01.06.2021
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა,
როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანს და დედოფალ ნანას ეკავათ.
წმინდა ნინო წარმოშობით კაპადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. წმინდა ნინო 12 წლისა იყო, როდესაც მისმა მშობლებმა, ზაბულონმა და სოსანამ გაყიდეს მთელი ქონება და ღარიბ-ღატაკებს დაურიგეს. წმინდა ზაბულონი მდინარე იორდანეს მიღმა, უდაბნოში განმარტოვდა. წმინდა სოსანა პატრიარქმა უძლური დედების მომვლელად განაწესა, წმინდა ნინო კი მაცხოვრის საფლავის მომვლელ ქალს, სარა ბეთლემელს მიაბარა აღსაზრდელად. ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი რჯული და წმინდა ნინო კეთილად განასწავლა. წმინდა ნინომ მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი საქართველოში, სამეფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.
ერთხელ ღვთისმშობლის ხატთან მლოცველი ნინო საღვთო ძალამ აღიტაცა. მას ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: "აჰა წარგგზავნი ჩემს წილხვდომ ჩრდილოეთის ქვეყანაში-საქართველოში, წადი სიმხლით და უშიშრად დამ ის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე". შეძრწუნებულმა წმინდანმა მიუგო: "დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი, ან რა მექნება ამ საქმის ნიშნად და წინამძღვრად?" მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის შტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: "ამით დასძლევ ეშმაკის ყველა მანქანებას და წარმართვ ქადაგებას, ხოო მე შეგეწევი და აღარ დაგტოვებ". ჩვენების შემდგომ წმინდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა, და ადიდა უფალი და ღვთისმშობელი. მან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე და ამ სასწაულის ნიშანი, ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა.
საქართველოში გამომგზავრებამდე წმინდა ნინო ჯერ ეფესოში ჩავიდა, სადაც დაუახლოვდა ვინმე წარჩინებულ ქალს-რიფსიმეს, მის გამზრდელ გაიანეს და ორმოცდაათ ქალწულს, რომელნიც წმინდა ნინოს ქადაგებით მოინათლნენ. მალე იმპერატორმა დიოკლიტიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო და მათ დატოვეს საბერძნეთი, მიაღწიეს სომხეთამდე და სამეფო ბარს შეაფარეს თავი. დიოკლიტიანეს ბრძანებით ისინი სომხეთის მეფე თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა. უფალმა წმინდა ნინო დაიფარა, რამეთუ მას სხვა მსახურება მოელოდა. ძეციურმა ხმამ მოუწოდა აღმოსავლეთით წასულიყო. წმინდა ნინომ ზაფხულის დამდეგს ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან ორი დღე შეცერდა და მეთევზესთან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა: "ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგან მოსეს ქვის ფიცარზე, მასშიც ათი სიტყვა იყო დაწერილი:
1. "სადაცა ეს სახარება იქადაგება, იქ ითქვას ამ დედაკაცის შესახებ" (მატე 26.13)
2. "არც მამაკაცებმა, არც დედაკაცებმა, არამედ თქვენ ყოველნი ერთნი ხართ". (გალატელთა მიმართ 3.28)
3. "წადით და მომიწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა".(მატე 28.19)
4. "ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა". (ლუკა 12.32)
5. "იქადაგეთ სახარება სასუფეველისა ყოველსა სოფელსა". (მარკოზი 16.15)
6. "რომელმაც თქვენი ისმინოს და შეგიწყნაროთ, მე შემიწყნარა, და რომელმაც მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს ჩემი მომავლინებელი." (მატე 10.40.)
7. "ძალიან უყვარდა უფალს მარიამი, რამეთუ მარადის მის ჭეშმარიტ სიტყვას ისმენდა".
8. "ნუ გეშინიათ მათგან, რომელტაც მოსწყვიტონ ხორცნი თქვენი, ხოლო სულთა მოწყვეტა არ ძალუძთ". (მათე 10.20)
9. "უთხრა მარიამ მაგდალინელს იესომ, "წადი დედაკაცო და ახარე დათა ჩემთა". (იოანე 20. 17)
10. "ყველგან იქადაგეთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". ჩვენების შემდეგ წმინდა ნინომ დიდხანს ილოცა, მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.
მრავალი ჭირითა და იწროებით ჩავიდა საქართველოს მაშინდელ დედაქალაქ-მცხეთამდე. ლოცვითა და მარხვით, დიდი მოღვაწეობით მოაქცია მთელი ქართველი ერი და მიიძინა დაბა ბოდბეში.
იმ წმინდა ადგილს, სადაც წმინდა ნინომ პირველად ფეხი დაადგა საქართველოში და ჩვენება ჰქონდა, ფოკა ეწოდა. იგი ზემო ჯავახეთში, საქართველოს ყველაზე დიდი ტბის-ფარავნის პირას მდებარეობს. მისი ჰავა მეტად მკაცრი და სუსხიანია. ზამთარში ყინვა-37 გრადუსამდეა, საშუალო ტემპერატურა კი-20 გრადუსია. კლიმატური პირობების გამო მონასტერი ექვსი თვის განმავლობაში-ნოემბრიდან მაისამდე სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს.
საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობის და მიცვალების ადგილებში ოდითგანვე არსებობდნენ მონასტრები, ხოლო მისი შემოსვლის ადგილი ულოცველად იყო მიტოვებული. ამიტომ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 1989 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს მამათა, ხოლო 1992 წელს, ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტრები. მონასტრების დამკვიდრება დიდი გაჭირვებით მიმდინარეობდა. გარდა მძიმე კლიმატური პირობებისა, აქ სხვა სირთულეებიც იყო. ამიტომაც გვინდა მოკლე ისტორიული მიმოხილვა გავკეთოთ.
XVII საუკუნემდე ჯავახეთი, ისევე როგორც სრულიად საქართველო ქრისტიანული იყო, მაგრამ 1625 წელს იგი ოსმალეთმა დაიპყრო და 200 წელი იბატონა. ამ ხნის განმავლობაში ამ რეგიონის ქართველებმა დაკარგეს თავიანთი სარწმუნოება და გამაჰმადიანდნენ. 1828 წელს ჯავახეთი საქართველომ რუსეთის დახმარებით კვლავ დაიბრუნა, მაგრამ გამაჰმადიანებული ქართველები ოსმალეთში გადაიხვეწნენ და ეს მხარე დაცარიელდა. რუსებმა აქ სომხები ჩამოასახლეს, რომლებიც დამკვიდრდნენ, მომრავლდნენ და ამჟამად აქ სახლობენ. ტრადიციულად ისინი გრიგორიანული მრწამსის მიმდევრები არიან. აი, ამ მძიმე ისტორიული მემკვიდრეობის ფონზე ხდებოდა ამ ორი მართლმადიდებლური მონასტრის დაარსება. მათ დაარსებამდე ფოკაში სხვა მონასტერი არ არსებობდა, მხოლოდ XI საუკუნის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი იყო შემორჩენილი, ისიც ნანგრევების სახით. დაარსებისთანავე მონასტერში აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
მონასტრის დაარსებას ადგილობრივი მოსახლეობა სიფრთხილით შეხვდა, მაგრამ ღვთის შეწევნითა და წმინდა ნინოს ლოცვით, მონასტრები გაძლიერდნენ, დამკვიდრდნენ და აქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი ფარავნის პირას, ხოლო დედათა მონასტერი თვით სოფელში მდებარეობს, XI საუკუნის წმინდა ნინოს ტაძრის ირგვლივ. ამ უძველესი ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 1997-2000 წლებში მიმდინარეობდა. დღეს ფოკის დედათა მონასტერში 6 მონაზონი მოღვაწეობს. აქვე დაარსდა სოფელ ფოკის საკვირაო სკოლა, სამინანქრო სახელოსნო და ყველის მცირე ქარხანა, სადაც ძველი ჯავახური ტრადიციით, თექვსმეტი სახეობის ყველი მზადდება. წმინდა ნინოს მადლო შეგვეწიოს სრულიად საქართველოს.