წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი დაიბადა 949 წელს გალატში, პაფლაგონიის მხარეში (მცირე აზია) საკმაოდ მდიდარსა და გავლენიან, კეთილშობილური ჩამომავლობის ოჯახში.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა დაემთხვა ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს ბიზანტიის ისტორიაში – მაკედონელთა დინასტიის ხანას, კერძოდ, ამ დინასტიის ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენლის იმპერატორ ბასილი II "ბულგართმმუსვრელის" (976-1025წწ.) მეფობის ხანას. დაახლოებით 11 წლის სვიმეონი (საერო სახელი გიორგი) მამამ კონსტანტინოპოლს გაგზავნა ბიძასთან, რომელმაც, როგორც სასახლის კართან დაახლოებულმა პირმა, სვიმეონს საფუძვლიანი საერო განათლება მისცა და საიმპერატორო კარზე ბრწყინვალე კარიერისათვის მოამზადა. მაგრამ ადრეული ასაკიდანვე გამორჩეულად ნიჭიერმა სვიმეონმა სასულიერო მწერლობისა და წმინდანთა ცხოვრების გაცნობისთანავე შეიცნო საკუთარი ყოფის არარაობა, გული აიცრუა სასახლის კარზე და დაიწყო ძიება იმ პიროვნებისა, რომელიც ღვთისკენ მიმავალ გზას გაუკაფავდა. სვიმეონის ამგვარ სწრაფვას და რუდუნებას ამაოდ არ ჩაუვლია. იგი მოხვდა სტუდიტის მონასტერში, სადაც იმჟამად მოღვაწეობდა წმინდა სვიმეონ ღვთისმოშიში და მასზე იმდენად დიდი გავლენა იქონია წმინდა ბერთან ურთიერთობამ, რომ 976 წელს სასახლიდან მონასტერში გაიქცა და წმინდა სვიმეონ ღვთისმოშიშის მორჩილი გახდა. დაიწყო ახალი ხანა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრებაში. იგი მთელ დღე-ღამეებს გამუდმებულ ლოცვაში ატარებდა, მოძღვრის რჩევით ხარბად დაეწაფა V საუკუნის სახელგანთქმული ასკეტის მარკოზ მონაზვნის ცნობილ საღვთისმეტყველო ტრაქტატს "სულიერი კანონზომიერების შესახებ" და სწორედ, მაშინ იხილა პირველად მისტიკური ნათელი. მაგრამ მისი ამგვარი ცხოვრება მალე ისევ სასახლეში დაბრუნებით დასრულდა. მაშინ საერო ცხოვრების მორევში დანთქმულმა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა იგრძნო თუ როგორ განეშორა თანდათან საღმრთო ნათელი და სულში სიბნელემ დაისადგურა. იმჟამინდელ მდგომარეობას იგი ჯოჯოხეთს ადარებს, მაგრამ მადლობას სწირავს უფალს, რომ სულიერი თვალნი აუხილა და ყოვლადწმინდა სამებისადმი აღვლენილ ლოცვაში კიდეც ამბობს: "გმადლობ, უფალო, რომ გამიხსენე ამა სოფელში, მე, რომელიც ამქვეყნად ვარსებობდი და შენზე არაფერი ვუწყოდი, თავად გამომარჩიე, გამრიყე ამა სოფლიდან და შენი დიდების პირისპირ დამაყენე". იგი ევედრება უფალს, ცოდვების გამო ნუ მოიძაგებს და მონასტრულ ცხოვრებაზე ფიქრი ოცნებად აქვს გადაქცეული. 22 წლის წმინდა სვიმეონი საბოლოოდ გადაწყვეტს: ეთხოვება სასახლის კარს და წმინდა სვიმეონ ღვთისმოშიშის უერთგულესი მოწაფე ხდება.
977 წელს, 25 წლის წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მღვდლად აკურთხეს, ხოლო დაახლოებით 980 წელს წმინდა მამანტის, ქსეროკერქსის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს პატრიარქ ნიკოლოზ ქრისობერგის ხელდასხმით. წმ. მამანტის მონასტერი აშენებული იყო იმპერატორ მავრიკიოსის მიერ VI საუკუნეში და წმინდა სვიმეონს საკმაოდ შერყვნილ-დანგრეული დაუხვდა. არც ძმობის წევრთა სულიერი ცხოვრების დონე იყო მაღალი. ამრიგად, წმინდა სვიმეონმა მოღვაწეობა დაიწყო მონასტრის აღმშენებლობით და, პირველ ყოვლისა, მკაცრი სამონასტრო დისციპლინის დამყარებით.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრების აღმწერელი ნიკიტა სტიფატე წერს, რომ კონსტანტინოპოლში იმთავითვე დიდად გაითქვა სახელი წმ. მამანტის მონასტრის წინამძღვარმა და მონასტრის ძმობა დღითი დღე იზრდებოდა ერთგული და სანდო წევრებით. თუმცა მონაზონთა ერთი ნაწილი, ოცდაათიოდე წევრი, მკაცრი სამონასტრო დისციპლინისა და მომთხოვნელობის გამო აუმხედრდა წმინდა სვიმეონს დაახლოებით თხუთმეტი წლის შემდეგ მისი წინამძღვრად კურთხევიდან. ისინი ერთ-ერთი დილის წირვის აღსრულებისას მონასტერში შეცვივდნენ და მოითხოვეს წმინდა სვიმეონის მონასტრიდან გაძევება. მცდელობა მარცხით დამთავრდა, რამეთუ წმინდა სვიმეონმა ჯიუტად და აუღელვებლად გააგრძელა ლიტურგია და, ნიკიტა სტიფატეს თქმით, მისი მადლცხებულებით დაბრმავებული მოწინააღმდეგენი მართლუკუნიქცნენ. თუმცა განხეთქილება ამით როდი დამთავრებულა. ისინი კონსტანტინოპოლის პატრიარქ სისინიუსს (995-998 წწ.) ეახლნენ და დაჟინებით მოითხოვეს წმინდა სვიმეონის მონასტრიდან განდევნა. პატრიარქმა სისინიუსმა საქმის ვითარების გარკვევის შემდგომ წმინდა სვიმეონი გაამართლა, ხოლო უღირს ძმებს მონასტერი დაატოვებინა. წმინდა სვიმეონმა დიდი ხვეწნა-მუდარით გამოითხოვა პატრიარქისაგან თანხმობა ძმობის წევრთა უკან დაბრუნების თაობაზე, აპატია მათ დანაშაული და კვლავ მონასტერში აღადგინა. წმინდა სვიმეონი 1005 წლამდე იყო ამ მონასტრის წინამძღვარი, ვიდრე თავისი სურვილით არ გადადგა.
პატრიარქმა სერგი II-მ (1001-1019 წწ.) წმ. მამანტის მონასტრის ახალ წინამძღვრად აკურთხა არსენი, წმინდა სვიმეონის მოწაფე, თავად სვიმეონი კი, ამავე მონასტრის რიგით წევრად დარჩა. ამ პერიოდში ისევ იჩინა თავი კონფლიქტმა. ამჯერად მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენელთან, ნიკოდიმიის ყოფილ მიტროპოლიტ სტეფანე სვინკელთან, რომელიც საკმაოდ გავლენიანი პირი იყო ბასილი II-ის კარზე და დიდი წვლილი მიუძღოდა ბარდა სკლიაროსის დამარცხებაში. კონფლიქტის მიზეზი გახდა წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის უდიდესი პატივისცემა და სიყვარული ხალხში, რასაც სტეფანე სვინკელი შურით შესცქეროდა და პატივდებული ღვთისმეტყველის ყოველმხრივ დამცირებას ცდილობდა. ეს კონფლიქტი ექვსი წელი გაგრძელდა და 1009 წლის 3 იანვარს წმინდა სვიმეონის მონასტრიდან გაძევებით დასრულდა. გაძევების ერთ-ერთ საბაბად სტეფანე სვინკელი ასახელებდა იმ ფაქტს, რომ წმინდა სვიმეონი წლების მანძილზე დღესასწაულობდა გარდაცვლილი სულიერი მამისა და მოძღვრის – წმინდა სვიმეონ ღვთისმოშიშის ხსენების დღეს, როდესაც იგი ეკლესიას ოფიციალურად არ ჰყავდა წმინდანად შერაცხული. ამით სტეფანე სვინკელმა ეჭვქვეშ დააყენა წმინდა სვიმეონ ღვთისმოშიშის, როგორც წმინდანის, პიროვნება და ცოდვილად გამოაცხადა.
სტეფანე სვინკელს, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის წინააღმდეგ, მომხრენიც მალე გამოუჩნდნენ, როგორც საპატრიარქოდან, ასევე წმინდა მამანტის მონასტრის ძმობიდან და ყოფილ წინამძღვარს კვლავ დასდეს ბრალი ერთპიროვნულ და თვითნებურ მოქმედებაში. დავა საღვთისმეტყველო საკითხებსაც შეეხო, მაგრამ იმდენად თვალსაჩინო იყო წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის უპირატესობა, რომ კამათი დიდხანს არ გაგრძელებულა. თავდაპირველად, წმინდა სინოდმაც წაუყრუა წმ. მამანტის მონასტერში მიმდინარე მოვლენებს, რამეთუ სვიმეონ ღვთისმოშიშის ხსენების დღე თავადაც არაერთგზის აღუნიშნავთ. მაგრამ სტეფანე სვინკელი დაბეჯითებით ითხოვდა სასამართლოს და წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის საჯაროდ დასჯას. ამ სასამართლო პროცესებზე წმ. სვიმეონი თავგამოდებით იცავდა თავის სულიერ მამასა და მოძღვარს. ბოლოს, სტეფანე სვინკელმა მოურიდებლად ითხოვა წმინდანის ხატის შეურაცხყოფა და დაწვა. გაუთავებელი ლანძღვა-გინებით გაბეზრებული სინოდი იძულებული გახდა, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი პალეკიტონის უკაცრიელ კონცხზე გადაესახლებინა.
ეს მოხდა ზამთარში. დათოვლილ კონცხზე მარტოდმარტო დარჩენილმა წმინდა სვიმეონმა, პირველ ყოვლისა, მადლობა აღავლინა უფლის მიმართ, წმ. მარინეს სახელობის მცირე ეკვდერში ილოცა და შემდეგ სტეფანე სვინკელს მისწერა წერილი, რომელშიც მისი საქციელი უტიფრობად შერაცხა და მიუტევა, როგორც ქრისტესმიერ ძმასა და მოყვასს. გაბოროტებულმა სტეფანე სვინკელმა ახალი ცრუ ბრალდებები შეთითხნა წმინდა სვიმეონის წინააღმდეგ და ისევ კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდს წარუდგინა: წმინდა სვიმეონ ღვთისმოშიშის ხსენების დღეს იმიტომ დღესასწაულობდა წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი დიდი ზარზეიმით, რომ დიდძალი შესაწირი შესდიოდა და პირად საგანძურში ინახავდაო. ამასაც არ დასჯერდა. წმ. მამანტის მონასტერი დაარბევინა, მაგრამ ვერაფერს მიაკვლია – საგანძურის ნაცვლად მხოლოდ წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის პირადი ნივთები, წიგნები და ტანსაცმელი შერჩა ხელთ.
მთელი კონსტანტინოპოლის მოსახლეობა და საეკლესიო სინოდი დიდად აღაშფოთა სტეფანე სვინკელის მორიგმა თავხედობამ. სენატორმა გენერიუსმა წმინდა სინოდს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გადაესინჯა წმინდა სვიმეონის საქმეები და იგი გადასახლებიდან დაებრუნებინა. უკაცრიელ კონცხზე გადასახლებული წმინდა სვიმეონი სულით არ დაცემულა. იგი სულიერი შვილის, ქრისტეფორეს შეწევნითა და დახმარებით წმ. მარინეს სალოცავში დაეყუდა. ამ პერიოდში შექმნა ღვთაებრივი სიყვარულის ჰიმნები, ქადაგებები მრევლისათვის, არაერთი ბრწყინვალე რჩევა-დარიგება ბერ-მონაზონთათვის, რომელთაც "სამოღვაწეო, შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი" უწოდა.
საქმის რეალური ვითარების გარკვევის შემდგომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი დედაქალაქში და კვლავ წმ. მამანტის მონასტრის წინამძღვრად დაედგინათ. წმინდა სვიმეონმა სასტიკი უარი განაცხადა მონასტრის წინამძღვრობაზე, რადგან წინამძღვრის მოვალეობის ღირსეულ აღმსრულებლად არსენი მიაჩნდა და თავად ძმობის წევრად დარჩა. აღარც პატრიარქი შეწინააღმდეგებია და ამრიგად, 1010-1011 წლებში კონფლიქტი სტეფანე სვინკელსა და სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს შორის დასრულდა.
ხანგრძლივმა ნერვიულობამ და გადასახლებამ ძალზე შეარყია წმინდანის ჯანმრთელობა. მას კუჭის წყლული გაუჩნდა და ბოლო წლებში ლოგინად ჩავარდნილს მოწაფეები და ძმობის წევრები ერთგულად უვლიდნენ. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მიიცვალა 73 წლისა, 1022 წლის 12 მარტს, იმ დღეს, რომელიც თავად იწინასწარმეტყველა. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღით ადრე მოწაფეებმა იხილეს თუ როგორ ლოცულობდა სანთლის შუქზე ოთხი მტკაველის სიმაღლეზე ჰაერში გაჩერებული, მთლიანად ნათლით გარემოცული წმინდანი, რაც თვითმხილველმა ნიკიტა სტიფატემ კიდეც აღწერა.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გარდაცვალების დღიდანვე ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 მარტი (25 მარტი ახალი სტილით) დააწესა. და რადგანაც მისი ხსენება თითქმის უმეტესად დიდ მარხვას ემთხვევა, წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა მისი ხსენება 12 ოქტომბერს გადაიტანა (ძვ. სტილით).
მაია ინდუაშვილი
................................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი