღვაწეა. იგი აბბა სერიდის მონასტრის ბერი გახლდათ. სამოც წელს მიღწეული ბერი ალექსანდრიაში ჩავიდა და ისეთი ცხოვრების წესი აირჩია, რომ
ხალხის თვალში მაცდური და ძლიერ ცოდვილიც ჩანდა, თუმცა უფლის წინაშე სათნო და მართალი კაცი იყო. ამ დროს ალექსანდრიის პატრიარქი იოანე მოწყალე იყო.
ალექსანდრიაში ჩასვლისას ბერმა ვიტალიმ იქაური მეძავების სია ჩამოწერა და უფალს ევედრებოდა მათ განკურნებას ამ მძიმე და მომაკვდინებელი სენისაგან. იგი დილიდან დაღამებამდე დაქირავებულ მუშად მუშაობდა და დღიური გასამრჯელოდან, რაც სპილენძის თორმეტ მონეტას შეადგენდა, მხოლოდ ერთს ხარჯავდა საკვებში, შემდეგ მიდიოდა სამეძაო სახლში, დანარჩენ მონეტებს ერთ მეძავს აძლევდა და თან სთხოვდა:
- გულისათვის გევედრები, ამ საფასურად ეს ღამე წმინდად შეინახე და ნურავის გაიკარებო!
მეძავი დასაძინებლად წვებოდა, ხოლო ღირსი ვიტალი მთელ ღამეს სიფხიზლესა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდა. დილით კი მეძავს აიძულებდა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. ნეტარი ბერი ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველღამე, დღე კი მეძავებისთვის შრომობდა. ალექსანდრიის მცხოვრებლებმა არ იცოდნენ ბერის საქციელის ნამდვილი მიზეზი და აღშფოთებულები შეურაცხყოფდნენ მას.
ხშირად ამ სათნო კაცის ქცევით მხილებული და შერცხვენილი მეძავები მასთან ერთად მოიდრეკდნენ ხოლმე მუხლს და ლოცვას იწყებდნენ. ვიტალი მათ მოუწოდებდა სინანულისაკენ, უყვებოდა თუ რა საშინელი სასჯელი ელით მეძავებს და რა დიადი და დიდებული - მონანულებს. მისი ქადაგების შემდეგ მრავალი მათგანი მონასტერში წავიდა. ზოგმა ოჯახი შექმნა და ზოგიერთმაც, ანება რა თავი ამ ცოდვილ საქმიანობას, პატიოსანი შრომით დაიწყო ლუკმაპურის შოვნა. მაგრამ გამოსწორების მიზეზის დასახელებას ვერავინ ბედავდა - ისინი შეკრულნი იყვნენ წმინდა ვიტალისთვის მიცემული ფიცით. როცა ერთმა ქალმა გატეხა ფიცი და დაიწყო ბერის გამართლება, ეშმაკისგან გვემულ იქნა. ამის შემდეგ ალექსანდრიელებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ ღირსი მამის "დანაშაულში".
რამდენიმე ალექსანდრიელმა ღირსი ვიტალი წმინდა პატრიარქ იოანე მოწყალესთან დაასმინა, მაგრამ მან არ დაუჯერა ცილისმწამებლებს და უთხრა: "ნუ განიკითხავთ ნურავის, განსაკუთრებით კი ბერებს. არ გახსოვთ რა მოხდა ნიკეის კრებაზე? ზოგიერთმა მღვდელმა და ეპისკოპოსმა წერილობით დააბეზღა ერთმანეთი კონსტანტინე დიდთან. მან წაუკითხავად დაწვა წერილები და თქვა: "საკუთარი თვალით რომ მეხილა ცოდვით დაცემული მღვდელმთავარი ან მღვდელი, ჩემი სამოსელით დავფარავდი, რომ სხვას არ დაენახა მისი ცოდვა". ასე შეარცხვინა ბრძენმა მღვდელმთავარმა ავისმთქმელები.
წმინდანი განაგრძობდა თავის მძიმე მოღვაწეობას: ხალხის თვალში ცოდვილი და მემრუშე, მრუშებს სინანულისკენ მოუწოდებდა.
ერთხელ საროსკიპოდან გამოსული ბერი ვიტალი შეეჩეხა ჭაბუკს, რომელიც მეძავებთან შედიოდა. ჭაბუკმა სილა გააწნა წმინდანს და უთხრა, რომ ბერი შეურაცხყოფდა ქრისტეს სახელს. ღირსმა ვიტალიმ უპასუხა: "მერწმუე, ჩემ გამო ისეთ სილას მიიღებ, რომ შენს ყვირილზე მთელი ალექსანდრია შეიყრება".
რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი ვიტალი გარდაიცვალა. მემრუშე ჭაბუკს გამოეცხადა საშინელი ბოროტი სული და სილა გააწნა. ჭაბუკი მიწაზე დაეცა, ტანსაცმელს იგლეჯდა და ისე ხმამაღლა ყვიროდა, რომ უამრავი ხალხი შეიყარა. რამდენიმე საათის შემდეგ ჭაბუკი გონს მოეგო, წმინდანის კელიისკენ გაიქცა, თან ყვიროდა: "შემიწყალე, მონაო ღვთისა, რამეთუ ვცოდე შენ წინაშე". კელიის კარებთან ჭაბუკი საბოლოოდ განიკურნა და შეკრებილებს მოუთხრო თავის შეხვედრაზე ღირს ვიტალისთან; შემდეგ დააკაკუნა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. როცა კარი შეამტვრიეს, ნახეს, რომ ხატის წინ მუხლმოყრილ ბერს საუკუნო ძილით მისძინებოდა. წმინდანს ხელში ქაღალდის გრაგნილი ეჭირა, რომელზეც ეწერა: "მკვიდრნო ალექსანდრიისანო, ნუ განიკითხავთ, სანამ არ მოვალს უფალი, მსაჯული ჭეშმარიტი".
კელიასთან მივიდა ბოროტისაგან გვემული ქალი, რომელიც დასჯილი იყო წმინდა ვიტალისთვის მიცემული ფიცის დარღვევის გამო. წმინდანის სხეულზე შეხებით ქალი განიკურნა და შეკრებილებს მოუყვა წმინდანის სიკეთესა და მოღვაწეობაზე.
წმინდა იოანე მოწყალე ხარობდა, რომ არ დაუჯერა ბოროტ ენებს. მან დიდი პატივით დაკრძალა წმინდანის ნეშტი. ამის შემდეგ ბევრმა ალექსანდრიელმა აღთქმა დადო, რომ სხვას არ განიკითხავდა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი