ღირსი დიმიტრა - ერში მატრონა ალექსანდრეს ასული ეგოროვა - დაიბადა 1810 წელს ბულგარეთის ქალაქ სილისტრიაში. აღიზარდა ღვთისმოყვარე ალექსანდრესა და მარიამის ოჯახში, მართლმადიდებლური რწმენის სულისკვეთებითა და ბულგარეთის მიწის განმანათლებელი წმინდანების ღვთისმოსავი ცხოვრების მრავალრიცხოვანი მაგალითით.
XIX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მონაზონ დიმიტრას ოჯახი თურქული უღლისაგან თავის დაღწევის მიზნით ბესარაბიაში გადავიდა. მისი მეუღლე, იოანე ეგოროვი, რუსეთის ჯარის კაპიტანი იყო. მეუღლე იყო მატრონას ცხოვრების საიმედო და მზრუნველი მეგზური. როგორც ჭეშმარიტი მეუღლე, ის ყველგან დაჰყვებოდა ქმარს, ინაწილებდა საომარი ლაშქრობების სიმძიმეს, ვაჟკაცურად და მოთმინებით იტანდა ყველა გაჭირვებას. მატრონა ყირიმის ომის (1853-1856 წ.წ.) დროს სევასტოპოლის დაცვაში იღებდა მონაწილეობას. ბრძოლის ველზე დაჭრილებს ეხმარებოდა.
ერთ-ერთ ბრძოლაში ჭურვის ნამსხვრევებმა მხარში და თავის არეში დაჭრა, მაგრამ უარი თქვა დაეტოვებინა ბრძოლის ველი, თვითონ შეიხვია ჭრილობა და გააგრძელა დაჭრილებისათვის დახმარება. მატრონა კარგად იცნობდა ტავრიისა და ხერსონის მთავარეპისკოპოსს, ყოვლადუსამღვდელოეს ინოკენტის (ბორისოვი), რომლის მაღალი სულიერება განსაკუთრებულად გამოვლინდა ყირიმის ომის დროს. სევასტოპოლის დაცვისას მთავარეპისკოპოსი ინოკენტი, საშიშროების მიუხედავად, მიდიოდა ბრძოლის ადგილებში და ქადაგებებით ამხნევებდა ჯარისკაცებს, ატარებდა ღვთისმსახურებას ტაძრებში, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა დაჭრილი ჯარისკაცების მიმართ. უშიშრად დადიოდა ბრძოლის ველზე, ამხნევებდა წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებსა და სარდლებს. "ჩვენ, ბერებს, დასაკარგი არაფერი გვაქვს", - ამბობდა მთავარეპისკოპოსი. ხალხი გულწრფელად წუხდა, - ჯარის სარდლობა რომ ინოკენტისთვის მიენდოთ, რუსეთი ყირიმის ომში გაიმარჯვებდაო.
მატრონა მონაწილეობდა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულში. 1854 წლის 16 აპრილის ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს ქალაქის გადარჩენილი დამცველები შეიკრიბნენ ტაძრებში 12 ვნების სახარების მოსასმენად. სახარების კითხვის დროს დაიწყო სროლა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, მაგრამ მორწმუნეების ყურადღება ამას არ დაურღვევია. ზარის რეკვა აუწყებდა სახარების თითოეული თავის კითხვას. დილის 6 საათზე ყველა ტაძარში შესრულდა გარდამოხსნის დაფლვის რიტუალი. მიუხედავად ქვემეხების გრიალისა, მსახურების ბოლოს გარნიზონმა და სევასტოპოლელებმა დაიწყეს მზადება ქრისტეს აღდგომის შესახვედრად. ტრადიციის თანახმად, ყველა სამუშაო შეაჩერეს და ქალაქმა თანდათანობით მიიღო სადღესასწაულო, საზეიმო სახე. შუაღამისას ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. ხანდახან გაიელვებდა ხოლმე ტყვიის ცეცხლი. ზარებმა მოწიწებით დაიწყო რეკვა, ქუჩები აივსო ხალხით, რომელთაც ანთებული სანთლებით ხელში დაიწყეს მსვლელობა ქალაქის ტაძრებისკენ.
კაპიტანი იოანე ეგოროვი გმირულად დაიღუპა ერთ-ერთი შეტაკების დროს. 1856 წლის 27 აგვისტოს სევასტოპოლი მტერმა აიღო და ყირიმის ომიც დამთავრდა. მატრონა რამდენიმე ორდენით დაჯილდოვდა. ერთ-ერთი იყო რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობისათვის, რომლის დროსაც მან თავის სახლში, კიევში, დაჭრილი მეომრებისათვის ლაზარეთი გახსნა.
ყირიმის ომმა ღირსი დიმიტრას ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
მატრონა პეჩორაზე, მეთევზეთა ქუჩაზე, საკუთარ სახლში ცხოვრობდა, იყო ოლგას ეკლესიის მრევლი. უყვარდა ტაძარში დიდხანს ლოცვა და ქალაქის ტაძრებისა და მონასტრების მოლოცვა. განსაკუთრებული მოწიწებით და სიყვარულით სტუმრობდა კიევ-პეჩორის ლავრას, სადაც თაყვანს სცემდა ღირსი მამების უხრწნელ წმინდა სხეულებს. ის კიევში მოკრძალებულად და სათნოდ ცხოვრობდა. დაქვრივების შემდეგ თანდათანობით მონაზვნური ცხოვრებისაკენ გაუწია გულმა.
თანამედროვეთა გადმოცემით,Mმონაზონი დიმიტრა იყო სიცოცხლისმოყვარული და გულღია, ჰყავდა ბევრი ახლობელი. კიევში, ღვთის განგებით, გაიცნო კიევის მიტროპოლიტი ისიდორე (ნიკოლსკი), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო მისი სულიერი მოძღვარი. მისი კურთხევის გარეშე არაფერს წამოიწყებდა. მიტროპოლიტმა სულიერი ღვაწლისაკენ მოუწოდა, რომლის წყალობითაც მან შეძლო ეკლესიისა და ხალხისთვის ბევრი სიკეთის გაკეთება - მისი ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა ქალთა რელიგიური საზოგადოება ომში გარდაცვლილი მეომრებისა და ქვრივ-ობლებისათვის, ასევე უსახლკარო ქალებისათვის.
მიტროპოლიტმა ისიდორემ ქალთა საზოგადოებას მისი დაკვეთით დაწერილი დედა ღვთისას უძველესი "ღვთისმოყვარედ" სახელდებული ხატის ასლი უსახსოვრა და უსურვა, ეს წმინდა ხატი გამხდარიყო მფარველი და ნავსაყუდელი. ამ წმინდა მონასტერში მცხოვრებმა მომსახურეებმა გამოთქვეს სურვილი, ხატი გამხდარიყო თაყვანსაცემი სიწმინდე მის წინაშე ყველა სიყვარულით, რწმენითა და გულმოდგინედ მლოცველისათვის.
მატრონა ეგოროვა ასე დაადგა გზას, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ მონასტერში მიიყვანა. 1860 წლის აგვისტოში მიტროპოლიტი ისიდორე გადაიყვანეს სანკტ-პეტერბურგში. მეუფე შეჰპირდა დედა დიმიტრას, რომ კვლავ იზრუნებდა მონასტერზე და მასაც სთხოვა, თავისუფალ დროს ჩასულიყო პეტერბურგში და რჩევა და კურთხევა აეღო მისგან. ღირს დიმიტრას ხშირად უხდებოდა ჩასვლა პეტერბურგში, რადგან საბუთების გაფორმება საკმაოდ საძნელო საქმე იყო. ამ შემთხვევაში ძალიან ეხმარებოდა მეუფის ბრძნული რჩევა, კურთხევა, შეძლებისდაგვარი დახმარება.
დედაქალაქში დედა დიმიტრამ გაიცნო ადამიანები, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ მადლიან საქმეში. პეტერბურგში მონაზონი დიმიტრა ნევის პროსპექტზე, ალექსანდრე ნეველის ლავრასთან, პატარა ბინაში ცხოვრობდა. ის იქ ხშირად ესწრებოდა ღვთისმსახურებას, ესაუბრებოდა მომლოცველებს და აკვირდებოდა მონასტრის ცხოვრებას. დედაქალაქში ყოფნისას დედა დიმიტრა ყოველდღე ვერ ხვდებოდა მეუფეს, რადგან მასაც უამრავი საქმე ჰქონდა. როცა მეუფე გამონახავდა თავისუფალ დროს, სამეუფეო ბაღში დედა დიმიტრასთან ერთად მიირთმევდა ჩაის და გულთბილად საუბრობდნენ.Mმეუფის ღვთისა და მოყვასის დიდი სიყვარულით გამთბარი საუბრები ამშვიდებდა მონაზონს.Dდედა დიმიტრა იცნობდა მეუფე ისიდორეს გარშემო მყოფ უამრავ ადამიანს.
უფალმა დააჯილდოვა მონაზონი დიმიტრა მაღალი ღირსებებით: იგი გამოირჩეოდა განსჯის მაღალზნეობრიობით და თანდაყოლილი მახვილგონიერებით. მისი შინაგანი კულტურა და უჩვეულოდ კეთილი გული იზიდავდა უამრავ ადამიანს. სიცოცხლის ბოლომდე დედა დიმიტრას არ შეცვლია კეთილგანწყობა თითოეული ადამიანის მიმართ.Dდედა დიმიტრას ხშირად უხდებოდა ურთიერთობა სამეუფეო სახლის ეკონომოსთან, არქიმანდრიტ ისაიასთან. ღირსი დედა დიდ პატივს სცემდა ალექსანდრე ნეველის ლავრის ეკონომოსს იერომონაზონ ინოკენტის, რომელიც მისი სულიერი მოძღვარი იყო.
ღვთისმოსავი ადამიანები იზიარებდნენ დედა დიმიტრას წინადადებას და ეხმარებოდნენ ამ მადლიან საქმეში. 1869 წელს დედა დიმიტრამ შეძლო გაეფართოებინა თავისი კარ-მიდამო. თანდათანობით ქალთა რელიგიური საზოგადოების ორგანიზაციის იდეამ მიიღო საკმაოდ კონკრეტული ფორმა, მომზადდა საჭირო დოკუმენტაცია, მშენებლობის პროექტები. 1876 წელს მან იყიდა ტაძრები, ბინა მოსკოვისა და მეთევზეთა ქუჩის გადაკვეთაზე და ამით დამთავრდა საზოგადოების შექმნის ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი. სწორედ ეს ბინა, ფართო, მომრგვალებული დარბაზი იყო ეკლესიის მოსაწყობად განკუთვნილი.Aამგვარად, დედა დიმიტრა გახდა მეთევზეთა ქუჩიდან დაწყებული რეზნიცკის ქუჩით დამთავრებული მთლიანი კვარტლის მფლობელი. ეს მთლიანი ტერიტორია ორ ნაწილად გაყვეს. ერთი ნაწილი იყო განკუთვნილი უშუალოდ საზოგადოებისათვის - თავშესაფარი მოხუცებისა და მოსახლეობისათვის,Mმეორეში მდებარე რამდენიმე სახლსა და ფლიგელს აქირავებდა და შემოსული თანხით უზრუნველყოფდა საზოგადოების განვითარებას.
ვედენსკის საზოგადოების წესდებაში განსაზღვრული იყო, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მოვალეობები და ურთიერთობები დებს შორის, რომ საზოგადოების მზრუნველობაში მყოფთ, ავადმყოფების გარდა, ექნებოდათ საერთო ტრაპეზი, ერთიანი ტანსაცმელი და ცხოვრებისათვის ყველა აუცილებელი პირობა. ავადმყოფებისთვის უნდა აღმოეჩინათ სამედიცინო დახმარება თვითონ საზოგადოებაში. წესდების მიხედვით, საზოგადოებაში მცხოვრებლებს ეკრძალებოდათ მოწყალების შეგროვება საზოგადოების გარეთ, ხელით ნაკეთი ნივთების გაყიდვით შემოსული თანხა უნდა შესულიყო საზოგადოების საერთო სალაროში ან სურვილისამებრ დარიგებოდა ღარიბებს. შემოწირულობანიც უნდა შესულიყო საერთო სალაროში. გარდაცვლილებს მარხავდნენ საზოგადოების ხარჯებით. თუ მათ რაიმე ქონება რჩებოდათ, ისიც უნდა გადასულიყო საზოგადოების საერთო საწყობში. წესდების თანახმად, საზოგადოების მართვა ეკისრებოდა ხელმძღვანელსა და ხაზინადარს, რომელთაც ნიშნავდა ამ თანამდებობებზე ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დედა დიმიტრამ უარი თქვა საკვების მიღებაზე, ამის შემდეგ უკეთესად იგრძნო თავი. გამოცოცხლდა და გამხიარულდა. ამაში დაეხმარა საზოგადოების დაფუძნების შესახებ იმპერატორის ბრძანება, რასაც მრავალი წელი მიუძღვნა. გრძნობდა რა გარდაცვალების მოახლოებას, დედა დიმიტრა უდიდესი სინანულის გრძნობით ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ღვთისადმი სასოებით მოემზადა მარადიულობაში გადასასვლელად. გარდაცვალების წინ ითხოვა, დაესაფლავებინათ ვედენსკის საზოგადოებაში.
დედა დიმიტრა გარდაიცვალა პეტერბურგში 1878 წლის 9/22 მარტს, 68 წლისა. სამედიცინო ცნობაში ეწერა, რომ სიკვდილი დადგა აპოპლექსიური შეტევის შედეგად. სიკვდილის სამედიცინო დასკვნას ხელს აწერდნენ: ლავრის მოადგილე, არქიმანდრიტი სიმეონი, ეკონომოსი მღვდელმონაზონი ინოკენტი, ხაზინადარი არქიმანდრიტი ფილიპი, მოლარე - არქიმანდრიტი მიტროფანე, იღუმენი მარდარია, სამღვდელმთავრო სახლის ეკონომოსი არქიმანდრიტი ისაია. მღვდელმსახურებმა აუგეს წესი და დაესწრნენ დედა დიმიტრას დაკრძალვის ცერემონიას ალექსანდრე ნეველის ლავრაში 1878 წლის 13/26 მარტს.
პეტერბურგში დედა დიმიტრა საიდუმლოდ აღიკვეცა მონაზვნად, "საიდუმლოდ ხალხისა და ღიად ღვთისათვის". მონაზვნად აღკვეცა მოხდა მიტროპოლიტ ისიდორეს განსაკუთრებული შუადგომლობით. მთელი სიცოცხლის მანძილზე დედა დიმიტრა იღვწოდა იმისთვის, რომ დაეცვა ღვთის მცნებები, გაზრდილიყო სულიერად და ეცხოვრა ღვთისათვის.Mმან აირჩია ხსნის, გადარჩენის გზა, მოცემული იესო ქრისტეს მიერ. აღკვეცისას მიიღო სახელი დიმიტრა, წმინდა დიდმოწამე დიმიტრი სოლუნსკის პატივისცემის ნიშნად (ხსენება 26 ოქტომბერს). ამ წმინდანს დიდ პატივს მიაგებდნენ მის სამშობლოში, ბულგარეთში.
მონაზონმა დიმიტრამ ცხოვრების გზა განვლო მტკიცედ და სუფთად, სიძნელეებისა და განსაცდელების მამაცურად გადალახვით. ცხოვრობდა დედამიწაზე ზეცისათვის, მიწიერიდან აგროვებდა ზეციურ განძს.
1878 წლის 8/21 აგვისტოს დედა დიმიტრას სხეული გადააბრძანეს პეტერბურგიდან კიევში და დაკრძალეს ვედენსკის საზოგადოების მიძინების ტაძარში. თავისი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად დედა დიმიტრამ ინება, რომ ტაძარი ყოფილიყო წმინდა მოწამე დიმიტრი სოლუნსკის სახელობის. ეს წმინდანი ითვლებოდა ბულგარელი ხალხისა და მეომრების მფარველად.
2008 წლის 18 აპრილს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მონაზონი დიმიტრა წმინდანად შერაცხა.