ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი IX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი დაიბადა კუნძულ კრეტაზე მდებარე სოფელ კედონიაში,
ქრისტიანთა ოჯახში. 10 წლის იყო, როცა მშობლებმა კონსტანტინეპოლში გააგზავნეს, ბიძასთან – სტუდიტის მონასტრის ბერ ნეტარ თეოფანესთან. სავანის წინამძღვარმა, ღირსმა თეოდორემ ყრმა მონასტრის სასწავლებელში ჩარიცხა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 16 წლის ასაკში, წმიდანი ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი.
ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) დროინდელ დევნულობისას ღირსმა ნიკოლოზმა თეოდორე სტუდიელის ხვედრი გაიზიარა: მათ საპყრობილეებში სვამდნენ, ტანჯავდნენ, აბუჩად იგდებდნენ, წმიდა მამები კი ახოვნად განაგრძობდნენ მართლმადიდებლობის ქადაგებას. ნეტარი დედოფლის, თეოდორას (+867) მეფობისას, რომელიც ქვეყანას თავისი ვაჟის, მიხეილის სიყრმეში განაგებდა, ხატთაყვანისცემლობა აღსდგა და შფოთიც ჩაცხრა. ღირსი ნიკოლოზი სტუდიტის მონასტერს დაუბრუნდა და მის წინამძღვრადაც იქნა არჩეული. მყუდროება დიდხანს არ გაგრძელებულა. დედოფალ თეოდორას ხელისუფლების სადავეები ჩამოართვა მეფის ბიძამ, ბარდამ, თავის რძალთან დაუფარავი თანაცხოვრებით სულშებილწულმა. უწმიდესი პატრიარქი ეგნატე ამხელდა ბილწ ხელისუფალს და მის გონს მოყვანას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ: ბარდამ ცოდვას ცოდვა მიუმატა – მღვდელმთავარი ტახტიდან გადააყენა და გადაასახლა. წმიდა ნიკოლოზმა, რომელსაც არ სურდა უსჯულოების ზეიმს შესწრებოდა, დატოვა კონსტანტინეპოლი და მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა 7 წლის განმავლობაში. შემდეგ იგი დაატუსაღეს და სტუდიტის მონასტერში გამოამწყვდიეს. პატიმრობაში განვლო ორმა წელმა, მეფეების – მიხეილის (855-867) და ბარდას სიკვდილისა და ტახტზე ბასილი I მაკედონელის (867-886) აღსაყდრების შემდეგ კი ღირსი ნიკოლოზი განთავისუფლდა და წინამძღვრობას დაუბრუნდა. წმიდა ცხოვრებისათვის ნეტარმა მამამ უფლისაგან კურნების და სასწაულქმედების ნიჭი მიიღო, 868 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
"წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი