წმინდა დოსითეოსი VI საუკუნეში მოსაგრეობდა. ერთხელ ამბა სერიდამ წმინდა დოროთეს, რომელიც მონასტრის საავადმყოფოს მეთაურობდა, ერთი ყმაწვილი მოუყვანა.
მას სამხედრო ფორმა ეცვა, სუსტი აღნაგობისა იყო და იფიქრებდი, უდაბნოში მკაცრ მონაზვნურ ცხოვრებას ვერ შეძლებსო. ის დიდი სამხედრო მეთაურის ადიუტანტი გახლდათ, აქამდე ფუფუნებაში ცხოვრობდა და ღმერთზე არაფერი გაეგონა. სამხედროები მას წმინდა ქალაქს აღუწერდნენ, მან უფროსისაგან ნებართვა აიღო და თავისი მეთაურის მეგობართან ერთად წმინდა მიწაზე წავიდა. მივიდა გეთსიმანიაში, სადაც დახატული ჯოჯოხეთი იხილა.
ჭაბუკი იდგა და გაოცებული შეჰყურებდა. როცა მიბრუნდა, ნახა მის მარჯვნივ მდგარი იისფერსამოსლიანი ქალბატონი, რომელიც გამოსახულებებს სათითაოდ უჩვენებდა, უხსნიდა მათ მნიშვნელობას და სულის საცხონებელ სიტყვასა და ღვთის შიშს ასწავლიდა.
ჭაბუკი უსმენდა და ძლიერ უკვირდა, რადგან ღვთის სიტყვა არ სმენოდა და არც ის, სატანჯველი თუ არსებობდა, და ჰკითხა: "დედოფალო, თუ ასეა, ვერავინ გადაურჩება ამ სატანჯველთ?" მან უპასუხა: "იმარხულე, ნუ შეჭამ ხორცს და ევედრე ღმერთს, ცხონებისკენ წაგიძღვეს!" როგორც კი მცნებები მისცა, გაუჩინარდა. მას შემდეგ ნეტარი დოსითეოსი მარხვასა და ლოცვას შეუდგა.
არ ჭამდა ხორცს, არც ვინმესთან დადიოდა, როგორც სჩვეოდა, არამედ ყოველთვის დამწუხრებული, მგლოვიარე, მტირალი და მდუმარე იყო. მასთან მყოფები ხედავდნენ ამას, უკვირდათ და ევედრებოდნენ გულის წადილის გამხელას. როცა საქმეში გაერკვნენ, უთხრეს: "ბატონო, როგორც შენ იქცევი, არ შეჰფერის კაცს, ვისაც ერში, მით უმეტეს, ხელმწიფესთან ყოფნა სურს. თუ ასეთი ცხოვრება გწადია, მონასტერში წადი, რათა სული სრულად იცხოვნო". მანაც უთხრა: "მაშ, გამოიჩინეთ ღვთის სიყვარული და წამიყვა¬ნეთ, სადაც იცით".
ახლობლებმა ის ამბა სერიდას მონასტერში მიიყვანეს. წმინდა დოროთეს კითხვაზე, რისთვის მოხვედიო, ყმაწვილი მხოლოდ ამას იმეორებდა: "მინდა, ვცხონდე და ჩემი სული სატანჯველს გადაურჩეს", ღირსი ბარსანოფის კურთხევით, სერიდამ ყმაწვილი მიიღო მონასტერში და წმინდა დო¬როთეს ჩააბარა: "თუ ასეა, გამოიჩინე სიყვარული, შენთან იყოს, რათა ცხონდეს. მისი ძმებთან ყოფნა არ მინდა". მამა დოროთემაც დიდი გულმოდგინებით მიიღო იგი. უძლურთა მსახურება უბრძანა. ისიც გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველას. სახელად დოსითეოსი ერქვა, რაც ღვთისგან მოცემულს ნიშნავს. ერთ დღეს მამა დოროთემ უბრძანა: "საღამომდე იმარხულე, შემდეგ მაძღრივ ჭამე პური და რამდენსაც შეჭამ, მითხარი". ასეც მოიქცა. მივიდა და მამა დოროთეს მოახსენა: "ერთნახევარი პური ვჭამე". მამა დოროთემ თანდათანობით შეამცირებინა, და ასე, ღვთის შეწევნით, ძალზე მცირე წონამდე დაიყვანა. ნეტარი დოსითეოსი ყველაფერს წრფელად, გულმოდგინედ ასრულებდა. უძლურებს რწმენით ემსახურებოდა. თუ განრისხდებოდა და ძმას უხეშად მიმართავდა, მყისვე თავს ანებებდა ყველაფერს, შედიოდა საკუჭნაოში, ჯდებოდა და ტიროდა. მოდიოდნენ სხვა ძმები, ამშვიდებდნენ, მაგრამ ამაოდ. მაშინ მიდიოდნენ და მამა დოროთეს ეუბნებოდნენ: "მამაო, ნახე, რა სჭირს იმ ძმას, ასე მწარედ რომ ტირის".
როცა მამა დოროთე შედიოდა, მას მიწაზე მჯდომსა და მტირალს პოულობდა. ეუბნებოდა: "რა მოხდა, დოსითეოს, ასე რა გატირებს?" ის კი მიუგებდა: "შემინდე, მამაო, რადგან განვრისხდი და ძმას რისხვით მივმართე". მაშინ მამა დოროთე ეუბნებოდა: "არ გრცხვენია, ასე რომ მრისხანებ და შენს ძმას რისხვით მიმართავ?! არ იცი, რომ იგი ქრისტეა და ქრისტეს შეაწუხებ?" ის კი მხოლოდ ტიროდა და სხვას არაფერს ამბობდა. როცა მამა დოროთე ნახავდა, რომ ბევრი იტირა, ეტყოდა ხოლმე: "ადექი, ღმერთმა შეგინდოს! ამიერიდან ფრთხილად იყავი და ღმერთი შეგეწევა". ამ სიტყვებს იგი ისეთი რწმენით იღებდა, თითქოს ღვთისგან ისმენდა, სასწრაფოდ წამოდგებოდა და თავის მსახურებას უბრუნდებოდა. წმინდა დოროთე მას არასდროს აძლევდა უფლებას, თავისი ნება აესრულებინა ან რამე ნივთი პქონოდა, რომელიც მოსწონდა. ისიც ყველაფერს სიხარულით იღებდა. ერთმა კაცმა ნეტარ დოსითეოსს დანა მისცა. მან წმინდა დოროთეს წაუღო და უთხრა: "ამა და ამ ძმამ ეს დანა მომცა. თუ მიბრძანებ, დავიტოვებ, რადგან ძალიან კარგი რამ არის და კარგად ჭრის". ნახა ბერმაც და მოეწონა, მაგრამ წმინდანი არასდროს იჩერებდა ნივთს, რომელიც გულით მოსწონდა. უთხრა ნეტარ დოსითეოსს: "დოსითეოს, დანის მონობა გსურს, და არა ქრისტესი? არ შეგრცხვება, ამის გამო ანგარების ეშმაკი რომ დაგეუფლოს, რაც იგივე კერპთმსახურებაა?"
ნეტარი მიწას დასჩერებოდა თავდადრეკილი და ბერის შეხედვასაც ვერ ბედავდა. ამ სიტყვების შემდგომ მისცა დანა და უთხრა: "წაიღე და საავადმყოფოში დადე, ძმებმა რომ გამოიყენონ. შენ კი ნუ იხმარ, არც კი აიღო!" ნეტარი დოსითეოსი იმდენად იცავდა ბერის ბრძანებას, რომ თუ სთხოვდნენ, მისაწოდებლადაც კი არ გაწევდა ხელს, მხოლოდ უჩვენებდა და ეუბნებოდა: "გამოიჩინე სიყვარული და თვითონ აიღე, ძმაო". ყველა ძმა ხმარობდა დანას, ის კი საერთოდ არც ეხებოდა. ნეტარმა დოსითეოსმა მონასტერში მხოლოდ ხუთი წელი გაატარა, იყო სრულ მორჩილებაში, საკუთარი ნება არასოდეს აუსრულებია.
წმინდა დოსითეოსი დასნეულდა მძიმე და სასტიკი სენით, სისხლს ანთხევდა. ვიღაცამ უთხრა, ამ სნეულებას კვერცხი უხდებაო. მან მამა დოროთეს უთხრა: "მამაო, შევიტყვე, თუ რა უხდება ჩემს დაავადებას, მაგრამ არ მინდა, მომცე, რადგან მასზე ფიქრი მტანჯავს, შემპირდი, რომ არ მომცემ, რადგან ის ძალიან მსურს და გულით მწადია". მამა დოროთემ მიუგო: "კეთილი, შვილო, როგორც გსურს, ისე მოვიქცევი". მაშინ დოსითეოსმა უთხრა: "მამაო, გავიგე, რომ ამ დაავადებას კვერცხი უხდება, მაგრამ გევედრები, თუ შეიძლება, არ მომცე ჩემი სურვილის გამო". უთხრა მამა დოროთემ: "ნუ წუხხარ, რადგან არ გსურს, არ მოგცემ. ღმერთმა შეიწიროს შენი ღვაწლი!" მამა დოროთე კი ცდილობდა, კვერცხის ნაცვლად სხვა რამ უფრო სასარგებლო წამალი მიეცა.
მუდმივად იესოს ლოცვას ასრულებდა, როცა მდგომარეობა დაუმძიმდა, წმინდა დოროთემ უთსრა: "ყურადღებით იყავ, დოსითეოს, არ შეწყვიტო ლოცვა!" "შენი წმინდა მადლით ვლოცულობ, მამაო", - უპასუხა მან. როცა უფრო მეტად დამძიმდა, კვლავ ჰკითხა წმინდა დოროთემ: "რა არის, დოსითეოს, შეგიძლია ლოცვა?" ნეტარმა დოსითეოსმა მიუგო: "დიახ, მამაო, შენი ლოცვით ჯერ კიდევ ვლოცულობ". როცა იმდენად დამძიმდა, რომ საწოლშიც ვეღარ ინძრეოდა, მამა დოროთემ ჰკითსა: "როგორ მიდის ლოცვა, დოსითეოს?" მიუგო: "შემინდე, მამაო, აღარ შემიძლია ლოცვა". წმინდა დოროთემ უთხრა: "შვილო, დაანებე ლოცვას თავი, მხოლოდ ღმერთი გახსოვდეს და თვალწინ გყავდეს". ძალზე, რომ გაუჭირდა, წმინდა ბარსანოფის სთხოვა, - მამაო, ღმერთს ევედრე, რომ ამქვეყნიდან გამიყვანოსო. ბერდიდმა მონაზონს მოთმინებისკენ მოუწოდა. რამდენიმე დღის შემდგომ კვლავ უთხრა მამა დოროთეს: "თუ გნებავს, მამაო, უთხარი წმინდა ბარსანოფის, რომ აღარ შემიძლია. ევედროს ღმერთს, წამიყვანოს!" მაშინ წმინდა ბარსანოფიმ შეუთვალა: "ახლა კი, შვილო, წადი მშვიდობით, წარუდექ წმინდა სამებას და მეოხება გაგვიწიე!" მაშინ დოსითეოსმა სული უფალს მიაბარა.
მონასტრის ძმებს წმინდა ბარსანოფის სიტყვები ძლიერ გაუკვირდათ. ზოგმა თქვა: "რა ღვაწლს ეწეოდა ეს ძმა, ბერისგან ასეთი სიტყვების ღირსი რომ გახდა? ვხედავდით, ბევრს არაფერს მოღვაწეობდა, სხვა ძმების დარად არც ორ-ორი დღე მარხულობდა, არც ზარის დარეკვამდე იღვიძებდა, არცა სხვა რამ ღვაწლი გვიხილავს. ზარების დარეკვის შემდეგ დგებოდა და ხშირად ორი კანონის შემდგომაც მოდიოდა ეკლესიაში. პურს ყოველდღე ჭამდა. თუ ავადმყოფებს ცოტა თევზი დარჩებოდათ, იმასაც ჭამდა. როგორღა გახდა ამ წმინდა და დიდი ბერის ასეთი სიტყვების ღირსი?"
მათ არ იცოდნენ დოსითეოსის სრული, უსიტყვო მორჩილების შესახებ. მამა დოროთეს ხუმრობითაც რომ ეთქვა რამე, იგი სიმართლედ და მისი სულისთვის დიდად სასარგებლოდ მიიჩნევდა.
დიდი ნდობა ჰქონდა წმინდა დოროთესი. როცა თავის გულისთქმაზე ჰკითხავდა, რასაც უბრძანებდა, ისე იღებდა, თითქოს ღვთის პირიდან ესმოდა, არ ივიწყებდა და იმდენად იცავდა, რომ თავის ცხოვრებაში ერთსა და იმავე გულისთქმაზე კითხვა ორჯერ არასდროს დაუსვამს ბერისთვის.
მისი გარდაცვალებიდან გამოხდა ხანი და ერთმა ბერდიდმა მონასტრის გარდაცვლილი ძმების ხილვა მოისურვა და ამისთვის ღმერთს შეევედრა. მართლაც მან ჩვენებაში მონასტრის გარდაცვლილი მამები ყველა დიდ პატივში ნახა. მათ შორის იყო ვინმე მშვენიერი ყმაწვილი, რომელსაც თავზე ბრწყინვალე და ძალზე ძვირფასი გვირგვინი ედგა. ბერმა ის ვერ იცნო და თავის მეგზურ ანგელოზს ჰკითხა: "უფალო, ჩვენი მონასტრის ყველა ამ მამას ვიცნობ, მაგრამ მითხარი, ვინ არის ეს გვირგვინოსანი ყმაწვილი, მათ შორის რომ დგას?"
ანგელოზმა მიუგო: "ეს დოსითეოსია, ვინც მორჩილებისთვის იღვაწა და ქრისტესა და მოძღვრის სიყვარულისთვის მთელი თავისი ნება უარყო". ბერდიდმა ეს ჩვენება მამებს მოუყვა და ყველამ გაოცებულებმა მადლობა შესწირეს უფალს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი