სულთმოფენობიდან მეორე კვირას აღინიშნება ათონის წმინდა მთაზე გაბრწყინებულ ღირს და ღმერთშემოსილ მამათა ხსენება.
ათონის წმინდა მთა მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილიზე. იგი 57 კილომეტრით შეჭრილია ეგეოსის ზღვაში, სიგანე 8-დან 12 კილომეტრამდეა. ათონის მთა ზღვის დონიდან 2033 მეტრის სიმაღლეზეა, მისი საერთო ფართობი 332 კვადრატული კილომეტრია.
ათონის წმინდა მთაზე, ამჟამად 20 მართლმადიდებლური მონასტერი, 12 სკიტი, ცალკეული კელიები და საცხოვრებლები მოქმედებს.
ათონის მთის მონასტერთა გაერთიანება უშუალოდ კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაშია 1313 წლიდან და კონსტანტინოპოლის პატრიარქატის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, ათონზე მხოლოდ იულიუსის კალენდარი (ძველი სტილი) მოქმედებს.
ქრისტიანობის ორიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე უფალმა სწორედ ათონის მთა გამოარჩია ბევრი დიდებული სახელის გაბრწყინებისა და სასწაულთა ადგილად. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, უფლის ამაღლებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, წინასწარ განისაზღვრა ათონის მთის მომავალი ისტორია. ეს მაშინ მოხდა, როდესაც დედა ღვთისმშობელმა ათონზე ფეხი დაადგა.
გემი, რომლითაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოანე მოციქულთან და სხვა თანამგზავრებთან ერთად კვიპროსის ეპისკოპოსის – ლაზარეს მიწვევით კვიპროსისაკენ მიემგზავრებოდა, ქარიშხალმა ათონის ნაპირთან გარიყა. დიდებითა და პატივით მიეგებნენ უფლის დედას ადგილობრივი მცხოვრებნი. ნაპირზე გადმოსულმა ღვთისმშობელმა მადლიერების ნიშნად წარმოსთქვა შემდეგი სიტყვები: "მადლი ჩემგან შობილისა ჰფარავდეს ამ მიწას დღემდე მეორედ მოსვლისა".
ათონზე განდეგილთა მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობები მეოთხე საუკუნიდან ჩნდება. მე-7 საუკუნეში კი, მას შემდეგ რაც მუსულმანებმა დაიპყრეს სირია, პალესტინა და ეგვიპტე, ამ ტერიტორიებიდან ძალიან ბევრმა ბერმა თუ განდეგილმა მიაშურა ათონის მთას. ბიზანტიის იმპერატორმა - კონსტანტინე IV-მ (668-685) ათონის მთა ბერების განკარგულებაში გადასცა და ათონზე შეუდგნენ მცირე მონასტრების მშენებლობას. 681 წელს ათონის ერთ-ერთ გამოქვაბულში დაიწყო მოსაგრეობა ჩვენთვის ცნობილმა პირველმა ისიქასტმა მთაწმინდელმა მამამ - წმინდა პეტრე ათონელმა, რომელიც იქ 53 წელი ცხოვრობდა.
წმინდა პეტრე ათონელი
მეოთხე საუკუნიდან არ შეწყვეტილა მამათა მოსაგრეობა ღვთისმშობლის მიერ კურთხეულ მიწაზე. რამდენი სიწმინდე, რამდენი სასწაული დაიტია ამ პატარა მიწამ. რამდენი ჩვენთვის უცნობი, დაფარულად მოღვაწე წმინდა მამა აღესრულა უფლის დიდებასა და პატივში. უამრავი წმინდა ნაწილი, სასწაულმოქმედი ხატი და სხვა სიწმინდეებია დავანებული თითოეულ მონასტერში. მარტო მე-11 საუკუნეში ათონის 180-მდე მონასტერში 50 000-მდე ბერი მოსაგრეობდა. 15 საუკუნის განმავლობაში შობდა ეს მიწა სრულიად ახალ, განსხვავებულ ადამიანებს - "ქრისტეს მიერ დაბადებულებს" (2 კორ: 5, 17) - სულიწმინდის მადლით, მორჩილებით, ლოცვითა და მარხვით გარდაიქმნებოდა ასკეტთა სული.
და რა მოსდიოდა მათ ხორცს, ვინც მთელი სიცოცხლე სულიწმინდის ძიებას მიუძღვნა? მათი სხეულები სიცოცხლეშივე და გარდაცვალების შემდეგაც იქცეოდა წყაროდ "წყლისა ცხოველისა" (ინ, 7:38), რომელიც თავად ასხივებს სულიწმინდის მადლს. აი, რატომ აქვს წმინდა მამათა ძვლებსაც კი მაკურნებელი და სასწაულმოქმედი ძალა.
ათონზე გაბრწყინებულ მამათა ლოცვამ და მადლმა გაგაძლიეროთ!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი