დავითის ცხოვრება აღსავსე იყო გამოცდებით, ტრიუმფალური გამარჯვებებითა და მწუხარებებით. მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავისი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში, ულხინს თუ უჭირს, დავითი წერს ფსალმუნებს, ლოცულობს და ადიდებს ღმერთს. იგი მუდამ უფალზე იყო მინდობილი. როდესაც პირველად აჩვენა ისრაელის მხედრობას თავისი ძალა, ამით თვალნათლივ აგრძნობინა, რომ მთელი მისი სიძლიერე უფალშია. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დავითმა ფილისტიმელ გოლიათს სძლია. დავითი მას უსაჭურვლოდ შეერკინა: აიღო მწყემსის კვერთხი, შურდული, გუდა ხუთი ქვით და გოლიათს წარუდგა: "შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ, მე კი შენ უფალი საბაოთის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გებრძვი..." დავითის მთელი სიცოცხლე მტრებთან ბრძოლის დაუსრულებელი ეპიზოდებითაა აღსავსე, მისი ყველა გამარჯვება სწორედ ასე ხდება: ძლევა უფლის მიერ. დავითი ძალას ეძებს უფალში, არასოდეს დაიმედებულა ადამიანური ძალებით. დავითმა გოლიათზე რწმენით გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ დავითი ასე ახლოს იყო უფალთან, ვერც ის გაექცა ცოდვით დაცემას. დავითის ცხოვრებაში არაერთი შეცდომა შეინიშნება, რის გამოც უფალმა ის დაუსჯელი არ დატოვა, მაგრამ დავითის მთელი სულიერი სიძლიერე გახლდათ ის, რომ ამ სასჯელებს იგი ღვთის სამართლიანობის განცდითა და მისი სიყვარულის გამოვლინების იმედით იღებდა, ყოველივე სიმშვიდით სწორედ ამიტომ გადაჰქონდა. ერთხელ იერუსალიმიდან შვილის გაქცეულ დავითს ვინმე ბენიამინელი ქვებს ესროდა და წყევლიდა. დავითის მხედართმთავარმა თავხედის დასჯა მოინდომა, მაგრამ დავითმა კატეგორიულად აუკრძალა ერთადერთი მიზეზით: იქნებ უფალი აწყევლინებს ჩემს თავსო.
ტახტზე ასვლამდე, როგორც ჩვეულებრივ კაცს, ბევრი რამ ეპატიებოდა დავითს, მაგრამ ტახტზე მჯდომი მთელ ქვეყანაში ხელისგულივით მოჩანდა თავისი სიავკარგით. მაშინ, როცა უდაბნოს მიწაზე და გამოქვაბულებში ათევდა ღამეებს, მისი ერთადერთი მამხილებელი საკუთარივე თავი იყო; სინდისს - "მამხილებელ გონებას" მისას არ ეძინა, მაგრამ ტახტზე აღზევებულისთვის, როცა სასახლეში დაიდო ბინა, საჭირო შეიქნა გარეშე მამხილებელი. ეს იყო წინასწარმეტყველი ნათანი, მისი სულიერი მოძღვარი, რომელიც მოწოდებული იყო ღვთის ცხებულში სინანულის გასაღვიძებლად. მაგრამ ნათანი, რაკი მეფესთან ჰქონდა საქმე, იგავებით გამოთქვამდა სამხილებელს, არა პირდაპირ - ასეთი იყო აღმოსავლეთში მიღებული წესი მხილებისა.
ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ დავითის ერთ ცოდვაზე, რომელიც მან ურია ქეტელის ცოლთან, ბერსაბესთან ჩაიდინა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დავითი თავისი მმართველობის ზენიტში იყო. მაშინ ის 45 წლის გახლდათ და უკვე მე-8 წელი მეფობდა მთელ ისრაელზე. დავითმა ამ დროისათვის მრავალი ბრძოლა გადაიხადა და ყოველი მათგანი გამარჯვებით დაასრულა. ერთხელ თვალი მოჰკრა ქმნულკეთილ ბერსაბეს, ძლიერ მოეწონა და დაწვა მასთან. ბერსაბე ურია ქეტელის ცოლი გახლდათ. ამ დროს ისრაელი ამონიტელებს ებრძოდა და ბერსაბეს ქმარი ომში იყო. მან თავის მხედართმთავარ იოაბს მისწერა წერილი, ბერსაბეს ქმარი შინ გამოეშვა, რათა მისი დაბრუნებით დავითის ცოდვა დაფარულიყო, თუმცა ურია ქეტელმა არ იკადრა შინ, ცოლთან დაბრუნება იმ დროს, როცა მისი ბატონი და მეგობრები ომში იყვნენ. ამის გამო დავითი იოაბს უბრძანებს, ურია ქეტელი დააყენოს იმ ადგილას, სადაც ფიცხელი ბრძოლა უნდა გაიმართოს, რათა მოკლან. მართლაც, ურია ბრძოლაში იღუპება, დავითი ბერსაბეზე იქორწინებს.
განცხრომით ცხოვრებამ ისე გამოცვალა დავითი, რომ ეს ბოროტება ისე ჩაიდინა, სინდისს სრულიადაც არ შეუწუხებია. ღმერთმა მთელი წელიწადი უცადა დავითის სინდისის გაღვიძებას, მაგრამ ტყუილად, მაშინ, მისი ბრძანებით, გამოცხადდა დავითთან ნათან წინასწარმეტყველი და უთხრა: - მეფევ, გამისამართლე შემდეგი საქმე: ერთ ქალაქში ორი კაცი ცხოვრობდა. ერთი მეტად მდიდარი, მეორე ღარიბი. მდიდარს ჰყავდა მრავალი ცხვარი და სხვა შინაური საქონელი. ღარიბს კი არა ებადა რა, ერთი ცხვრის მეტი, რომელიც მას უყვარდა და ეფერებოდა; ცხვარს აჭმევდა თავის ჯამში, ასმევდა თავისი საწყლიდან და აძინებდა თავის მუხლებზე. ერთხელ მდიდარ კაცს ეწვია სტუმარი, მან დაინანა თავისი ცხვრის ფარებიდან საკლავის დაბარება, წაართვა ღარიბს ის ერთადერთი ცხვარი, დაჰკლა და უმასპინძლა თავის სტუმარს. დავითმა ეს რომ მოისმინა, გაბრაზდა იმ მდიდარ კაცზე და გაცეცხლებულმა თქვა: მაგისთანა უსამართლობის ჩამდენი სწორედ სიკვდილის ღირსია. მაშინ წინასწარმეტყველმა უთხრა დავითს: ეს კაცი შენა ხარ, - და დაუმატა, - ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ისრაელისა: მე შენ გაგხადე მირონცხებული მეფე, მე შენ გამოგიხსენ საულის ხელიდან. რად გადაუდეგ მცნებას ღვთისასა და რად ჩაიდინე ბოროტება ჩემს თვალწინ? შენ მოჰკალი საწყალი ურია ქეტელი მტრის ხელით და მისი ქვრივი დაისვი ცოლადო. დავითმა ცხადად იგრძნო თავისი შეცოდება, სინდისი გაეღვიძა და გულითადი სინანულით აღიარა ცოდვა წინასწარმეტყველის წინაშე. შევცოდე მე უფლის წინაშე, - უთხრა დავითმა ტირილით წინასწარმეტყველს. წინასწარმეტყველმა მიუგო: უფალი ხედავს შენს სინანულს და გაპატიებს ცოდვას. შენ თვითონ არ მოკვდები, მაგრამ რადგანაც ამ საქმით დაამცირე შენი ღმერთი მტრის თვალში, მოკვდება შვილი შენი, შობილი ბერსაბესგან, - ეს თქვა, გაბრუნდა და განშორდა დავითს. დავითი იყო მეტად მოსიყვარულე მამა და ძალიან უყვარდა ბერსაბესაგან შობილი შვილი, ამიტომ ემწარებოდა მისი სიკვდილი, მეტადრე ეთუთქებოდა გული, როდესაც წარმოიდგენდა, რომ ეს უმანკო ყმაწვილი სიკვდილით უნდა დასჯილიყო მამის შეცოდების გულისათვის. დავითი დაემხო მიწაზე, გოდებდა, სტიროდა და მარხული რამდენსამე დღეს ცხარე ცრემლით სთხოვდა უფალს, მისი ჩვილი გადაერჩინა. ეს ღრმა სინანული ამ დროს მან გამოხატა ლექსად იმ მშვენიერ ფსალმუნში, რომლითაც ახლა ყველა ცოდვილი ხელმძღვანელობს სინანულის დროს: "მიწყალე მე, ღმერთო, - ტირილით შესთხოვდა დავითი უფალსა, - დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი; უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე, რამეთუ უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ... გული წმინდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა"... მაგრამ სიტყვა ღვთისა შეურყეველია: საყვარელი, უმანკო შვილი დავითს მაინც მოუკვდა. მაშინ დავითი ადგა, დაიბანა პირი, დაივარცხნა თმა და წავიდა ტაძარში ღვთის თაყვანისცემისათვის. ტაძრიდან გამოსულმა მოლხენა დაიწყო. შინაურებს გაუკვირდათ მისი ასეთი ქცევა: მანამ ბავშვი ცოცხალი იყო, სტიროდი და მარხულობდი, ახლა კი, როცა მოკვდა, მოიმხიარულე და მარხვასაც დაანებე თავიო. დავითმა მიუგო: მე ვტიროდი და ვმარხულობდი, სანამ მეგონა, რომ უფალს შევაბრალებდი ჩემს ბავშვს. ახლა კი, როდესაც ნება ღვთის ასრულდა და ბავშვი მოკვდა, მას ტირილით და ცრემლით ვეღარ დავიბრუნებ. შემიძლია მწუხარებით მას თან გადავყვე, მაგრამ ამით ვეღარაფერს ვუშველი"...
მაგრამ შვილის სიკვდილით არ გათავდა დავითის უბედურებანი. დავითის ერთმა ძემ, აბესალომმა, მოკლა თავისი ნახევარძმა ამნონი, მეორე ძე მეფისა, რის შემდეგაც მას იერუსალიმის დატოვება მოუწია. იერუსალიმში დაბრუნების შემდგომ აბესალომი მამას აუჯანყდა და ამჯერად უკვე დავითი გახდა იძულებული, გაქცეულიყო თავისი ქალაქიდან. მოგვიანებით აბესალომი დაედევნა მამას ჯარით, მათ შორის ბრძოლა გაიმართა. ამ ომში აბესალომიც მოკლეს.
დავით მეფემ დაკარგა მემკვიდრე და შვილი ერთდროულად - ორკეცია მისი მწუხარება. შვილზე გლოვის მხოლოდ ორად ორი შემთხვევაა ძველ აღთქმაში: იაკობი მოთქვამს იოსებზე, მოთქვამს არა მხოლოდ როგორც შვილზე - მის გარდა მას კიდევ თერთმეტი ჰყავს, - არამედ რჩეულ შვილზე, რომელიც მან დაამშვენა "ჭრელი კვართით". ეს "ჭრელი კვართი" გახდა ძმების შურის მიზეზი და მათ დაღუპეს იგი, ჩააგდეს ჭაში, შესვარეს მისი სამოსელი თხის სისხლით, რათა მამას დაეჯერებინა საყვარელი შვილის სიკვდილი. ხომ უზომო იყო მამის მწუხარება, მაგრამ ბიბლიური ავტორი აქაც ერთგულია მოვლენათა აღწერის მისებური წესისა - იაკობის მოთქმა სამი ფრაზით არის გადმოცემული, იმ მნიშვნელოვანი, ერთადერთი სიტყვებით, რომლებიც უთუოდ უნდა წარმოეთქვა სასოწარკვეთილს: "ჩემი შვილის კვართია! ნადირს შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები!" მერე სიტყვებია, რომელთაც ალბათ მრავალგზის იმეორებდა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!" ხომ განუზომელია დავითის მწუხარება, მაგრამ მხოლოდ ორმა სიტყვამ, ინდივიდუალური რიტმით წარმოთქმულმა, დაიტია იგი: "შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო აბესალომ! (ბენი აბშალომ, ბენი ბენი აბშალომ) ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!" (2 მეფ. 18:33). და ისევ და ისევ სხვა რიგით: "შვილო, აბესალომ, აბესალომ, შვილო, შვილო!" (ბენი აბშალომ, აბშალომ ბენი, ბენი). გარდა ურია ქეტელის ეპიზოდისა, რომლისთვისაც დავითმა პიროვნულად სავსებით მიიღო საზღაური, ხოლო შთამომავლობას, კაცობრიობას დაუტოვა ყოველი ქრისტიანისათვის ნაცნობი სინანულის შეუდარებელი 50-ე ფსალმუნი, მასში არავითარი ბიწი არ იპოვებოდა. უფალს უყვარდა დავითი და, ამ სიყვარულის გამო მის შემდეგ გვირგვინი და კვერთხი არ წართმევია მის ნაშიერს მრავალი თაობის მანძილზე. მიუხედავად მეფობისადმი უფლის უარყოფითი დამოკიდებულებისა, დავითი რჩებოდა მეფის ეტალონად დინასტიურ ისტორიაში.
დავითი იყო მეფეც და წინასწარმეტყველიც, მეფსალმუნეც, რომლის ავტორობით შედგენილი უბრწყინვალესი ნაწარმოებები ღვთის სადიდებლად გამოიყენებოდა და დღემდე აღესრულება ღვთისმსახურებისას.
"გალობანი სინანულისანი"
"ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები? ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს?" - მოკრძალებულად კითხულობს ანა კალანდაძე. ამ სტრიქონებში ბრწყინვალედაა გამოხატული ის ემოცია, რომელიც მკითხველს დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანის" პირველი აღქმისას უჩნდება; შემთხვევითი არაა, რომ ეს ნაწარმოები ქართველმა წმინდა მეფემ 50-ე ფსალმუნის მოტივზე შექმნა. დავით აღმაშენებელს "გალობანი სინანულისანის" დაწერის გარდა, სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, მისი სახელი მაინც უკვდავი იქნებოდა. "გალობანი სინანულისანი" ნათლად მეტყველებს, თუ რამდენად მაღლა იდგა სულიერად ეს პიროვნება, რამდენად გრძნობდა იგი სინანულის აუცილებლობას; აცნობიერებდა, რომ სინანული უპირველესი სამკურნალო ძალაა, რომლის გარეშეც კაცი ვერ ცხონდება. მკვლევართა ერთმა ნაწილმა "გალობანი სინანულისანში" დავითის ცოდვათა კონკრეტული შინაარსის ამოცნობა დაისახა მიზნად. რით უნდა იყოს გამოწვეული ისტორიულ წყაროებსა და ხალხის შეგნებაში დიდებით მოსილი მეფის მწვავე სინანული? მათი აზრით, დავითის გოდება შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო ისტორიულად ჩადენილი ჩვენთვის უცნობი ისეთი ფაქტებით, რომელსაც ქრისტიანული სჯულმდებლობა ცოდვად რაცხავდა. მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევამ (მ. კაკაბაძე, ნ. ნათაძე) გვიჩვენა, რომ "გალობანი სინანულისანის" შემდგომი შესწავლა უნდა წარიმართოს მასში ზოგადსაკაცობრიო მოტივთა გზით. მნიშვნელოვანია, რომ დავით აღმაშენებლის "გალობანში" საუბარია არა ერთ ცოდვაზე. არა ერთხელ მომხდარ რაიმე უმსგავსოებაზე, არამედ ცოდვათა რიგზე, რომელიც ჩადენილია კაცთა მოდგმის დასაბამიდან.
დავითის ბიოგრაფიაში საძებნელია არა რაიმე მძიმე შეცოდება, არამედ შეცოდებათა შეგნების არაჩვეულებრივი უნარი და მაღალი ეთიკური მრწამსი. მასში ადამიანის დაცემის ბიბლიური ისტორიის ფონზე დახასიათებულია დავითის პიროვნული ცოდვები, მაგრამ ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე. დავით თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს
სინანული აღმოცენდება, როდესაც ადამიანში იწყება სწრაფვა იდეალისაკენ. იდეალიდან დაშორებაა ყველაზე არსებითი მიზეზი სევდისა. ამგვარი სევდა საყოველთაოცაა და ყველასათვის პიროვნულიც. "გალობანი სინანულისანში" გატარებულია აზრი, რომ ყველაზე დიდი ხსნა არა მარტო საკუთარი ცოდვების გამო გამოწვეულ სინანულშია, არამედ იმაშიც, რომ სხვის ცოდვასაც საკუთარ ცოდვად მიითვლი.
მხოლოდ დავითისნაირ მეფეს შეეძლო ამგვარი საგალობელი შეექმნა, ის ღვთისა და ქვეყნის სამსახურში თითქმის თანაბრად იდგა. მართალია, აღმაშენებელი მოწამებრივად არ აღსრულებულა, მაგრამ მისი ცხოვრება მთლიანად მოწამეობა იყო ერისა და სჯულის დაცვის გზაზე. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქრისტიანობის განმტკიცებისა და საქართველოს გაერთიანების საქმეში, დავითმა ეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებით დაიწყო და გაპარტახებული და დაშლილი საქართველოს გაერთიანებითა და აყვავებით დაასრულა. მისი ასეთი დიდი ღვაწლის გამო საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.