ქრისტეს ეს რჩეული და წმინდა მსახური ძველ რუსულ ქალაქ სუზდალში 1316 წელს დაიბადა და, როგორც საიმდროოდ წესად ჰქონდათ, მშობელთაგან ღვთის სიყვარულით აღიზარდა.
თუმცა, მატიანის მოწმობით, თანატოლთაგან ყრმობიდანვე გამოარჩევდა ლოცვისადმი განსაკუთრებული სიყვარული, კეთილკრძალულება და თავშეკავება.
ტაძარში, მსახურებისას კუთხეში იცოდა დგომა, რომ არავის შეემჩნია და ლოცვისას უნებლიეთ ხელი არ შეეშალა.
შეისუნთქა რა სახარებისეული თესლი კეთილი და წმინდა მამათა ცხოვრებანი, უფლის გულისთვის წუთისოფელი რომ დაუტევეს, ღმერთს დღედაღამ ჰვედრიდა, იმგვარი მოძღვარი გამოეგზავნა, ცხონების იწრო გზა ეჩვენებინა და სულიერად შესწეოდა.
სათნოეყო მისი ვედრება უფალს და ერთ წმინდა განდეგილს, დიონისეს (ხსენება 26 ივნისს) შეახვედრა, ნიჟნი ნოვგოროდში მონასტერი რომ დაეარსებინა.
სწორედ ამ სავანეში აღიკვეცა მონაზვნად ჭაბუკი ექვთიმე და მოშურნედ შეუდგა ყოველი მორჩილების აღსრულებას.
გავიდა დრო და ექვთიმემ უფრო მკაცრი ასკეტური ღვაწლისათვის მოძღვარს სთხოვა, საზრდელი დღეში, ან ორ დღეში ერთხელ ეხმია, ისიც - მცირედი, მაგრამ ხუცესმა, სურდა რა მასში მორჩილების გამოცდა და განმტკიცება, აკურთხა, ტრაპეზი ძმათათვისაც გაენაწილებინა, ყოველდღე ეხმია საზრდო, მაგრამ - იმდენი, რომ საარსებოდ ჰყოფნოდა.
ყმაწვილმა, როგორც სჩვეოდა, კვლავ დიდი მორჩილებით მიიღო კურთხევა და მალე სულიერად იქ მოღვაწე მამებს წარემატა, თუმცა, ამას ყველას თვალთაგან დაფარულად იქმოდა.
რამდენიმე წლის შემდეგ სუზდალის მთავარმა, ბორისმა, მონასტრის აგება განიზრახა და დიონისეს სთხოვა, სავანის იღუმენად ვინმე შემირჩიეო.
წმინდა მამამ სწორედ ექვთიმეს დაადო ხელი, რომელმაც ცრემლით დატოვა ძველი სამოღვაწეო ადგილი და მოძღვრის ნებას დაჰყვა.
ღირსმა მამამ სავანე უფლის ფერისცვალების სახელზე ააგო და მკაცრი ტიპიკონი დაუდგინა.
იმხანად მრავალი დაპირისპირება და მტერი ჯიჯგნიდა ქვეყანას: - ცალკე თათარ-მონღოლთა უმძიმესი უღელი ედო ამ მიწას, ცალკე - რუს მთავართა ქიშპი ასუსტებდა. უძველესი სუზდალი კი თვით მოსკოვის სამთავროს ეპაექრებოდა პირველობაში...
სანამ ღირსი მამის საკვირველ ცხოვრებას მივუბრუნდებოდეთ, საჭიროდ ჩავთვალეთ, იმ ეპოქაზეც გვეთქვა ორიოდ სიტყვა:
VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე შუა დნეპრისპირეთში აღმოსავლური სლავური ტომების გაერთიანების შედეგად კიევის რუსეთის სახელით ცნობილი პირველი ფეოდალური სახელმწიფო ჩამოყალიბდა.
ძველრუსულ მატიანეთა მოწმობით, კიევის რუსეთის პირველი მთავარნი ლეგენდარული კიი, შჩეკი და ხორავი იყვნენ (დაახლოებით 852 წელი), მოგვიანებით სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად ვიკინგები მოუწვევიათ (სამი ძმის - რიურიკის, სინეუსისა და ტრუველის მეთაურობით). სწორედ ვარიაგთა (ნორმანთა) სახელგანთქმული მთავარი რიურიკი ჩაუდგა სათავეში კიევის რუსეთს და რიურიკთა დინასტიას დაუდო სათავე.
რიურიკის გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლება მისი მემკვიდრის, ოლეგის ხელში გადავიდა, რომელმაც 882 წელს კიევის მმართველი ფეოდალები, ასკოლდი და დირი გააძევა და კიევი დაიპყრო, 883-885 წლებში რადიმიჩთა ტომები დაიმორჩილა, 907-911 წლებში კი - ბიზანტიას გაილაშქრა.
ოლეგის გარდაცვალების შემდეგ აქტიური საგარეო პოლიტიკა მისმა მემკვიდრემ, იგორმაც განაგრძო, რომელმაც ასევე ორგზის ილაშქრა (941-944) ბიზანტიასა და კასპიისპირეთში.
945 წელს დრევლიანებმა იგორი მოკლეს, მისმა მეუღლემ, ოლგამ კი ერთ-ერთმა პირველმა მიიღო რუსეთში ქრისტიანობა. იგორისა და ოლგას ვაჟმა, სვიატოსლავმა (994-772წწ.) გააფართოვა კიევის რუსეთი და მისი საერთაშორისო მდგომარეობაც განამტკიცა. სვიატოსლავი პაჭანიკებთან ბრძოლაში დაეცა. დიდი მთავრის ტახტზე მისი ვაჟი, ვლადიმირი დაბრძანდა და სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა (988-989 წწ.).
ვლადიმირის აღსრულების შემდეგ, 1015 წელს, დიდი სამთავრო ხელთ მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში "წყეულის" სახელით ცნობილმა სვიატოპოლკმა იგდო, რომელმაც დაქირავებული მკვლელების ხელით ჩამოიშორა წმინდა ვლადიმირის ორი ვაჟი, ბორისი და გლები (რომლებიც შემდეგ რუსულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა), მაგრამ იაროსლავ ვლადიმირის ძესთან ბრძოლაში მარცხი იგემა.
დიდი მთავრის ტახტი იაროსლავ პირველმა დაიკავა. იაროსლავ ბრძენმა შეძლო ქვეყნის ცენტრალიზაცია. მის დროს კიევის რუსეთში ბევრი სასიკეთო რამ მოხდა: - განვითარდა დამწერლობა, ითარგმნა ბერძნული ლიტერატურა, შეიქმნა "რუსული სამართლის" ("რუსსკაია პრავდა") უძველესი ნაწილი, - "იაროსლავის სამართალი", კიევში აიგო წმინდა სოფიას ტაძარი, "ოქროს ჭიშკარი" და სხვა.
1051 წელს იაროსლავ ბრძენმა კიევის დამოუკიდებელი მიტროპოლია ჩამოაყალიბა (მიტროპოლიტად რუსი მღვდელი, ილარიონი დაადგინა), რითიც ბერძნული ეკლესიისაგან გათავისუფლება სცადა. იაროსლავ ბრძენის ზეობისას კიევის რუსეთის საერთაშორისო კავშირი და ავტორიტეტი გაიზარდა. გაშენდა ქალაქები. კიევის რუსეთი ბალტიის ზღვიდან შავ ზღვას სწვდებოდა და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო იყო.
XII საუკუნის მიწურულს კიევის რუსეთი მცირე სამთავროებად დაიშალა, - იაროსლავის ვაჟებმა ერთურთში დაინაწილეს, თუმცა, ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობდნენ. მალე ძმებს შორისაც ჩამოვარდა შუღლი, რომელსაც იზიასლავი (რუსულ წყაროთა მოწმობით, კიევის დიდმა მთავარმა იზიასლავმა 1054 წელს ცოლად "აფხაზთა" (ქართველთა) მეფის, ასული შეირთო, - ამ პერიოდში აფხაზთა და ქართველთა მეფე იყო ბაგრატ IV, რომლის ერთ-ერთი ასული, მართა-მარიამი ბიზანტიის დედოფალი გახდა) და სვიატოსლავი შეეწირნენ. მთავრად ვსევოლოდი აირჩიეს (1078-1093 წლები), რომელმაც კიევის რუსეთის დაშლის პროცესი ვერ შეაჩერა.
ქვეყნის დაქუცმაცებას ვერც მთავართა ყრილობებმა (1097 და 1113 წ.) შეუშალა ხელი.
კიევის მთავარი, ვლადიმერ ვსევოლოდის ძე მონომახი გახდა (წყაროთა ცნობით, დავით აღმაშენებელმა საქართველოში ყივჩაღები სწორედ ვლადიმერ მონომახთან დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად ჩამოასახლა), რომელმაც ყივჩაღთა დამარცხება და ცალკეულ მთავართა დამორჩილება მოახერხა, მაგრამ მისი ძის, მსტისლავის კიევის მთავარი (1125-1132 წლებში) გარდაცვალების შემდეგ კიევის რუსეთი ცალკეულ სამთავროებად მაინც დაიშალა და ფეოდალური დაქუცმაცებულობის ხანას დაედო სათავე.
XIII საუკუნეში რუსეთს თათარ-მონღოლები შემოესივნენ. XIII საუკუნის დამდეგიდან ჩინგიზ ხანის (ყველა თვისტომის გაერთიანების შემდეგ სწორედ იგი იქცა მათ უზენაეს მბრძანებლად, - ყაენად) მეთაურობით მონღოლთა გაერთიანებულმა სახელმწიფომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი, - ჩრდილო ჩინეთი, კორეა, ცენტრალური აზია, შუა აზია, ირანი, ავღანეთი და სხვა ქვეყნები დაიმორჩილა, დასავლეთით კი - ევროპის ცენტრს მიუახლოვდა...
ამ ველურმა ურდოებმა ყოველივეს მუსრი გაავლეს.
1223 წელს მონღოლთა 30-ათასიანმა ლაშქარმა, სუბუდაისა და ჯვებეს მეთაურობით შუა აზიის რამდენიმე სახელმწიფო იავარჰყო. მონღოლები ჩრდილოეთ ირანს შეესივნენ, მიაღწიეს კავკასიას, სადაც ააოხრეს რამდენიმე ძველი და მდიდარი ქალაქი, დაამარცხეს ლაშა-გიორგის უძლეველი ლაშქარი, ჩრდილო კავკასიაში კი ალანთა და ყივჩაღთა გაერთიანებულ ლაშქარს გაუსწორდნენ. ყივჩაღებმა დახმარება რუსებს სთხოვეს.
მონღოლებმა 1223 წელს სამხრეთ რუსეთის გაერთიანებული ლაშქარიც დაამარცხეს, ჩერნიგოვის მიწებსაც გადაუარეს და ჩრდილო ნოვგოროდს მიაღწიეს, შემდეგ უკან მობრუნდნენ და კვლავ ჩინგიზ ხანის წინაშე წარდგნენ ყარაყურუმს.
მონღოლურ ტომთა ერთი ჯგუფი ტყეებში ცხოვრობდა და ნადირობით ირჩენდა თავს, მეორე კი - მესაქონლეობას მისდევდა და მომთაბარეობდა. არაბებისაგან განსხვავებით, რომლებიც დაპყრობილ ქვეყნებში ისლამის გასავრცელებლად ჯერ ცეცხლსა და მახვილს იყენებდნენ, შემდეგ კი - პოლიტიკურ და ფინანსურ ბერკეტებს, მონღოლები კერპთაყვანისმცემლები (შამანები) იყვნენ და თავიანთი რწმენის გასავრცელებლად თავი არ შეუწუხებიათ.
ამიტომ მონღოლთა ლაშქრობა ჰუნებისა და ვანდალების შემოსევას უფრო ჰგავდა. სამხედრო და დაპყრობითი მიზნების გარდა, არც ჩინგიზ-ყაენს და არც მის მემკვიდრეებს სხვა მიზანი არ ჰქონიათ.
1227 წელს, ჩინგიზ-ხანის გარდაცვალების შემდეგ იმპერია ოთხ სახანოდ დაიყო. 1236 წელს მონღოლებმა ბულგარეთი გაანადგურეს, 1237 წელს სუბუდაის მხედრობამ ყივჩაღები ალყაში მოაქცია, იმავე წელს კი მორდოვეთი მოსრეს და რუსეთის საზღვრებს მიადგნენ...
30-40 ათასიან ლაშქარს ჩინგიზ-ხანის შვილიშვილი, ბათო-ყაენი ჩაუდგა სათავეში. ზამთარმა მტერს ჩრდი¬ლო-აღმოსავლეთ რუსეთისაკენ გაუხსნა გზა: - დეკემბერში მდინარეები გაიყინა, რის გამოც მონღოლებმა ვოლგა და დონი იოლად გადალახეს და რუსეთს შეესივნენ.
70-დღიანი შტურმი რიაზანზე მონღოლთა გამარჯვებით დასრულდა. ბათო-ყაენის წინ ვლადიმირ-სუზდალის მიწა-წყლისაკენ მიმავალი რამდენიმე გზა იდო. ვლადიმირისაკენ მდინარე ოკით, მოსკოვისა და კოლომნის გავლით გაემართა და არც შემცდარა, ვლადიმირ-სუზდალის გაერთიანებული მხედრობა გაანადგურა, მოსკოვი აიღო და გადაწვა, მოსახლეობა კი - თითქმის მთლიანად მოსრა.
მოწინავე რაზმი 3 თებერვალს მივიდა ვლადიმირში, 7 თებერვალს კი ქალაქი დაეცა. იმავე დღეებში განადგურდა სუზდალი.
ვლადიმირის აღების შემდეგ ბათო-ყაენმა უმწეოდ დარჩენილი ქალაქის მოსახლეობა ამოწყვიტა. 1238 წლის 4 მარტს მტრის ლაშქარმა რუსთა დარჩენილ რაზმებს მუსრი გაავლო და ნოვგოროდისკენ გაეშურა. ქალაქს ასი ვერსით მიახლოებული ბათო-ყაენი ტალახიანი და ჭაობიანი გზის გამო მოულოდნელად უკან შემობრუნდა და კოზელსკისკენ გაემართა. კოზელსკს შვიდი კვირა უტევდნენ. სმოლენსკსაც გვერდი აუარეს.
ბათო-ყაენმა ვერც ვოლოგდამდე მიაღწია და ვერც ნოვგოროდის ხელუხლებელ სამფლობელომდე (იმხანად ნოვგოროდის მთავარი დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის (ბრძენის) ძე, ალექსანდრე გახლდათ, რომელიც ნოვგოროდის მთავრად 1236 წელს აირჩიეს.
მონღოლთა ლაშქრის უკან გაბრუნების შემდეგ მტერთან შესახვედრად მზადება მაინც განაგრძო, თუმცა, განსაცდელი სხვა მხრიდან დაატყდათ: - 1040 წელს მის სამთავროს შვედები დაესხნენ, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს შემომტკიცებასა და აქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ცდილობდნენ. ღმრთისმოყვარე ალექსანდრემ მტრის ლაშქარი ნევის ნაპირებზე მცირერიცხოვანი რაზმით სასტიკად დაამარცხა, რისთვისაც ხალხმა სიყვარულით "ნეველი" უწოდა, 1242 წელს კი ჩუდის ტბასთან ე.წ. "ყინულის ბრძოლაში" ტევტონთა ორდენის რაინდების (გერმანელი ჯვაროსნების) დამარცხებაც შეძლო.
ალექსანდრეს კარგად ესმოდა, რომ თათარ-მონღოლებთან შებმა უშედეგო იქნებოდა და ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ახორციელებდა. 1250 წელს ნოვგოროდის დიდი მთავრის ტიტული მიიღო და ეკლესიას და ქვეყანას უამრავი სასიკეთო საქმე გაუკეთა. (ალექსანდრე ნეველი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა).
1239 წლის შემოდგომაზე, ყივჩაღთა განადგურების შემდეგ დაიწყო საომარი მსვლელობა სამხრეთ რუსეთისა და ევროპისაკენ. მენტუ ხანი ჯერ ჩერნიგოვში შეიჭრა, შემდეგ მორდავეთის მიწებიც მიითვისა. ჩერნიგოვის აღებიდან მცირე ხანში, ერთთვიანი ალყის შემდეგ კიევიც დაეცა (1240 წელი). მონღოლთა ლაშქარს ამჯერადაც ბათო-ყაენი ედგა სათავეში.
ამ ლაშქრობის შემდეგ მონღოლებს სამხრეთ რუსეთისა და ევროპისაკენ გაეხსნათ გზა, თუმცა, ბათო-ყაენის გამანადგურებელ მსვლელობას რუსეთის დასავლელი მეზობლები (ლიტვა და ჯვაროსნები) სერიოზულად არ აღიქვამდნენ და რუსული მიწების მიტაცებას კვლავაც ცდილობდნენ.
1340 წელს ბათო-ყაენმა აღმოსავლეთ ევროპაში, - პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და დალმაციაში ილაშქრა. ამ ქვეყნების ხალხთა წინააღმდეგობამ და ზურგში დარჩენილი რუსეთის შიშმა 1342 წლის გაზაფხულზე უკან დაბრუნება აიძულა.
მონღოლთა დიდი ხანის, უგედაის სიკვდილის (1241 წელი) შემდეგ ბათო-ყაენი მდგომარეობის განსამტკიცებლად ჯუჩის ულუსში დაბრუნდა. 1243 წელს მდინარე ვოლგის ქვემო წელზე "ოქროს ურდო" დააარსა (სატახტო ქალაქი სარაი-ბათუ). 1251 წელს მისი მხარდაჭერით ყურულთაიმ იმპერიის დიდ ხანად მუნქე აირჩია.
1255 - 1266 წლებში ოქროს ურდოს ყაენ ჯუჩის მესამე შვილი და ბათო-ყაენის უმცროსი ძმა, ბერქა-ყაენი განაგებდა. მისი მმართველობის პერიოდში ოქროს ურდო მონღოლთა იმპერიას აღარ ემორჩილებოდა. ბერქამ მდინარე ახთუბაზე ახალი ქალაქი - სარაი-ბერქე ააშენა, რომელიც XIV საუკუნის I ნახევარში ოქროს ურდოს სატახტო ქალაქად იქცა.
ბერქამ ხარკის ამკრეფთა - ბასკაკთა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. მისი მმართველობისასვე დაიწყო ოქროს ურდოს მოსახლეობის გამაჰმადიანება.
50-იან წლებში ბერქამ ლიტვა დალაშქრა. 1262 წელს აზერბაიჯანის დასაუფლებლად ჰულუგუინებს დაუპირისპირდა და შირვანს შეუტია. 1266 წლისთვის კი ახალი ლაშქრობა მოაწყო: - აზერბაიჯანში შეიჭრა და მტკვარს მიადგა, მაგრამ რადგან ხიდები წინასწარ იყო აყრილი, მდინარე ვერ გადალახა და თბილისისკენ დაიძრა. გზად დაარბია შირვანი, ჰერეთი, კახეთი, ივრისპირეთი, მაგრამ თბილისს ვერ მიაღწია - გარეჯში გარდაიცვალა.
ძლიერების ზენიტს ოქროს ურდომ უზბექის (1312- 1342 წლები) და ჯანიბექის (1342-1357 წლები) ხანაში მიაღწია. ამ დროს ოქროს ურდოს არმია 300 000 მეომარს ითვლიდა, მაგრამ ჯანიბექის მოკვლის შემდეგ ურდოს დაცემის პროცესი დაიწყო. XIV საუკუნის დამდეგს მან ხვარაზმი და ასტრახანი დაკარგა, პოლონეთმა და ლიტვამ კი - დნეპრის აუზის ტერიტორიები მიისაკუთრეს.
კიევის რუსეთი ოქროს ურდოს შემადგენლობაში არ შედიოდა, მოსახლეობა მხოლოდ ხარკს იხდიდა, რომელიც ქვეყანას უდიდეს ტვირთად აწვა. მონღოლთა მიერ გადასახადთა შეკრება ყაჩაღთა ბრბოს თარეშს ჰგავდა. მათი ბატონობისას რუსეთში შეიქმნა საფოსტო გზების ქსელი, შემოიღეს მოსახლეობისა და ქონების აღწერა, რითიც ყოველწლიურად გასაწვევ მოლაშქრეთა რიცხვი განისაზღვრა.
რუსული ეკლესია დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა... ბოროტებამ იმძლავრა, - ზნეობა დაეცა, ქურდობა, ტყუილი, მტრობა, შუღლი, მრუშობა და ლოთობა ძალზე განმრავლდა, ადამიანები წარმართულ ვნებებს მიეცნენ, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ამ მიწის იავარქმნა და რადონეჟის უდაბნოს ტყეებიდან წმინდა სახარებითა და მადლმოსილი სწავლებით განანათლა.
* * *
მწარე სინამდვილე გულს უდაღავდა წმინდა მამას, თუმცა, თავისი მისიის ერთგული არასოდეს ჩარეულა საერო საქმეებში.
დროდადრო სტუმრობდა თავის დიდ მეგობარს, ღირს სერგი რადონეჟელს (ხსენება 25 სექტემბერს), რომელთან საუბრითა და ურთიერთობითაც დიდ სულიერ გამოცდილებასა და სარგებელს იღებდა, ამ "კეთილ ღვინოს" კი თავის სავანეში უხვად და სიყვარულით უნაწილებდა ყველას, ვინაც სანუგეშოდ, საკურნებლად თუ განსამტკიცებლად მიაკითხავდა.
მისი მამობრივი სიყვარული ყველას სწვდებოდა, ხოლო როდესაც ეკითხებოდნენ, - რომელია კეთილ საქმეთაგან ყველაზე აღმატებულიო, პასუხობდა:
- ის, რაც საიდუმლოდ, ყველასაგან დაფარულად აღესრულებაო!
როდესაც აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მონასტრის თითოეულ მკვიდრს სათითაოდ, სიყვარულით გამოეთხოვა და იწინასწარმეტყველა, - თუ მონაზონნი მოყვასის სიყვარულს იწინამძღვრებენ, სავანე ფრიად აღორძინდებაო...
წმინდა ექვთიმე 88 წლის ასაკში მიიცვალა, იმ დღეს კი, 1404 წლის 1 აპრილს, მისი სენაკი უჩვეულო კეთილსურნელებამ აღავსო.
1507 წლის 4 ივლისს, ახალი საკათედრო ტაძრის თხრილის გათხრისას, იპოვეს მისი უხრწნელი ნაწილები. წმიდანი განდიდდა 1549 წლის კრებაზე.
წმინდა ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი