ძველი სტილით 21 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი სერაფიმე ვირიცელის ხსენებას აღასულებს. 1948 წელს რუსეთს ლიბანის მიტროპოლიტი ილია ესტუმრა.
როგორც დაამოწმა, ღვთისმშობელმა იმათი სახელები გაუმჟღავნა, ვისი ლოცვის წყალობითაც გადაურჩა სამყარო ფაშიზმს.
მღვდელმთავარმა პირველი სწორედ სერაფიმე ვირიცელი დაასახელა.
ეს ის მამაა, ვის ბაგეთაგანაც აღმოთქვა უფალმა: - "ეს ჩემგან იყო!" (ალბათ, ბევრს გეცნობათ ქართულ ენაზე გამოცემული მცირე კრებულის სახელწოდება).
მისი საფლავი ვირიცაში სანთლებითა და ყვავილებითაა მოფენილი და ახლაც, მამა სერაფიმეს გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდგომაც, სავსეა აქეთ მომავალი გზები და სამარის შემოგარენი უთვალავი მომლოცველით.
მოდიან და მოდიან დარდით თუ სნებით დამძიმებული ადამიანები და როგორც ცოცხალს, ისე შესჩივიან ნეტარს ზოგი რას, ზოგიც - რას. თავად დაიბარა: - "ყველასთვის ვილოცებ, ვინც კი ოდესმე მოსულა ჩემთან და რომ გარდავიცვლები, ჩემს სამარესთან მოდით, თქვენი ჭირი გამიზიარეთ, მოგისმენთ და შეგეწევითო!"
ენით უთქმელი მადლი სუფევს იქ, მისი საკვირველი ცხოვრება კი ასე დაიწყო:
სქემოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი (ერისკაცობაში ვასილ მურავიოვი) 1866 წლის 31 მარტს იაროსლავის გუბერნიის სოფელ ვახრომეევოში დაიბადა. 1866 წლის 01 აპრილს მონათლეს და ღირსი ვასილი ახალი აღმსარებლის პატივად ვასილი დაარქვეს.
მშობლები, ნიკოლოზ ივანეს ძე (1837-1876 წწ.) და ქიონია ალიმპის ასული მურავიოვები ღვთისმოშიში და ზნეკეთილი ადამიანები იყვნენ.
ვასილის შემდგომ ოჯახს ორი ქალიშვილი - ელისაბედი (1871 წელს) და ევდოკია (1875 წელს) შეეძინა, რომელნიც ჩვილობაშივე მიიცვალნენ. 1875 წელს კი ოჯახის უფროსი, 40 წლის ნიკოლოზიც გავიდა ამქვეყნიდან და ათი წლის ვასილი სნეული დედის ამარა დარჩა.
შემოქმედმა იგი უჩვეულო გულმოდგინებით, საზრიანობით, გამჭრიახობით, მოთმინებით, მიზანსწრაფულობითა და საოცარი მეხსიერებით დააჯილდოვა. ჯერაც მცირეწლოვანმა დამოუკიდებლად შეისწავლა წერა-კითხვა და დაწყებითი მათემატიკა, საყვარელ საკითხავად კი - სახარება და ფსალმუნი აქცია.
ყმაწვილობაშივე შეიყვარა წმინდანთა ცხოვრება, საიმდროოდ ფერად, ილუსტრირებულ წიგნებად რომ იყიდებოდა. მის სულს განსაკუთრებულად დააჩნდა მეუდაბნოე მამათა ღვაწლი და მათი სახელები... სწორედ იმ დროს იშვა მის სულში ანგელოზებრივი ცხოვრების სურვილი, თუმცა, გარკვეულ დრომდე იგი არავისთვის გაუმხელია.
ვასილის მშობლები მუყაითი მეურნენი იყვნენ, თუმცა, მატერიალური კეთილდღეობა არასოდეს უძებნიათ. მათი მოწყალე გული მზად იყო, უპოვართ შესწეოდა, მწირნი შეეკედლებინა და დაეპურებინა. ამ სულისკვეთებამ გაზარდა ვასილიც.
ოჯახი ყოველთვის ზედმიწევნით იცავდა ეკლესიის წესებს. ვასილი 9 წლიდან მარხულობდა, ყოველ დღესასწაულსა და კვირა დღეს ოჯახი ტაძარში დადიოდა და საეკლესიო საიდუმლოებებს ეზიარებოდა, თავისუფალ დროს კი წმინდა ადგილებს მოილოცავდა...
განსაკუთრებულად უყვარდათ სერგის ყოვლადწმინდა სამების ლავრა, სადაც გეთსიმანიის სავანეში ცნობილი ბერი ბარნაბა (მერკულოვი) მოღვაწეობდა, ბრძენი მასწავლებელი და მლოცველი მამა, მთელი რუსეთიდან რომ აკითხავდნენ მორწმუნენი.
"უღმერთოდ სახლამდეც ვერ მიხვალ!" ხშირად მოძღვრავდა ხოლმე მამა ბარნაბა მომსვლელთ და ეს სიტყვები ყრმა ვასილიმ ცხოვრების წესად იქცია.
ასე, თითქოსდა, შეუმჩნევლად დათესა ყოვლადბრძენმა უფალმა მცირეწლოვანი ბიჭუნას გულში ქრისტიანობა.
როგორც ზემოთ ვთქვით, მურავიოვების ოჯახმა მოულოდნელად დაკარგა მამა, რამაც ისედაც ჯანშერყეული ქიონიას მდგომარეობა გააუარესა. ფაქტობრივად, ოჯახის მარჩენლად 10 წლის ვასილი იქცა...
იმ პერიოდში მურავიოვებმა უკიდურესი სიღატაკე გამოცადეს, თუმცა, უფალმა მალე მოხედა ამ წმინდა ბუდეს და ერთმა ღვთისმოსავმა, კეთილმა თანასოფლელმა, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ დუქანში უფროს ნოქრად მსახურობდა, ყმაწვილს თავისთან მუშაობა შესთავაზა...
თვალცრემლიანმა დედამ თავის ადრე დავაჟკაცებულ ვაჟიშვილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით დაულოცა გზა...
სოფლის მშვიდ ყოფას შეჩვეულ ვასილის გაუჭირდა უზარმაზარ პოლისთან შეგუება, მაგრამ დროთა განმავლობაში, დიდი ნიჭისა და გონიერების წყალობით ადგილი დაიმკვიდრა.
მოკლე ხანში კი იქაური ქარვასლის ერთ-ერთ დუქანში დამტარებლად მოეწყო.
ვასილი იმდენად გულმოდგინედ აღასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, მეპატრონის ნდობა მალევე დაიმსახურა. ის იმდენად მოიხიბლა ამ საკვირველი და ძალზე ნიჭიერი ყმაწვილით, უფრო და უფრო რთულ საქმეებს ანდობდა. ბიჭი მთელ შემოსავალს სნეულ დედას უგზავნიდა, თავისთვის კი მხოლოდ მცირეოდენს იტოვებდა.
მაგრამ მის სულში ძველი სურვილით ცოცხლობდა მონაზვნური ცხოვრების სიყვარული...
თოთხმეტი წლისამ გადაწყვიტა, ბედი ეცადა და ალექსანდრე ნეველის ლავრაში იღუმენთან შეხვედრა ითხოვა.
ადრიანი დილა იდგა... იღუმენი მონასტერში არ ბრძანდებოდა, რის გამოც ერთ სქემოსან მონაზონთან შეთავაზეს გასაუბრება... ჭაბუკი მუხლებზე დამხობილი შეევედრა, - მონასტერში დამტოვეთო, მაგრამ ჭვრეტის მადლით ცხებულმა მამამ აკურთხა, ჯერ ოჯახი შეექმნა, შვილები აღეზარდა და შემდეგ მეუღლითურთ შემონაზვნებულიყო.
ამ წმინდა კაცის მთელი შემდგომი ცხოვრება - ბერობისთვის მზადება იყო.
საერო საქმეების შემდეგ ვასილი დროს ან ტაძარში ატარებდა, ან - სულისთვის სასარგებლო წიგნთა კითხვაში, ან ლოცვად იდგა. მისი გონება, მეხსიერება და გამჭრიახობა მუდმივად სრულიქმნებოდა. განსაკუთრებულად ისტორია აინტერესებდა. მათემატიკური ნიჭის წყალობით სწრაფად აუღო ალღო კომერციულ საქმიანობას, უთავსებდა თეორიას და პრაქტიკას. თავისუფალ დროს სოფელში დედას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.
ვასილის უფროსი ღვთისმოსავი კაცი გახლდათ, ამიტომ ყოველმხრივ მიესალმებოდა ხელქვეითის ღვთივსათნო ცხოვრებას, დიდად აფასებდა მის ზნეობრივ და პროფესიულ თვისებებს, - საოცარ შრომისმოყვარეობასა და კომერციულ ნიჭს. თექვსმეტი წლის ბიჭი ნოქრად განამწესა, ერთი წლის შემდეგ უფროს ნოქრად, იმედოვნებდა, რომ მომავალში ვასილი მისი კომპანიონი გახდებოდა. ეს იშვიათი გამონაკლისი გახლდათ, რამდენადაც ამ თანამდებობის მიღებას, სულ ცოტა, ათი წელი სჭირდებოდა.
ჭაბუკ ვასილის ხშირად უწევდა მოსკოვში, ნიჟნი-ნოვგოროდსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გამგზავრება და იქაურ სიწმინდეებთან ზიარება. ხშირად მოილოცავდა ღირსი სერგი რადონეჟელის სავანესაც...
მორწმუნენი განსაკუთრებულად გეთსიმანიის სავანის მონახულებას ცდილობდნენ, სადაც ჩერნიგოვის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მოილოცავდნენ და ლოცვა-კურთხევისა და რჩევისათვის დიდბერ ბარნაბას სტუმრობდნენ.
სწორედ მამა ბარნაბა იქცა ვასილის სულიერ მშობლად...
* * *
ღირსი მამის ცხოვრებაზე საუბრისას შეუძლებელია, ერთი ამბავი არ გავიხსენოთ:
საზღვარგარეთიდან ბრუნდებოდა...
როდესაც მისი ეტლი პეტერბურგში შემოვიდა, ქუჩაში ერთი გლეხი იხილა, რომელიც ტიროდა და ხმამაღლა მოთქვამდა:
- "ნუ ნებაჲ შენი, იყავნ ნება ღვთისა!"
შემოიპატიჟა და ყოველივე გამოჰკითხა.
როგორც აღმოჩნდა, გლეხს სოფელში ტიფით დასნეულებული შვიდი შვილი, ცოლი და მამა დაეტოვებინა, თავად კი ქალაქად ცხენი წამოეყვანა გასაყიდად, რომ ძროხა ეყიდა და ოჯახი შიმშილისგან ეხსნა. მაგრამ ვიღაც არამზადებს აღებული თანხა წაერთმიათ, თავად კი შიმშილისგან ისე დაოსებულიყო, წინააღმდეგობა ვეღარ გაეწია... ჰოდა, სხვა რა გზა ჰქონდა, იჯდა, მოთქვამდა და უფალს უხმობდა:
- "ნუ ნებაჲ შენი, იყავნ ნება ღვთისა!"
ვასილის გულზე მოხვდა მისი ნაამბობი, ძალზე შეეწყალა და ბაზარში წაიყვანა.. ორი ცხენი უყიდა, ურემში შეაბა, სანოვაგით დატვირთა და სადავეები საბრალო გლეხს მისცა...
კაცი ამ საჩუქარმა ისე დააბნია, უარზე დადგა, მაგრამ ვასილიმ თავისივე სიტყვა გაახსენა:
- "ნუ ნებაჲ შენი, იყავნ ნება ღვთისა!"
შინ მობრუნებულმა დალაქს მოუხმო, რომელმაც სავარძელში ჩაჯდომა სთხოვა, მაგრამ ვასილი ადგილს ვერ პოულობდა, ოთახში ბოლთას სცემდა და განუწყვეტლივ იმეორებდა:
- "ნუ ნებაჲ შენი, იყავნ ნება ღვთისა!"
მოულოდნელად დალაქი ფეხებში ჩაუვარდა და შეჰყვირა:
- როგორ მიმიხვდი, ბატონო, მე წყეულს?! - და გამოუტყდა, რომ მისი მოკვლა და გაძარცვა განეზრახა...
ამ შემთხვევის შემდგომ ვასილიმ ქონების დიდი ნაწილი ეკლესია-მონასტრებს გადასცა. საიმდროოდ 31 წელი შესრულებოდა...
მისი საერო ცხოვრებიდან კიდევ ერთ საგულისხმო ამბავს გავიხსენებთ:
ერთხელ ვასილის სახლში ქურდი შეიპარა, მოკრიბა ძვირფასეულობა და ხელსახოცში გამოახვია, მაგრამ გასვლისას ბოხჩა ხელიდან გაუვარდა და ნაპარავი დაეფანტა...
ამ დროს ვასილი თურმე შინ ბრუნდებოდა, შეშინებულ ქურდს კარში შეეფეთა, დაფანტული ნივთების შეგროვებაში დაეხმარა და თან გაატანა...
მოგვიანებით ამბობდა:
- ამით ქურდი ცოდვისაგან ვიხსენ, რადგან ჩუქება გამომივიდაო!
სულიერ შვილებს კი გამუდმებით უმეორებდა:
- დაკარგე? - ნუ ინაღვლებ! ხოლო თუ რამე მოგეცა ან იპოვე, ნურც მაშინ განიხარებ ზომაზე მეტად, არამედ ჰმადლობდე უფალსო.
ბერი ბარნაბა (მერკულოვი)
ოც წელს გრძელდებოდა ვასილ მურავიოვისა და მამა ბარნაბას სულიერი მამა-შვილობა, - ვასილი თავისუფალ დროს მუდამ მისკენ მიიჩქაროდა, თავად მოძღვარი კი, თუ პეტერბურგს მოხვდებოდა, მუდამ ახალგაზრდა კომერსანტის ბინას აფარებდა თავს.
მამა ბარნაბას კურთხევით ვასილი ცდილობდა, გამუდმებით წარმოეთქვა იესოს ლოცვა, დაეცვა გონების სიწმინდე და წინ აღდგომოდა ბოროტ გულისთქმებს. მოძღვარი კი ახალგაზრდა მოღვაწეს ლოცვითა და რჩევით შეეწეოდა და ანგელოზებრივი ცხოვრებისათვის განამზადებდა.
მაგრამ მანამდე ვასილის ოჯახი უნდა შეექმნა და ასეც მოხდა: - 1890 წელს დიდბერ ბარნაბას კურთხევით ოლგა ივანეს ასულ ნაიდენოვაზე იქორწინა.
1892 წელს ვასილმა საკუთარი საქმე წამოიწყო. საკმაო გამოცდილებისა და კონტაქტების წყალობით ჯერაც ჭაბუკმა ბეწვეულის დამამზადებელი კანტორა შექმნა. საქონლის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთ - გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთში, ინგლისში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში საღდებოდა. სავაჭრო საქმიანობა დიდ ძალასა და ენერგიას მოითხოვდა. ღმერთმა ეს საკვირველი ადამიანი ამსოფლიური საზრუნავის სულიერებასთან შეთანადების საოცარი ნიჭით დააჯილდოვა.
ესოდენი შესაძლებლობების პატრონს სააქაო დიდება და სიმდიდრე არასოდეს უძებნია. მისთვის ვაჭრობა კაპიტალის მოხვეჭის წყარო კი არა, ეკლესიისა და მოყვასის დახმარების საშუალება გახლდათ. ახალგაზრდა მეწარმე დღითი დღე იმრავლებდა ცოდნას. 1895 წელს რუსეთში კომერციული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად იქცა და ამავე საზოგადოებასთან არსებულ კომერციის უმაღლეს კურსებზე ჩაირიცხა.
შეძენილი ცოდნა ბერობაში ძლიერ გამოადგა, რამდენადაც მონასტერში მორჩილების აღსრულების თუ მრევლთან ურთიერთობისას ხშირად უხდებოდა პრაქტიკულ საკითხთა გადაწყვეტა.
მეორე გილდიის სოვდაგრის მოწმობის თანახმად, 1914 წლამდე ცოლ-ქმარი მურავიოვები დედაქალაქის მკვიდრ იაროსლავის გუბერნიის გლეხებად ითვლებოდნენ. საიმდროოდ სანქტ-პეტერბურგის მეორე გილდიის დროებითი სოვდაგრის წოდებაც არსებობდა, თუმცა, ამ ყოველივეს ხელი არ შეუშლია, დედაქალაქის საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინათ და მრავალთა პატივისცემა და სიყვარული დაემსახურებინათ.
ოლგა ძალზე ფაქიზი, მაგრამ საკმაოდ მტკიცე და შეუპოვარი იყო, მეუღლეს ხშირად ეხმარებოდა და მისი პეტერბურგში არყოფნისას წარმატებითაც უძღვებოდა საწარმოს.
ვასილი ცდილობდა, ხელქვეითებად მორწმუნე ადამიანები შეერჩია, რისი წყალობითაც მათ შორის მუდამ თანხმობა და სიყვარული სუფევდა.
მურავიოვები
1895 წელს ვაჟი - ნიკოლოზი შეეძინათ, შემდეგ - ოლგა, რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვალა.
ამ ტრაგედიის შემდეგ მეუღლეებმა, მოძღვრის კურთხევითა და ურთიერთთანხმობით, და-ძმასავით განაგრძეს ცხოვრება.
ყოველ საუფლო დღესასწაულზე, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა და წმინდანთა ხსენების დღეებში დიდებულ სუფრას შლიდნენ და სატრაპეზოდ ქუჩიდან ღატაკთ იწვევდნენ.
"მამაო ჩვენო"-ს წარმოთქმის შემდგომ ოჯახის უფროსი სტუმრებს იმ დღესასწაულის არსს განუმარტავდა, წასვლის წინ კი - თანხით, სამოსით და სანოვაგით ასაჩუქრებდნენ და მომავალი დღესასწაულისთვის კვლავაც ეპატიჟებოდნენ.
ოდენ ღმერთმა უწყის, თუ რამდენი უპოვარი ლოცულობდა ამ წმინდა და ყოვლადუბრალო ცოლ-ქმრისთვის.
ორივე ძალიან უბრალოდ იკვებებოდა. ვასილი ბავშვობიდან მარხულობდა, ოლღაც ბაძავდა. უბიწოების აღთქმის დადების შემდგომ წყვილი ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ორშაბათობითაც ინახავდა მარხვას.
რაც უნდა მომხდარიყო, ვასილი თანამშრომლებს მუდამ მშვიდად და დიდსულოვნად ეპყრობოდა, რის გამოც ყოველი მათგანი დიდ პატივს მიაგებდა.
მეუღლეები ხშირად აკითხავდნენ სასნეულოებსა და უპატრონოთა თავშესაფრებს, რომელთაც თანხითაც დიდად შეეწეოდნენ და საჩუქრებითა და სასულიერო ლიტერატურითაც.
აი, რას ჰყვებოდა მონაზონი იოანა შიხობალოვა (+1944 წ.):
- 1869 წელს პეტერბურგში დავიბადე. ცამეტი წლიდან ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერში ვცხოვრობდი. 1905 წელს მძიმედ დავსნეულდი და დაახლოებით ერთი წელი მონასტრის საავადმყოფოში გავატარე. მოულოდნელი გართულების გამო გამოჯანმრთელების პროცესი ფერხდებოდა. სასნეულოდან იმხანად ცნობილმა ბეწვეულით მოვაჭრეებმა, ვასილ და ოლგა მურავიოვებმა გამომიყვანეს. მათ კმაყოფაზე 1917 წლამდე ვიყავი".
თუმცა, ზემოთ მოთხრობილი ამბავი მხოლოდ ზღვაში წვეთია - მურავიოვებს არაერთხელ შეუფარებიათ საავადმყოფოს პაციენტები, რომელნიც ოჯახურ გარემოში იოლად მომჯობინდებოდნენ ხოლმე.
ამგვარი დამოკიდებულება სასწაულებს ახდენდა - სნეულებისაგან გაწამებულნი და სასოწარკვეთილნი მათ თბილ ბუდეში მალევე მრთელდებოდნენ.
* * *
1903 წელს, წმინდა სერაფიმე საროველის კანონიზაციის ცერემონიალს, რომელზეც სამეფო ოჯახთან ერთად ლამის მთელი რუსეთი ჩავიდა, მურავიოვებიც ესწრებოდნენ და ეს მართლაც საკვირველი დღესასწაუ¬ლი წარუშლელად დაამახსოვრდათ.
ვასილი ბავშვობიდან ეთაყვანებოდა მამა სერაფიმეს, მით უფრო, დიდი საროველი მოღვაწე წარმოშობით ვაჭართა წრიდან გახლდათ და მის მსგავსად, სიჭა¬ბუკეში ამ საქმეს მისდევდა.
ასე რომ, ახალგაზრდა პეტერბურგელი სოვდაგრისათვის ამ წმინდანის ცხოვრება - ცხონების უბადლო მაგალითი იყო.
შემონაზვნების შემდგომაც, რაღა თქმა უნდა, არა¬შემთხვევით, მისი სახელი მიიღო და მუდამ ამოწმებდა, რომ თავისი ზეციური მფარველის განსაკუთრებულ სიახლოვეს მუდამ გრძნობდა.
1906 წლის დასაწყისში, იგრძნო რა მოახლოებული აღსასრული, უკანასკნელად ეწვია მის მიერვე დაარსებულ ივერონ-ვიქსუნსკის დედათა მონასტერს პეტერბურგში, სადაც ორ დღეს დარჩა, სულიერი შვილები ინახულა, სიყვარულისა და ივერონის მონასტრის დახმარებისათვის მადლობა შესწირა და სთხოვა, მომავალშიც შესწეოდნენ.
იმ დღის შემდგომ მურავიოვებს მოძღვარი აღარ უნახავთ, რადგან ნეტარი მამა მალევე, 17 თებერვალს გარდაიცვალა.
ამ ბერდიდის სიწმინდეს მის სიცოცხლეშივე ცხადად გრძნობდნენ ადამიანები, მოძღვრის ხსოვნა, რჩევები და ლოცვა დიდად შეეწეოდა მურავიოვებს, რომელთაც წინ რთული და განსაცდელებით აღვსილი ცხოვრება ელოდათ...
ყველა სიკეთესთან ერთად ვასილმა მოძღვრისაგან მემკვიდრეობით მეგობარიც მიიღო - არქიმანდრიტი თეოფანე (ბისტროვი), სამეფო ოჯახის მოძღვარი და პოლტავის მომავალი არქიეპისკოპოსი. იმ პერიოდში იგი სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორი გახლდათ.
მოგეხსენებათ, მონათესავე სულები ერთურთს მყისვე შეიგრძნობენ. მომავალმა ეპისკოპოსმა ახალგაზრდა კომერსანტში მაშინვე ამოიცნო ღვთისმოყვარე ადამიანი და დიდი მოღვაწე. ისინი ერთმანეთს მეცნიერების სიყვარულმაც დააახლოვა.
ვასილს ყოველთვის იზიდავდა ისტორია. ბიბლიის ისტორიის პროფესორი, არქიმანდრიტი თეოფანე კი შეუდარებელი მოსაუბრე და დამრიგებელი იყო. ისინი ბევრს ბჭობდნენ რუსეთის იმჟამინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე და ერთურთს ასკეტური ცხოვრების გამოცდილებასაც უზიარებდნენ.
1905 წლის 12 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ბენიამინი (კაზანსკი), მომავალი მღვდელმოწამე, პეტროგრადისა და გდოვსკის მიტროპოლიტი, რომელიც, ღვთის განგებით, ვასილის უახლოეს მეგობრად იქცა.
შემორჩენილია 1905 წლის 4 იანვრის წმინდა სინოდის საარქივო ჩანაწერები, რომლის თანახმადაც ვასილ ნიკოლოზის ძე მურავიოვი ღვთივსათნო საქმეებისათვის დაუჯილდოებიათ.
ვასილ მურავიოვი
1905 წელს ვასილ მურავიოვი იმჟამად რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის, იაროსლავის საქველმოქმედო საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა. მისი წევრი იყო მრავალი ცნობილი სასულიერო პირი, მათ შორის წმინდა იოანე კრონშტადტელიც.
1908 წელს ხსენებულ საზოგადოებას მაღალყოვლადუსამღვდელოესი ტიხონი, იაროსლავის კათედრის იმჟამინდელი საჭეთმპყრობელი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მომავალი პატრიარქიც შეუერთდა. წევრებს მხოლოდ საზოგადოების ფინანსური მხარადაჭერა კი არა, მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარულიც მოეთხოვებოდათ, რადგან ორგანიზაციას მატერიალურთან ერთად სულიერი შეწევნისთვისაც მიმართავდნენ.
ხშირად საზოგადოების მუშაობაში ორგანიზაციის წევრთა ოჯახები და ბავშვებიც ერთვებოდნენ. ეს იყო სკოლა, სადაც მოყვასის სიყვარულსა და გულმოწყალებას სწავლობდნენ. დღესასწაულებზე საზოგადოების წევრე-ბი ოჯახებთან ერთად იკრიბებოდნენ ტაძარში, სადაც ერთობლივი ლოცვითა და ზიარებით საოცარი ერთობა ყალიბდებოდა.
ორგანიზაციის საქმიანობის საანგარიშო დავთრებსა თუ რეესტრში, ტრადიციისამებრ, ქველმოქმედის ვინაობა არ ცნაურდებოდა. ვასილიც ფარულად ეწეოდა ქველმოქმედებას.
როგორც ოლგამ მოგვიანებით აღიარა, მეუღლესთან სულიერი სიახლოვისა თუ მოყვასის სიყვარულის მიუხედავად, ზოგჯერ მისთვისაც რთული იყო, მეუღლისთვის გაეგო, რადგან ძალიან ხშირად უკანასკნელ კაპიკსაც დაუფიქრებლად გასცემდა...
მალე სისხლიანი დროება დადგა, 1917 წლის შემდგომ ქვეყანას დიდი განსაცდელი ეწვია... მურავიოვების ბევრმა შეძლებულმა ნაცნობმა კაპიტალი საზღვარგარეთ გაიტანა და უკეთესი დროის მოლოდინში ქვეყანა დატოვა. ვასილისთვის კი მსგავსი არჩევანი არ არსებობდა...
მრავალი წმინდანის წინასწარმეტყველებისამებრ, მორწმუნეთა დევნა დაიწყო. 1920 წელს ქრისტესთვის წამებულთა რიცხვმა 10 000-სს მიაღწია. ვითარება ყოველდღიურად მძიმდებოდა, რაც ვასილის გულს საშინელი მახვილივით სერავდა, თუმცა, მოძღვრის სიტყვაც ახსოვდა და უწყოდა, რომ მისი შემონაზვნების ჟამი ახლოვდებოდა. თუმცა, იმ საშინელ დროს ამაზე ფიქრიც სიცოცხლესთან გამოთხოვებას უდრიდა.
ოქტომბრის გადატრიალებიდან სამი წლის მანძილზე მურავიოვების ოჯახი ძირითადად ქალაქგარეთ ცხოვრობდა. ვასილიმ 1906 წელს შეიძინა ორსართულიანი სახლი სოფელ ტიარლევოში, რომელიც ცარსკოე სელოსა და პავლოვსკს შორის მდებარეობდა. 1920 წლამდე ეს სახლი იქცა ოჯახის ნავსაყუდლად, რადგან დედაქალაქში ცხოვრება ძალზე სახიფათო იყო.
რევოლუციისა და ხელისუფლების ცვლილების გამო მურავიოვებმა სამუშაო დაკარგეს. საერო საზრუნავისაგან თავისუფალ ვასილს დრო მიეცა, წარსული გაეანალიზებინა, წმინდა მამათა შრომებს, სამონასტრო წესებსა და საღვთისმეტყველო წიგნებს ჩაღრმავებოდა და ელოცა.
ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის ერთგული მოწაფე თავდაპირველად სერგის წმინდა სამების ლავრაში აპირებდა ცხოვრებას, რათა გეთსიმანიის სავანეში მოძღვრის განსასვენებელთან ახლოს ეღვაწა. თუმცა, უფალმა სხვაგვარად ინება. მოულოდნელად პეტერბურგისა და გდოვსკის მიტროპოლიტმა ბენიამინმა ვასილი აკურთხა, ალექსანდრე ნეველის სახელობის მონასტერში აღკვეცილიყო ბერად. ამგვარი გადაწყვეტილება ვა-სილისთვის სასიკეთო აღმოჩნდა. ხელისუფლებამ წმინდა სერგის ლავრა დახურა, ასე რომ, ღვთის განგებით, ვასილი პეტერბურგს დარჩა.
1920 წლის 13 სექტემბერს მურავიოვმა ლავრის საეკლესიო კრებას თხოვნით მიმართა, მონასტრის საძმოში მიეღოთ, რაზედაც თანხმობა მიიღო და მორჩილების აღსასრულებლად მნათედ განმწესდა. ოლგა ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის მორჩილად ეკურთხა. მურავიოვებმა მთელი ქონება მონასტრებს შესწირეს, რაც 40 000 ოქროს რუბლს შეადგენდა საიმდროოდ დიდძალ ქონებას.
1920 წლის 29 ოქტომბერს ლავრის კეთილმოწესემ, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (იაროშევიჩი) მორჩილი ვასილი ბერად აღკვეცა და მოძღვრის, ბარნაბა გეთსიმანიელის პატივად ბარნაბა უწოდა.
ამავდროულად პეტროგრადში, ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერში ქრისტინეს სახელით აღიკვეცა ოლგა ივანეს ასული მურავიოვაც.
* * *
მოკლე ხანში ბარნაბა ბერ-დიაკვნად იკურთხა და სასაფლაოს კანტორის ხელმძღვანელად განმწესდა, რაც საიმდროოდ განსაკუთრებულად რთული გახლდათ: - ვინც ზედაპირულად მაინც იცნობს ისტორიის იმ მონაკვეთს, უწყის, თუ რა შიდა დაპირისპირებები ჯიჯგნიდა ქვეყანას - ეგრეთ წოდებული თეთრი გვარდია წითლებს უტევდა, წითლები - თეთრებს... ნიკოლსკის, ტიხვინისა და ლაზარევსკის სასაფლაოებზე გამუდმებით ისმოდა ქვითინი... დღე არ გავიდოდა, ვინმესთვის წესი არ აეგოთ ან პანაშვიდი არ გადაეხადათ...
მიცვალებულთათვის პატივის მიგება, უკანასკნელ გზაზე გაცილება და მგლოვიარე ახლობელთა ნუგეში სწორედ ბერ ბარნაბას უწევდა, რამაც უდიდესი სულიერი გამოცდილება შესძინა.
თავისუფალი დრო იშვიათად ჰქონდა და იმასაც ლავრის ბიბლიოთეკაში ატარებდა, ღამ-ღამობით კი - ლოცვად იდგა.
ეს წმინდა კაცი XX საუკუნის 20-იან წლებში ალექსანდრე ნეველის საძმოს მიერ განხორციელებულ საეკლესიო-საზოგადოებრივ მოძრაობაშიც მონაწილეობდა, რომლის მიზანი მართლმადიდებლობის დაცვა გახლდათ. საძმოს მისი სულიერი თანამებრძოლნი, მღვდელ-მონაზონნი, გური და ლევი (ეგოროვები) თავკაცობდნენ. მამა გური შემდგომ მღვდელმთავრად ეკურთხა.
ლავრას მძიმე დროება დაუდგა. ღვთისმებრძოლები აქტიურად ერეოდნენ მონასტრის საქმეებში და მრავალ ადმინისტრაციულ დაბრკოლებას ქმნიდნენ. მიუხედავად ყოველივესი, სამონასტრო ცხოვრება ლავრაში არათუ ქრებოდა, არნახულ აღმავლობას განიცდიდა. სავანე დედაქალაქის საეკლესიო ცხოვრების ცენტრად იქცა.
1921 წლის 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, მიტროპოლიტმა ბენიამინმა მამა ბარნაბას მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი და მესანთლეობაც დააკისრა, რაშიც ძველი პროფესია და გამოცდილება ძალზე დაეხმარა.
მამა ბარნაბას მსახურებები განსაკუთრებული მადლმოსილებით გამოირჩეოდა და მუდამ დიდძალი ხალხი ესწრებოდა - თვითმხილველთა მოწმობით, წირვის გასრულებისას სახე შინაგანი, ხელთუქმნელი ნათლით უბრწყინავდა...
ადამიანებს გულს უთბობდა მისი სადა და ღრმად სულიერი ნაქადაგარი.
რაღა თქმა უნდა, ერში დაგროვილი მდიდარი გამოცდილება ძალზე შეეწია, - ყოფილი პეტერბურგელი კომერსანტი ბრწყინვალედ იცნობდა საზოგადოების ყოველ ფენას, მათ საწუხარს და სულიერ მოთხოვნილებებს, რის გამოც მალე მის სენაკთან დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი.
მონასტერში ორწლიანი მოღვაწეობის შემდგომ მამა ბარნაბას რჩევისთვის მონასტრის საძმოს უმრავლესობა და ცნობილი საეკლესიო მოღვაწენი: მონასტრის კეთილმოწესე და პეტერბურგის ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იარუშევიჩი), ალექსანდრე ნეველის მონასტრის წინამძღვარი და ლადოგის ეპისკოპოსი ინოკენტი (ტიხონოვი), არქიმანდრიტები - გური და ლევი (ეგოროვები) და სხვანი მიმართავდნენ.
საკუთარ აზრს თავს არავის მოახვევდა, ყველას მოუსმენდა, დაუყვავებდა და სიღრმისეულად, მშვიდად და აუჩქარებლად პასუხობდა. მისი გამჭვირვალე, თბილი თვალები და დიდ სულიერებასთან შერწყმული კეთილ-სახიერება დიდად იზიდავდა ადამიანებს.
ზემოთ აღვნიშნეთ, თუ რა განსაცდელს ეწია ქვეყანა XX საუკუნის 20-იან წლებში... სიტყვას აღარ გავაგრძელებთ და ოდენ იმას დავძენთ, რომ იმხანად უფლის ხსენებაც კი - ხშირად სიკვდილის ტოლფასი იყო...
თუ როგორი იყო მაშინდელ ერისკაცთა და სასულიერო პირთა ყოფა, ძველი ქრონიკებიც ცხადყოფს, - წითელმა ტერორმა, რომელმაც არც უბრალო იცოდა და არც ბრალიანი, საეკლესიო სიწმინდენი - ტაძრებში "უქმად დაყრილ ოქრო ვერცხლად" მოიხსენია, სამღვდელოებას - "ჯოჯოხეთის და ბნელეთის მოციქულნი", დამშეულ მოსახლეობას ლუკმაპურს რომ უმალავდა. არავინ უწყოდა, რა ელოდა მომდევნო დღეს... ქრისტეს სავანეთა მკვიდრთაგან არავის ჰქონდა იმედი, რომ დილით ღვთისმსახურებაზე ან მორჩილების აღსასრულებლად წასული უკან მშვიდობით დაბრუნდებოდა.
მამა ბარნაბას განსაკუთრებულად სტკიოდა თანამოსაგრეთა და უახლოეს მეგობართა დაპატიმრება.
იმ წლებში დაატუსაღეს პეტროგრადის ეპისკოპოსი ბენიამინი, ლადოგის ეპისკოპოსი ინოკენტი, იამბურგის ეპისკოპოსი ალექსი (სიმანსკი), ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იარუშევიჩი), არქიმანდრიტები: ლევი და გური, მღვ-დელმონაზონი მანუილი და სავანის სხვა ძმები.
სავარაუდოდ, ამ ფაქტმა დიდწილად განაპირობა მისი სულიერი ფერისცვალება და საბოლოოდ განეშორა ამსოფლიურ საზრუნავს.
მამა ბარნაბა ძალზე განიცდიდა თანამოძმეთა ხვედრს და სწყუროდა, ქრისტესთვის მათთან ერთად ვნებულიყო. განუზომელი იყო მისი უახლოესი მეგობრისა და მრჩეველის, მეუფე ბენიამინის დახვრეტით გამოწვეული ტკივილი...
სწორედ ამ პერიოდში ინახულა სნეული დედა უკანასკნელად...
ყველა ამ "სიკეთეს" მალე ახალი განსაცდელი - მონასტრის "განახლების" მცდელობა დაერთო. 1922 წლის 17 ივლისს, როგორც კი მამა ბარნაბა იაროსლავიდან სავანეში დაბრუნდა, ლავრაში თვითმარქვია "არქიეპისკოპოსი" - ნიკოლოზ სობოლევი მობრძანდა, რომელმაც წირვა-ლოცვებზე პატრიარქ ტიხონის მოხსენიება აკრძალა. ხელისუფლება აშკარად უწყობდა ხელს ამგვარ სიახლეებს.
ბოლშევიკებმა მალე მონასტრის შენობების ნაწილი დაიკავეს და ლავრის მმართველობის ხელში ჩაგდებას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მონასტრის სასულიერო კრების უფლებათა შეზღუდვას შეეცადნენ.
სავანის იმჟამინდელი წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოდასაფმა, იხილა რა, რომ მონასტრის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, მთელი ძალისხმევა ლავრის აოხრებისაგან დაცვისა და ძმობის შენარჩუნებისკენ მიმართა და კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო: ფორმალურად ცნო განახლებული "ეპარქიული მმართველობა" და წირვა-ლოცვაზე აღარც პატრიარქ ტიხონს იხსენიებდა, რისი წყალობითაც ლავრის მართვა კვლავ დამოუკიდებლად შეეძლო.
თუმცა, სამწუხაროდ, სავანის ძმობაში უთანხმოებამ იჩინა თავი. მონასტრის ავტორიტეტმა, მღველ-მონაზონმა ბარნაბამ (მურავიოვმა), მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა სერგიმ (ბირიუკოვმა) და მღვდელ-მონაზონმა ვარლამმა (საცერდოტსკიმ) ძმები დაარწმუნეს, ლავრის წინამძღვართ დამორჩილებოდნენ, განხეთქილების მონაწილეებს ევქარისტიულად არ დაკავშირებოდნენ და ოდენ გარეგნულ კომპრომისს დაყაბულებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საძმო რეპრესიებს ვერ გადაურჩებოდა, მონასტერი კი - გაძარცვას, შებილწვას და, საბოლოოდ, დაქცევას.
მალე გაცხადდა, რომ წინამძღვარმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - 1923 წლის ივნისში, უწმინდესი ტიხონის გათავისუფლების შემდეგ მონასტერი კვლავ პატრიარქს დაემორჩილა. არქიმანდრიტ იოდასაფის ხელმძღვანელობით და მამა ბარნაბასა და სხვა თანამოძმეთა ძალისხმევით სავანე გადარჩა, მონასტრის ძმობას კი ამ განსაცდელმა სიმტკიცე და მხნეობა მიანიჭა.
ამ რთულმა დროებამ განსაკუთრებულად წარმოაჩინა ბერი ბარნაბას შინაგანი ვინაობა, სიმტკიცე და სრული მორჩილება.
იგი თავისი ცხოვრებით ქადაგებდა და სხვებსაც აღანთებდა სამოღვაწეოდ. ძველი ცოდნა და გამოცდილება დიდად შეეწია სამონასტრო საქმეთა წარმოებაში, ამიტომ, გასაკვირი როდია, რომ მოკლე ხანში ხაზინადრად აკურთხეს.
მამა ბარნაბას სულს განმარტოება სწყუროდა, მაგრამ თავისი მისიის აღსასრულებლად ხშირად უხდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა.
სიმშვიდით და სიწმინდით აღვსილი მისი არსება ყოველივეს მორჩილად დაითმენდა, ყოველ საქმეს ჩვეული გულმოდგინებით, აკურატულად აღასრულებდა და მუშაობა ხშირად შუაღამემდე უწევდა.
ოდენ ღმერთმა უწყის, როგორ ახერხებდა მორჩილების აღსრულებასაც, ლავრის საქმეთა წარმოებასაც, მის სენაკთან შეკრებილ ადამიანთა ნუგეშსაც და განუწყვეტელ ლოცვასაც...
მამა სერაფიმე ხშირად ამბობდა ხოლმე: დაკარგე - ნუ ინაღვლებ; იპოვე რაიმე - ძალზე ნუ გაიხარებ. ჯერ კიდევ ერისკაცთან ბევრი მოდიოდა რჩევის საკითხავად, ლოცვისთვის, ღვთისაგან დაფარულმცოდნეობის მადლიც მაშინ მიენიჭა. ერთხელ ერთ-ერთ ქალბატონს უთხრა: მალე რევოლუცია მოხდება, ფაბრიკა-ქარხნებს მეპატრონეებს ჩამოართმევენ. სჯობს მაშინ შენმა ქმარმა თვითონვე ჩააბაროს ქარხანა და ნებისმიერ სამუშაოზე მუშაობის უფლება ითხოვოსო. ასრულდა ყოველივე და ქარხნის ყოფილმა მეპატრონემ ამით თავი გადაირჩინა.
იმ სულიერი ორთაბრძოლის კვალი, რომელიც მამა სერაფიმეს დაცემულ ანგელოზებთან ჰქონდა, მის იმ-დროინდელ ფოტოსურათებს ეტყობა - მკაცრი გამომეტყველება, მადლი ღვთიური, რომლის წინაშე ეშმაკნი თრთოდნენ. აღსანიშნავია, რომ მამა სერაფიმესთან ერთად სენაკში ცხოვრობდა მამა გური (კომისაროვი), ერისკაცობაში მასავით მილიონერი. სოფლის მომძულებელ ღირს მამებს მხოლოდ ერთი სურვილი, ერთი საწუხარი ჰქონდათ - მცირედი ცოდვითაც კი არ განერისხებინათ უფალი. მათი უაღრესი თავმდაბლობა მორჩილებსაც კი განაცვიფრებდა. იმ საშინელ დროს მამა სერაფიმე მშვიდი რჩებოდა, ღვთის ნებას მინდობილი ხალხს ანუგეშებდა, ცრემლს მოსწმენდდა. ერთხელ მასთან ხუტინის მთავარეპისკოპოსი ალექსი (შემდგომში ალექსი I) მივიდა რჩევისთვის, - საზღვარგარეთ გაპარვაში ჰპირდებოდნენ დახმარებას. რუსეთს ვის უტოვებთ?! - ჰკითხა წმინდა სერაფიმემ, - მეუფეო, ნურაფრის გეშინიათ. თქვენ რუსეთს სჭირდებით. თქვენ პატრიარქი იქნებით მთელი რუსეთისა და მას მართავთ 25 წელი. უწმინდესი პატრიარქის ტიხონის შემდეგ დიდხანს არ გვეყოლება პატრიარქი.
მიტროპოლიტი სერგი მხოლოდ ერთ წელიწადს იქნება რუსთა მწყემსმთავარი, მას შემდეგ თქვენ იქნებით ჩვენი პატრიარქი. საშინელი ომი დაიწყება, რომელიც რუსეთს ღმერთთან მიიყვანს. ახლა ტაძრებს ხურავენ, მაგრამ დრო მოვა, თავადვე გახსნიანო.
მამა სერაფიმეს ღვაწლი დაფარული იყო კაცთაგან, მაგრამ მისგან მომდინარე მადლის წყარო მთელი რუსეთიდან იზიდავდა მორწმუნეებს. საწყობივით ვარ, სადაც ხალხი თავის მწუხარებებს აგროვებსო, - ამბობდა. ერთ ღამეს მონასტრის ძმობა დააპატიმრეს და უმეტესი ნაწილი სოლოვკიზე გადაასახლეს. მრავალი მათგანი მოწამებრივად აღესრულა. დააპატიმრეს მამა სერაფიმეც. სასტიკად სცემეს, რამდენიმე ნეკნიც ჩაუმტვრიეს.
1933 წელს გაათავისუფლეს, რადგან ექიმებმა დაადგინეს - ეს დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებსო. ხელი-სუფლებამ ნება მისცა, ვირიცაში დასახლებულიყო. ეს პატარა ქალაქი პეტროგრადთან ახლოს მდებარეობს. სწორედ იქ, სულიერი შვილის ორსართულიან პატარა სახლში, გაატარა დარჩენილი სიცოცხლე ღირსმა მამამ.
გარშემო სულიერი შვილები შემოიკრიბა. ყველას აფრთხილებდა, - ომი და შიმშილი იქნება, ამიტომაც ვირიცაში დასახლდითო. მრავალი ადამიანი მოდიოდა მამა სერაფიმესთან სულიერი ნუგეშისთვის, ბევრი მათგანი ღირსი მამის ლოცვით ფიზიკურადაც იკურნებოდა.
ერთმა ქალმა თავისი ქალიშვილი მოუყვანა ღირს მამას. ბავშვს მარცხენა ხელი გამხმარი ჰქონდა. შეეწყალა პატარა წმინდა სერაფიმეს, მოეფერა, ხელი მოუთათუნა მტკივან მხარზე და ამ დროს გოგონამ იგრძნო, თუ როგორ დაიწყო გამხმარ ხელში სისხლმა მოძრაობა. შემდგომში ეს გოგონა მისი უერთგულესი შვილი გახდა.
ვირიცაში მამა სერაფიმესთან ერთად ცხოვრობდა მისი ყოფილი მეუღლეც, რომელიც მამა სერაფიმეს ბერად აღკვეცის შემდეგ ქრისტინეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა, შემდგომში, დიდი სქემის შემოსვისას, დედა სერაფიმა უწოდეს, დედათა მონასტრის დახურვის შემდეგ კი მამა სერაფიმემ შეიფარა.
არაფერი იყო დაფარული წმინდა მამის წინაშე. მის მორჩილს, დედა სერაფიმას "სიკვდილის ანგელოზადაც" იხსენიებდნენ ხოლმე, რადგან ხშირად გზავნიდა ხოლმე მორწმუნეთა გასაფრთხილებლად: - ამქვეყნიდან მალე გახვალ და იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ემზადეო!
მრავალი სულიერი შვილი წერდა მას წერილს ციხეებიდან, გადასახლებიდან, ღირსი მამაც წერილითვე ნუგეშს სცემდა.
ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია ერთი იმდროინდელი წერილთაგანი სათაურით "ეს ჩემგან იყო", რომლითაც წმინდა სერაფიმემ არათუ თავის სულიერ შვილებს, არამედ მომავალ თაობებსაც დაუტოვა ჰიმნი ადამიანისადმი ღვთის უდიდეს სიყვარულზე.
პატარა ქალაქში ხალხის მისვლა-მოსვლა არ გამოპარვიათ და წმინდა მამას მილიციაც აკითხავდა. ერთხელ, დაპატიმრება მოუნდომეს, მათ მამა სერაფიმეს შვილიშვილი, მარგარიტა, გადაუდგა წინ - მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ წაიყვანთ პაპაჩემს. ის ძალზე ავადაა და მგზავრობას ვერ გაუძლებსო. სუკის ექიმებმაც დაადასტურეს გოგონას ნათქვამი.
ამასობაში II მსოფლიო ომიც დაიწყო. პარასკევს აუცილებლად მოდი ჩემთან, თორემ კვირას ომი დაიწყება და კარგა ხანს ვეღარ ვნახავთ ერთმანეთსო, - უთხრა ერთ სულიერ შვილს.
ომი მართლაც დაიწყო... წმინდა მამა ვირიცელებს ამშვიდებდა, - ფეხი არ მოიცვალოთ, აქაურობას ხელს ვერავინ ახლებსო!
1941 წლის სექტემბერში გერმანელები შევიდნენ ვირიცაში, ბოლშევიკების მიერ დახურული ეკლესიები გახსნეს. მამა სერაფიმემ მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად დიდი ღვაწლი იტვირთა: სამშობლოსთვის და წმინდა ეკლესიისათვის ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და უფალს ავედრებდა, რითიც ღირს სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს მიემსგავსა.
1942 წელს დედა სერაფიმას ესიზმრა, რომ მამა სერაფიმე, ჩექმებსა და თეთრ ხალათში გამოწყობილი, შეიარაღებულ გერმანელებს მიერეკებოდა. ისინი გარბოდნენ თოვლიან მინდორზე და ცდილობდნენ, გაქცეოდნენ ღირსი მამის რისხვას.
დილით კი მამა სერაფიმემ უთხრა: - ხომ ნახე?! წადი ახლა და ჩექმები და ხალათი გამიშრეო. მართლაც, მთელი ღამე იდგა ბაღში ქვაზე და ლოცულობდა. ხალათი კი შესანიღბავად სჭირდებოდა, მეზობლებს რომ არ დაენახათ.
ერთმა ღმერთმა იცის, რამდენი დაითმინა მაშინ წმინდა სერაფიმემ. სალოცავ ქვამდე ხელით მიჰყავდათ, შვილიშვილი იქვე, ვაშლის ხეზე დაამაგრებდა ხატს, პაპა კი მოიდრეკდა მუხლს. არადა ყველაფერი სტკიოდა, სხეული დასჭკნობოდა და ცვილისფერი დასდებოდა. მაგრამ ამ ლოცვით და მარხვით, ამ ღვაწლით სამშობლო გადაარჩინა.
1945 წელს მამა სერაფიმეს მორჩილი, მისი მეუღლეყოფილი დედა სერაფიმა გარდაიცვალა და ვირიცის ტაძრის ახლოს დაკრძალეს.
ომის დასრულების შემდეგ მრავალი ადამიანი სთხოვდა წმინდა სერაფიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ნათესავების ადგილსამყოფლის მინიშნებას, ბევრსაც თავშესაფარი არ ჰქონდა და ვერც შოულობდა.
მამა სერაფიმეს ლოცვის შემდეგ ბინაც გამოჩნდებოდა ხოლმე მათთვის და არსობის პურიც. ყრუ, ბრმა, ხეიბარი, ლოთი... ყოველი სნეული იკურნებოდა მისი ლოცვით. აღსანიშნავია წმინდა სერაფიმეს დარიგებები და წინასწარმეტყველებანიც.
მამა სერაფიმე ბრძანებდა: - დრო მოვა, როცა ერთ მორწმუნეს ორმოცი კაცი ჩამოეკიდება, რათა ამოათრიონ თხრილიდან... უფალი ათასი წელიც დაელოდება, რომ ერთი კაცი მაინც ცხონდესო.
ღირსმა მამამ რუსეთში რწმენის აღორძინებაც იწინასწარმეტყველა: ძველი მონასტრები განახლდება, ლენინგრადს ისევ სანქტ-პეტერბურგს დაარქმევენ, დადგება დრო, რადიოთი ლოცვებს, ქადაგებებს და სულიერ დარიგებებს მოისმენთო.
ერთხელ ერთმა სულიერმა შვილმა რუსეთის მომავალზე ჰკითხა. წმინდა სერაფიმემ ის სარკმელში გაახედა - ფინეთის ყურეში სხვადასხვა ქვეყნის გემები იდგნენ.
- ეს როგორ გავიგოთ? - ჰკითხა მოძღვარს.
მან კი უპასუხა:
- დრო მოვა და რუსეთი სულიერად აღორძინდება, მრავალი ტაძარი და მონასტერი გაიხსნება, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება, - დიდი, დიდი, თხუთმეტი წელი, შემდეგ კი ანტიქრისტე გამეფდება. აღმოსავლეთი მოიკრებს ძალას, ყველაფერი შეიცვლება... რიცხობრივადაც ჩვენზე მეტნი არიან, თან, მათთან ფხიზელი, შრომისმოყვარე ხალხი მუშაობს, ჩვენთან კი მხოლოდ ლოთობენ. აღმოსავლეთი რუსეთში მოინათლება, მთელი ზეციური სამყარო ლოცულობს აღმოსავლეთის მოსაქცევადო.
- დრო მოვა, რუსეთს ნაწილებად დაშლიან, თავიდან - გაიყოფენ, შემდეგ - გაძარცვავენ. დასავლეთი ყველანაირად შეუწყობს ხელს რუსეთის დაშლას. შორეული აღმოსავლეთი ხელთ იაპონელებს ჩაუვარდებათ, ციმბირი - ჩინელებს, რომლებიც რუსეთში გადმოსახლდებიან, აქაურებზე იქორწინებენ და საბოლოოდ, მზაკვრობით დაიპყრობენ ციმბირიდან ურალამდე ტერიტორიას. როცა ჩინეთი წინსვლას მოინდომებს, დასავლეთი შეეწინააღმდეგება და ნებას არ მისცემს. მრავალი ქვეყანა დაგვიპირისპირდება, მაგრამ ქვეყანა გაუძლებს, თუმცა, ტერიტორიის უმეტეს ნაწილს დაკარგავს.
ეს ის ომია, რომელზეც მოგვითხრობს წმინდა წერილი და წინასწარმეტყველნი ღაღადებენ. ეს იქნება მიზეზი კაცობრიობის გაერთიანებისა. ხალხი მიხვდება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და საერთო მთავრობას აირჩევენ, - სწორედ ეს იქნება ანტიქრისტეს მოსვლისწინა ნიშანი. შემდეგ კი ქრისტიანების დევნა დაიწყება.
როცა რუსეთის სიღრმეში ქალაქებიდან ეშელონებით წავლენ, იჩქარეთ, პირველ მატარებელში მოხვდეთ, რადგან ვინც დარჩება, ბევრი მათგანი დაიღუპება. იმეფებს ბოროტება და სიცრუე. ეს იმდენად მძიმე, ცუდი და საშინელია, ღმერთმა ნუ ქნას, იმ დროს შევესწროთო.
ერთხელ უთხრეს: - რა კარგია, მამაო, ეს ომი რომ დამთავრდაო. მან კი უპასუხა:
- მაგრამ ეს ყველაფერი როდია, არნახული საშინელება დატრიალდება და ომს კვლავაც იხილავთ... თუ რუსი ხალხი არ მოინანიებს, ძმა ძმას კვლავ აღუდგება წინ. დადგება დრო, არა დევნა, არამედ ფული და სოფლის საცდურნი განაშორებენ ადამიანებს ღვთისგან. და დაიღუპება უფრო მეტი, ვიდრე ღმერთმებძოლობისას. ერთი მხრივ, აღმართავენ ჯვრებს, გუმბათებს მოაოქროვებენ, მეორე მხრივ კი სიცრუე და ბოროტება იზეიმებს. ჭეშმარიტი ეკლესია დევნული იქნება, გადარჩებიან მხოლოდ განსაცდელებით და ავადმყოფობებით. დევნა კი ყველაზე დახვეწილ და უცნაურ ფორმებს შეიძენსო!
მამა სერაფიმეს ძალზე უყვარდა ახალგაზრდობა. იმ დროს ისინი იშვიათად დადიოდნენ ტაძარში. როგორ ხარობდა ხოლმე, როცა ახალგაზრდები მასთან მიდიოდნენ. მამა სერაფიმე ამბობდა ახალგაზრდების დიდ როლზეც ეკლესიის მომავალ აღორძინებაში. ის ამბობდა: "დადგება დრო, ახალგაზრდების ზნეობა დაეცემა და გაიხრწნება უკანასკნელ დონემდე. თითქმის არავინ დარჩება გაუხრწნელი. ისინი ჩათვლიან, რომ თავიანთ ვნება-სურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერი ნებადართულია, რადგან თავს იგრძნობენ დაუსჯელად. შექმნიან ბანდებს, ჯგუფებს, დაიწყებენ ქურდობას, უკეთურობის ქმნას. მაგრამ მოვა დრო, როცა ღვთის ხმას გაიგონებენ, მიხვდებიან, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და რწმენისკენ სხვადასხვა გზით წავლენ. ასწევენ მოსაგრეობის უღელს. ისინი, ვინც იყვნენ ცოდვილები, ლოთები, აღავსებენ ტაძრებს. სულიერი ცხოვრების დიდ წყურვილს იგრძნობენ, ბევრი მათგანი მონასტერში წავა. ის, ვინც დღეს სცოდავს, მწარედ შეინანებს. როგორც სანთელი, ვიდრე ჩაქრება, მკვეთრად აენთება და გარემოს ბოლო ნათელს მიაფენს, ასე იქნება ეკლესიის ცხოვრება. ეს დრო ახლოსაა".
დადგა 1949 წელი. მამა სერაფიმე მძიმედ გახდა ავად, მთელი სამწყსო მისი განკურნებისთვის ლოცულობდა. მამა სერაფიმე მათ ამშვიდებდა: "ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი არ მომისმენს? ხელნი რომ აღვაპყრო მის მიმართ, უფალი მაშინვე განმკურნავს. მაგრამ არა როგორც მე მსურს - იყოს, მამაო, ნება შენი და არა ჩემი, ამიერიდან და უკუნისამდე. დაე ყველა ავადმყოფობა მეწვიოს, დაე იყოს ნება შენი!"
მამა სერაფიმე ძალზე დაუძლურდა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა. თორმეტი დღე და ღამე გამუდმებით ეძინა. როცა გაიღვიძა, თავის მორჩილს უთხრა: - მრავალი ქვეყანა მოვიარე, მაგრამ ჩვენს სამშობლოზე და რწმენაზე უკეთესი ვერ ვნახე. უთხარი ყველას, რომ არავინ უღალატოს მართლმადიდებლობასო. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოიხილა. მამა ალექსი ყოველ ღამე აზიარებდა მოძღვარს, მაგრამ ერთ დღეს ჩაეძინა და მისვლა დააგვიანდა. მოძღვარმა უთხრა: - ნუ შეწუხდები, შვილო, მე უკვე ანგელოზებმა მაზიარესო.
გარდაცვალების წინ ითხოვა, ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზისა და სერაფიმე საროველის დაუჯდომლები ეკითხათ.
როგორც ამბობენ, მისი განსვლის შემდეგ სამი დღის მანძილზე ვირიცაში კეთილსურნელება იგრძნობოდა.
წმინდა სერაფიმე ვირიცელი 1949 წლის 3 აპრილს მიიცვალა და ვირიცაში, მეუღლის სქემ-მონაზონ სერაფიმასა და სულიერ შვილთა გვერდით განისვენებს.
სასწაულები
სერაფიმე ვირიცელის, როგორც მოძღვრის, სასწაულმოქმედისა და მკურნალის შესახებ უამრავი მასალა არსებობს, თუმცა, აქ მხოლოდ მცირეოდენს შემოგთავაზებთ:
როდესაც ვინმე ავად შეიქნებოდა ხოლმე, ბერი ურჩევდა ყოველ საათში ერთხელ სუფრის კოვზით ნაკურთხი წყალი მიეღოთ, რადგან მიიჩნევდა, რომ ნაკურთხ წყალსა და ზეთზე ძლიერი წამალი არ არსებობდა.
იტყოდა ხოლმე: - "იმიტომ ვავადდებით, ტრაპეზის წინ რომ არ ვლოცულობთ... უწინ ყოველივეს ლოცვით იქმოდნენ, ახლა კი ვინ უწყის, თუ ვინ ამზადებს საკვებს, ან რას ვიხმევთ...
ძალზე ხშირად საზრდელის მზადებისას მკრეხელობენ, იგინებიან და იწყევლებიან... ამიტომ აუცილებელია, ნაკურთხი წყალი ვასხუროთ, რომელიც საკვებს განწმენდს.
რაც საკვებად გვეძლევა, ყველაფერი საღვთო ძღვენია. საზრდელის მეშვეობით მთელი ბუნება და ანგელოზთა სამყარო მსახურებს ადამიანს. ამიტომაცაა აუცილებელი ტრაპეზის წინ ლოცვა. ამაოდ ხომ არ იტყვიან: - ტრაპეზს ანგელოზები უსხედანო.
როდესაც საკვებს ლოცვითა და მადლობით ვიღებთ, ჩვენს ტრაპეზს ჭეშმარიტად ანგელოზები ესწრებიანო!"
* * *
ერთხელ ბერის სახლს ერთი ლოთი მიუახლოვდა, რომელიც მეგობარს მიეყვანა, მაგრამ გაჯიუტებულს ბერთან მიახლება აღარ სურდა.
მაშინ მამა სერაფიმემ სენაკიდან უხმო:
- სერგი, შემოდი!
თუმცა, ლოთი კვლავ ჯიუტობდა.
მაშინ ბერმა გაუმეორა:
- სერგი, შენ, ვინც მეგობართან ერთად მოსულხარ, შემოდი!
განცვიფრებული ლოთი შევიდა, თან ვერ გაეგო, საიდან უნდა შეეტყო ბერს მისი სახელი, ან ის, რომ მეგობარმა მიიყვანა...
ბერმა კი იქ მყოფთ აუწყა:
- ძმანო და დანო! ეს კაცი ყველამ მიატოვა, თავად კი საშინლად დაეცა, მაგრამ უფალს არ მიუტოვებია და ჩემთან მეგობრის მეშვეობით წარმოგზავნა... მის სულში ახლა დიდი ბრძოლაა: - იქ დაბუდებულ ბოროტ სულს სურს, რომ ამ კაცმა მეც და თავის მეგობარსაც ხელი გვკრას და აქედან გაიჭრას...ძნელია ბოროტი სულის შეკავება... ეს ადამიანი აქ თავს ცუდად გრძნობს, რადგან აქ ლოცულობენ და სიწმინდე სუფევს... მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ სად წავა, ან რად იქცევა იგი... მოდით, ერთად ვილოცოთ და უფალს და ღვთისმშობელს შევთხოვოთ მისთვის შემწეობა...
მართლაც, ყველა მუხლებზე დაეცა და ილოცა, ზოგი ტიროდა კიდეც...
უეცრად ლოთი მიწას განერთხო და აქვითინდა, დიდხანს იწვა და ცრემლს ღვრიდა...
* * *
აი, რას იგონებს მამა სერაფიმეს სულიერი შვილი:
"ერთხელ მის სენაკში ჩაის დალევას ვაპირებთ... უეცრად ბერმა თქვა:
- შეხედეთ, ეშმაკები როგორ გარბი-გამორბიანო!
- აბა, სად, მამაო, ვერაფერს ვხედავ!
- აი, აქვე, გვერდით ოთახში!
შემდეგ ილოცა, უცებ ტყაპანი გაისმა... ბერმა ჭიქას ხელი დააფარა და გავიგონე, როგორ წრიპინებდა და ფართხალებდა წყალში რაღაც...
ასე გამოამწყვდია ეშმაკი ჭიქაში, თუმცა, იქაურობა ისე აყროლდა, გაძლება აღარ შეიძლებოდა... წყალი უარესად აქოთდა და ნიჟარის ნაცვლად ნაგავსაყრელზე გადავაქციეთ...
რითი აღარ ვხეხე ჭიქა, სიმყრალე ვერაფრით გავაცალე, მერე მამა სერაფიმეს რჩევით, იორდანეს წყალი გამოვავლე და, როგორც იქნა, გავწმინდეთ...
* * *
მონაზონ ვერონიკას (კოტლიარევსკაია) მოგონებიდან:
"უფალმა ღირსმყო, ალექსანდრე ნეველის მონასტერში მოღვაწეობის ჟამს მამა სერაფიმესთან კელიის თანაშემწედ მემსახურა.
ბერი უამრავ სტუმარს ღებულობდა. ზოგჯერ დაღლილობისგან ეცემოდა კიდეც, ამიტომ მის კელიასთან გვიან მისულ ხალხს ვთხოვდი, შეხვედრა მეორე დღისთვის გადაედო, თუმცა, ამაოდ.
ბერი მუდამ ჭვრეტდა, თუ რა სჭირდებოდა თითოეულს და შეხვედრისთანავე დაარიგებდა და სულიერად შეეწეოდა...
ვინ აღარ აკითხავდა - სნეულნი, განსაცდელსა შინა მყოფნი, შეპყრობილნი... თითქოს, წინასწარ უწყოდა, ვისთვის რა სიტყვა უნდა ეთქვა. რამდენი ადამიანის ტანჯვასა და სატკივარს შევსწრებივარ...
ამ წმინდა კაცის სენაკისკენ განუწყვეტლივ მიედინებოდა ხალხის ნაკადი და მისი გულის კარიც ყოველთვის ღია იყო...
უშვილო ცოლ-ქმარმა ბერს ბავშვთა სახლიდან შვილის აყვანის თაობაზე კურთხევა გამოსთხოვა.
მამა სერაფიმემ აკურთხა. ბიჭუნა ძალიან კარგი და კეთილი ზნის აღმოჩნდა. სამი წლის რომ შესრულდა, მძიმედ დაავადდა. ვერანაირმა ექიმმა და წამალმა ვერ არგო, ბავშვი სიკვდილის პირას იყო. მამობილმა ცნობილი ბავშვთა ექიმი მოიწვია.
მან ბავშვი გასინჯა და მშობლებს უთხრა, რომ ბიჭუნა იმ ღამით გარდაიცვლებოდა და მეორე დილით შემოივლიდა გარდაცვალების მოწმობის დასაწერად.
წასვლისას ექიმმა ხატებს გადახედა და დასძინა: "აქ მეცნიერება უძლურია, მხოლოდ წმინდანები თუ დაეხმარებიან". პატარა ავადმყოფმა დაიწყო ბოდვა, სახე დაუგრძელდა, ტუჩები ჩაულურჯდა, პირიდან ქაფი სდიოდა, ფრჩხილებიც გაულურჯდა, მძიმედ სუნთქავდა.
დედამ ვეღარ გაუძლო ბავშვის წამებას და მამა სერაფიმესთან გაიქცა მონასტერში. ბერმა ურჩია, შინ დაბრუნებისას შევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ნიკოლოზს და ღირს სერაფიმე საროველს. დედამ ბავშვის საწოლთან დაიჩოქა, თავი საბანში ჩარგო და ლოცვა დაიწყო.
ღამით უნებლიეთ ჩაეძინა. დილით, როცა გაეღვიძა, საწოლისკენ გახედვის ეშინოდა - შვილი მკვდარი დამხვდებაო. ოთახში მეუღლე შემოვიდა. ცოლ-ქმარმა ბავშვს საბანი გადახადა და... რა ნახა! პატარას მშვიდად ეძინა, ლოყები ოდნავ შესწითლებოდა. სუნთქავდა წყნარად, ზომიერად. სიხარულისგან გაოგნებული მშობლები თვალებს არ უჯერებდნენ. დაუძახეს მეზობლად მცხოვრებ ექიმს. მან მძინარე ბავშვს რომ დახედა, გაბრაზებულმა თქვა:
- რისთვის შემაწუხეთ? ჯანმრთელ ბავშვთან გამომიძახეთ? ის სრულიადაც არაა ავად.
მალე ექიმიც მოვიდა.
- სად არის მიცვალებული?
მაგრამ როდესაც საწოლზე წამომჯდარი ბიჭუნა იხილა, გაოცებულმა აღმოთქვა:
- არაფერი მესმის, აშკარად სასწაული მოხდა! - და მხრები აიჩეჩა...
"ნიკოლოზი დაარქვით"
ეს ამბავი კი ვერა ბარიშევამ მოგვითხრო:
- ჩემი მეგობარი ეკატერინე ჯერ კიდევ ლავრიდან იცნობდა მამა სერაფიმეს. ის მეუღლესთან ერთად ლიგოვოში ცხოვრობდა. ოქტომბრის რევოლუციამდე ბეწვის ქუდების მცირე სამკერვალო და მაღაზია ჰქონდათ. სამი შვილი ჰყავდათ.
წითელი ხელისუფლების ხელში ძალიან გაუჭირდათ თავის რჩენა. ნეპის დროს ოჯახმა კვლავ განაახლა წარმოება, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ეკატერინეს მეუღლე დააპატიმრეს. ქალი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მეოთხე შვილს ელოდებოდა.
ახლობლები ნაყოფის მოცილებას ურჩევდნენ. ეკატერინემ რჩევისა და ლოცვისათვის მამა სერაფიმეს მიმართა. ბერმა ძალიან თბილად მიიღო, აკურთხა და ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ კი უთხრა:
- მოდი, ვილოცოთ: თქვენ აქ, მე კი - საკურთხეველში.
ცოტა ხნის შემდეგ ბერი ქალს მიუახლოვდა და აუწყა:
- ყველაფერი ღვთის ნებას მივანდოთ. მეუღლეს გაამართლებენ და ორმოცი დღის შემდეგ დაბრუნდება. შენ კი ისეთი ბიჭი შეგეძინება, ყველას ეყვარება. ნიკოლოზი დაარქვით უფლის წმინდანის პატივსაცემად. ლოცვა არ მიატოვო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წმინდა ნიკოლოზს სთხოვე დახმარება. ღმერთი შეგეწევა!
ცოტაოდენი პაუზის შემდეგ კი ჩუმად დასძინა:
- იცით, რა ძნელია, როცა ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი ტუბერკულოზით გარდაიცვლება?!
ლოგოვოში დაბრუნებულმა ეკატერინემ ახლობლებს მამა სერაფიმესთან შეხვედრის შესახებ უამბო. მათ ეჭვის თვალით შეხედეს ქალს, ქარაფშუტა უწოდეს და დასძინეს:
- განა შეიძლება, ვიღაც ბერს დაუჯერო?!
ეკატერინეს ხმა არ ამოუღია. ღვთისმშობლის დაუჯდომელი აიღო და ბავშვებთან ერთად ყოველდღიურ ლოცვას შეუდგა. დაუსრულებლად ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზსაც და გულმოდგინედ ასრულებდა ბერის დარიგებას.
ათი დღის შემდეგ მეუღლისგან ცნობა მიიღო, - ერთ თვეში გამათავისუფლებენო. ოჯახი ლოცვას განაგრძობდა, ელოდა მამასა და მეუღლეს.
და აი, ასრულდა მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველება, - ეკატერინეს მეუღლე გაათავისუფლეს. ისიც უთუოდ აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების შესახებ ცნობა ქალს მამა სერაფიმესთან სტუმრობიდან ზუსტად მეორმოცე დღეს გადასცეს...
მალე ოჯახში მეოთხე შვილი - ნიკოლოზიც დაიბადა.
ეკატერინეს უფროსი ქალიშვილი, ნინა, ძალიან ნიჭიერი გოგონა გახლდათ. არაჩვეულებრივად ხატავდა, ფორტეპიანოზე უკრავდა, სწავლობდა... ნინა ძალიან უშუალო და ცოცხალი ბავშვი იყო.
ერთხელ, ციგურებით სრიალისას ძალიან დასცხა, თბილი სამოსი გაიხადა და გაცივდა... ფილტვის ანთება დაემართა, დაავადება ძალიან გართულდა და საბოლოოდ ტუბერკულოზი ჩამოუყალიბდა. მკურნალობამ დადებითი შედეგი ვერ გამოიღო. ექიმებმა ავადმყოფის ყირიმში წაყვანა ურჩიეს, მაგრამ მამა სერაფიმემ ამაზე კურთხევა არ გასცა. მშობლები არ დაემორჩილნენ მოძღვარს და მაინც იშოვეს სანატორიუმის საგზური. ნინა გზაში გარდაიცვალა...
"ეცადე, აღსარება ხშირად თქვა..."
(ელენე ნიკოლოზის ასული სერგიევსკაია)
- ოც წელზე დიდხანს, სიცოცხლის ბოლომდე, მამა სერაფიმე ჩემი მოძღვარი გახლდათ. აღსარების სათქმელად მასთან ბავშვობაში, დედასთან ერთად ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში დავდიოდი.
ერთხელ დედა დაეკითხა:
- მამაო, არ მომწონს, ლოცვებში დღევანდელ ხელისუფლებას რომ ვიხსენიებთ!
- რა გქვია? - მოულოდნელად ჰკითხა ბერმა, თუმცა, დედაჩემის სახელი უწყოდა.
- ელენე, - გაუბედავად წარმოთქვა დედამ.
- ჰოდა, შენც მოციქულთასწორ ელენე დედოფლისგან ისწავლე სიბრძნე. არ მოგწონს, მაგრამ ასეა საჭირო, - უპასუხა ბერმა.
ბერი ხშირად თავადვე შეახსენებდა ხოლმე მავანთ მივიწყებულ ცოდვებს. ერთხელ დედაჩემმა აღსარებაზე ბავშვობიდან ჩადენილი ყველა ცოდვა გაუმხილა, მამა სერაფიმემ კი უეცრად შეხედა და უთხრა: - გახსოვს, ბავშვობაში მეგობრის საყვარელი სავარცხელი ჯიბრით რომ გატეხე? დედა შეძრწუნდა, ბერმა კი თბილად გაუღიმა და მიუგო:
- ვუწყი, რომ შეგნებულად არ დაგიფარავს, მაგრამ ეცადე, შეძლებისდაგვარად ხშირად თქვა აღსარებაო!
ვირიცაში დამკვიდრების შემდგომ ხშირად ვაკითხავდით ბერს. შეუძლებელია მისი ანგელოზებრივი თვალების და იერის, სითბოს, კეთილი სიტყვის, რბილი, ხავერდოვანი ხმის და მანათობელი ღიმილის აღწერა. უსაზღვრო სიყვარული იცოდა, - მთელი სამყარო უყვარდა... მადლი, ასე უხვად რომ მიეღო ზეგარდამო, გარშემო ყოველივეს მსჭვალავდა და ხშირად უჩვეულო კეთილსურნელებადაც იფრქვეოდა... მისი ლოცვით აღსრულებული უამრავი სასწაულის მოწმე გახლავართ...
ერთ დღეს მის სენაკში ახალდაბრმავებული გოგონა მიიყვანეს... მამა სერაფიმე ლოცვად დადგა, რის შემდეგაც სნეულს უმალ თვალნი აღეხილა...
როდესაც გაოცებულმა და სიხარულით მტირალმა გოგონამ თანმხლებითურთ მადლობის თქმა დააპირა, ბერმა შეაჩერა:
- ეს კურნება ღირსი სერაფიმე საროველის შეწევნით აღსრულდა და მე კი არა, მას უნდა უმადლოდეთო!
ღმერთმა მრავალი ნიჭით დააჯილდოვა ვირიცელი მოღვაწე, მე კი ღირსი გამხადა საკუთარ თავზე არაერთხელ გამომეცადა მისი ძალა. ბერი შორ მანძილზე მომხდარ მოვლენათა ჭვრეტის უჩვეულო უნარს ფლობდა.
ერთხელ, როდესაც მის სენაკს ვუახლოვდებოდი, უთქვამს: - კარი გააღეთ, ჩემთან მოდიანო. მოგვიანებით კი დამიდასტურა, რომ ჩემი მიახლოება განჭვრიტა.
მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველებისამებრ, დაკრძალვის დღეს მისი კუბოს წინ ღირსი სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილებიან ხატს მიაბრძანებდნენ. ვირიცელი ბერი ჩემთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება. მან მარადისობაში გადაინაცვლა და გვწამდა, რომ ამიერიდან ჩვენი დიდი მეოხი შეიქნებოდა ღვთის წინაშე...
"შენ პროფესორი გახდები!"
მიხეილ სერგის ძე ფავორსკი მამა სერაფიმეს მართლაც ღვთის ნებით შეხვდა. აი, მისი მონათხრობიც:
1927 წელს დავიბადე. მამა სერაფიმეს ადრეული ბავშვობიდან ვიცნობ. მასთან, უმეტესწილად, დედასთან ერთად დავდიოდი... დედას ძალიან უყვარდა იგი და ლოცვა-კურთხევისა და რჩევისათვის ხშირად აკითხავდა...
იმ სულიერი მდგომარეობის სიტყვით აღწერა ძალზე რთულია, ბერის სენაკის ზღურბლის გადაბიჯების შემდგომ რომ მეუფლებოდა, - რაღაცნაირი, სიჩუმე იდგა ხოლმე, ადამიანები იქ ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, საკვირველი მადლი იგრძნობოდა...
მეორე მსოფლიო ომის წლები პეტერბურგში, ქალაქის დამცველებთან ერთად გავატარეთ. იმ საშინელ დროს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, მაგრამ მამა სერაფიმეს ლოცვები გვიფარავდა. ყველაზე მძიმე წუთებში სწორედ მას მივმართავდით, ვიცოდით, რომ ვახ-სოვდით და ყველასთვის ლოცულობდა...
1945 წლის დასაწყისში მთელი ოჯახით მივაკითხეთ მისი ხავერდოვანი და საოცარი ხმის გასაგებად და ლოცვა-კურთხევის მისაღებად...
იმ წელს სამედიცინო ინსტიტუტის მისაღებ გამოცდებზე ჩავიჭერი... ლამის სასო წარმეკვეთა... დედა ამას ძალზე განიცდიდა.
მამა სერაფიმემ გვითხრა: - ნუ ინაღვლებ, ყველაფერი კარგად იქნება. გაისად ჩაირიცხები, პროფესორი იქნები (რაც აღსრულდა კიდეც, - მამამისის მსგავსად, უმაღლესი რანგის ექიმი-ჰომეოპათი გახდა და სანქტ-პეტერბურგის პავლოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგის მოადგილეა).
დაუვიწყარი, საკვირველი გარეგნობა ჰქონდა - მისი გამჭვირვალე და ძალზე ნათელი თვალები არაამქვეყნიური შუქით ბრწყინავდა, შემოგხედავდა და ყველა ტკივილს დაგავიწყებდა, ხოლო როდესაც გაგიღიმებდა და თავის პატიოსან მარჯვენას თავზე შეგახებდა, თითქოს სხეულით მიწას სწყდებოდი...
მომდევნო წელს მართლაც ძალზე იოლად ჩავირიცხე უნივერსიტეტში და ბერის ლოცვათით წყალობით სწავლაც გამიადვილდა...
* * *
ალექსანდრა იაკოვლევას მოგონებიდან:
"მორწმუნე მშობლები მყავდა, ნებისმიერ საქმეს ლოცვითა და კურთხევით აღასრულებდნენ. ოჯახში ექვსი ბავშვი ვიზრდებოდით: - ხუთი და და ერთი ძმა. მამა სერაფიმე ყოველთვის სიხარულით გვიღებდა. 1932 წელს ყოველ კვირას დავდიოდით იზმაილოვის სამების ტაძარში და ცისკრის ლოცვების შემდეგ მამა სერაფიმესთან მივეშურებოდით. მშობლები ადრე გარდამეცვალა: - 1934 წელს მამა, 1935 წელს კი - დედა. მშობლები მამა სერაფიმემ შეგვიცვალა. შინაურულად ბაბუას ვეძახდით. ვიცოდით, რომ იგი იყო ჩვენი საიმედო საყრდენი და ჩვენთვის ილოცებდა. მის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. მასთან შეხვედრას ყოველთვის ზეციური სიხარული მოჰქონდა, საოცრად დამშვიდებული ვბრუნდებოდით ქალაქში. იმ მდგომარეობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ღრმად მწამდა, რომ თუ ბერისგან ლოცვა-კურთხევას მივიღებდი, ღმერთი ყველაფერში ხელს მომიმართავდა.
ერთხელ პნევმონიით დავსნეულდი. ავადმყოფობა გამირთულდა, რის გამოც ქალაქ პუშკინის სასუნთქი ორგანოების სამკურნალო სანატორიუმში გამწერეს, მაგრამ ჩემი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა.
მოკლე ხანში ტუბერკულოზი დამიდგინდა, ფილტვები მეშლებოდა. ხუთვებისაგან გონება მეკარგებოდა... ექიმი დაჟინებით მოითხოვდა ოპერაციას...
დები ხშირად მაკითხავდნენ, გადავწყვიტეთ, როგორც გვჩვეოდა, რჩევა ამჯერადაც ბერისთვის გვეკითხა.
შეხვედრისას გვითხრა:
- ნუ დარდობთ, ყოველივე კარგად იქნება, ოპერაციას კი ნუ გაიკეთებთ, სანატორიუმიდან პირდაპირ ჩემთან მოდით!
ოპერაციაზე უარი ვთქვი იმ მოტივით, თითქოს ახლობლები ნებართვას არ მაძლევდნენ. სანატორიუმიდან გამოწერილს ინვალიდის ცნობა მომცეს. ექიმები არც კი მალავდნენ, რომ ჩემი დღეები დათვლილი იყო.
ბაბუასთან რომ მივედი, მითხრა:
- ფილტვების კარგი სპეციალისტი ვიცი, ექიმი-ჰომეოპათი ოლგა ივანეს ასული სიდოროვა. მასთან იმკურნალებ, მაგრამ ლოცვას ნუ დაუტევებ!
შემდეგ მისამართთან ერთად სარეკომენდაციო ბარათი მომცა და გამომისტუმრა...
ერთ წელიწადს ვმკურნალობდი, რის შემდეგაც სამედიცინო კვლევამ დაამოწმა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი.
ვირიცისკენ ფრთაშესხმული გავემართე... შესვლისთანავე სიხარულით შესძახა:
- ხომ ვამბობდი, კარგი ექიმია-მეთქი! ხომ გითხარი, განიკურნები-მეთქი! ცრემლი მომადგა... მაშინღა მივხვდი, სინამდვილეში ვისი მეოხებით განვიკურნე - მამა სერაფიმეს ლოცვით.
დიდი სიწმინდის დარად ვინახავ მადლმოსილი ბერის მიერ დაწერილ ბარათს".
* * *
აი, რას გვიამბობს მარია პრეობროჟენსკაია, პოტავის ეპისკოპოსის მეუფე თეოფანეს (ბისტროვი) ნათესავი:
ბლოკადისას ჩვენი ქალაქის სახლი დაბომბეს. მართალია, ვირიცაშიც გვქონდა სახლი, მაგრამ არ მწერდნენ. შესაბამისად, არ მქონდა სამუშაოს დაწყებისა და სასურსათო ბარათის მიღების უფლება. მეუღლე ჯერ კიდევ ომამდე გარდამეცვალა. მე და ჩემი ათი წლის გოგონა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
მამა სერაფიმესთან გავეშურე:
- მამაო, აღარ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?!
მიპასუხა:
- დაიჩოქე და მთელი გულით ევედრე ღვთისმშობელს!
ბერის კელიაში, მაგიდაზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გვერდით ყაზანის ღვთისმშობელი ესვენა. მივედი, მუხლებზე დავეცი და ღვთისმშობელს ჩვენი სატკივარი გავანდე. ვგრძნობდი, მამა სერაფიმე ჩემთან ერთად ლოცულობდა. უეცრად ჩემს ცოდვილ სულს საოცარი ნათელი მოეფინა. აქეთ-იქით ჩუმად მიმოვიხედე... მამა სერაფიმემ მითხრა: - ახლა ჩემთან მოდი, გაკურთხებო!
გულში სიხარულმა და იმედმა დაისადგურა, როცა მამამ მაკურთხა და მითხრა: "ახლა ვირიცის მკვიდრი გახდები და ბავშვებთანაც იმუშავებ!"
მეორე დღეს პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამმართველოში წავედი. განცხადების გადაცემისთანავე მითხრეს, - რასაკვირველია, უნდა ჩაგწეროთო.
იოლად ჩავეწერე. სამუშაოც მაშინვე მომცეს, ვირიცის ბავშვთა გამაჯანსაღებელ ბანაკში აღმზრდელად გამამწესეს. ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, თუ რამდენად ხელსაყრელი იყო ეს ჩვენთვის. ასე გამოვცადე მამა სერაფიმეს ლოცვის ძალა საკუთარ თავზე. განა უფალმა სასწაული არ დაუშვა ჩემისთანა უღირსზე?!
მამა სერაფიმეს სახლში მუშაობდა ანა ლოგინოვა. ის ძალიან კეთილშობილი და გულისხმიერი ქალი გახლდათ, მოფერებით ყველა ანუშკას ეძახდა. ზოგჯერ ერთმანეთს გავესაუბრებოდით ხოლმე. ერთხელაც ასეთი საოცარი ამბავი მომითხრო: "სახლში ნავთის ლამფები გვქონდა და ღამით ყოველთვის ვამოწმებდი. ერთხელ შევამჩნიე, ბერის სენაკიდან სინათლე გამოდიოდა, კარი კი ოდნავ შეღებული იყო. სუნთქვაშეკრული, ფეხაკრეფით მივუახლოვდი და შევიხედე... ნანახმა სულის სიღრმემდე შემძრა: - ბერს სახე თვალისმომჭრელად უბრწყინავდა... თვალთ რომ არ დამბნელებოდა, უკან დავიხიე. მამა სერაფიმეში საოცარი ფერისცვალება მომხდარიყო - გაახალგაზრდავებულიყო და არამიწიერი მშვენებით მოსილიყო...
სენაკში შეხედვის შემეშინდა და ოთახში დავბრუნდი. ღია კარიდან კვლავ იფრქვეოდა საოცარი სინათლე.
ბერი ღამეებს ლოცვაში განლევდა... ახლაც თვალწინ მიდგას სრულ სიჩუმეში, ღამეულ ბინდში მზეზე უფრო გაბრწყინებული მისი ანგელოზებრივი სახე. ეს ამბავი მაშინ არავის ვუამბე, ან კი ვის შეეძლო მსგავსი რამ წარმოედგინა?! რატომღაც მომეჩვენა, რომ შენ გამიგებდი.
ეს ამბავი გულში დავიმარხე. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ბერის სახე მაშინ იმგვარადვე ბრწყინავდა, როგორც ღირსი სერაფიმე საროველისა მოტოვილოვთან საუბრის დროს. მაშინ ბერზე სულიწმიდა გადმოვიდა, სრულიად აღავსო ის და გაასხივოსნა. ვფიქრობ, ღვთის ნებით, ჩვენდა განსასწავლად გახმაურდა ყოველივე.
"ვირიცა უცილობლად უნდა დატოვოთ!"
ბერის შორსმჭვრეტელობის წყალობით ომის წლებში მრავალი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ომის დასაწყისში ის ვირიცელებს აკურთხებდა, არ დაეტოვებინათ დაბა. მით უფრო გასაოცარია ლუდმილა ივანეს ასული ტიმოფეევას, ვირიცელი წიგნის მაღაზიის თანამშრომლის, ნაამბობი, რომელიც ბებიასგან ახსოვს:
- ფაშისტების შემოსვლის შემდგომ დედამ და ბებიამ სხვა ვირიცელებთან ერთად მიირბინეს პილნის ქუჩაზე, მამა სერაფიმეს სახლთან. ტრაგიკული ახალი ამბით შეძრწუნებული ხალხი ბერისგან დამშვიდებული და დაწყნარებული ბრუნდებოდა.
მოვიდა ჩემიანების რიგიც. იმ პერიოდში მამა სერაფიმე ხანგრძლივად არავის ესაუბრებოდა. დედას და ბებიას მან მოკლედ უთხრა: "თქვენ აუცილებლად უნდა დატოვოთ ვირიცა". ასეთი იყო კურთხევა.
თავდაპირველად ისინი შეცბნენ და აბუზღუნდნენ. იცოდნენ, რომ დანარჩენებმა სრულიად განსხვავებული კურთხევა მიიღეს. მიუხედავად ამისა, ბერის სიტყვისამებრ მოიქცნენ.
წაიღეს ყველაზე აუცილებელი ნივთები და საკერავი მანქანა. დადიოდნენ ახლომახლო სოფლებში და თავს კერვითა და დღიური სამუშაოთი ირჩენდნენ. ღამის გასათევის და ლუკმაპურის შოვნას დიდი შრომის ფასად ახერხებდნენ. მალე მაწანწალობისთვის ისინი ერთ-ერთი სოფლის მამასახლისმა ხელისუფლებასთან დაასმინა. დედა და ბებია ადგილგადანაცვლებულთა ბანაკში, ესტონეთში გააგზავნეს. იქ მათ უამრავი სიმწარე ნახეს, მაგრამ მამა სერაფიმეს ლოცვის წყალობით ცოცხლები გადარჩნენ.
ესტონეთის გათავისუფლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. სივერსკის ქუჩაზე საკუთარი სახლის ნახვა როცა მოიწადინეს, მხოლოდ ნანგრევები დახვდათ.
აი, მაშინ კი ყველაფერს მიხვდნენ დედა და ბებია. ნანგრევებში მათ სასწაულებრივად გადარჩენილი წმინდა ნიკოლოზის ხატი იპოვეს.
ლუბოვ ნიკოლოზის ასული სპირიდოვა იგონებს:
მამა სერაფიმესთან ჯერ კიდევ ომამდე დავდიოდი. თითქოს დღესასწაული ყოფილიყო, ისე მივიჩქაროდი მასთან. მამასთან საოცრად კარგად და უბრალოდ ვგრძნობდი თავს. მას ღვთისგან დიდი ძალა ჰქონდა მიცემული. როცა გაკურთხებდა, გეგონა, სულით ცას ეწიეო. მისგან დაბრუნებულს ხშირად მიფიქრია: - ნეტავ, სამოთხეში ხომ არ ვიყავი?
ომი რომ დაიწყო, ჩემი ვაჟი, ბორისი, სკოლასთან ერთად ციმბირს გადაიყვანეს. ბლოკადისას ქალაქში ვიმყოფებოდი და ომის წლებში ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში ვმუშაობდი. წერილებს იშვიათად ვი-ღებდი... ერთ-ერთ წერილში ბორისი მატყობინებდა, რომ ფეხი ძლიერ დაუზიანდა და ხშირად სტკიოდა.
ევაკუაციიდან დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლის მანძილზე აწუხებდა. ძვალი ჩირქდებოდა და ტერფის მიდამოში სისხლდენადი, მოუშუშებელი სიმსივნე წარმოიქმნა. ექიმები ამაოდ ცდილობდნენ ბავშვის დახმარებას, საბოლოოდ მკურნალობაზე ხელი აიღეს და გამომიცხადეს, - დაავადება უკურნებელიაო. მხოლოდ ღვთის შეწევნის იმედად ვიყავი...
1945 წლის გაზაფხულზე მე და ჩემი და ვირიცაში გა¬ვემგზავრეთ. ღმერთი დაგვეხმარა, სწრაფად გვეპოვა მამა სერაფიმეს ახალი საცხოვრებელი სახლი. მამამ, როგორც ადრე იცოდა ხოლმე, სიხარულით მიგვიღო და მაშინვე გვითხრა:
- ყველაფერი კარგად იქნება! ბორისს ფეხი აუცილებლად შეუხორცდება.
მომცა ნაკურთხი წყალი და ამიხსნა ხმარების წესი: ფეხი თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩააყოფინე, ჩემი წყალი ნატკენ ადგილზე დაასხი ჯვრის სახით, თან ილოცე. ღამით ასეთივე წესით გაუკეთე კომპრესებიო!
შემდეგ მიბრძანა, მისი ლოცვა-კურთხევა შვილისთვისაც გადამეცა. ერთი თვის შემდეგ ბორისს ტკივილები დაუყუჩდა და სიმსივნე დაცხრა...
ღმერთისა და მამა სერაფიმეს უსაზღვროდ მადლიერებმა კვლავ ვირიცისკენ გავსწიეთ, ამჯერად ბიჭუნასთან ერთად. ვინაიდან ავადმყოფობის გამო ფეხი ძალიან დასუსტებული ჰქონდა, ხელით მიგვყავდა. მამა გულით ხარობდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბერმა მიუალერსა ბორისს, მისცა სეფისკვერი, ნაკურთხი წყალი და აკურთხა. მახსოვს, თუ როგორი თანაგრძნობითა და სიყვარულით გვიყურებდა ბერი. მეჩვენებოდა, რომ მისგან ნათელი გამოდიოდა. ბორისი სადგურამდე ჩვენი დახმარების გარეშე მივიდა. სულ მალე "განუკურნელი" სენისგან კვალიც აღარ დარჩენილა, მეტიც, ისიც დაგვავიწყდა, თუ რომელი ფეხი სტკიოდა.
1948 წელს ბორისი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საჰაერო დაზვერვაში მსახურობდა და წარმატებით ასრულებდა პარაშუტიდან ხტომებს".
"შენს წიგნებს გაყიდი"
ლუდმილა თევდორეს ასული ემკოვას ნაამბობიდან.
1945 წელს დედასთან ერთად ევაკუაციიდან ქალაქში დავბრუნდი. ომის დროს ბინა დავკარგეთ და აპრაქსინას ქარვასლასთან ახლოს ერთ ნესტიან და ცივ სარდაფს შევაფარეთ თავი. მამამ ომი ჰოსპიტალში დაასრულა. ფრონტზე თავში მძიმედ დაიჭრა და ინვალიდი დაგვიბრუნდა. თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგვქონდა. დედა სრულიერად დაეცა.
ერთხელ დედა ნიკოლსკის ეკლესიაში იჯდა და მწარედ ტიროდა. კეთილმა ადამიანებმა ვირიცელი ბერის მონახულება ურჩიეს, - აუცილებლად დაგეხმარებაო. ვირიცაში წავედით დედას მეგობარ ქალთან ერთად, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ევაკუაციაში. მივდიოდით ტალახში, ძლივს ჩავაღწიეთ. ბერის სახლთან ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იცდიდა. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია.
აი, ბერის კელიაც. თითქოს ღრუბლებიდან მზემ გამოანათაო და ალერსიანი სხივებით გაგვათბო. მოძღვარმა გვაკურთხა. მე ორცხობილით გამიმასპინძლდა და ბრძანა, ჩვენთვის ჩაი მოემზადებინათ. ჩანდა, მთელი გულით თანაგვიგრძნობდა გაჭირვებაში მყოფთ. მშობელი მამაც ვერ შეიბრალებს ღვიძლ შვილს ისე, როგორც მან დედაჩემი შეიცოდა. ასეთმა თანაგრძნობამ დედა გაამხნევა. "დააკაკუნეთ, უფრო ხმამაღლა დააკაკუნეთ! - თქვა მაშინ მამა სერაფიმემ, - მხოლოდ მას უღებენ კარს, ვინც აკაკუნებს. მეც ვილოცებ თქვენთვის".
მას შემდეგ დედა ხშირად დადიოდა ბერთან. როგორც კი გაგვიჭირდებოდა ან რაიმე მწუხარება გვეწვეოდა, დედა მაშინვე ვირიცაში მიიჩქაროდა.
მალე კარგი და ნათელი ოთახი მივიღეთ. ეჭვგარეშე იყო, რომ ყოველივე მამა სერაფიმეს ლოცვით მოხდა. ერთხელ მამა სერაფიმემ დედას უთხრა: "ქმართან ცოტა ხანს იცხოვრებ, დედამთილთან კი ძალიან დიდხანს". 1949 წელს მამა გარდაიცვალა. მას შემდეგ ბებიასთან გადავედით. ოც წელზე მეტხანს ვიცხოვრეთ.
ერთხელ მამა სერაფიმემ დედას ოცდაათი მანეთი მისცა და უთხრა: "აი, შენ ჯადოსნური ჯოხი! ამიერიდან ყოველთვის გექნება ფული". მართლაც, მას შემდეგ აღარ გაგვჭირვებია: ხან ნათესავები გვიგზავნიდნენ ამანათს პროდუქტებით, ხან დედა მიიღებდა პრემიას სამსახურში. მთელი ცხოვრება მამა სერაფიმეს ლოცვით გავატარეთ.
მე ძალიან მიყვარდა ბავშვები და სკოლის დამთავრების შემდეგ საბავშვო ბაღში მინდოდა მემუშავა. მამა სერაფიმეს ჩემი ჩანაფიქრი გავუზიარე. თავი გადააქნია და მითხრა: "შენ წიგნებს გაყიდი".
სკოლა ბერის გარდაცვალების შემდეგ დავამთავრე. ბავშვობის ოცნება თავს არ მანებებდა და პედაგოგიურ ინსტიტუტში შევიტანე საბუთები, მაგრამ ვერ მოვეწყვე. ძალიან ვნერვიულობდი, არ მინდოდა წლის გაცდენა. ამ დროს შევხვდი კლასის დამრიგებელს. მან მითხრა, რომ წიგნების სავაჭრო ტექნიკუმში დამატებითი მიღება იყო გამოცხადებული და მირჩია, აუცილებლად ჩამებარებინა. სუფთა, სასარგებლო და საინტერესო სამუშაოაო, - მითხრა. გამოცდები ადვილად ჩავაბარე, კონკურსი წარმატებით გავიარე. აი, ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება.
კიდევ რამდენჯერ დაგვეხმარა ეს დიდებული ბერი! ერთხელ საშინლად ამტკივდა კბილი. ექიმთან მისვლის ძალიან მეშინოდა. წავედი დედასთან ერთად მამა სერაფიმეს საფლავზე. დედამ მითხრა: "როგორც შეეფერება, ისე ითხოვე მამა სერაფიმესგან!" მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში კბილის ტკივილს აღარ შევუწუხებივარ".
"ღირსი სერაფიმეს განდიდებას დავესწარი"
ჭეშმარიტი ღვთის მოშიშებით გვიამბობს ვირიცელ ბერზე ნატალია სტეფანეს ასული ტიხონოვა: "ოღონდაც, ფუჭი სიტყვებით ღმერთი არ გაგვინაწყენდეს", - ამბობს ის.
"ღმერთმა ღირსი გამხადა არაერთხელ ვწვეოდი მამა სერაფიმეს. პირველად მასთან 1945 წლის დასაწყისში ჩავედი. სასტიკი ზამთარი იყო, თერმომეტრი - 30°-ს ქვემოთ უჩვენებდა. ფეხზე თხელი რეზინის ჩექმები მეცვა. ჯერ კიდევ მატარებელში ყოფნისას გავითოშე. ვირიცაში არასდროს ვყოფილვარ მანამდე, როგორც ჩანს, თავად ღმერთმა მიმიყვანა მასთან. ძალიან ადრე მივედი. ქუჩები თითქმის ცარიელი იყო. ვიარე პირდაპირ, შემდეგ მარცხნივ შევუხვიე და მამა სერაფიმეს სახლიც მაშინვე ვიპოვე. ბევრი ხალხი იყო. კიბე გადაჭედილი გახლდათ. გულში ბერს შევღაღადე: "მამაო! როგორ გავიყინე! მიმიღე, თორემ აქ ხომ საღამომდე არ მომიწევს რიგი?!" და აი, საოცრება! გაიღო კარი, გამოვიდა მონაზონი და თქვა: "მამა სერაფიმემ პიტერიდან ჩამოსული ნატალია აკურთხა, შემოვიდესო". გავიფიქრე: "აი, მამა! ესესაა ვთხოვე და უკვე მეძახის!" გამოხმაურება ვერ გავბედე. მონაზონი მეორედ გამოვიდა: "ნუთუ არ არის ნატალია პიტერიდან?" მაშინ ვთქვი: "ეს მე ვარ, მაგრამ ამდენი ხალხია! ურიგოდ როგორ შემოვიდე?!" "მოდი, მოდი!" - ალერსიანად მითხრა ბერის თანაშემწემ.
აცახცახებული შევედი. სულ გადამავიწყდა, გარეთ ყინავდა, თუ ცხელოდა. მამამ თავისი სიყვარული შემომაფრქვია. მაიმბო, რომ სულ მალე ალექსანდრე ნეველის ლავრის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი გაიხსნებოდა, შემდგომში კი მთელ მონასტერს ეკლესიას გადასცემდნენ. ძალიან გამიკვირდა, ვთქვი: "რას ამბობთ, მამაო, ეს როგორ?! ახლა ხომ ყველაფერს ანგრევენ და აფეთქებენ?!" ბერმა მიპასუხა: "აი, შენ არ გჯერა, მაგრამ მოვა დრო, როცა ეკლესიების, მონასტრების და სამლოცველოების აღდგენა-გახსნას დაიწყებენ. როცა ლავრის წმინდა სამების ტაძრის კურთხევაზე წახვალ, გაიხსენე გლახაკი სერაფიმე. მე მაშინ აღარ ვიქნები"... მამას პური გადავეცი, მან კი მაშინვე ორცხობილა და კანფეტები მომაწოდა. ერთმანეთს ძალიან თბილად დავშორდით. ბერმა მაკურთხა, კვლავ მივსულიყავი მასთან. ვბრუნდებოდი უკან და არავითარ ყინვას არ ვგრძნობდი, იმდენად გამათბო ნეტარმა ბერმა თავისი სიყვარულით.
მამა სერაფიმე ყოველთვის უახლოესი ადამიანივით მღებულობდა. ერთხელ შევნიშნე:
- მამაო! თქვენ თითქმის ოცი წელია, რაც წევხართ. რა ცუდია!
ბერს გაეღიმა და მიპასუხა:
- რა ბედნიერი ვარ! წამებულის სარეცლის გვერდით თავად უფალი და ღვთისმშობელი დგანან, ხოლო ფეხებთან - მფარველი ანგელოზი. ისურვებდი, შენც ჩემსავით წოლილიყავი?
- არა, მამაო, - ვუპასუხე.
- კარგი, ირბინე, ირბინე! შემდეგ კოჭლობით ივლი,
ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ბერის გარდაცვალების შემდეგ ფეხი ვიღრძე და უკვე მრავალი წელია, რაც ვკოჭლობ.
ერთხელ ზაფხულში მამა სერაფიმესთან ჩავედი. კვლავ საოცრად დამამშვიდა. ბევრი კეთილი და სასიამოვნო სიტყვა მითხრა. რა ბედნიერი ვიყავი, ჩვენ ხომ ასეთი ადამიანები გვყავდა! მაშინ ბერმა საროვოს დღე¬სასწაულზე მიამბო: "როცა ღირსი სერაფიმე საროველის განდიდების დღე დადგა, მისი წმინდა ნაწილების გახსნას დავესწარი. შეუძლებელია სიტყვებით გადმოიცეს ის სიხარული და მადლი, რომელიც იქ დაგვეუფლა. მთელი რუსეთიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი იმ დღეებში, რათა ერთობლივად ელოცათ და თაყვანი ეცათ უფლის წმინდანისთვის.
გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბერს 12 დღე ეძინა, რომ გამოეღვიძა, სულიერ შვილს უთხრა:
- უამრავი ქვეყანა მოვვლე, მაგრამ ჩემს ქვეყანასა და ჩვენს სარწმუნოებაზე უკეთესი არსად მინახავს... ყველას უთხარი, არავინ განუდგეს მართლმადიდებლობასო!
შემდეგ სთხოვა, ყოველდღე ეზიარებინა, რადგან ღვთისმშობელი გამოეცხადა და ეს მისი ნება იყო.
"ერთ ღამეს ღრმად ჩამეძინა. რომ გამომეღვიძა, დილის ოთხი საათი იყო... როგორც წესი, ღამის ორზე ვაზიარებდი ხოლმე... კისრისტეხით გავიქეცი... მის სენაკში რომ შევედი, ბერმა მითხრა: - ნუ სწუხხარ, ანგელოზებმა უკვე მაზიარესო!
ისეთი სახე ჰქონდა, მის ნათქვამში იოტისოდენა ეჭვიც არ შემპარვია..."
მეოხ გვეყავ უფლის საყდრის წინაშე, ტკბილო და მდაბალო ბერო, წმინდა სერაფიმე ვირიცელო!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი