ღირსი მამა ნიკონი წმ. ანტონისთან, კიევ-პეჩორის მონასტერში უკვე ბერისა და მოძღვრის ხარისხში მივიდა, თუმცა როდის მოხდა მისი ბერად აღკვეცა, არ არის ცნობილი.
მამა ანტონის კურთხევით ნიკონი მონასტერში ახალმოსულ ასკეტური ცხოვრების მსურველებს ბერად აღკვეცდა. მისი ხელდასხმით მოხდა მრავალი ცნობილი ადამიანისა და დიდებულის ბერად აღკვეცა. ამის გამო მეტად განრისხდა კიეველი თავადი იზიასლავი. მან ჯარისკაცები გაგზავნა კიევ-პეჩორის ბერების დასარბევად. მაშინ მამა ნიკონი იძულებული იყო, იქაურობა დაეტოვებინა. აზოვის ზღვის სანაპიროებს რომ მიუახლოვდა, ტამანის მახლობლად ერთი განმარტოებული ადგილი მოეწონა და იქ დარჩა. "ის ადგილი, - ამბობს ღირსი ნესტორი, - უფლის ნებით მალე აყვავდა. დიდმა ნიკონმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია დააარსა და მალე ძლიერი მონასტერი შექმნა".
ადგილობრივი მოსახლეობის დიდი პატივისცემა დაიმსახურა. როდესაც 1065 წელს ბერძენმა მოკლა თავადი როსტისლავი, ტამანელებმა სთხოვეს ღირს ნიკონს, რომ ჩერნიგოვში თავად სვიატოსლავთან გამგზავრებულიყო და ეთხოვა, მისი ვაჟი გლები გაეგზავნა მათთან მმართველად. ნეტარი მამა დათანხმდა და დავალების შესრულების შემდეგ პეჩორის სავანეში შეიარა. თეოდოსიმ, რომელიც ღირსმა ნიკონმა აღკვეცა და იმხანად იღუმენი იყო, დიდი სიხარულითა და პატივით მიიღო, ერთმანეთს ფეხებში ჩაუვარდნენ და დიდხანს ცხარე ცრემლებით ტიროდნენ. ღირსმა თეოდორემ სთხოვა, არ წასულიყო და მამა ნიკონმა სიტყვა მისცა, რომ თავის მონასტერში საქმეებს მოაგვარებდა და უკან დაბრუნდებოდა.
თავადი გლები ტაძარში წაიყვანა, თავისი სავანე მოინახულა და კიევში ჩავიდა. თეოდოსი უდიდესი პატივის-ცემით ეპყრობოდა. "როდესაც სადმე მიემგზავრებოდა, - ამბობს ნესტორი, - ყველაფერს მამა ნიკონს უტოვებდა. ხშირად კი სთხოვდა, სულიერ ძმებს დალაპარაკებოდა და დაემოძღვრა. როდესაც დიდი ნიკონი იჯდა და წიგნებს ფურცლავდა, ნეტარი თეოდოსი იქვე იჯდა და ძაფებს ართავდა რაღაც საქმისთვის".
მეტად კარგად გრძნობდა თავს ნიკონი თეოდოსისთან, მაგრამ როდესაც 1068 წელს კიევში არეულობა დაიწყო, რაც იაროსლავის განდევნით დასრულდა, ნიკონი ტაძარში დაბრუნდა, სადაც დიდი პატივით მიიღო თავადმა გლებმა. ოლეგ ჩერნიგოველმა თავადი რომანი რომ მოკლა, ნიკონი 1708 წელს ისევ კიევ-პეჩორის ლავრაში დაბრუნდა. ძმებმა იცოდნენ, როგორ პატივს სცემდა მას თეოდოსი და წინამძღვრობა შესთავაზეს. იმხანად ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ თეოდოსისა და ანტონის მოწაფეები: ისააკ განდეგილი, გრიგორი სასწაულმოქმედი, ექიმი აღაპიტე.
1083 წელს კონსტანტინოპოლიდან ხატმწერები ჩამოვიდნენ, როგორც ამბობდნენ, ანტონისა და თეოდოსის მიერ იყვნენ გამოგზავნილები სავანის ხელმძღვანელებად.
ნიკონმა უპასუხა, რომ აგერ უკვე ათი წელია, ცოცხლები აღარ იყვნენ. მაშინ მათ მიუთითეს ღირსი მამების გამოსახულებებზე. ასე და ამგვარად ნიკონის ზედამხედველობით პეჩორის ეკლესია დამშვენდა ხატებითა და მოზაიკით.
ღირსი ნიკონი ცდილობდა, ყველაფერი ისე შეენარჩუნებინა, როგორც თეოდოსის დროს იყო. "მარხვის პირველ კვირას, - იხსენებს ღირსი ნესტორი, - მამა თეოდოსის მიერ დაწესებული იყო, რომ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ბერებისთვის საუკეთესო თაფლიანი კვერები დაერიგებინათ. ასევე იქცეოდა მამა ნიკონიც. ერთხელაც მცხობელმა იცრუა, რომ ფქვილი არ ჰქონდა თაფლაკვერების გამოსაცხობად. უფლის ნებით, წმინდა ლიტურგიის შემდეგ, ტრაპეზზე მონასტერს საუკეთესო პურები შესწირეს ისე, რომ არავინ ელოდებოდა. 2 დღის შემდეგ გადამალული ფქვილისგან მცხობელმა პურის ცხობა დაავალა დამხმარეებს და ცომის მოზელვისას, როდესაც თბილ წყალს ასხამდნენ, ბაყაყი გადაჰყვა. წაბილწული ცომი მაშინვე გადააგდეს.
მრავალი უსიამოვნება შეხვდა მამა ნიკონს სულიერი ძმებისგან. ერთხელ ორმა კიეველმა, იოანემ და სერგიმ, ღვთისმშობლის ხატის წინ ერთმანეთს სულიერი ძმობა შეჰფიცეს. გარკვეული ხნის შემდეგ იოანე ავად გახდა და სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, თავისთან ნეტარი იღუმენი ნიკონი იხმო. მისი თანდასწრებით დიდი მოწყალება გასცა, ათასი ვერცხლი და ასი ოქრო კი სერგის გადასცა, თან სთხოვა, 5 წლის ვაჟისთვის, ზაქარიასთვის მიეხედა და როცა სრულწლოვანი გახდებოდა, ფული მაშინ მიეცა. ვაჟს 15 წელი რომ შეუსრულდა, მამის დანატოვარი მოითხოვა. "მამაშენმა ყველაფერი უფალს შესწირა, წადი და მას მოსთხოვე. იმდენად ბრიყვი იყო, ყველაფერი ქვრივ-ობლებს დაურიგა, შენ კი მათხოვრად გაქცია", - უთხრა სერგიმ. ჭაბუკი დიდხანს ტიროდა, როცა მამამისი ასე აუგად მოიხსენია, შემდეგ უთხრა: "მამაჩემის დანატოვარის ნახევარი მაინც მომეცი". შემდეგ მესამედი მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. მაშინ ზაქარიამ სერგის უთხრა: "თუ მამაჩემს შენთვის არაფერი დაუტოვებია, ღვთისმშობლის ხატთან მიდი და დაიფიცე". სერგი ისე იყო დაბრმავებული ფულით, რომ მაშინვე ხატთან მივიდა და თქვა: "არ ამიღია არც ათასი ვერცხლი და არც ასი ოქრო". შემდეგ დააპირა ხატისთვის ეკოცნა, მაგრამ ვერ შეძლო და ყვირილი ატეხა. "ღირსო მამებო, ანტონ და თეოდოს! მრისხანე ანგელოზს უბრძანეთ, რომ თავი დამანებოს. შეევედრეთ ჩემ გამო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩემგან უწმინდური სული განდევნოს. ოქრო და ვერცხლი ჩემს სახლში ინახება".
ყველა შეძრწუნდა ამის გაგონებაზე. მივიდნენ მის სახლში და იქ ოქრო-ვერცხლი იპოვეს.
ღირსმა მამამ 86 წელი იცხოვრა და 1088 წლის 23 მარტს სული უფალს მიაბარა. დაკრძალეს პეჩორის სავანეში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი