ღირსი ბენედიქტე (+543) - 14 (27) მარტი
ღირსი ბენედიქტე (+543) - 14 (27) მარტი
წელს სამხრეთ იტალიის ქალაქ ნურსიაში, ერთ ცნობილ რომაულ ოჯახში ტყუპი ქალ-ვაჟი გაჩნდა. დედის წიაღიდან ერთად ყოფნის შემდეგ, ისინი მომავალში ერთნაირ ღვაწლს იკისრებენ და როცა აღსასრულის ჟამი დაუდგებათ, ბოლოს ერთ სამარეში დაიკრძალებიან, ხოლო სულით ერთად ნეტარებენ სამოთხეში. მათ ბავშვობის წლებზე ცოტა რამაა ცნობილი, მაგრამ უკვე სიყმაწვილეში წმინდა ბენედიქტე და წმინდა სქოლასტიკა ყოველგვარ ამსოფლიურს განეშორებოდნენ და ღვთისკენ ისწრაფოდნენ. წმინდა ბენედიქტეზე მოგვითხრობს, რომის პაპი წმინდა გრიგოლ დიალოღოსი. წმინდა ბენედიქტეს ცხოვრების აღწერისას მის "დიალოგებს" დავესესხებით.

* * *

იყო კაცი ფრიად პატივცემული, სახელითა და მადლით ცნობილი ბენედიქტე, რომელიც კურთხეულს ნიშნავს. სიყრმიდანვე იმარხავდა გულის სიწმინდეს. ზნეობის სიწმინდით თანატოლებს აღემატებოდა და სული თვისი არასოდეს დაუმორჩილებია რაიმე ვნებისთვის. ჯერ კიდევ ამ მიწაზე მოიძაგა ეს სოფელი თავისი საცთურებით, როგორც უნაყოფო რამე; თუმცა კი გარემოებათა გამო თავისუფლად შეეძლო დამტკბარიყო მისი სიამით. წმინდა ბენედიქტე ნურსიის ოლქის კეთილშობილ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, რომში თავისუფალ მეცნიერებათა შესასწავლად მიაბარეს. მაგრამ როცა მიხვდა, რომ მრავალნი განსწავლულობისგან ბიწიერებაში ვარდებოდნენ, დატოვა სასწავლებელი, რათა თვითონაც უფსკრულში არ გადაჩეხილიყო. ასევე სახლიც, მშობელთაგან გადმოცემული მემკვიდრეობაც და მოისურვა მხოლოდ ღმერთს სათნოყოფოდა და თავშესაფარი რომელიმე წმინდა სავანეში ეპოვა. ბენედიქტე უსწავლელ ბრძნად დარჩა.

* * *

როცა წმინდა ბენედიქტემ სწავლას თავი დაანება და უდაბნოში დასახლდა, თან მხოლოდ ძიძა გაჰყვა, რომელსაც ის ძალიან უყვარდა. მან საცხოვრებლად აირჩია დაბა ენფიდე. მასთან ერთად წმინდა პეტრეს ეკლესიის მახლობლად ცხოვრების მოსურნე მრავალი ცნობილი კაცი დასახლდა. ერთხელ, ძიძამ მეზობლის ქალისგან საწური ითხოვა. გაუფრთხილებლად დადო მაგიდაზე, გადმოვარდა და გატყდა. ძიძა აქვითინდა. ღვთისმოსავ ბენედიქტეს შეებრალა ძიძა, საცრის ნატეხები შეაერთა და აცრემლებულმა ლოცვა დაიწყო. ლოცვის დასასრულს საწური გამთელდა, ნაწიბურიც არ ეტყობოდა, ალერსიანად ანუგეშა ძიძა და გამრთელებული საწური გადასცა. ეს ამბავი იმ მხარეში ყველამ შეიტყო და ისე განცვიფრდნენ, რომ საწური ეკლესიის კარიბჭეში ჩამოკიდეს, რათა ტაძარში შესულს და გამოსულს ყველას სცოდნოდა, რამდენად დიდი მადლი მიიღო მონასტრის მკვიდრმა ყრმა ბენედიქტემ. ეს საწური ლონგობარდების შემოსევისასაც კი ეკლესიის კარიბჭეში ეკიდა. მაგრამ ბენედიქტეს ერჩივნა, ამ სოფლისგან ბოროტება დაეთმინა, ვიდრე ქება-დიდება ესმინა. სურდა, უფლისათვის შრომაში დაღლილიყო, ვიდრე სხვა კაცთა კეთილგანწყობით ექედმაღლა. ამიტომ ჩუმად მიატოვა ძიძა და უფრო მყუდრო, სუბიაკოს უდაბნოსკენ გასწია. ეს უდაბნო რომიდან 40-ოდე მილით იყო დაშორებული. აქ უხვად გადმოსჩქეფდა ცივი, გამჭვირვალე წყაროები, რომლებიც ერთ ფართო ტბას შეერთვოდა, საიდანაც შემდეგ მდინარედ გამოედინებოდა. ენფიდედან გაქცეულ ბენედიქტეს გზად შეხვდა ბერი რომანი, რომელმაც გამოჰკითხა, საითკენ მიდიხარო. როცა მისი სურვილი შეიტყო, სამონაზვნო სამოსელიც მისცა და შემდგომში რაც კი დასჭირდებოდა, ყველაფერს უზიდავდა. ღვთის კაცი ბენედიქტე კი სუბიაკოში მივიდა, ერთ ყველაზე ვიწრო მღვიმეში ჩაიკეტა და სამი წლის განმავლობაში, ბერი რომანის გარდა, მისი ამბავი არავინ იცოდა. თვითონ რომანიც მღვიმესთან ახლოს მონასტერში ცხოვრობდა, რომელსაც ადეოდატი მართავდა. საღმრთო აღძვრით, რომანს, წინამძღვრისგან მალულად, ბენედიქტესთან გარკვეულ დღეებში მიჰქონდა მისი პურის ნაწილი. მაგრამ რადგან რომანის მონასტრიდან მღვიმემდე გზა არ მიდიოდა, მღვიმე კი მაღლა კლდეში იყო, რომანი პურს მღვიმიდან ჩამოშვებულ თოკს გამოაბამდა, ზარს დარეკავდა, რომლის ხმაც წმინდა კაცს საზრდელის მიტანის ამბავს ამცნობდა.

ეშმაკს შეშურდა რომანის ბენედიქტესადმი სიყვარული და ნუგეშისცემა. ერთხელ, როცა ბერმა პურს თოკი მოაბა, ეშმაკმა ქვა ესროლა და თოკი გადაჭრა. რომანს, როგორც შეეძლო, არ შეუწყვეტია ბენედიქტეს მსახურება. მალე ყოვლისშემძლე ღმერთმა მოისურვა, რომ რომანს ღვაწლისგან განესვენა, ბენედიქტეს ცხოვრებით კი ხალხისთვის მაგალითი ეჩვენებინა, რათა ანთებული სანთელი სასანთლეზე მდგარიყო და გაენათებინა ღვთის სახლში მყოფნი. ერთხელ, სუბიაკოდან მოშორებით მცხოვრებ დეკანოზს, რომელიც აღდგომის დღესასწაულისთვის ტრაპეზს იმზადებდა, ღმერთი ხილვით გამოეცხადა და უთხრა: "შენთვის იმზადებ სანუგეშო ტრაპეზს, ჩემი მონა კი ამა და ამ ადგილას შიმშილით კვდებაო". დეკანოზი მაშინვე წამოდგა და თვით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე, თავისთვის მომზადებული საჭმლით, მითითებულ ადგილს მიაშურა. გადაიარა კლდეები, ბორცვები, ხევები და ღვთის კაცს მიადგა. შეხვედრისას წართქვეს ლოცვა და ჩამოსხდნენ. ტკბილი საუბრის მერე დეკანოზმა უთხრა, - წამოდექი და საჭმელი ვჭამოთ, დღეს აღდგომააო. წმინდა კაცმა უპასუხა: - ჭეშმარიტად აღდგომაა, ვინაიდან შენი ხილვის ღირსი შევიქენიო. კაცთაგან განშორებულმა ბენედიქტემ არ იცოდა, რომ ამ დღეს აღდგომას დღესასწაულობენ. ფრიად პატივცემულმა დეკანოზმა კვლავ დაუმოწმა: - ჭეშმარიტად, დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომაა, საკვებისგან თავშეკავება აღარ გმართებს, ვინაიდან აქ სწორედ იმიტომ მოვივლინე, რომ შენთან ერთად ვიგემო ყოვლისშემძლე ღვთის ნაწყალობევიო. აკურთხეს ღმერთი და იტრაპეზეს. ხოლო როცა საუბრითა და ტრაპეზით განძღნენ, დეკანოზი თავის ეკლესიაში დაბრუნდა.

სწორედ იმ დროს მღვიმეში დამალული ბენედიქტე მწყემსებმა იხილეს. თავიდან ტყავით მოსილი კაცი ნადირი ეგონათ, ხოლო როცა მასში ღვთისმსახური შეიცნეს, მისი მოკვლის სურვილი თანაგრძნობით შეეცვალათ. ამგვარად, ბენედიქტეს სახელი ცნობილი გახდა აქაურთათვისაც. ამის მერე მას მრავალი ვინმე სტუმრობდა და ხორციელი საკვები მიჰქონდათ მასთან, ხოლო სანაცვლოდ ბენედიქტეს ბაგეთაგან სულისთვის ცხოველ პურს იღებდნენ.

* * *

ერთხელ, წმინდა ბენედიქტეს ეშმაკმა განსაცდელი შეამთხვია: ცხვირწინ შაშვმა დაუწყო ტრიალი. წმინდა კაცს მისი დაჭერა რომ სდომოდა, ხელს გაყოფდა და მისწვდებოდა, მაგრამ ჯვარი გამოსახა და ჩიტი გაფრინდა. ამას მოჰყვა მასში ისეთი ხორციელი აღძვრა, როგორიც არასოდეს განუცდია. უეცრად ქალი იხილა, რომელიც მისი გონების თვალთ ეშმაკმა მოუვლინა. მის დანახვაზე გულში ისეთი ვნების ცეცხლი აღენთო, რომ უდაბნოს დატოვებაც კი სურდა. მაგრამ მალე, ღვთის მადლით, მზერა საკუთარ თავს მიაპყრო, დაინახა მასში თესლი ვნებისა, გაიძრო სამოსი, წიწვებსა და ჭინჭარზე მანამ იგორა, ვიდრე სხეული არ დაესერა. იარებმა განუკურნა სხეულში აღძრული გრძნობა, მოაუძლურა ავხორცობა. საკუთარ თავს სასჯელად გარედან (სხეულზე) ცეცხლი შეუნთო, რითიც შიგნით მოკიდებული ალი ჩააქრო, ამით სძლია ცოდვას. როგორც შემდგომში უყვებოდა მოწაფეებს, იმ დროიდან მოყოლებული, ხორციელი ვნება მასში ისე მოთვინიერდა, რომ მსგავსი რამ აღარ უგრძვნია. მრავალნი ტოვებდნენ სოფელს და ისწრაფვოდნენ მოღვაწეობას მისი ხელმძღვანელობით. ვნებათაგან გათავისუფლებული უკვე სამართლიანად შეიქნა სხვათათვის სათნოებათა მასწავლებელი.

* * *

მას შემდეგ, რაც ღვთის კაცმა განსაცდელი დაძლია, ვითარცა დამუშავებულმა ნიადაგმა, საიდანაც სარეველას ამოძირკვავენ, უხვად გამოიღო ნაყოფი სათნოებათა მომკისას. სახელი გაუვარდა. განადიდებდნენ უჩვეულო მონაზვნური მოსაგრეობისთვის. იქვე ახლოს მონასტერი იყო, რომლის წინამძღვარიც გარდაიცვალა. ძმები დიდად პატივცემულ ბენედიქტესთან მივიდნენ და წინამძღვრობა სთხოვეს. დიდხანს არ თანხმდებოდა, ეუბნებოდა ჩემი ტიპიკონი ყველას არ მოეწონებაო, მაგრამ თხოვნა-ვედრებით დაიყოლიეს. მან მონასტერში მკაცრი წესები შემოიღო. არავის აძლევდა ნებას, თვითნებურად გადაეხვია სამონაზვნო გზიდან. უგუნურად გამძვინვარებული ძმები ჯერ ერთმანეთს საყვედურობდნენ, - ასეთი მკაცრი წინამძღვარი რათ გამოვითხოვეთო - მათი თავისუფალი ცხოვრება არ ეთანხმებოდა ბენედიქტეს წმინდა კანონებს. შემდეგ, როცა დაინახეს, ბენედიქტე თვითნებობის ნებას არ მისცემდა, ზოგიერთმა წინამძღვრის მოკვლა გადაწყვიტა. მოილაპარაკეს და ღვინოში საწამლავი ჩაუყარეს. ასეთი მძიმე ცხოვრება აქვთ კეთილმოღვაწე კაცებს, წამხდარი ზნის ადამიანების გვერდით ყოფნისას! ტრადიციისამებრ, წინამძღვარს კურთხევისთვის მინის ჭურჭლით ღვინო მიუტანეს. წმინდა ბენედიქტემ ხელი აღმართა და მას ჯვარი გადასახა. ჭურჭელი უცბად ისე დაიმსხვრა, თითქოს წმინდანს ჯვარი კი არ გადაესახა, არამედ ქვა ჩაეგდო. წმინდა ბენედიქტე მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა. წამოდგა და მხიარული პირით, მშვიდი სულით ძმებს უთხრა: "შეგიწყალოთ ყოვლისშემძლე ღმერთმა, ძმებო! რისთვის მიპირებდით ამას? განა ადრევე არ გითხარით, რომ ჩემი წეს-ჩვეულებანი თქვენგან განსხვავებულია-მეთქი? წადით და თქვენი ზნის წინამძღვარი მოძებნეთ, რადგან ამის მერე მე წინამძღვრად ვეღარ მიყოლიებთო".

ამის მერე საყვარელ უდაბნოს დაუბრუნდა და ყოვლისმხედველი ღვთის თვალთა წინაშე მარტოდმარტომ დაიწყო ცხოვრება.

ამასობაში, როგორც წმინდა კაცი, თანდათანობით აღორძინდებოდა სათნოებებსა და სასწაულებში, მრავალნი შეიკრიბა ამ უდაბნოში ყოვლისშემძლე ღმერთის მსახურნი, ისე რომ, ბენედიქტემ ყოვლისშემძლე უფლის შეწევნით, იქ ააგო თორმეტი მონასტერი, რომელთაც წინამძღვრები განუჩინა, თითოში თორმეტ-თორმეტი ბერი დაასახლა. თავისთან კი რამდენიმე მოწაფე დაიტოვა, რადგან თვლიდა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ისინი მასთან აღიზრდებოდნენ. წმინდა ბენედიქტესთან რომაელმა დიდებულებმა და ღვთისმოშიშმა ხალხმაც იწყეს სიარული. ისინი მას შვილებს აბარებდნენ ღვთის შიშით აღსაზრდელად. მას მიაბარეს თავიანთი იმედის მომცემი შვილები: ეკვიციუსმა - მავრი, ტერტულიანე პატრიკმა - პლაციდე. ყრმა მავრი თავისი წინამძღვრის თანაშემწე შეიქმნა, ხოლო პლაციდე, ჯერ კიდევ ყრმა, მოსაგრე ცხოვრებას შეუდგა.

* * *

ბენედიქტეს მიერ აშენებულ ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ვინმე ბერი, რომელსაც ლოცვაზე დგომა არ შეეძლო. როგორც კი ლოცვას იწყებდნენ, ის გარეთ გამოდიოდა და რაიმე მიწიერსა და ამაოზე ზრუნავდა. ხშირად შეაგონებდა წინამძღვარი, მაგრამ არა გამოდიოდა რა. ადგა და ღირს ბენედიქტესთან მიიყვანა, რომელმაც დატუქსა ის. მონასტერში დაბრუნებული მონაზონი მხოლოდ ორი დღე იყო მორჩილი ბენედიქტეს რჩევისა. მესამე დღეს კი, ძველი ჩვეულებისამებრ, ლოცვისას ხეტიალი დაიწყო. როცა მონასტრის წინამძღვარმა ეს ამბავი ღვთის კაცს მოახსენა, დაჰპირდა, - მოვალ და გამოვასწორებო. დათქმულ დროს ბენედიქტე მივიდა მონასტერში. ძმებმა ფსალმუნი იგალობეს და ლოცვა დაიწყეს. წმინდა კაცმა დაინახა, რომ ურჩ მონაზონს ვიღაც შავი ბიჭი კაბაზე ექაჩებოდა და გარეთ მიათრევდა. ბენედიქტემ მონასტრის წინამძღვარს, პომპეიანეს და ღვთისმსახურ მავრს ჩუმად უთხრა: "ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ვიღაც ამ ბერს გარეთ მიათრევს?" "ვერა," - უპასუხეს მათ. "ვილოცოთ, რომ თქვენც დაინახოთ, ვის მიჰყვება ეს ბერი", - თქვა ბენედიქტემ. ორდღიანი ლოცვის შემდეგ მავრმა ის "ბიჭი" მონასტრის წინ დაინახა, წინამძღვარმა პომპეიანემ კი დანახვა ვერ შეძლო. მეორე დღეს, ლოცვის დასრულების შემდეგ, ღვთის კაცმა მარტოდმარტო მდგარ ურჩ მონაზონს გულის დაბრმავების გამო მათრახი შემოსცხო. იმ დღიდან მონაზონი მშვიდად იდგა ლოცვაზე და შავი ბიჭისგან მოგვრილი განსაცდელები აღარ ეკარებოდა. ამგვარად, ძველისძველმა მტერმა ვეღარ გაბედა ხელმწიფება მის გულისთქმებზე, რადგან თითქოს თვითონაც იძლია მათრახის მიერ.

* * *

მის მიერ აშენებულ მონასტერთაგან სამი - მთის მწვერვალზე მდებარეობდა და ძმებს ძალზე უჭირდათ წყლისთვის ქვემოთ ჩასვლა-ამოსვლა. განსაკუთრებით საშიში და სახიფათო იყო ციცაბო კლდეზე სიარული. ამიტომაც ამ სამი მონასტრის ძმებმა ბენედიქტეს უთხრეს: - გვიჭირს ყოველდღიურად წყლისთვის ტბაზე ჩამოსვლა, მონასტრები ამ ადგილიდან უნდა გადავიტანოთო. მან ისინი ანუგეშა, უკან გაუშვა. იმავე ღამეს ყმაწვილ პლაციდესთან ერთად მთის მწვერვალზე ავიდა და დიდხანს ლოცულობდა. ლოცვის დასრულების შემდეგ ის ადგილი სამი ქვით მონიშნა და თავის მონასტერში უჩუმრად დაბრუნდა. მეორე დღეს, როცა ძმები მასთან კვლავ წყალზე სასაუბროდ მოვიდნენ, ბენედიქტემ უთხრა: "წადით და იმ ადგილას, სადაც ერთმანეთის მიყოლებით სამ ქვას დაინახავთ, კლდე ოდნავ გამოტეხეთ. ძალუძს ყოვლისშემძლე ღმერთს ამ მთის მწვერვალზეც წყლის გამოდენა, რომ დაგიხსნათ ამ ძნელ გზაზე სიარულისგანო. ძმები მივიდნენ ბერის მითითებულ ადგილას. კლდიდან წყალი უკვე წვეთავდა. როცა კლდეში წყალსატევი გამოთხარეს, ის მაშინვე წყლით აივსო და ისეთი სიუხვით წამოვიდა, რომ დღესაც კი მოჩუხჩუხებს.

* * *

ვინმე სულით მდაბალი გუთი მოვიდა მონასტერში საცხოვრებლად. ბენედიქტემ ის სიყვარულით მიიღო. ერთხელ ბრძანა, გუთისთვის რკინის ცელი მიეცათ ტბის ნაპირას ეკალბარდის გასათიბავად, რათა იქ ბაღი გაეშენებინათ. გუთმა ეკალს ღონივრად მოუქნია ცელი. ხის ტარი ხელთ შერჩა, ხოლო ცელი უძირო ტბაში ჩავარდა. აკანკალებულმა გუთმა ბერ მავრს შესჩივლა ეს უბედურება, თან მწარედ ინანიებდა. მავრმა ეს მაშინვე უთხრა ბენედიქტეს. ბენედიქტე ტბასთან მივიდა, გამოართვა გუთს ცელის ტარი და წყალში გადააგდო. ცელი ამოტივტივდა ფსკერიდან და ტარს წამოეგო. ბენედიქტემ ცელი გუთს გადასცა და უთხრა: "აიღე, იმუშავე და ნუღარ იწუხებო".

* * *

ერთ დღეს ბენედიქტე კელიაში იმყოფებოდა. ყრმა პლაციდე ტბაზე წყლისთვის წავიდა. ჭურჭელი წყალში გაუფრთხილებლად ჩაუშვა და თვითონაც გადაჰყვა. მაშინვე ტალღამ ნაპირიდან გატყორცნა და ისრის მანძილზე გაიტაცა. კელიაში მყოფმა ბენედიქტემ შეიტყო ეს ამბავი, მოუხმო მავრს და უთხრა: "ძმაო მავრ, გაიქეცი, ყრმა ტბაში ჩავარდა და ტალღამ გაიტაცაო". მოხდა ისეთი საკვირველი ამბავი, მოციქულ პეტრეს მერე რომ არ მომხდარა! მავრმა გამოითხოვა კურთხევა წინამძღვრისგან, გაიქცა იმ ადგილას, სადაც ყრმა ჩავარდა, წარმოიდგინა, თითქოს ხმელეთზე მიდიოდა და არა წყალზე. ამოიყვანა ბავშვი და უკანვე სირბილით დაბრუნდა. როგორც კი მიწას შეეხო, მაშინღა მოეგო გონს, მიხვდა, რომ წყალზე დადიოდა და ამ ამბავმა შეაძრწუნა. მომხდარი ბენედიქტეს მოუყვა. წმინდანმა ეს ამბავი თავის დამსახურებად კი არ მიითვალა, არამედ მავრის მორჩილებას მიაწერა. ამ სასიყვარულო შეკამათებისას, რომლის დროსაც ორივე ღრმა სიმდაბლით იყო აღვსილი, მივიდა მათთან მშვიდობის ჩამოსაგდებად წყლიდან ამოყვანილი ყრმა და თქვა: "როცა წყლიდან ამომიყვანეს, ჯერ წინამძღვრის ხალენი დავინახე, მერე თვით წინამძღვარი, რომელმაც თვითონ ამომიყვანა წყლიდანო".

* * *

მალე ეს ადგილი ხალხით აივსო. ჩვენი უფალი ღმერთის, იესო ქრისტესადმი ცეცხლებრივ სიყვარულით ანთებულნი მრავალნი დაუტევებდნენ ერისკაცულ ცხოვრებას და მოუდრეკდნენ გულსა თვისსა მაცხოვრის მსუბუქ ტვირთს. მაგრამ რადგან ბიწიერ ხალხს ჩვეულებისამებრ არ დაენახვებათ სხვების სათნოებათა სიკეთე და არც ის უნდათ, რომ იგი თვითონაც ჰქონდეთ, ამიტომაც მეზობელი ტაძრის დეკანოზმა ფლორენციმ, პაპამ იპოდიაკვნის ფლორენცისა, კაცთა მოდგმის უძველესი მტრის ბოროტებით აღძრულმა სცადა, მიებაძა წმინდა კაცის (ბენედიქტე) საქმიანობისთვის, თანაც დაემდაბლებინა მისი ქმედება და თუ ვინმეს, მისკენ მიმავალს შეაჩერებდა, მასთან არ მიეშვა. ხოლო როცა მიხვდა, ბენედიქტეს წარმატებას წინ ვერ აღუდგებოდა, მეტი სიძულვილით და ბოროტებით აივსო. მისნაირი ქება-დიდება კი სურდა, მაგრამ მასავით საქებარ ცხოვრებას არ აპირებდა. სიძულვილით დაბრმავებულმა ყოვლისშემძლე ღვთის მონას, თითქოსდა ნიშნად კურთხევისა, მოწამლული პური გაუგზავნა. ღვთის კაცმა მადლიერებით მიიღო იგი, მაგრამ პურში ჩამალული საწამლავი არ დაიმალა. ღირს ბენედიქტეს ერთი ყორანი ჰყავდა მიჩვეული - სადილობის ჟამს მოფრინდებოდა და მისი ხელიდან პურს კენკავდა. ღირსმა ბენედიქტემ ამ ყორანს წინ დაუდო დეკანოზის გამოგზავნილი პური და უბრძანა: - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, აიღე ეს პური და ისეთ ადგილას წაიღე, კაცთაგან ვერავინ მიაგნოსო. ყორანი ფრთებგაფარჩხული დახტოდა, ყრანტალებდა, თითქოს ამბობდა, პურის წაღება არ მინდა, მაგრამ ბრძანების შეუსრულებლობაც არ შემიძლიაო. ღვთის კაცის ხელმეორე ბრძანებას დაჰყვა და პური შორს წაიღო. სამი საათის შემდეგ მობრუნდა და ღვთის კაცის ხელთაგან საკენკი მიიღო. ბენედიქტე მიხვდა, რომ დეკანოზი სიკვდილს უპირებდა და საკუთარ თავზე მეტად შეეწყალა იგი. დეკანოზმა, რაკი მოძღვარი ვერ მოკლა, გადაწყვიტა, მოწაფეთა სულები დაეღუპა. იმ მონასტრის ბაღში, სადაც ბენედიქტე იმყოფებოდა, შვიდი შიშველი ქალი გაგზავნა, რათა მათ მოწაფეთა თვალწინ ეცეკვათ და მათში ბოროტი ვნებები აღეძრათ. ბენედიქტე ამას თავისი კელიიდან უცქერდა და ეშინოდა, თავისი ახალბედა მოწაფეთა დაცემისა. ეს ერთადერთი მხოლოდ მისადმი მტრობით ახსნა, ამიტომ მოაწესრიგა მონასტრის ცხოვრება, დაუდგინა ძმებს წინამძღვარი, თვითონ კი, რამდენიმე ძმასთან ერთად, სხვაგან წავიდა. დეკანოზი ყოვლადძლიერმა ღმერთმა საშინლად დასაჯა. ის სათბურში იდგა, როცა ბენედიქტეს წასვლის ამბავი შეიტყო და ხარობდა თავისი წარმატებით. ამ დროს სათბური ჩამოინგრა (სახლი უვნებელი დარჩა) და გასრისა ბენედიქტეს მტერი. ღვთის კაცის მოწაფემ, მავრმა, მაშინვე აცნობა ეს ბენედიქტეს, რომელიც ამ ადგილიდან ათი მილის მოშორებით იმყოფებოდა. "დაბრუნდი, - უთხრა მას მოწაფემ, - შენი მდევნელი დაიღუპაო". ეს რომ ღვთის კაცმა შეიტყო, მწარედ ატირდა. შეაწუხა მტრის დაღუპვამ და იმანაც, რომ მის მოწაფეს მტრის სიკვდილი გაუხარდა. მან ეპიტიმია დაადო თავის მოწაფეს, მასზედ, რომ მისი სიკვდილი გაეხარდა.

* * *

წმინდა კაცი საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მტერს არ გაქცევია; ამის მერეც მძიმე ბრძოლა გადაიტანა თვით ბოროტების შემოქმედისგან, რომელიც ცხადად აღუდგა. ერთი მაღალი მთის ფერდობზე იდგა კასინოს მონასტერი, რომელსაც მწვერვალი სამი მილის სიმაღლიდან დაჰყურებდა. წვერზე მდგარ ძველ საკერპეში წარმართთა ჩვეულებისამებრ უგუნურნი აპოლონს სცემდნენ თაყვანს. დემონების სიწმინდის ახლოს, კორომში, ცრუმორწმუნეთა უგუნური ბრბო მრავალრიცხოვან მსხვერპლს შესწირავდა. წმინდა ბენედიქტემ კერპი დაამსხვრია, სამსხვერპლო დაამხო, კორომი გადაწვა და აპოლონის ტაძარი წმინდა მარტინის სამლოცველოდ გადააქცია. აპოლონის სამსხვერპლოს ადგილას კი წმინდა იოანეს ტაძარი ააშენა და იქ შეკრებილთ განუწყვეტელი ქადაგებით სარწმუნოებისკენ მოუწოდებდა. უძველესმა მტერმა ვერ შეძლო მშვიდად დაეთმინა ეს ამბავი, ცხადად წარდგა ამ ღირსი მამის თვალთა წინაშე და მაღალი ხმით დაიტირებდა ამ დანაკარგს, მისი ხმა ძმებსაც ესმოდათ, თუმცა კი ეშმაკს ვერა ჰხედავდნენ. როგორც უთხრა მოწაფეებს დიდად პატივცემულმა მამამ, მან ეშმაკი ხორციელი თვალით იხილა. ყველას ესმოდა, რას ამბობდა ეშმაკი. უპირველესად სახელით უხმო წმინდა კაცს, როცა მან არ უპასუხა, გალანძღა, მაგრამ შემდეგ უხალისოდ დაუთმო გამარჯვება წმინდა ბენედიქტეს.

* * *

ერთხელ ამ მონასტრის ძმები სენაკებს იშენებდნენ. შუაში ლოდი იდო. გადაწყვიტეს, აეწიათ. დაეხვივნენ, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს. ცხადი გახდა, რომ მასზე კაცთა მოდგმის ძველისძველი მტერი იჯდა. შესთხოვეს წმინდა კაცს, მოსულიყო და ლოცვით განედევნა ეშმაკი. წმინდა ბენედიქტემ მისვლისთანავე ილოცა, კურთხევა მისცა და ლოდი ბუმბულივით აიღეს.

* * *

წმინდა კაცმა იმ ადგილას, სადაც ქვა იდო, მიწა ამოათხრევინა. ძმებმა ორმოში სპილენძის კერპი იპოვეს. როგორც კი კერპი ფურნეში ჩააგდეს, მონაზვნების თვალწინ ცეცხლი თითქოს მთელ შენობას მოედო. შეეცადნენ, წყლით ჩაექროთ ეს მოჩვენებითი ხანძარი. ხმაურზე წმინდა ბენედიქტეც მოვიდა. ის ვერ ხედავდა იმ ვითომდა ხანძარს, ძმები რომ შეაშინა. მაშინვე დაიწყო ლოცვა და მოტყუებულ ძმებს უბრძანა, თვალებზე ჯვარი გამოესახათ, რათა პურის საცხობი უვნებელი დაენახათ და არ შეშინებოდათ მოჩვენებითი ცეცხლისა, რომელიც ძველისძველმა მტერმა გამოიგონა.

* * *

ერთხელ ძმები მონასტრის კედლებს აღამაღლებდნენ. წმინდა კაცი ამ დროს თავის სენაკში შინაგან ლოცვაში მოღვაწეობდა. მას გამოეცხადა მზაკვარი ეშმაკი და მომუშავე ძმებთან წასვლას შთააგონებდა. წმინდა კაცმა მაშინვე მაცნე გაუგზავნა ძმებს: "ფრთხილად იმუშავეთ, ძმებო, რადგან მალე თქვენთან ბოროტი სული მოვაო". მაცნემ ნაბრძანების წარმოთქმა ძლივს მოასწრო, რომ ბოროტმა სულმა დაამხო კედლის ნაწილი, რომელმაც დაიტანა ერთი მორჩილი, ძე ვინმე კურიალისა. ყველა დამწუხრდა და შეძრწუნდა, მით უმეტეს ძმის სიკვდილით. ბენედიქტეს მოთქმით ამცნეს მომხდარი. წმინდა მამამ ბრძანა, დასახიჩრებული ძმა ჩემთან მოიყვანეთო. მიასვენეს ზედა სამოსში გახვეული, რადგან ქვებს სხეულის ასონი და ძვალნიც კი შეემუსრა. წმინდა კაცმა თავის სენაკში იმ ცხვრის ტყავზე დააწვენინა, რომელზეც ლოცულობდა ხოლმე. ძმები გარეთ გაუშვა, ჩაიკეტა და ჩვეულებრივზე გულმოდგინედ შეუდგა ლოცვას. საკვირველი რამ მოხდა. წმინდა ბენედიქტემ უკვე ჯანმრთელი და უვნებელი ძმა იმავე საათს სხვებთან ერთად გაგზავნა კედლის დასამთავრებლად. ასე შეარცხვინა წმინდა ბენედიქტემ ძველისძველი მტერი, რომელიც ყრმის დაღუპვით წმინდა ბენედიქტეს დაცინვას ცდილობდა.

* * *
სხვა საღვთო ნიჭებთან ერთად წმინდა კაცმა წინასწარმეტყველების სულიც მიიღო. მომავალს წინასწარ ამცნობდა, ან იქვე მყოფთ ეუბნებოდა, მოშორებით რა ხდებოდა. მონასტერში წესად ჰქონდათ, - ძმები, როცა რაიმე საქმეს აკეთებდნენ, თავის სენაკის გარეთ არც საჭმელი უნდა ეჭამათ და არც სასმელი დაელიათ. მაგრამ ერთხელ მონასტრიდან სამორჩილო საქმეზე გასულმა ძმებმა დიდი ხნით დაიგვიანეს - შეიტყვეს, მახლობლად ერთი ღვთისმოშიში ქალი ცხოვრობდა. შევიდნენ მასთან სახლში, იტრაპეზეს, მონასტერში დაბრუნდნენ და ჩვეულებისამებრ კურთხევა სთხოვეს მოძღვარს. მან მაშინვე გამოსცადა ისინი - სად იტრაპეზეთო. არსადო, - უპასუხეს. წმინდა მამამ ჰკითხა, - რატომ ცრუობთ? განა ამა და ამ ქალის სახლში არ შეხვედით? განა ესა და ეს არ ჭამეთ? განა ამდენი თასი არ დალიეთ? ამის შემდეგ მიხვდნენ ყველანი, თუ რა ჩაიდინეს, ათრთოლებულნი დაეცნენ მის ფერხთა წინაშე და აღიარეს ცოდვები. მოძღვარმა აპატია მათ ბრალი და დაარიგა, რომ მისი არყოფნისასაც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მასთან ყოფნისას, უნდა სცოდნოდათ - იგი სულით ყოველთვის მათთან იმყოფებოდა.

* * *

ზემოხსენებული ბერის, ვალენტიანეს ძმა ერისკაცი იყო, მაგრამ ღვთისმოშიში. ჩვეულებად ჰქონდა, ყოველ წელს, ბენედიქტეს მონასტერში წასულიყო, ღვთის მონის საუბრისთვის მოესმინა და ღვიძლი ძმა ენახა. მგზავრობისას პირში ლუკმას არ იდებდა. ერთხელ, მონასტერში მიმავალს კაცი დაემგზავრა, რომელსაც თან საგზალი მიჰქონდა. კარგა ხნის შემდეგ ამ უკანასკნელმა უთხრა: - მოდი, ძმაო, საჭმელი ვჭამოთ, გზაში რომ არ მოვუძლურდეთო. მან მიუგო: - არა, ძმაო, ვერ ვიზამ. წესად მაქვს, როცა მაღალღირს მამა ბენედიქტესთან მივდივარ, გზაში კბილი არაფერს დავადგაო. თანამგზავრი გაჩუმდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კვლავ შესთავაზა, ვისადილოთო. მარხვის მოსურნემ უხმოდ გააგრძელა გზა. კიდევ ბევრი იარეს. მგზავრობით დაქანცულები ერთ ადგილას მდელოს წააწყდნენ, იქვე წყაროც მოედინებოდა. ყოველივე ამას შეეძლო, მოეძლიერებინა დასუსტებული სხეული. თანამგზავრმა არ დააყოვნა: ნახეთ, რა სასიამოვნო ადგილია, შეგვიძლია დავისვენოთ, რომ მერე გზა მსუბუქად გავაგრძელოთო. ამ სიტყვების მოსმენა ყურს ეამა, თვალიც დატკბა ამ ადგილის ხილვით და ვალენტიანეს ძმას თანამგზავრის მესამე შეპატიჟებაზე უარი აღარ უთქვამს. საღამოს მონასტერს მიაღწიეს. წარდგა დიდად პატივცემული ბენედიქტეს წინაშე და დარიგება სთხოვა, მან კი უსაყვედურა: - თანამგზავრის პირით მოსაუბრე ბოროტმა მტერმა ვერ შეძლო შენი დარწმუნება პირველად და მეორედ, მესამედ კი პური გაჭამა. ამგვარად გძლია, როგორც სურდაო. სტუმარმა იხილა თავისი ნების სისუსტე, ჩაუვარდა მოძღვარს ფეხებში, ცრემლებით დაიტირა თავისი დანაშაული. რცხვენოდა, რომ მისგან განშორებისას სცოდა, ბენედიქტეს თვალთა წინაშე კი დაფარული არაფერი იყო.

* * *

მეფე ტოტილამ როცა შეიტყო, წმინდა კაცს წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა, მის სანახავად წავიდა. მონასტრის შორიახლო დადგა და კაცი გაუგზავნა ბენედიქტეს - გეახელითო. წმინდანმა შიკრიკის პირით შეუთვალა, - მობრძანდიო, თვითონ კი მის შესახვედრად მოემზადა. ამასობაში ეჭვიანი ტოტილა გაკადნიერდა და გადაწყვიტა, წმინდანი გამოეცადა, მართლა ჰქონდა თუ არა მას წინასწარმეტყველების მადლი. თავისი მეაბჯრე, სახელად რიგო, შემოსა სამეფო სამოსით და უბრძანა, ვითარცა მეფე, ბენედიქტესთან წასულიყო. თან აახლა ვულტი, რუდრივი და ბლანდინი. მისცა სხვა მსახურებიც და მეაბჯრეც, რომ ნამდვილ მეფეს დამსგავსებოდა. რიგო, ამალითურთ, მონასტერში შევიდა. წმინდა კაცი მაშინვე ჩამოჯდა და სტუმრებს ნება მისცა მიახლოებისა და მერე შესძახა: "დადე, ჩემო შვილო, დადე ის, რაც მოგაქვს. შენი არ არისო".
შეძრწუნებული რიგო მიწაზე დაემხო, - როგორ გავბედე ამისთანა კაცის მოტყუებაო. მიწას გაეკვრნენ მხლებლებიც. ბენედიქტესთან მისვლა ვერ გაბედეს, დაბრუნდნენ ტოტილასთან და შიშით ათრთოლებულებმა უამბეს, თუ როგორ ამხილეს ისინი ტყუილში.

* * *

ტოტილა დაუყოვნებლივ წავიდა წმინდა კაცთან, შორიდანვე დაინახა ჩამომჯდარი ბენედიქტე. მიახლოება ვერ გაბედა და მიწაზე დაემხო. ღვთის კაცმა ორი-სამჯერ უთხრა, - წამოდექიო, მაგრამ მან ვერ გაბედა. მაშინ მონა იესო ქრისტესი ბენედიქტე თვითონ მივიდა მიწაზე დაცემულ მეფესთან, წამოაყენა, ცუდი საქმეების გამო უსაყვედურა და რამდენიმე სიტყვით წინასწარ ამცნო მომავალი: "ბევრ ბოროტებას იქმ, ბევრი ბოროტება ჩაიდინე, თუმცა ბიწიერებაში მყოფი არასოდეს შეინანებ. მართალია, შეხვალ რომში, გადასცურავ ზღვას, ცხრა წელი იმეფებ, მეათე წელს კი მოკვდებიო". ამ სიტყვებმა მეფეს თავზარი დასცა, ლოცვა ითხოვა. წავიდა და ამ დროიდან მოყოლებული, ნაკლებად სასტიკი იყო. ცოტა ხნის მერე რომს თავს დაესხა, შემდეგ სიცილიისკენ გაემართა, თავისი მეფობის მეათე წელს ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით, სიცოცხლესთან ერთად მეფობაც დაუტევა.

წმინდა ბენედიქტესთან სტუმრად ხშირად მოდიოდა ხოლმე კანუზინის ეკლესიის მეთაური, რომელიც თავისი ცხოვრების გამო ძალზე უყვარდა ღირს მამას. როცა იგი ბენედიქტეს მეფე ტოტილას შემოსევასა და რომის შესაძლო დაქცევაზე ესაუბრებოდა, თქვა: "ეს მეფე ისე დაანგრევს ქალაქს, მერე მასში ვერავინ იცხოვრებსო". წმინდა კაცმა კი უპასუხა: "წარმართები ვერ გაანადგურებენ ქალაქს, მაგრამ იმისთანა ქარიშხლები დაატყდება თავს და მიწისძვრები ისე შეარყევენ, რომ თავისთავად დაიქცევაო".

* * *

იმავე დროს აკვინეის ეკლესიის მსახურთაგანი დემონმა შეიპყრო. დიდად პატივცემულმა კაცმა, კონსტანტინემ, ამ ეკლესიის მეთაურმა იგი განსაკურნებლად წმინდა მოწამეთა მრავალ ტაძარში გაგზავნა. მაგრამ ღვთის წმინდანებს არ უნდოდათ მისი განკურნება, რომ ეჩვენებინათ, როგორი მადლი იყო ბენედიქტეზე. ამიტომ ეკლესიის მსახური მიიყვანეს ღვთის მონა ბენედიქტესთან, რომელმაც იესო ქრისტესადმი ლოცვით მაშინვე განაგდო მისგან ეშმაკი. განკურნებულს კი მცნებად მისცა: "წადი და ამიერიდან ხორცს ნუ შეჭამ, ასევე, ნურასოდეს ნუ მიიღებ სამღვდელო ხარისხს, თუ ასე მოიქცევი, იმავე დღეს კვლავ ეშმა დაგეპატრონება. კაცი ჯანმრთელი წამოვიდა და რადგან ახალი სასჯელი ჩვეულებისამებრ სულს აშინებს, რამდენიმე ხანი ცდილობდა, წმინდა ბენედიქტეს მიცემული მცნებები დაეცვა. მრავალი წლის შემდეგ, როცა მისი თანატოლები განეშორნენ ამ სოფელს, გადაწყვიტა, ასაკით თავისზე უმცროსებზე მეტად ამაღლებულიყო სამღვდელო ხარისხში. თითქოს დაავიწყდა ღვთის კაცის ნათქვამი და სამღვდელო პირი გახდა. ეშმაკი კვლავ დაეუფლა მას და იქამდე აწამა, ვიდრე სული არ განუტევა.

* * *
ბენედიქტეს მორჩილს, სახელგანთქმულ თეოპრობეს თავისი სათნო ცხოვრების გამო დიდი ნდობა ჰქონდა მოპოვებული. ერთხელ ბენედიქტეს კელიაში შესულმა თეოპრობემ მოძღვარი მწარედ მტირალი იხილა. დიდხანს იდგა და როცა ნახა წმინდა კაცი არ წყვეტდა გულმტკივნეულ ცრემლთა ღვრას, - ჰკითხა, რა არის მიზეზი ასეთი მწარე ტირილისაო. წმინდა კაცმა უპასუხა: - ჩემ მიერ აგებული ეს მონასტერი და ყოველივე ძმათათვის განმზადებული, ყოვლისშემძლე ღმერთის განგებულებით, წარმართებს მიეცემათ. ძლივს შევძელი აქ მცხოვრებ ძმათა სულების გამოთხოვაო. ამ წინასწარმეტყველებას მაშინ მხოლოდ თეოპრობე ისმენდა, მაგრამ ჩვენ (ყველა) ვხედავთ მის აღსრულებას, რამეთუ ვიცით, მონასტერი როგორ დაანგრიეს ლონგობარდებმა. ღამით შევიდნენ მონასტერში, გაიტაცეს ყველაფერი, მაგრამ ვერ შეძლეს ტყვედ ერთი კაცის წაყვანაც კი: ყოვლისშემძლე ღმერთმა აღასრულა ის, რაც თავის ერთგულ მონას ბენედიქტეს დაჰპირდა, ანუ მონასტრის ქონება წარმართებს მისცა, ადამიანთა სულები კი გადაარჩინა. როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში წმინდა ბენედიქტეზე აღსრულდა ის, რაც ადრე პავლე მოციქულზე. როცა ზღვაზე ატეხილი ქარიშხლის დროს ხომალდი, მთელი თავისი ავლადიდებით, ჩაიძირა, ყველა მგზავრს კი სიცოცხლე ებოძა.


* * *

ერთხელ მორჩილი ექსილარტი წინამძღვარმა მონასტერში ორი კოკა ღვინის მოსატანად გააგზავნა. მან ერთი მოიტანა, მეორე კი გზაში დამალა. წმინდა კაცმა, რომლისთვისაც დაფარული არაფერი იყო, მადლობა უთხრა ყრმას და გააფრთხილა, - შვილო, იმ დამალული ჭურჭლიდან ნუ დალევ, ფრთხილად გადაღვარე და ნახავ, შიგ რაც არისო. აფორიაქებული ყრმა წავიდა და წმინდა ბენედიქტეს გამოსაცდელად გადახადა თავი ჭურჭელს. იქიდან გველი ამოძვრა. ყრმა ექსილარტი გონს მოეგო და შეინანა თავისი საქციელი.

* * *

მონასტრის ახლოს მდებარე სოფლის მცხოვრებნი კერპთაყვანისმცემლობდნენ. წმინდა ბენედიქტემ მოაქცია და ღვთის რწმენაში დამოძღვრა. იქ ვინმე წმინდა დედები ცხოვრობდნენ. ბენედიქტე ცდილობდა, ხშირად გაეგზავნა მათთან ძმები სულიერი დამოძღვრისთვის. ერთხელ, გაგზავნილმა ბერმა იქადაგა, მონაზონთა თხოვნით, მიიღო ხელსახოცი და უბეში დამალა. შინ მობრუნებული წმინდა კაცმა დატუქსა და უთხრა: "როგორ შევიდა არაწმიდება წიაღსა შენსა?" ბერი დაიბნა, დაავიწყდა, რისთვის განიკითხავდნენ. ბენე¬დიქტემ უთხრა: "ნუთუ გგონია, რომ მე იქ არ ვიყავი, როცა ღვთის მხევლებისგან ხელსახოცები მიიღე და უბეში ჩაიდე?" დამნაშავე მაშინვე დაეცა მის ფერხთა წინაშე, შეინანა ცოდვა, ამოიღო ის ხელსახოცები, უბეში რომ დამალა.

* * *

ერთ საღამოს, როცა პატივცემული კაცი ვახშმობდა, მის წინ, სუფრასთან იდგა ბერი, შვილი მისი ერთ-ერთი კეთი¬ლისმყოფლისა და ხელთ შანდალი ეპყრა, უნათებდა და ემსახურებოდა. ბერი დუმდა და ბოროტი ძალის შთაგონებით ფიქრობდა: "ვინ არის ასეთი, რატომ უნდა ვემსახურო?" ღვთის კაცი მაშინვე მიუბრუნდა მას და დატუქსა: "დაისახე ჯვარი გულზე, ძმაო, აბა, ამას რას ამბობ? ჯვარი დაისახე გულზე". მოუხმო ძმებს, უბრძანა, მისთვის შანდალი გამოერთმიათ. მას კი უთხრა: - მსახურებას თავი ანებე, დაჯექი კელიაში და დამშვიდდიო. ძმებმა ჰკითხეს: რა გქონდა გულში, რას ფიქრობდიო?

მაშინ ბერმა მოჰყვა, თუ როგორ დაეუფლა მას სიამაყის სული და რა იფიქრა წმინდა კაცზე. ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ ღირსი ბენედიქტეს წინაშე არაფერი იყო დაფარული, რომ ესმოდა ყურთა მისთა, სიტყვანი საიდუმლო გულისთქმათანი.

* * *

კამპანის იმავე ნაწილში შიმშილი მძვინვარებდა. ბენედიქტეს მონასტერსაც გაუთავდა ხორბალი. შეწუხებულმა ძმებმა ტრაპეზისთვის დარჩენილი ხუთი პურიღა შემოიტანეს. ღირსმა ბენედიქტემ სცადა, მათი სულმოკლეობა მდაბალი მხილებით გამოესწორებინა და სული მათი დაპირებით გაემხნევებინა: - რატომ შფოთავს სული თქვენი პურის ნაკლებობისთვის? თუმცა დღეს ცოტა გაქვთ, ხვალე უხვად, ნამეტნავად გექნებათო. ძმებმა მეორე დღეს ბენედიქტეს კელიის კართან ტომრებით ორასი საწყაო (ფუთი) ფქვილი იხილეს. დღემდე უცნობია, ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომელი ქველმოქმედის ხელით გამოუგზავნა ბერებს ფქვილი. ძმებმა მადლობა შესწირეს ღმერთს და გულისხმაჰყვეს, რომ გაჭირვებისასაც არ უნდა შეეჭვდნენ ღვთის წყალობის სიუხვეში.

* * *

ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა სთხოვა წმინდა ბენედიქტეს, შენი მოწაფეები გამომიგზავნეო. თავის მამულში, ქალაქ ტერაცინის ახლოს, მონასტრის აშენება სურდა. ბენედიქტემ გაუგზავნა ზოგიერთი ძმა, დაუდგინა მათ წინამძღვარი და იმაზეც იზრუნა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მისი მოადგილე. დამშვიდობებისას საზეიმოდ დაჰპირდა: წადით და ამა და ამ დღეს მოვალ თქვენთან, რათა გიჩვენოთ, თუ სად უნდა ააშენოთ ეკლესია, სად - სატრაპეზო და სად კი სასტუმრო მნახველთა მისაღებად, როგორ მოაწყოთ ყოველივეო. ძმები ტერაცინს მივიდნენ, ყველაფერი მოამზადეს მონასტრის ასაშენებლად და ღირსი ბენედიქტეს მისვლასღა ელოდებოდნენ. დანიშნული დღის წინა ღამეს წინამძღვრად დადგენილ ძმას და მის მოადგილეს სიზმარში წმინდა ბენედიქტე გამოეცხადათ და ზედმიწევნით შემოუხაზა ის ადგილები, სად რა უნდა აეშენებინათ. ძილისაგან აღდგომილებმა ერთმანეთს უამბეს სიზმრად ნანახი, მაგრამ სიზმარს არ დაუჯერეს და წმინდა ბენედიქტეს დაუწყეს ლოდინი. დასახელებულ დღეს წმინდა კაცი არ მოვიდა, შეწუხებულნი მივიდნენ და უთხრეს: "გელოდით, მამაო - გვეტყოდი, სად რა აგვეშენებინა, მაგრამ არ მოხვედიო". მან უპასუხა: "ძმებო, ამას რატომ ამბობთ, განა მე არ მოვედი, როგორც დაგპირდით?" მათ კითხვაზე, როდის იყავიო. წმინდა ბენედიქტემ უთხრა: - განა ორივეს სიზმრად არ გამოგეცხადეთ და ეს ადგილები არ მიგითითეთ? წადით და რაც მოგესმათ გამოცხადებაში, ისე ააგეთ მონასტრის შენობებიო. გაკვირვებულებმა მოისმინეს მისი ნათქვამი, დაბრუნდნენ ხსნებულ მამულში, და ისე ააგეს ყველაფერი, როგორც ძილში განეცხადათ.

* * *

მისი ჩვეულებრივ ნათქვამიც კი, არ იყო მოკლებული სულიერ ძალას. ვისი გულიც ზეამაღლებული იყო, მის ბაგეთაგან ამაო სიტყვა არასოდეს გამოდიოდა. თუკი რაიმეს ისეთს იტყოდა გაუბედავად, მუქარის სახით, მაშინაც კი მის სიტყვებს ისეთი ძალა ჰქონდა, თითქოს ამას გადაწყვეტილად, საბოლოო განაჩენის სახით ამბობდა. მაგალითად, მისი მონასტრის სიახლოვეს ორი კეთილშობილი წარმომავლობის ღვთისმოშიში ქალი მოღვაწეობდა საკუთარ სახლში. ყოფით ცხოვრებაში მათ ერთი ღვთისმოშიში კაცი ეხმარებოდათ. ვინაიდან ზოგჯერ მაღალი წარმოშობა ზოგის სულს დაამცრობს და ის თავს დიდად თვლის ამ სოფელში, ზემოხსენებულ გარეგნულად ღვთისმოსავ მონაზვნებს, ჯერ კიდევ აღვირი არ ამოედოთ ენისთვის, იმ ღვთისმოშიშ კაცსაც, მათთვის ცხოვრების სახსარი რომ მოჰქონდა, ხშირად არისხებდნენ თავიანთი მოუზომავი ლაპარაკით. დიდხანს ითმენდა ის ამგვარ სიტყვებს, მერე კი წავიდა და წმინდა კაცს მოუთხრო, თუ როგორ დაითმენდა მონაზვნების ნათქვამს. წმინდა კაცმა მაშინვე მოიხმო მონაზვნები და ამცნო: - ენა დაიმოკლეთ, თორემ თუ არ გამოსწორდებით, ეკლესიიდან განგკვეთთო. აშკარაა, რომ ეს გახლდათ მუქარით და გადაჭრით ნათქვამი. დედაკაცებმა კი სულაც არ გამოასწორეს თავიანთი ნაკლულოვანება. რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალნენ და დაკრძალეს ეკლესიაში. როცა ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღესრულებოდა და დიაკონი ჩვეულებისამებრ იტყოდა: "კათაკმეველნო, განვედით". ამ დედაკაცთა ძიძა, რომელსაც ჩვეულებად ჰქონდა მათ სახელზე ღვთისთვის შესაწირავის მიძღვნა, ამ დროს ხედავდა ორივე გარდაცვლილს - აკლდამებიდან ამოდიოდნენ და ეკლესიიდან გადიოდნენ. გაახსენდა ძიძას, თუ რა ამცნო წმინდა კაცმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მის აღზრდილებს. მონაზვნებმა რადგან აღარ გამოასწორეს ზნე და ენა, ამიტომ ეკლესიასთან ერთობა აღარ აქვთო, - იფიქრა ქალმა. დამწუხრებულმა ყველაფერი ღვთის კაცს უამბო. წმინდა ბენედიქტემ სეფისკვერი მისცა და უთხრა: - წაიღე, უფალს შესწირე და ისინიც ეკლესიიდან აღარ განიკვეთებიანო. ქალი ასე მოიქცა. დიაკონმა როცა კათაკმევლებს ტაძრიდან განსვლა ამცნო, ძიძას ტაძრიდან გასული მონაზვნები აღარ უნახავს.

* * *

ერთხელ ყრმა მონაზონი, რომელსაც მშობლები ზომაზე მეტად უყვარდა, მათთან გაემგზავრა. მაგრამ მონასტრიდან კურთხევის გარეშე გამოვიდა და როგორც კი მშობლებთან მივიდა, გარდაიცვალა. ის დაკრძალეს, მაგრამ მეორე დღეს მისი სხეული მიწიდან ამოგდებული ნახეს. კვლავ დამარხეს. მეორე დღესაც ასე მოხდა. მშობლებმა ისწრაფეს და წმინდა ბენედიქტეს მიმართეს. მწარედ მტირალნი ევედრებოდნენ, ყრმისთვის მიტევების მადლი მიენიჭებინათ. წმინდა კაცმა მისცა მათ უფლის სხეულის ნაწილი და უთხრა: - წადით და უფლის სხეულის ეს ნაწილი კეთილმოკრძალებით ყრმას მკერდზე დაადეთ და ისე დაკრძალეთო. ბრძანება შეასრულეს. მიწამ დააკავა გარდაცვლილის სხეული. ნახე, პეტრე, როგორი მადლით ღირსჰყო კაცი ესე თვით უფალმა იესო ქრისტემ: თვით მიწამაც კი ამოაგდო კაცი, ვისთვისაც ბენე-დიქტეს ცოდვები მიტევებული არ ჰქონდა.

* * *

ერთ მონაზონს გონება ჰქონდა გაფანტული და მონასტერში ცხოვრება აღარ უნდოდა. წმინდა კაცი გულმოდგინედ და ხშირად შეაგონებდა მას, არიგებდა. ის კი არა და არ თანხმდებოდა ძმათა მწყობრში დარჩენას და ისე შეაწყინა თავი გაშვების სათხოვრით, რომ ერთხელ გადაღლილმა და განრისხებულმა პატივცემულმა კაცმა მონასტრიდან წასვლა უბრძანა. როგორც კი მონაზონი მონასტრიდან გამოვიდა, გზად ჩადარაჯებულ გველეშაპს გადაეყარა. გველეშაპმა მისი შეჭმა მოინდომა. შეშინებულმა მონაზონმა ყვირილი მორთო: - ჩქარა დამეხმარეთ, გველეშაპს ჩემი შეჭმა უნდაო. მოირბინეს ძმებმა. გველეშაპი ვერსად ნახეს. დამფრთხალი მონაზონი უკანვე წაიყვანეს მონასტერში. მან მაშინვე მონასტრიდან გაუსვლელობის აღთქმა დადო და სიკვდილამდე შეინახა. ამგვარად, წმინდა კაცის ლოცვებით მან დაინახა მისი მტერი გველეშაპი, რომელსაც ადრე ისე მიჰყვებოდა, რომ ვერც ამჩნევდა.

* * *

ერთ მსახურს კეთრი შეეყარა. თმა სულ დაცვივდა, კანი დაუსკდა და ჩირქი სდიოდა. ბატონმა ის წმინდა ბენედიქტესთან გაგზავნა და ყრმა მაშინვე განიკურნა.

* * *

ერთხელ ერთმა ვალებით სულშეხუთულმა პატიოსანმა კაცმა იფიქრა, თავის გადასარჩენად წმინდა კაცთან მივალ და მოვუყვები, როგორ მამძიმებს ვალებიო. მივიდა მონასტერში, მონახა ყოვლისშემძლე ღვთის მონა და უთხრა, რა დაჟინებით სთხოვს მევალე თორმეტ ოქროს მონეტას. ფრიად პატივცემულმა კაცმა უპასუხა, - ამდენი ოქრო არა მაქვსო, მაგრამ სიტყვით ანუგეშა: ორი დღის შემდეგ გამომიარეო. ეს ორი დღე წმინდა კაცი ჩვეულებისამებრ, ლოცვას იყო მოცემული. მესამე დღეს ვალებით გატანჯული ეახლა. სწორედ იმ დროს მონასტრის საკუჭნაოსთან, სადაც პურს ინახავდნენ, ცამეტი ოქროს მონეტა იპოვეს. წმინდა კაცმა ბრძანა, - ვალებით დათრგუნვილ კაცს გადაეცით. თორმეტი მევალეს მისცეს, ერთი კი თვითონ მოიხმაროსო.

ერთი კაცი მტრის სიძულვილით ისე იტანჯებოდა, რომ მას საჭმელში საიდუმლოდ საწამლავი შეურია. თუმცა მტერს საწამლავმა სიცოცხლე ვერ მოუსწრაფა, მაგრამ კანის ფერი კი შეუცვალა - კეთროვანივით აუჭრელა. მიიყვანეს ბენედიქტესთან. წმინდანი როგორც კი შეეხო მას, ტანიდან სიჭრე¬ლე გაუქრა და კანმა ძველებური ფერი დაიბრუნა.

* * *

საშინელი შიმშილი მძვინვარებდა, წმინდა კაცმა გლახაკებს მონასტრიდან ყველაფერი დაურიგა. საწყობში დარჩა მცირეოდენი ზეთი. იპოდიაკონმა აღაპიტემ დაჟინებით მოითხოვა, ცოტა ზეთი მომეცითო. წმინდა კაცმა გადაწყ¬ვიტა, მიწაზე ყველაფერი გაეცა, რომ ყველაფერი ზეცაში შენახულიყო და ბრძანა, მისთვის ის შუშის ჭურჭელში ჩარ¬ჩენილი ზეთი მიეცათ. მაგრამ საკუჭნაოს მნე მონაზონმა ბრ¬ძანება არ შეასრულა. შემდეგ თქვა, - ეს ზეთიც რომ გამეცა, ძმებს აღარაფერი დარჩებოდათო. განრისხებულმა წმინდა ბენედიქტემ სხვებს უბრძანა, ზეთიანი ჭურჭელი სარკმლიდან გადააგდეთ, რათა მონასტერში ურჩობის ნაყოფი არ იყოსო. ასეც მოიქცნენ. სარკმლის იქით წვეტიანი ქვებით მოფენილი ფრიალო კლდე იყო. ასეთ ქვებზე დაეცა მინის ჭურჭელი, მაგრამ სრულიად უვნებელი დარჩა და ზეთის წვეთიც არ დაღვრილა. წმინდა კაცმა ჭურჭლის ამოტანა და მთხოვნელისთვის მიცემა ბრძანა, თან ძმათა წინაშე ურჩი ბერი ამხილა სიამაყესა და მცირედმორწმუნეობაში.

* * *
ამგვარი მხილების შემდეგ წმინდა ბენედიქტე ძმებთან ერ¬თად ლოცვას შეუდგა. იქვე იდგა ცარიელი, დახურული კას¬რი. წმინდა კაცის ლოცვისას კასრის სახურავი თავისით აიწია, რადგან ზეთით იყო სავსე და თანდათან იმატებდა. სახურავი ახადეს და ზეთი კასრიდან იატაკზე გადმოიღვარა. ეს რომ დაინახა წმინდა ბენედიქტემ, მაშინვე ლოცვა შეწყვიტა და ზეთის გადმოღვრაც შეწყდა. ურწმუნოსა და ურჩ ძმას ამით მეო¬რე გაკვეთილი მისცა, რომ ესწავლა რწმენისა და სიმდაბლის მოპოვება. გონსმოსულ ძმას კი შერცხვა, რადგან ფრიად პატივცემულმა მამამ სასწაულებით დაუმტკიცა, თუ რა ძალა აქვს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელზეც მოუთხრობდა მათ დარიგებისას. ამის შემდეგ უკვე აღარავის შეეძლო დაეჭვებულიყო იმის აღთქმულში, რომელმაც თითქმის ცარიელი მინის ჭურჭლის სანაცვლოდ მოგვცა ზეთით სავსე კასრი.

* * *

ერთხელ, მთის მწვერვალზე მდგარი ნეტარი იოანეს ტაძარში მიმავალ წმინდა კაცს გზად ეშმაკი შეხვდა ბეითლის სახით, თან ყანწი და სამფეხა მიჰქონდა. "სად მიდიხარ?" - ჰკითხა წმინდა კაცმა. "ძმებთანო", - უპასუხა ბოროტმა. ღირსი ბენედიქტე ლოცვაზე წავიდა, მისი დასრულებისთანავე უკან დაბრუნდა. ამ დროს ეშმაკმა დაინახა, ერთი მოხუცი ბერი წყალს იღებდა. შევიდა მასში, დასცა მიწაზე და საშინლად ტანჯავდა. წმინდა კაცმა მხოლოდ მსუბუქად დაარტყა ბერს, მაშინვე გამოვიდა ბოროტი სული და მერე აღარ გაჰკარებია.

* * *

ტოტილას ხელმწიფობის დროს არიოზული ერესის მიმდევარ ერთს გუთს, სახელად ცალას, სძულდა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მამები, თუ ვინმე სამღვდელო პირს ან მონაზონს დაინახავდა, ცოცხალს არ უშვებდა. ერთ დღეს ანგარებისა და ძარცვის სურვილით აღძრულმა დაიჭირა ერთი ახალშენელი და სხვადასხვა სატანჯველი მოუწყო. ახალშენელმა კი სიცოცხლის გადასარჩენად რომ დრო მოეგო, გუთს უთხრა, - მთელი ქონება ღვთის კაცს, ბენედიქტეს მივეციო. ცალამ მის წამებას თავი ანება, შეკრა ქამრებით, ცხენის წინ გაიგდო, ბენედიქტესკენ გზის საჩვენებლად. ახალშენელი გუთს მონასტერთან მიუძღვა. კარიბჭესთან მჯდარი ბენედიქტე წიგნს კითხულობდა და უთხრა: აი, ბენედიქტეო. ცალამ წმინდა კაცს უღრიალა, - სადა გაქვს ამის მიერ მოცემული ნივთებიო. წმინდა ბენედიქტემ კითხვას თავი ანება, შეათვალიერა გუთი, მერე ახალშენელის გაკოჭილ ხელებს შეხედა, მაშინვე ქამრებმა ისეთი სისწრაფით დაიწყო გახსნა, ვერანაირი კაცის ხელი რომ ვერ გახსნიდა. ამის შემხედვარე ცალა აკანკალებული დაემხო მიწაზე, ქედი მოიდრიკა წმინდანის ფერხთა წინაშე და მის ლოცვას მიენდო. წმინდა კაცმა კი ძმებს დაუძახა და უბრძანა: გუთი ატრაპეზეთო. როცა ის მეორედ მიიყვანეს წმინდა მამასთან, მან დაარიგა და სთხოვა, დაენებებინა თავი ასეთი უგუნური სისასტიკისთვის. გუთი გულშემუსვრილი წავიდა და აღარაფერი მოუთხოვია.

* * *

ერთხელ წმინდა ბენედიქტე ძმებთან ერთად ყანაში სამუშაოდ წავიდა. იმ დღეს ერთი ახალშენელი მივიდა მონასტერში. ხელთ ვაჟის ცხედარი ეპყრა და მწარედ დასტიროდა. კაცმა წმინდა ბენედიქტე მოიკითხა. უთხრეს, ღირსი მამა ძმებთან ერთად მინდორში მუშაობსო. მონასტრის კართან დატოვა ცხედარი და ღირსი მამის მოსაძებნად გაეშურა. ამ დროს წმინდა მამას მუშაობა დაემთავრებინა და ძმებთან ერთად უკან ბრუნდებოდა. როგორც კი მას თვალი მოჰკრა, გაუბედურებულმა მამამ ყვირილი მორთო: - დამიბრუნე ჩემი ვაჟი, დამიბრუნე ჩემი ვაჟიო. წმინდა კაცი შეესიტყვა: "განა მე წაგართვი შვილიო?" ახალშენელმა უპასუხა: - მომიკვდა შვილი, წამოდი და გამიცოცხლეო. წმინდა კაცი ძალზე შეწუხდა: "განვედ, ძმაო, განვედ. ეს წმინდა მოციქუ-ლების საქმეა და არა ჩვენი. რად გინდა ჩვენთვის იმ უღლის დადგმა, რომლის ტვირთვაც არ შეგვიძლია?" მაგრამ მწუხარებით თავზარდაცემული მამა აიძულებდა წმინდანს, დახმარებოდა, - აქედან ფეხს არ მოვიცვლი, თუ ჩემს ძეს არ გააცოცხლებო. წმინდანმა ჰკითხა, - სად არის ცხედარიო. მონასტრის კართან ასვენიაო, - მიუგო მამამ. წმინდა კაცი მივიდა ცხედართან, მოიდრიკა მუხლი, გაწვა მიცვალებულის სხეულზე, გასწორდა, ხელნი ზეცად აღაპყრო და ილოცა: "უფალო, ნუ მოხედავ ჩემს ცოდვებს, არამედ მოხედე ამ კაცის სარწმუნოებას, რომელიც თავისი ვაჟის გაცოცხლებას მთხოვს. დაუბრუნე სხეულს სული, რომელიც მიიღე მისგან". ძლივს მოასწრო ლოცვის დასრულება, რომ მიცვალებულის სხეული აძაგძაგდა მასში სულის შესვლის გამო. იქ მყოფნი შეძრწუნებულნი უცქერდნენ ამ ამბავს. მერე კი ღირსმა მამამ ყრმას ხელი მოჰკიდა და მშობელს ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნა.

* * *
წმინდა ბენედიქტეს და, სქოლასტიკა, სიყრმიდანვე ყოვლისშემძლე ღვთისთვის იყო შეწირული. ის წმინდა ბენედიქტეს სანახავად წელიწადში ერთხელ მიდიოდა ხოლმე. ბენედიქტე დასთან შესახვედრად მონასტრის შორიახლოს მდებარე სახლში გადიოდა. ერთხელ სქოლასტიკა ჩვეულებისამებრ მივიდა ძმასთან, ღირსი ბენედიქტეც, მოწაფეებთან ერთად, გამოვიდა მის შესახვედრად. მთელი დღე ღვ¬თის დიდებასა და წმინდა საუბარში გაატარეს. მოსაღამოვდა, ერთად დასხდნენ სატრაპეზოდ. წმინდა საუბარში დრო თითქოს ნელა გადიოდა. მაშინ წმინდა დამ ძმას სთხოვა: - ნუ მიმატოვებ ამ ღამეს, დილამდე ვისაუბროთ ზეციური სიცოცხლის სიხარულზეო. მე არ შემიძლია მონასტრის გარეთ დარჩენაო, - მიუგო ძმამ. გარეთ, მოწმენდილ ცაზე ღრუბლის ფთილაც კი არ ჩანდა. ღვთისმოშიშმა ქალმა ძმის უარი რომ მოისმინა, ხელები მაგიდაზე დააწყო, ზედ თავი დააყრდნო და ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე ლოცვას შეუდგა. როცა თავი ასწია, რამდენჯერმე გაიელვა, ატყდა ქუხილი და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ ვერც დიდად პატივცემულმა ბენედიქტემ, ვერც მისმა სულიერმა ძმებმა ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს. თავდახრილმა ღვთისმოშიშმა ქალმა ასე დაღვარა ცრემლთა ჩქერები, რომლითაც მოწმენდილი ცა საწვიმრად გაამზადა. ისე კი არ ყოფილა, რომ ეს წყალდიდობა ლოცვას, გარკვეული დროის შემდეგ მოჰყოლოდა. არა, ლოცვა და კოკისპირული წვიმა თანადროულად მოხდა ისე, რომ ის მაგიდასთან თავს სწევდა, დაიქუხა და როცა თავი ასწია, უკვე წვიმა წამოვიდა. წმინდანმა დაინახა, რომ ჭექა-ქუხილისა და ძლიერი წვიმის გამო მონასტერში დაბრუნება შეუძლებელი გახდა. დამწუხრებული წამოდგა და დას შესჩივლა: "შეგიწყალოს ყოვლისშემძლე ღმერთმა. ეს რა ჰქენი, დაო?" მან უპასუხა: "შენ გთხოვე და ყურად არ იღე. შევთხოვე ჩემს უფალს და მან შეისმინა ჩემი. აბა, თუ შეგიძლია, ახლა მეც გამისტუმრე და შენც დაბრუნდი უკან, მონასტერში". მაგრამ ვერ შეძლო გარეთ გასვლა და იქვე დარჩა. ამგვარად, მთელი ღამე მღვიძარებაში გაატარეს, სულიერ ცხოვრებაში წმინდა საუბრებით განაძღებდნენ ერთმანეთს.

* * *

მეორე დღეს ის დიდად პატივცემული დედაკაცი დაბრუნდა თავის კელიაში, ხოლო წმინდა კაცი - თავის მონასტერში. სამი დღის შემდეგ ბენედიქტემ ზევით აიხედა და დაინახა, რომ მისი დის სული ამ დროს გამოვიდა სხეულიდან და მტრედის სახით აფრინდა ზეცად. გაუხარდა მისი ასეთი განდიდება, ყოვლისშემძლე ღმერთს სამადლობელო ჰიმნი უგალობა და ხოტბა შეასხა, შემდეგ თავისი დის გარდაცვალება შეატყობინა ძმებს. გაგზავნა ხალხი მისი ცხედრის მონასტერში მოსასვენებლად, რათა იმ კუბოში ჩაესვენებინათ, რომელიც თავისთვის ჰქონდა მომზადებული. ამგვარად, და-ძმა, რომელთა გონება ყოველთვის შეერთებული იყო ღმერთში, დაკრძალვის მერეც არ განშორებია ერთმანეთს.

* * *

ბენედიქტეს ჩვეულებად ჰქონდა კაპურის მხარეში, ლივერიუსის ერთი დიდებულის მიერ აშენებული მონასტრის მონახულება. ის და მონასტრის წინამძღვარი, სერვანდ დიაკონი ერთმანეთს საუკუნო ცხოვრებაზე ტკბილი საუბრით ატკბობდნენ ხოლმე და გულით განძღებოდნენ ზეციური სამშობლოს გემრიელი საჭმლით, რომლითაც სრული დატკბობა ჯერ არ შეეძლოთ. როცა დადგებოდა ჟამი დასვენებისა, მონასტრის კოშკის ზედა სართულში ავიდოდა ღირსი ბენედიქტე, ქვედაში კი დიაკონი სერვანდი დაბინავდებოდა. სართულებს კიბე აერთებდა. კოშკის წინა ოთახებში მათი მოწაფეები ისვენებდნენ. ერთხელ, ძმებს ჯერ კიდევ ეძინათ. ბენედიქტე წამოდგა შუაღამიანის ლოცვაზე და სარკმელთან მდგარმა ყოვლისშემძლე ღვთისადმი ლოცვა დაიწყო. უეცრად სიბნელე ისე გაბრწყინდა, რომ ღამე დღეზე ნათელი გახდა. როგორც თვითონ ჰყვებოდა, მთელი სამყარო მის წინაშე წარდგა, როგორც მზის სხივი. ღირსი მამა ყურადღებით დააცქერდა ზეციური ნათლის ელვარებას და იხილა ცეცხლებრ ბრწყინვალე სული ქალაქ კაპურის ეპისკოპოსისა, რომელიც ანგელოზებს ზეცად მიჰყავდათ. მოისურვა, ასეთი ხილვისას თანამოზიარე ჰყოლოდა და ხმამაღლა დაუძახა დიაკონ სერვანდს. დიაკონს გაეღვიძა, ავიდა ზევით და სინათლის მხოლოდ ნაწილს მოჰკრა თვალი. განაცვიფრა სასწაულმა. წმინდა კაცმა მოუთხრო, თუ რა მოხდა და მაშინვე კასინოს მონასტერში გაგზავნა ღვთისმოშიში კაცი თეოპრობესთან - ახლავე გაგზავნე კაცი კაპურიში ამბის გასაგებად - რა ხდება ეპისკოპოს გერმანეს თავსო. კაცს ეპისკოპოსი გერმანე გარდაცვლილი დახვდა, თანაც სწორედ იმ დროს აღსრულებულიყო, როცა წმინდა ბენედიქტემ იხილა მისი ზეცად აღსვლა.

* * *

სოფელში ამდენი სასწაულით სახელგანთქმული კაცი მეცნიერების ნათლითაც ბრწყინავდა - მან დაუწერა ბერებს ტიპიკონი, რომელიც გამოირჩევა გარკვეულობითა და სიტყვაკაზმულობით. თუ ვინმეს სურს დაწვრილებით იცოდეს მისი ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების ამბავი, შეუძლია ამ კანონებში მოძებნოს მისეული მასწავლებლობის ხერხები - წმინდა კაცი სხვანაირად ვერ ასწავლიდა, თუ თვითონაც ისე არ იცხოვრებდა.

* * *
წმინდა ბენედიქტემ თავისი აღსასრულის დღე განუცხადა მასთან მყოფ მოწაფეებს და რამდენიმე განშორებით მცხოვრებსაც. იქ მყოფთ სთხოვა, ეს ამბავი დუმილით დაემარხათ, ხოლო მოშორებით მცხოვრებთ კი გაუმჟღავნა, მისი სხეულიდან სულის გაყრას რა ნიშნებით შეიტყობდნენ. გარ¬დაცვალებამდე ექვსი დღით ადრე ბრძანა, მისთვის აკლდამა აეგოთ. წმინდანს ციებ-ცხელება ტანჯავდა. მერე უფრო მოუძლურდა. მეექვსე დღეს მოწაფეებს უბრძანა, - ტაძარში წამიყვანეთო. იქ უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარებით მოემზადა სიკვდილთან შესახვედრად. ზიარების შემდეგ დაუძლურებული ხელებით მოწაფეებს მხრებზე დაეყრდნო, წამოდგა და ასე ხელებაპყრობილმა ლოცვით სული თვისი ჩააბარა უფალს.

სწორედ ამ დღეს მის ორ მოწაფეს, ერთს - მონასტერში და მეორეს - მოშორებით მყოფს ერთი და იგივე ხილვა ჰქონდათ. ნახეს, ტანსაცმლით მოფენილი და უამრავი ლამპრით განათებული გრძელი გზა მონასტრიდან აღმოსავლეთით, ზეცამდე ადიოდა. ბრწყინვალე სამოსლით მოსილი კაცი წარუდგა მათ სათითაოდ და ჰკითხა, - ეს ვისი გზა არისო. უპასუხეს, არაფერი ვიცითო. მაშინ მან უთხრა: "ამ გზით ზეცად აღვალს საყვარელი უფლისა ბენედიქტე". მოშორებით მყოფებმა ამ ნიშნებით გულისხმაჰყვეს, რაც იყო ნაწინასწარმეტყველები, სიკვდილი წმინდა კაცისა. ბენედიქტე დაკრძალეს ნეტარი იოანე ნათლისმცემლის ტაძარში, რომელიც მან ააგო აპოლონის დანგრეული საკერპოს ადგილას. ტბის ზემო მღვიმეში, სადაც ადრე ცხოვრობდა, სარწმუნოებით მომსვლელთა და მლოცველთათვის უდიდესი სასწაულები აღესრულა.

* * *

ერთი დედაკაცი ჭკუაზე შეირყა. დილიდან საღამომდე ტყე-ველად დაეხეტებოდა და დაქანცული იქვე ისვენებდა. ერთ დღეს, ბევრი ხეტიალის შემდეგ, ნეტარი ბენედიქტეს მღვიმეში შევიდა და დარჩა. დილით კი სრულიად ჯანმრთელი გონებით გამოვიდა იქიდან, თითქოს შეპყრობილი არასოდეს ყოფილიყო. ამ ამბის შემდეგ, ქალს ჯანმრთელობა აღარ შერყევია.

* * *

წმინდა ბენედიქტეს წმინდა ნაწილები, მის მიერვე დაარსებულ სავანეში იმყოფებოდა. მეექვსე საუკუნეში მონასტერი ლონგობარდებმა დაანგრიეს და ათეულობით წლები ეს სიწმინდე მივიწყებული იყო. 673 წელს წმინდა ბენედიქტეს წმინდა ნაწილები საფრანგეთში, ლუარეში, ფლერის მონასტერში გადაასვენეს, რომელსაც მას მერე სენ-ბენუა-სიუარ-ლუარე ეწოდა. ამ მონასტერში წმინდა ბენედიქტეს წმინდა ნაწილებს დღესაც შეგვიძლია თაყვანი ვცეთ. აღსანიშნავია, წმინდა ბენედიქტეს შედგენილი ტიპიკონი, რომელიც ფართოდ გავრცელდა დასავლეთ ეკლესიაში და მრავალმა სავანემ მიიღო. შემდგომში, როცა კათოლიკურ ეკლესიაში მონაზვნური ორდენები ჩამოყალიბდა, წმინდა ბენედიქტეს ტიპიკონის ერთგულ მიმდევართ ბენედიქტელები ეწოდებათ. ბენედიქტელთა ორდენის წარმომადგენელია დღევანდელი რომის პაპიც.

კონდაკი
მადლითა ღმრთისათა განმსდიდრნი შენ, ხოლო საქმენი განამტკიცენ ჩინებისა და გამოსჩნდი ბენედიქტე, სათნო ქრისტეს ღმრთისა ლოცვათა და მარხვათა მკურნალი და განმდევნელო ეშმაკთა, ხოლო მსწრაფლშემწეო სულთა ჩუენთა.

.........................................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2024
02 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა პორფირე კავსოკალიველს. „კარიბჭის“ მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე საგულისხმო მოგონებას ამ ღირს მამაზე.
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
იმ დროს, როცა მოციქულთა ქადაგებით ქრისტეს ნათელი წარმართთა შორის განბრწყინდა, ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთით, თრაკიაში, ქალაქ მიგდონიაში ცხოვრობდა თავადი ლიცინიოსი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler